topmenu

 

ნადოკრა - საქართველოს ძეგლთა აღწერილობა

< უკან დაბრუნება

Free Image Hosting at www.ImageShack.us


ნადოკრა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 2.- თბ., 2004. - გვ. 394-396.

Free Image Hosting at www.ImageShack.us


ნადოკრა,

(სიმონიანთხევის თემის  საკრებულო)

სოფელი, ისტორიული ძეგლი. მდებარეობს ერწოს ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, თიანეთიდან 29 კმ -ზე. ნადოკრა ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც ნოტოკრა, ნოკორნა, ნაკორნა, ნადოკრა. „ქართლის ცხოვრების" თანახმად, არაბებისგან წამებით მოკლული არჩილ სტეფანოზის ძის (719 – 745 წწ.) გვამი ქართველ აზნაურებს მოუპარავთ და დაუკრძალავთ ნოტოკრაში, არჩილ მეფის მიერვე აშენებულ ეკლესიაში. ნადოკრა საკათალიკოსო სოფელი იყო და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული სამოსაღები ეკისრებოდა. 1392 წელს მეფე ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს განუახლა უფლებები. მეფე გიორგი VIII-მ (1446 – 1466 წწ.) 1457 წელს სვეტიცხოველს ახ. გუჯარით დაუმტკიცა ნადოკრის მფლობელობა.  XIX  საუკუნის შუა წლებში სოფელში  დასახლდნენ  ხევსურები.

ზ. ჯამბურია


Free Image Hosting at www.ImageShack.us

არჩილის მონასტერი.

კომპლექსი, არქიტეტურული ძეგლი, მდებარეობს  სოფლის ჩრდილო - დასავლეთით  2 კმ -ზე, სიონისგორაზე. კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი  ორი დარბაზული ეკლესია და ხუთსართულიანი კოშკი, აგრეთვე, მარანი, საცხოვრებელი შენობისა გალავნის ნაშთები.  ნაგებობათაგან   უადრესია დასავლეთით  მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი

მიჩნეულია ქართლის ერასმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719 – 745  წწ)   საფლავად. მოგვიანებით,  როგორც  ჩანს, განვითარებულ  შუა საუკუნეებში ეკლესიის  ჩრდილო - აღმოსავლეთით კუთხესთან აუგიათ  მეორე  ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი  თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ - დასავლეთ კუთხით თავდაპირველი  ეკლესიის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება.  XVII – XVIII  სს - ში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი, რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის - სამხრეთის  ფასადის ნახყევარზე მეტს.    ამავე  (XVII – XVIII  სს ) პერიოდს უნდა მიეკუტვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი.

