topmenu

 

თ. ჩხენკელი - ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ....<<<ენა და დამწერლობა>>>

Free Image Hosting at www.ImageShack.us

თამაზ ჩხენკელი -ქართული ასომთავრულის გრაფიკული სისტემა- - ჟურნ. „ფრესკა“, თბ. „ნაკადული“, 1987 წ., გვ. 27-29

ყოველი ანბანი გარკვეული რაოდენობის ასონიშნების ერთობლიობას წარმოადგენს და როცა ანბანზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ასონიშნები წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ. ანბანის თვითეული ასონიშანი, თავის მხრივ, მცირე ზომის გრაფიკული ფიგურაა. ამ ფიგურების ანუ ასოების მოხაზულობა იმდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ თვალი მკაფიოდ და თავისუფლად აღიქვამს მათს ურთიერთსხვაობას. მაგრამ, ამავე დროს, ასონიშნები ერთმანეთთან გარკვეულ მსგავსებასა და ერთიანობასაც ამჟღავნებენ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ თვითეული ასოს მოხაზულობა ანბანის ერთიან გრაფიკულ სისტემას ექვემდებარება, რომ ასოებს შორის გარკვეული კავშირი და ურთიერთშესაბამისობა არსებობს და რომ ამდენად, თვითეული ასონიშნის ხატი მოცემული ანბანისათვის დამახასიათებელი კანონზომიერებით არის განსაზღვრული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითეულ ასონიშანს გააჩნია მოდელი, ანუ ნიმუში, იდეალური წინარე ხატი - არქეტიპი. ასონიშანი, რომელიც თავისივე თავის მოდელს არ შეიცავს, შეუცნობელ და უფორმო რასმე წარმოადგენს. ყოველი ასონიშანი თავის სრულფასოვან მოდელს მხოლოდ სხვა ასონიშნებთან მიმართებაში ამჟღავნებს. ასონიშნის გრაფიკულ სტრუქტურას მთელი ანბანის კონტექსტი განსაზღვრავს.

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ჩვეულებრივ, ნაკლები ყურადღება ექცევა იმას,  რომ ესა თუ ის ანბანი, გარდა იმისა, რომ ტიპოლოგიურად განსხვავებულ გრაფიკულ სისტემას  აცნაურებს, ამავე დროს, გარკვეული მხატვრული მთლიანობითაც არის აღბეჭდილი და, ამ აზრით ხელოვნების ნაწარმოებს წარმოადგენს. ყოველ ანბანს საფუძვლად უდევს ხელოვნების აზროვნების სხვადასხვა პრინციპი, რომელთა ფესვიც განსხვავებული კულტურების რელიგიური, ფილოსოფიური და ესთეტიკური მსოფლმხედველობის წიაღშია საძიებელი. ასე რომ, ყოველი ანბანი ესთეტიკური ფენომენიცაა და ამდენად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, განუმეორებელი მხატვრული სტილით არის აღბეჭდილი. ქართული ასომთავრულის მხატვრული სტილის საფუძველია ე.წ. გეომეტრიზმი: "ასომთავრული ღრმად გააზრებული გეომეტრიული სტილის სრულყოფილი გრაფიკული სისტემაა და ამ თვალსაზრისით იგი ბერძნულ მონუმენტურ დამწერლობას ეტოლება" (რ.პატარიძე).

რაში ცნაურდება ეს "გეომეტრიული სტილი?"

