topmenu

 

პირღებულის მონასტრის ერთი ასომთავრული წარწერა - გ.გრიგოლია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება <<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<< ეკლესია - მონასტრები>>>

გურამ გრიგოლია, ჯამლეთ ჯღამაია (ი.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფისს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები) - პირღებულის მონასტრის ერთი ასომთავრული წარწერა // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.20., გვ.36-43

1957 წელს ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექპედიციამ მოიხილა საინტერესო სამონასტრო კომპლექსი - პირღებული (ექსპედიციის ხელმძღვანელი - ისტ. მეცნ. კანდ. ნ.ბერძენიშვილი). ძეგლი მდებარეობს სამშვილდის ნაქალაქარიდან სამხრეთ-დასავლეთით, 2 კმ მანძილზე, მდ.ხრამის მარცხენა ნაპირის ძნელად მისადგომ ფერდობზე. იქ საკმაოდ მოზრდილი ფართობი მთლიანად მოფენილია სამეურნეო, საცხოვრებელი და საკულტო ნაგებობათა ნანგრევებით, რომელთა გვერდით ჩრდილოეთიდან მსაზღვრავ ბაზალტის ფრიალო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მრავალი გამოქვაბულია გამოკვეთილი. სწორედ ეს ადგილი აქვს მხედველობაში დიდ ქართველ ისტორიკოსსა და გეოგრაფს ვახუშტი ბატონიშვილს, როდესაც პირღებულის შესახებ წერს: "მონასტერი ქციის ხრამსა შინა პირღებული კლდე მოკვეთილი დიდითა შენობითა და შემკული ყოვლითა სიკეთითა" (ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსი, თბ., 1941, გვ.44). ეს ძეგლი 1907 წ. უნახავს აკად. ექვ.თაყაიშვილს, რომლის სიტყვითაც "ის თავისი გამოქვაბულებით რამდენადმე მოგვაგონებს ვარძიას" (Е. Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, IV ., Тбилиси, 1913, გვ.26). სამონასტრო კომპლექსის ცენტრალურ ნაგებობას წარმოადგენს ბაზალტის თლილი ქვისაგან ნაგები ერთნავიანი ბაზილიკა, რომელიც, მართალია, ასე თუ ისე შემონახულია, მაგრამ აშკარაა, რომ ის ხელუხლებლად არ არის ჩვენამდე მოღწეული და რამოდენიმეჯერ აღდგენა-გადაკეთების კვალს ატარებს. დღეისათვის სრულიად დაქცეულია ტაძრის სამხრეთ მინაშენი, რომლის კარის თავზე, როგორც, ექვ. თაყაიშვილის აღწერიდან ვგებულობთ, ელისე საგინაშვილის სახელით ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა ყოფილა მოთავსებული (Е.Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, IV., Тбилиси, 1913, გვ.51). ეს წარწერა ექსპედიციამ მიწაზე დაგდებული ნახა და ვინაიდან მისი ადგილზე დაცვა შეუძლებლად მიიჩნია, იგი წამოიღო თბილისში და ამჟამად ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის განყოფილებაში ინახება. ამ გარემოებამ, ბუნებრივია, გაგვიადვილა აღნიშნულ წარწერაზე მუშაობა, რომლის შესწავლის შედეგად მოხერხდა წარწერის დაზიანებული ადგილების აღდგენა და ექვ.თაყაიშვილის წაკითხვაში ზოგიერთი შესწორების შეტანა. წარწერა ამოკვეთილია ქვის ფილაზე (ზომით. 54,5X40,8), თხზული ასომთავრულით. მისი თვითეული სტრიქონი თანაზომიერად მოთავსებულია ორ ხაზს შუა და მთელი წარწერაც ასეთი ხაზებისაგან შექმნილ ჩარჩოშია ჩასმული. პალეოგრაფიულად მას ახასიათებს ზოგიერთი ასოს შემცირება. ხშირად შემცირებული ასოები მოთავსებული არიან ერთი მეორეს ქვეშ, ან მეზობელ ასოთა მოხაზულობაში არიან ჩასმულნი, იშვიათად კი, მათ ბუნზე არიან ჩამოკიდებულნი. წარწერა ძალზე დაზიანებულია ქვის შედარებითი სირბილის გამო. ის  დროთა ვითარებაში, სანახევროდ გამოფიტულ - "გაცვეთილია", ხოლო მისი ზოგიერთი ადგილი იმ ზომამდე დაზიანებულა, რომ იქ ასოთა მოხაზულობის გარკვევა თითქმის შეუძლებელია. წარწერა ექვს სტრიქონიანია და ქარაგმების გახსნის შემდეგ ასე იკითხება:

