topmenu

 

მანგლისის ხევი - თ.თოდრია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<მანგლისი...<<<საინტერესო სტატიები>>>

მანგლისის ხევი - თენგიზ თოდრია (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი) // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.21, გვ.48 - 53

ალგეთის ხეობა ქვემო ქართლის ყველაზე ჩრდილო ქვეყანაა. იგი შიდა ქართლის ხეობებს თრიალეთის ქედით ემიჯნება. აღმოსავლეთით მას მდ.მტკვრის ხეობა საზღვრავს, სამხრეთით კი - ბედენის ქედი და წინწყაროს პლატო, რომელიც ლომთაგორა-მარნეულთან ქვემო ქართლის ველში გადადის. დასავლეთით ალგეთის ხეობა წალკა-თრიალეთის ზეგანს ეკვრის. ალგეთის ხეობის ზემო წელი (ალგეთ-მანგლისის მთიანეთი) მკაფიოდ განსხვავდება ქვემო წელისაგან, რომელიც ქვემო ქართლის ველის (სომხური წყაროებით ვრაც დაშტის ანუ ქართველთა ველის) შემადგენელი ნაწილია. ზემო წელისათვის დამახასიათებელია ზომიერი ჰავა, ხშირი წიწვიანი ტყეები და მშვენიერი საძოვრები, ხოლო ქვემო წელისათვის ნოყიერი ნიადაგები და მორწყვის შესაძლებლობა. რელიეფისა და ჰავის ნაირგვარობამ განსაზღვრა მეურნეობის მრავალმხრივობა. წერილობითი წყაროებითა და მატერიალური კულტურის ნაშთებით დასტურდება, რომ ალგეთის ხეობაში მეურნეობის ორივე ტიპი, ბარისა და მთის ზონისა, მეზობლად არსებობდა, ხშირად კი შერწყმული იყო ერთმანეთში. ხაზგასმულია მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი გზების მოხერხებულობა და, რაც მთავარია, მათი დიდი მნიშვნელობა მთელი აღმოსავლეთ საქართველოსათვის. ალგეთის ხეობაზე გადიოდა უძველესი გზები, რომლითაც შიდა ქართლი და, კერძოდ, მცხეთა - თბილისი უკავშირდებოდა ქვემო ქართლს, თრიალეთ-ჯავახეთსა და სომხეთს. მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიურად ალგეთის ხეობა ჯერ კიდევ სისრულით არ არის შესწავლილი, შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ადამიანთა ცხოვრების უწყვეტ ჯაჭვს უძველესი დროიდან დღემდე. ენეოლით - ადრებრინჯაოს ხანის ძეგლები აღმოჩენილია კიკეთში, აბელიაში, ფარცხისში, არდასუბანში. განსაკუთრებით ბევრია გვიანბრინჯაო - ადრერკინის ხანის ძეგლები, რომელთა გარკვეული ნაწილი სამოსახლო გორებთანაა დაკავშირებული; ზრბითი, ჩხიკვთა, მაწევანი, დიდი თონეთი და სხვა. ამათგან ზოგს შემოვლებული აქვს მშრალი წყობით ნაგები ე.წ. "ციკლოპური" გალავანი. 1963 წელს ჩვენი საველე ექსპედიციის დროს მდ.ალგეთის პირას, მის შუა წელზე, "მადნისჭალაში", ალგეთის ლითოგრაფიული ქვის საბადოსთან მშენებლები წააწყდნენ გვიანბრინჯაოს ხანის ვრცელ სამაროვანს, რაც შემდეგ ფართო არქეოლოგიური შესწავლის ობიექტი გახდა.

