topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ეროვნული საგანძურის ერთ - ერთ საცავში - დ.კაპანაძე

<უკან დაბრუნება <<< ექსპონატები - ქართული ნუმიზმატიკა>>>

დავით კაპანაძე (აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახ. მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების გამგე) ეროვნული საგანძურის ერთ - ერთ საცავში // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ.3 -7

აკად. ს.ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწიფო მუზეუმი სამართლიანად ითვლება ქართველი ერის საგანძურსაცავად, რადგან მრავალი ათეული წლის მანძილზე აქ გროვდებოდა ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის მრავალრიცხოვანი და სხვადასხვა ხასიათის ნიმუშები. მათ შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი უკავია ნუმიზმატიკურ მასალას, რომლის შეგროვება მუზეუმის დაარსებისთანავე დაიწყო, მაგრამ თავდაპირველად შემთხვევით ხასიათს ატარებდა. ამის შედეგად XX ს. დასაწყისისათვის მონეტათა საერთო რაოდენობა დაახლოებით 2000 ცალს შეადგენდა. მასალის ასეთი სიმცირე იმით აიხსნება, რომ მაშინ მუზეუმს არ ჰყავდა სათანადო დარგის მუშაკები. ნუმიზმატიკური ფონდების ზრდა ფაქტიურად რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით კი, საქაროველოში საბჭოთა ხელისუფლების შემდეგ დაიწყო. აკად. ივ.ჯავახიშვილის თაოსნობით 1924 წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა ნუმიზმატიკური კაბინეტი, რომელიც მალე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს შემოუერთდა. აქ კი მეორე ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ აკად. გ.ჩუბინიშვილმა იკისრა მზრუნველობა ამ უჯრედზე, რომლის გამგედ 1931 წ. 29/VI დაინიშნა დოც. თ.ლომოური. მუშაობის პირველი ეტაპი მთლიანად დაეთმო იმ ნუმიზმატიკურ კოლექციების აღრიცხვას, თავმოყრასა და წესრიგში მოყვანას, რომლებიც მანამდე სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში იყო გაფანტული (კავკასიისა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი და ქართული ეთნოგრაფიული საზოგადოებანი, თბილისის თავადაზნაურობისა და საეკლესიო კოლექციები და სხვ.) ამრიგად, თ.ლომოურის ერთპიროვნული მუშაობის შედეგად 1940 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში თავი მოიყარა ძველებური მონეტების 35.000-ზე მეტმა ცალმა. მუზეუმში შემოსულ მონეტათა რაოდენობა ამ დროიდან მოყოლებული ინტენსიურად იზრდება, რის შედეგად მუზეუმის ნუმიზმატიკური განყოფილების ფონდში დაცულ მონეტათა რაოდენობა თანდათან 100 000 ცალს უახლოვდება. იზრდება აგრეთვე ნუმიზმატ - სპეციალისტთა შტატი, თანდათან მაღლდება მათი კვალიფიკაცია და უმჯობესდება მუშაობის მეთოდიკა. 