topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ბ. ცხადაძე - ზოგი გარეული ცხოველის სახელებისაგან წარმოქმნილი საკუთარი სახელისა (მგელა // გელა,....) და გვარის (მგელაძე, გელაშვილი.) ეტიმოლოგიისათვის

<უკან დაბრუნება

ბადრი ცხადაძე

ზოგი გარეული ცხოველის სახელებისაგან წარმოქმნილი საკუთარი სახელისა (მგელა // გელა,....)

და გვარის (მგელაძე, გელაშვილი....) ეტიმოლოგიისათვის

სალიტერატურო-სამეცნიერო ჟურნალი - პარალელი, 2019 წ. N11, გვ.198-202

ვუძღვნი საქართველოში (დმანისში) პირველყოფილი ადამიანის (ე.წ. "პირველი ევროპელების“), "ზეზვასა და მზიას" პირველ აღმომჩენს, სტუდენტობისდროინდელ ჩემს მეგობარს, არქეოლოგ ნუგზარ მგელაძეს

დღემდე ქართველი მეცნიერებისათვის ცხადზე ცხადია, რომ ქართული გვარ-სახელები დიდი ხნის წარმოქმნილია. ჩვენ ვართ იმ ერებს შორის (ბერძნები, იტალიელები, ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები, ჩინელები...), რომლებშიც საზოგადოების ეს სოციალური ერთეული საუკუნეებს ითვლის [1, 3]. „ქართული სახელებისა და გვარების შესახებ შეიძლება მთელი ტომები დაიწეროს და მაინც არ იქნეს ამოწურული მთელი სიღრმე-სიგანით ეს მეტად საინტერესო უბანი ქართული ენისა, სადაც ქართველი ერის ისტორიის ესა თუ ის მხარეა ასახული“. ეს სიტყვები აკად. ა. შანიძეს ეკუთვნის. გვარების კვლევა მეტად სახიფათო, საფრხილო და საძნელო საქმეა. ამიტომაც მათი კვლევით მეოცე საუკუნის მკვლევრნი იშვიათად იყვნენ დაკავებულნი, მეცნიერებისაგან უფრო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოხდა სასიკეთო და სახეცვალებადი დამოკიდებულება (ს. ჯანაშია, პ. ინგოროყვა, ი. მაისურაძე, ი. ახუაშვილი და სხვ.), მაგრამ საკვლევი უფრო მეტია, ვიდრე გაკეთებული.

თანამედროვე კვლევა-ძიებანი გვარ-სახელთა კუთხით განსაკუთრებული პროდუქტიულობით გამოირჩევა, მეტიც: დღეს ერთგვარი ბუმი და შეტევაა ქართული გვარების მკვლევართა და საკვლევაძიებო გზაზე. ჩანს, აქ უფრო ეიოლებათ „ამომწურავი“ ფანტაზიების გამოვლენა. არადა სწორედ გვარის წარმოქმნა და წარმოშობა არის ურთულესი პროცესი, თანაბრად რომ იერთებს ისტორიულსა და სოციალურ-პოლიტიკურ და ლინგვისტურ მხარეს. გვარი ერის სიმდიდრეა და მისი სოციალურ-პოლიტიკური, სოციოკულტურული და ინტელექტუალური დონის მაჩვენებელი. ადამიანთა გვარ-სახელებში კოდირებულია ტაბუ, მითი თუ ახლო წარსული... გვარში იშიფრება ყველაზე დიდი ღირსებები და დიდი დამარცხებები; სახელი და გვარი მაგიურ წარმონაქმნადაც მიაჩნიათ ზოგი დარგის პროფესიონალთ.

გვარისა და მეტსახელის პირველსაწყისი კულტურის პირველსაწყისებია; რაც უფრო მეტია გვარი, მით აღმატებულია ერი და ნაცია.

როგორც ერთ სპეციალურ სამეცნიერო ნაშრომში ვწერდით, გამოკვლევა ცალკეული გვარის შესახებ, სამწუხაროდ, ჩვენში იშვიათად დაწერილა, ვფიქრობთ, თითოეული გვარსახელი სწორედ ზედმიწევნობით უნდა იქნას გამოკვლეული. ქართული გვარ-სახელები და ქართველები, ჩვენი ისტორია... ასეთ მიდგომასა და ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს [2, 267].