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

თავდაპირველი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა ( 9X 6,8 მ ) შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ სამ საამშენებლო ფენას: თავდაპირველი ნაწილი, რომელიც დასავლეთის და ჩრდილოეთის ფასადებზეა შემორჩენილი, მოზრდილი ზომის რიყის ქვის ირეგულარულიწყობითაა ნაგები; მომდევნო ხანებში აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადები შირიმის სწორკუთხა  ფილებით შეუმოსავთ, ხოლო  უფრო გვიან კედლების ჩამოშლილი ნაწილები რიყის წვრილი ქვის წყობით აღუდგენიათ. შესასვლელი სამხრეთ   კედლის დასავლეთ ნაწილშიია გაჭრილი. კარი გარედან შირიმის სოლისებრი ქვებით თარაზულადაა გადახურული, ხოლო შიგნით თაღოვანია.  აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ვიწრო სარკმელია, რომელიც მოგვიანებით მიშენებული კოშკის მეორე სართულზე გადის. სარკმლის ქვემოთ,  კედელზე, მიდგმულია მთლიანი შირიმის ქვის ტრაპეზი. ტრაპეზის წინა გვერდის ორივე კიდეს თითო ნახევარსვეტი ასდევს.  დარჩენილ არეზე გამსოახულია საკმაოდ მაღალ ბუნზე დაყრდნობილი რელიეფური ჯვარი.   აფსიდის  სამხრეთის გვერდში თაღოვანი სარკმელია.  იგი, როგორ  ჩანს, კოშკის მიშენების შემდგომ მოუწყვიათ, ადრე არსებული ნიშის ადგილზე. თითო სარკმელია დასავლეთ - სამხრეთ და ჩრდილოეთ  კედლებში. მათგან  თავდაპირველი -  მხოლოდ დასავლეთისაა.  დანარჩენი ორი კი, ისევე როგორც სხვა გადაკეთებები, მომდევნო ხანის სამშენებლო მოღვაწეობის შედეგია.   აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღს ნახევარწრიული ფორმა აქვს, რამდენადმე შემაღლებულია და შირიმის თაროსებრ  იმპოსტებს ეყრდნობა. მსგავსი ფორმისაა კამარის საბჯენი თაღიც, რომელიც კამარას ორ არათანაბარ ნაწილად ჰყოფს (აღმოსავლეთ ნაწილი რამდენადმე აღემატება დასავლეთისას) და აფსიდის თაღის ანალოგიურ იმპოსტებზეა დაყრდნობილი.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც მთლიანად შირიმის სწორკუთხა ფილებითაა მოპირკეთებული, დაფარულია კოშკის კორპუსით. ფასადის მცირე ნაწილი, საკურთხევლის სარკმელთან ერთად, კოშკის მეორე სართულის ერთ-ერთი (დასავლეთ) ნიშის ზურგის კედელია. სარკმლის სწორკუთხა ღიობი შირიმის ორ ფილაშია გამოკვეთილი და ირგვლივ სადა ლილვი ევლება. სამხრეთის ფასადის მოპირკეთების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილი სარკმელი საკურთხევლის ანალოგიურადაა გაფორმებული. შესასვლელს კი ირგვლივ სწორკუთხა, კედლის სიბრტყიდან ოდნავ შვერილი სადა საპირე შემოუყვება. ფასადის აღმოსავლეთ კიდეში შემორჩენილია ლავგარდნის ერთი ქვა, რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი. დასავლეთის და ჩრდილოეთის ფასადები სრულიად სადაა. ეკლესიის სახურავის საფარი ამჟამად მთლიანად ჩამოშლილია.

 

ნადოკრას სამონასტრო კომპლექსის გეგმა:

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

 

 

 

 

 

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მეორე ეკლესია დანგრეულია, შემორჩენილია სამხრეთ კედელი  (სიგრძე 9,6 მ) ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთ გვერდთან ერთად და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარი. ეკლესიის შემორჩენილი კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით. გარეთა კუთხეების წყობაში შირიმის სწორკუთხა ქვებია გამოყენებული. სამხრეთ  კედელში, სხვადასხვა სიმაღლეზე, ორი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მათგან ერთი (დასავლეთისა) კოშკის II სართულზე გადის. მეორეს კი კოშკის კორპუსი ფარავს. ეკლესიის დარბაზი გადახურული ყოფილა ნახევარცილინდრული ფორმის კამარით. რომელიც ეყრდნობოდა დარბაზის შუა ნაწილში მოწყობილ ერთ საბჯენ თაღს, კონქის თაღს, და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. ინტერიერი შელესილი ყოფილა ხოლო კედლები - დასრულებული შირიმის მაღალი ლავგარდნით (შემორჩენილია ნაწილი), რომლის პროფილს შეადგენს  თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი.