1940 – 1943 წწ. ჩატარდა არსებული ნუმიზმატიკური მასალის დაცვისა და აღრიცხვის ძირფესვიანი რეორგანიზაცია, ფონდების სისრულეში მოყვანა და ახალ პრინციპზე დალაგება; ქართული და სხვადასხვა ქვეყნების მონეტათა ფონდის გარდა გამოიყო „საქართველოს მიწა-წყალზე აღმოჩენილი სამონეტო განძებისა და ცალკეულ მონაპოვართა“ საგანგებო ფონდი, რომელიც ყველაზე მრავალრიცხოვანი და შინაარსიანია. ამ ფონდის მონეტათა გაერთიანების ძირითადი პრინციპი იყო ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალზე მათი მოპოვების ადგილის და გარემოების ფიქსაცია. ამ ფონდში შეტანილია ყველა მონეტა, მათი ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილებისა და გამოშვების დროის მიუხედავად. აქ დაიმკვიდრეს ადგილი არა მარტო ქართულმა მონეტებმა, რაც, რა თქმა უნდა, ჭარბობს, არამედ იმ ქვეყნების მონეტებმაც, რომლებთაგანაც თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე საქართველოს მჭიდრო ეკონომიური და კულტურულ - პოლიტიკური კავშირი პქონდა. ამ ფონდის მეცნიერული ღირებულება ფასდაუდებელია, რადგან სავაჭრო გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის გაუთავებელი ბრძოლების მნიშვნელოვანი პლაცდარმიც იყო და, ბუნებრივია, იპყრობდა ძლიერი მეზობლების ყურადღებას. რადგან აქ მომხდარი ამბების მუდმივი თანამგზავრი მონეტები იყო და ეს მასალა ამის ნათელ წარმოდგენას იძლევა, ამიტომ იგი კვლევითი მუშაობის ულევ წყაროდ გადაიქცა, ხელი შეუწყო პირადი შემადგენლობის კვალიფიკაციის ამაღლებას და თავისი წვლილი შეიტანა ქართულ ისტორიოგრაფიაში. სხვა ფონდების (საქართველოს, ძველი ირანის, საბერძნეთის, ელინისტური სამყაროსი და რომის, ბიზანტიისა და ტრაპიზონის, აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნების, რუსეთისა და სხვა მონეტები) ღირებულებისა და მნიშვნელობის დაუმცირებლად, სადაც მრავალი საინტერესო, ზოგჯერ უნიკალური მონეტებიცაა, რომლებიც მსოფლიოს უდიდესი მუზეუმის ვიტრინებს დაამშვენებდნენ, ნუმიზმატიკის განყოფილების მუშაკები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ამ ე.წ. "განძების" ფონდს, რომლის ანალოგია საბჭოთა კავშირის სხვა მუზეუმებში არ გვეგულება. მონეტათა მარაგის რეგულარული შევსების შედეგად ეს ფონდი წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იზრდება და უკვე კარგა ხანია 20 000 ცალს გადააჭარბა, რაც არსებული მარაგის დაახლოებით ერთ მეოთხედს შეადგენს. ცალკეულ მონაპოვართა დიდი რაოდენობის გარდა ეს ფონდი შეიცავს 90-მდე სამონეტო განძს, რომელთა უმეტესობა შემოსულია მუზეუმში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. ფონდების შევსების ერთ-ერთი წყარო - არქეოლოგიური ექსპედიციებია. ამ გზით შემოსული მასალა უფრო საიმედო და უტყუარია, რადგან ცნობები ყოველი მოპოვებული მონეტის შესახებ მაქსიმალური სიზუსტით ფიქსირდება. მუზეუმში შემოდის მრავალი მონეტა ცალკეული ეგზემპლარებით, ხშირად კი მთელი განძების სახით. უკანასკნელ დროს ფართო მასშტაბით გაშლილ მიწის სამუშაოთა წარმოების და მშენებლობის შედეგად.

