topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ვ. გაბაშვილი - საქართველოს სავაჭრო ურთიერთობანი XII საუკუნეში

<უკან დაბრუნება

ვალერიან გაბაშვილი

საქართველოს სავაჭრო ურთიერთობანი XII საუკუნეში

თსუ შრომები, ტ.121, 1967; გვ.201-224

გამოყენებული წყარო

საქართველოს სავაჭრო ურთიერთობანი XII ს-ში ჯერ კიდევ არაა სათემადოდ შესწავლილი. თუმცა ქართველ ისტორიკოსებს აღნიშნული აქვთ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობის ფაქტები როგორც მახლობელ ისე შორეულ ქვეყნებთან.

აკად. ივ. ჯავახიშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის მაღალ დონეს XII ს-ის საქართველოში. მასვე ქართული, აღმოსავლური და ევროპული წყაროების მიხედვით დასახელებული აქვს საქონელი, რომელიც საქართველოდან უცხოეთში გაჰქონდათ ანდა შემოჰქონდათ.

ივ. ჯავახიშვილი წერდა: „საქართველოს აღებ-მიცემობაც როგორც შიგნით, ისევე საგარეოც განვითარებული ჰქონდა. ქართველ სოვდაგრებს მაშინ ისეთ შორეულ ქვეყნებთან ჰქონდათ ურთიერთობა, როგორც ეგვიპტე იყო სამხრეთით და რუსეთი ჩრდილოეთით, საექსპორტო ვაჭრობა ფართოდ იყო გავრცელებული. ეგვიპტიდან, ალექსანდრიიდან, მაგ., საუკეთესო ღირსების მატყლი მოჰქონდათ. თვით საქართველოდან, გეოგრაფ ზაქარია ყაზვინის ცნობით, ბამბა, მალემსრბოლი ცხენები და ჭორები, საუკეთესო ხარისხის მატყლი, აბრეშუმი, ტანისამოსი, ხალიჩები, ქურქები, სინდიყი (ვერცხლის წყალი) და სხვ. გაჰქონდათ. იტალიელი მოგზაურების სიტყვით, საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის ერთ-ერთ საგანთაგანს საუცხოვო ოქროქსოვილებიც შეადგენდა. ნავთიც კი გაჰქონდათ აქლემებითა და გემებით საქართველოს სახელმწიფოდან“1.

XIII ს-ის დამდეგს ანონიმური ავტორის მიერ სპარსულად დაწერილ გეოგრაფიულ თხზულებაში „აჯაიბ ად-დუნია“ („ქვეყნიერებათა საკვირველებანი) ჩამოთვლილია საქონელი, რომელიც თბილისიდან გადიოდა: უნაგირები, სხვადასხვა სახის სამხედრო საჭურველი, ბეწვეული, მინისა და ბროლის ნაკეთობანი2.

იაკუთის მიხედვით ქ. დმანისიდან უცხოეთში გაჰქონდათ აბრეშუმი3.

ალ-იდრიის ცნობით, თბილისიდან და მისი სანახებიდან დიდი რაოდენობით გადიოდა საღებავი მცენარეები4, რომელსაც წინა აზიის ქალაქებში ქსოვილების დასამზადებლად იყენებდნენ. (202)

„ისტორიანსა და აზმანში დასახელებულია საიმპორტო საქონლის ზოგიერთი სახეობა5. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაში დამყარებული ჰქონდა რუსეთთან, ბიზანტიასთან. არაბეთთან, ეგვიპტესთან,. სპარსეთთან, შუა აზიასთან, ინდოეთთან და თვით შორეულ ჩინეთთან. ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობას მოწმობს ქ. დმანისში აღმოჩენილი ჩინური კერამიკა6.

საქართველოს აღმ. ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაზე მიუთითებს ქართულ წყაროებში დასახელებული „ქარვა“, რომელიც დიდი რაოდენობით მზადდებოდა ბალტიისპირეთში და საღდებოდა აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებში. ამასვე ადასტურებს საქართველოში მოჭრილი და აღმ. ევროპასა და ბალტიისპირეთში აღმოჩენილი მონეტები. ცნობები საქართველოს საექსპორტო და საიმპორტო ვაჭრობის შესახებ არა ერთი ქართველი მკვლევრის მიერ არის დამოწმებული და შეფასებული.

ჯეროვნად არის გათვალისწინებული აგრეთვე ამიერკავკასიის და კერძოდ, საქართველოს სავაჭრო-სატრანზიტო გზების მნიშვნელობა მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში7. მაგრამ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობანი XII ს-ში დღემდე არ გამხდარა სპეციალური კვლევა-ძიების საგანი. არც წინამდებარე წერილი ისახავს მიზნად ამ საკითხის ამომწურავად შესწავლას. ჩვენს მიზანს ამჟამად შეადგენს მხოლოდ საქართველოს საგარეო ვაჭრობის ზოგიერთი საყურადღებო მოვლენის გათვალისწინება-განზოგადება და წყაროებში დამოწმებული ფაქტების შეფასება მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო ურთიერთობათა შუქზე.

* * * * * * * * *

საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა XI-XII სს. მიზნად ისახავდა ქვეყნის ეკონომიური ინტერესების უზრუნველყოფასაც. მის კავკასიური და ახლოაღმოსავლური პოლიტიკის საერთო მიმართულებას აპირობებდა ეკონომიური ფაქტორებიც. კერძოდ კი, მთავარ სავაჭრო მაგისტრალებზე გასვლისა და გაბატონების საჭიროება.

პოლიტიკურად გაერთიანებული და ეკონომიურად გაძლიერებული ქვეყანა ცდილობდა თავისი კონტროლისათვის დაექვემდებარებინა აღმოსავლეთ და დასავლეთ ამიერკავკასიის სავაჭრო გზები. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრამ XIII ს-ის 20-იან წლებში დღის წესრიგში დააყენა ირანიდან ლევანტისკენ მიმავალი სავაჭრო გზის დაუფლების საკითხი.

ამგვარი მისწრაფება გამოწვეული იყო საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ტერიტორიული გაფართოებით, ქალაქების გამრავლებით, საქალაქო (203) ცხოვრების გართულებით, ვაჭრობა-ხელოსნობის გაცხოველებით და საზოგადოდ, ფეოდალური ეკონომიკის აღმავლობით.

ფეოდალური ეკონომიკის განვითარებამ დღის წესრიგში ჯერ ქართული მიწა-წყლის შემოკრება-შემოერთების საკითხი დააყენა, ხოლო პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ მეზობელი "სახლების“ (დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების) შეერთების საკითხიც, უშუალოდ თუ „ყმადნაფიცობის“ საფუძველზე.

უკვე X საუკუნეში, როცა საქართველო პოლიტიკურად გაერთიანდა. აუცილებელი გახდა სამხრეთის სავაჭრო გზებზე გასვლა, ამ გზების დაუფლება. ამ საკითხის წარმატებით გადაჭრას უშუალოდ უკავშირდება ბრძოლა დავით კურაპალატის სამფლობელოსთვის, რამაც დაუყოვნებლივ გამოიწვია ბიზანტიის წინააღმდეგობა და განაპირობა ბიზანტია-საქართველოს მრავალწლოვანი ომები XI ს-ის პირველი ნახევრის მთელ მანძილზე.

ასევე დიდი პოლიტიკური და ეკონომიური მნიშვნელობა ენიჭებოდა მაჰმადიანთა მფლობელობაში მყოფი თბილისის შემოერთებას. XI ს-ის 40-იანი წლებიდან საქართველოს პოლიტიკის მესვეურნი დაჟინებით ცდილობენ თბილისის განთავისუფლებას, მის შეერთებას. მაგრამ ამ განზრახვის რეალიზაციას დაბრკოლებებს უქმნიდნენ მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდაზნაურები და გარეშე ძალები (ბიზანტიელები, თურქ-სელჩუკები).

ქალაქ თბილისის შემოერთება 1122 წ. იყო საქართველოს არა მარტო დიდი პოლიტიკური გამარჯვება, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის ეკონომიური პოლიტიკის წარმატებაც.

თბილისი იმთავითვე ასრულებდა მნიშვნელოვან როლს მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში. ის უშუალოდ იყო დაკავშირებული ამიერკავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო მაგისტრალებთან. ეს სათანადოდ არის აღნიშნული კიდეც აღმოსავლურ წყაროებში. თბილისის საამიროს არსებობის მთელ მანძილზე თბილისის საშუალებით წარმოებდა ვაქრობა იმიერკავკასიის, აღმ. ევროპის და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებთან, არაბული გეოგრაფიული თხზულებების ავტორთა წარმოდგენით ქალაქი თბილისი ითვლებოდა ისლამის სამყაროს უკიდურეს პუნქტად ჩრდილოეთში.

თბილისელი ვაჭრები (რომელთა უმრავლესობა, როგორც ჩანს, მუსლიმანური წარმოშობისა იყო)8. მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული აღმ. ამიერკავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებთან.