ქართული გვარ-სახელების ერთერთი სემანტიკური ფენა ცხოველებსა და ფრინველებს, კერძოდ, გარეულ ცხოველებს, მათ სახელებს უკავშირდება. ქართულმა სოციალურმა ეთნოყოფამ ისტორიულად ამა თუ იმ ქართველის წინაპრის მოქმედება, გარეგნობა, სიმამაცე, ქცევა და ა. შ. სიმბოლურად ცხოველთა და ფრინველთა სამყაროს დაუკავშირა. ასე გაჩნდა ქართულ სინამდვილეში სახელები და მეტსახელები: ნადირა, ჯიხვა, ძაღლიკა, ვეფხია, ვეფხვა, ლომი, ლომა, ქურციკ, ცხვარა, ქორი, არჩვა, ხარა, ხარაი, მელა, ტურა, ტურია, მგელა (_> გელა _> გილა), გელუა, გელო, გელია..., ხოლო მათგან წარმოიშვა: ნადირაძე, ნადირაშვილი, ნადარაია, ჯიხვაშვილი; ჯოღორია, ვეფხვაძე, ლომიძე, ლომაძე, ლომაური (_> ლომოური), ლომაური, ლომთათიძე, ლომსიანიძე, ქურციკიძე, ცხვარაძე, ქორიძე, ქირია, არჩვაძე, ხარაძე, ხარაული, ხარაიშვილი, მელაძე, მელაშვილი, მელივა, მელივაძე, მელუა, ტურავა, ტურაძე, ტურაშვილი, ტურიაშვილი, ტურაბელიძე, მგელაძე, გელაშვილი (<_მგელაშვილი), გელოვანი, გელიაშვილი, გილაური (<_ გელაური <_ მგელაური; ჩეჩნური გვარი გილაევიც კი ქართულ ფუძედ გამოჩანს)..., ამ ჩამოთვლილთაგან გვარი გელაშვილი ქართველურ გვარებს შორის, გვარის მატარებელთა მრავალრიცხოვნებით, საქართველოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

ამჯერად, ამ სტატიაში, მხოლოდ მგელ ნომენსა და მისგან წარმოქმნილ გვარ-სახელ მგელაძეზე შევჩერდებით.

გვარი მგელაძე და მისი ფონეტიკურად სახენაცვალი (მ-თავკიდურდაკარგული) გელაძე ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. დღეს, ერთი შეხედვით, მხოლოდ „გურული“ წარმოშობისად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ამ გვარ-სახელით ცნობილია იმერეთიც. მაგალითად, მერაბ კეზევაძის მიერ გამოცემული წიგნცნობარში „ქართული გვარ-სახელები იმერეთში“ XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან მგელაძეებს (//გელაძეებს) უცხოვრიათ იმერეთის ისეთ სოფლებში, როგორიცაა: ახალდაბა, გურნა, დაბაძველი, თერჯოლა, კითხიჯი, საქარა, ძიროვანი. ამავე ცნობარის მიხედვით, სოფელ ძიროვანში მგელაძეები აგიაშვილის საბატონო გლეხები არიან [3, 116], გურნაში - ყიფიანისა (მოხსენიებულია გვარის ორი სახესხვაობით მგელაძედ და გელაძედ) [3, 18], დაბაძველში - საეკლესიო გლეხებად [3, 18], თერჯოლაში - მხეიძის გლეხებად [3, 37], კითხიჯში - აბაშიძის საბატონო გლეხები არიან [3, 45], ხოლო საქარაში გელაძედ და აბაშიძის საბატონო გლეხებად ჩანან [3, 78].

მგელა, გელა, გელია ისტორიულად ჯერ ადამიანის მეტსახელი უნდა ყოფილიყო, ხოლო შემდეგ ადამიანის (მამაკაცის) საკუთარ სახელად (ანთროპონიმად) ქცეულა. ეს რომ ასეა, ცხადყოფს, XX საუკუნის 90-იან წლებში ზესტაფონის რაიონის სოფელ ზოვრეთში ბაბუაჩემის _ უშანგი ჩხიკვაძისაგან მონათხრობი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ჩხიკვაძეები წარმოშობით გურიიდან იმერეთში გადმოსახლებულან, მათ ერთ-ერთ წინაპარს კი გელია, გელო რქმევია. ამ სოფლის ჩხიკვაძეები (სულ სოფელ ზოვრეთში შვიდი მოსახლე ანუ კომლია, განაყარი ჩხარელი ჩხიკვაძეებისა) შინაურულად ერთმანეთს ახლაც ასე ესიტყვებიან: „რავა ხარ, გელო“.