მონეტათა განსაზღვრული ნაწილი შემოწირულობის სახით შემოდის სხვადასხვა პირებისაგან, რაც აიხსნება საერთო კულტურული აღმავლობით. ადრე ასეთ აღმოჩენას მპოვნელი თუ ადნობდა და სამკაულების დასამზადებლად იყენებდა, ან უკეთეს შემთხვევაში გადამყიდველთან მიჰქონდა. ახლა მოსახლეობის უმრავლესობამ შეიგნო ამ ნიმუშების მნიშვნელობა, მათი მეცნიერული ღირებულება და ასრულებს რა თავის მოქალაქეობრივსა და პატრიოტულ მოვალეობას, ასეთ მონაპოვარს მუზეუმს აბარებს, ამდიდრება მის ფონდებს და ამით სამსახურს უწევს წარსულის შესწავლას. ცხადია, რომ ეს წინაპართა მიერ დატოვებულ სახსოვრისადმი.... ადამიანის მზრუნველობის მაჩვენებელია. სამწუხაროა მხოლოდ, რომ ასეთი მონაპოვრისა და მუზეუმში მისი მოტანის დრო ერთმანეთს არ ემთხვევა და ამ ორ მომენტს შორის ზოგჯერ წლები გადის. ასეთ შემთხვევაში ცნობები მონეტათა აღმოჩენისა და ვითარების შესახებ სიზუსტეს აღარ ინარჩუნებს და განძის ხელშეუხებლობაც გარანტირებული აღარ არის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან აფერხებს მასალის მეცნიერულ დამუშავებას. საქართველოში აღმოჩენილი განძების უმრავლესობა წარმოდგენილია ადგილობრივ მოჭრილი, ე.ი. ძირითადად ქართული მონეტებით. ხშირია აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებიდან სხვადასხვა დროს ჩვენში შემოტანილი მონეტების განძები. გვხვდება აგრეთვე ე.წ. შერეული განძებიც, რომლებიც შეიცავს როგორც საკუთრივ ქართულ, ისე უცხო ქვეყნების მონეტებს. გაცილებით იშვიათია ფულისა და ნივთების განძები, სადაც მონეტების გარდა დაცულია რაიმე ნივთი ან სამკაული. განძის დასამარხავად იყენებდნენ სხვადასხვაგვარ ტარას, ძირითადად, სხვადასხვა ზომისა და ფორმის თიხის ჭურჭელს. მაგრამ გვხვდება ლითონის ჭურჭელიც: ასე მაგალითად, ძვ.წ. IV ს. კოლხური თეთრის დაბლაგომის განძი მოთავსებული იყო ვერცხლის ფიალაში, ქობულეთის ასეთივე მონეტათა განძი ბრინჯაოს დოქში, ხოლო XVI - XVII სს. ევროპული მონეტები ქ.მახარაძის განძიდან - მოთავსებული იყო სპილენძის ქვაბში. ამ მიზნისათვის იყენებდნენ აგრეთვე ქსოვილისა ან ტყავის ქისებსა და პარკებს. ასეთი განძი მიწაში რომ ხვდებოდა, ქისა მჭიდროდ ეკვროდა მონეტებს, დროთა განმავლობაში თანდათან ლითონის მარილებით (ჟანგით) იჟღინთებოდა და ისე მკვიდრად კონსერვდებოდა, რომ ახლა საშუალება გვეძლევა წარმოდგენა ვიქონიოთ მრავალსაუკუნოვანი ქსოვილის სტრუქტურის, ხარისხისა და მისი დამზადების წესის შესახებ. ქსოვილების ასეთი ფრაგმენტი შემორჩენილია შემდეგი განძების მონეტებზე:

