|
<უკან დაბრუნება...<<დაბუნება მთავარ გვერდზე

თმოგვი //ზაქარაია პ. - "ქართული ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე - დარბაზები, ციხე - გალავნები, კოშკები" - გამ. „ციცინათელა“, თბ., 2001, გვ.90.
თმოგვი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქია. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამცხე-ჯავახეთის ისტორიაში.
თმოგვის წარმოშობის შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება. პირველად მატიანეთა ფურცლებზე იხსენიება 914 წლის ამბებთან დაკავშირებით, როცა არაბთა მორიგი შემოსევების დროს სარდალმა აბულკასიმმა ქართლ - კახეთი ააოხრა და ჯავახეთს დაეცა. „მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით“ - წერს მემატიანე.
თმოგვი სხვა დიდ ქალაქებთან ერთად XI-XII საუკუნეებში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქია. ასე იყო მონღოლთა შემოსევამდე. "შემდეგ მონღოლებმა დააქციეს ქვეყანა, XV ს-ში კი ცხოვრება აქ საერთოდ ჩაკვდა. იგივე ბედი ეწია თმოგვსაც. XVI ს-ის მეორე ნახევარში იგი უკვე სამცხე-ჯავახეთთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.
უფრო ადრე ბაგრატ III-მ, რომელიც ქვეყნის გაერთიანებისთვის იღვწოდა, ეს მხარე შემოიერთა. ქვეყნის გაერთიანების მოწინააღმდეგენი შეიპყრო და თმოგვის ციხეში ჩასვა. მან „კლარჯთა ხელმწიფენი, სუმბატ და გურგენ... შეიპყრნა.. და... პატიმარ ყუნა ციხესა შინა თმოგვისასა, და მუნ ციხესა შინა გარდაიცვალნეს... წერს მემატიანე. ეს ამბავი მოხდა 1010-იან წლებში.
XI ს-ის შუა წლებში თმოგვი ფარსმან ერისთავის კუთვნილებაა. ბაგრატ IV დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა კლდეკარის ერისთავს ლიპარიტ ბაღუაშს. ბაღუაშს მხარს უჭერდა ფარსმან თმოგველიც. მაგრამ მათ ომი წააგეს. 1073 წ. უკვე გიორგი II-მ თმოგვი ნიანია ქვაბულის ძეს მისცა. ამის შემდეგ თმოგვის მფლობელები იყვნენ თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები, მათ შორის ცნობილი სწავლული და პოეტი სარგის თმოგველი, მემატიანის თქმით „კაცი მეცნიერი, ფილოსოფოსი და რიტორი“.
თმოგვი 1089 წ. მიწისძვრამ დაანგრია. მომდევნო პერიოდში მას ბევრი რამ გადახდა. ირანისა და ოსმალეთის ბრძოლის დროს 1550-იან წლებში თმოგვი ირანელებს უპყრიათ. შემდგომაც ვინ არ ბატონობდა აქ. ბოლოს 1828 წ. სამცხე-ჯავახეთთან ერთად სამშობლოს დაუბრუნდა.
თმოგვის ციხე და ქალაქი ამჟამად ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. მის შესახებ ვახუშტი წერდა: „ხობას ზეით არს, ცუნქა-ღრელის ხევთ შორის, თმოგვ. კლდესა ზედა, ციხე შენი, თმოგვ იყო ქალაქი, არამედ აწ. არს დაბა“. არტაანის მტკვრის მარცხენა მხარეს, ვარძიასა და ხერთვისს შორის უზარმაზარი ნანგრევებია. ძველი გზა აღარ ჩანს და დღეს იქ თვლებიანი ტრანსპორტით ვერ ახვალთ. მდინარის მხრიდან ქალაქი და ციხე მთის ქარაფის გამო ადრეც შეუღწეველი იქნებოდა. აქ სხვადასხვა მხრიდან შემავალი გზები თავიდანვე კედლებით გადაუკეტიათ. ჭიშკარი არ შემორჩენილა.
წყალი ციხის შიგნით არ ჰქონიათ. ამიტომ მდინარემდე გვირაბი ჩაუყვანიათ. ეს გვირაბი რთული ნაგებობაა. ზოგან იგი მთის ქვეშ გადის, ზოგ. ადგილას (ღია ადგილას) ამოშენებულია.
ნაქალაქარისა და ნაციხარის ტერიტორიაზე მრავლადაა დიდი თუ პატარა ნაგებობების ნანგრევები. არის ეკლესიის ნანგრევიც.
|