1. ქ. ნებითა და შეწევნითა ღთისა მე თბილელ

2. საგინაშვილი ე[ლის]ე ღირს ვიქმენ მეორედ ა[ღ]შენებად გაოხრებ

3. ოლისა ამის მო[ნას]ტრისა და განვა[ა]ხლე შიგნით ხატებითა და

4. საკორთხევ[ლი]თა და შემოვწ[ირე] სამი კვამლი კაცი ჩემი

5. ნასყიდი თოფ[რაყა]ლას [და][ა]გიბრუნე ორ[ი] წისქვილი

6. აწე ვინც [იკითხვი]დეს[შე][ნდობით]მო [მი]ხსენებდ[ეს]

წარწერის ზოგიერთ ადგილს ჩვენ განსხვავებულად ვკითხულობთ, ვიდრე ეს ექ.თაყაიშვილის წაკითხვითაა დადასტურებული. ჯერ ერთი, ჩვენი დაკვირვებით, ექ.თაყაიშვილის წაკითხვაში წარწერის სუბიექტი უმართებულოდ არის დასმული მოთხრობით ბრუნვაში "თბილისელმან სგნაშვილნ", მართალია, თბილელის შემდეგ ქვა დაზიანებული ჩანს და იქ თითქოს შეიძლებოდა მოთავსებულიყო ფორმანტი: მან, მაგრამ მარტო ამის მიხედვით, ვფიქრობთ, აქ ასეთი აღდგენითი ოპერაციის ჩატარება მაინც არ შეიძლება, რადგანაც ამ წინადადებაში მოიპოვება გამონათქვამი; "ღირს ვიქმენ...", ხოლო ამის მიხედვით აშკარაა, ქვემდებარე აქ, უთუოდ სახელობით ბრუნვაში უნდა ყოფილიყო დასმული და არა მოთხრობითში. ასევე წარწერის მესამე სტრიქონში ჩვენ ვკითხულობთ სიტყვას. "შიგნით" ექ.თაყაიშვილის შიგან-ის მაგიერ, შესწორება დამყარებულია თვით წარწერის ჩვენებაზე, სადაც ეს სიტყვა უქარაგმოთ არის წარმოდგენილი და გარკვევით იკითხება დღესაც: შიგნით. რაც შეეხება, ჩვენ მიერ აღდგენილ სიტყვას; თოფრაყალას, რასაკვირველია, სავარაუდოა, მაგრამ წარწერის მიხედვით, ცხადია, რომ აქ რომელიღაც სოფლის, ადგილის სახელი უნდა იგულისხმებოდეს, რომლის მცხოვრები სამი კომლი კაცი (გლეხი) ელისე თბილელს უყიდია და პირღებულისათვის შეუწირავს. გარდა ამისა, წარწერაში შემონახულია ამ დაზიანებული სიტყვის პირველი და უკანასკნელი მარცვლები. თოფ....ლას, რაც გარკვევით იკითხება ახლაც. ხოლო ამის შემდეგ, ვფიქრობთ, ძნელი არ არის ქვემო ქართლის აწინდელი და ისტორიული ტოპონიმიკის მოშველიებით, საძიებელი სახელის გარკვევაც. ჩვენ საბოლოოდ "თოფრაყალა"-ზე შევჩერდით. მართლაც, საბუთების მიხედვით ისტორიულ ქვემო ქართლში ასეთი სახელწოდებით ოთხი სოფელი ყოფილა ცნობილი;

ა) ალგეთის ხეობაში, სოფ.ნაზარის დასავლეთით.