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

კოშკი - გეგმით კვადრატულია (6X6 მ.). ხუთსართულიანი. ნაგებია რიყის ქვით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა,  I სართულის დონეზე. სართულის ჩრდილოეთ კედელში გეგმით ნახევარწიული ბუხარია, მის ზემოთ - ნახევარ წრიულთაღოვანი ნიში. აღმოსავლეთ კედელში იატაკიდან 1,3 მეტრის სიმაღლეზე. ვიწრო (სიმაღლე 1 მ.) ხვრელია, რომელიც კედელში არსებულ II და III სართულებზე ასასვლელ კიბეს უკავშირდება. სართული გადახურულია   ნახევარცილინდრული კამარით. II სართულის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, კედლის მთელ სიგანეზე, თითო ღრმა შეისრულთაღოვანი ნიშია. სართულის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, მოწყობილია კარი, რომელიც კოშკის სამხრეთ ფასადზე მდებარე ორფერდასახურავიან  ბაქანზე (ბაქანიც და სახურავიც ჩამოშლილია) გადიოდა. სართულის აღმოსავლეთ კედელში მაღალი სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთ კედელში კი - სათოფური. ერთი სათოფურია ბაქანზე გასასვლელის აღმოსავლეთ წირთხლშიც. აღმოსავლეთ სარკმელთან ახლოს (ჩრდილოეთით) კიბის უჯრედში შესასვლელი ვიწრო კარია. სართულს ხის კოჭებზე გამართული ბრტყელი გადახურვა ჰქონია (შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები). მსგავსად ყოფილა გადახურული კოშკის III და IV სართულებიც. III სართულის სამხრეთ კედლის შუაში ხის პატარა აივანზე გამავალი ფართო სწორკუთხა კარია, ხოლო აღმოსავლეთით - ერთი სწორკუთხა სარკმელია. IV სართულის კედლებში ექვსი სათოფურია: ორ-ორი სამხრეთითა და ჩრდილოეთითაა, ხოლო თითო - თითო აღმოსავლეთითაა და დასავლეთით. V სართულის სამხრეთ კედელში ხის აივანზე გასასვლელი კარია. დანარჩენ კედლებში კი - თითო სათოფური. სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიული საფუძველი ოთხივე კუთხეში განლაგებული ტრომპებითაა შექმნილი. გარედან კოშკის კედლები დასრულებულია შირიმის  თხელი ფილებისგან შედგენილი თაროსებრი ლავგარდნით. კოშკს ოთხფერდა,  პირამიდული ფორმის  გადალესილი სახურავი აქვს.

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

მარანი მდებარეობს ეზოს ჩრდილოეთ ნაწილში, II ეკლესიიდან 10 მ მანძილზე. ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობა  თითქმის მთლიანად მიწაშია ჩაფლული; შედგება ორი თანაბარი ფართობისა (დაახლოებით 42-44 კვ. მ) და ერთმანეთთან დაკავშირებული სწორკუთხა ოთახისგან. მათგან ერთი, აღმოსავლეთით მდებარე, საწნახელია, ხოლო მეორე - ღვინის საცავი (შემორჩენილია რვა ქვევრი). საწნახელს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. მისი გადახურვა მთლიანად ჩაქცეულია, რის გამოც ინტერიერის დიდი ნაწილი ნანგრევებითა და მიწითაა ამოვსებული. დასავლეთ  კედელში მოწყობილი კარით საწნახელი ღვინის საცავს უკავშირდება. ღვინის საცავი გეგმით კვადრატულია (შიდა ზომები: 6,68X 6,68 მ), გადახურულია გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიულ საფუძველს ქმნის ოთხივე კუთხეში (იატაკის დონეზე) განლაგებული ფართო და მაღალი თითო შეისრულთაღოვანი ტრომპი. სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთ კედლებს მთელ სიგრძეზე დაბალი და ფართო საფეხური გასდევს. ოთახის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხესთან, აღმოსავლეთ კედელში, საწნახელიდან გამოდის თიხის მილი, რომლის წინ ქვევრია. განათებისათვის კამარის წვერში მოწყობილია მრგვალი (დიამეტრით დაახლოებით  0,6 მ) ხვრელი (ერდო). ინტერიერი შელესილია.

 

 

Free Image Hosting at www.ImageShack.us

საცხოვრებელი ნაგებობა თავდაპირველი ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთით ოციოდე მეტრის მანძილზეა. იგი მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია საძირკველის ნაშთი და ბუხრის ნაწილი. კომპლექსი გარშემორტყმული ყოფილა მრუდხაზოვანი მოხაზულობის გალავნით, რომლის კვალი მხოლოდ აქა -იქ შემორჩა.

თ. დვალი, ბ. ჯორბენაძე


(საცხოვრებელი ნაგებობა  და მარანი ამჟამად აღდგენილია, მამათა მონასტერი მოქმედია  - თ.ჭ.)

 

 

ეკლესია სოფელ ნადოკრაში - არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ცენტრში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,4 X 4,4 მ) ნაგებია რიყის ქვით. თაღოვანი შესასვლელი   გაჭრილია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ შევიწროებულია სწორკუთხა სარკმელია, რომლის სამხრეთით და ქვემოთ თითო ოთკუთხა ნიშია. თითო სარკმელია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. დასავლეთ სარკმელი სწორკუთხაა, ჩრდილოეთისა - თაღოვანი. კამარა შეისრული ფორმისაა -სხმული.

