topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

შინაკლასობრივი ბრძოლის ერთი მომენტის ისტორიულ - გეოგრაფიული საფუძველი-დ.მუსხელიშვილი

< უკან დაბრუნება <<< საინტერესო სტატიები>>>

 

დავით მუსხელიშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი) - შინაკლასობრივი ბრძოლის ერთი მომენტის ისტორიულ - გეოგრაფიული საფუძველი //ძეგლის მეგობარი - თბილისი, 1970 წ., კრ. 21, გვ. 23 - 33

ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ამ უკანასკნელ ხანებში გაშლილი ინტენსიური ისტორიულ-გეოგრაფიული საველე კვლევის შედეგად არა ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული პუნქტი იქნა მიგნებული, რომელთა არსებობა ცნობილი იყო ქართული თუ სხვა წერილობითი წყაროებიდან, თუმცა კი მათი ზუსტი ადგილმდებარეობა არავინ იცოდა. ასეთია, მაგალითად, წოფის, ოფრეთის, გაგის, ქავაზინის, ლოქის და სხვა ციხე-სიმაჯრეები ქვემო ქართლში, პანკისის, მარილისის, ტურის - (შტორის), მაჭის და სხვა ციხე-სიმაგრეები კახეთში; დიმნის ციხე და უქიმერიონი იმერეთში და სხვ... ფეოდალური ხანის ამ მნიშვნელოვანი პუნქტების აღმოჩენა, რა თქმა უნდა, უბრალო ცნობისმოყვარეობის საგანი არ არის. ამ ფაქტის მნიშვნელობა არც მხოლოდ იმით ამოიწურება, რომ მათი ზუსტი ლოკალიზაციით უფრო გასაგები და კონკრეტული ხდება ისტორიულ წყაროებში გადმოცემული სათანადო ცნობები. ფეოდალური ხანის ციხე-სიმაგრეთა თუ ციხე-ქალაქთა მიგნებას და იდენტიფიკაციას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ ამ ეპოქაში,  განსაკუთრებით კი ადრეულ და განვითარებულ შუასაუკუნეებში ციხე-სიმაგრე   მხოლოდ პოლიტიკური და სოციალური ბატონობის ფუნქციას კი არ ატარებს, არამედ გარკვეული ტერიტორიის, მისი "შესავალი ქვეყნის" ეკონომიურ ცენტრსაც წარმოადგენს და, ამდენად, ციხე-სიმაგრის მიგნებით, ადგილზე მისი ტოპოგრაფიის ზუსტი ანალიზით, შესაძლებელი ხდება იმ ეკონომიური ერთეულის, მიახლოებით მაინც, შემოხაზვა, რომლის საფუძველზედაც იგი წარმოქმნილა და რომლის ცენტრსაც იგი წარმოადგენს. მეორე მხრივ, რადგან გარკვეული პერიოდიდან ამა თუ იმ ციხის ზემოხსენებული უშუალო სამეურნეო  ტერიტორია აღარ ემთხვევა იმ პოლიტიკურ ერთეულს (ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ფართოა), რომლის ცენტრსაც იგივე ციხე-სიმაგრე წარმოადგენს.