ბ) ყარაბულაღში, ზაულისტანის სამხრეთით.

გ) დმანისის ხეობაში, გეტისწყლის აღმოსავლეთი ტოტის მარცხენა ნაპირზე სოფ.სენების სამხრეთ-დასავლეთ მხარეში.

დ) ალგეთ - ყარაბულაღ - დმანისის საშუალო ადგილას.

ოთხივე თოფრაყალა ძველ საბუთებში იხსენიება (იას. ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწილი I და II, თბ., 1935, გვ. 314). ამ ოთხიდან, ჩვენი დაკვირვებით, წარწერაში მესამე, ანუ სენების თოფრაყალა უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც სხვასთან შედარებით პირღებულთან, უფრო ახლო მდებარეობს. პირღებულის ზემოაღნიშნულ წარწერიდან აშკარად ჩანს, რომ მისი სუბიექტი ელისე საგინაშვილია, რომელსაც პირღებულის გაოხრებული მონასტერი "მეორედ აუშენებია" და განუახლებია. იგი აქ თბილელად იხსენიება, ე.ი. ხსენებული ელისე თბილისის სიონის საყდრის ეპისკოპოსი ყოფილა. საბუთების მიხედვით, ის XVII საუკუნის ქართლის გამოჩენილი მღვდელმთავარი და საეკლესიო მოღვაწე ჩანს. მის სახელთან გარკვევით დაკავშირებულია არა მარტო პირღებულის, არამედ თბილისის სიონის საყდრის აღდგენა - განახლების საქმეც. ელისე საგინაშვილის მამისშვილობის შესახებ ჩვენ სრულიად არაფერი ვიცით. საბუთების მიხედვით საგინაშვილები, საერთოდ, ქვემო ქართლის მკვიდრნი ჩანან. მაგალითად, მოწინავე სადროშოს 1721 წლის აღწერის მასალების თანახმად, ისინი ცხოვრობდნენ; მარაბდაში, ბოგვში, ხოპისში, ჩხიკვთაში და ალგეთის ხეობის სხვა სოფლებში (იას.ლორთქიფანიძე, ქვემო ქართლი, III და IV, თბილისი, 1938, გვ.29, 34, 35, 39, 40, 42) საგინაშვილებს თბილისში ჩვენ XVI საუკუნის პირველ ნახევრიდან ვხვდებით. ამ მხრივ პირველი, ჯერჯერობით მაინც იანქო საგინაშგილია. მას რაღაც საკანონო საქმის გამო 1536 წელს თბილისის სიონისათვის თავისი მკვიდრი და ნაყიდი მამულები შეუწირავს (სარგის კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, III თბილისი, 1913, გვ.60) XVII საუკუნის მეორე მეოთხედში ჩვენ ვხედავთ საგინაშვილებს: ბეჟანს, იოთამს და პაპუნას - როსტომ მეფის მტრებთან ბრძოლაში (ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ტექსტი დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ.ფუთურიძემ, თბილისი, 1955, გვ.146). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამეფო კარისადმი ერთგულება უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა, საერთოდ, საგინაშვილების დაწინაურება საზოგადოებრივ სარბიელზე. 1628 წლის 15 მარტს ელისე საგინაშვილისათვის სვიმონ ქართლის მეფეს თბილისის სიონის საყდარი მიუცია. ამგვარად, ელისე თბილელი მღვდელმთავარი ანუ ეპისკოპოსი გამხდარა. სათანადო წყალობის სიგელი სიონის საყდარში ჩვენი საუკუნის დამდეგამდის ყოფილა შემონახული (М.Ткемаладзе, Тифлисский Сионский кафедральный Собор, Тифлис, 1904, გვ.115). ჩვენი დაკვირვებით ელისე საგინაშვილის დაწინაურების ძირითადი მიზეზები, მის პირად თვისებებში უნდა იქნეს მოძებნილი. მის თანამედროვეთა და თვით მხილველთა მიერ იგი დახასიათებულია, როგორც "სარწმუნო" და "სათნო კაცი" (სარგის კაკაბაძე, ისტორიული საბუთები, წიგნი IV, თბილისი, 1913, გვ.29), "საღმთოდ განჩინებული და ღირსი საქმისა" (ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ტექსტი დაადგინა, თარგმანი და შენიშვნები დაურთო ვ.ფუთურიძემ, თბილისი, 1955, გვ.214). თუ ყველაფერ ამასთან ერთად მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებასაც, რომ ელისე საგინაშვილი თავის დროზე ცნობილი მწიგნობარიც ყოფილა, გასაგები იქნება ის მაღალი ავტორიტეტი, რომლითაც ის უცვლელად სარგებლობდა მთელი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში (Е.Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, IV ., Тбилиси, 1913, გვ.10-11). როგორც საბუთებით ირკვევა. თბილისის სიონი მძიმე მდგომარეობაში დახვედრია ელისეს. ის "ჟამთა ვითარებისაგან", თუ "უსჯულოთა და უღმრთოთა" (იგულისხმება საქართველოს მტრები) მიერ დარღვეული და დაქცეული ყოფილა. ელისე საგინაშვილს მიზნად დაუსახავს აღედგინა თბილისის სიონი. მაგრამ სიონის აღდგენითი სამუშაოები გარკვეული მიზეზების გამო (უსახსრობა) საკმაოდ ნელა წარმართულა და საბოლოოდ ეს საქმე ელისეს მხოლოდ 1657 წლისათვის დაუმთავრებია. ერთდროულად, ელისეს ენერგიული მუშაობა გაუჩაღებია სიონის დაკარგული მამულების დასაბრუნებლად და საყდრის დაცემული მეურნეობის აღსადგენად. მას, მართლაც დაუბრუნებია სხვადასსვა დროს და სხვადასხვა პირთა მიერ მიტაცებული საყდრის მამულები როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ. ასეთია მაგალითად: ქულბაქი საყდრის გვერდით, ქარვასლის ნახევარი, როსტომ მეფის სუფრაჯის ამბაზბეკის ნასახლარი თბილისში, სოფ. კისისხევი - კახეთში და სხვა. ის წარმატებით ედავება სასამართლოში ყორღანაშვილებს და იბრუნებს კიდეც სოფ.ფიცხისს თრიალეთში და ასე შემდეგ. ეს ყოველივე ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ იბადება კითხვა: რა უნდოდა თბილისელ ეპისკოპოსს ხრამის ხეობაში? რით იყო გამოწვეული ელისე საგინაშვილის მოღვაწეობა პირღებულის მონასტერში? ამ მიზნით უნდა გავიხსენოთ სვიმონ მეფის ზემოაღნიშნული წყალობის წიგნი, რომლითაც მას ელისე საგინაშვილისათვის 1628 წელს თბილელობა უბოძებია. ამ საბუთით სიონის საყდარს ის ერთდროულად უმტკიცებდა საეკლესიო მამულებს, როგორც თბილისში, ისე საბარათიანოშიაც (ქვემო ქართლი). დეკ. მ.ტყემალაძეს ამის შესახებ სიტყვასიტყვით ასეთი ჩანაწერი მოეპოვება: «В силу этой грамоты утверждаются за Сионским храмом древния права пользования городскими доходами и доходами с имении и в Сабаратиано» (М.Ткемаладзе, დასახ. ნაშრომი გვ.115). ამის მიხედვით ირკვევა, რომ თბილისის სიონს ძველი დროიდანვე ჰქონია მამულები, როგორ თბილისში, ისე ქვემო ქართლშიაც (საბარათიანო). ამასთანავე რამდენადაც პირღებული ძველ მონასტერს წარმოადგენდა, საფიქრებელია, რომ ის უნდა ყოფილიყო, აგრეთვე თბილისის სიონის მეტოქი (სასახლე), საიდანაც თბილელები ანხორციელებდნენ თავისი დაფანტული მამულების ფეოდალურ ექსპლოატაციას. ქვემო ქართლში, რომ თბილელ მთავარეპისკოპოსს მაგრად ედგა ფეხი, ეს მტკიცდება ქრისტეფორე კათალიკოზის ერთ გუჯრიდანაც, რომელიც მას, სწორედ, თბილელ ელისესათვის უბოძებია. იქ სხვათაშორის ნათქვამია: "თრიალეთს რაც აწ წალკელის სამწყსოში სოფლები აშინდეს და შენობა ჩავარდეს ჩუენზე შორს იყო და თქვენთვის მოგვიბარებია. საწირავს გარდა. ის რაც, რამ იქაური გამოსაღებელი იყო, მარჩილი ანუ დრამა, ნახევარს სვეტიცხოველს ნუ დააკლებთ და ნახევარი თქვენთვის მოგვირთმევია" (ქართლ - კახეთის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები, შეკრებილი თ.ჟორდანიას მიერ, ფოთი, 1903, გვ.221). როგორც ვხედავთ, კათალიკოსს წალკელის მამულები ელისე თბილელისათვის მიუბარებია და იქ ბატონის უფლებები მას უნდა განეხორციელებია. სამაგიეროდ, კათალიკოზი იქაური შემოსავლის (დრამის) ნახევარს თბილელს უთმობდა. ბუნებრივია, ელისეს სათბილელოს მეურნეობის ამოქმედება საბარათიანოში მისი ცენტრის მოწესრიგების გარეშე არ შეეძლო. სწორედ ამიტომ ელისე თბილელს თავისი მოღვაწეობა საბარათიანოში პირღებულის მონასტრით უნდა დაეწყო. კითხვაზე, თუ რატომ უნდა დახვედროდა ელისე თბილელს პირღებულის მონასტერი ასეთ მდგომარეობაში, ან რაც იგივეა, როდის და ვის მიერ უნდა ყოფილიყო ის დანგრეული და აოხრებული, პირდაპირი და ზუსტი პასუხი არ მოგვეპოვება. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს უნდა ყოფილიყო უმეშვეო შედეგი იმ უბედურებისა, რომელიც დატრიალდა საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლში, მონღოლთა ბატონობის დროიდან მოკიდებული (XIII). როგორც ცნობილია, ქვემო ქართლი, უმთავრესი და პირდაპირი გზა იყო ირანისაკენ.

