topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამშვილდეს სამაროვანი

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე.<<<ციხე-ქალაქები>><<აღმოჩენები>>

სამშვილდის სამაროვანი - გურამ მირცხულავა (ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი) // ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ.47 - 53

ქვემო ქართლი, ისტორიული თვალსაზრისით მეტად საინტერესო მხარეა და მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. მათი შესწავლის შედეგად შესაძლებელი გახდება უფრო ზუსტად გაეცეს პასუხი ისეთ საკვანძო საკითხებს, როგორიც არის არქეოლოგიური კულტურების წარმოშობა და ურთიერთობა - უძველესი პერიოდიდან მოკიდებული. თეთრიწყაროს, კიკეთის, თამარისის, გომარეთისა და სხვა მრავალი იმ ხანის ძეგლები, რომლებიც "მტკვარ-არაქსის" კულტურის ადრეულ ეტაპს წარმოგვიდგენენ, გვიჩვენებენ, რომ ლითონის ათვისების ხანის საწყის საფეხურზე ქვემო ქართლის ტერიტორია დასახლებული ყოფილა მაღალ განვითარებული კულტურის მქონე მიწათმოქმედი -მესაქონლე ტომებით ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულში, რომ არაფერი ვთქვათ ნეოლით - ენეოლითური პერიოდის მნიშვნელოვან ძეგლებზე, რომელთაც ქვემო ქართლში წარმატებით სწავლობენ მკვლევარები. ადრე ბრინჯაოს პერიოდის ახალი ძეგლი - სამშვილდის სამაროვანი, მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, თეთრიწყაროდან 5 კმ დაშორებით, სოფელ სამშვილდესთან, რომლის შესწავლა 1968 წ. ივნისში დაიწყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თეთრიწყაროს არქეოლოგიური ექსპედიციის სამშვილდის რაზმმა.

სამაროვანი ფერდობზეა გადაშლილი, რომელიც გადარეცხვას განიცდის, რის გამოც სამარხთა მიწის ყრილის სიმაღლე 10-30 სმ არ აღემატება. ფერდობი მთავრდება პატარა მშრალი ხევით, რომელიც თავის მხრივ მარცხენა მხრიდან ხრამის ხეობას უერთდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად კოლმეურნეობა ამუშავებს, მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთი (ა) სამარხი საიდანაც მუშებმა ამოიღეს რამდენიმე თიხის ჭურჭელი და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩააბარეს. ამ აღმოჩენის საფუძველზე მიღებული ცნობის გამო ჩატარებული იქნა არქოლოგიური დაზვერვები და გაირკვა, რომ საქმე გვაქვს ვრცელ სამაროვანთან. დაახლოებით 1 ჰა ფართობზე გათხრილი და შესწავლილი იქნა 41 სამარხი. აქედან 36 ადრეული ლითონის ხანისაა, ხოლო 5 ფეოდალური პერიოდისა უნდა იყოს. გვიანდელი სამარხები შეკრულია ქვის გათლილი ლოდებით და თითოეულში 2-3 მიცვალებულია დაკრძალული. დამხრობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. გამონაკლისს შეადგენს №37 სამარხი, სადაც მიცვალებული იწვა თავით აღმოსავლეთისაკენ და თითქოს მარჯვენა გვერდზე ჩანდა დასვენებული, ხელებმოკეცილი, ხოლო ქვედა კიდურების ძვლები არეული იყო და მათ პირვანდელ მდებარეობაზე არაფრის თქმა არ შეიძლება. ეს სამარხები არსებითად უინვენტაროა. მხოლოდ №29 სამარხში, მიცვალებულს კისრის არეში ჰქონდა პატარა მართკუთხა რკინის ფირფიტა, რომელზედაც თითქოს წარწერა შეინიშნება. სამაროვნის აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრები შეიძლება დადგენილად ჩაითვალოს, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთის მიმართულებით კვლავ მოსალოდნელია სამარხთა გავრცელება.

