There are no translations available.
< უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე
თამაზ ბერაძე (ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი) - XVII ს- ის პირველი ნახევრის ოდიშის რუკა //ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1970 წ., კრ. 21, გვ. 42 - 47
ლევან II დადიანის დროს (1611 - 1657 წწ.) ოდიშის სამთავრო დასავლეთ საქართველოს უძლიერეს პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. იგი გადაჭიმული იყო. მდ. კელასურიდან მდ. ცხენისწყლამდე და ზღვიდან მთამდე. ოდიშს ესაზღვრებოდა აფხაზეთის სამთავრო, სვანეთი, იმერეთის სამეფო და გურიის სამთავრო. ჩრდილო-დასავლეთი მხრიდან ოდიშს აფხაზეთი ემეზობლებოდა. ზღვასთან საზღვარი მდ.კელასურის მარცხენა ნაპირზე გადიოდა. ოდიშის მთავარს აქ ეკუთვნოდა სანაპიროს ვიწრო დაბლობი ზოლი. კოდორის ხეობის ზემოწელი აფხაზეთის სამთავროს შემადგენლობაში იყო. შემდეგ საზღვარი მიყვებოდა ფანავის ქედს. ოდიშს სვანეთისაგან ეგრისის ქედი გამოყოფდა. ენგურის ხეობაში იგი სადადეშქელიანო სვანეთს ესაზღვრებოდა. ოდიშის სამთავროს უკანასკნელი პუნქტი ამ ხეობაში იყო სოფელი ხუდონი. ცხენისწყლის ხეობის ზემო წელი, ქვემო სვანეთი და ლეჩხუმი, ამ ხანაში ამერეთის სამეფოში შედიოდა. ლეჩხუმის ქვემოთ, საზღვარი, იმერეთსა და ოდიშს შორის მდინარე ცხენისწყალს მიუყვებოდა. გურიისა და ოდიშს შორის საზღვარი მდ. რიონი ითვლებოდა. ამავე დროს ამ მდინარის მარცხენა ნაპირას მდებარე ზოგიერთი სოფელი ოდიშში შემოდიოდა. გვიანფგოდალურ ხანაში მთავარ რეზიდენციას ოდიშის მთავრთათვის წარმოადგენდა ზუგდიდი - „სასახლე დადიანთა, დიდშენი და პალატებიანი, ზღუდეგოდლიანი." უფრო ადრე დადიანთა მთავარი სამყოფელი ჭაქვიჯაში იყო. ზუგდიდის როლის დაწინაურება განაპირობა ზღვის როლის გაზრდამ ოდიშის ცხოვრებაში. აგრეთვე იმან, რომ იგი უფრო ახლო იყო აფხაზეთის საზღვრებთან, რომლის ფეოდალები ამ დროისათვის დიდ საფრთხეს უქმნიან ოდიშის უშიშროებას. ოდიშის სამთავროს დასავლეთით შავი ზღვა ესაზღვრებოდა. ლევან II დადიანის დროს საზღვაო ვაჭრობა დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის ცხოვრებაში. ნაოსნობის სეზონი გრძელდებოდა აპრილიდან ოქტომბრამდე. ქვეყანაში ზღვით შემოდიოდა: მარილი, გამხმარი თევზი, ხელოსნობის მრავალი ნაწარმი, ფუფუნების საგნები. ოდიშიდან გაჰქონდათ ტილო, აბრეშუმი, თაფლი, ცვილი... გაპყავდათ ტყვეები. უნდა აღინიშნოს, რომ ტყვეთა სყიდვას ლევან II დადიანის დროს არ ჰქონდა ისეთი კატასტროფიული ხასიათი, როგორც შემდეგში. შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო მეტად სწორხაზოვანია და ბუნებრივი ნავმისადგომები ძალზე ნაკლებია. ამიტომ ოდიშში ნავსადგურების როლს მდინარეთა შესართავები თამაშობდნენ. ჩვენთვის ცნობილია ამ ხანის შემდეგი ნავსადგურები: ფოთი, კემხელი, (ასე ეწოდებოდა დღევანდელ ყულევს, რომელმაც თავისი სახელი თურქული რედუტ ყალესაგან მიიღო), ანაკლია და ტყაყურუ. უკანასკნელი ნავსადგურის ლოკალიზაცია არ ხერხდება. ქართული წყაროების მიხედვით ის მდებარეობდა ოჩამჩირის დასავლეთით, რომელიღაც მდინარის შესართავში. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იწვევს ერთი რამ; ქართულ წყაროებში არ მოიხსენიება ოდიშის ერთი მნიშვნელოვანი ნავსადგური, რომელსაც უცხოური წყაროები ისგაურს || ისკურიას უწოდებენ. შეიძლება ტყაყურუ ამ ნავსადგურის ქართული სახელი იყოს. დიდი იალქნიანი ხომალდები ნავსადგურებში ჩერდებოდნენ და იქ აწარმოებდნენ ვაჭრობას. აქ მთავრის სპეციალური მოხელეები ბაჟს კრეფდნენ შემოტანილ თუ გატანილ საქონელზე. თუ დიდი ხომალდები ნავსადგურებში ჩერდებოდნენ, ნიჩბიანი ნავები მდინარეებს აყვებოდნენ ქვეყნის სიღრმეში. რიონზე ნავი ქუთაისამდე შვიდი კილომეტრის დაშორებით ამოდიოდა. მდინარე ხობით ნავები ხობის მონასტრამდე აღწევდა. მდინარე მოქვით --- მერკულამდე. საკმაოდ შორს ადიოდნენ ნავები ენგურზეც. ეს ნავები ჩერდებოდნენ სოფლებში და ვაჭრობდნენ. ბაჟს იქ არსებულ საბაჟოებს უხდიდნენ. ამგვარი საბაჟოები იყო რიონზე - ჭალადიდში, მდ.ხობზე - ქარიატას და ხორგაში, მერკულაში - მდ. მოქვზე. შავი ზღვის გზით ოდიშში მრავალი ეროვნების ადამიანი ირეოდა. ზოგი მათგანი სასარგებლო მოღვაწეობას ეწეოდა. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ კათოლიკე მისიონერები. ლევან II დადიანი ყოველმხრივ ეხმარებოდა მათ. უცხოური წყაროები მისიონის ცენტრს წიფურიას უწოდებენ. იგი მდებარეობდა ენგურის მარჯვენა ნაპირზე და შეესაბამება, დღეს სოფელ განარჯია - მუხურის ერთ უბანს, წიფურონს. გვიანფეოდალურ ხანაში ოდიშის სამთავროში ქალაქები არ იყო. ლევან II დადიანმა რუხის ციხესთან დააარსა ქალაქი, სადაც დაასახლა ჩხარიდან გადმოსახლებული ვაჭრები და ხელოსნები. ლევან II სიკვდილის შემდეგ ეს ქალაქი დაიცალა. ჩხარელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ოდიშის სამთავროში ქვეყნის შიგნით გაცვლა - გამოცვლა ბაზრობებზე ხდებოდა, რომელიც იმართებოდა ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, წელიწადის სხვადასხვა დროს. ამგვარი საბაზრო ადგილებიდან ცნობილია; წიფურონი, კორცხელი, იღორი, ბედია. ოდიშის ციხე-სიმაგრეთა ერთი ჯგუფის ამოცანას ქვეყნის საზღვრების დაცვა წარმოადგენდა. ლევან II დროს რთული ვითარება იყო ქვეყნის ჩრდილო - დასავლეთ საზღვარზე. წყაროები ერთგვარ რომანტიულ სამოსელში ახვევენ ოდიშისა და აფხაზეთის