topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ნოქალაქევი

<უკან დაბრუნება

ციხეგოჯი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - ტ.XI, თბ., 1987, გვ.236.

ციხეგოჯი, არქეოპოლისი, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, მდ. ტეხურის მარცხ. ნაპირზე (ახლანდ. სოფ. ნოქალაქევის ტერიტორიაზე, სენაკის რ-ნში). VI–VIII სს-ში ეგრისის დედაქალაქი. ისტ. გადმოცემის თანახმად დააარსა ძვ. წ. III ს-ში ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (მისი სახელისაგან არის ნაწარმოები სახელწ. „ციხეგოჯი“ - ქუჯის ციხე); ბერძნ. სახელი - „არქეოპოლისი“ ნიშნავს „ძველ ქალაქს“). ციხეგოჯს სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ჰქონდა - გაშენებული იყო მდ. ტეხურით სამი მხრიდან მოსაზღვრულ პლატოსა და მისგან ჩრდილო - აღმოსავლეთით აღმავალი მთის თხემზე. 532 წ. ბიზანტ. იმპ. იუსტინიანე I-მა ირან-ბიზანტ. ომისათვის მზადებისას (იხ. „ეგრისის დიდი ომი 542–562“), გაამაგრა ციხეგოჯი. 551 წ. ირანის ლაშქარმა მერმეროეს სარდლობით სცადა ქალაქის აღება, მაგრამ უშედეგოდ (იხ. არქეოპოლისის ბრძოლა 551). 555 წ. ციხეგოჯთან ბრძოლაში დამარცხდა ირანის ლაშქარი ნახორაგანის სარდლობით. VIII ს. დასაწყისში ციხეგოჯში არაბთა გარნიზონი იდგა; 30-იან წლებში ქალაქი დაარბია არაბთა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუმ). IX–X სს-ში ციხეგოჯი ისევ მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, შემდგომში აქ უკვე მცირე დასახლებაა. XVII–XVIII სს-ში ციხეგოჯი ოდიშის მთავართა - დადიანთა რეზიდენციაა (იხ. აგრ. სტ. ნოქალაქევი).

ფოტოს წყარო:

ნოქალაქევი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - ტ.VII, თბ., 1984, გვ.482.

ნოქალაქევი, ისტორიული ციხე-ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ტეხურის მარცხ. ნაპირას (ახლანდ. სოფელი ნაქალაქევი, ცხაკაიას რ-ნი). ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III ს. დასაწყისში). ციხე-ქალაქის აგება განპირობებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით. ქალაქის თავდაპირველი სახელწოდება იყო ციხეგოჯი. უფრო გვიან იგი მოხსენიებულია ბერძნული სახელწოდებით არქეოპოლისი (სიტყვასიტყვით - ძველი ქალაქი; აქედან მოდის მისი ქართული სახელი "ნაქალაქევი“).

ნოქალაქევი ეგრისის ერთ - ერთი დიდი და ძლიერი ქალაქი იყო. ეგრისის დიდი ომის 542–562 დროს ირანის ლაშქარმა სცადა მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ (იხ. არქეოპოლისის ბრძოლა). VIII ს. 30-იან წლებში ქალაქი არაბმა სარდალმა მარვან იბნ მუჰამადმა (მურვან ყრუ) დაარბია. შემდგომში იგი ჩვეულებრივი დასახლ. პუნქტი იყო, XVI–XVIII სს-ში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია. ნოქალაქევის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1930–31 აკად. ივ. ჯავახიშვილის ინიციატივით. სისტემატიური გათხრები მიმდინარეობს 1973-დან. ნოქალაქევის ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ჩანს ძვ. წ. I ათასწლ. დასაწყისიდან. ცხოვრება ინტენსიური გახდა ძვ.წ. V–IV სს-იდან. ქალაქი 3 ნაწილისაგან შედგებოდა (საერთო ფართობი 15 ჰა) და გალავნით იყო გარშემორტყმული. მთავარი ნაწილი განლაგებული იყო მდინარის ნაპირას, გარნიზონის სამყოფელი მდებარეობდა ფერდობზე, ხოლო შიდა ციხე (ციტადელი) - მთის წვერზე. ქვედა ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა ეგრისის მეფეთა IV ს. სასახლისა და V ს. სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები; VI ს. დასაწყ. მცირე ზომის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მოგვიანებით გუმბათოვან ეკლესიად გადაკეთდა, იმავე ხანის მეფეთა სასახლის, კოშკიანი ჭიშკრის, 2 აბანოსა და სხვ. ნაშთები. ყველა შენობა ნაგები იყო ქვათლილებით ან მცირედ დამუშავებული ქვით.

