topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მ. ინაძე - ლეგენდა და ისტორიული სინამდვილე კოლხეთის შესახებ პლინიუს უფროსის ცნობებში

<უკან დაბრუნება

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები

ТРУДЫ ТБИЛИССКОГО ГОСУДАРСТВЕННОГО УНИВЕРСИТЕТА ИМ. И.ДЖАВАХИВИЛИ

PROCEEDINGS OF I. JAVAKHISHVILI TBILISI STATE UNIVERSITY

ტ.349, 2003, გვ.302-312

მერი ინაძე,

ლეგენდა და ისტორიული სინამდვილე კოლხეთის შესახებ პლინიუს უფროსის ცნობებში

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პლინიუს უფროსი (ახ.წ. I ს.), უპირველეს ყოვლისა, იყო ისტორიკოსი, ხოლო შემდეგ ბუნებისმცოდნე, გეოგრაფოსი და სხვ. ძნელია დანამდვილებით იმის მტკიცება, თუ რამდენად შეესაბამება ეს აზრი ჭეშმარიტებას, მაგრამ უდავოა, რომ პლინიუსის „ბუნების ისტორიის“ ის ნაწილი, სადაც წარსული ფაქტები, ან ავტორის თანადროული პოლიტიკური მოვლენები და ამბებია გადმოცემული, როგორც საისტორიო წყარო, არანაკლები მეცნიერული ღირებულებისაა, ვიდრე მის ნაშრომში დაცული გეოგრაფიული აღწერილობანი1*.

ასეთი ჩანართები საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი „ბუნების ისტორიის“ იმ ნაწილშიც, სადაც საუბარია პონტოს აღმოსავლეთ სანაპიროზე - კოლხეთზე. პლინიუსი, როგორც ოფიციალური პირი2**, კარგად იცნობდა ახ.წ. 60-70-იანი წლების შავიზღვისპირეთში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს; მისი ზოგიერთი წინამორბედი ავტორისაგან განსხვავებით, პლინიუსს თავის ნაშრომში შეაქვს საინტერესო ფაქტები და დეტალები (303) ძვ.წ. I - ახ.წ. I სს-ში მომხდარი ამბების შესახებ, აგვიწერს კოლხეთის ქალაქების მდგომარეობას რომაელთა მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდგომ ხანაში: დიოსკურიის დაცარიელებას, ჰენიოხთა მიერ პიტიუნტის გაძარცვას, გვამცნობს რომაელთა ციხე-სიმაგრეების (castellum-ების) არსებობის შესახებ აფსაროსსა და სებასტოპოლისში, გვაუწყებს მდინარე ფასის-რიონის სამდინარო მაგისტრალის გასწვრივ განლაგებულ ქალაქთა დაცემას და სხვ. (Plin., VI, 12, 13, 14).

მართალია, მდინარე რიონის სანაოსნო გზის გაყოლებით მდებარე ქალაქების დასახელებისას პლინიუსი მათ უმრავლესობას მითიური სახელებით იხსენიებს, მაგრამ აღნიშნულ ქალაქთა შესახებმას აქვს კონკრეტული, სავსებით რეალური ცნობებიც (მითითებები მდინარე ფასისის შესართავსა და ამ ქალაქთა შორის არსებული მანძილების შესახებ და სხვ.). ასეთია, სახელდობრ, ცნობა ქალაქ ეაზე, რომელიც ავტორის ჩვენებით, მდინარე ფასისის შესართავიდან 15 ათასი ნაბიჯით ყოფილა დაშორებული. პლინიუსი აქვე აღნიშნავს მდინარეებს ჰიპოსსა და კინეოსს, რომელნიც ქალაქ ეას მახლობლად ერთვოდნენ მდ.ფასისს (VI, 14). აქედან ჩანს, რომ ამ მითიური სახელწოდების ქალაქში იგულისხმება რიონის შესართავიდან არც თუ დიდი მანძილით დაცილებული, კოლხეთის უძველესი საქალაქო ცენტრი3*.

მითიურ სახელწოდებებს მიმართავს პლინიუსი ასევე მდ.ფასისის გასწვრივ მდებარე სხვა ქალაქების დასახელების დროსაც (ტინდარიდა, კირკეუმი) (Plin, VI, 13), თუმცა ამ შემთხვევაშიც ნათლად ჩანს, რომ ავტორი ემყარება ძველთაგანვე რიონის ქვემო დინების გაყოლებით მრავალი საქალაქო ცენტრის არსებობის ფაქტს, რაც სხვა წყაროებით (ჰიპოკრატეს ცნობებით) (2, 34) და ასევე ამ მხარის არქეოლოგიური დაზვერვებითაც დასტურდება (3,31-34; 4,31-33).