ძვ.წ. IV ს. დაბლაგომის კოლხურ თეთრზე.

ახ.წ. III ს. ტრაპიზონში მოჭრილ სპილენძის მონეტებზე (ბიჭვინთიდან).

XI ს. თბილისის ამირა ალი იბნ ჯაფარის მონეტებზე (თბილისიდან).

XIII ს. რუსუდან დედოფლის სპილენძის მონეტებზე (თბილისიდან).

XVIII ს. დასაწყისის თბილისურ ვერცხლის მონეტებზე (სოფ.ნორიოდან).

ძალზე საინტერესოა უკანასკნელი განძის დამარხვის ხერხი. განძის პატრონს დამარხვამდე მონეტები ჩაუყრია ქსოვილის პარკში, რომელიც თიხის ქოთანში მოუთავსებია და ქოთანი თაფლის სანთლით ამოუვსია. განძის მპოვნელმა კოლმეურნე ნიკოლაიშვილმა აღმოჩენა მუზეუმს ხელუხლებლად გადასცა და ამით მეცნიერებას გადაურჩინა XVII - XVIII სს. ხუთასამდე მონეტა, ამავე დროს კერამიკა, 250 წლის წინანდელი ქსოვილისა და ცვილის ფრაგმენტები. საინტერესოა, რომ ცვილს დღემდე შემორჩა თაფლის სურნელი. განძის შემადგენლობაში ზოგჯერ ისეთ ცალებს ვხვდებით, რომლებიც დახმარებას გვიწევს ფულის მოჭრის ტექნიკისა ან რომელიმე სხვა საკითხის გარკვევაში. ასე, მაგალითად, სოფ. ვეჯინში აღმოჩენილი თამარ მეფის მონეტათა განძის ზოგიერთ ცალზე შემორჩენილია ქისის დასამზადებლად გამოყენებული ქლიბის კვალი. საინტერესო ცნობებს შეიცავს ჯელალ ად დინის მონეტები, ზოგიერთი ცალი საშუალებას იძლევა დავადგინოთ XII ს. ბოლოსა და XIII ს. დასაწყისში მონეტათა დადამღვის შემოღებისა და გაქრობის ვადები. ახლად აღმოჩენილი განძი ყოველთვის რაღაც ახალს იძლევა. განძის შემადგეხლობაში შემავალი მონეტები შეიძლება თავისთავად არავითარ სიახლეს არ წარმოადგენდეს, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ან მოპოვების ადგილის, ან მონეტათა კომბინაციის, ან რაიმე სხვა ნიშნის მიხედვით და ამით საშუალება მოგვცეს დავადგინოთ ესა თუ ის ფულადი სისტემა, თარიღი და სხვა. წერილობით წყაროებთან ამ მასალის შედარებისა და ანალიზის საშუალებით არა ერთხელ მივსულვართ საინტერესო დასკვნებამდე - არა მარტო ნუმიზმატიკის, არამედ მეცნიერების სხვა დარგში. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკური განყოფილების მასალებზე რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთულ ნაბეჭდ ორგანოებში, ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, პოლონურ, ჩეხურ ენებზე დღეისათვის გამოქვეყნებღლია ასამდე ნაშრომი. მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიულია. დადგენილია, რომ არსებობის მთელ მანძილზე საქართველოს სახელმწიფოში რეგულარულად იჭრება მონეტა, გარკვეულია აგრეთვე აქაური მონეტების მოჩვენებითი გაქრობის მიზეზი. უცხოეთიდან სხვადასხვა დროს შემოტანილი და ჩვენში ფართოდ გავრცელებული მონეტა ზოგჯერ ისე მკვიდრდებოდა, რომ შემდეგში პროტოტიპის დეტალების შენარჩუნებით მას ჭრიდნენ, როგორც საკუთარს. ზოგჯგრ ასეთი მონეტა შემდეგში თანდათანობით იძენდა ინდივიდუალურ თვისებებს და წმინდა ეროვნულ ხასიათს იღებდა. ტრადიციულად ამ მონეტებს დიდი ხნის მანძილზე "მინაბაძებად" ან უკეთეს შემთხვევაში "საქართველოსათვის მოჭრილ" ფულად თვლიდნენ და, ამრიგად, გულისსმობდნენ, რომ საქართველოსთვის უცხო დამპყრობლები ჭრიდნენ, მაგრამ რაც უფრო ღრმავდება მატერიალური კულტურის ძეგლთა შესწავლა, რაც უფრო მდიდრდება და ფართოვდება ფაქტობრივი მასალა, მით უფრო ნათელი ხდება ქართველი ხალხის უშუალო მონაწილეობა ამ სფეროშიც. უკანასკნელი 30 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შემოსული კოლხური მონეტების 12 განძის შესწავლის შედეგად გამოვლენილია ახალი სამონეტო ტიპები, ვარიანტები და ნომინალები. მათ შორის ისეთები, რომლებიც მხატვრულ - ტექნიკური ნიშნებით არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო ნიმუშებს. დადგენილია კოლხური თეთრის ადგილობრივი წარმოშობა და მოცემულია ამ უძველესი მონეტების ქრონოლოგიზაციის ცდები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ალექსანდრე მაკედონელის და მისი მემკვიდრის ლისიმაქეს ოქროს სტატერების ადგილობრივ აღმოჩენილი ე.