topmenu

 

ჯვარი-ქართული საბჭოთა ენციკლოპედია

< უკან დაბრუნება ...   << დაბრუნება მთავარ  გვერდზე

 

ჯვარი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.558-559. ცნობები ძეგლის ხუროთმოძღვრებასა და მხატვრული ფორმების შესახებ

ჯვარი მცხეთისა  - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებაც". VI საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია). გარედან იგი ორფერდასახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (1 აფსიდითა და 3 სწორკუთხა მკლავით). შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. იმავე VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დროს თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე.ჯვრის უშუალო წინამორბედია ნინოწმინდის ტაძარი. ჯვარში განვითარებულია და მხატვრულად სრულყოფილია ნინოწმინდის კომპოზიცია. გეგმის საფუძველს აქაც კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი შეადგენს, მაგრამ ეს კუთხის ოთახები რადიალურად კი არ არის განლაგებული, როგორც ნინოწმინდაში, არამედ აფსიდების ღერძების პარალელურად და გუმბათქვეშა სივრცესთან დაკავშირებულია კუთხის ღრმა ნიშებით, რომელთაც წრის 3/4-ის მოხაზულობა აქვთ. შენობის ბირთვს, ჩვეულებისამებრ, შეადგენს კვადრატი, რომლის თავზეც აღმართულია 8-წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. იგი მთელი შიგა სივრცის დომინანტია, განსაზღვრავს ყველა სხვა ნაწილის ფორმასა და პროპორციებს ამ ზუროთმოძღვრულ სივრცეში, რომელიც ხიბლავს ადამიანის ნაწილთა სრული წონასწორობითა და პროპორციათა ჰარმონიით.

ჯვრის გარეგნული სახე ნათლად ასახავს სივრცის შიგა დანაწევრებას. აქ გვაქვს შიგა და გარე ფორმების მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. ეს პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როცა ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. ამიერიდან ეს ქართული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანი იქნება ერთი იმ მრავალ ნიშანთაგანი, რომლებიც მკვეთრად განასხვავებენ მას ბიზანტიურისაგან (ბიზანტიაში ხუროთმოძღვართა ყურადღებას მთლიანად იპყრობდა დიდებული შიგა სივრცის შექმნის ამოცანა, ფასადები მათ არ აინტერესებდათ). მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდი არ არის (სიმაღე 25 მ არ აღემატება), იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადთა დამუშავებაში სრული კანონზომირებაა.

ჯვრის ტაძარი ბოლნისის სიონის შემდეგ ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. დასავლეთი ფასადი, რომელიც ზედ ქარაფის პირასაა დაკიდებული და შორიდა ჩანს, მარტივად და ზოგადად არის დამუშავებული. აქ მთავარი ფასადები აღმოსავლეთ და სამხრეთისაა. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის აფსიდს 3 სარკმელი აქვს, რომლებიც შეკრულია მათ ტავზე გავლებული დეკორატიული, რელიეფური სარტყლით. სარტყლის ზემოთ, სარკმლების შესაბამისად, მოთავსებულია 3 რელიეფური გამოსახულება იმ პირებისა, რომელთა თაოსნობათა და ხარჯითაც აშენდა ეკლესია: შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარია, ე.ი. მთავარი მშენებელი; მარცხნივ - მისი ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზთურთ, მარჯვნივ - სტეფანოზის მემკვიდრე ადარნასე (მის ზემოთაც ფრთაგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ხელი წინა აქვს გაწვდილი); ადარნასეს წინაა მუხლმოდრეკილი ბავშვი - მისი ძე. სამივე რელიეფზე ასოთმთავრული წარწერებია, რომლებშიც მშენებელთა სახელები და ტიტულებია მოხსენიებული (ჯვრის წარწერები).

სამხრეთი ფასადი საკმაოდ ღრმა ნიშების წყალობით უფრო დიფერენცირებული ჩანს. სამხრეთ შესასვლელის თავზე, ტიმპანში, არის ძცელი ქრისტიანული სამყაროში დიდად გავრცელებული გამოსახულება- ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლება. კომპოზიცია ოსტატურადაა ცართული და შეხამებული ტიმპანის ნახევარწრიულ მოხაზულობასთან. სამხრეთის ფასადის სხვა რელიეფები (ნიშებში მოთავსებული) ძლიერ დაზიანებულია. ფასადი, რომლის წინაც მცირე ჯვრის ეკლესია დგას, სრულიად მოურთავია. შენობის საერთო ჰარმონიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასადთა პერანგის მშვენივრად გაღლილი ქვის ფერს - მოვარდისფრო-ქვიშისფერს, დროთა ვიტარებისაგან თითქოს ოდნავ შეჟანგულს. ტაძარი არა მარტო ფორმებით, მასშტაბით და პროპორციებით ეხამება გარემოს, არამედ ფერითაც.

ჯვრის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრებია ძიებათა დამარგვინებელი და ყველზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით განსხვავდება მისგან. ასეთებია ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილი.ჯვრის ტიპი, ე.ი. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი, ცნობილია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. სომხური ნიმუშები ქართული ნიმუშთაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებით, როგორც საერთოდ ამ ორი ქვეყნის ხუროთმოძღვრება. ტაძრის გარშემო არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები (ამჟამად დანგრეული კოშკი და გავალავი) უფრო გვიანდელია.

ლიტ: ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
ჩურინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ.1., ტფ., 1936;
Чубинашвили Г. Н. Памятники типа Джвари Тб.ю 1948

 

 

ჯვრის წარწერები //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.XI.-თბ.,1987.-გვ.563. ცნობები ჯვრის ტაძრის რელიეფური წარწერების შესახებ.

 

ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მიღწეული ერთ ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში. ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის (იხ. ჯვარი მცხეთისა) აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის ფრაგმენტითურთ ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ტაძრის სამხრეთ - დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავზე და კედლის მოპირკეთების ცალკეულ ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების, კერძოდ, სტეფანოზის ქართლში ერისმთავრობის დროის მიხედვით თარიღდება (VI-VII   საუკუნეების მიჯნა).

შინაარსის მიხედვით  ჯვრის წარწერები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

1. სამშენებლო-ქტიტორული წარწერები: სტეფანოზ პატრიკიოსის, მისი ძმის დემეტრეს ეპატოსის და ძის ადრნერსე ეპატოსის წარწერა ჯვრის „აღმართვის“ შესახებ, ამოკვეთილია კვარცხლბეკზე; ქრისტეს  მხევლის თემესტიას წარწერა ტაძრის სამხრეთ - დასავლეთ კუთხის ოთახის - „საყოფელის“ აშენების შესახებ, ამოკვეთილი ამ ოთახის შესასვლელის ტავზე, სიგა მხარეს;

Free Image Hosting at www.ImageShack.us

2. მოსახსენებლები: სტეფანოს ქართლის პატრიკიოსისა - „ჯუარო მაცხოვრისაო, სტეფანოს ქართლისა პატრიკიოსი შეიწყალე“; დემეტრე ეპატოსისა - „წმინდაო მიქაელ მთავარანგელოზო, დემეტრე ეპატოსსა მეოხ ხეყავ“;    ადრნერსე ეპატოსისა - „წმიდაო გაბრიელ მთავარანგელოზო, ადრნერსე ეპატოსსა მეოხ ეყავ“;   ადრნერსე ეპატოსის ძის ქობულ -სტეფანოსისა - „წმიდაო სტეფანე, ქობულ-სტეფანოსი შეიწყალე“.

3. გამოსახულებების განმსაზღვრელი წარწერები; მათგან მოაღწია მხოლოდ  ერთმა, ძალზე დაზიანებული სახით: „ქობულ სტეფანოსი ადრნერსეს ძე“;

4. ხელოსანთა ნიშნები - ქართული ასომტავრული ანბანის ცალკეული ასოები, რომლებიც დასმულია ტაძრის მოპირკეთების სხვადასხვა ფილაზე.

ჯვრის წარწერები მნიშვნელოვანია პალეოგრაფიისათვის, როგორც ქართული დამწერლობის მტკიცედ დათარიღებული ნიმუშები, და ენის ისტორიისათვის - მათში დასტურდება როგორც ხანმეტი, ისე არახანმეტი ფორმები.

ლიტ.: ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები,  I - აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, (V-X სს.), ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980 ვ. სილოგავა