ამიტომ იყო რომ ისინი, სელჩუკებთან ერთად, შეშფოთებული იყვნენ საქართველოს გაძლიერებით. ამგვარ განწყობილებას ამჟღავნებდნენ არა მარტო ტფილელი და დმანელი, არამედ განძელი ვაჭრებიც. 1110-1118 წწ. დავით აღმაშენებელმა შეიერთა მნიშვნელოვანი ქალაქები და ციხე-ქალაქები: სამშვილდე, რუსთავი, დმანისი, გიში, ლორი. ამ ღონისძიებათა შედეგად თბილისი იზოლირებული აღმოჩნდა გარესამყაროსაგან. ხოლო საქართველო დაეუფლა მეტად (204) მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რომლის გასწვრივაც დასახელებული ქალაქები მდებარეობდა.

ამის შემდეგ უშუალოდ დადგა თბილისის შემოერთების საკითხიც.

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვით, ტფილელ-დმანელ-განძელმა ვაჭრებმა დასახმარებლად მაჰმადიან სულთნებსა და ამირებს მიმართეს9. სწორედ ამ მიმართვის შედეგად შედგა ის „მაჰმადიანური კოალიცია“. რომლის მიზანსაც საქართველოს ძლიერების შეჩერება და თბილისი მაჰმადიანთა მფლობელობაში შენარჩუნება შეადგენდა.

1121 წ. დიდგორთან „მაჰმადიანურმა კოალიციამ“ სასტიკი დამარცხებa განიცადა, ხოლო მომდევნო 1122 წ. დავით აღმაშენებელმა თბილისი შეიერთა.

თბილისის შემოერთებით არა მარტო დამთავრდა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პროცესი, არამედ კიდევ უფრო გაფართოვდა მისი სავაჭრო-ეკონომიური ინტერესები მახლობელი და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სარბიელზე.

თბილისის ეს მნიშვნელობა სათანადოდ არის გათვალისწინებული დავით აღმაშენებლის იმ ცნობილ პოლიტიკაში, რომელსაც იგი თბილისის მუსლიმანური მოსახლეობის (უკეთ მუსლიმანი ვაჭრების) მიმართ ახორციელებდა. ამან თავისი პირდაპირი გამოხატულება პოვა ქართული მონეტების ზედწერილებშიც და მუსლიმანთა მფარველობაშიც.

დავით აღმაშენებლის ეს „შემწყნარებლური პოლიტიკა“ ჰუმანურობის გარდა, უწინარეს ყოვლისა ნაკარნახევი იყო იმით, რომ ქალაქ თბილისს შეენარჩუნებინა თავისი ოდინდელი მნიშვნელობა მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში. მას არ შეიძლებოდა მხედველობაში არ მიეღო ისიც, რომ თბილისის შემოერთების შემდეგ დაიწყო აქაური მუსიმანი ვაჭრებისა და ხელოსნების ემიგრაცია მცირე აზიის ქალაქებში10. მუსლიმანთა მფარველობა ამის გამოც აუცილებელი იყო. დავით აღმაშენებლის ამ პოლიტიკას გარკვეული წარმატება რომ მოჰყვა, მოწმობს მუსლიმანური მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობით არსებობა თვით XIII ს-ის პირველი მეოთხედი თბილისში.

თბილისის შემოერთების შემდეგ გადაუდებელ ამოცანად იქცა აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიის იმ ქალაქების დაუფლება, რომლებიც სავაჭრო მაგისტრალების გასწვრივ მდებარეობდნენ და რომელთა როლი მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში სავსებით აშკარა იყო.

XII ს-ის მთელ მანძილზე საქართველო დაჟინებით ცდილობდა მაჰმადიანთა მფლობელებისაგან ისეთი ქალაქების განთავისუფლებას, როგორიც იყო ანისი და დვინი. ამ ქალაქების სავაჭრო მნიშვნელობა კარგად იყო ცნობილი. სრულიად გარკვეულ პოლიტიკურ-ეკონომიურ მიზნებთან იყო დაკავშირებული აგრეთვე შირვანის ვაჭრობით განთქმული ქალაქების (შემახას, შაბერანია. დარუბანდის) დაუფლების საკითხი. (205)

საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ეს პოლიტიკურ-ეკონომიური მისწრაფება წარმატებით დაგვირგვინდა თამარის მეფობაში.

XIII ს-ის 20-იანი წლებისათვის საქართველოს კონტროლს დაექვემდებარა დვინ-არზრუმის და დარუბანდ-შამახიის სავაჭრო მაგისტრალები. აკად. ნ. ბერძენიშვილი ამის გამო შენიშნავდა: „XIII ს-ის ოციან წლებისათვის საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო ამიერ-კავკასიის საზღვრებს სცილდებოდა. უშუალოდ თუ ყმადნაფიცთა მეშვეობით საქართველო დვინ-არზრუმის და დარუბანდ-შამახიის სავაჭრო გზათა ექსპლოატაციას ეწეოდა. შემდგომ აგრესიის მიზანს არჭეშ-ხლათის სასულტნოების (და აქ გამავალი სავაჭრო გზის ერანიდან ლევანტისაკენ) დაპყრობა შეადგენდა“.11

ირანიდან ლევანტისაკენ მიმავალი სავაჭრო გზის დაპყრობის განზრახვა (და ამის შესაბამისი ექსპანსიონისტური პოლიტიკა სამხრეთ-აღმოსავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით) აშკარად მეტყველებს, თუ რამდენად სერიოზულად აყენებდა საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო ამიერკავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთი მთავარ სავაჭრო მაგისტრალებზე განუყოფელი ბატონობის საკითხს12.

XII-XIII სს. მიჯნაზე საქართველო წინა აზიის არა მარტო უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა, არამედ ეკონომიურადაც ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაწინაურებულ ქვეყნად ითვლებოდა. მისი ფეოდალური ეკონომიკის მალალი დონე შეპირობებული იყო განვითარებული სოფლის მეურნეობით, რთული და მრავალმხრივი საქალაქო ცხოვრებით. გაცხოველებული ვაჭრობით, ინტენსიური ხელოსნობით და სხვადასხვა ხელოსნური დარგების არსებობით. ისევე როგორც საშუალო საუკუნეების ყველა ფეოდალურ სახელმწიფოში, საქართველოშიც განსაკუთრებით განვითარებული იყო საგარეო ვაჭრობა.

სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მთავარ სავაჭრო მაგისტრალებზე გასვლას და ამ სავაჭრო-საქარავნო გზებზე განუყოფელ ბატონობას.

ამ მიზნის განხორციელებას უკავშირდებოდა ირანიდან ლევანტისაკენ მიმავალი სავაჭრო გზის დაპყრობის ამოცანაც.

სავსებით აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო აპირებდა შეესრულებინა შუამავლის როლი აღმოსავლეთისა და დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობაში.

როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიური თვალსაზრისით ეს რეალური ჩანდა იმდროინდელი წინა აზიის პოლიტიკური დაქსაქსულობის პირობებში.

ბიზანტია უკიდურესად იყო დასუსტებული, ხოლო მახლობელი და შუა აღმოსავლეთის ვრცელი ტერიტორია მოფენილი იყო დაკნინებული სასულთნოებითა და საამირო-საათაბაგოებით. (206)

ეს მნიშვნელოვანწილად აპირობებდა საქართველოს სამხედრო წარმატებას (სამხრეთ ამიერკავკასიაში, მცირე აზიაში, ირანში...), რეალურ საფუძველს უქმნიდა მის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიურ ექსპანსიას.

დვინ-არზრუმისა და დარუბანდ-შამახიის სავაჭრო გზათა ექსპლოატაცია თავისთავად მოითხოვდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ სავაჭრო მაგისტრალზე გასვლას, ამ სავაჭრო მაგისტრალის დაპყრობას, მისი ექსპლოატაციის საქართველოს სავაჭრო და ეკონომიური ინტერესებისათვის გამოყენებას. ამიტომ „შემდგომ აგრესიის მიზანს არჭეშ-ხლათის სასულთნოების (და აქ გამავალი სავაჭრო გზის – ერანიდან ლევანტისაკენ) დაპყრობა შეადგენდა“.

მაგრამ ეს ამოცანა განუხორციელებელი აღმოჩნდა მონღოლთა შემოსევების წყალობით.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ბატონობას დვინ-არზრუმისა და დარუბანდ-შამახიის სავაჭრო გზებზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის საერთო ეკონომიური განვითარების საქმეში. გაფართოვდა სავაჭრო ურთიერთობანი მახლობელ და შორეულ ქვეყნებთან, გაიზარდა სახელმწიფო შემოსავალი (ამას გვიდასტურებს ჰამდალაჰ ყაზვინის გეოგრაფიულ თხზულებაში დაცული ცნობა, რომლის შინაარსი ამდროინდელი სახელმწიფო შემოსავლის დაანგარიშების სრულ შესაძლებლობას იძლევა). სახელმწიფო შემოსავლის წყაროებს ინტენსიურ მეურნეობასთან ერთად ჰქმნიდა ფართო აღებ-მიცემობაც, უაღრესად განვითარებული საგარეო ვაჭრობაც. ჰამდალაჰ ყაზვინის მიერ დასახელებული საქართველოს სახელმწიფო შემოსავალი (3 750 000 ოქროს მანეთი) გაცილებით აღემატებოდა მცირე აზიის, არაბეთის ერაყისა და ფარსის ყოველწლიურ შემოსავალს. ჰამდალაჰ ყაზვინის თხზულებაში დამოწმებული ციფრობრივი მონაცემები საფუძველს გვაძლევს XII ს-ის საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო მივიჩნიოთ ფინანსურად მდიდარ ქვეყანად.13

იმავე XII ს-ში არაჩვეულებრივად განვითარდა ქალაქები და საქალაქო ცხოვრება აღმ. ამიერკავკასიის ქვეყნებშიც. როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის ქვეყნების (შირვანის, სომხეთის...) ქალაქები ამ დროს აქტიურად მონაწილეობდნენ მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში. (207)

განსაკუთრებულ როლს ამ მხრივ მაინც თბილისი ასრულებდა. რომელიც კეთილმოწყობილი გზებით იყო დაკავშირებული მთავარ სავაჭრო მაგისტრალებთან და, ამავე დროს, დვინ-არზრუმის და დარუბანდ-შამანიის სავაჭრო გზებზე გაბატონებული სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიურ ცენტრს წარმოადგენდა.