წ. "ბარბაროსული" მინაბაძის 70-მდე ცალი, მაშინ როდესაც მხოლოდ დანარჩენ მუზეუმებში (ლენინგრადი, მოსკოვი, ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ნიუ-იორკი და სხვ.) ამის ნახევარიც არ მოიპოვება, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს მათ ქართულ წარმოშობაზე. ამის დასამტკიცებლად სხვა საბუთების მოტანაც შეიძლება, მაგრამ ამჟამად მხოლოდ კოლხეთის მეფე აკის სტატერს მოვიმარჯვებთ, რომელმაც საქართველოს ისტორიას შეუნარჩუნა დანარჩენი წყაროებიდან უცნობი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი მეფის სახელი. საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ეკონომიური და კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ მრავალი საბუთი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი სანდო და დამაჯერებელია საქართველოს მიწა - წყალზე ნაპოვნი და მუზეუმში დაცული რომაული, ბიზანტიური, სასანური, სელჯუკური და სხვ. ქვეყნების მონეტათა განძები, რომლებიც რეგულარულად ქვეყნდება. არაბულ მონეტათა განძების შესწავლამ და მათი აღმოჩენის ადგილის ტოპოგრაფიამ ხელი შეუწყო თ.ლომოურს ნათლად ეჩვენებინა VIII-IX სს. არსებული სავაჭრო გზები. ჯაფარიანთა გვარეულობის თბილისის ამირათა მონეტების აღმოჩენამ დაზუსტება შეიტანა X-XI სს. თბილისის მფლობელთა გენეალოგიაში (მ.ლორთქიფანიძე); დაზუსტდა აგრეთვე ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ვერცხლის კრიზისის დასაწყისი და გაირკვა აქამდე უცნობი მონეტები. ქ.გორსა და სოფ.მნაში აღმოჩენილი განძის წყალობით გამოირკვა, რომ ძველ საქართველოში მონეტათა მოჭრის უფლებით სარგებლობდნენ არა მარგო "მეფეთა მეფენი", არამედ ცალკე მძლავრი ფეოდალებიც. გამოვლინდა XIII ს. სომხითისა, XIV ს. ოდიშის, XV ს. სამცხე-საათაბაგოს და სხვა მფლობელთა სახელით მოჭრილი მონეტები. გამოირკვა, აგრეთვე, რომ თბილისის გარდა მონეტები იჭრებოდა დმანისში, ახალციხეში, ანისში, ყარაღაჯში, ზაგემსა და სხვა ქალაქებში (გ.წერეთელი, თ.ლომოური, დ.ლენგი). XIV-XVI სს. ქართული მონეტები დიდი ხნის მანძილზე ისეთი მცირე რაოდენობით ჩნდებოდა, რომ მათი არსებობა ერთხანს ეჭვის ქვეშ იყო დაყენებული. ფიქრობდნენ, რომ ასეთი ავბედობის დროს საქართველოს არ ეცალა საკუთარი ფულის მოსაჭრელად. მაგრამ ლენინგორის, ალის, მნას, გორას და პატარა ჯიხაიშის განძების შემადგენლობამ გააბათილა ეს მცდარი ვარაუდი და გამოამჟღავნა იმდროინდელი ეროვნულ - ქართული ხასიათის მონეტათა მთელი ჯგუფები და სერიები. ამ მონეტების გარეგანი ნიშნები აშკარად ამჟღავნებს უცხოელ დამპყრობთა გაუთავებელი თარეშის შედეგად საქართველოს ეკონომიურ დაცემა - დაქვეითებასა და კულტურულ რეგრესს. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშივეა დაცული XV-XVII სს. ევროპული მონეტების რამდენიმე განძი და უამრავი ცალკეული ცალი, ნაპოვნი საქართველოს ტერიტორიაზე. უკანასკნელ დრომდე ეს მასალა არსებითად შესწავლის გარეშე რჩებოდა და საქართველოში ამ მონეტების გაჩენის მიზეზი, შემოტანის გზები, მიმოქცევის ინტენსიურობა და სხვა საინტერესო საკითხები გაურკვეველი რჩებოდა. მაგრამ ახლა მდგომარეობა შეიცვალა და, შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკურ-ეკონომიური კავშირის მიზეზი თანდათან ნათელი ხდება. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკური ფონდებისა და მეცნიერული კადრების კვალიფიკაციის ზრდა სულ ახალ და ახალ მონეტებს აწვდის  ქართულ ისტორიოგრაფიას და შეძლებისდაგვარად ეხმარება მის განვითარებას.