topmenu

 

ფრესკა საფარის მონასტრის წ. საბას ტაძრიდან

< უკან დაბრუნება... --- ... << დაბრუნება მთავარ გვერდზე

გიორგი ხუციშვილი (თბილისის სახ. უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის მასწავლებელი) - ფრესკა საფარის მონასტრის წ. საბას ტაძრიდან // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ. 64-67

საფარის მონასტერი - ქართული შუასაუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. მონასტრის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს XIII ს. ბოლოს ბექა მანდატურთუხუცესის დროს აგებული - წმ.საბას გუმბათოვანი ტაძარი. ძეგლი ფრიად საყურადღებოა და განსაკუთრებით იმით, რომ იმ დროინდელი აღმოსავლეთ საქართველო არც თუ ისე მდიდარია მსგავსი ძეგლებით; სულ მცირე ხნის წინ ძლევავამოსილი ქვეყანა ფაქტიურად ჰკარგავს დამოუკიდებლობას და სისხლისმღვრელ ომებში დაუძლურებული ძლიერი დამპყრობლების წინაშე პირისპირ აღმოჩნდება. უაღრესად რთულმა პოლიტიკურ -ეკონომიურმა და სამხედრო მდგომარეობამ საქართველო უმტკივნეულესი პრობლემების წინაშე დააყენა. საქმე იქამდე მივიდა, რომ 1266 წ. ჯაყელთა საგვარეულოს ერთ-ერთმა დამაარსებელმა - სარგის ჯაყელმა, რომელიც ათაბაგის მაღალ ტიტულს ატარებდა, თავისი სამფლობელო - სამცხე უშუალოდ მონღოლთა ყაენის განმგებლობას დაუმორჩილა (რა სუბიექტური მოტივებითაც უნდა ყოფილიყო ეს ნაბიჯი ნაკარნახევი, ობიექტურად ეს ქვეყნის ღალატს ნიშნავდა). 1285 წ. ჟამთააღმწერელის მიხედვით სარგის ათაბაგი ავადმყოფობის გამო ჩამოსცილდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და ბერად შედგა საბას სახელით, ჯაყელთა ძველ რეზადენციაში საფარის მონასტერში. მამის საპატივცემულოდ ბექა მანდატურთუხუცეს სარგის-საბა ჯაყელის ძე საფარის მონასტრის მიძინების X ს. უგუმბათო ეკლესიის გვერდით აგებს დიდ გუმბათოვან ტაძარს. ამ უკანასკნელის პატრონად წმ.საბა ითვლება. წმ.საბას ტაძარი, როგორც ამას კედლის წყობის ანალიზი ადასტურებს, თავიდანვე მოსახატავად იყო განკუთვნილი. ჩვენს დღეებამდე საკმაოდ კარგად მოღწეული კედლის მხატვრობა ძეგლის რთული ცხოვრების სურათს წარმოგვიდგენს. სხვადასხვა დროს კედლები რამდენჯერმე ყოფილა გადაწერილ -განახლებული, თუმცა ამ განახლებებს არ დარღვევიათ ტაძრის კედლებზე განლაგებული სცენების სიუჟეტური თანმიმდევრობა.