საკუთრივ ქართულ საისტორიო წყაროებში კანტი-კუნტად არის შემონახული ცნობები საქართველოს სავაჭრო ურთიერთობათა შესახებ XII ს-ში.

"ისტორიანი და აზმანის“ სათანადო კონტექსტიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ ვაჭრებს ქ. ალექსანდრიიდან შემოჰქონდათ საუკეთესო ხარისხის მატყლი. თამარის პირველი ისტორიკოსის საამისო ცნობა სამართლიანად მიჩნეულია საქართველოს შორეულ ეგვიპტესთან სავაჭრო ურთიერთობის უტყუარ მოწმობად14. ამავე დროს, შესაძლებელია, ამ მეტად ძუნწი ცნობის განზოგადებაც.

საქმე ისაა, რომ ქ. ალექსანდრია იმ დროს ასრულებდა მნიშვნელოვან როლს სავაჭრო ურთიერთობათა სარბიელზე. გილომ დე ტირი ალექსანდრიას უწოდებდა ორი მსოფლიოს (აღმოსავლეთის და დასავლეთის ვ.გ.) ბაზარს („forum publicum orbi")15. მისი ვაჭრები ინტენსიურად ვაჭრობდნენ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნებთან. ეგვიპტელი ვაჭრების ქარავნები აღწევდნენ თვით შორეულ ინდოეთს და ჩინეთს. ქ.ალექსანდრიის სავაჭრო კავშირი საქართველოსთან, როგორც ვნახეთ, დასტურდება „ისტორიანი და აზმანის“ ზემომოტანილი ცნობით. ამ ცნობის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მკაფიოდ მიგვითითებს საქართველო-ეგვიპტის სავაჭრო ურთიერთობის ფაქტზე. ამასთან ყველა ქვეყანა, ვინც კი ქ.ალექსანდრიასთან ვაჭრობდა, მონაწილეობდა მსოფლიო ვაჭრობაში.

საქართველოს სავაჭრო ურთიერთობათა თვალსაზრისით საინტერესოა თამარის ისტორიკოსის ის ცნობაც, რომლის შინაარსი ეხება თბილისელი დიდვაჭრის ზანქან ზორაბაბელის ელჩობას სუნჯეთში (თამარის საქმროს ჩამოსაყვანად რომ იყო შემდგარი). ზანქან ზორაბაბელი შემთხვევით არ იყო დასახელებული და შერჩეული მეტად საპატიო დავალების შესასრულებლად. იგი, როგორც დიდვაჭარი, ადრეც უნდა ყოფილიყო ნამყოფი იმიერკავკასიის ქვეყნებსა და რუსეთში სავაჭრო მიზნით. ივ.ჯავახიშვილს უეჭველია „ისტორიანის და აზმანის“ ეს ცნობაც ჰქონდა მხედველობაში, როცა აღნიშნავდა: „ქართველ სოვდაგრებს მაშინ ისეთ შორეულ ქვეყნებთან ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობა, როგორიც ეგვიპტე იყო სამხრეთით და რუსეთი ჩრდილოეთით“.

შეიძლება ითქვას, რომ ამით ამოიწურება ქართული საისტორიო წყაროების ცნობები საქართველოს სავაჭრო ურთიერთობათა თაობაზე XII ს-ში.

მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს იმ დროს გაცილებით უფრო მეტ ქვეყნებთან ჰქონდა დამყარებული სავაჭრო კავშირები, ვიდრე ეს თანამედროვე ქართულ წყაროებში არის აღნიშნული და ფიქსირებული.

მხოლოდ საქართველოს საექსპორტო ვაჭრობის ინტენსიურობით უნდა ავხსნათ, რომ აღმოსავლური და ევროპული თხზულებების ავტორები (208)აღნიშნავენ, თუ რა გაჰქონდათ საქართველოდან და რით ვაჭრობდნენ ქართველი ვაჭრები საზღვარგარეთ.

საამისო ცნობებს, როგორც ზემოთ მივუთითეთ, ვპოულობთ ზაქარია ყაზვინის გეოგრაფიულ თხზულებაში, ანონიმური ავტორის „აჯაიბ ად-დუნიაში“ და იტალიელი მოგზაურების რელაციონებში.

XI-XII სს. ქართული საისტორიო და ლიტერატურული ძეგლების სათანადო ტერმინოლოგიის შესწავლა უხვ მასალას მოგვცემდა საქართველოს სავაჭრო ურთიერთობათა საკითხების გასარკვევად. ისეთი ტერმინები, როგორიცაა ბასრი, ბალაშხი, მისრული, თოხარიკი და სხვ. წარმოშობით დაკავშირებულია მახლობელი აღმოსავლეთის და შუა აზიის ქალაქებთან, ქვეყნებთან: ისინი აღნიშნავენ საქართველოს სავაჭრო კავშირებს აღმოსავლურ ქალაქებთან და ქვეყნებთან.

მაგრამ ამგვარი ხასიათის კვლევა-ძიება ამჟამად ჩვენს ამოცანას არ შეადგენს. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ მარტო რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ სათანადო სტროფების შინაარსი სავსებით საკმარისია, რათა ვუჩვენოთ საქართველოს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობის დამახასიათებელი ფაქტები გარესამყაროსთან.

არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ გასაოცარი ცოდნით აღწერილი ქალაქები, საქალაქო ცხოვრება, ვაჭრობა, ვაჭრები, მათი წეს-ჩვეულებები და ყოველდღიური ცხოვრება საქართველოს სინამდვილიდან არის აღებული, ყოველ შემთხვევაში, რუსთველი ზედმიწევნით იცნობს მსოფლიო ვაჭრობის ყველა ნიშანდობლივ თავისებურებას.

ამავე დროს, „ვეფხისტყაოსნის“ სათანადო კონტექსტების შინაარსი თავისთავად წარმოადგენს მეტად ხელშესახებ მასალას XII ს-ის საქართველოს ქალაქების და საქალაქო ცხოვრების ისტორიის გასათვალისწინებლად. ამ თვალსაზრისით ეს ნაწილობრივ შესწავლილი არის კიდეც16. განსაკუთრებით უხვ მასალას გვაწვდის რუსთველი საგარეო ვაჭრობაზე. მასში მონაწილე დიდვაჭრებზე, სავაჭრო-სამარშრუტო გზებზე. ვაჭართა ქარავნებზე, რაც იმ დროს შორეულ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა.

„დიდვაჭარი“ დასახელებულია რუსთველის „ვეფხისტყაოსანშიც“ და თანამედროვე ქართულ საისტორიო წყაროებშიც.

„დიდვაჭრის" ნამდვილი მნიშვნელობის დადგენა უშუალოდ და ორგანულად უკავშირდება საგარეო ვაჭრობის ხასიათს. სავაჭრო ურთიერთობის საკითხებს.

დიდვაჭრის აღმოსავლური შესატყვისია „თეჯარ“, „თეკარს“, ანუ „დიდვაჭარს“ აღმოსავლური წყაროები ასხვავებს საშუალო და წვრილი ვაჭრისაგან (იმათგან, ვინც საშინაო ვაჭრობის სარბიელზე მოღვაწეობდა). ჩვეულებრივი ვაჭრის აღსანიშნავად გამოყენებული იყო ტერმინი „ბაზარგან“.

დიდვაჭარი ქართულ და აღმოსავლურ წყაროებში ეწოდებათ გარკვეული რიგის ვაჭრებს და როგორც სოციალური, ისე ეკონომიური თვალსაზრისით ისინი ამ ტერმინში ერთნაირ შინაარსს გულისხმობენ. (209)

საქართველოს და აღმოსავლეთის დიდვაჭრებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობდა. რადგან საქართველოს ქალაქები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობასთან. ამით აიხსნება, რომ რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“ ქართულ ტერმინებთან ერთად (დიდვაჭარი, ვაჭართ-უხუცესი, მოქალაქე, ქალაქის ერი, ქალაქის კრებული და სხვ.) აღმოსავლური ტერმინების დასახელება (მიზდი, შუკა (არაბ. "სუკ“ - ბაზარი). ქარვანსრა (ქარვასლა), ქარავანი, ნირი (ნიხრი). ბაზარი და სხვ.) ოდნავადაც არ ცვლის აღმოსავლურ-მაჰმადიანური ქალაქის დამახასიათებელ ნიუანს.

მართალია. საქართველოს და აღმოსავლეთის საქალაქო წყობილებას შორის არსებითი ხასიათის განსხვავება არსებობდა, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის ერთნაირი იყო ვაჭრობის და ხელოსნობის ორგანიზაცია.