მგელი ერთ-ერთი უძველესი სიტყვაა ქართულ ენაში. მგელი და მისი ვარიაციული ფორმები ქართველურ ენების მიხედვით ასეთია: მეგრულად მგელს „გერი“ ჰქვია, სვანურად „თხეერე“. ცხადია, ეს უკანასკნელი სხვა ძირია და მგელ ფუძესთან არაფერი აქვს საერთო. საინტერესო ისაა, რომ სვანურად, სვანურ ენაზე (ყველა დიალექტის მიხედვით), მთელ სვანეთში მონადირეს „მეთხვიარ“ ჰქვია (ზედმიწევნით - „მგელზე მონადირე’’), რომლის მნიშვნელობა ენამ შემდგომ გააფართოვა - მგელზე მონადირე და ნადირობის აღმნიშვნელ საერთო სიტყვა-ტერმინად - მონადირედ მოგვევლინა: მეთხვიარ _> ა) მხოლოდ მგელზე მონადირე _> ბ) მონადირე (შდრ. ქართული ტერმინი: მონადირე, რომელსაც ფუძედ არაქართული წარმოშობის ლექსემა უდევს - ნადირ-ი).

მგელი საერთო ქართველურ სამყაროში პრეისტორიულ ხანაში ქართველ-კავკასიელთა ტოტემი იყო, სწორედ ამიტომ შეარქვეს ძველმა სპარსელებმა საქართველოს ერთ ნაწილს (ამჟამინდელ ქვემო ქართლს) გუგარენი, სომხურად გუგარქ, ხოლო კასპიის ზღვას - გურგანის ზღვა. როგორც მოგვეხსენება, გურგან სპარსულად მგელს ნიშნავს (შდრ. დიდი ქართველი მეფის ვახტანგის სპარსელთაგან შერქმეული სახელი - მუზარადის მიხედვით _ ზეწოდება „მგლის(ლომ)თავიანი“ - „გორგასლანი“ (// *გურგასლანი) _ გორგასალი; ასევე ხალხური გამოთქმა და ხალხური ლექსის ნაწილი - „ალგეთს ლეკვები მგლისანი“).

სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მგელი და მგლის მონათესავე ცხოველები (მელია, ძაღლი და ტურა) ქართველებს ტოტემად ჰყავდათ მიჩნეული, ასევე ქართველების მონათესავე და მეზობელ ტომებს - დაწყებული კავკასიიდან ვიდრე პირენეებამდე [4]. მგლის ტოტემზე და მისგან წარმომდგარ ქართველურ ეთნონიმებს სპეციალურად ეხება ე. ხინთიბიძეც [5].

უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, მგლის (იმავე ძაღლის, ტურის) ტოტემი რომ უნდა არსებულიყო, საეჭვო მართლაც არ უნდა იყოს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართველური ანთროპონიმიკა, გვარ-სახელები უხვად შეიცავს ამის დამადასტურებელ ფაქტებს. აღორძინების ხანის პერიოდის ქართულ ანთროპონიმიაში მამაკაცის საკუთარ სახელად „სამგელეც“ კი გვხვდება: მაგალითად, „1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდ დავთარში“ ერთ ადგილას წერია: „ბერი ძე სამგელესი“, გვ. 217. ამავე წიგნში საკუთარ სახელად არაერთხელ გვხვდება გელია, გელითა... [6].

შეიძლება დავასკვნათ: მგელი, ტურა, მელა... და მათგან წარმოქმნილი ანთროპონიმები, მეტსახელები და გვარ-სახელები ერთ-ერთი უძველესი პლასტია ქართველურ ეთნოყოფით და ენობრივ სამყაროში, ისე როგორც მსოფლიოს მრავალ ენაში (რუს. „ვოლკ“, გერმ. „ვოლფ“ და ა. შ.).

 

ლიტერატურა

1. რ. თოფჩიშვილი, როდის წარმოიქმნა ქართული გვარ-სახელები. თბ., 1997.

2. ბ. ცხადაძე, ორი ქართული გვარ-სახელის „გასიტა“ და „გასიტაშვილ“-ის წარმომავლობისა და ურთიერთმიმართებისათვის. სალიტერატურო-სამეცნიერო ჟურნალი „პარალელი“, 2013, #5, გვ. 266-275.

3. მ. კეზევაძე, „ქართული გვარ-სახელები იმერეთში“ XIX საუკუნის 40-იანი წლები. ცნობარი შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა მერაბ კეზევაძემ, ქუთაისი, 2004.

4. მ. მიქელაძე, მითების, ლეგენდების, ჰიპოთეზებისა და ვარაუდების კვალდაკვალ, თბ., 2001.

5. ე. ხინთიბიძე, „ქართველური ეთნონიმები“, თბ., 2003.

6. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი I. ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, გამოკვლევითა და ფაქსიმილეებით; გამოსაცემად მოამზადეს აკად. სერგი ჯიქიამ და პროფ. ნოდარ შენგელიამ, თბ., 2009.