ამ გზით ხშირად შემოდიოდა საქართველოს მტერიც და ქვემო ქართლი იქცეოდა იმ ასპარეზად, სადაც ბევრჯერ გადაწყვეტილა საქართვლოს ბედი. თუ აკად. ივანე ჯავახიშვილის სიტყვით: "თემურლენგის შემოსევის შემდეგ საქართველო განმანადგურებელი მიწისძვრისა და ბორბალ-ქარისაგან დაზიანებულ ქვეყანას მიაგავდა", მის ცალკეულ მხარეებიდან ყველაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში ქვემო ქართლი აღმოჩენილა. მან პირველად განიცადა თემურის უთვალავი ურდოების შემოსევა და მისი გამანადგურებელი რისხვაც. ასე რომ ოდნავადაც კი გადაჭარბებული არ უნდა იყოს ძველი მემატიანის სიტყვები, რომელიც თემურის პირველი ლაშქრობის შესახებ წერდა; "წარმოვიდა, გარდამოვლო თრიალეთი და საბარათიანო, საშინელებითა და ზარითა დიდითა... რამეთუ ჰყვა ბანაკი და სიმრავლე სპათა ურიცხვი, რომელსა ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველივე არენი და სანახები საქართველოსანი და მოსრნა ყოველივე თრიალეთი, საბარათიანო და გარემონი მკვიდრნი მათ ადგილთანი წარმოსტყვენა და შემუსრნა ყოველივე სიმაგრენი, ციხენი და გოდოლნი" (ქართლის ცხოვრება, წიგნი მესამე, ტომი I, ტფილისი, 1899, გვ. 663). ამასთან ერთად, თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ თემური ეკლესია-მონასტრების განსაკუთრებული მტერი იყო, მას აქ თავისი სპასალარებისათვის საგანგებოდ დავალებული ჰქონია: "სრულიად მოოხრება და დასრულება ქართლისა და უმეტესად წმინდა ეკლესიათათვს, ციხეთა და შენობათათვს ეტყოდა: "დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძველამდე მისა". გასაგები იქნება, თუ რატომ უნდა დახვედროდა ელისეს პირღებულის მონასტერი ასეთ მდგომარეობაში. აღნიშნული ძეგლის დარღვევაც სწორედ მაშინ, თემურის შემოსევათა დროს უნდა იყოს მომხდარი. მაგრამ ამის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში, სიწყნარე და მშვიდობა არ ღირსებია ქართლს და მაშასადამე, სომხით - საბარათიანოსაც. თემურის შემდეგაც არა ერთი დამპყრობელი გამოჩენილა ქვემო ქართლში. საკმარისია, გავიხსენოთ უზუნჰასანის, შაჰისმაილის, შაჰთამაზის და სხვათა სახელები, რომ ადვილად წარმოვიდგინოთ ის საშინელებანი, რომელიც მძვინვარებდა ქართლში თემურის შემდეგაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში. XVI საუკუნის დამდეგიდან ქართლს მოსვენება არ ჰქონდა სეფიანთა ირანისაგან. ყიზილბაშები ქართლს მოთხრას უპირებდნენ. მაგრამ თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ლუარსაბ I და სვიმონ I ხელმძღვანელობით, შეუპოვარ ბრძოლას ეწეოდა მოზღვავებულ მტერთან. გარისის ომი ამის ბრწყინვალე მაგალითია. მართალია, შაჰთამაზის სიკვდილის შემდეგ (1576) ქართლმა ერთხანს თავისუფლად ამოისუნთქა, მაგრამ ეს შესვენება ძალიან ხანმოკლე გამოდგა. სპარსელები, ამჯერად თურქებმა შეცვალეს. ჩილდირის ომის მოგების შემდეგ ქართლს თურქები შემოესივნენ, რომლებმაც განსაკუთრებით ქვემო ქართლში მოიკიდეს ფეხი. თურქები იქ XVII საუკუნის დამდეგამდის დათარეშობდნენ, მაგრამ რაც თურქებს გადაურჩა, ისევ სპარსელებმა მოუღეს ბოლო. შაჰაბაზმა ამ კუთხეს აოხრება არ აკმარა და მისი ეთნიკური სახის შეცვლაც მოიწადინა. ამ მიზნით იქ, თურქმანთა ბორჩალუს ტომი ჩამოასახლა. ამგვარად, ქვემო ქართლი, ისტორიულად, საომარი ცეცხლის მუდმივ კერად იქცა. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ეს კუთხე განსაკუთრებით დაზიანდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყდა ან კიდევ ტყვედ იქნა წაყვანილი. შეწყვიტა არსებობა ოდესღაც მნიშვნელოვანმა ქალაქმა სამშვილდემ. ციხე - სიმაგრეები და ეკლესია - მონასტრები დაიქცა. ქვეყანა ნანგრევებით მოიფინა. ქართლმა მხოლოდ როსტომის ზეობაში (1632-1658) მიიღო დამშვიდებისა და დაწყნარების საშუალება. რადგან როსტომი ყაენის მიერ დანიშნული კაცი იყო. ცხადია, ქართლში შეწყდა გარეშე მტრების (პირველ რიგში კი ირანელთა) შემოსევები. მართალია, როსტომი ირანში აღზრდილ - გამაჰმადიანებული და ყაენის სამსახურში დაბერებული იყო, მაგრამ მშობლიური ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მაინც პატივისცემით ეპყრობოდა და ქრისტიანული ეკლესიის მიმართაც დიდ მოთმინებას იჩენდა. ის ხელს არ უშლიდა იმ აღდგენით და კულტურულ საქმიანობას, რომელიც ქართლში მისი მეუღლის მარიამ დედოფლის თაოსნობით მიმდინარეობდა. ასე რომ, შემთხვევითი არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ პირღებულის, დარღვეული მონასტრის განახლებას ელისე საგინაშვილმა (ისევე როგორც თბილისის სიონისა) სწორედ როსტომის ზეობაში მოკიდა  ხელი. თუ ჩვენ ელისეს მოღვაწეობას დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ მას თბილისის სიონში და პირღებულის მონასტერშიაც, დაახლოებით, ერთნაირი სამუშაოები ჩაუტარებია. ორივეგან მას აღუდგენია საყდართა დაზიანებული შენობანი. შეუმკია ხატებით, საკურთხევლით და სხვა საეკლესიო სამკაულით და მოუწესრიგებია მათი მეურნეობაც.