ამიტომ მისი ადგილმდებარეობის დეტალურმა ანალიზმა, განსაკუთრებით მის კონტროლს დაქვემდებარებული გზების ისტორიულ-გეოგრაფიულმა შესწავლამ, შესაძლებელია დაგვანახოს ის ეკონომიური საფუძვლები, რომელმაც ამა თუ იმ ციხე-სიმაგრეს საამისო უპირატესობა მისცა სხვასთან შედარებით. ამგვარად, ცხადი უნდა იყოს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ფეოდალური ხანის (და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ფეოდალური ხანის) ციხე-სიმაგრეების ისტორიულ -გეოგრაფიულ შესწავლას ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური განვითარების შემეცნებისათვის. ჩვენ აქ ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიტანთ საამისოდ. "მატიანე ქართლისაი“ - XI -ის 30 -იანი წლების ამბების გადმოცემისას, მოგვითხრობს ბაგრატ IV -ის ერთ-ერთი ბრძოლის შესახებ საქართველოსთან კახეთის სამეფოს შემოერთებისათვის: "იბირნა აფხაზთა მეფემან კახნი, აშოტ მთავარი მარილელი, დისიძე კვირიკე (კახთა, დ. მ.) მეფისა, და ხახუილა გურთა ჯუარისციხითა ... გაილაშქრა აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუხდა მთასა ზედა მიქელ-გაბრიელთასა. და წყობასა შინა შეიპყრნა; სტეფანოზ ვარჯანის-ძე, პანკისისა ერისთავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი, და ჯედი, დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა. გარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კვირიკე მეფისა აგებული. და ესე ერისთავნი ქენებით აძლევდეს ციხეთა მათთა; და ვერღარა ჩავიდეს  (ბაგრატი თავისი ლაშქრითურთ, დ. მ.) კახეთს და შემოიქცა („ქართლის ცხოვრება“, I, 1955, 298). სხგაგან აღნიშნული გვაქვს (იხ. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III, 1967, 107), რომ, ჩვენი აზრით, ზემომოტანილი ამონაწერის კონტექსტი მცირეოდნად უნდა შესწორდეს. კერძოდ, ,,შტორის ერისთავის" მაგივრად „ტურის ერისთავი" უფრო მართებული ჩანს. ასევე უნდა შესწორდეს გვგონია, ანა დედოფლისეული ნუსხით აღდგენილი "ხახუილა გურთა ჯუარისციხითა", გამოთქმა, რომელიც მთლად გასაგებად ვერ ჩაითვლება. მარიამ დედოფლისეული, ჭალაშვილისეული და მაჩაბლისეული ნუსხების მიხედვით აღდგენილი რედაქცია ამ ადგილისა „ხახუილაგურნი ჯუარისციხითა" უფრო სწორი უნდა იყოს და აზრიც სავსებით ნათელი ხდება. ხახუილაგურთა ფეოდალური გვარი მფლობელია ჯუარისციხისა ისევე, როგორც აშოტ მთავარი - მარილისის. გვარი ხახუილაგური კი სავსებით კანონზომიერი წარმოებაა სახელისაგან ხახუილაგი, მსგავსად დღესაც არსებული გვარებისა აღმ. საქართველოს მთიანეთში (მაგ.. ვეშაგური, შადური, ბუჩუკური, ზვიადაური და სხვ.). ხოლო ეს სახელი სწორედ ამგვარი ფორმით - ხახუილაგი - გვხვდება გიორგი III-ის მიერ შიო მღვიმის მონასტრისადმი ბოძებულ 1770 წ-ის სიგელში, თანაც როგორც სახელი სწორედ კახელი ფეოდალისა, რომელსაც ძველადვე (გიორგი III - ზე უადრეს) შეუწირია