წმ. საბას გუმბათში გამოსახულია მაცხოვრის ამაღლება სრული რედაქციით, გუმბათის ყელში რვა წინასწარმეტყველი, აფრებზე მახარებელთა გამოსახულებანი მრგვალ მედალიონებში. საკურთხევლის აფსიდში ვედრებისა და პურითა და ღვინით ზიარების კომპოზიციები და წმინდანთა ფრიზი დიაკვნებით კიდეებში, ბემაში "ჯუარი ძლევისაი" მედალიონში და ორი მთავარანგელოზი. ტაძრის კედლებსა და გუმბათის ქვეშა სვეტებზე თავსდება მაცხოვრის ცხოვრების ამსახველი სცენები, მეორედ მოსვლის რთული კომპოზიცია, ევსფათე პლაკიდას სასწაული, იესო ძე ნავესი მთავარანგელოზ მიქელის წინაშე, ქტიტორთა პორტრეტი, წმ. მხედართა გამოსახულებანი და იესეს ხის გამოსახულება. ამჯერად სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება. ამ სუჟეტს უკავია წმ.საბას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთის გუმხათის ქვეშა სვეტის სამხრეთის წიბო. ეს სვეტი ამავე დროს წარმოადგენს ჩრდილოეთის პატრონიკეს ნაწილსაც, ასე რომ ფრესკა ვრცელდება აგრეთვე პატრონიკეს კედელზეც. ზემოდან იგი შემოსაზღვრულია პატრონიკეს იატაკით, მარჯვნიდან სვეტის კიდით, მარცხნიდან კი - პატრონიკეს ქვედასართულის თაღით. ფრესკა დაჩხაპნილია, ალაგალაგ საღებავიც ჩამოცვენილია, მაგრამ საერთო მონახაზის გარჩევა საკმაოდ ადვილად შეიძლება.

ფრესკის ქვედა კიდე მოთავსებულია იატაკის დონიდან ადამიანის სიმაღლეზე. ღვთისმშობლის გენეალოგია წრმოდგენილია ხის სახით. ხე მუქი მწვანე ნიადაგიდან იზრდება. ხის უკან მოჩანს ღია ლურჯი საღებავით დაწერილი მთები. აქვე ხის ძირში შავი საღებავითაა გაკეთებული დიდი ეკლიანი მცენარეები წითელი ყვავილებით. (ასეთივე მცენარეებია "წმ.ევსფათეს", "იუდას ამბორის", "ქრისტეს შობის" კომპოზიციებში). ხის ღერო გადაწყვეტილია ერთი თავზე დაყენებული ოთხი ფიგურის სახით. ღეროდან გამომდინარეობენ ტოტები, რომლებიც მრგვალი მედალიონებით გვირგვინდებიან, მედალიონებში პორტრეტებია მოთავსებული.

ხის ქვედა ნაწილი მეორე პლანზე წამოწოლილი მამაკაცის ფიგურას  უკავია. ხის ღეროს ქვედა ნაწილი ძლიერადაა დაზიანებული. დაახლოვებით შუა წელზე გამოსახულია წვერ-ულვაშიანი მოხუცი სამეფო ტანსაცმელსა და გვირგვინში (სხვათა შორის, ზუსტად ასეთივე ჩაცმულობა და გვირგვინი აქვს დავითს გუმბათის ყელიდან). ტანსაცმელი წითელი ფერისაა. ფიგურას ორივე ხელით მკერდთან გახსნილი გრაგნილი უპყრია. ამ პირის სახელის აღმნიშვნელი წარწერა შარავანდის მარჯვენა მხარესაა მოთავსებული:

___

დათ

ეს მეფე დავითია. გრაგნილზე შემორჩენილია დაზიანებული ოთხსტრიქონიანი წარწერა;

წმიდაი

ო:სა

ბოფე

ლი...

დავითის თავზე დგას ახალგაზრდა, სამეფო ტანსაცმელსა და გვირგვინში. შარავანდთან მოთავსებულია წარწერა;

სოლომო

ნ:

ხელში სოლომონს გახსნილი გრაგნილი უპყრია, რომელზეც შვიდსტრიქონიანი წარწერაა:

სიბრძ

ნემ

ან: ი...

ენა:

სახ

ლი:თ

ვისა:.