პლინიუსის ისტორიული ცნობების სანდოობის დადგენის თვალსაზრისით ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე ინფორმაცია მდინარე ფასისზე ნაოსნობის შესახებ. პლინიუსის ჩვენების მიხედვით, ფასისზე აღმა ცურვა დიდი გემებისათვის შესაძლებელი იყო (304) მასში მდინარე სურიუმის (თანამ. მდინარე სულორი) შერწყმის ადგილამდე, სადაც მდებარეობდა ამავე სახელწოდების ქალაქი, ხოლო უფრო შორ მანძილზე იგი გამოსადეგი იყო მცირე გემებისთვისაც (VI, 13)4*.

ამასთან დიდ ინტერესს იწვევს ის გარემოება, რომ პლინიუსის ეს ცნობები ძირითადად ემთხვევა სტრაბონის გადმოცემას მდინარე ფასისზე ნაოსნობის შესახებ. მართალია, სტრაბონთან ვერ ვხვდებით მანძილების პლინიუსისეულ რიცხობრივ გამოთვლებს, მაგრამ ბერძენი გეოგრაფოსის თანახმად, წყალსავსე და სანაოსნოდ გამოსადეგი ფასისი ხდება მასში გლავკოსის (ყვირილას) და ჰიპოსის (ცხენისწყლის) შერთვის შემდეგ (6,2, 17), ხოლო ფასისზე აღმა ცურვა (იგულისხმება პატარა გემებისათვის), შესაძლებელია შორაპნამდე (6, 2, 17).

აღსანიშნავია ასევე პლინიუსის და სტრაბონის ცნობების დამთხვევა მდინარე ფასისზე 120 ხიდის არსებობის შესახებ5**.

აქვე ისმის კითხვა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში პლინიუსის წყარო. ვფიქრობთ, ოფიციალურ მონაცემებთან ერთად რომაელი ავტორი სარგებლობდა სტრაბონის წყაროს თეოფანე მიტილენელის ცნობებთან ახლო მდგომი ინფორმაციით, რომელიც სავარაუდოა, დაცული ჰქონდა თავის ნაშრომში მარკუს ტერენციუს ვარონს. გადმოცემით, ვარონი, ისევე როგორც თეოფანე, იყო პომპეუსის ლაშქრობათა მონაწილე. ამდენად მას ადვილად მიუწვდებოდა ხელი რომაელი სარდლის თანამგზავრთა ჩანაწერებზე მდ. ფასისის შესახებ.

პლინიუსის გადმოცემით, ვარონს ჰქონია შეკრებილი ცნობები კიროს-ფასისის სამდინარო გზის შესახებაც (IV, 77).

ამრიგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფასისზე ნაოსნობის შესახებ პლინიუსს საკმაოდ ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა. მასთან დაცული კონკრეტული მონაცემები, გამოთვლები, (305) რომლებიც ოფიციალურ წყაროებს უნდა ემყარებოდეს, ძირითადად სწორად გადმოგვცემენ მდინარე ფასისზე ნაოსნობის სურათს და ამ მხრივ იქ არსებულ ვითარებას6*.

რამდენადაც ვანის რელიგიურ-პოლიტიკური ცენტრის ტერიტორიაზე (ახვლედიანების გორა) აღმოჩენილი ელინისტური ხანის ბერძნულ წარწერაში დადასტურებული სახელი - სურისი (6, 131, 142) მოწმობს, უდიდესი მეცნიერული ღირებულება აქვს აგრეთვე პლინიუსთან დაცულ ცნობას ქალაქ სურიუმზე, რომელსაც რომაელი ავტორი მდინარე ფასისის გაყოლებით, მის დროს უკვე არარსებული ცენტრებისაგან განსხვავებით, აწმყო დროში მოიხსენიებს და აღნიშნავს „ახლა არსებობს მხოლოდ სურიუმი“ (Plin., VI, 13).

პლინიუსის ზემოთ მოტანილი ცნობა იმით იქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ ერთ დროს ფასისის სანაოსნო მაგისტრალზე მდებარე ქალაქი სურისი, იგივე სურიუმი, კოლხეთზე რომაელთა ბატონობის შემდეგაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის სიღრმეში არსებული, საქონლის გამანაწილებელი დიდი სავაჭრო ცენტრი, საიდანაც რომაელი ვაჭარ-საქმოსნები მსხვილ საკომერციო ოპერაციებს ახორციელებდნენ შავიზღვისპირეთის ცენტრებთან. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ვანში დიდი რაოდენობით ვერცხლის და ოქროს რომაული მონეტების აღმოჩენა (7, 84, 85) და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქ გამოვლენილი პერგამონული წარმომავლობის, ახ.წ. დასაწყისით დათარიღებული, წითელლაკიანი კერამიკის ნიმუშები. კერამიკის ამ ჯგუფის გამოვლენა ვანის ნაქალაქარზე საფუძველს ქმნის ვივარაუდოთ ახ.წ. დასაწყისში ამ ქალაქის ურთიერთობა გარე სამყაროსთან და დაუშვათ ელინისტური ხანის დასასრულს მომხდარი ნგრევის შემდეგ მისი მცირე ხნით აღორძინება (8, 50).

მართლაც, ვანის ქალაქი — სურიუმი, მისი მონაწილეობის მიუხედავად იმდროინდელ სააღებმიცემო ურთიერთობებში, როგორც სავაჭრო ცენტრი, მალე საბოლოო დაცემას განიცდის (9, 208, 209)7**.

როგორც საისტორიო წყარო, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა (306) პლინიუსის გადმოცემა კოლხეთის მეფე სავლაკის შესახებ. ავტორი გვაუწყებს, რომ „კოლხეთში აიეტის შთამომავალი მეფე სავლაკი (Saulaces), ამბობენ, დიდძალ ოქრო-ვერცხლს პოულობდა სვანების ტომთა მიწა-წყალზე და საერთოდ თავის სახელმწიფოში, რომელიც განთქმული იყო ოქროს საწმისებით“. ამასთან უმატებს: „ლაპარაკობენ აგრეთვე ოქროს კამარებზე, ვერცხლის კოჭებზე, სვეტებზე და პილასტრებზე, რომელნიც მან ნადავლად წამოიღო ეგვიპტის ფარაონ სეზოსტრისისგან“ (Plin., VI, XXXIII, 52) (12, 13) (13, 39).

მოტანილ გადმოცემაში შემონახული დეტალები (კოლხეთის მეფის კონკრეტული სახელის - სავლაკის და სვანთა ოქრო-ვერცხლით მდიდარი მიწის მოხსენიება), ჩვენ ხელთ არსებულ მონაცემებთან ერთად (ამის შესახებ ქვემოთ) მოწმობენ, რომ სავლაკი რეალურ-ისტორიული პიროვნებაა, გვიანელინისტური ხანის კოლხეთის დამცრობილი სამეფოს (პოლიტიკური ერთეულის) მფლობელია. ასეთი სამეფო ერთეულის არსებობა დასტურდება პლინიუსის გადმოცემის შედარებით სტრაბონის ცნობასთან, რომელშიც თუმცა ძალზე ლაკონურად, მაგრამ ფრიად ნიშანდობლივად არის აღწერილი უძველესი ხანიდან მითრიდატე ევპატორის გაბატონებამდე (ძვ.წ. II ს-ის მიწურულამდე) კოლხეთში არსებული ვითარება (9, 180, 181); იგივე დასტურდება ამ გადმოცემის შეჯერებით ქართულ საისტორიო ტრადიციაში შემონახულ ზოგიერთ რეალიასთან, იმდროინდელ ფაქტებთან და მოვლენებთან, ეპიგრაფიკული და ნუმიზმატიკური მონაცემების მოშველიებით.

კვლევამ ჩვენ იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ელინისტური ხანის (ძვ.წ. III ს.) კოლხეთში კვლავ არსებობს სამეფო, რომლის ხელისუფალი ფლობს არა მთელ კოლხეთს მასში შემავალი საგამგებლო ერთეულებით ანუ სკეპტუხიებით, არამედ მხოლოდ ქვეყნის ერთ ნაწილს, რომელიც, ქართულ საისტორიო ტრადიციას თუ გადავხედავთ, მოიცავს კავკასიონის ქედსა და რიონისპირეთს, შავ ზღვასა და ეგრისწყალს შორის მდებარე მიწა-წყალს (შიდა ეგრისი). ქვეყნის დანარჩენი ნაწილი კი რჩებათ სკეპტუხებს, რომელნიც აღარ ცნობენ კოლხეთის სამეფოს პოლიტიკურ გავლენას, მისგან ცალკე არიან გამდგარნი, რაც სტრაბონის ცნობის მიხედვით, აისახება კოლხეთის ოდესღაც ძლიერი სამეფო ხელისუფლების შედარებით დასუსტებაში (მის ზომიერებაში) (9, 193)8*.

(307) მეორე მხრივ, კვლევა-ძიებით ისიც ირკვევა, რომ ლეონტი მროველის ე.წ. „ეგრისის საერისთავოში“ (რომელიც თითქოს ფარნავაზის გამეფების შემდეგ შექმნილა კოლხეთის ადრინდელ მფლობელ ქუჯისათვის), სინამდვილეში უნდა იგულისხმებოდეს არა საერისთავო, არამედ სწორედ ეს დამცრობილი კოლხეთის სამეფო, რომელსაც მართავდა ზომიერი ძალაუფლების მქონე ხელისუფალი.

ზემოთქმული იმის მაჩვენებელია, რომ როდესაც კოლხეთის მესვეურს განუდგნენ მის სამეფოში შემავალი სკეპტუხიები - ძველი სამეფოს საგამგებლო ერთეულები, კოლხეთის სახელმწიფოებრიობამ სწორედ შიდა ეგრისში - კავკასიონის და რიონისპირეთს შორის მოქცეულ ქვეყანაში - ძველი კოლხეთის სამეფო სახლის ამ ძველთაძველ მამულში (დომენში), ამჟამად კი ქართლის ცხოვრების ქუჯის სამართავად განკუთვნილ ქვეყანაში, შემოინახა თავი. მანვე იკისრა კოლხეთის ძველი სამეფოს ტრადიციების გამგრძელებლისა და მემკვიდრის როლის შესრულება.

ვფიქრობთ, სწორედ ამ დამცრობილი კოლხეთის სამეფოდან იღებდა სათავეს ბერძნულ-რომაულ მწერლობაში დაცული, სავსებით კონკრეტული ცნობები ელინისტური ხანის კოლხეთის მეფეთა შესახებაც, რომელნიც თავის თავს მიიჩნევდნენ ლეგენდარული აიეტის ანუ ოდესღაც ძლიერი კოლხეთის სამეფოს ხელისუფალთა ჩამომავლებად.

პლინიუსის ეს ნახევრად ლეგენდარული ცნობა რომ უთუოდ შეიცავს ისტორიულ სინამდვილეს და იგი მართლაც გვიანელინისტური ხანის დამცრობილი კოლხეთის მეფის - სავლაკის სახელს უკავშირდება, ამის დასტური, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. მეფე სავლაკის სახელით მოჭრილი მონეტებია, რომლებსაც ზოგიერთი მკვლევარი მიაწერს ძვ.წ. 108-107 წლებში ბოსფორის სამეფოში აჯანყებულ სკვით სავმაკს. მაგრამ ამ მონეტების სპეციალისტთა მიერ დეტალურად ჩატარებულმა კვლევამ, 3 ასეთი მონეტის აღმოჩენამ სოხუმის მიდამოებში (მაშინ როდესაც ამ მონეტებს ბოსფორში საერთოდ არ ვხვდებით), მათ მსგავსებამ კოლხური თეთრის წვრილ ნომინალებთან (რევერსზე ხარის თავის გამოსახულებების იდენტურობა) და არისტარხეს სახელით მოჭრილ მონეტებთან, და ბოლოს ამ მონეტის ახალი, მესამე ტიპის დადასტურებამ9*, რაც მოწმობს მის საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ემისიას კოლხეთში (მაშინ, როდესაც სკვითი სავმაკი ერთ წელზე ნაკლებ ხანს მეფობდა), (308)

ჩვენი აზრით, საკმაო დამაჯერებლობა შემატა მკვლევართა იმ ვარაუდს, რომლის მიხედვით, დასახელებულ მონეტაზე იკითხება კოლხეთის მეფის სავლაკის სახელი (15, 199-203; 16, 171), და ამდენად პლინიუსის ცნობაში მოხსენიებულ მეფე სავლაკში მართლაც უნდა დავინახოთ გვიან ელინისტური ხანის კოლხეთის დამცრობილი სახელმწიფოს მესვეურის სახელი.

ამ დებულებამ დადასტურება ჰპოვა არქეოლოგიური კვლევა-ძიებითაც. დღეს მკვლევართ ხელთა აქვთ ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს (ნ. მათიაშვილის უბანზე) აღმოჩენილი მეფე სავლაკის მონეტა (თუმცა აქაც წარწერაზე L-ს თუ M-ს ადგილი დაზიანებულია, მაგრამ კომპიუტერზე შემოწმებამ (გ. კვირკველია) უჩვენა, რომ აქ ასო M-ისათვის ადგილი არა რჩება (17,47). ისე რომ ამ მონეტაზედაც სავლაკია სავარაუდებელი. ამრიგად, ვანში აღმოჩენილმა სავლაკის წარწერიანმა მონეტამ კიდევ უფრო განამტკიცა მკვლევართა (მათ შორის ჩვენს) მიერ ადრე გამოთქმული ვარაუდი, რომლის თანახმად, დასახელებულ მონეტაზე იკითხება გვიანელინისტური ხანის კოლხეთის რეალურად არსებული მეფე სავლაკის სახელი (რომელიც პლინიუსთანაა მოხსენიებული).

აქვე უნდა შევეხოთ ამ მონეტის დანიშნულებისა და მისი ემისიის ადგილის საკითხსაც.

საქმე ის არის, რომ სავლაკის მონეტები ვერცხლის და სპილენძის წვრილი ნომინალებია, მაშინ როდესაც კოლხეთის სამონეტო სისტემისთვის სრულიად უცხოა სამეფო ხელისუფლების მიერ სპილენძის მონეტის ემისია. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ სავლაკის მონეტების მოჭრა ფაქტობრივად ხორციელდებოდა ვანში დამცრობილი კოლხეთის სამეფო ხელისუფლების მოთხოვნით, წვრილ მონეტაზე ქვეყნის საშინაო ბაზრის საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ამ თვალსაზრისით სავსებით სწორი უნდა იყოს ზოგიერთი სპეციალისტის შენიშვნა, რომ სავლაკის მონეტის გამოშვება განპირობებული იყო არა მხოლოდ იურიდიული მოსაზრებებით, არამედ ეკონომიკური აუცილებლობითაც, წვრილი მონეტის საჭიროებით კოლხეთის საშინაო ბაზარზე მიმოქცევისათვის (ძვ.წ. II ს-ის დასასრულამდე)(14, 127;9,218).

რაც შეეხება სავლაკის მონეტის ვანში ემისიის საკითხს. ჯერ კიდევ ამ რამდენიმე წლის წინ ვანში („ახვლედიანების გორა“) მოპოვებული მასალის შესწავლის შედეგებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მთელი III და II სს-ის მანძილზე ვანი წარმოადგენდა კოლხეთის მთავარი სკეპტუხიის რელიგიურ-პოლიტიკურ ცენტრს, სადაც სამეფო სახლის საგვარეულოს ერთ-ერთი შტოს წარმომადგენელი იჯდა. (309)

ვანის სკეპტუხს ეკისრებოდა ქვეყნის მთავარსარდლის ფუნქციების შესრულებაც (ოლთაკე). აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვანის სკეპტუხიას ამ დროს (ძვ.წ. III ს-ის მიწურულსა და ძვ.წ. II ს.) ჰქონდა როგორც თავისი მმართველობის აპარატი, ისე საკუთარი სამხედრო ორგანიზაცია. ჩვენი აზრით, ქართლის სამეფოს პოლიტიკური გავლენისაგან განთავისუფლების შემდეგ (ძვ.წ. II ს-ის დასაწყისი), ვანის ქვეყანა, თუმცა ფაქტობრივად ცალკე პოლიტიკური ერთეულია, მაგრამ სხვა ყოფილი სკეპტუხიებისაგან განსხვავებით, მაინც გარკვეულ დამოკიდებულებაშია დამცრობილ კოლხეთის სამეფოსთან, თითქმის მთელი II საუკუნის მანძილზე არ წყვეტს მასთან პოლიტიკურ კავშირს, რასაც უთუოდ ისიც განაპირობებდა, რომ ამ ორ ერთეულს ადრიდანვე ერთი სამეფო სახლის წარმომადგენელნი მართავდნენ (9,216). ანალოგიური ვითარება დასტურდება მეზობელ კაპადოკიაში, სადაც კომანას თეოკრატიული გაერთიანების სათავეში მდგომი ქურუმი სამეფო საგვარეულოს განეკუთვნებოდა (Strabo, 12, 2, 3).

ამდენად, სავსებით კანონზომიერია, რომ, როგორც ამას სპეციალისტები ვარაუდობენ, ვანის სკეპტუხიაში მოეჭრათ არა მარტო ლისიმაქეს სტატერების მინაბაძები და ვანის ხელისუფალთ მათ პროტოტიპად აეღოთ დამცრობილი კოლხეთის სამეფოს კარზე ადრე (ძვ.წ. II ს-ის 90-იან 80-იან წლებში) მოჭრილი ბასილევს აკესის მონეტები, არამედ ამ სამეფოს საშინაო ბაზრისათვის საჭირო მეფე სავლაკის ვერცხლის და სპილენძის წვრილი ნომინალებიც. ყველაფერი ეს კი იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ კოლხეთის დამცრობილ სამეფოსა და ვანის სკეპტუხიას შორის, ძვ.წ. II ს-ის მთელ მანძილზე მაინც არსებობდა ძველთაგანვე შემორჩენილი პოლიტიკური კავშირი, თუმცა, უდავოდ, რამდენადმე შეცვლილი, უფრო ნომინალური (9,217)10*.