სამაროვანი განფენილია სიგრძივად - სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ (სამხრეთ - აღმოსავლეთიდან ჩრდილო -დასავლეთისაკენ მცირე გადახრით) და შეიმჩნევა სამარხთა განლაგების 4 მწკრივი. თითოეული მათგანი მეტ - ნაკლებად ერთ სწორ ხაზზეა განლაგებული. ადრეული პერიოდის სამარხები - დიდი ზომის ბრტყელი, დაუმუშავებელი ლოდებით ნაგებ აკლდამებს წარმოადგენენ და ასეთივე ლოდებით არიან გადახურული. სამარხის აგებისას ნახმარია აგრეთვე შედარებით მცირე ზომის ქვები, რომლებიც გამოუყენებიათ სამარხის კედლების გასამაგრებლად გარეთა მხრიდან და აგრეთვე სამარხის კედლების ზედა ნაწილის ერთ სიბრტყეზე გასასწორებლად, რათა სახურავი უკეთ ყოფილიყო მორგებული. თავისი აგებულებით სამშვილდის სამარხები ახლო დგანან როგორც საქართველოში აღმოჩენილ ამავე პერიოდის ძეგლებთან (კიკეთი, ამირანის გორა, თამარისი, არდასუბანი და სხვ.), აგრეთვე სომხეთის (ელარიარიჩი) აზერბაიჯანის (კობისტანი, აპშერონის ნ-ი), ჩრდილო კავკასიის (გაგატლი, მუგი, ხოროჩიო) სამარხებთან, თუმცა მეტ - ნაკლებად განსხვავდებიან მათგან. სამშვილდის სამარხები დამხრობილია (ზოგ შემთხვევაში მცირე გადახრით) აღმოსავლეთიდან დასავლეთით ან სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. პირველ შემთხვევაში აკლდამის აღმოსავლეთი, ხოლო მეორე შემთხვევაში სამხრეთი კედლები შევიწროვებულია ისეთნაირად, რომ იქმნება თავისებური შესასვლელი. შესასვლელი ჩაკეტილია ქვის "კარით", რომელიც ზღურბლის ქვაზე ძევს. "კარი" გარეთა მხრიდან გამაგრებულია, რამოდენიმე მომცრო ზომის ქვით. შესასვლვლის ზომები თითქმის ერთნაირია და დაახლოებით 0,55X0,55 მ უდრის. №6 №16 სამარხში აღმოჩნდა აკლდამაში ჩასასვლელი კოხტად ნაგები ქვის კიბეები. აკლდამის შიდა ფართი დაახლოებით 2X1 მ-ია, სიმაღლე კი საშუალოდ 0,8 X1 მ. გამონაკლისს წარმოადგენს №31 სამარხი, რომლის სიგრძე - 3,1 მეტრია, ხოლო სიღრმე 0,5 მ. სამარხები ინდივიდუალურიცაა და კოლექტიურიც.