გრანდიოზულობით გამოირჩევა ეგრისის მეფეთა მეორე, სამსართულიანი სასახლე. ქალაქში 2 აბანოს არსებობა კომუნ. მეურნეობის მაღალ დონეზე მიუთითებს. ერთი მათგანი დიდი მასშტაბის და რთული კომპოზიციის კაპიტ. ნაგებობაა. საქართველოში გათხრილ ამ პერიოდის აბანოთა მსგავსად, იგი ცენტრალური გათბობის სისტემაზეა აგებული. ქალაქის სიმაგრეთა სისტემა რელიეფის შესაბამისად იყო გადაწყვეტილი. მდინარის მხარეს სამხრეთით და დასავლეთით ციცაბო კლდეებს მხოლოდ ერთი კედელი გასდევს. მტრისთვის ადვილად მისადგომ აღმოსავლეთ მხარეს კი პარალელურად განლაგებულია 3 კედელი. ციტადელს 3 ჰა-ზე მეტი ფართობი უჭირავს. გალავანში ჩართულია 2 კოშკი, რომელთაგან ერთ-ერთი (ახლა „ჯიხანად“ წოდებული) კოლხეთის დაბლობსა და ჩრდ. მხარეს უწევდა კონტროლს. ციტადელის ეზოში ადრინდ. ფეოდ. ხანის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას. გათხრებმა მნიშვნელოვანი არქეოლ. მასალა გამოავლინა ნ-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერამიკა ძირითადად ადგილობრივი წარმოშობისაა, თუმცა ბევრია იმპორტულიც (მ.შ. IV–VII სს. ამფორები).

გათხრილია ძვ.წ. IV–III სს. სამაროვანი. მიცვალებულები იწვნენ ქვევრ-სამარხებში, ჩვეულებრივ, პირში ედოთ კოლხური თეთრი. ადგილობრივი და შემოტანილი კერამიკის გარდა აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, მონეტები და სხვ. ერთ-ერთ სამარხში ნაპოვნია ხელოვნების იშვიათი ნიმუშები: ელინისტური კანთაროსი, შავლაკიანი კერამიკული სასმისი. ცალკეულ აღმოჩენათაგან გამოირჩევა ტყვიის დასაკიდი საბეჭდავი, რომელსაც ჯვარისებრი მონოგრამა აქვს, ისრისპირები, შუბისპირები, სპილენძისა და ოქროს მონეტები და სხვ. აღსანიშნავია ბიზანტ. იმპერატორის მავრიკიოსის (582–622) სახელით მოჭრილი 23 ოქროს მონეტის განძი. ადგილ. კერამიკასთან ერთად იმპორტულის აღმოჩენა ეგრისისა და ნ-ის უცხო ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონ. კავშირზე მიუთითებს. ნოქალაქევის ტერიტორიაზე შედარებით მცირე რაოდენობით არის მოპოვებული XVI–XVIII სს. მასალა.

ლიტ.: ზაქარაია პ., ლომოური ნ., ლექვინაძე ე., ნოქალაქევის ექსპედიციის 1973 წლის მუშაობის მოკლე ანგარიში, წიგნ.: საქართველოს სახელმწ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, ტ. 4, თბ., 1975; ლომოური ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; ყაუხჩიშვილი ს., ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1948. პ. ზაქარაია.

ნოქალაქევი - ციხეგოჯი - არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს.

გასული საუკუნეების ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. პირველად ეს მოსაზრება XIX საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა სპეციალისტმა დიუბუა დე მონპერემ (“F. Diobua de Monpereoux”) გამოთქვა. ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII ს.ს-ით თარიღდება. ამ პერიოდის მონაპოვრებს შეადგენს სხვადასხვა ცხოველების (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, რომლებიც ამ პერიოდის ნოქალაქევში ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს.

ცხოვრება ნოქალაქევში ძვ. წ. VI-IV ს.ს-შიც გრძელდება, ამ პერიოდის ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნოქალაქევში აღმოჩენილი ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I ს.ს.) ორმო და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ასევე გამოვლენილია ამ პერიოდის მდიდარი კერამიკული მასალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ამფორები.

XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ძვ.წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი (“ქუჯის ციხე”). ახ. წ. IVს-ში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზეთის (ლაზიკა) სამეფოს ანუ მთელი დას. საქართველოს დედაქალაქი ხდება.