ურთიერთობას ამ ხანაში. ქალიშვილისადმი უსამართლო მოპყრობით შეურაცხყოფილი აფხაზეთის მთავარი, ებრძვის უმადურ სიძეს ლევან II დადიანს. სინამდვილეში აქ უფრო საშინელი ამბები მზადდებოდა. აფხაზეთის ფეოდალები ცდილობდნენ თავისი სამფლობელოს აღმოსავლეთით გავრცელებას. მათი თავდასხმები ოდიშზე მუდმივ ხასიათს ატარებდა. ლევან II რამდენჯერმე წარმატებით ილაშქრა აფხაზეთზე, მაგრამ გამარჯვება მხოლოდ დროებით ხასიათს ატარებდა. ამიტომ ლევან || დადიანმა თავისი სამთავროს ჩრდილო - დასავლეთი საზღვრების გასამაგრებლად სპეციალური ღონისძიება ჩაატარა. მდ. კელასურის მარცხენა ნაპირზე, იქ სადაც მთასა და ზღვას შორის ვიწრო დაბლობი ზოლია დარჩენილი, მის დროს აგებული იქნა გამაგრებული კედელი, სწორედ იქ, სადაც ადრეფეოდალურ ხანაში იდგა "ზღუდე კლისურისა". ადგილი კედლისათვის კარგად იყო შერჩეული. იგი კეტავდა იმ გზას, რომელიც გაგრისა და ანაკოფიის გავლით, ჩრდილოეთ კავკასიიდან მოემართებოდა და ზღვის სანაპირო ზოლს მოუყვებოდა. კელასურის აღმოსავლეთით დაბლობი ზოლი თანდათან ფართოვდება და შემოჭრილი მტრის შეჩერება ძალიან ძნელია. საერთოდ, გვიანფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელია, ციხე-სიმაგრეთა აგება ადრეფეოდალური შესაბამისი ხასიათის ნაგებობათა ადგილას. ამგვარი ვითარებაა იქ, სადაც მთიდან მომავალი გზების დამცველ ციხეებთან გვაქვს საქმე. ეს მოვლენა აიხსნება იმით, რომ გვიანფეოდალურ ხანაში ერთგვარად გამეორდა ადრეფეოდალური ხანის სიტუაცია. მთა უტევს და ბარი იძულებულია თავი დაიცვას. ამიტომ გვიანფეოდალურ ხანაში ხეობებში ან ადრეფეოდალური ციხის ნაშთებს გამოიყენებდნენ, ან კიდევ მის ნანგრევების ახლოს ახალ ციხეს აგებენ. კოდორის ხეობის ზემო წელი აფხაზეთის სამთავროს ეკუთვნოდა. ამიტომ, მათი თარეშის შესაჩერებლად კელასურის კედელი არ იყო საკმარისი. ამ მიზნით აშენდა, ზოგ შემთხვევაში შეკეთდა ციხეები, რომლებიც მდინარეების კოდორის, მოქვის, ღალიძგას, ოქუმის ხეობებში მთიდან მომავალ გზებს კეტავდნენ. ლევან დადიანის ბრძანებით ოდიშის ყველა დიდი ფეოდალი ვალდებული იყო თავისი რაზმით აფხაზეთის საზღვარზე მორიგეობით ედარაჯა. დაცული იყო ის მთავარი გზაც, რომელიც აფხაზეთიდან ოდიშის შუაგულისაკენ მოემართებოდა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩხორთოლის, სათანჯოს ციხეები. ენგურზე გადასასვლელის დასაცავად ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე აგებული იქნა ციხე-სიმაგრე "ოცარცე“. ამ გადასასვლელს ენგურის მარცხენა ნაპირზე რუხის ციხე იცავდა. რუხის ციხე ლევან II დადიანის დროსაა აგებული. მისი მთავარი ამოცანა იყო ზუგდიდი და საერთოდ აღმოსავლეთ ოდიშის დაბლობი ნაწილი დაეცვა