ამას გარდა, ფეოდალური საქართველოს ქალაქების გარეგანი სახე ზოგიერთ მსგავსებას ამჟღავნებდა ფეოდალური აღმოსავლეთის ქალაქების გარეგან სახესთან. განსაკუთრებით კი ისეთ ქალაქებში, რომელნიც ოთხასი წლის განმავლობაში თბილისის საამიროს ფარგლებში იყვნენ წარმოდგენილი. გავიხსენოთ რუსთველის: „ქალაქი, შუკა და ბანი“, „სახლი, შუკა და უბანი“ ან „შუკათა მოდგეს ვაჭარნი“. ამით საქართველოს ქალაქები რამდენადმე ემსგავსებოდნენ აღმოსავლური ქალაქის ანსამბლს (მბრძანებლის სასახლე, მოედანი, საკულტო ტაძარი, ბაზარი, აბანოები); XI ს-ში არსებობდა აღმოსავლური წარმოშობის საქალაქო ინსტიტუტებიც (რაისი, მუჰთასიბი, შურტა, მუმრიბი და სხვ.), მაგრამ ყველაზე დიდი მსგავსება მაინც საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციაში ვლინდებოდა.

ამას გვიდასტურებს კერძოდ „დიდვაჭრის“ შინაარსობრივი მნიშვნელობა.

„დიდვაჭარი“ ეწოდებოდა არა ქალაქის ყველა მდიდარ და შეძლებულ ვაჭარს, არამედ მხოლოდ იმ ვაჭარს, რომელიც საერთაშორისო და საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობდა. ნაგვიანევი ხანის ქართულ საბუთებში ასეთ ვაჭარს „სოვდაგარი“ ერქვა.

საქართველოს და აღმოსავლეთის ქალაქებში დიდვაჭრები სრულიად გარკვეულ სოციალურ ფენას ჰქმნიდნენ და თავიანთი უფლებებითა და პრივილეგიებით განსხვავდებოდნენ ქალაქის სხვა ვაჭრებისაგან ("ბაზარგანები“ - საშუალო და წვრილი ვაჭრები).

აღმოსავლური ქალაქების დიდვაჭრებს ბურჟუაზიული ორიენტალისტურ-უბანისტები უწოდებენ მსხვილ ბურჟუაზიას“, რადგან ისინი უარყოფენ ფეოდალიზმის არსებობას აღმოსავლეთის ქვეყნებში იმ სახით, რა სახითაც ფეოდალიზმი დას. ევროპის ქვეყნებში არსებობდა17.

ნამდვილად, რა თქმა უნდა, დიდვაჭრები ფეოდალურ ქალაქში მოღვაწეობდნენ და მოქმედებდნენ. დაწინაურებული და გაძლიერებული იყვნენ (სოციალურად, ეკონომიურად) ფეოდალური ქალაქის განვითარების შედეგად. ამდენადვე ყოვლად შეუწყნარებელია მათი ფეოდალური საზოგადოების გარეშე დაყენება. პირიქით, ფუფუნების საგნებით მოვაჭრე დიდვაჭრები (ლარითა (210) და თვალ-მარგალიტით ვაჭრობენ „ვეფხისტყაოსნის“ ვაჭრებიც) უწინარეს ყოვლისა ფეოდალების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ.

დიდვაჭრები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ფეოდალურ არისტოკრატიასთან. ეს ურთიერთკავშირი გაპირობებული იყო იმით, რომ ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ (დიდვაჭრების საშუალებით) მეტად შემოსავლიან საგარეო ვაჭრობაში. ამიტომ დიდვაჭართა კლასობრივი და ეკონომიური ინტერესები შეხამებული იყო ფეოდალური არისტოკრატიის კლასობრივ და ეკონომიურ ინტერესებთან. ისინი ფეოდალებთან ერთად მონაწილეობდნენ ქალაქების მწარმოებელი საზოგადოების ექსპლოატაციაში. არა ერთი ფეოდალი იყო იმ დროს ქარვასლების, ბაზრების, ქულბაქების და დუქან-სახელოსნოების პატრონი. დუქნებსა და სახელოსნოებს წვრილი ვაჭრები და ხელოსნები ხშირად ასეთი ფეოდალებისაგან ქირაობდნენ მძიმე საზღაურის ფასად. ისინი ძალადობას განიცდიდნენ დიდვაჭრების მხრივაც, რადგან საშინაო ვაჭრობა და ხელოსნური ნაწარმის გასაღება ამ უკანასკნელთა კონტროლს ექვემდებარებოდა. ამიტომ წვრილი ვაჭრები და ხელოსნები გამოდიოდნენ როგორც ფეოდალების, ისე დიდვაჭრების წინააღმდეგ.

აღნიშნული გარემოებაც, თავის მხრივ, მჭიდროდ აკავშირებდა ერთმანეთთან ფეოდალების და დიდვაჭრების კლასობრივ ინტერესებს. ფეოდალების მსგავსად დიდვაჭრებიც წილს იდებდნენ მწარმოებელი საზოგადოების ორგანიზებულ ძარცვაში იმით, რომ ისინი ხშირად გამოდიოდნენ გადასახადების შემსყიდველებად და მსხვილ იჯარადრებად. ამიტომ გასაგები უნდა იყოს დიდვაჭრების დამოკიდებულების ხასიათი ქალაქის მშრომელი მოსახლეობისადმი.

ისინი მტრულად იყვნენ განწყობილი ქალაქებში მიმდინარე სოციალური მოძრაობებისადმი, ამ მოძრაობის იდეოლოგიისადმი, რომელიც, როგორც წესი, რელიგიურ საბურველში იყო გამოწვეული. დიდვაჭრები მტკიცედ იცავდნენ გაბატონებული კლასის იდეოლოგიურ დასაყრდენს „სუნიტობას“, მაშინ როდესაც ქალაქების მშრომელი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სხვადასხვა „ერეტიკულ მოძღვრებას“ ("ზინდიკ") მისდევდა.

ქალაქების მმართველობის სარბიელზე მოღვაწეობისას (როგორც „ვაჭართა გილდიების“ მეთაურები და ქალაქის რაისები) დიდვაჭრები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რათა ფეოდალ მბრძანებლებს და მმართველებს აელაგმათ ქალაქის ოპოზიციური ელემენტები, დაეთრგუნათ სოციალურ ნიადაგზე აღმოცენებული და განვითარებული „ერესები“, სისხლში ჩაეხრჩოთ სოციალური მოძრაობანი და აჯანყებანი.

დიდვაჭრების და ფეოდალური არისტოკრატიის ურთიერთკავშირს მტკიცე საფუძველს უქმნიდა ისიც, რომ ფეოდალები აღმოსავლეთში, როგორც წესი, ქალაქებში იყვნენ წარმოდგენილი და ქალაქებში ცხოვრობდნენ. ეს წარმოადგენდა აღმოსავლური ქალაქის ერთ-ერთ სპეციფიკურ თავისებურებას. ამითვე იყო გაპირობებული ქალაქების მმართველობის ფეოდალური ხასიათი, ფეოდალების ძლიერი გავლენა ქალაქებზე, რასაც ოდნავადაც არ ცვლიდა ის გარემოება, რომ ქალაქების გამგებლებად ხშირად დიდვაჭართა წრიდან გამოსული რაისები იყვნენ.

ფეოდალურ არისტოკრატიასთან ახლოს იდგნენ ქრისტიანი და ებრაელი დიდვაჭრებიც. ესენიც, თავის მხრივ, დიდი გავლენით და პრივილეგიებით (211)სარგებლობდნენ, თუმცა ყველაფერი ეს ფეოდალებს ხელს არ უშლიდა ქედმაღლურად მოპყრობოდნენ როგორც მუსლიმან, ისე ქრისტიან და ებრაელ დიდვაჭრებს, ასეთსავე დამოკიდებულებას ამჟღავნებენ დიდვაჭრების მიმართ "ვეფხისტყაოსნის" გმირებიც ("თქვენ, ჯაბანნი ხართ ვაჭარნი"), მაგრამ ამავე დროს სავსებით ცხადია მათი ახლო ურთიერთობა „ჯაბან“ და „ომის უეცარ“ ვაჭრებთან. ამითვე აიხსნება, როგორც ჩანს, რუსთველის მიერ ქალაქების და საქალაქო ცხოვრების განმაცვიფრებელი ცოდნა.

თუ მართებულია მოსაზრება მისი მეჭურჭლეთუხუცესობის თაობაზე. მაშინ კიდევ უფრო ცხადად შეიძლება წარმოვიდგინოთ მისი ქალაქებთან და საქალაქო ცხოვრებასთან უშუალო კავშირის საფუძველიც და ისიც, თუ რატომ აჩერებდა იგი თავის ყურადღებას დიდვაჭრებსა და საგარეო ვაჭრობაზე, რომელიც სახელმწიფო შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს ქმნიდა.

