topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ე. კოჭლამაზაშვილი - ხურსიმე მოციქულის ვინაობისათვის

<უკან დაბრუნება


ექვთიმე კოჭლამაზაშვილი

ხურსიმე მოციქულის ვინაობისათვის

კადმოსი (ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნალი) 1, თბილისი 2009 წ., 294-296

სტატიის წყარო

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ზაზა სხირტლაძემ ჩვენი ყურადღება მიაპყრო სამთავისის საკათედრო ტაძრის საკურთხეველში მოციქულთა შორის გამოსახულ ერთ ფიგურას, რომელსაც გარკვევით აწერია "ხ-რსიმე მც-ქლი".

როგორც ცნობილია, საკურთხევლის მოხატულობა შესრულებულია XVII საუკუნეში მელიტონ სამთავნელის მიერ გივი ამილახორის შეკვეთით. ფრესკული წარწერები ორენოვანია: ქართული ასომთავრული და არაბული. ანალოგიური ორენოვნება შეინიშნება იმავე ხანის რამდენიმე სხვა ქართული ეკლესიის ფრესკების წარწერებსა და ფერწერულ ხატებზე.

რით აიხსნება XVII საუკუნის ქართულ ძეგლებზე არაბული წარწერების გაჩენა - ეს კითხვა დღევანდლამდე უპასუხოდ რჩებოდა. მხოლოდ ახლახან, ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებაში თამარ მესხმა დამაჯერებლად დაასაბუთა, რომ ხსენებული არაბული წარწერები უნდა აიხსნას სინაის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის ბერძენ მოწესეთა მოღვაწეობით საქართველოში. საისტორიო საბუთები მოწმობენ, რომ სწორედ XVII ს-ში სინელებს ქართველ მეფეთა და დიდებულთა მხარდაჭერით მეტოქები და მამულები ჰქონიათ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, და აქტიურ საეკლესიო მოღვაწეობას ეწეოდნენ. არაბული კი, სინაის მთის მდებარეობის გამო, იქაურ მოღვაწეთათვის ლამის მშობლიური ენა იყო.1

მოციქულთა გამოსახულებანი სამთავისის საკურთხევლის მოხატულობის ორ რეგისტრშია განაწილებული: ზედა რეგისტრში, რომელიც უფლის ხორცითა და სისხლით ზიარებას ასახავს, ათორმეტი მოციქულია გამოსახული, ქვედა რეგისტრში კი - 70 მოციქულთაგანნი: ანანია, ეგნატე (ღმერთშემოსილი), სტეფანე (პირველმოწამე), დიონისე არეოპაგელი, იაკობ ძმა უფლისა, იუდა ძმა უფლისა და ლაზარე (მეგობარი ქრისტესი).2 მათთანვე არიან გამოსახულნი გრიგოლი პართელი (სომეხთა განმანათლებელი) და გაურკვეველი ვინაობის "ხ-რსიმე მც-ქლი".

გივი სოხაშვილი, რომელმაც მონოგრაფია მიუძღვნა სამთავისის ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის შესწავლას, "ხ-რსიმე" ქარაგმას ხსნის ასე: "ხურსიმე".3

მონოგრაფიაზე დართული სქემიდან ჩანს, რომ "ხ-რსიმე მც-ქლი" გამოსახულია "სიმიონ ძმა უფლისასა" და სტეფანე პირველმოწამეს შორის, მათ მოპირდაპირედ კი წმ.გრიგოლ პართელის, წმ.ლაზარესა და წმ.ლავრენტის გამოსახულებებია (ტაბ. 45-46).

ვინაა "ხურსიმე მოციქული" და როგორ მოხვდა მისი გამოსახულება სამთავისის საკურთხევლის ფრესკაზე?