დაკრძალულია 1-დან 9 - მდე მიცვალებული. საფიქრებელია, რომ ისინი საოჯახო აკლდამებს წარმოადგენენ. როგორც წესი, სამარხის ცენტრალურ ნაწილში, უფრო შესასვლელისაკენ ხელფეხმოკვეცილ მდგომარეობაში მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით შესასვლელისაკენ წევს თითო მიცვალებული, ხოლო კოლექტიურ, სამარხებში მათ  ფერხთით მიხვეტილია ადრე დასაფლავებულთა ჩონჩხის ძვლები და სამარხეული ინვენტარი. გამონაკლისს წარმოადგენს №6 და №7 სამარხები, სადაც შესაბამისად 2 და 3 მიცვალებული იყო დასვენებული სამარხის ცენტრალურ ნაწილში და ერთდროულად დაკრძალულთა შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. №3, №8 და №10 სამარხთა იატაკი ქვით იყო მოგებული, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მიცვალებულები პირდაპირ გრუნტე არიან დაკრძალული. ზემოთ აღწერილი ადრეული ხანის ძეგლებიდან გამოირჩევა №8 და №12 სამარხები. ისინი 1 მ დიამეტრის მქონე მრგვალი ნაგებობებია, რომლებიც მიცვალებულის ჩონჩხის ძვლების მიხედვით ბავშვთა დასაკრძალავად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. სამშვილდის სამაროვანზე მოპოვებული სამარხეული ინივენტარი ძირითადად შედგება ზომისა და დანიშნულების მიხედვით ნაირგვარი თიხის ჭურჭლისაგან. უმთავრესად მორუხო - მოყავისფრო ფერისაა და ემჩნევა ღია და შავი ფერის ლაქები, რაც არათანაბრად გამოწვაზე მიუთითებს. სხვადასხვა ზომის ბადიები, ტოლჩები, თუნგულები და ქოთნები შემკულია რელიეფური დახრილი ზოლებით, კოპებით, სახელურისებური შვერილებით, ამოკაწრული ტეხილი ხაზებითა და პატარა ფოსოებით. კერამიკა გარდა იმისა, რომ შედგება "მტკვარ-არაქსის" კულტურისათვის დამახასიათებელი წამყვანი ფორმებისაგან, ფაქტურით ძალზე უახლოვდება განსაკუთრებით ქვემო ქართლის ზემოთ ჩამოთვლილ ძეგლების კერამიკას და ეს მსგავსება თითქოს საშუალებას გვაძლევს განვითარების ამ ეტაპზე ქვემო ჭართლში კულტურის ლოკალური ხასიათი გამოვყოთ. მოპოვებულ კერამიკულ მასალაში ცალკე ჯგუფად შეიძლება გამოვყოთ შავპრიალა ჭურჭლები, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში სარჩული წითლად აქვს შეღებილი. გამოიყოფა აგურისფერი კერამიკაც. ამ უკანასკნელს მართალია არათანაბარი გამოწვის შედეგად ალაგ - ალაგ შავი ლაქები აქვს, მაგრამ თავის  დროზე ეს ლაქები ჭურჭელზე არ აჩნდა, ვინაიდან თითქმის ყველა მათგანი ორმხრივ წითელი საღებავითაა შეღებილი. ძალზე საინტერესოა თიხის ჭურჭლები, რომლებზედაც ორ შემთხვევაში სტილიზებურად გამოსახულია ცხოველი. ხოლო ერთ შემთხვევაში ფრინველი - წერო. გამოსახულებები შესრულებულია დაბალ რელიეფში. ძალზედ ხშირია აგრეთვე ნახევარმთვარისებური რელიეფური ორნამენტი. აღსანიშნავია №6 და №40 სამარხებში აღმოჩენილი ტოლჩისებური ჭურჭლები, რომლებსაც ფსკერზე ობსიდიანის "სარკმელი" აქვს დატანებული. მსგავსი შემკულობა საქათველოში ჩვენთვის ცნობილია სინქრონულ ძეგლზე ილტოდან (კახეთი) და უფრო მოგვიანო პერიოდის "სარკმლიანი ჭურჭელი" - დმანისის ნეკროპოლიდან. კერამიკის ეს სახე სხვადასხვა პერიოდებში და სხვადასხვა ვარიაციებით გავრცელებულია როგორც საქართველოში, ასევე ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში და საკულტო დანიშნულებას უნდა ემსახურებოდეს. აღსანიშნავია რომ ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა აგრეთვე რბილკეციანი ღია ფერის ჭურჭლის მცირე ნატეხები. მსგავსი კერამიკა აღმოჩენილია თეთრიწყაროს ენეოლიტიურ ნასოფლარზე და თავისი წარმოშობით უფრო ადრეული პერიოდის კულტურებს უკავშირდება. ლითონის ნივთები სამაროვანზე მცირეა. არის მხოლოდ 5 ნივთი: 2 ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლი, 2 ზამბარისებური ხვია და ერთი ბრინჯაოს ორმხრივ თავებდახვეული ქინძისთავი, რომელსაც ცალ მხარეს ხვია აკლია. გადატეხის ადგილი საგანგებოდ არის დამუშავებული და ეტყობა შემდგომაც იყო ნივთი ხმარებაში. შესაძლებელია აგრეთე, რომ ქინძისთავი თავიდანვე იყო ცალხვიანი, ვინაიდან არიჩის ნამოსახლარზე მოპოვებულ მსგავს ქინძისთავსაც ერთი ხვია აქვს და ამასთანავე ზედა ნაწილში - განტოტების ადგილი ამ უკანასკნელს ასიმეტრიული აქვს, რაც უნდა გამორიცხავდეს მეორე თავხვიის არსებობას.

ქვის მასალა წარმოდგენილია მცოცავი რეტუშით დამუშავებული ობსიდიანისა და კაჟის ყუნწიანი ისრისწვერებითა და ქვის კვირისტავით. განსაკუთრებით აღსანიშნავია რქეულის შედარებით დიდი ზომის ისრისწვერი, რომელსაც ყუნწი თევზის ბოლოსებურად აქვს გამოყვანილი. ისრისწვერის ეს ფორმა საკმაოდ არქაულია. მრავლად არის მოპოვებული თეთრი პასტის ცილინდრული მძივები, ხოლო №9 სამარხში აღმოჩნდა შედარებით მოზრდილი ძვლის მძივები. სამარხებში საქონლის ძვლები მრავლად არ არის. რამოდენიმე აკლდამაში აღმოჩნდა ცხვრის ქვედა ყბა, კბილები და კოჭი. მე-10 სამარხში, რომელიც თითქმის დაუზიანებელი იყო, სახურავ ლოდზე განივად დაწყობილი იყო ძროხის 2 თავის ქალა და 3 წყვილი წინა ფეხების ძვლები. როგორც ჩანს, საქმე გვაქვს განვითარებული რელიგიის იმ ფორმებთან, რომელიც თავის მსახურებში შეწირულებას მოითხოვს. დაახლოებით მსგავსი სურათია დამოწმებული კიკეთში, თრიალეთში, სადაც სამარხის ქვაყრილებში ხარის რქები იყო ჩატანებული. მთლიანად სამაროვნის კერამიკა ხელით არის ნაძერწი და გაპრიალებულია. თიხაში ურევია ქვიშა და კვარცი. შედარებით დახვეწილი ფორმებით გამოირჩევა შავად გაპრიალებული თიხის ჭურჭელი, თუმცა თავისთავად, რასაკვირველია, ვერ გაუტოლდება "მტკვარ-არაქსის" კულტურის განვითარებული ეტაპის შავპრიალა, ვარდისფერ სარჩულიან კერამიკას. სამშვილდის სამაროვნის კერამიკის ორნამენტაციაში, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გამოყენებულია რელიეფური დახრილი ხაზები, როგორც წყვილად, ასევე სხივურად განლაგებული, ამოკაწრული ორმაგი ტეხილი ხაზები, რომელთა მუხლთან ხშირია პატარა ფოსოები, პატარა ზომის ცრუ ყურები, შვერილები, ძუძუსებური კოპები. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ჭურჭელზე არ გვაქვს სპირალური ორნამენტი. რომელიც ასე დამახასიათებელია მტკვარ-არაქსის კულტურისათვის, მისი განვითარების მეორე ეტაპზე. ფრინველის გამოსახულებიანი ორნამენტი ძალზე გავრცელებული მოტივია ადრებრინჯაოს კულტურისათვის. უძველეს ხალხებში ფრინველი მზის სიმბოლოდ იყო ცნობილი. ამასთანავე, თუ გავიხსენებთ, რომ სამშვილდის თიხის ჭურჭელზე არის ნახევარმთვარისებური რელიეფური ორნამენტაცია, ხოლო ფრინველის გამოსახულებიან ბადიაზე კომპოზიციაში მოცემულია ეს ორი კომპონენტი ერთად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ციური სხეულების კულტთან, მით უმეტეს, რომ ამ უკანასკნელ ჭურჭელს შიგნიდან ფსკერზე ობსიდიანი აქვს ჩასმული შუაში, არა გამჭოლად. ეს შემკულობაც მზის კულტთან არის დაკავშირებული. სამარხთა ტიპისა და მონაპოვარი მასალის წინასწარი ანალიზის შედეგად სამშვილდის სამაროვანი, გარდა ზემოთ აღნიშნული ძეგლებისა, უკავშირდება სტრატიგრაფიულად კარგად შესწავლალ ისეთ ძეგლებს, როგორიც არის ნახიჭევანის ქიულ-თეფე (II ფენა), გეოი-თეფე (კ1) და სხვა. ეს დაკავშირება საშუალებას გვაძლევს სამშვილდის სამაროვანი მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეულ ეტაპს მივაკუთვნოთ.