საგარეო ვაჭრობა დიდ მოგებასაც იძლეოდა და შემოსავალსაც. „მობაღდადე ვაჭრების“ საერთაშორისო კავშირები ყოველმხრივ იყო გამართული. თვითონ ვაჭრობის ორგანიზაციასთან ერთად (ქარავნები, სავაჭრო ხომალდები, საფოსტო სადგურები გზებზე, ფუნდუკები, ქარვასლები) უაღრესად იყო განვითარებული კრედიტი18 და სავაჭრო კორესპონდენცია19. უკანასკნელ ხანებში შესრულებული გამოკვლევების მიხედვით (აღმოსავლეთის სოციალური და განსაკუთრებით, ეკონომიური ისტორია მხოლოდ ახლა ხდება ინტენსიური ყურადღების საგანი) დადგენილია საექსპორტო და საიმპორტო საქონლის მსოფლიო ფასები, შესწავლილია საბაჟოები და მათი განლაგება სავაჭრო გზებზე, აგრეთვე ფასების მერყეობა საერთაშორისო ბაზარზე. ვერცხლისა და ოქროს მონეტების თანაშეფარდება; ნაჩვენებია დიდვაჭრების ადგილი ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათი ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა და ვაჭრობის შედეგად მიღებული შემოსავალი (გოიტეინი, კლ. კაენი, აშტორი და სხვ.).

აღმოსავლური წყაროების სათანადო ცნობების ანალიზი (როგორც ცნობილია, დას. ევროპის და სხვა ფეოდალური ქვეყნების ისტორიოგრაფიისაგან განსხვავებით IX-XII სს, აღმოსავლეთში შეიქმნა მდიდარი გეოგრაფიული მწერლობა და დაიწერა არა ერთი იურიდიულ-ეკონომიური ტრაქტატი) შესაძლებლობას იძლევა ვუჩვენოთ დიდვაჭრების შემოსავლის განუხრელი ზრდა საგარეო ვაჭრობიდან.

დიდი იყო საქართველოს ქალაქების დიდვაჭრების ყოველწლიური შემოსავალიც.

რუსთაველს, უეჭველია, ესა აქვს მხედველობაში, როცა ამბობს:

დიდ ვაჭარნი სარგებელსა აქისებრსა ვერ ჰპოვებენ:

იყიდიან, გაყიდიან, არ თუ კუდად წააგებენ;

გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრებენ,

უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ (1067).

(212) რუსთველის დამოწმებული სტროფის შინაარსის შუქზე კიდევ უფრო გასაგები ხდება თანამედროვე ქართულ წყაროებში დამოწმებული გამოთქმები: სიმდიდრით ამაღლებულნი“ და „სიმდიდრით ალაღებულნი“, შევსებულ „ქართლი ცხოვრებაშიც“ პირდაპირ არის ნათქვამი: „გვართა უაზნოთა აღამაღლებს სიმდიდრე20. ჩანს, XII ს-ში მრავლად იყვნენ „სიმდიდრით ამაღლებულნი“ და „სიმდიდრით ალაღებულნი“. ამავე დროს სავსებით ცხადია მათი სოციალური კუთვნილებაც. ისინი ქალაქებთან და ვაჭრობასთან იყვნენ დაკავშირებული, განეკუთვნებოდნენ ქალაქების ზედა ფენას. ამ ფენაში შეიძლებოდა მოხვედრილიყო ყველა „სიმდიდრით ამაღლებული“ და, ამის შემდეგ. დაწინაურებულიყო პოლიტიკური ცხოვრების სარბიელზე.

ერთი სიტყვით. ვაჭრობით მოპოვებული სარგებლით - გლახაკი მდიდრდებოდა“, ხოლო „უქონელი საქონელს დაიდებდა“ ხოლმე. „სიმდიდრით ალაღებაც“ (სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით) ამ მომენტიდან იწყებოდა. ასე უნდა გავიგოთ შევსებული „ქართლის ცხოვრების“ ზემოთ დამოწმებული ფრაზა: „გვართა უაზნოთა აღამაღლებს სიმდიდრე“. მაგრამ ამ სიმდიდრის მოპოვება შეიძლებოდა არა საშინაო ვაჭრობის (საშუალო და წვრილი ვაჭრები რომ ეწეოდნენ). არამედ საგარეო ვაჭრობის სარბიელზე. „სიმდიდრით ამაღლებულთა“ და „სიმდიდრით ალაღებულთა“ ქვეშ, ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, დიდვაჭრები არიან ნაგულისხმევი.

ეს შეიძლება დავადასტუროთ აღმოსავლური ქალაქების მაგალითებითაც.

აღმოსავლეთის ქალაქებში ვაჭართა შორის ყველაზე მდიდარი და შეძლებული, ცხადია, დიდვაჭრები იყვნენ, ამავე დროს ისინი დიდი გავლენით სარგებლობდნენ, მონაწილეობდნენ საქალაქო მმართველობაში, სახელმწიფო საქმეებში. ასრულებდნენ დიპლომატიურ დავალებებს, იკავებდნენ სახელმწიფო თანამდებობეს (განსაკუთრებით საფინანსო უწყების ხაზით) სულთნებისა და ამირების კარზე. კიდევ მეტი: ისინი ყიდულობდნენ მიწებს და ხდებოდნენ მიწის მფლობელები. დიდვაჭრების მიერ მიწის ყიდვის ფაქტები დამოწმებულია X ს-ის აღმოსავლურ დოკუმენტურ წყაროებში21. მიწების ყიდვითა და ექსპლოატაციით ისინი კიდევ უფრო მკვეთრად სცილდებოდნენ ქალაქის სხვა საზოგადოებრივ ფენება და უახლოვდებოდნენ ფეოდალებს. ვაჭრობა და მიწისმფლობელობა მატერიალურ საფუძველს უქმნიდა მათ პოლიტიკურ წონასა და გავლენას. აპირობებდა მათს „სიმდიდრით ამაღლებას“ და „სიმდიდრით ალაღებს..."

აღნიშნული გარემოებაც. თავის მხრივ. იწვევდა ქალაქის ზედა ფენის და ფეოდალური არისტოკრატიის ურთიერთდაახლოებას, დიდვაჭრების და ფეოდალური არისტოკრატიის კლასობრივი, პოლიტიკური და ეკონომიური ინტერესების თანადამთხვევას და ურთიერთშეხამებას.

რა თქმა უნდა, ისეთ ვითარებაში, როცა კლადობრივი და სოციალური წინააღმდეგობანი დიდვაჭრებსა და ფეოდალურ არისტოკრატიას შორის მეტისმეტად იყო შესუსტებული ანდა თითქმის სრულიად წარხოცილი, დიდვაჭრებს აღმოსავლეთის ქალაქებში არ შეეძლოთ იმ როლის შესრულება. რაც ბურჟუაზიის წინამორბედმა ბიურგერებმა დას. ევროპის ქალაქებში შეასრულეს.

ისინი გამოდიოდნენ არა ქალაქის საზოგადოების კლასობრივი ბრძოლის მაორგანიზებლის როლში, არამედ უკავშირდებოდნენ ფეოდალური არისტოკრატიის ისეთ ძალებს, რომლებიც ყველაზე მეტ სარგებლობას მოუტანდა მათ (ასეთ ძალას უწინარეს ყოვლისა ცენტრალური ხელისუფლება წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ ვაჭრებს და ქალაქებს ეყრდნობოდა, მაგრამ გარკვეულ პოლიტიკურ სიტუაციაში ქალაქის ზედა ფენა არც ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძლიერი ფეოდალების დასსთან კავშირს ერიდებოდა და თავის პოზიციას, ამ შემთხვევაში. არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურას უნამებდა). ფეოდალების წინააღმდეგ ქალაქებში სულ სხვა ელემენტები (საშუალო და წვრილი ვაჭრების წრიდან) იბრძოდნენ, დიდვაჭრები კი ნებსით თუ უნებლიეთ ჩაბმული იყვნენ იმ ბრძოლაში, რომელიც ცალკეულ ფეოდალურ დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობდა.

მაგრამ დიდვაჭრების მოღვაწეობას ეკონომიურ სფეროში დადებითი და, უეჭველად, პროგრესული მხარეც ახლდა თან. საერთაშორისო ვაჭრობის სარბიელზე მოღვაწე დიდვაჭრები, რომელთა კონტროლს საშინაო ვაჭრობაც ექვემდებარებოდა, თავიანთი საქმიანობით ობიექტურად ნიადაგს უმზადებდნენ რაღაც „ახლის“ ჩასახვას, მის აღმოცენებას და განვითარებას. ამ მხრივ არ შეიძლება ყურადღება არ მიიქციოს „დამიზდებული“, ანუ დაქირავებული შრომის ფართოდ გამოყენებამ. სასაკუთრო მეურნეობების წარმოშობამ, „ბეით ალ-თირაზების“ (სახელმწიფო სახელოსნოები, სადაც დამოკიდებული ხელოსნები მუშაობდნენ) მაგიერ თავისუფალი ხელოსნობის განვითარებამ, ყველაფერი ეს ინტენსიური ვაჭრობით და ხელოსნობის განვითარებით იყო გაპირობებული. მაგრამ ეს "ახალიც", ჯერ ისევ გაუფორმებელი და ზრდადაუსრულებელი ერთიანად წალეკა მონღოლთა შემოსევამ და ბატონობამ.

მონღოლთა ბატონობის ხანაში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა დიდვაჭართა პოლიტიკური ორიენტაციის დამოკიდებულება საგარეო ვაჭრობის გამაპირობებელ ფაქტორებზე.