სოლომონის ზემოთ კიდევ ორი ფიგურაა თითქმის მთლიანად ჩამოცვენილი. მათი მხოლოდ მკრთალი მონახაზი განირჩევა. მეორე ფიგურის თავზე გადის კადრის შემომფარგლავი წითელი ზოლი, რომელიც პატრონიკეს სართულების მიჯნასაც წარმოადგენს. ხის ძირში გამოსახულია მამაკაცის ფიგურა. იგი ძლიერადაა გაშავებული და არც სახელის აღმნიშვნელი წარწერა ჩანს სადმე. ხის ღერო მთელ სიმაღლეზე ორსავე მხარესაა თანაბრად დატოტვილი. თვითეული ტოტი რამდენიმე მედალიონი -შარავანდით მთავრდება. ჩვენ განზრახ ვიხმარეთ ეს გამოთქმა "მედალიონი-შარავანდი", რადგან ზოგჯერ პორტრეტები მთლიანად არიან ამ მედალიონში მოქცეულნი, ზოგჯერ კი კისერი და წვერი გამოდიან წრეხაზიდან. მაშინ მედალიონი შარავანდად იკითხება. მარჯვენა მხარეს ქვევიდან პირველი გამოსახულებაა - შუახნის კაცი ოქროსფერი შარავანდით, მცირედი წითურობით ღაწვებზე. მამაკაცს მოკლე წვერ - ულვაში აქვს. წარწერა შარავანდის ზემოთ თავსდება;

ელიაზარ:

ელიაზარის მოპირდაპირე მხარეს მარცხნივ კიდევ სამი მედალიონი ჩანს, იკითხება ერთი წარწერა;

აბია

მარჯვნივ სოლომონის ტერფების გასწვრივ ოთხი მედალიონია. იკითხება სამი წარწერა;

ასა

იოსაფატ :

იოათამ

ამის შემდეგ შემორჩენილია კიდევ 17 შარავანდიანი პორტრეტი ხის ორივე მხარეს. ალაგ-ალაგ იკითხება რამდენიმე ძლიერ დაზიანებული ასო და ერთი სახელი მთლიანად. ეს ქალის გამოსახულებაა.

ასარია

სტილის მიხედვით ეს ფრესკა უდავოდ უკავშირდება დასავლეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ფერწერას და განსაკუთრებით წმ. საბას ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ ფრესკას - "მეორედ მოსვლის" სიუჟეტს. ამ ჯგუფის ფრესკებში აშკარად იგრძნობა ოსტატის სურვილი ან მიდრეკილება იაზროვნოს დეკორაციული, სიბრტყობრივი კატეგორიებით და ამას უპირატესად ხაზის გამომსახველობითი საშუალებებით აღწევს. როგორც ცნობილია, "იესეს ხის" გამოსახულებანი საკმაოდ პოპულარული სიუჟეტებია XIV - XV საუკუნეებისა და უფრო ადრეული ხანისთვის. ამის მაგალითად ყინცვისი გამოგვადგება XIII სს., ხარების ტაძარი მოსკოვში (მოხატულია თეოფანე ბერძენის მიერ 1405 წელს), პანაგია პანტანასა მაკედონიაში (1289 წ.), პეტრესა და პავლეს ეკლესია ტირნოვოში (ბულგარეთი, XIV ს.) და სხვ. საფარის წმ. საბას ფრესკა ზომით აღემატება ყველა, დღემდე აღმოჩენილს საქართველოში. ამ მხრივაც წმ. საბას კედლის მხატვრობა ინარჩუნებს თავისებურებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ღვივდება ინტერესი ადრექრისტიანული სიუჟეტებისადმი. ამ ინტერესის არსებობა კი უდავოდ ფაქტია, იმდენად, რამდენადაც აქვე -  წმ.საბაში მოიპოვება ისეთი მართლაც იშვიათი სიუჟეტები, როგორიცაა "წმ. ესფათეს სასწაული", "იესო ძე ნავესი მთავარანგელოზ მიქელის წინაშე" ან რელიეფი "დანიელი ლომების თხრილში“. ამრიგად, XIV - XV სს. ხასიათდებიან, როგორც ჩანს, ძველი ფორმებისადმი ინტერესის აღმოცენებით და ამ საყურადღებო ტენდენციის შესწავლის თვალსაზრისითაც საფარის წმ. საბას ტაძრის კედლის მხატვრობა მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს.