topmenu

 

მცხეთის ჯვარი - საქართველოს სულიერი საგანძური

< უკან დაბრუნება ...   << დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

მცხეთის ჯვარი - საქართველოს სულიერი საგანძური, წიგნი  I, გამ."ხელოვნება", თბილისი, 2005 წ., (გვ13 -17)

მცხეთის  ჯვრის ტაძარი საქართველოს ძველი დედაქალაქის, მცხეთის პირდაპირ მთაზე დგას, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მოღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილზე მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც, გარდა ქართველებისა, თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. VI საუკუნის მეორე ნახევარში ამ კვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებაც". 545 – 586 წლებში ქართლის ერისთავმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა. გარედან ორფერდა სახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობა შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობისაა (ერთი ადსიდიტა და სამი სწორკუტხა მკლავით), შუაში კვადრატითა და გუმბათისებრი გადახურვით (მხოლოდ ყელის გარეშე). ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს, ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა გურამის ძემ მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა  ხის ჯვარს. (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდე დარჩენილია ეკლესიაში). საუკუნეთა  მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა კი შეინარჩუნა თავისი პირვანდელი სახე. ჯვრის უშუალო წინამორბედია ნინოწმინდის ტაძარი, რომლის კომპოზიცია ჯვარში განვითარებული და მხატვრულად სრულყოფილია, ჯვრის გეგმის საფუძველს აქაც კუთხის ოტახებიანი ტეტრაკონქი შეადგენს, მაგრამ კუთხის ოთახები რადიალურად კი არ არის განლაგებული, როგორც ნინოწმინდაში, არამედ აფსიდების ღერძების პარალელურად და გუმბათქვეშა სივრცესთან დაკავშირებულია კუთხის ღრმა, წრის 3/4 მოხაზულობის მქონე ნიშებით. შენობის ბირთვს, ჩვეულებისამებრ, შეადგენს კვადრატი, რომლის თავზე აღმართულია რვაწახნაგოვან ყელზე დაყრდნობილი გუმბათი. იგი მთელი შიდა სივრცის დომინანტია და განსაზღვრავს ტაძრის ყველა სხვა ნაწილის ფორმასა და პროპორციებს. ჯვრის გარეგნული სახე ნათლად ასახავს სივრცის შიდა დანაწევრებას. აშკარაა შიდა და გარე ფორმების მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. ეს პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როდესაც ფასადის სახე დამოუკიდებელი, მიზანდასახული მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. ამიერიდან ეს ქართული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი, ერთი იმ მრავალ ნიშანთაგანია, რომლებიც მკვეთრად განასხვავებენ მას ბიზანტიური არქიტექტურისაგან. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდი არ არის (სიმაღლე 25 მეტრს არ აღემატება), იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადთა დამუშავებაში სრული კანონზომიერებაა. ჯვრის ტაძარი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. დასავლეთი ფასადი, რომელიც ზედ ქარაფის პირასაა დაკიდული და შორიდანაც კარგად ჩანს, მარტივად და ზოგადაა დამუშავებული. აქ მთავარი ყურადღება აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზეა გადატანილი. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის აფსიდას სამი სარკმელი აქვს, რომლებიც შეკრულია მათ თავზე გავლებული დეკორაციული, რელიეფური სარტყლით. ზემოთ, სარკმლების შესაბამისად, მოთავსებულია სამი რელიეფური გამოსახულება იმ პირებისა, რომელთა თაოსნობითა და ხარჯებით აშენდა ეკლესია: შუაში მთავარი მშენებელი, ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარი, მარცხნივ მისი ძმა, დემეტრე, მფარველი ანგელოზითურთ, მარჯვნივ - სტეფანოზის მემკვიდრე ადარნასე, რომლის წინ მუხლმოდრეკილია მისი ძე. სამივე რელიეფზე ასომთავრული წარწერებია, რომლებშიც მშენებელთა სახელები და წოდებებია მოხსენიებული. სალმაოდ ღრმა ნიშების წყალობით სამხრეთი ფასადი უფრო დიფერენცირებული ჩანს. სამხრეთის შესასვლელი თავზე, ტიმპანში, ძველ ქრისტიანულ სამყაროში დიდად გავრცელებული გამოსახულება - ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლებაა წარმოდგენილი. კომპოზიცია ოსტატურადაა ჩართული და შეხამებული ტიმპანის ნახევარწრიულ მოხაზულობასთან. სამხრეთ ფასადის სხვა რელიეფები ძლიერ დაზიანებულია. ფასადის წინ მცირე ჯვრის სრულიად მოურთავი ეკლესია დგას. საერთო ჰარმონიის შექმნაში დიდ როლს თამაშობს ფასადთა პერანგის მშვენივრად გათლილი ქვის ფერი - მოვარდისფრო-ქვიშისფერი, დროთა ვითარებისაგან თითქოს ოდნავ შეჟანგული. ტაძარი არა მარტო ფორმებით, მასშტაბებითა და პროპორციებით ეხამება გარემოს, არამედ ფერითაც. ჯვრის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძრვრების ძიებათა დამაგვირგვინებელია, იგი საფუძველს უყრის არქიტექტურაში განვითარების მაღალ საფეხურს - VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ტაძრთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდებიან მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია, საკუთარი თვისებებითა და დეტალებით განსხვავდებიან მისგან. ასეთებია - ატენის სიონი, ძველი შუამთა და მარტვილი.