დიდვაჭრებმა თავშესაფარი პოვეს მონღოლთა დროინდელ „ურტაღებში“, რომელიც არც ვაჭრობის ახალ ფორმას წარმოადგენდა და არც პროგრესულ მოვლენას. პირიქით, „ურტაღებიც“, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, აფერხებდა და აბრკოლებდა ქალაქების და საქალაქო ცხოვრების განვითარებას. მონღოლთა ბატონობის ხანაში ქალაქები დაცარიელდა ვაჭრებისა და ხელოსნებისაგან. ეს გამოწვეული იყო როგორც მძიმე მონღოლური გადასახადებით, ისე სავაჭრო-სატრანზიტო გზების შორის სამხრეთში გადანაცვლებით. სამაგიეროდ მონღოლები მფარველობდნენ საგარეო ვაჭრობას. დიდვაჭრებისთვის მთავარი სწორედ ეს იყო.

შემთხვევით არ აიხსნება, რომ „ურტაღების“ საშუალებით დიდვაჭრებმა თავიანთი კლასობრივი და ეკონომიური ინტერესები მარჯვედ შეუხამეს მონღოლურ-თურქული წარმოშობის არისტოკრატიის მოთხოვნილებებსა და (214) ინტერესებს. სწორედ ამ ნიადაგზე საქართველოშიც და აღმოსავლეთშიც არა ერთი "სიმდიდრის მომხვეჭელი" დიდვაჭარი დაწინაურდა და აღზევდა.

დიდვაჭართა მოღვაწეობის თვით პროგრესული მხარე (ქალაქების გამრავლება, საქალაქო ცხოვრების გართულება. ფართო აღებ-მიცემა, ვაჭრობა-ხელოსნობის გაცხოველება) შეზღუდული იყო იმის გამოც, რომ დიდვაჭრების ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობა ერთნაირი არ იყო. თვით მუსლიმანური აღმოსავლეთის ქალაქებში დიდვაჭრებად იყვნენ სრულიად სხვადასხვა ეროვნები პირები, რომელნიც ამავე დროს, სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრებად ითვლებოდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდვაჭრები იყვნენ მუსლიმანებიც, ქრისტიანებიც და ებრაელებიც.

აღსანიშნავია, რომ X-XI სს. წყაროებში არ გვხვდება სომეხი ვაჭარი"22. XII საუკუნიდან მოყოლებული კი სულ უფრო და უფრო იზრდება სომეხ დიდ-ვაჭართა რაოდენობა საერთაშორისო ვაჭრობის სარბიელზე. განსაკუთრებით მრავლად ჩანან ისინი XI ს-ის დამლევს და XIII ს-ის პირველ ნახევარში (საქართველოს ქალაქებში. კერძოდ კი თბილისში, აღმ. ამიერკავკასიისა და მცირე აზიის ქალაქებში).

სომეხი ვაჭრები საერთაშორისო ვაჭრობის სარბიელზე გამოდიან XI ს-ის მეორე ნახევრიდან, როცა ბიზანტიის აგრესიისა და თურქ-სელჩუკთა ბატონობის შედეგად სომხეთის სახელმწიფომ თავისი არსებობა შეწყვიტა, ხოლო სომეხ ფეოდალთა მიწა-წყალი (ე.წ. სომხეთის მაჰმადიანურ საამიროებში) სელჩუკური სამხედრო-ნომადური არისტოკრატიის წარმომადგენლებმა იგდეს ხელთ. ამან განაპირობა სომეხი ფეოდალების, აგრეთვე ვაჭარ-ხელოსნების ემიგრაცია და სომხური სავაჭრო ახალშენების წარმოქმნა სხვადასხვა ქვეყნებში, რაც ნაგვიანევ საუკუნეებშიც. იმავე მიზეზების გამო, არა ერთხელ განმეორდა.

XII საუკუნემდე სომეხი ფეოდალებიც „მობაღდადე ვაჭრების“ საშუალებით მონაწილეობდნენ საერთაშორისო ვაჭრობაში, ხოლო თვითონ სომეხთა შორის იყვნენ არა დიდვაჭრები, არამედ ვაჭრობით განთქმული ქალაქების (ანისის, დვინის...) საშუალო და წვრილი ვაჭრები. ეს უკანასკნელნი აქაც, ისევე როგორც შუა საუკუნეების ყველა ქალაქში, ხელოსნობითაც იყვნენ დასაქმებული.

XII საუკუნიდან იწყება სომეხი დიდვაჭრების აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ვაჭრობაში და თვითონ სომხეთის (ამიერკავკასიაში, კილიკიაში) სავაჭრო მნიშვნელობის განუხრელი ზრდა23.

დიდვაჭრებად XI ს-ში, როგორც ირკვევა, უპირატესად მუსლიმანები იყვნენ (მუსლიმანებად ჩანან აგრეთვე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში დასახელებული ტფილელ-დმანელ-განძელი ვაჭრები). მაგრამ საერთაშორისო ვაჭრობის სარბიელზე მაინც განსაკუთრებული იყო ებრაელი (215) ვაჭრების როლი24. აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში ფაქტიურად ისინი უძღვებოდნენ საერთაშორისო ვაჭრობას. მათი კომერციული და საფინანსო მოღვაწეობის ნაყოფს წარმოადგენდა უაღრესად განვითარებული საკრედიტო საქმე25. ებრაელი დიდვაჭრების „სახლები“ ითვლებოდა მდიდარ „ბანკირთა“ სახლებად ბაღდადში, დამასკოში, კაიროში და, საზოგადოდ, აღმოსავლეთის თუ დასავლეთია ყველა ცნობილ და მნიშვნელოვან ქალაქში.

ებრაელი დიდვაჭრები დაკავშირებული იყვნენ მსოფლიოს ყველა სავაჭრო ქალაქთან. ნავსადგურთან. მათი სავაჭრო ხომალდები სერავდა ზღვებს. მათივე სავაჭრო ქარავნები მიმოდიოდნენ მსოფლიოს ყველა სავაჭრო გზებზე.

ებრაელი დიდვაჭრების სამარშრუტო გზები აღწერილი აქვს იბნ-ხორდადბეჰს (IX ს.) არაბული გეოგრაფიული მწერლობის ფუძემდებელს, რომელიც "ბარიდს" (საფოსტო სადგურს) მეთაურობდა და მკაფიო წარმოდგენა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების მეურნეობის დარგებზე, მათ ყოველწლიურ შემოსავალზე, ქალაქებსა და ვაჭრობაზე. მის თხზულებაში დაცულია საგულისხმო ცნობები ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიურ მდგომარეობაზეც.

იბნ-ხორდადბეჰის მიერ აღწერილი ებრაელ დიდვაჭართა სამარშრუტო გზები ვაჭრობასთან დაკავშირებით გამოყენებული აქვთ შპრენგერს, რეინოს, ბარბიე დე მეინარს26.

იბნ-ნორდადბეჰის ყურადღება ებრაელ ვაჭართა სავაჭრო მარშრუტებისადმი და მკვლევართა ინტერესი საამისო ცნობების მიმართ გაპირობებული იყო იმ როლით, რასაც ებრაელი ვაჭრები აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში ასრულებდნენ.

დიდვაჭრებად იყვნენ ქრისტიანებიც (ეგვიპტეში, სირიაში). მათი ახალშენები მუსლიმანური ქვეყნების ქალაქებში ფაქტიურად წარმოადგენდა სავაჭრო კომპანიებს, რომელთა მთავარ მიზანს საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობა შეადგენდა.

აქტიურად მონაწილეობდნენ ვაჭრობაში აგრეთვე ბერძნები, სირიელები და ინდოელები.

დიდვაჭართა ეთნიკურად ჭრელი და ინტერკონფენსიური შემადგენლობა მეტისმეტად ზღუდავდა მათ კავშირს მოცემული ქვეყნის ეკონომიკასთან. ამასთან ებრაელთა და ქრისტიანთა დევნა, რაც დროდადრო თავს იჩენდა ხოლმე მუსლიმანური ქვეყნების ქალაქებში, აიძულებდა მათ დაეფარათ თავიანთი ნამდვილი შემოსავალი. დიდვაჭრები არც სასურველად თვლიდნენ, არც სასარგებლოდ სავაჭრო კაპიტალის რეალიზაციას წარმოებაში.

მაგრამ მათ სხვადასხვა ქვეყნებში დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ვაჭრობით და ხელოსნობით განთქმულ ქალაქებში დამზადებული საქონელი, ხელოსნური ნაწარმი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ეს ობიექტურად ხელს უწყობდა ქალაქების, ვაჭრობის და ხელოსნობის განვითარებას. განსაკუთრებით ითქმის ეს ისეთ დიდვაჭრებზე, რომელნიც წარმოადგენდნენ არა მბრძანებლების და ფეოდალების კონტრაგენტებს სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ ადგილობრივი ქალაქის მკვიდრად ითვლებოდნენ და ყველაზე ახლო ურთიერთობა (216) ჰქონდათ დამყარებული საშინაო ვაჭრობასთან, ბაზრებთან, ქარვასლებიან, დუქან-სახელოსნოებთან, ბაზარგანებთან, ხელოსნებთან.

"მობაღდადე (მოგზაური) ვაჭრებიც" და ქალაქების „მკვიდრი დიდვაჭიებიც“ ერთნაირად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ვაჭრობის სარბიელზე. მორეულ ქვეყნებში „მკვიდრ დიდვაჭრებსაც“ უხდებოდათ ყოფნა, მაგრამ "მობაღდადე ვაჭრებისაგან“ განსხვავებით ისინი მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ქალაქის მმართველობასთან. მის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებასთან.