V და VI ს.ს-ში ქალაქი კიდევ უფრო ფართოვდება. 3 კმ-ის სიგრძის გალავნებით გარშემოტყმული ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ქალაქის გალავნის სამხრეთი ნაწილი მიემართებოდა მდინარის გასწვრივ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მკვეთრად უხვევდა ჩრდილოეთით და მიჰყვებოდა ფერდობს. ციტადელის ჩრდილოეთ კედელი კი მთის მწვერვალის გასწვრივ იყო აშენებული. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა.

საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელი კავკასიაში არსად მოეძებნება; ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქის აღებას მეტად ართულებდა. ნოქალაქევის დედაქალაქობის პერიოდის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორები – იუსტინიანეს “ნოველა”, პროკოფი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი, რომლებიც პირველად მოიხსენიებენ ამ ქალაქს, სახელით “არქეოპოლისი” ანუ “ძველი ქალაქი.”

VI საუკუნის ირან-ბიზანტიის ომის აღწერისას ეს ავტორები არქეოპოლისს იხსენიებენ როგორც “უდიდეს და ძველ”-ს “მთავარ და უდიდეს ქალაქს ლაზების ქვეყანაში.” რაც თავისთავად არქეოპოლისის დედაქალაქობას გულისხმობს. ამ ავტორებთან დაცული ინფორმაციის თანახმად არქეოპოლისი (ნოქალაქევი) ირან-ბიზანტიის ომების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო ეგრისის სამეფოში. მისი აღება ვერ შესძლო ირანელთა სარდალმა მერმეროემ, რომელიც რამდენიმე ათასი მეომრით, სპილოებით და კრიო-მანქანებით ცდილობდა არქეოპოლისის დაუფლებას. ქართულ წერილობით წყაროებში დაცულია ინფორმაცია ნოქალაქევის განადგურების შესახებ.

XI საუკუნის ავტორი ჯუანშერი წერს, რომ VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან იბნმუჰამედმა (“მურვან ყრუმ”) მას შემდეგ რაც დაიპყრო ქართლი და სომხეთი, ეგრისში გადავიდა და “ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრა.” აღსანიშნავია, რომ ციხეგოჯის და ეგრისის სამეფოს დამორჩილების შედეგად მურვან ყრუმ ფაქტიურად მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. ამის შემდეგ ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას. XVI-XVIII ს.ს-ში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავრთა ერთ-ერთი შტოს რეზიდენციაა. XVIII ს-ის ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით იმ პერიოდში ნოქალაქევში იყო ციხე და დადიანების სასახლე, ამას გამოვლენილი არქეოლოგიური მასალაც ადასტურებს. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ნაპოვნია XVI-XVIII ს.ს-ის მცირე ზომის სასახლე და ასევე გამოვლენილია ძველ გალავნებზე და კოშკებზე შედარებით ახალი სამშენებლო ფენებიც.

წყარო: nokalakevi.ge/geo/home/index.html

 

 

 

 

 

*************************************************************************

ანდრია აფაქიძე - ძველი ქალაქი არქეოპოლისი ნოქალაქევი // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., თბ., კრ. 19, გვ.10-15

ქართულ და უცხოურ საისტორიო მწერლობაში შემონახულ ცნობათა მიხედვით ნოქალაქევი უძველეს დროიდანვე მნიშვნელოვანი და ცნობილი ცენტრი ჩანს; თანაც ისე დაწინაურებული, რომ იქ უკვე ამ ორიათას ორას - ორიათას სამასი წლის წინ ქალაქი და ციხე - სიმაგრე იგულისხმება. „მეფეთა ცხოვრების" ავტორი XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი - ამ უძველესი ქართული ციხე-ქალაქის მშენებლობას მიაწერს ქართველთა პირველი ქართლოსიანი მეფის - ფარნავაზის ხანას... << ტექსტი სრულად აქ ...<<

************************************************************************************

ციხე გოჯი - ნოქალაქევი - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია - თბ., 1995, გვ. 50-51.

როგორც აღინიშნა, ძვ.წ. I ათასწლეულის ბოლოს დაიწყო რომის ექსპანსია აღმოსავლეთით. რომაელები დაეპატრონენ კ ოლხეთსაც და ეს გავლენას ახდენდა ქალაქების განვითარებაზე. ახ.წ. III საუკუნისათვის რომის იმპერიის დასუსტებამ საშუალება მისცა ეგრისელებს გააერთიანონ დასავლეთ საქართველო და შექმნან ეგრისის (ლაზიკის) სამეფო. თავის ცენტრად ახალი სამეფო ირჩევს ციხეგოჯს (მისი თანამედროვე სახელი ნოქალაქევი მომდინარეობს არქეოპოლისიდან, როგორც მას ბიზანტიელები უწოდებდნენ).<<ტექსტი სრულად აქ <<