ბერძნული და ლათინური კაპიტალური დამწერლობის ანალოგიურად ქართული ასომთავრული ასოთა ამოსავალ გეომეტრიულ თარგად კვადრატს იყენებს და თუმცა რეალურად არსებულ წარწერებში ასოებს ზოგჯერ კვადრატის ეტალონიდან გადახრის ტენდენცია აქვთ, ისინი თვით უკიდურეს შემთხვევებშიც არ კარგავენ თავიანთი გეომეტრიული სტრუქტურის პირვანდელ ხატს. მათში ყოველთვის გამოიცნობა არქეტიპის განმსაზღვრელი ინერცია. კერძოდ წრიული ასოების დიამეტრი და ვერტიკალურად აგებული ასოების ღერძი კვადრატის ღერძის სიმაღლეა, ხოლო მასთან შერწყმული ელემენტები ზომით ამ ღერძის სიმაღლის ნახეგარია (ელ. მაჭავარიანი). უნდა აღინიშნოს, რომ ეს ელემენტები კვადრატის მეოთხედშია განლაგებული. მეოთხედი კვადრატი ასონიშნების შემადგენელი ნაწილების გეომეტრიული „სახლი", ანუ ამოსავალი პრინციპია. ქართული ასომთავრულის თვითეული ასონიშანი, ბერძნულ-ლათინური ასოების ანალოგიურად, გეომეტრიულ კანონთა შესაბამისად არის ჩაწერილი კვადრატის ცხაურში (ბადეში), რომელსაც მის შიდა სივრცეში მოქმედი დიაგონალური და ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ღერძების სისტემა ჰქმნის. ამის საფუძველზე ასომთავრული ანბანის გრაფიკულ სისტემაში დასტურდება კანონზომიერება, რომელიც ასონიშნების სრული და მეოთხედკვადრატული ნაწილების გეომეტრიული ნახაზის იდენტურობას ასაჩინოებს. ეს ეხება წრეს, წრის სამი მეოთხედისაგან და ნახევარწრისაგან კონსტრუირებული ასონიშნების სრულკვადრატოვან კორპუსებს, რომლებიც მეოთხედკვადრატული მოდიფიკაციით, იმავე ან განსხვავებული პოზიციით მეორდებიან სხვა ასოების გრაფიკაში (იხ. სურ.). გამომსახველობით საშუალებათა ასეთი ეკონომია ანბანების არცერთ გრაფიკულ სისტემაში არ არის დადასტურებული. ქართული ასომთავრულის გრაფიკულ სისტემაში ეკონომიის ეს პრინციპი ჰქმნის სწორედ იმ კონცენტრირებულ გეომეტრიზმს, რომლის მეოხებითაც, ასონიშანთა სიმრავლის მიუხედავად, ვიზუალური განსჯა მათ გრაფიკულად ურთიერთმონათესავე ელემენტებად აფიქსირებს. მაგრამ ეს "გეომეტრიზმი", როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტ-ნაკლები სიცხადით ცნაურდება ეპიგრაფიკულ ძეგლებსა თუ პალიმფსესტებში შემონახულ ასოთა მოხაზულობაში. რატომ "ეწინააღმდეგება" ემპირიული ასონიშანი თავისსავე არქეტიპს? ასონიშანი იდეალური მოდელის ასლია და, როგორც ასეთი, ყოველთვის უპირისპირდება პირწმინდად ზუსტ, ზედმიწევნით პროპორციულ და სიმეტრიულ მოდელს, რომელიც შიშველი აბსტრაქტულობით ამჟღავნებს გეომეტრიულ სტრუქტურას. საერთოდ, ესთეტიკური ფენომენი (და ასეთია ანბანი) ყოველთვის გულისხმობს მოდელიდან ან სტანდარტიდან აუცილებელ გადახრას, "რადგან სიცოცხლე ძრწის მეტისმეტი სიზუსტის, აბსოლუტური სისწორის წინაშე...ზედმიწევნით პროპორციულობასა და ცივ სიმეტრიულობაში არის რაღაც ავბედითი, ანტიორგანული, სიცოცხლისადმი მტრული" (თ.მანი). არნჰეიმის აზრით, მკაცრ სიმეტრიასა და ფორმის სიზუსტეს ხელოვნებაში იშვიათად და უდიდესი სიფრთხილით იყენებენ, ვინაიდან როცა მეტისმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება წესრიგს, "ცოცხალი სუბსტანციის" რაოდენობა კლებულობს. ამრიგად, მოდელის აბსტრაქტულ გეომეტრიზმს და აბსოლუტურ სიზუსტეს უპირისპირდება ესთეტიკური ასლის ბუნებრიობა და ცხოველმყოფლობა. ეს ჯერ კიდევ არისტოტელესათვის და პლოტინისათვის იყო ცნობილი. ანბანშიც ასევეა სწორედ აბსტრაქტული მოდელიდან "აუცილებელი გადახრა" (ვეილი), ან "გამაცოცხლებელი გადახრა" (არნჰეიმი) ანიჭებს ასოებს ბუნებრიობას, სილამაზესა და თბილ ცხოველმყოფლობას. ასომთავრულის უძველესი ეპიგრაფიკული წარწერები არქაული გვეჩვენება, ამგვარი შთაბეჭდილების შექმნა კი ანტიკური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ნიშანია, - ახალს იმთავითვე უნდა შეემოსა სიძველის იერი, - ეს ღირსებად ეთვლებოდა ხელოვანს. ანბანურ ნიშნებსაც დროის წიაღიდან "ორგანულად ამოზრდის“ შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა და ასომთავრულის შემოქმედს ბრწყინვალედ აქვს გადაჭრილი ეს ამოცანა. ქართული ანბანის შემოქმედი მარტო დიდი მოაზროვნე და ანალიტიკოსი კი არ  არის, არამედ უდიდესი ხელოვანიც.