აფხაზეთის შემოსევებიდან. ამ დროს რუხის ციხე ოდიშის ყველაზე ძლიერი სიმაგრეა. მეციხოვნეებს აქვთ არტილერიაც. ჩვენ არ ვიცით იდგა თუ არა ზარბაზნები ოდიშის სხვა რომელიმე ციხეში, თუმცა შესაძლებელია, რადგან ლევან II დადიანს ჰყავდა ზარბაზნების ოსტატები. გამაგრებული იყო გზები, რომლებიც ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებით სვანეთიდან ოდიშისაკენ მოემართებოდა. აქაც, ადრეფეოდალური ხანის ციხეთა ახლოს, აგებული იქნა ახალი ციხეები. მდ.ენგურისა და მაგანას წყალგამყოფ ქედზე არსებული ადრეფეოდალური ციხის მახლობლად რამდენიმე კილომეტრის დაშორებით აგებული იქნა "ომუნეს" ციხე, ჭანისწყლის ხეობაში ადრეფეოდალური ხანის ციხის ნანგრევთა გვერდით -"ლაყორიას" საყარაულო კოშკი. სვანეთიდან მომავალი გზების დაცვას ემსახურებოდა ჯგალის ციხე. ასეთივე დანიშნულება ჰქონდა ჩქვალერის პატარა ციხესაც. მდ. ღალიძგის აღმოსავლეთით ენგურის ხეობამდე და ჭანისწყლის აღმოსავლეთით აფხაზეთიდან ან სვანეთიდან გადმოსასვლელი გზები არაა. ამიტომ ოდიშის ამ ნაწილებში საზღვრის დამცველი ციხეები არ გვხვდება. არ იყო გამაგრებული საზღვარი იმერეთთან და გურიასთან. ციხე-სიმაგრეები აქ საზღვრებიდან მოშორებით უნაგირას ქედზე გვხვდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლევან II დადიანის ხანაში ოდიშის ყველაზე ძლიერი ციხე რუხში იდგა. შემდეგი სიძლიერისა და მნიშვნელობის მიხედვით მოდიოდნენ; ჭაქვიჯის, შხეფის, ხეთის, თამაკონის, ლიას, ჯგალის, სათამაშიას და სხვა ციხეები. ციხეთა ერთი ჯგუფი ციხე -დარბაზებს წარმოადგენდა. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ პატრონის შეძლების მიხედვით. მაგალითად, ციხე-დარბაზი ნოღაში ოდიშის მთავარს ეკუთვნოდა. იგი საკმაოდ დიდი ნაგებობაა. აქ ჯვარედინად დგას თითო მრგვალი კოშკი. ისინი რამდენიმე სართულიანია. ყოველ სართულს აქვს სარკმელი და ბუხარი. აღმოსავლეთი კოშკის ქვედა სართული გამოყენებულია ეკლესიად. ნოღას ციხე - დარბაზი შუაფეოდალურ ხანაშია აგებული. გვიანფეოდალურ ხანაში მისთვის მეორე, სათოფურიანი კედელი შემოუვლიათ. დიდი ფეოდალის ციხე-დარბაზი დგას სოფელ რზენში. იგი მოცულობით შედარებით პატარაა. აქვს ორი კოშკი, რომლებიც გალავნის კედლებიდან არ გამოდიან. უკეთესად შენახულ სამხრეთის კოშკში შემორჩენილია სარდაფი და სამი სართული. მცირე შეძლების ფეოდალის ციხე-დარბაზი დგას სოფელ ჯაღრაში. იგი შედგება რამდენიმე სართულიანი კოშკისაგან და გალავნისაგან. ციხე-სიმაგრეთა ერთი ჯგუფი თავშესაფარს წარმოადგენდა შემოსევების დროს. ასეთი ციხე შედგებოდა ქვის გალავნისაგან, რომელშიც მოქცეული იყო ერთი ქვისა და რამდენიმე ხის კოშკი. ჩვეულებრივ მას აგებდნენ ტყეში და