და ბოლოს, კოლხეთის მეფე სავლაკის შესახებ პლინიუსთან დაცული ცნობის რეალურ ისტორიული მნიშვნელობის შეფასებისას უთუოდ ანგარიშგასაწევია კიდევ ერთი მეტად საინტერესო დეტალი. სახელდობრ, ფრიად ნიშანდობლივად გვეჩვენება, რომ პლინიუსის გადმოცემაში სავლაკის სამფლობელო ქვეყნად კოლხეთთან ერთად ნაგულისხმევია სვანეთიც, სვანი ტომების მიწა, საიდანაც სავლაკს უამრავი ოქრო და ვერცხლი შემოდიოდა (9, 193, 194; 17, 47). რომაელი ავტორის ამ ჩვენებას სანდოობას მატებს ქართულ საისტორიო ტრადიციაში (ლეონტი მროველთან) დაცული ის რეალიაც, რომ ფარნავაზის მეფობის ხანაში ქუჯის საგამგებლო ქვეყანა (ე.წ. „საერისთავო“) შიდა ეგრისთან ერთად მოიცავდა სვანეთსაც (ქც. 1, 17-25)11*.

ამრიგად, კვლევის შედეგად იკვეთება შემდეგი დასკვნა: პლინიუსის ზემოთ განხილული ისტორიული ხასიათის ცნობების დიდი ნაწილი მომდინარეობს სარწმუნო წყაროებიდან. ეს ცნობები ადრეც საკმაოდ სანდოდ იყო მიჩნეული რიგი მეცნიერის მიერ, მაგრამ პლინიუსის ისტორიულ გადმოცემათა მეცნიერული ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ანტიკურ ავტორთა ნაშრომების, მათ შორის პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორიის“ წყაროთმცოდნეობით შესწავლას მხარში ამოუდგა არქეოლოგიური ძიებით მოპოვებული მასალა, რამაც შესაძლებელი გახადა ამ გადმოცემისაგან ლეგენდარული პლასტების ჩამოცილება და ისინი საქართველოს ისტორიის პირველხარისხოვან წყაროთა წრეში შეიყვანა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1* პლინიუსს დაწერილი ჰქონია ისტორიული ხასიათის ნაშრომიც. ამ ნაწარმოებს თვით პლინიუსი რამდენჯერმე იხსენიებს „ბურების ისტორიაში“ (Nat. Hist., praef., 20; II, 199, 231). ასეთი ნაშრომის დაწერას პლინიუსის მიერ მოწმობს ტაციტუსიც, რომელიც არაერთხელ იბსენიებს მას თავის „ანალებში“ და „ისტორიაში“ (Tacit., Ann., XIII, 20, 2; XV, 53, 3; Hist., III, 28).

2** პლინიუსი იყო იმპერატორების ვესპასიანეს და ტიტეს მრჩეველი და ფლოტის უფროსი. დაიღუპა ნეაპოლთან 79 წელს ვეზუვიუსის ამოფრქვევის დროს.

3* ქალაქ აიას ფაზისის შესართავის მახლობლად იხსენიებს კლავდიუს პტოლემაიოსი (ახ.წ. II) თავის გულგრაფიულ სახელმძლუაწელოში“ (Ptol., V, IX, 2) (1, 45) ტექსტის გამომცემელი ნ. ლომოური ქალაქ ეა - აიას შემდეგ კომენტარს ურთავს: „კოლხეთის მითიური დედაქალაქი, ლოკალიზაცია ვერ ხერხდება" (1, 56)

4* ყურადღებას იმსახურებს პლინიუსის მეორე ინფორმაცია მდინარე ფასისზე (რიონზე) ნაოსნობის შესახებ. ავტორის გადმოცემით, ფასისი სანაოსნოა მდინარეზე აღმა ცურვით ყველაზე დიდი გემებისათვის შესართავიდან 38.500 ნაბიჯის დაშორებით, ხოლო ამაზე შორ მანძილზე უფრო პატარა გემებისათვის არის გამოსადეგი (VI, 14). პლინიუსის მიერ მითითებული 38500 ნაბიჯი (57 კმ) დაახლოებით მოდის რიონთან ცხენისწყლის შერწყმის ადგილამდე. ცნობილია, რომ რიონის შესართავიდან ამ მანძილზე მდებარე სოფელ ორპირამდე რიონი დიდი გემებისათვის სანაოსნოდ გამოსადეგი იყო XIX საუკუნეშიც.

5** ფასისზე ნაოსნობის შესახებ პლინიუსის და სტრაბონის ზემოთ განხილულ ჩვენებათა შორის არსებობს გარკვეული სხვაობაც. სახელდობრ, პლინიუსის მიერ მოხსენიებული ჰიპოსი, სტრაბონისეული ჰიპოსისაგან განსხვავებით, არ უდრის თანამედროვე ცხენის წყალს, რადგან პლინიუსის მიხედვით, ჰიპოსი ფასისს ერთვის მისი შესართავიდან 15 ათ. ნაბიჯის (22 კმ.) დაშორებით, ე.ი. თანამედროვე ცხენისწყლის რიონთან შერწყმის ადგილიდან ბევრად უფრო დასავლეთით.