ეს ფაქტი ჩვენს კრებულში აღნიშვნის ღირსია, რადგან აქ კარგად გამოჩნდა, თუ როგორი ყურადღებით ეკიდებიან ისტორიულ ძეგლებს ჩვენი მშენებელი ინჟინრები. ალგეთის ხეობაში გვხვდება უძველეს სამოსახლოთა ერთი სახე - ლოდოვანები. აღსანიშნავია, რომ ლოდოვანები და "ციკლოპური" ხასიათის გორა -სიმაგრეები ზოლადაა გაჭიმული ალგეთის ხეობის სამხრეთ საზღვარზე ლაკვის წყლის სათავეებიდან (ბედენის, გოხნარის, ლაკვის ლოდოვანები) ვიდრე ლომთაგორამდე. როგორც ჩანს, ლოდოვანები საკმაოდ გრძელ ხნის მანძილზე დასახლებული ადამიანის მიერ და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დათარიღებისათვის გადამწყვეტ სიტყვას მხოლოდ მათი არქეოლოგიური შესწავლა თუ იტყვის. ჩვენს მიერ ლაკვის ლოდოვანში მიკვლეულია ადრეფეოდალური ხანის ეკლესიის ნანგრევი წარწერით და სტელა ხელის გამოსახულებით; ბედენის ლოდოვანში შუასაუკუნეების ფერადჭიქური კერამიკის ნაშთები აღმოჩნდა. (გ.ლომთათიძე, ი.გძელიშვილი). განსაკუთრებით საინტერესოა ადრე ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა, რომელშიც გამოირჩევა ცნობილი "ალგეთის განძი" (ძვ.წ. V საუკ.) იგი წარმოადგენს მდიდრული სამარხის ინვენტარს, მისი მფლობელი კი სოციალურად და ეკონომიურად დაწინაურებულ წრეს ეკუთვნის. ამავე დროის ძეგლებია აღმოჩენილი აბელიაში, მანგლისში, არდასუბანში, ასურეთში, წყნეთში. შემდგომი ხანის ძეგლები მიუთითებენ მანგლისზე გამავალი გზის დიდ სავაჭრო და ეკონომიურ მნიშვნელობაზე. ამის მოწმობაა ძვ. წ. მიწურულის არქეოლოგიური კომპლექსი, რომელშიც ყურადღებას იქცევს მონეტები. ბ.კუფტინი აღნიშნულ კომპლექსს რომაულ-პართული დროით ათარიღებს და მიუთითებს მის მჭიდრო კავშირზე სამხრეთ და დასავლეთ საქართველოსთან. მანგლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო მას შემდეგ, რაც ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა რომსა და მის მემკვიდრე ბიზანტიასთან უმთავრესად ხმელეთის გზით (ანატოლიით) გაჩაღდა (ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, I, გვ.26). ალგეთის ხეობაზე და მანგლისზე გამავალი გზის მნიშვნელობა კარგად ჩანს წერილობით წყაროების ჩვენებით. მათ შორის ერთ-ერთი უძველესია "ქართლის ცხოვრებაში" დაცული ცნობა, რომლის მიხედვით კონსტანტინე კეისრის მიერ გამოგზავნილი იოვანე ეპისკოპოსი მიდის ქართლში და უმნიშვნელოვანეს პუნქტებში პირველ ქრისტიანულ ტაძრებს აგებს: ერუშეთი (არტაანი), წუნდა (ჯავახეთი), მანგლისი (ალგეთ-თრიალეთი) და მცხეთა. ეს გზა "დიდი ხანია ამ ქვეყნებს შორის ეკონომიურ-პოლიტიკური ურთიერთობის ნიადაგზე უნდა ყოფილიყო გათელილი" (ნ.ბერძენიშვილი, იქვე, გვ.33). ამ დროისათვის მანგლისი ისეთი დიდი და ცნობილი პუნქტია, რომ მთელი ხეობა მის სახელს იღებს. "მანგლისის ხევი" ადრეულ წერილობით წყაროებისათვის კარგად ცნობილი ქვეყანაა. ალგეთის ხეობას, როგორც თვითკმარ ეკონომიურ ერთეულს, ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ ადრევე ცალკე ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბებულიყო. ამ ერთეულის თან უმთავრესად ხმელეთის გზით (ანატოლიით) გაჩაღდა (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, I, გვ.26). ალგეთის ხეობაზე და მანგლისზე გამავალი გზის მნიშვნელობა კარგად ჩანს წერილობით წყაროების ჩვენებით. მათ ზემო წელისათვის დიდი ეკონომიური მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო და მეორეც, ხეობაზე გამავალი გზა მანგლისს ვერ ასცდებოდა, რადგან აქ იყრის თავს მეზობელ ხეობებთან დამაკავშირებელი რამდენიმე გადასასვლელი. "მანგლისის ხევი" პირველად მოიხსენიება VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში; "და მობრუნდება მტკვარი აღმოსავლეთისაკენ, გაივლის ქართლის ზემო ქვეყანას, გაჰყოფს გავარებს: თორს, გორათის ხევს, ტანის ხევს, რომლის თავშია დეკციხე, და მანგლისის ხევს, ქვეშის ხევს და ბოლნისის ხევს ვიდრე პარუარის გავარამდე, რომელიც გარს აკრავს ქალაქ თბილისს" (ს.