საშიშროების შემთხვევაში მისკენ მიმავალ გზებს მოჭრილი ხეებით ხერგავდნენ. მოსახლეობა ამ ციხეს შემოსევების დროს აფარებდა თავს. სხვა დროს იგი ცარიელი იყო. ასეთ ციხეებს ჩვეულებრივ დაბლობ ადგილებში აშენებდნენ. ლევან II დადიანის დროს ოდიშში ექვსი საეპისკოპოსო კათედრალი იყო: ჭყონდიდის, წალენჯიხის, ცაიშის, ბედიის, მოქვისა და დრანდის. საეპისკოპოსოს ცენტრები შედგებოდა ეპისკოპოსის სასახლისაგან, საეპისკოპოსო ეკლესიისაგან და მონასტრისაგან. ოდიშში საპატიო ადგილი ეკავა ჭყონდიდის კათედრალს. ჭყონდიდის ცნობილი ტაძარი აგებულია წმინდა მოწამეთა (მარტვილის) სახელობაზე. ამიტომ მომდევნო ხანაში ეკლესია და მონასტერი აქ მარტვილისად იწოდებოდა. ეს სახელი თანდათანობით გავრცელდა დასახლებულ პუნქტზეც და ჭყონდიდი მარტვილმა შეცვალა. ლევან III დროს სოფლის აღსანიშნავად მარტვილი და ჭყონდიდი თანაბრად იხმარებოდა. შემდეგ სოფელს მარტვილი ეწოდა, ხოლო საეპისკოპოსოს კათედრალის სახელი ჭყონდიდი უცვლელი დარჩა. ჭყონდიდელის სამწყსო გადაჭიმული იყო მდ.ცხენისწყლიდან მდ.ტეხურის მარჯვენა ნაპირამდე და მთიდან რიონამდე. ჭყონდიდელის ეპარქიას ესაზღვრებოდა წალენჯიხის საეპისკოპოსო. წალენჯიხელის სამწყსოს წარმოადგენდა ტეხურის დასავლეთით მთაგორიანი ტერიტორია; ვახუშტის ცნობით, ენგურის მარჯვენა ნაპირზე წალენჯიხელის სამწყსო ზღვამდე აღწევდა. ჭყონდიდელისა და წალენჯიხელის სამწყსოებს შორის მოქცეული იყო ცაიშის საეპისკოპოსო. იგი ვრცელდებოდა ურთას მთიანი ზოლიდან ზღვამდე და ენგურიდან ტეხურამდე. მდ. ერისწყალსა და მოქვს შორის მოქცეული იყო ბედიელის სამწყსო. მის ჩრდილო -დასავლეთით მდ. კოდორამდე გადაჭიმული იყო მოქვის საეპისკოპოსი, ხოლო კოდორის დასავლეთით დრანდელის სამწყსო იყო. სასულიერო იერარქიაში ეპისკოპოსების მომდევნო ადგილი მონასტრის წინამძღვრებს ეკავათ. მონასტრები იყო საკათალიკოსო, საეპისკოპოსო.. როგორც აღვნიშნეთ, თითოეულ საეპისკოპოსო კათედრალთან იყო მონასტერი. ჭყონდიდელს ეკუთვნოდა ტყვირის მონასტერი. წყაროებში დამოწმებულია შემდეგი საკათალიკოსო მონასტრები: ხობის ღვთისმშობლის მონასტერი, ეკის ნათლისმცემელის, ობუჯის წმინდა გიორგის; ორი მონასტერი იყო სოფელ ჭალაში (ამ სოფელს დღეს ჭლოუ ეწოდება). ერთი „ჯვარი პატიოსნის" სახელობაზე და მეორე - "წმინდა გიორგის". ცნობილია ქიაჩის მონასტერი, "წმ. მიქაელის" სახელზე აგებული. ქიაჩის მონასტერი მდებარეობდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ჯეგერდას მიდამოებში. არქანჯელო ლამბერტის ცნობით ლევან II დადიანის ხანაში მონასტერი იდგა მისიონერების სამყოფელში - წიფურონში და ანაკლიაში. გვიანფეოდალურ ხანაში მთავარი, ეკლესია და მსხვილი ფეოდალები თავისი ყმა-მამულის ექსპლოატაციას სასახლეთა საშუალებით ახორციელებდნენ, რომლებიც მსხვილი სამეურნეო კომპლექსები იყო დარბაზით და ჯიხურით", „სახლით", „ჩარდახით", მარნითა და ბეღლით. სასახლეებს ეკუთვნოდა ჯოგები, ყანა, ბოსტანი და სხვა სავარგულები. სასახლეებს სპეციალური მოხელეები განაგებდა. სასახლეს ჰქონდა კარის ეკლესია, თუ იგი კერძო პირს ეკუთვნოდა, და საყდარი, თავის სამრეკლოთი, თუ ეს სასახლე ეკლესიის იყო. ოდიშის მთავარი ყველაზე დიდი ფეოდალი იყო თავის სამფლობელოში და ყველაზე მეტი სასახლეები მას ეკუთვნოდა. ლევან II დადიანი სამოცამდე სასახლეს ფლობდა. ჩვენ მხოლოდ ზოგი მათგანის ადგილმდებარეობა ვიცით. ლევან დადიანის სასახლეები იყო ხეთის, ნაქალაქევის, ჭაქვიჯის, შხეფის, ნაქალაქევის ციხეებში. ამის გარდა მთავრის სასახლეები იყო ძიგურში, წამხარში, (დღეს სოფ. თაგილონის ერთი უბანია), ჭუწყურში, ღალიძგაში. (მდებარეობდა ილორთან ახლოს მდ.ღალიძგას მარჯვენა ნაპირზე), კვიტოულში. ლევან II დადიანის ხანაში აფხაზთა კათალიკოზის სასახლეთა უმეტესობა ოდიშის სამთავროში იყო. ზოგი მათგანის ლოკალიზაცია ჭირს. მაგალითად, მხოლოდ დაახლოებით ვიცით სად მდებარეობდა სოფლები: საქუჩულორიო, წყალძგა||წყარიგზა, სუბეიში, ხაჟუელი და ხიორი, სადაც კათალიკოსს სასახლეები ედგა. სოფელ ხიბულაში აფხაზეთის კათალიკოსს ორი სასახლე პქონდა. ერთის ნაშთი დღესაცაა შემორჩენილი. აქ არის დარბაზის ნანგრევები, შემორჩენილია კოშკი, რომელიც "საყდრის იარაღისათვის ციხე-სალაროს" წარმოადგენდა. აფხაზეთის კათალიკოსის გარდა თავისი სასახლეები პქონდათ ეპისკოპოსებსაც. მაგალითად ლევან II დადიანის ხანაში ცაიშელს ეკუთვნოდა სასახლეები: წყალიძგაში, ხეთაში, ჯგალში, ცაიშში, დარჩელში, ჭალაში, ჩოხათში, ჯორიელში. (ჭალა მდებარეობდა ენგურის პირას, ჩოხათიც იქვე იყო სოფელ დარჩელის მახლობლად. ჯორიელი საგულისხმოა, ზღვის პირას, ჭურიას შესართავში მდებარეობდა). საერო ფეოდალების სასახლეებიდან ცნობილია ლიპარტიანის სასახლე ტარჩულში და წულუკიძის სასახლე ხორგაში. მომდევნო ხანაში ეს სასახლე აფხაზეთის კათალიკოსის ხელში გადავიდა. ეკლესიები ოდიშში აგებული იყო ქვისაგან ან ხისაგან. ზოგი ეკლესია დიდ ქონებას ფლობდა. მათ ეკუთვნოდათ ყმები, სავარგულები, სასახლეები. მაგალითად, სენაკის საწინამძღვრო საყდარი ორ სასახლეს ფლობდა. ლევან II დადიანის ხანაში აფხაზეთის კათალიკოსს ერთი საკუთარი ეკლესია არ ჰქონდა, რომ "დღესასწაული გადაეხადა". მხოლოდ 1658 წელს შესწირა ვამეყ დადიანმა ამ მიზნისათვის სენაკის საყდარი აფხაზეთის კათალიკოსს. წყაროების და ისტორიულ გეოგრაფიული დაზვერვების მონაცემებითაა შედგენილი ლევან II დადიანის ხანის ოდიშის რუკა, რომელიც ჩვენ წერილს ახლავს.
|