დამახასიათებელია, რომ ორივე შემთხვევაში, ელისეს ღვაწლი გაგებულია, როგორც ხსენებულ საყდართა "მეორედ აღშენება", ხოლო ეს გამონათქვამი ძველად, როგორც ეს მითითებული აქვს აკად. ნ.ბერძენიშვილს, ტექნიკური ტერმინი ყოფილა და დანგრეული ეკლესია-მონასტრის განახლება აღდგენას ნიშნავდა საერთოდ (ნ.ბერძენიშვილი, მცხეთის საბუთი XI საუკუნისა, საქართველოს მეზეუმის მოამბე, VI, 1029-1930, თბილისი, 1951, გვ.282). ცხადია, ასეთი მოცულობით აღდგენითი სამუშაოების განხორციელება, ერთდროულად, თბილისში და ხრამის ხეობაშიაც. გარდა მატერიალური სახსრების, მოითხოვდა მის შემსრულებლისაგან არაჩვეულებრივ ფიზიკურ და სულიერ ენერგიასაც. ელისეს სასახელოდ შეიძლება ითქვას, რომ მას აღნიშნული სამუშაოები ყველგან, მართალია, "ფრიადითა ჭირითა და რუდუნებით“ მაგრამ მაინც წარმატებით დაუძლევია და დასახული მიზნისათვის მიუღწევია. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ პირღებულის აღდგენა-განახლება ელისესათვის არ ყოფილა რაღაც ცალკე დამოუკიდებელი სამუშაო, არამედ ის არსებითად დაკავშირებული ჩანს იმ ამოცანებთან, რომელიც მის მიერ თბილისში ნაკისრ მოვალეობისაგან (თბილელობა) გამომდინარეობდა. რადგანაც აღნიშნული წარწერა პირღებულიდან უთარიღოა, ჩვენ არ ვიცით თუ როდის უნდა ჰქონდეს შესრულებული ელისე თბილელს აღდგენითი სამუშაოები პირღებულის მონასტერში. მაგრამ ვიცით, რომ ელისე საგინაშვილმა, თბილელის კათედრა 1628 წლის 15 მარტს მიიღო, რომელიც მას სიკვდილამდე ჰქონდა დაკავებული. აკად. ექ.თაყაიშვილის მიხედვით, იგი 1660 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა (თ.ჟორდანიას პუბლიკაცისი მიხედვით ელისე თბილელი 1670 წელსაც ცოცხალი უნდა ყოფილიყო - იხ.მისი ქართლ-კახეთის ეკლესია მონასტრების საისტორიო საბუთები, ფოთი, 1903). ასე. რომ მისი მოღვაწეობა პირღებულში უთუოდ 1628 – 1660 წლებს შორის არის სავარაუდებელი. თავის მხრივ, პირღებულის აღნიშნული წარწერა მრავალმხრივ საგულისხმო ძეგლია. ის გარკვევით ეხმაურება XVII საუკუნის ქართლის სხვა ცნობილ საბუთებს და ძვირფას მოწმობას წარმოადგენს არა მარტო ელისე თბილელის ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის გასაშუქებლად, არამედ ქართლის სამეფოს შინა - პოლიტიკური მდგომარეობის გასათვალისწინებლადაც. საერთოდ, პირღებულის ამ წარწერის სამეცნიერო მნიშვნელობა XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის უთუოდ თვალსაჩინოა.