topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

შ. ლეჟავა - მოსაზრებანი სვანეთში ქრისტიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით და ტრადიციული სვანური საცხოვრისი

<უკან დაბრუნება

მოსაზრებანი სვანეთში ქრისტიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით და ტრადიციული სვანური საცხოვრისი

შალვა ლეჟავა

ქრონოსი (N2, 2021)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი

თბილისი

გამომცემლობაში "მერიდიანი"

ნებისმიერი კულტუროლოგიური კვლევისას, როდესაც წარმოქმნილი მოსაზრების გასამყარებლად არ არსებობს მისი დამადასტურებელი სანდო ისტორიული საბუთი, ან შეუძლებელია მეცნიერული ცდის განხორციელება, აუცილებელი ხდება მოვიშველიოთ ეთნიკური ჯგუფის კოლექტიურ მეხსიერებაში ზეპირი გადმოცემების სახით შენარჩუნებული ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი, ეთნოგრაფთა მიერ დაფიქსირებული უადრესი ჩანაწერები; გავიაზროთ ჩვენთვის საყურადღებო ცვლილებების განმმარტებელი ტრადიციად ქცეული წესები, ასევე მოვახდინოთ მათი შეჯერება ჯერ კიდევ შემორჩენილ საერო ხუროთმოძღვრულ, თუ საკულტო ძეგლებთან, ეკლესიათა კედლის მხატვრობის თავისებურებებთან, ხალხურ პოეზიაში, მითებსა თუ ზღაპრებში დაუნჯებულ, კონკრეტული ხალხისთვის ჩვეულ მითოსურ რეალობებთან, ენობრივ მახასიათებლებთან და ანალიზის საფუძველზე ვეცადოთ სათანადო დასკვნების ჩამოყალიბებას. ამ მცდელობისას განსაკუთრებული სიფაქიზეა აუცილებელი, რათა უნებლიედ არ განვიცადოთ ჩვენივე ვარაუდის ზეგავლენა და სასურველის სინამდვილედ წარმოჩენას ავერიდოთ.

იმისათვის, რომ ერმა თვითმყოფადობა შეინარჩუნოს, აუცილებელი პირობა საერთო ენა და მასთან ერთად ის კულტურულ-მსოფლმხედველობითი ფასეულობებია, რომლებიც საბოლოოდ რელიგიის სახით მკვიდრდებიან. სწორედ ასეთ სარწმუნოებად გვევლინება ქრისტიანობა, რომელიც ქართველურ ეთნოსთა ძირითად მაკავშირებელ და ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ ძირითად მახასიათებლად იქცა. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ ცნობები ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ:

1) მოციქულთა მიერ განხორციელებული მისიონერული მოგზაურობანი და ქადაგებანი.

2) ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და მისი დირექტივული მეთოდით დამკვიდრება ცენტრალური ხელისუფლების მიერ

როდესაც IV საუკუნეში მირიან მეფემ და ნანა დედოფალმა სასწაულებრივი მოვლენების ზეგავლენით ქრისტიანობა აღიარეს და სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, მაგრამ ცხადია, არ ნიშნავდა მის მყისიერ დამკვიდრებას მთელ ტერიტორიაზე, მით უმეტეს კი ახალი რელიგიური ფასეულობების უპირობო გაზიარებას საზოგადოების მიერ. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი დროში საკმაოდ გავრცობილი იყო, მის განსახორციელებლად ქადაგების გარდა ძალმომრეობაც გამოიყენებოდა, რაც ქრისტიანობისთვის მრწამსობრივად მიუღებელია, ეს კი თავის მხრივ, როგორც წესი, უკუშედეგს იწვევდა იმდენად, რომ მაგალითად ეთნონიმი ფხოვი და ფხოველი ფაქტიურად გაქრა და დავიწყებას მიეცა, თუმცა ინგუშეთსა და ჩეჩნეთში ხევსურებს დღესაც „ფხი“-დ მოიხსენიებენ. რაც შეეხება მისიონერულ ღვაწლს და მის თანამდევ შედეგებს, მათ შესაფასებლად მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება, რაც, როგორც წესი, საისტორიო საბუთებში აისახება, ასევე და უფრო მეტადაც ხალხის მეხსიერებაში დამკვიდრებული და ჩვეულებადქცეული განწყობები.

ქართულ ძეგლებში ცნობა უადრესი მისიონერის - ანდრია პირველწოდებულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად სწორედ ანდრია მოციქულს თვლიდა და 1057 წელს ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის ავტოკეფალობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამტკიცებდა, რაც ოპონენტისთვის საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ანტიოქიის პატრიარქისთვისაც ეს ამბავი ცნობილი უნდა ყოფილიყო, რაც ამ ფაქტს მეტად სარწმუნოს ხდის. შემდეგ რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ ეს ყოველივე უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა. „მოციქულთაგან ერთი _ პირველწოდებული ანდრია, მოციქულთა თავის, პეტრეს ძმა ჩვენამდე მოვიდა, სახარების საცხოვნებელი ქადაგება მთელ საქართველოში იქადაგა, ერის ურიცხვი სიმრავლე ორმაგი ეშმაკეულობის საცთურისგან განაშორა და ასწავლა ერთი ღმერთის, ქრისტეს და მათი თანაარსის სულიწმიდის თაყვანისცემა“.1. გაბიძაშვილი, რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, გვ.179.

არსებობს არაერთი გადმოცემა, როგორც უცხოურ, ასევე ქართულ წყაროებში, ანდრია მოციქულის მისიონერულ მოგზაურობათა მარშრუტების აღწერით, მათ შორის საქართველოსა და კერძოდ სვანეთში, რომლებიც წმინდა მეცნიერული განსჯისას სათუოდ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ როდესაც საქმე რწმენას და აღმსარებლობას ეხება, მაშინ უპირატესი მნიშვნელობა ეთნოსის/ ერის მიერ სარწმუნოებრივი იდეის გაზიარებას და ყოველდღიურ ყოფაში მისი გამოვლინების ხარისხს ენიჭება.

ისტორიულ ქრონიკებს ერთი თავისებურება ახასიათებს, აქ უმეტესწილად აღიწერება ის მოვლენები, რომლებიც რადიკალურ ცვლილებებს, ან ძალადობრივ ქმედებებს ასახავენ, ხოლო მშვიდად მიმდინარე, თუნდაც მნიშვნელოვანი პროცესები მემატიანეთა ყურადღების მიღმა რჩება. სწორედ ეს ამბავია ჩვენი მსჯელობისთვის საგულისხმო. თუ გავიხსენებთ სვანთა სიმრავლეს, სამხედრო სიძლიერეს, მათ პოლიტიკურ აქტიურობას და მნიშვნელობას საერთო სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, ძნელად წარმოსადგენია აქ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის, როგორც ახალი რელიგიის შემოტანა, ძალადობრივ გატარება, ხოლო შემდეგ ამ ფაქტის ისტორიოგრაფების მიერ უყურადღებოდ დატოვება. გარდა ამისა, ზოგიერთი წყარო გვამცნობს, რომ სვანთა განსახლების, თუ მიგრაციის არეალად საკმაოდ დიდი სივრცე მოიაზრებოდა, ფაქტიურად მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, რაც ადასტურებს სხვა ქართველური ჯგუფების მსგავსად მათ კავშირებს ახლო აღმოსავლეთსა თუ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებულ კულტურებსა და ცივილიზაციებთან, აქედან გამომდინარე კი, შესაბამისად, ჩართულობას მიმდინარე პოლიტიკურ და რელიგიურ პერიპეტიებში, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს როგორც მინიმუმ ცოდნას ქრისტიანობის შესახებ უკვე მის საწყის ეტაპზე.

სვანეთში ქრისტიანული ეკლესიების სიმრავლე, რაც უცხოელ მკვლევართა გაოცებას იწვევდა და იწვევს, ჩვენთვის ჩვეული რეალობაა, ხოლო რაც ჩვეულია, მისი მრავალწახნაგოვანი უნიკალურობის სრულად აღქმა ხშირად პრობლემატური ხდება. დღეს არსებულ ტაძართაგან უადრესები IX-X საუკუნეებით თარიღდებიან, უკლებლივ ყველა მოხატულია გამორჩეული მხატვრული ოსტატობით შესრულებული ფრესკებით, რომლებიც ათასწლეულის მანძილზე მოუთხრობდნენ ერს და დღესაც გვესაუბრებიან ბიბლიურ _ ძველ და ახალაღთქმისეულ მოვლენებზე. მოსალოდნელი იყო და კვლევებმაც დაადასტურა, რომ ეკლესიების მშენებლობა უფრო ადრეულ პერიოდშიც ხორციელდებოდა. 2001 წელს სვანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ეცერის საკრებულოს სოფელ ფხუტრერში გათხარა ღმრთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი, რომლის ქვეშ აღმოაჩინა უფრო ადრეული, სწორკუთხა, უაფსიდო ეკლესიის (6,40 X 5,90 მ.) ნაშთი, რომელიც თანმხლები არქეოლოგიური მასალითა (ხალიანი მინა, კერამიკა) და ხუროთმოძღვრული სტილით V საუკუნით თარიღდება (რეზო ხვისტანი).1.მასალა აღებულია წიგნიდან: ხვისტანი, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, გვ.78.

ყურადღებას იპყრობს ასევე ზოგიერთი სვანური ტოპონიმისა და წოდების მსგავსება ბიბლიაში გამოყენებულ აზრობრივად ანალოგიურ სახელებთან. სვანეთის ერთი ნაწილის, კერძოდ კი ლატალიდან მოყოლებული უშგულის ჩათვლით თემებისა და არეალის აღსანიშნავად, თავისუფალ ან უბატონოსთან ერთად, წოდება ბაალ-ს (!) ზემო სვანეთი-ს გამოყენება, რომელიც კარგა ხანია, სამწუხაროდ უმეტესწილად სახეცვლილი ფორმით _ ბალ-ს ზემო ფორმით დამკვიდრდა. ერთი ხმოვანი ამოვარდა და მასთან ერთად ამ სახელთან დაკავშირებული მნიშვნელობაც ბუნდოვანი გახდა. თავად ის ფაქტი რომ ტერმინის საწყისი, თავდაპირველი არსი მივიწყებულია, მის არქაულობაზე უნდა მიუთითებდეს. დღეს გამოთქმას „ბაალს ზემო სვანეთი“ უკავშირებენ ტოპონიმ „ბაალის/ბალის/ ქედს“ - უშბის ქედის სამხრეთ დადაბლებულ ბოლოს, რომელიც მდინარეების დოლრისა და ენგურ-მესტიაჭალის აუზების წყალგამყოფს წარმოადგენს და მიჩნეულია ისტორიულ საზღვრად სადადიშქელიანო _ ბაალს ქვემო სვანეთსა და ბაალს ზემო ანუ უბატონო, თავისუფალ სვანეთს შორის.

რა თქმა უნდა, ტოპონიმები შემთხვევით არ ჩნდება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები არიან, თუმცა დროთა განმავლობაში სიტყვები სახეცვლილებას განიცდიან, მათი თავდაპირველი მნიშვნელობა დავიწყებას ეძლევა და შესაბამისად მათთან დაკავშირებული ამბავიც ქარწყლდება. სახელდება „ბაალ“-თან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სადღეისოდ სვანურში თითქოსდა არ იძებნება თავისი მნიშვნელობით ტოპონიმის წარმოქმნისათვის აუცილებელი დატვირთვის მქონე მსგავსი ჟღერადობის სიტყვები. (1) ბალ /უმლაუტით/ - საჭედლო საბერველი; (2) ბალე /უმლაუტით/ _ ფოთოლი; (3) ბალე - ბეწვი; (4) ბალე _ ღორის დამარილებული და გამხმარი კუჭი; მაჭიკი.1.თოფურია, ქალდანი, სვანური ლექსიკონი მაგრამ თუ გავიხსენებთ ახლო აღმოსავლეთის (ქანაანური ცივილიზაცია) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღვთაებას - „ბაალ“-ს (Etym. ba’al), რომლის დემონიზაციაც უკვე ძველ აღთქმაში ხდება, კერძოდ, მოსეს რჯულის მიერ მის მიმართ დაწესებული აკრძალვები, როდესაც წინასწარმეტყველები ბაალს კერპთაყვანისმცემლობის მთავარ სიმბოლოდ მიიჩნევდნენ და მის გამოყენებას ბატონისა, თუ უფლის სინონიმად უარყოფითად აღიქვამდენ და იმასაც, რომ ეს დამოკიდებულება უცვლელად გადმოდის ახალ აღთქმაში, მაშინ ლოგიკურად ყველაფერი მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება - „ბაალ“-ს ზემო, ანუ საბატონოს ზემო, ანუ უბატონო სვანეთი.

დამაფიქრებელია მეორე მაგალითიც - ძველაღთქმისეული ტერმინი - „მორეჰ“, რომელიც როგორც არსობრივ, ასევე ჟღერადობით მსგავსებას ამჟღავნებს სვანურ ჩვეულებით სამართალში მონაწილე მედიატორის წოდებასთან _ მორვარ/მორავ. სვანეთში მოდავე მხარეების შერიგებას ახდენდნენ „მორვარები“, „მორვარ ღერმეთი ნაწასვ ლიხ“ - მორვები ღვთისგან გაჩენილნი არიანო - იტყვის ხოლმე სვანი“.1.ნიჟარაძე („თავისუფალი სვანი“), ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, გვ. 95. ხოლო ებრაული სიტყვა „მორეჰ“ ნიშნავს „მოძღვარს“, „მერჯულეს“ (კიკნაძე, ხუთწიგნეულის თარგმანება). ეს მოსაზრებაც, რა თქმა უნდა, შემდგომ კვლევას საჭიროებს.

დიმიტრი ბაქრაძე სვანეთში მოგზაურობის აღწერისას აღნიშნავს _ სვანებს სწამთ, რომ ისინი მართლმადიდებლებად თვით ქრისტეს მიერ არიან მოქცეულნი და მას შემდეგ არ შეუცვლიათ თავიანთი სარწმუნოება.2.Бакрадзе, Сванетия, გვ.41 („...в них есть убеждение, что они обращены в православие самим Иисусом Христом и что они с тех пор не изменяли своей веры“).

სვანეთში ქრისტიანობის გავრცელებას რომ თან სდევს ეკლესიების მშენებლობა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პროცესებთან დაკავშირებული, ყოველდღიურ ყოფაში, კერძოდ კი საცხოვრისებში განვითარებული ცვლილებები. ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზე, მაგრამ, როგორც სჩანს, ქრისტიანულმა მოძღვრებამ სვანური სახლის ინტერიერის არქიტექტონიკა შეცვალა - ახალი წარმოქმნა, რაც მიგვანიშნებს, რომ ქრისტიანობა, როგორც რელიგია, საზოგადოების მიერ უკვე გათავისებული იყო და, შესაბამისად, მისი უმეტესი ნაწილი მზად იყო ახალი სარწმუნეობრივი ცვლილებების მისაღებად.

როგორც ცნობილია, ადამიანთა საცხოვრისი თავისივე ბინადრების დარად, განვითარების გარკვეულ ეტაპზე იცვლის თავის „ბუნაგურ“ არსს და მეტნაკლებად ხდება იმ სულიერი, საკრალური დანიშნულების მქონე, ფილოსოფიურ-რელიგიური მრწამსის გამომხატველი და მატარებელი, რომელიც მისი შემოქმედი ეთნოსის მსოფლმხედველობითი მახასიათებელია. ეთნოკულტურაში „სახლი“ ერთსა და იმავდროულად საბინადროცაა, თავდაცვითი ნაგებობაც და საკულტო ფუნქციების მატარებელი ტაძარიც, მისი შემქმნელი კონკრეტული ეთნოსის განვითარების, მის კოლექტიურ მეხსიერებაში აღბეჭდილი მრავალშრიანი ისტორიის მატერიალიზირებული ხატი, იმ წინმსწრები მოვლენების ჩათვლით, რომლებიც შემდგომ, დროის რაღაც განსაზღვრულ მომენტში არსებული სინამდვილის წინაპირობასა და საფუძველს წარმოადგენენ.

სვანური სახლი „ქორ“, საქართველოს სხვადასხვა კუთხის საცხოვრისთან მრავალ მსგავსებასთან ერთად, მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი თავისებურებებით გამოირჩევა და ეს ყველაზე მეტად მისი პირველი, ოჯახის ძირითადი სამყოფელი სართულის „მაჩვიბ“-ის ინტერიერში წარმოჩინდება.

