topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თ.ქუთელია - კახეთის სამეფოს უცნობი ზარაფხანა

<უკან დაბრუნება

თინათინ ქუთელია (აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწიფო მუზეუმის ასპირანტი) - კახეთის სამეფოს უცნობი ზარაფხანა // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ.23., გვ. 31 -32

აკად.ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილების განძების ფონდში ინახება ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც აღმოჩნდა 1967 წელს პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში (ახმეტის რ-ნი). განძი ჩაფლული იყო ქოთნით და ვერცხლის 21 მონეტას შეიცავს (დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბილისი, 1969, გვ.147). მონეტები მოჭრილია სპარსეთის სეფიანი შაჰების შაჰ-სეფი I (1629 - 1642 წწ.) და შაპ-აბას II (1642-1667 წწ.) სახელით. განძის ყველაზე ადრეული მონეტის თარიღია ჰიჯ. 1039 წ. (=1629-30 წწ.), ხოლო ყველაზე გვიანდელი - ჰიჯ. 1052 წ. (= 1642 წ.).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ბირკიანის განძი შემდეგ ნომინალებს შეიცავს: 13 აბაზს, 6 - მაჰმუდს (ანუ ორშაურიანს) და 2 შაურს. მონეტები მოჭრილია თბილისში (7 ცალი), განჯაში (1 ცალი), ხოვეიზაში (1 ცალი) და ზაგემში (2 ცალი) (მოჭრის ადგილი მონეტებზე პირველმა წაიკითხა აზერბაიჯანელმა ნუმიზმატმა ა.რაჯაბლიმ). ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეს ორი უკანასკნელი მონეტა: სპარსული მონეტების არცერთ კატალოგში ზაგემის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა გამოქვეყნებული არ არის.

ვიძლევით ამ ორი მონეტის აღწერილობას:

ორივე მონეტა აბაზია.

1. № 11952 წონა - 7,52 გ. დიამეტრი - 22 მმ  (სურს. 1).

შუბლი: წერტილოვან და ხაზოვან რკალებში ჩასმული სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი შიიტური ფორმულით: არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა (მუჰამედი მოციქულია ალაჰისა) ალი თანაგამზრახია ალაჰისა.

ზურგი: ასეთივე რკალებში მოქცეული ოთხსტრიქონიანი სპარსული ზედწერილი (თარიღის მხოლოდ ორი უკანასკნელი ციფრია შერჩენილი); სიწმინდის ხელმწიფის მონა სეფი ([10] 39) მოიჭრა ზაგემში.

 

2. № 11953, წონა _ 7,47 გ.,  დიამეტრი - 21 მმ (სურ. 2).

შუბლი: ისეთივე, როგორ №1.

ზურგი: ხაზოვან რკალში ჩასმული ოთხსტრიქონიანი სპარსული ზედწერილი (თარიღი არ იკითხება). სულით და გულით შაჰის მონა სიფი) მოიჭრა ზაგემში. აღწერილი მონეტების ზურგზე მოთავსებული ორივე ფორმულა ცნობილია არა მარტო შაჰ - სეფის სახელით მოჭრილ მონეტებზე, არამედ მის პირად ბეჭდებზეც: სიტყვები „სიწმინდის ხელმწიფე" და "შაჰი" გულისხმობს შიიტების სათაყვანებელ იმამ ალის (ვლ. ფუთურიძე, სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წიგნი I, თბ., 1961, გვ.44,47).

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ზაგემის ზარაფხანა, როგორც აღვნიშნეთ, აქამდე ცნობილი არ იყო; ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია პროფ. დ.კაპანაძემ, რომელიც ბირკიანის მონეტების შესახებ წერს შემდეგს; "განსაკუთრებით საინტერესოა ჰიჯრის 1039 (=1629 წ.) ზაგემში მოჭრილი ორი აბაზიანი. ზაგემი, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის საზღვრებშია, უკანასკნელ დრომდე საქართველოს ეკუთვნოდა, ხოლო XV- XVII სს-ში კახეთის ერთ-ერთ მსხვილ ქალაქად ითვლებოდა“ (დ. კაპანაძე, დასახელებული ნაშრომი, გვ.139). მონეტაზე აღნიშნული პუნქტი კახეთის "ზაგემად“ მიიჩნია პროფ. ლ.ჭილაშვილმაც. ისტორიული წყაროების მიხედვით  XVI - XVII საუკუნეებში ზაგემი გრემსა და თელავთან ერთად წარმოადგენდა კახეთის მნიშვნელოვან სავაჭრო-სახელსნო ცენტრს (ვ.გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI - XVII სს. თბილისი, 1958, გვ.76). არსებობს მოსაზრება, რომ ზაგემი იგივე ქალაქი ბაზარია (ნ.ბერძენიშვილი, ვ.დონდუა, მ.დუმბაძე, გ.მელიქიშვილი, შ.მესხია, პ.რატიანი, საქართველოს ისტორია I, თბილისი, 1958, გვ.293). ძველი სპარსელი ისტორიკოსების ჰასან რუმლუსა და ისკანდერ მუნშის ცნობები კახეთის ზაგემის ადგილმდებარეობის დაახლოვებითი განსაზღვრის საშუალებას იძლევა. როგორც ჩანს, ზაგემი მდებარეობდა ალაზნის მარცხენა ნაპირას, ისტორიული კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში, გრემიდან შირვანში მიმავალ გზაზე (ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1966, გვ.21. ისკანდერ მუნშის  ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1969, გვ.106-7). XVII საუკუნის დასაწყისში ზაგემი რამდენჯერმე იქნა განადგურებულ შაჰ-აბას I -ის მიერ, ხოლო მოსახლეობა აყრილი და გადასახლებული სპარსეთში (ისკანდერ მუნში, გვ.107-109). როგორც ირკვევა, ზაგემი კვლავ მოშენებულა 1625-32 წლებში, როდესაც თეიმურაზ I მოახერხა სპარსეთის ძალადობისაგან დროებით თავის დაღწევა და შეტევითი საგარეო პოლიტიკის წარმოებაც კი დაიწყო (ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თბილისი, 1953, გვ.19). სწორედ ამ შედარებითი სიმშვიდის პერიოდში, 1629-30 წელს მოუჭრიათ მონეტა ქალაქ ზაგემში და რამდენადაც ორივე ზემოთაღწერილი მონეტა სხვადასხვა სისქითაა მოჭრილი, უნდა ვიფიქროთ, რომ ზაგემის ზარაფხანას საკმაოდ ინტენსიურადაც უმუშავნია.