6* ვარაუდობენ, რომ პლინიუსი იყენებდა ავგუსტუსისა და აგრიპას მოღვაწეობასთან დაკავშირებით შესრულებულ გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულ ნაშრომებს, სარგებლობდა აგრიპას რუკაზე  აღნიშნული მანძილების გამოთვლებით და სხვ. (5, 48).

7** ამავე ხანებს განეკუთვნება რომაელთა მიერ ფასისის მაგისტრალზე კონტროლის დაწესება (10, 45; 11, 106, 107), რის შედეგად მათ ხელში გადავიდა როგორც კოლხეთიდან ბუნებრივი სიმდიდრის ექსპორტირების ორგანიზაცია, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სავაჭრო ურთიერთობა ზღვისპირა ქალაქებთან.

8* შიდა ეგრისი, ეს კოლხეთის ყველაზე ნაყოფიერი და ეკონომიკურად დაწინაურებული მხარეა, სადაც ეგრების აქტიური მონაწილეობით და კოლხთა მმართველი ბირთვის ჰეგემონობით ძვ.წ. VIII ს-ის დასასრულს იქმნება წინასახელმწიფოებრივი პოლიტიკური ერთეული (9, 107)

9*მონეტის ავერსზე მოთავსებულია ადამიანის თავის გამოსახულება, შემკული რადიალური გვირგვინით, რევერსზე - ვარდია გამოსახული. მონეტას ახლავს წარწერა: BASII.. SAU. (14) (15, 199-203).

10*მეფე სავლაკის მონეტის ვანში მოჭრას მხარს უჭერს ის გარემოებაც, რომ ვანი დღეს ერთადერში პუნქტია, სადაც გვხვდება ელინისტური ხანის ყველა მინაბაძის ფენომენი (ვანში აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის და ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ოქროს მონეტები, მათი ორივე მინაბაძი, მათ შორის ალექსანდრეს ადრეული ტიპის ორი მინაბაძი (18, 100, 101).

11* სვანეთის ადრიდანვე მოქცევას კოლხეთის სახელმწიფოს ეკონომიკურ სისტემაში უნდა მოწმობდეს აქ დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა, ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი 367 ცალი ოქროს სტატერი (სულ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია 375 ასეთი სტატერი) და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სოფ. ბეჩოს ზემოთ, სადაც აღმოჩნდა ალექსანდრეს სტატერები, ნაპოვნი იყო ოქროს ზოდებიც (3, 46, 50, 51).

სვანეთი ადრიდანვე მჭიდრო ეკონომიკურ კავშირში იყო კოლხეთთან. ეს მხარე წარმოადგენდა ერთ-ერთ უმთავრეს რეგიონს, საიდანაც კოლხეთი მარაგდებოდა ლითონით (სპილენძი, რკინა, ტყვია, თუთია, ვერცხლი). აქედანვე იღებდნენ კოლხეთის ხელისუფალნი (არა მხოლოდ სამეფოს ძლიერების პერიოდში, არამედ უფრო მოგვიანო ხანაში) ოქროსაც. მდინარეების - ენგურის, ცხენისწყლის, ტეხურის და რიონის ქვიშა გარკვეული რაოდენობით შეიცავს ოქროს (19, 92-99). ამას ადასტურებს სტრაბონის საყოველთაოდ ცნობილი გადმოცემაც სვანეთში ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ დაჩვრეტილი ვარცლებით და ბეწვიანი ტყავებით წყლის ნაკადებით ჩამოტანილი ოქროს შეგროვების შესახებ (11, 2 19).

ლიტერატურა

1. ლომოური ნ., კლავდიუს პტოლემაიოსი, „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“. ცნობები საქართველოს შესახებ (ტექსტი თარგმანითურთ, წინასიტყვაობა და კომენტარები). მსკი, ნაკვ. 32, თბილისი, 1955.

2. ყაუხჩიშვილი თ., ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1965

3. გრიგოლია გ., ფხაკაძე გ., ბარამიძე მ., ლორთქიფანიძე გ., დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიური ექსპედიციის 1966 წლის მუშაობის შედეგები. მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის, თბილისი, 1973, V.

4. გრიგოლია გ., ქართული არქეოლოგიისა და საისტორიო გეოგრაფიის ძირითადი პრობლემები. თბილისი, 1992.

5. Ростовцев М.И., Скифия и Босфор, Moсквa, 1925.

6. ყაუხჩიშვილი თ., ვანის ახლადაღმოჩენილი ბერძნული წარწერა. ქართული წყაროთმცოდნეობა, VII, 1987.

7. ხოშტარია ნ., ვანის არქეოლოგიური შესწავლის ისტორია. ვანი I, თბილისი, 1972.

