|
<უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე <<< საქართველოს ეკლესია მონასტრები

ცისკარიშვილი ვ. - "ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო", თბ., 1959, გვ.27-29
ბურნაშეთის წარწერები
სოფელი ბურნაშეთი მდებარეობს ახალქალაქიდან 20-ოდე კილომეტრის მანძილზე, ჩრდილოეთით. სოფელში დგას ერთი ძველი ეკლესია, ორი ასომთავრული წარწერით.
ბურნაშეთის წარწერები პირველად მ. ბროსემ გამოაქვეყნა56, მეორედ - ივ. როსტომაშვილმა57, ხოლო მესამედ, ერთი წარწერა დაბეჭდა ნ. ბერძენიშვილმა58.
I წარწერა
ეკლესიის აღმოსავლეთი კედლის სარკმლის თავზე მოთავსებულია რელიეფური ქანდაკება, რომელიც გამოხატავს დანიელს ლომების ხაროში. ქანდაკების თავში, იმავე ქვაზე მოთავსებულია ხუთსტრიქონიანი წარწერა. როგორც ქანდაკება, ისე წარწერა საგანგებოდ ყოფილა განკუთვნილი ამ ადგილისათვის, რადგან ერთი მთლიანი ქვა, რომელზედაც ისინი ამოკვეთილია, ბუნებრივად აგვირგვინებს სარკმელს. მის ქვედა ნაწილში ამოკვეთილია სარკმლის თაღი, რომელსაც გადავლებული აქვს ტოტებიანი წარბი. წარბი შედგება რელიეფური ბრტყელი ჩარჩოსაგან, რომელშიაც ზის ვიწრო, გრძელი ჩალიჩი. აღნიშნულ წარბზე დგას დანიელი მთელი ტანით, პირდაპირ, ორანტის პოზაში, აპყრობილი ხელებით. დანიელის მარჯვნივ და მარცხნივ გამოხატულია თითო ლომი, ვერტიკალურად დაყენებული. ლომები დანიელს ხელებს ულოკავენ. როგორც იკონოგრაფიის, ასევე სტილის ნიშნებით რელიეფი, ხელოვნებათმცოდნე ალ. ჯავახიშვილის აზრით, X ს. უნდა იყოს.
წარწერის სტრიქონები თანასწორი მანძილითაა დაშორებული ერთმანეთისაგან. ისინი სწორხაზოვანია, მაგრამ არა ჰორიზონტალური. მარცხენა დასაწყის ნაწილთან შედარებით წარწერის ბოლო ნაწილი თანდათანობით მაღლაა აწეული, რაც ქვის მოყვანილობითია და ადგილის სიმცირით არის გამოწვეული. როგორცა ჩანს, განკვეთილობის ნიშნები არაა ნახმარი (ტაბ. IV).
წარწერა ასე იკითხება:

ქარაგმების გახსნით:
უფალი, ვითარცა იჴსენ დანიელ პირისგან ლომთაისა, ეგრე იხსენ ამის წმიდისა ეკლესიისა მაშენებელნი ჴელთაგან|ნ) ჯოჯოხეთისათა.
როგორც დავინახეთ, წარწერა უთარიღოა და არც შინაარსის მიხედვით შეიძლება მისი თარიღის შესახებ რისიმე თქმა. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა X საუკუნის უნდა იყოს.

II წარწერა
მეორე, ექვსსტრიქონიანი წარწერა შიგნით ეკლესიაშია მოთავსებული. ეს წარწერა პირველთან შედარებით მდარე ხელით არის შესრულებული, ასოები არათანასწორი სიდიდისაა. წარწერის დასაწყისში დასმულია პატარა ჯვარი; შემოკლებით დაწერილ სიტყვებს ქარაგმის ნიშანი ყველგან არ ემჩნევა; ასევე აღარა ჩანს განკვეთილობის ნიშნები.
წარწერა ასე იკითხება:

ქარაგმების გახსნით:
სახელითა ღმრთისაჲთა და შუამდგომლობითა წმიდისა გიორგისითა დაგიწერე მე... გიორგიმან(?) თქუენ ბურნაშელთა მღდელთა, მოგეც ყანაჲ თქეროანს, ჩემგან ნასყიდი.
ეს წარწერაც პირველი წარწერის მსგავსად უთარიღოა და შინაარსის მიხედვითაც არა ჩანს როდინდელია. პალეოგრაფიულადაც ძნელია წარწერის თარიღის შესახებ რისიმე თქმა, რადგან ძალიან დაუდევრადაა ამოჭრილი. მხოლოდ ერთი ასო – ა იქცევს ყურადღებას თავისი არაჩვეულებრივი მოყვანილობით: აღმაა შებრუნებული, ნალისებურია და ზედა განივი ხაზი ტანს არ ეხება. ამგვარი ა, როგორც ამას ქვემოთ, განძანის წარწერების განხილვისას აღვნიმნავთ, (იხ. აქვე, გვ.100), მხოლოდ XIII საუკუნიდან შეიმჩნევა ქვაზე გაკეთებულ წარწერებში, ამის მიხედვათ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, ბურნაშეთის წარწერა XIII ს-ზე ადრინდელი არაა.
პროფ. ნ. ბერძენიშვილის აზრით წარწერა „იმითაა განსაკუთრებით საინტერესო, რომ ტერმინი "დაგიწერეს" გვერდით აქ იხმარება ტერმინი „მოგეც“ იმავე შინაარსით59.
როგორც წარწერის შინაარსიდანა ჩანს, ვინმე გიორგი (თუ გრიგოლი) ბურნაშეთის მღვდელთ აძლევს ნასყიდ ყანას. უნდა ვიფიქროთ, რომ ესაა ჩვეულებრივი შეწირულების საბუთი, რომლითაც გიორგი ყანას სწირავს ბურნაშეთის ეკლესიას, მაგრამ კი არ წერს რომ ეკლესიას შევწირეო, არამედ: მღვდელთ (როგორც ეკლესიის ქონების გამგებელთა) მოგეციო. ამდენად ეს თავისებური შეწირულების საბუთია და საყურადღებოა დიპლომატიკის თვალსაზრისით. აქაც, ისევე, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, შემწირველი არჩევს ნასყიდი მიწის, როგორც „მიუდევარის“ შეწირვას.
თქეროანი, როგორც ჩანს, გეოგრაფიული სახელია - ალბათ სოფელი. დღეს ასეთი პუნქტი არ არსებობს, ის არც ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.
სიტყვა ყანა ისტორიულ წყაროებში აღნიშნავს სახნავი მიწის ნაკვეთს60.
----------------------------------------------
56 Mélanges asiatiquo tirés du bulletin historico-philologique del'- Académie Impériale des sciences, t. II, 3me livr St. Pétersbourg, 1854,. 1854, გვ.341.
57. როსტომაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ. 41-42.
58. ნ ბერძენიშვილი, მიწათმფლობელობის "ფორმებისათვის ფეოდალურ საქართველოში, აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, II, 1956, გვ.122
59. ნ. ბერძენიშვილი. მიწათმფლობელობის ფორმებისათვის ფეოდალურ საქართველოში, აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, II, 1956, გვ. 122.
60. ივ ჯავახიშვილი, ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა - მეტროლოგია, 1925, გვ.137
|