ის რაც მაჩვიბს უნიკალურობას ანიჭებს, ადამიანურ შინასა და პირუტყვის სადგომის გამყოფი ტიხარია - ისგნტაფ/ლეჭუნდარი, რომელშიც საქონლისათვის თავის გამოსაყოფი, თაღოვანი ღიობებია გამოჭრილი და მის გაყოლებაზე, საცხოვრისის ცენტრალური, წმიდათაწმინდა ადგილის - კერის მხარეს პირუტყვის საკვები ბაგებია მოწყობილი. მთელი ეს არქიტექტურული ანსამბლი კვეთილი ორნამენტითაა შემკული და საცხოვრისის შიდა სივრცის განუყოფელ, მხატვრულად ღირებულ და იდეურად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ეს გამყოფი კედელი, თავისი, ორ სივრცე-სამყაროს მაკავშირებელი თაღოვანი სარკმელებით, რაც როგორც ლოგიკურად, ასევე ემოციურად იწვევს ქრისტიანული ეკლესიის საკურთხევლისწინა ზღუდის _ კანკელის ასოციაციას, წარმოადგენს მაჩვიბის იმ უჩვეულო მახასიათებელს, რომლის მსგავსის მოძიება ჯერ ვერ მოხერხდა.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც სჩანს, ისგნტაფ/ ლეჭუნდარის ამ სახით დაფუძნება მაჩვიბის ინტერიერში, არა როგორც ყოფითი აუცილებლობით განპირობებული ევოლუციური განვითარების, არამედ იმთავითვე კონკრეტული, მატერიალურზე აღმატებული იდეის განხორციელების გამიზნული შედეგია.

1. 

სვანეთში მრავალგზის მგზავრობისა და სვანური ტრადიციული საცხოვრის „ქორ“-ის, განსაკუთრებით კი მისი მაჩვიბების შესწავლისას, როდესაც ვხედავთ კერაზე დანთებულ ცეცხლს, თუ თვალნათლივ წარმოვიდგენთ იქვე მყოფ დედას ახალშობილ ჩვილთან ერთად და დავაკვირდებით ბოსლიდან ისგნტაფ/ლეჭუნდარის ღიობებში თავგამოყოფილ, მათკენ მაცქერალ პირუტყვთა თავებს, შეუძლებელია არ გაგვიჩნდეს განცდა, რომ ყოველივე ეს უშუალო კავშირშია მაცხოვრის შობის მოვლენასა და მის ხატებასთან: „7. და შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და შეხჳა იგი სახუევლითა და მიაწვინა იგი ბაგასა, რამეთუ არა იყო მათა ადგილ სავანესა მას“ (სახარებაჲ ლუკაჲსი 2, 7).

რა შეიძლება იყოს ამ ვარაუდის დამადასტურებელი?

2. 

სამწუხაროდ სვანეთში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ წერილობითი საბუთები იმდენად მწირია, რომ ამჯერად ჩვენთვის საყურადღებო საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ირიბად მიმანიშნებელ ცნობებს, ძირითადად ეთნოგრაფების მიერ მოპოვებულ ზეპირი გადმოცემების მაფიქსირებელ ჩანაწერებში შეიძლება მივაკვლიოთ.

სვანეთში ტრადიციულად ქალს ფეტვის ჩალაზე ამშობიარებდნენ და ამ წესს ასეთი ახსნა ჰქონდა _ „ღმრთისმშობელმაც ფეტვის ჩალაზე იმშობიარა“-ო. ახლადშობილის ქვეშსაგებადაც ფეტვის ჩალასავე იყენებდნენ.

სვანეთში ჩვილის ჩასაწვენ აკვანს ბებიაქალი მოამზადებდა. ფეტვის ჩალას ზემოდან ქეჩის ნაჭერი და ნარმის ზეწარი ეფინა.1.ბურდული, ქართული ტრადიციული სამედიცინო ცოდნა. გვ.20.

ძველად ქალს მაჩუბში არ ამშობიარებდნენ, იგი სახლიდან მოშორებით, ცალკე მდგარ ნაგებობაში, მიწაზე უნდა ემშობიარებინათ. მიწაზე გაშლიდნენ ჩალას, ჩალაზე ნაბადს და იქ დააწვენდნენ.2.კოჟევნიკოვას ჩანაწერებიდან, ხელნაწერი, 1930 წ., სოფ ნაკიფარი, იფარის თემი, ჩაწერილია სვანურად (მასალა მოგვაწოდა ქალბატონმა მანანა ხიზანიშვილმა).

ფეტვი ზოგადად საკრალურ მცენარედ მიიჩნეოდა და მისი მარცვლეული რიტუალური პურების ლემზირების გამოსაცხობად გამოიყენებოდა, ხოლო სვანეთში ფეტვის კულტურისა და სიუხვის მფარველ ღვთაება/წმინდანად იონა წინასწარმეტყველი ითვლება.

როგორც ცნობილია, იონა წინასწარმეტყველის ცხოვრება მიიჩნევა მინიშნებად ახალი აღთქმისეული მოვლენებისა, რის დასტურადაც საღმრთისმეტყველო ლიტერატურაში ჩვეულებრივ მათეს სახარების ის ადგილია მითითებული, სადაც თვით მაცხოვარი პასუხობს მწიგნობართა და ფარისეველთა:

„39. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იგი იონა წინაწარმეტყუელისაჲ.

40. რამეთუ ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრეთ იყოს ძე კაცისაჲ გულსა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე“ (მათე, 12).

3. 

იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიები, რაც თავისდათავად იშვიათობაა, სვანეთში სამია დადასტურებული: ლატალის თემის სოფელ იანაშში, ლენჯერის თემის სოფ. ქაშვეთში.1.ქ-ნ ვერა ბარდაველიძეს მოხსენებული აქვს ნანგრევების სახით (ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმუნეობის ისტორიიდან, გვ.65).  და იფარის თემის სოფ. იელში.2.დღეს მას იოანე მახარებელსაც უწოდებენ, XIV საუკ. (ყენია, ალადაშვილი, ზემო სვანეთი, გვ.62). ძველაღთქმისეულ წმინდანებს შორის იონა წინასწარმეტყველი ერთადერთია, რომელიც უფლის ნებას ეურჩა, რასაც მოჰყვა მისი დასჯა, სინანული და შეწყალება; ლატალის იონა წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში, საკურთხეველის გვერდით, სამხრეთ კედელზე, ფრესკაზე გამოსახულია იონას ხსნა ვეშაპისაგან, ხოლო მაცხოვრის შობა ის საწყისი სახარებისეული მოვლენაა, რასაც მოჰყვება ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, აღდგომა და ამაღლება.

ყოველივე ამაზე ფიქრისას შეუძლებელია ყურადღების მიღმა დარჩეს სვანეთშივე, ეკლესიის ფასადებზე შემორჩენილი, ერთი შეხედვით ქრისტიანულ ტრადიციასთან მიმართებით ალოგიკური, სცენები `ამირანდარეჯანიანის~ საგმირო ეპოსიდან, რომლის ერთ-ერთი ფრაგმენტი პირდაპირ ეხმიანება ბიბლიურ თქმულებას, ასეთია ლენჯერის თემში, სოფელ ლაშდხვერში ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახული ამირანის ბრძოლა ვეშაპთან, წარწერით – „ოდეს ამირან ვეშაპმან (შთ)ანთქა: ვეშაპი მოკლა: და გამოვედ“ (XIV-XV საუკ.), და ასევე უშგულში სოფ. ჩაჟაშში მაცხოვრის ეკლესიის ფასადური მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტი იმავე ეპოსიდან (XVII საუკ.).

4. 

ამავდროულად, თუ გავიხსენებთ იმ ეთნო-რელიგიურ სიმბიოზს, რომელიც არაერთი საუკუნე არსებობდა სვანეთში წინარექრისტიანულ ტრადიციასა და კანონიკურ ქრისტიანობას შორის, მაშინ შესაძლოა კვლევის შემდგომ გასაგრძელებლად დასაშვებად მივიჩნიოთ ის კავშირები, რაც ერთი შეხედვით არსებობს მაჩუბის ინტერიერით გამოწვეულ მაცხოვრის შობასთან დაკავშირებულ ალუზიებს, ხალხურ ტრადიციებს, საერო ეპოსსა და იონა წინასწარმეტყველის ძველაღთქმისეულ წერილთან მიმართებაში.

 

 

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:

ბარდაველიძე, ქართველთა უძველესი სარწმუნეობის ისტორიიდან – ბარდაველიძე ვ., ქართველთა უძველესი სარწმუნეობის ისტორიიდან, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“, V, 1951

ბურდული, ქართული ტრადიციული სამედიცინო ცოდნა – ბურდული მ., ქართული ტრადიციული სამედიცინო ცოდნა, ახალციხე, 2010.

თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს – თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, თბილისი, 2017.

თოფურია, ქალდანი, სვანური ლექსიკონი - თოფურია ვ., ქალდანი მ., სვანური ლექსიკონი, თბილისი, 2000.

კიკნაძე, ხუთწიგნეულის თარგმანება - კიკნაძე ზ., ხუთწიგნეულის თარგმანება, თბილისი, 2012.

ნიჟარაძე, ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები - ნიჟარაძე ბ., ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, თბილისი,1964.

ნიჟარაძე („თავისუფალი სვანი“), ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები _ ნიჟარაძე ბ. („თავისუფალი სვანი“), ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, ტ. I, თბილისი, 1962.

გაბიძაშვილი, რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა - გაბიძაშვილი ე., რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, თბილისი, 1978.

სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები - სილოგავა ვ., სვანეთის წერილობითი ძეგლები, თბილისი, 1988.

ურუშაძე, ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებებში _ ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებებში, თბილისი,1964.

ყენია, ალადაშვილი, ზემო სვანეთი - ყენია რ., ალადაშვილი ნ., ზემო სვანეთი, თბილისი, 2000.

ქალდანი, ცენტრალური კავკასიონის მთიელთა კოშკური კულტურა - ქალდანი ა., ცენტრალური კავკასიონის მთიელთა კოშკური კულტურა, თბილისი, 1990.

ჩართოლანი, ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან - ჩართოლანი მ., ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, თბილისი, 1961.

ხარაძე, რობაქიძე, სვანეთის სოფელი ძველად _ ხარაძე რ., რობაქიძე ალ., სვანეთის სოფელი ძველად, თბილისი, 1964.

ხვისტანი, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის - ხვისტანი რ., მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბილისი, 2009.

Бакрадзе, Сванетия – Бакрадзе Д., Сванетия, „Записки Кавказскаго отдела Императорскаго Русскаго Географическаго общества“, книжка VI, 1861.

Лежава, Джандиери, Архитектура Сванетии – Лежава Г. И., Джандиери М. И., Архитектура Сванетии, Москва, 1938.

Меликишвили, К истории древней Грузии – Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тбилиси, 1959.

 

Shalva Lezhava

Considerations about the Establishment of Christianity in Svaneti and traditional Svan Dwelling

Summary

CHRONOS N2, 2021

Journal of the Ivane Javakhishvili Institute of History and Ethnology

Tbilisi

The article considers the opinion on the possible sacral significance of a traditional residential building in one of the regions of Georgia, Svaneti and the ethnoreligious symbiosis that has existed for centuries between local pre-Christian customs and the newly established canonical Christianity. Just in the context of this idea the focus here is on the alleged attempt to visualize the story of the birth of the Savior in the daily life of a particular ethnos, isolated from the outside world. We are talking about the changed purpose of the partition separating the housing for people and livestock, its functional meaning and artistic decoration; the peculiarities of the local rules of childbirth and their explanations are discussed. The use of plots of centuries-old folk heroic ethos in the painting of the facades of Christian churches is especially noted. The opinions expressed in the article are hypothetical and require further study

 

ილუსტრაციები:

1. მაჩვიბი, ინტერიერის ნაწილი - ისგნტაფ/ლეჭუნდარი ბაგებითურთ, ფოტო შ. ლეჟავა.

2. სვანეთი, ლატალი, სოფ. ლახუშდი, თანღილი, შობა, XIII საუკ., ფოტო შ. ლეჟავა.

3. ლატალი, იენაში, იონას ხსნა ვეშაპისაგან, ფრაგმენტი, ფოტო მ. კილაძე.

4. ლენჯერი, სოფ. ლაშდხვერი (XIV-XV საუკ.), ტატიანა შევიაკოვას შესრულებული ასლის ფრაგმენტი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.

Illustrations:

1. Machvibi, part of the interior – Isgntaf / Lechundari with stalls, photo by Sh. Lezhava.

2. Svaneti, Latali, the village of Lakhushdi, Tanghili, Nativity of Christ, XIII century, photo by Sh. Lezhava.

3. Latali, Ienashi, Jonah’s salvation, fragment, photo by M. Kiladze.

4. Lenjeri, the village of Lashdkhveri (14th-15th centuries), a fragment of a copy made by Tatiana Shevjiakova.