„ტფილისის მკვიდრი დიდვაჭარი“ დასახელებულია „ისტორიანსა და აზმანში“.

"მობაღდადე ვაჭრებს“ კი ასახელებს რუსთველი („ჩვენ ვართო მობაღიადენი ვაჭარნი“, 1031, 1).

ბაღდადი ქალაქ ალექსანდრიასთან ერთად წარმოადგენდა აღმოსავლეთის მთავარ სავაჭრო ცენტრს. ფაქტიურად ბაღდადი და ალექსანდრია აწესებდა ვასებს მსოფლიო ბაზრებზე.

„მობაღდადე ვაჭრების“ უცხოური წარმოშობა არავითარ ეჭვს არ იწვევს, მაგრამ თვით „მკვიდრ ვაჭრებს“ შორისაც მრავლად იყვნენ უცხო ეროვნების პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ ამა თუ იმ ქალაქში და სწორედ ამის გამო მის „მკვიდრად“ ითვლებოდნენ.

საქართველოს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობანი XII ს-ში თავისთავად გვაგულისხმებინებს, მაგალითად, აქ ებრაელი დიდვაჭრების ყოფნას.

საზოგადოდ ყველა ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საერთაშორისო ვაჭრობაში, წარმოდგენილი იყვნენ ებრაელი ვაჭრებიც.

ყველა ქვეყნის და ქალაქის საერთაშორისო სავაჭრო მნიშვნელობა ფაქტიურად განისაზღვრებოდა იმით, თუ რამდენად იყვნენ მასთან დაკავშირებული ებრაელი დიდვაჭრები. ამის მოწმობას წარმოადგენს იბნ-ხორდადბეჰის მიერ აღწერილი ებრაელ ვაჭართა სავაჭრო მარშრუტები, რომლის მნიშვნელობასაც ჩვენ ზემოთ გავეცანით.

ებრაელი ვაჭრების ახალშენები ადრეც და გვიანაც არსებობდა საქართველოს ქალაქებში. ისინი, ცხადია, უნდა ყოფილიყვნენ აქ XII საუკუნეშიც. უპირველეს ყოვლისა კი მის ისეთ პოლიტიკურსა და ეკონომიურს ცენტრში, როგორსაც ქალაქი თბილისი წარმოადგენდა.

ერთი მათგანის ვინაობის შესახებ ცნობა შემონახულია "ისტორიანსა და აზმანში".

ესაა თბილელი დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი.

მის ებრაელობას გვიდასტურებს მისი საკუთარი სახელი და გვარი.

ზანქან ზორაბაბელი ცნობილია იმით, რომ მას დაევალა ქ.სევინჯიდან თამარის საქმროდ გიორგი რუსის ჩამოყვანა.

"ისტორიანი და აზმანის" ავტორი ამის გამო მოგვითხრობს: „მაშინ მომსენართა მისთა უკმეს ერთი მკუდრთაგანი დიდ-ვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ჰუნეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარე პაემნითა მოყმე სახეკეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭეუერტთაგან საჩენი გუარის-შვილად“27.

ზანქან ზორაბაბელმა სწრაფად შეასრულა ეს საპატიო დავალება ("ცვალებათა ჰუნეთათა"), რადგან მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ნაცნობი დარიალზე გამავალი გზაც და ჩრდილოეთის ქვეყნებიც.

მას, ეჭვი არაა, იმის გამო ავალებდნენ გიორგი რუსის ჩამოყვანას. რომ ნავალი იყო იმიერკავკასიის ქვეყნებსა და რუსეთში და, ალბათ, აქაურ ქალაქებთან სავაჭრო ურთიერთობითაც დაკავშირებული. როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის წინათ არსებობდა ებრაელ ვაჭართა ახალშენები. თავის დროზე აქ ებრაელები ისეთი დიდი გავლენით სარგებლობდნენ, რომ მათთან ურთიერთობის შედეგად ხაზართა სახელმწიფოში ოფიციალურ რელიგიად იუდევლობა გამოცხადდა.

გამორიცხული არაა, აგრეთვე ზანქან ზორაბაბელის კავშირი წინა აზიის ებრაელ დიდვაჭრებთან28

თამარის პირველი ისტორიკოსი, როგორც ვნახეთ, აღნიშნავს საქართველოს ეგვიპტესთან სავაჭრო ურთიერთობის ფაქტს. ვაჭრები, რომელთაც მისი სიტყვით ქ.ალექსანდრიიდან საუკეთესო ღირსების მატყლი შემოჰქონდათ საქართველოში, იგივე დიდვაჭრები არიან. ებრაელი დიდვაჭრები დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ ეგვიპტის, სირიისა და ერაყის ქალაქებში29

დიდვაჭრები ზანქან ზორაბაბელის გარდა. რა თქმა უნდა, სხვებიც იყვნენ იმდროინდელ თბილისში. სამწუხაროდ, საამისო ცნობები ქართულ საისტორიო წყაროებში ასახული არაა, რადგან მათი ავტორები უპირატესად პოლიტიკური ხასიათის მოვლენებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ რუსთველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ჩვენ ვგებულობთ, რომ XIX ს-ის საქართველოში მრავლად იყო ბასრული, მისრული, მაღრიბული, ხვარაზმული და ხატაური საქონელი. რაც აშკარად მიუთითებს. საქართველოს აღმოსავლეთის სხვადასხვა და ერთმანეთისაგან დიდად დაშორებულ ქვეყნებთან ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობაზე. ამავე დროს, რუსთველი არა ერთგან ასახელებს „დიდვაჭრებს“ და ზედმიწევნით აღწერს მათ სავაჭრო ოპერაციებს, მათ ურთიერთობას ქალაქების ვაჭარ-უხუცესებთან და, საზოგადოდ, მათი მოღვაწეობის ნიშანდობლივ თავისებურებებს, ვაჭრობასა და აღებ-მიცემობაში30.

ამდენადვე სავსებით შესაძლებელია იმ ერთადერთი ცნობის (თბილისელი დიდვაჭრისა და მისი ვინაობის დასახელება) განზოგადება, რომელიც ჩვენ მიერ „ისტორიანსა და აზმანშია“ დამოწმებული.

ამას გარდა, ჩვენთვის უკვე ცნობილია ებრაელი დიდვაჭრების როლი საერთაშორისო ვაჭრობის სარბიელზე. (218)

ამიტომ არ შეიძლება ყურადღებას არ იქცევდეს ზანქან ზორაბაბელის ვინაობა. მით უმეტეს, რომ იგი „თბილისის მკვიდრი“ დიდვაჭარი იყო. ბაღდადის, დამასკო კაიროს და სხვა აღმოსავლური და დასავლური ქალაქების „მკვიდრად“ ითვლებოდნენ ცნობილი ებრაელი დიდვაჭრები. ამასთან მათ შორის ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა იყო დამყარებული კრედიტის და სავაჭრო ოპერაციები საშუალებით.

ზანქან ზორაბაბელი იმდენად ცნობილი იყო და გავლენიანი, რომ მას დაეკისრა მეტად საპატიო დავალების შესრულება. დიპლომატიურ დავალებებს ასრულებდნენ სხვა ქვეყნების დიდვაჭრებიც, მონაწილეობდნენ სახელმწიფო საქმეებში. ამიტომ აღნიშნავენ მკვლევრები მათ როლსა და მნიშვნელობას ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩანს, დიდი გავლენით სარგებლობს ამ დროს თბილისის ზედა ფენა, რომელიც დიდვაჭრებისაგან საქალაქო წყობილებასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული დიდმოხელეებისა და მდიდარ მოქალაქეთაგან შედგებოდა. დამახასიათებელია, რომ თამარის საქმროს შერჩევასა და დასახელებაში მონაწილეობენ თბილისის ზედა ფენის წარმომადგენლებიც, ხოლო მათ მიერ დასახელებული პირის ჩამოსაყვანად ჩრდილოეთში მიემგზავრება ზანქან ზორაბაბელი.

თამარის ქორწინების საკითხის გადაწყვეტისას გიორგი რუსი სასურველ და ყოველმხრივ მისაღებ პირად დაასახელა „თბილისის მკვიდრმა“ და „ქართლისა და ტფილისის ამირამ“ აბულასანმა.

"ისტორიანის და აზმანის" ავტორი მოგვითხრობს: „გარნა ვინათგან ცუდ საგონებელ იქმნა და აღარ დაებადა ღმერთსა სწორი ამისი, არცა მგონიეს თუ დაბადებად არა. გამო-ვინმე–ჩნდა მეტყუელი მკვდრთა ტფილისისათა შინა, თავადი და მეფეთა-მეფისაგან წყალობა-ხელდასხმული და ამირა ქართლისა და ტფილისისა. სახელით აბულასან, და მეტყუელმან თქუა: „მე ვიცი შვილი ხელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთა მთავრისა, რომელსა მონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი... და არს იგი ყივჩაღთა მეფისა სევინჯსა ქალაქსა"31.