იერარქიული რიგი, რომელშიც "ხურსიმე მოციქულია" მოქცეული, ამ პირს გულისხმობს 70 მოციქულის შემდგომ, ალბათ "მოციქულთა სწორთა" რანგში, რადგან იგი უშუალოდ მოსდევს გრიგოლ პართელს,4 საკუთრივ მოციქულთა შორის კი, რა თქმა უნდა, მის ძიებას ვერ შევუდგებით.5

"ხ-რსიმეს" სახელი მოგვაგონებს ხრისოს, რომელსაც ზოგიერთი ავტორი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთ სამოცდაათთაგან მოციქულად იხსენიებს.6

ეს ის ხრისოა, რომელიც მოხსენიებულია წმ.სუქიასა და მის თანამოწამეთა ("მესუკავეთა") წამებაში. ხრისო ყოფილა არა 70-თაგანი მოციქული, არამედ მოწაფე იუდა მოციქულისა (სხვა ვერსიით - თადეოზისა), რომელიც საქართველომდე არ მოსულა, სომხეთშივე აწამეს, მაგრამ საქარ­თველოს დაუკავშირდა იმდენად, რამდენადაც 19 ალბანელი დაიმოწაფა.

მესუკავეთა წამება ქართულად თავდაპირველად IX-X სს-ში უთარგმნიათ სომხურიდან.7 მეორე თარგმანი, საფუძვლიანად გადამუშავებული და მეტაფრაზირებული, ეკუთვნის ანტონ I კათალიკოსს (XVIII ს.), რომელმაც ეს თხზულება თავის "მარტირიკაში" შეიტანა.8

სავარაუდოა, რომ "მესუკავეთა" ("სუქიაეთთა", ე.ი. სუქიას მიმდევართა) საქართველოსთან დაკავშირება უძველეს დროშივე მომხდარა (საინტერესოა სომხური ვერსია, სადაც ხრისო და სუქია გაიგივებულები არიან: ხრსო ოქროს ნიშნავს ბერძნულად, და სუქიაც, უფრო სწორად - ოსკი, ოქროსვე ნიშნავს სომხურად). ალბათ, ამიტომაც, ქართველები სხვა მოციქულებსა და მოციქულთა მოწაფეებზე უფრო მეტ პატივს მიაგებდნენ ხრისოს, რაც სამთავისის კედლის მოხატულობაშიც აისახა.

ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ სამთავისის საკურთხეველში "ხ-რსიმე" (რაც, შესაძლოა, "ხრსოს" სახეცვლილებაა), წმ.მოციქულთა-სწორის, გრიგოლ პართელის მოპირდაპირე მხარესაა გამოსახული (გრიგოლ პართელი ხომ სომხეთის განმანათლებელია და, ერთ-ერთი გადმოცემით, საქართველოშიც უქადაგია!), ხოლო გრიგოლ პართელის გვერდით - იუდა მოციქულის ფრესკაა.

იუდასა და ხრსოს (= "ხ-რსიმე") წინ წამოწევა (რამდენადაც სხვა მრავალი მოციქული და მოციქულთა მოწაფე ფრესკაზე ვერ მოხვდა), შესაძლოა, იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ქართველთათვის ეს მოციქულნი ახლობელნი შეიქნენ მათი მოწაფეების (სუქაიეთთა, მესუკავეთა) გამო, და საკურთხეველშიც ღირსეული ადგილი დაიკავეს.

ფრესკაზე წარწერილი სახელის ფორმა კი ("ხ-რსიმე"), და მისი მიმართება ხრისოსთან შემდგომ კვლევას ითხოვს.

ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ შევნიშნოთ, რომ "ხ-რსიმე" ქარაგმა, შესაძლოა, გაიშალოს არა მარტო "ხურსიმე", არამედ "ხრსიმე" ფორმითაც (ამ შემთხვევაში უფრო აშკარა შეიქნებოდა მისი ნათესაობა "ხრსოსთან"). და "ხურსიმეც" რომ ყოფილიყო, ეს მაინც ვერ გამორიცხავდა მის კავშირს "ხრსოსთან", რადგანაც სამთავისის ფრესკების წარწერებში ბევრი აშკარა შეცდომა იჩენს თავს,9 და ერთ-ერთი შეცდომა ესეც რომ იყოს, გასაკვირი არ არის.

 

----------------------------------------------

1. თამარ მესხი, ხონისა და სამთავისის ეკლესიათა ფრესკების არაბული წარწერების წარმომავლობისათვის: საერთაშორისო კონფერენცია "ბიზანტინოლოგია საქართველოში - 3", მოხსენებათა თეზისები, თბილისი-ახალციხე-ტაო-კლარჯეთი (25-30 სექტემბერი, 2009), 73- 74. სამთავისის ფრესკების წარწერების ბერძნიზმები (მაგალითად, "არეოპაგელის" ნაცვლად "არეოპაითი") მოწმობს, რომ მოხატვაში ბერძენი ოსტატებიც მონაწილეობდნენ.

2. უფრო ქვედა რეგისტრი, ჩვეულებისამებრ, წმ.მღვდელთმთავართა გამოსახულებებს უკავია. ამჟამად ისინი ძალზე დაზიანებულია და იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

3. გივი სოხაშვილი, სამთავისი (მასალები ტაძრის ისტორიისათვის), თბ., 1973 წ., გვ.53-55.

4. მოხატულობის იმ რეგისტრში, რომელშიც "ხურსიმე მოციქულია" გამოსახული, ფიგურები განლაგებულია ასეთი იერარქიული თანმიმდევრობით: ანანია მოციქული, იუდა ძმა უფლისა, წმ.სიმიონი, გრიგოლ პართელი, ხურსიმე, ლაზარე, სტეფანე პირველმოწამე და წმ.ლავრენტი (გ. სოხაშვილი, დასახ. ნაშრ., ტაბ.45-46).

5. ასეთი სახელის მქონე პირი მოციქულთა შორის არ იხსენიება არც ბერძნულ წყაროებში და არც ქართულში. იხ. Lipsius, Acta apostolorum apocrypha, ტ.I-II.

6. ხრისოს მოციქულებრივ ღვაწლს აღნიშნავს და საქართველოსთან აკავშირებს მიხეილ თამარაშვილი (იხ. მისი მონოგრაფია: "ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე", თბ., 1995, 188). ხრისოს 70-თაგან მოციქულად იხსენიებს (მ. თამარაშვილის კვალდაკვალ) ეპისკოპოსი ანანიაც: "არა მარტო 12 მოციქულთაგან, არამედ 70 მოციქულთაგანაც ყოფილან საქართველოში და უქადაგნიათ აქ. მაგალითად, ქართლის ქრონიკების თანახმად, ასეთი ყოფილა 70 მოციქულთაგანი ხრისო, რომელსაც ალბანეთში (იბერიის ნაწილში იმ დროს) მოუნათლავს 19 კაცი" (ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ.I, ახალციხე, 1982-88 წწ.)

7. ადრინდელი თარგმანების შესახებ იხ.: ილია აბულაძე, ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X სს-ში, თბ., 1944. აგრეთვე: ლ. მელიქსეთ-ბეგი, სუქაველნი ძველს ქართულ მწერლობაში, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე VI, 1925; ივ. ჯავახიშვილი, ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, I, 1935.

8. ეს თარგმანი პირველად დაიბეჭდა მ. საბინინის "საქართველოს სამოთხეში~" (გვ.821-629), მეორედ - "ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებში" (ტ.VI, გვ.340-352).

9. შეცდომითაა წარწერილი, მაგალითად, გრიგოლ პართელის სახელი: "გრიგოლი პტელია". შეცდომები, შესაძლოა, ბერძენი ოსტატის მიერ იყოს დაშვებული (იხ. აქვე, შენიშვნა 1).