ერემიანი, ძველი სომხური გეოგრაფია, 1963 გვ.104, (სომხ.). ეს ძეგლი ერთ-ერთი უძველესი წერილობითი წყაროა საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისათვის. პირველ რიგში ყურადღებას იქცევს ხევების (ქვეყნების) ჩამოთვლა, მათი თანმიმდევრობა. მანგლისის ხევი ტანას ხევსა და ქვეშის ხევს შორის არის მოქცეული, ხოლო როგორც ჩანს, ჩრდილო - აღმოსავლეთიდან მას აკრავს თბილისის ქვეყანა. თეძმის ხევის სათავეები (დეკციხე) ტანას ხევშია მოქცეული. მაშასადამე, "ხევში" ადმინისტრაციული ტერმინი იგულისხმება და არა გეოგრაფიული. როგორც ჩანს, ქვეყანა ყოველთვის ერთ ხეობას არ ემთხვეოდა, სხვადასხვა მიზეზით ხდებოდა ხევთა გაერთიანება ერთ ქვეყანაში. უნდა ვიგულისხმოთ, რომ "მანგლისის ხევის" საზღვრებიც სცდებოდა ალგეთის ხეობის გეოგრაფიულ ფარგლებს და სხვა წყაროებიდანაც ჩანს, მოიცავდა ვერეს (სკვირეთის) ხეობის დიდ ნაწილს. მანგლისისა და მისი ქვეყნის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი". 654 წელს, სომხეთის დაპყრობის შემდეგ, არაბები ქართლისაკენ გამოემართნენ. ქართლის ერისმთავარს მათთვის ელჩი შეუგებებია და ზავი უთხოვნია. არაბთა სარდალს გაუცია ე.წ. "დაცვის სიგელი, რომელშიც არაბ - ქართველთა ურთიერთობა იყო განსაზღვრული.

ეს არის წიგნი ჰაბიბ იბნ მასლამასაგან თბილისის მოსახლეობისადმი მანგლისის თემიდან... (ბალაზორის ვარიანტი). თბილისის მდებარეობა მანგლისის თემში (ქვეყანაში), ჩვენის აზრით, გამორიცხულია, რადგან იქ ზის ქართლის პატრიკიოზი და ქალაქ თბილისის დაპყრობა ერთ-ერთი ძირითადი მიზანია არაბთა ლაშქრისა. როგორც არ უნდა იყოს გაგებული "დაცვის სიგელის" ტექსტი, ერთი რამ აშკარაა; მანგლისი დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ცენტრია. არაბებმა იმხანად ქართლში ფეხი ვერ მოიკიდეს. მხოლოდ მურვან ყრუს ლაშქრობამ გატეხა წელში ქართლი (736-738). არაბთა დაპყრობის შემდეგ მანგღისის ხევი, ისევე როგორც მთელი ქვემო ქართლი, თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა. ამ ახალი პოლიტიკური ერთეულის შექმნას კიდევ უფრო უნდა გაეცხოველებინა ალგეთის ხეობაზე გამავალი სავაჭრო გზების მნიშვნელობა, რადგან თბილისში თავს იყრიდნენ მრავალი ქვეყნის ვაჭრები. თბილისის საამიროს ტერიტორია დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა, თანდათან იზღუდებოდა, მიწებს კარგავდა. IX საუკუნის დამდეგიდან თბილისის ამირას მხოლოდ ქვემო ქართლი შემორჩა (ს.ჯანაშია, არაბობა საქართველოში, შრომები, II, გვ.391). მალე მათ ქვემო ქართლის დიდი ნაწილიც დაკარგეს და მხოლოდ მანგლისის ხევი, სამშვილდის ქვეყანა და თბილისის გარშემო მდებარე ტერიტორიაღა ემორჩილებოდათ. "ხოლო გუარამ დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი და არტაანი და ჰბრძოდა სარკინოზთა" (მატიანე ქართლისაი, "ქართლის ცხოვრება", I, 1955, გვ.258). ასე გაგრძელდა IX საუკუნის ბოლომდე, სანამ თრიალეთის მხარეს ბაღვაშები არ დაეპატრონენ: "და შეიპყრა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისანი, აღაგო ციხე კლდეკართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე" (იქვე, გვ.258). კლდეკარის ციხის