8. მათიაშვილი ნ., ძვ.წ. III-I სს. კოლხეთის ქალაქების ეკონომიკური ისტორიიდან. თბილისი, 1977.

9. ინაძე მ., ძველი კოლხეთის საზოგადოება. თბილისი, 1994

10. Schur W., Die Orientalpolitik des Keisers Nero. "Klio", XV, Leipzig.

11. Charlesworth M, P. Trade-routes and commerce of the Roman Empire, L.

12. Lud. Janus-ის გამოცემა, ტ. V, 1878 (Teubneriana სერია).

13. ბერძნიშვილი მ., ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის, თბილისი, 1969.

14. Голенко К.В., Новый тип монет царя Сав(лака), Сообщ. AH. ГCCP, т.XXV, №1, 1960.

15. Голенко К.В., О монетах приписываемых Савмаку, ВДИ, 1951, №4.

16. Инадзе М.П., Причерноморские города древней Колхиды, Тбилиси, 1968.

17. ლორთქიფანიძე ოთ., იყო თუ არა სახელმწიფო კოლხეთი? კრებულში: ქართული სახელმწიფოებრიობის სათავეებთან, თბილისი, 2001; შეადარე დუნდუა გ., სავლაკი თუ სავმაკი?, „ოჩხარი“, ჯ. რუხაძისადმი მიძღ. ეთნოლოგიური, ისტორიული და ფილოლოგიური ძიებანი. თბილისი, 2002.

18. Дундуа Г.Ф., Нумизматика античной Грузии, Тбилиси, 1987.

19. ჭყონია ა., ვანის ნაქალაქარის ოქროს სამკაულები. ვანი VI. თბილისი, 1981.


МЕРИ ИНАДЗЕ

ЛЕГЕНДА И ИСТОРИЧЕСКАЯ ДЕЙСТВИТЕЛЬНОСТЬ В СВЕДЕНИЯХ О КОЛХИДЕ ПЛиния СТАРШЕГО

Резюме

В описании Колхиды, сохранившемся в «Естественной истории» Плиния Старшего, находим интересные факты и детали, связанные с историческими событиями, имевшими место в I в. до н.э. и I в. н.э. Он сообщает о положении городов Колхиды после завоевания страны римлянами, об опустении Диоскурии, падении городов вдоль р. Фасиса-Риони, разграблении г. Питиунта гениохами, существовании крепостей в Апсаре и Себастополисе и др. Правда, говоря о городах, расположенных по течению р. Риони, Плиний к большинству из них приурочивает мифические названия (Эa, Тиндарида, Киркей), (311) однако приведенные им же конкретные сведения об этих городах (расстояния между ними и устьем р. Фасиса и другие данные) носят вполне реальный характер. Реально-исторические сведения с легендарными преданиями Плиний смешивает и при сообщении о колхидском царе Савлаке, якобы потомке Аиэта, который находил много золота и серебра в земле сванов и вообще в своем государстве, известном золотыми рунами. Реальность существования Савлака, царствовавшего в позднеэллинистической Колхиде, подтвердила находка в Вани при археологических раскопках последних лет монеты, чеканенной именем этого царя. Исследование сведений Плиния о Колхиде привело нас к заключению, что эти сведения исходят из вполне достоверных источников, научная ценность которых подтверждается как археологическими, так и нумизматическими данными из Вани.

 

MARY INADZE

THE LEGEND AND THE HISTORICAL REALITY IN PLINY THE ELDER'S DATA ON COLCHIS

Summary

Interesting facts and details linked with historical events taking place in the 1" century B.C. and the 1" century A.D. are found in the description of Colchis, preserved in Pliny the Elder's "Natural History". He tells about the situation in the cities of Colchis, following the Roman conquest of the country the desertion of Dioscurias, fall of the cities along the river Phasis-Rioni, plunder of the city of Pityus by the Heniochi, the existence of fortresses in Apsarus and Sebastopolis, etc.

True, when talking of the cities located along the course of the Rioni, Pliny applies mythical names (Aea, Tindaris, Cyrce) to most of them, yet the concrete data given by him again on the same cities (distance between them and mouth of the Phasis and other data) are of absolutely real character.

Pliny mixes real-historical data with legendary traditions when telling of the Colchian King Saulaces too, allegedly the offspring of Aeetes, finding much gold and silver in the land of the Svanis and, generally, in the whole of his country, famous for its golden fleeces.

The reality of existence of Saulaces, reigning in late Hellenistic Colchis, was confirmed by the discovery in Vani during archeaological excavations of recent years of a coin minted in the name of this King. Study of Pliny's data on Colchis has led the author the conclusion that these data came quite reliable sourses, scholarly value of which is confirmed by both archaelogical and numismatic evidence from Vani.

გამოყენებული წყარო