შიო მღვიმისათვის სოფ. ალაჭინი. ხახუილაგის გვერდით იმავე სიგელში ხსენება გოდერძისა, რომელიც ეჭვს არ ტოვებს - იგივე "მატიანე ქართლისაის“ -ზემომოტანილი ტექსტის გოდერძი უნდა იყოს, მიგვანიშნებს იმაზე, რომ სიგელის ხახუილაგი იმავე მატიანის ხახუილაგურთა ეპონიმია. ამგვარად, თუ ზემოაღნიშნულ კონიექტურას გავიზიარებთ, მაშინ ქართველი მემატიანის მიერ გადმოცემულ ამბავში ასეთი ვითარებაა; ბაგრატ IV-მ თავისკენ გადაიბირა კახელ წარჩინებულთა ნაწილი, კერძოდ, აშოტ მთავარი მარილელი და ჯუარისციხის პატრონი ხახუილაგურნი. ამათი თანადგომით იგი ლაშქრობს კახეთში და ბრძოლაში ტყვედ იგდებს სტეფანოზ პანკისის ერისთავს, ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავს, ჯედი ტურის ერისთავს და მაჭელს (როგორც სხვაგან აღვნიშნავდი, კონტექსტის აღდგენა თითქოს უფრო სწორი უნდა იყოს.  თუ შტორისა და მაჭის ერისთავად გოდერძის ჩავთვლიდით (იხ. საქ. ისტორიული გეოგრაფიის კრებული, III, 1967), ხოლო ჯედის-მის წარმომადგენლად ბრძოლაში. საქმის არსებით მხარეს ეს არ ცვლის.). ტყვე ერისთავები მზად არიან ჩააბარონ ბაგრატს საკუთარი საერისთავო ციხეები, მაგრამ საქართველოს მეფე ვეღარ ახერხებს ამ წარმატების რეალიზაციას ზურგში საქმეების არევის გამო. აღწერილი ვითარებით ცხადი ხდება, რომ კახეთის წარჩინებულებს შორის აშკარად გამოიყოფა ორი დასი, რომელთაგან ერთი ბაგრატის მომხრე და ე.ი.საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლია, ხოლო მეორე - კახეთის მეფის მომხრე და, ამდენად - გაერთიანების მოწინააღმდეგე. ამ უკანასკნელს წარმოადგენენ კახეთის მეფის დიდმოხელენი - ერისთავები. პირველთა რიცხვს კი განეკუთვნებიან მთავარი აშოტ მარილელი და ხახუილაგურნი. „მთავართა" სოციალური ინსტიტუტი ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ელფერს ატარებს, მაგრამ იგი ყოველთვის აღნიშნავს გაბატონებული ფეოდალური კლასის უმაღლეს ფენას. საფიქრებელია, რომ ხახუილაგურნიც წარჩინებულ აზნაურთა უმაღლეს კატეგორიას ანუ მთავართა რიცხვს განეკუთვნებოდნენ. ე. ი. ფაქტიურად ,,მატიანე ქართლისაის" ზემომოტანილ ცნობაში ჩვენ ვადასტურებთ შინაკლასობრივ წინააღმდეგობას ერისთავთა და მთავართა შორის.

მთავარი ამ დროს წარმოადგენდა მეტ-ნაკლებად მსხვილი საფეოდალოს პატრონს, რომელიც მეფის ვასალი იყო, მაგრამ არა აუცილებლად მისი უშუალო დიდმოხელე. მაგრამ თუკი მას მეფისაგან რაიმე "ხელიც" ანუ თანამდებობაც ჰქონდა ბოძებული ანუ ვახუშტის ენით რომ ვთქვათ, "უკეთუ მეფისა წესსა შინა იყო იგი, უმეტეს პატივიცემოდა". მართლაც, იგივე ვახუშტის მიხედვით ერისთავნი სწორედ ამ მთავართა და წარჩინებულთა წრიდან ინიშნებოდნენ მეფის მიერ - სამეფოს რომელიმე მხარის სამართავად. მაშასადამე, ფაქტიურად, ერისთავი მეფის სამსახურში დაწინაურებული და დიდმოხელეობით სხვა მთავრებზე მეფის მიერ აღზევებული პირი იყო. ნიშანდობლივია, რომ უმეფობის პირობებში მთავრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო მეფის ხელისუფლების ძლიერების პირობებში ძლიერდება ერისთავთა ანუ მოხელე მთავართა ინსტიტუტი. ნიშანდობლივია ისიც, რომ მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს (მაგ. XIII - XIV სს-ში) იგივე ერისთავები კვლავ მთავრობას ჩემულობენ, ვიდრე გვიან საუკუნეებში ძველ ერისთავთა ინსტიტუტის გადაგვარების შედეგად, მთავარი მეფისაგან სრულიად დამოუკიდებელი სიუზერენის აღმნიშვნელ სახელად არ იქცა. ასეთ ვითარებაში გასაგებია კახელ მთავარ-ერისთავთა წინააღმდეგობაც. კახელი მთავრები საქართველოს გაერთიანების მომხრენი და საკუთარი მეფის  მოღალატენი ხდებიან იმის იმედით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, უეჭველია, ბაგრატი მათ დააწინაურებს, "შეიწყალებს". რაც შეეხება კახელ ერისთავებს, საქართველოს გაერთიანების მოწინააღმდეგენი და საკუთარი პატრონის ერთგულნი რჩებიან იმიტომ, რომ კახეთის სუსტ მეფესთან შედარებით ძლიერი ბაგრატის გამარჯვება არაფერ კეთილს მათ არ უქადის. ეს ყველაფერი თითქოს გასაგებია, მაგრამ გაუგებარი რჩება ის, თუ კონკრეტულად რა საფუძველზე იყო დამყარებული კახელ მთავარ-ერისთავთა წინააღმდეგობა, რამაც განაპირობა მათი სხვადასხვა პოზიცია საქართველოს გაერთიანების მიმართ. ვფიქრობთ, ამ საკითხის გარკვევაზე დაგვეხმარება ისტორიული გეოგრაფია. განვითარებული ფეოდალიზმის ხანის ქართულ ისტორიულ წყაროებში მოხსენებული პანკისის ციხე, ჩვენი აზრით, უნდა გულისხმობდეს იმ ციხე-სიმაგრის ნანგრევს, რომელსაც ჩვენმა ექსპედიციამ პირველად მიაკვლია 1965 წელს (განმეორებით იგი მოხილულ იქნა 1967 წელს). ეს სათავდაცვო კომპლექსი, რომელსაც ამჟამად ადგილობრივნი "თორღვას ციხეს" ან „ღვთაებას" უწოდებენ, მდებარეობს ალაზნის ზემო წელზე, პანკისის ხეობაში, ალაზნის შემდინარე ხალაწნის ხევისა და მაღრანის ხევის (მდ. მაჭარეული) წყალგამყოფ მაღალ  (1200 მ.), ტყით დაბურულ კლდოვან მთაზე, რომელსაც მაღრანელები "ციხეების გორს" უწოდებენ. მაღრანის ხევის სათავეში მდებარეობის გამო, გვიანი საუკუნეების ქართული წყაროები, როგორც ჩანს, ძველი სახელის მივიწყების შემდეგ, მას "მაღრანის ციხეს" უწოდებენ. შერჩენილია თაღით გადაყვანილი კლდეკარი, რომლითაც შედიხარ ციხის ტერიტორიაზე. სათვალთვალო კოშკი - რეზერვუარი, რომელიც მთის თხემზეა აგებული და ქვედა ნაწილში, კლდეში გამოკვეთილ წყლის რეზერვუარს შეიცავს, სადაც დასალევი ცივი წყალი, რომელიც მიწისქვეშა წყაროთი იკვებება, დღესაც დგას. და ბოლოს, -თვით ციხე-სიმაგრე, ასიოდე მეტრით დაშორებული კოშკ-რეზერვუარს, ნაგები კლდის საშუალო ზომის თხელი ფილებით ხშირ დუღაბზე. პანკისის ციხის ნაგებობაზე, მის კონფიგურაციაზე სრული წარმოდგენის  მიღება სპეციალური სამუშაოების ჩატარებამდე შეუძლებელია, რადგან მთელი მისი ტერიტორია დაფარულია ნეშომპალის სქელი ფენით და ხშირი ხეებით, მაგრამ მაინც იგი დიდ შთაბეჭდილებას სტოვებს.