პატრონთა მფლობელობა თავდაპირველად მხოლოდ თრიალეთით იფარგლებოდა, რადგან არც ერთ მეზობელ ხევში მათ ციხე არ გააჩნდათ. თვით კლდეკარის ციხის მდებარეობა გვაფიქრებინებს, რომ იგი ძირითადად აგებული იყო თრიალეთში ამავალი გზების ჩასაკეტად თბილისის საამიროს მხრიდან. ამასთან ერთად იგი დარაჯობდა შიდა ქართლის ხეობებით თრიალეთ-ჯავახეთში ამავალ გზებს. შემდეგ თანდათან კლდეკარის ერისთავები აფართოებენ თავის სამფლობელოს და პირველ რიგში სწორედ იმ ხეობებში  იჭრებიან, საიდანაც კლდეკარზე გზები ადის ტანას, თეძმისა და ალგეთის ხეობებში. "იყო მას ჟამს, ერისთავად კლდეკარსა რატი და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკუარსა სამხრით - კერძო ყოველივე თრიალეთი, მანგლის - ხევი და სკვირეთი; არა მორჩილებდა კეთილად ბაგრაგ მეფესა" (მაგიანე ქართლისაი, "ქართლის ცხოვრება", I, 1955, გვ.276). ალგეთის ხეობაში კლდეკარის ერისთავთა მფლობელობა ბირთვისის სამხრეთით მდებარე სოფ. ხოპისამდე აღწევდა (ვ.კოპალიანი). როგორც ჩანს, მკვლევარი ამ დასკვნამდე მისულა იმის გამო, რომ ხოპისის ეკლესიასთან დგას "ხელი" რაც სასაზღვრო ნიშნად უნდა მივიღოთ და ვიგულისხმოთ, რომ იგი კლდეკარის ერისთავთა დასმულია. ამას გარდა, ხოპისს ქვევით თბილისის საამიროს დარაჯად მეგატ ძლიერ ციხეთა მთელი წყება იდგა. ორბეთის, ბირთვისისა და ფარცხისის ციხეები. თბილისის ამირას რომ ეს ციხეები ეკავა, ამის მოწმობაა "მატიანე ქართლისაის" ცნობა XI საუკუნისა, სადაც თბილისის ამირას შეპყრობის ამბავია მოთხრობილი. შემდეგ ხანებშიც, როდესაც თბილისს კახთა მეფე უტევდა: "ტფილელთა განიზრახეს მოცემა ტფილისისა. და ამის ქალაქისა ბრძოლასა შინა წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქართა (მატიანე ქართლისაი, "ქართლის ცხოვრება", I, 1955, გვ.296). ამ შემთხვევაში ამირა გადარჩა და ციხეები შეინარჩუნა, მაგრამ ბოლოს ბირთვისი მაინც კლდეკარის ერისთავმა დაიპყრო. ორბეთ-ბირთვის-ფარცხისის ციხეები გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ ალგეთის ხეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მათ დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ ამ ქვეყნის პყრობის თვალსაზრისით. ისინი ერთ მთლიან გამაგრებულ სისტემას წარმოადგენდნენ. თუ არა და ასე ახლოს ერთმანეთთან სამი ძლიერი ციხის არსებობა გაუგებარი იქნებოდა. მანგლისი ქვეყნის ეკონომიური და საეკლესიო ცენტრი იყო. პოლიტიკურად ქვეყანაზე ეს ციხეები ბატონობდნენ. ამიტომ გასაგებია, რატომ ებრძოდნენ ასეთი თავგამოდებით კლდეკარის ერისთავები თბილისის ამირებს ორბეთ - ბირთვის ფარცხისისათვის. მაგრამ არც მანგლისის ფლობას ჰქონდა მცირე მნიშვნელობა. საინგერესოა, რომ მანგლისის ტაძრის წარწერებში არც ერთხელ კლდეკარის ერისთავები არ იხსენიებიან. როგორც ჩანს, საქართველოს მეფეებთან ცვალებადი წარმატებით მიმდინარე ბრძოლაში, მანგლისის ახალი დიდი ტაძრის აგების დროს (1020 წ.), კლდეკარის ერისთავებს მორიგი მარცხი მოუვიდათ. შესაძლოა, სწორედ ეს იყო ახალი ტაძრის აგების ძირითადი მიზეზი, რითაც მეფე ამ მეტად მნიშვნელოვან პუნქტს ხელს ადებდა. XI საუკ. მიწურულს დავით აღმაშენებელმა სამუდამოდ მოუღო ბოლო კლდეკარის საერისთაოს. შუა საუკუნეებში ალგეთის ხეობა მჭიდროდ დასახლებული სამეფო მამულია, რასაც კარგად მოწმობს ამ ხანის უამრავი ნასოფლარი და მატერიალური კულტურის ძეგლი. სწორედ აქაა საქართველოს მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები: კოჯორი, ტაბახმელა და გუდარეხი. XV საუკუნიდან ალგეთის ხეობა "საბარათიანოს" შემადგენლობაშია.