ა. ნუცუბიძე

 

ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის დასავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია  დარბაზულია (5,5 X 4,9 მ.) ნაგებია რიყის ქვის ირეგულარული წყობით. დაზიანებულია; ფასადებზე ამოცვენილია საპირე ქვების უმეტესი ნაწილი ჩამოშლილია სახურავის საფარი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის შუაში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ერთი მცირე ზომის საკმელია დასავლეთითაც. მისი ფორმა კვადრატს უახლოვდება. აღმოსავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე, სარკმლის ძირის დონეზე, კედლის ზედა ნაწილის სისქის შემცირებით დაახლოებით 25 სმ სიგანის საფეხურია გამოყვანილი. ეკლესიის აღმოსავლეთ ჩრდილო და დასავლეთ კედლებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია ცილიდრული კამარითაა გადახურული.

თ. დვალი

 

კოშკი, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ცენტრში, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით კვადრატულია (3,7 X 3,7 მ.), სამსართულიანი.  შემორჩენილი  სიმაღლე  8 მეტრს აღწევს.  ნაგებია რიყის ქვით. I  სართული მთლიანად ამოვსებულია კედლებიდან ჩამონაყარი ქვითა და მიწით. II სართულის გადახურვა  ჩაქცეულია. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში  შემორჩენილია სამ-სამი საძელე ბუდე. III  სართულის ჩრდილოეთ კედელში პატარა კარია, რომლის ზედა ნაწილი მორღვეულია. დანარჩენი კედლები ყრუა. სართული გადახურულია სხმული კამარით.

ა. ნუცუბიძე

 


Free Image Hosting at www.ImageShack.us

ღვთისმშობლის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ცენტრალურ ნაწილში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია  დარბაზულია (5,7 X3,7 მ.) ნაგებია რიყისა და სხვადასხვა ზომის ქვით (ტლანქად). სამხრეთიდან მოგვიანებით აგებული ორსართულიანი სამრეკლო ეკვრის. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია ეკლესიი კამაროვანი გადახურვისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია სამრეკლოს I სართულის გარეთა კუთხეების ზედა ნახევარი, ჩამონგრეულია ფანჩატურის გადახურვა. სწორკუტხა შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს - სამრეკლოს I სართულიდან. აღმოსავლეთით, ნახეავრწრიული აფსიდის ღერძზე. გაჭრილია ფართო თაღოვანი  სარკმელი, რომლის ორივე მხარეს (ფსიდის კიდეებთან) თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, სარკმლის ქვემოთ ტრაპეზის ნაწილია შემორჩენილი. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. დარბაზის გრძივი კედლები გლუვია, მოკლებულია პილასტრებს. შიგნით ეკლესია გადახურული ყოფილა ცილინდრული ფორმის ჯამარით, რომელსაც ჩრდილოეთის ქუსლი და სამხრეთის გვერდის ნაწილიღა შემორჩა.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

 

სამრეკლო -  გეგმით კვადრატულია, (3X3 მ.) და ეკლესიის სამხრეთის ფასადის დასავლეთ   ნახევარზეა მიდგმული. I სართული, რომელიც მთლიანად ნატეხი ქვის  ირეგულარული წყობითაა ნაგები, კარიბჭეა. ერთადერთი შეისრულთაღიანი შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს. სართულის აღმოსავლეთ კედელში შიგნით  თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა სარკმელია მოწყობილი, დასავლეთ კედელში ფართო და მაღალი ნახევარწრიული თაღია, რომელშიც ეკლესიის შესასვლელი გამოდის. სართულს წვერწაკვეთილი პირამიდის ფორმის სხმული კამარა ხურავს. სამრეკლოს II სართული მთლიანად აგურით ნაგები რვაწახნაგოვანი ფანჩატურია. თითოეულ წახნაგში თითო ვიწრო და მაღალი თაღოვანი ღიობია. ყველა ღიობი თანაბარი სიმაღლისაა. მათგან  ღერძულ წახნაგებში განლაგებული ღიობები იატაკის დონიდან იწყება, ხოლო დანარჩენები რამდენადმე ზემოთაა „ატანილი" და გარედან ფართო თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. სამრეკლოს ზედა ნაწილები მონგრეულია და მისი გადახურვის ფორმის დადგენა არ  ხერხდება.

თ. დვალი