იგი აშკარად იყოფა ორ, ერთმანეხთსაგან შიდა გალავნით იზოლირებულ ნაწილად: შიდაციხე და მასთან მჭიდროდ  მოდგმული ოთხკუთხა გალავნით შემოსაზღვრული არე. შიდაციხეში სასახლის (?) ნანგრევი ჩანს და აგრეთვე პატარა "კარის ეკლესია". გალავნის შიგნითაც ჩანს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. მთლიანად კომპლექსი გარედან გამაგრებულია ოთხკუთხა და ოვალური კოშკებით და ასეთივე ბურჯებით: ნაგებობა, უეჭველია, ადრეფეოდალურია, რასაც მოწმობს, სხვა არა იყოს რა, ამ დროის ციხეთათვის დამახასიათებელი დანაწევრება; შიდაციხე და გალავანი, აგრეთვე კარის ეკლესიის აფსიდის ნალისებური მოხაზულობა, თუმცა ციხე-სიმაგრე გვიან საუკუნეებშიც კი გამოიყენებოდა. ეს დასტურდება არა მხოლოდ წერილობით წყაროებში ნახსენები "მაღრანის ციხით", არამედ კარის ეკლესიის რესტავრაციით; მისი დასავლეთი კედელი აგურით არის ამოშენებული, ხოლო ასეთივე ლავგარდანი კუთხეებით გამოშვებული აგურის დამახასიათებელი რიგითაა გაფორმებული. პანკისის ციხის ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ იგი აგებული იყო სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვან ადგილას, კერძოდ აკონტროლებდა იმ მაგისტრალურ გზებს, რომლებიც კახეთის ბარს და მთას აკავშირებდა და, ამდენად, ექსპლოატაციას უწევდა და ფლობდა როგორც ერთს (კერძოდ, ალვანის ველს), ასევე მეორეს (კერძოდ, თუშეთს). ამდენადვე, მისი ეკონომიური და პოლიტიკური მნიშვნელობა მეტად დიდი უნდა ყოფილიყო და, ბუნებრივია, რომ სწორედ იგი გახდა კახეთის ერთ-ერთი საერისთაოს ცენტრი. მარილისი ამჟამად სოფ. მატნის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბანს ეწოდება, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხანია, რაც იგი ცალკე სოფელს წარმოადგენდა. იგი მდებარეობს ალაზნის მარჯვენა შენაკად, პატარა მდ. კურტანაძეულის ქვემო წელზე, იმ ადგილას, საცა ეს მდინარე ვიწრო ხეობიდან ველში გამოდის. მდ.კურტანაძეულის ხეობა ანუ ხევისჭალა, როგორც მას მეორენაირად უწოდებენ, საკმაო რაოდენობით შეიცავს ისტორიულ ძეგლებს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ქაჩალაურის ნასოფლარი ადრეფეოდალური ტიპის პატარა ციხე-სიმაგრით, რომელშიც გამოიყოფა შიდაციხე და გალავანი გამაგრებული კოშკებით. კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია მეტად საინტერესო ბაზილიკური ეკლესია, აშკარად ნალისებური მოხაზულობის აფსიდით და თაღებით. ეკლესიის თავისებურება ის არის, რომ იგი შედგება ერთი მაღალი ნავისაგან ჩრდილოეთიდან მიშენებული მეორე დაბალი ნავით. რაც შეეხება სამხრეთ მხარეს, საცა მოსალოდნელი იყო მესამე, აგრეთვე დაბალი ნავი, არაფერი მსგავსი არ გვაქვს და ბაზილიკა, ფაქტიურად ორი სხვადასხვა სიმაღლის ნავისაგან შედგება. საინტერესოა ისიც, რომ მთავარი (მაღალი) ნავის სამხრეთი კედელი იმავე დროს ციხესიმაგრის გალავნის კედელს წარმოადგენს. სპეციალური დაკვირვებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ რა ქრონოლოგიურ ურთიერთობაშია ერთმანეთთან ეკლესია და ციხე-სიმაგრე. ქაჩალაურის კომპლექსი უნდა ყოფილიყო, როგორც ჩანს, ამ ხევის უძველესი ცენტრი. მის სამხრეთით, რამოდენიმე კმ-ზე ხევისჭალის მარჯვენა იმავე მაღალ ფერდზე ტყეში წმ. მარინეს დიდი დარბაზული ტიპის ეკლესიაა, მოჩუქურთმებული კარ-სარკმლებით. განსაკუთრებით დამახასიათებელია დიდი, რელიეფური გრეხილით შემკული ჯვარი, გამოკვეთილი აღმოსავლეთის ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის თავზე. აქვეა ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა ორ სტრიქონად: 1. წ[მიდა]ო მ[ა]რ[ი]ნე მ[ე]ოხ 2. იყ[ა]ვ კ[ა]ხოისა (თუ:კახეთისა?) ეკლესია გალავან შემოვლებულია, რომელშიც ჩართულია დიდი და მაღალი, სამსართულიანი კოშკი შუაში ოთხკუთხი დედაბოძით, ბუხრით, კიბეებით და საისრეებით. ამ კომპლექსის მახლობლად დიდი, ორსართულიანი სწორკუთხა ნაგებობაა, მაღალი სარკმლებით მეორე სართულზე, რომელიც სასახლეს უნდა წარმოადგენდეს იმ ტიპისას, როგორიც კარგადაა ცნობილი კახეთში. იქვეა მეორე, უფრო დიდი ორსათავსოიანი ნაგებობა. ორივე ამ შენობასაც გალავანი შემოსდევს. შესაძლებელია, საქმე გვაქვს მსხვილი ფეოდალის რეზიდენციასთან. თუმცა ვახუშტი აქ მონასტერს გულისხმობდა. წმ. მარინეს ეკლესიას ადგილობრივნი „მარილის ეკლესიას“ უწოდებენ, ცხადია, დამახინჯებით. ჩვენი აზრით, ეს გვიხსნის სოფ. მარილისის სახელწოდებას. ეხლა ჩვენთვის ცხადი უნდა იყოს, რომ „მატიანე ქართლისაის" აშოტ მთავარი მარილელი პირველ რიგში ამ ხეობის მფლობელი ფეოდალი უნდა ყოფილიყო და მისი რეზიდენცია თუ წმ. მარინეს კომპლექსი არა, ქაჩალაურის ციხესიმაგრე მაინც უნდა იყოს. ამგვარად, მარილელი და პანკელი ფეოდალები ერთმანეთის უშუალო მეზობლები ყოფილან. ბუნებრივად გასაგებია, რომ ისტორიული განვითარების პროცესში, ეს ორი, თავის დროზე დამოუკიდებელი ერთეული, ერთმანეთს გარდაუვლად უნდა დაპირისპირებოდა; ადვილი გასაგებია ისიც, რომ პანკელ ხელისუფალს მარილელთან შედარებით, რომელიც, საფიქრებელია, ძირითადად მხოლოდ მდ. კურტანაძეულის პატარა ხეობის მფლობელი იყოს, გაცილებით უფრი მძლავრი ეკონომიური ბაზისი გააჩნდა და, ამდენად, პოლიტიკური უპირატესობაც მისი ხვედრი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ პანკელმა მთავარმა კახთა მეფის ერისთაობა გაინაღდა და, როგორც ასეთმა, შესაძლებელია, მარილელთა სამთავროც თავისი საერისთაოს ფარგლებში მოაქცია. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა და მართლაც, "მატიანე ქართლისა“-ის ავტორმა ერთ - ერთი ამგვარი ბრძოლის ეპიზოდიც შემოგვინახა. ანალოგიური ვითარებაა ტურის ერისთავსა და ხახულაგურთა მიმართაც. ტურის ერისთავის რეზიდენცია, რომელიც ჩვენ ნასოფლარ ტურისციხეში გვეგულებოდა, 1964 წელს მოვინახულეთ. მართლაც, აქ დაგვხვდა ციხე-სიმაგრის ნანგრევები, რომელიც ზედ ალაზნისპირა ფლატეზე, მდ. ჩელთის შესართავს ქვემოთ, შილდას და ყვარელს შორის მდებარეობს. ციხე -სიმაგრის ნაწილი ალაზანში ჩაქცეულა. შემორჩენილია ეკლესია, რომელიც ადრეფეოდალური ხანისა უნდა იყოს. ტურის ციხის მდებარეობა უეჭველს ჰყოფს, რომ იგი ალაზნის გაღმამხრის  ნაყოფიერი მიწების სამფლობელოდ არის აგებული. მასზე, როგორც ჩანს გადიოდა ერთ-ერთი მაგისტრალური გზა, რომელიც კახეთ-ჰერეთზე გავლით ქართლს აკავშირებდა ალვანეთთან. აქვე უნდა ჩამოსულიყო დაღისტნიდან ყადორის უღელტეხილით ინწობისა და ჩელთის ხეობაზე მომავალი გზა. შესაძლებელია, ძველად ალაზანზე აქ ფონიც ყოფილიყო და, ამდენად, შიდაკახეთის გზის კონტროლიც ტურისციხის ფუნქციას შეადგენდა. რაც შეეხება "ჯუარის ციხეს", ჩვენ იგი დღევანდელი "ციხისჯვარი" გვგონია, რომელიც ყვარლისა და ახალსოფლის შორისაა ალაზნრს ველის ჩრდილოეთიდან შემომსაზღვრელი მთიანეთის კალთაზე, იქ, სადაც დღეს ყვარლის წყალსაცავია მოწყობილი (ადგილი ,,ჩალიანი"). ,,ჯუარის ციხიდან" „ციხისჯვრის" მიღება ადვილი ასახსნელია. სხვა არა იყოს, რა ჟამთააღმწერელი შენიშნავს სამცხის ანალოგიური სახელწოდების ციხე-სიმაგრეზე; "ციხის-ჯუარი, რომელ არს ჯუარის ციხე"-ო („ქართლის ცხოვრება", II, 1959, 242). კახეთის ჯუარის ციხე, რომელსაც 1967 წ. მივაკვლიეთ, საკმაოდ დიდი ციხე-სიმაგრის ნანგრევს წარმოადგენს, შიდაციხით, გალავნის ნაშთებით, კარის ეკლესიით და სამეურნეო ნაგებობებით, რომლებიც განსაკუთრებული სიხშირით გამოირჩევიან. მთელი კომპლექსი აგრეთვე ხშირი ტყით არის დაფარული, რაც მის დეტალურ დათვალიერებას აძნელებს. სამხრეთით იგი გადაჰყურებს ალაზნის ველს, ჩრდილოეთიდან კი, როგორც ჩანს, მიმდგამ მთისპირეთს კეტავდა. ამგვარად, ტურისციხე და ჯუარისციხე ერთმანეთის მომიჯნავე ტერიტორიებს ფლობდნენ. ამ შემთხვევაშიც, უეჭველია, გარკვეულ დროს ერთმანეთს უნდა შეჯახებოდა ტურისციხელთა და ხახუილაგურთა მისწრაფებები მიწის მფლობელობის ზრდისა და, შესაბამისად, პოლიტიკური უპირატესობის მოპოვებისათვის. აქ ეს უპირატესობა ტურისციხელთა მხარეს აღმოჩნდა; ტურისციხის პატრონებმა კახეთის მეფის ერისთაობა მიიჩემეს და ამით, შესაძლებელია, გარკვეული პრეტენზიებიც გამოაცხადეს ხახუილაგურთა მეზობელი სამთავროს მიმართ. რა თქმა უნდა, გამორიცხულია ასეთი ურთიერთობა მშვიდობიანი გზით განვითარებულიყო. "მატიანე ქართლისაის"- ზემომოტანილი ცნობაც ამის საწინააღმდეგო მოწმობას წარმოადგენს. ამგვარად, როგორც ვხედავთ, ზემოხსენებულ ციხე-სიმაგრეთა გეოგრაფიული  ადგილმდებარეობა ნათლად წარმოგვიჩენს იმ მატერიალურ საფუძველს, რითაც XI  ს-ში (და, რა თქმა უნდა, უფრო ადრეც) გაპირობებული იყო კახელ (და არა მხოლოდ კახელ) მთავარ -ერისთავთა შინაკლასობრივი წინააღმდეგობა.