"ქართლის და ტფილისის ამირა" აბელასან იობის ძე კარგად ცნობილი პიროვნება და მოღვაწეა. იგი მოხსენებულია ლურჯი მონასტრის და ანდრია მოციქულის ხატის წარწერებშიც. თბილისის ეს „მკვიდრი“ თამარ მეფის გიორგი რუსზე დაქორწინების შემდეგ აღზევდა ქართლის ერისთავთ-ერისთავის და მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობამდე, გახდა „რუისთავისა და შვიდთა მთეულთათა პატრონი“. მისი პიროვნებით და მოღვაწეობით არა ერთი მკვლევარი იყო დაინტერესებული. ამასთან დღემდე გრძელდება აზრთა სხვადასხვაობა მისი სოციალური წარმოშობისა და მდგომარეობის შესახებ.

ზოგი მკვლევარი მას თბილისის ზედა ფენის წარმომადგენლად თვლის (ალ. ხახანაშვილი, მაგალითად, მას სოვდაგარს უწოდებდა), ზოგი კი ფეოდალად (ი. ცინცაძე). ყველა საამისო მოსაზრებანი დაწვრილებით განხილული და შეფასებული აქვს შ. მესხიას32. (219)

მას საჭიროდ მიაჩნია ანგარიში გაეწიოს იმას, რომ ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით აბულასანი არის „კაცი ვაჭარი ტფილისელი33. ამავე დროს იგი ყურადღებას აქცევს აბულასანის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველ ცნობებსაც ქართულ საისტორიო წყაროებში. მართლაც, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ ფაქტს, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულებაში მას ეწოდება "მკვიდრი ტფილისისათა“, „თავადი“ (ქალაქის გამგებლის მნიშვნელობით) და „ამირა ქართლისა და ტფილისისა“. მისი კავშირი ქალაქთან და ქალაქის საზოგადოებრივ წრეებთან, კერძოდ, მის ზედა ფენასთან დასტურდება მისივე ურთიერთობით თბილისელ დიდვაჭარ ზანქან ზორაბაბელთან.

ერთი სიტყვით, არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ თავისი სოციალური წარმოშობით აბულასანი დაკავშირებული იყო ქალაქთან, მის ზედა ფენასთან. ასევე ცხადია ყუთლუ-არსლანის კავშირი ამავე საზოგადოებრივ ფენასთან34.

აბულასანიც და ყუთლუ-არსლანიც, ჩანს, ეკუთვნოდნენ იმათ წრეს, ვინც თანამედროვე წყაროების სიტყვით, „სიმდიდრით იყვნენ ამაღლებულნი“ და „სიმდიდრით ალაღებულნი“. ისინი მოღვაწეობდნენ იმ დროს, როცა „გვართა უაზნოთა აღამაღლებს სიმდიდრე“. მატერიალური საფუძველი გასაქანს აძლევდა მათ დაწინაურება-აღზევებას. შემთხვევით არ აიხსნება, რომ აბულასანმაც და ყუთლუ-არსლანმაც მიაღწია ისეთ თანამდებობას, როგორიც იყო ქალაქებთან, ვაჭრობასთან და საზოგადოდ სახელმწიფო ფინანსებთან და შემოსავალთან დაკავშირებული მეჭურჭლეთუხუცესის სახელისუფლო35.

„სიმდიდრე“ აბულასანის და ყუთლუ-არსლანის მსგავს „მოქალაქეთ“ გზას უხსნიდა ფეოდალური წრისაკენ, აპირობებდა მათ მოხვედრას ფეოდალთა რიგებში. ამავე დროს სულ უფრო და უფრო აქტიური ხდებოდა მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამას მოწმობს აბულასანის მოღვაწეობაც და ყუთლუ-არსლანის დასის მოძრაობაც36.

შ.მესხია მართებულად მიუთითებს, რომ „სიმდიდრით ალაღებულთა“ და "ამაღლებულთა“ შორის პირველ რიგში ქალაქის მოსახლეობის ზედა ფენა, მსხვილი ვაჭრები და ამ წრიდან გამოსული დაწინაურებული პირები იგულისხმებიან37 „ხელი“ და „სიმდიდრე“ სხვა საზოგადოებრივი ფენების წარმომადგენლებსაც აძლევდა აღზევების საშუალება (ნაყივჩაღარი ყუბასარი, „აზნაურის ყმობიდან“ აღზევებული აფრიდონი).

მაგრამ სიმდიდრით მაინც ქალაქების დიდვაჭრები გამოირჩეოდნენ. (220) რუსთველის მიხედვით დიდვაჭრები არიან „საქონელ სრულნი, მდიდარნი“ (1031). მათი შემოსავლის მთავარ წყაროებს საგარეო ვაჭრობა ჰქმნიდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღმოსავლური და ევროპული წყაროების ცნობებით საქართველოდან გაჰქონდათ: ბამბა, მალემსრბოლი ცხენები და ჯორები, საუკეთესო ხარისხის მატყლი, აბრეშუმი, ტანისამოსი, ხალიჩები, ქურქები, სინდიყი (ვერცხლის წყალი), ოქროქსოვილები, ბეწვეული, მინისა და ბროლის ნაკეთობანი, სამხედრო საჭურველი38.

ყველაფერი ეს მიუთითებს ქვეყნის ეკონომიურ სიძლიერეზე, სოფლის მეურნეობის, ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების, ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებაზე. ამითვე აიხსნება საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს მთავარ სავაჭრო მაგისტრალებზე გაბატონების მისწრაფება.

ამას მოითხოვდა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ინტერესები. საექსპოოტო ვაჭრობის მაღალი დონე, თბილისის განსაკუთრებული როლი მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში. ყველაფერი ეს მყარ საფუძველს უქმნიდა „სიმდიდრით ამაღლებულთა“ დაწინაურებას.

შემთხვევით არ აიხსნება, რომ წყაროებში დიდვაჭრები სწორედ თბილისთან დაკავშირებით არიან დასახელებული.

XII ს-ის საქართველოში განვითარებული იყო არა მარტო საექსპორტო, არამედ საიმპორტო ვაჭრობაც.

მაშასადამე, „მკვიდრ ვაჭრებთან“ ერთად მრავლად უნდა ყოფილიყვნენ აქ უცხოელი ვაჭრებიც. უეჭველად მათი ინფორმაციის ან პირადი დაკვირვების შედეგად არის აღნუსხული ზაქარია ყაზვინის, „აჯაიბ ად-დუნიას“ ავტორის და იაკუთი. თხზულებებში დამოწმებული და ზემოთ უკვე მოტანილი ცნობები.

საქართველოს ქალაქებში ნამყოფი იყვნენ ევროპელი ვაჭრებიც39. ამას (221) მოწმობს იტალიელი მოგზაურების ცნობები, რომელთა შინაარსიც ძირითადად აქაური ქალაქების საექსპორტო ვაჭრობასთან არის დაკავშირებული.

საერთოდ ქართული, აღმოსავლური და ევროპული წყაროები გვაწვდის საყურადღებო ცნობებს საექსპორტო და საიმპერატორო ვაჭრობის შესახებ

რუსთველის „ვეფხისტყაოსანშიც“ ყველაზე დიდი რაოდენობით საგარეო ვაჭრობის საგნებია დასახელებული: პატიოსანი ქვები და თვალ-მარგალიტი (ალმასი, ალქატი, ამარტი, ანდამატი. ბალაშხი, ბროლი, გიშერი, ზურმუხტი, ლალი („მარგალიტი და ლალები“, „ბროლი, სათი და ლალები“), მინა, სათი, სადაფი, იაგუნდი, ქარვა და სხვ.); ოქროქსოვილები (ტურფა, ლარი, სტავრა, ზეზი, ფარჩა და სხვ.); ოქროს და ვერცხლის ჯამ-ჭურჭელი („ოქროს გობი“, „ლალის ჭიქები“, „ოქროს ჯამი“, „ჯამი და ჭიქა ყველა ფეროზისა და ლალისა"); ავეჯი („ოქროს ტახტი“, ტაბაკა, სელი, აკამი); ძვირფასი ტანისამოსი (კაბა, ყაბაჩა, რიდე („პირ-ოქრო რიდე“): კურტაკი, პერანგი („ტურფა პერანგი, წმიდები“); მანდილი, ხელ-მანდილი, სარტყელი („ოქროს სარტყელი“), ჩაბალახი, სარქმელი, საბურავი, ჯუბა, ჯუბაჩა და სხვ.): ნოხ-ფარდაგი („ფარდაგები ოქსინოსი“); საფენელი („ფერხთან საფენლად ოქსინო“); ბალიში, ნატი, ტყავი („ვეფხისტყავისა კატები“) და სხვ.; სამხედრო აბჯარ-საჭურველი (აბჯარი, მუზარადი, ჯაჭვი („ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი“); ხრმალი („ალმასი ხომალი ბასრისა“); მეტად ძვირად ღირებული საიმპორტო საქონელი (ყანდი, ქაღალდი, ყარყუმი, ნარინჯი.....)40.

ამგვარი ძვირფასეულით. თვალ-მარგალიტითა და საქონლით დიდვაჭრები ვაჭრობდნენ. ვ.ნოზაძეს „ვეფხისტყაოსნის“ დიდვაჭრები ჰყავს მხედველობამი, როცა აღნიშნავს: „ცხადია, ეს დიდვაჭარნი არიან უმთავრესად ისინი, რომელნიც შემოზიდვა-გაზიდვას, ექსპორტ-იმპორტს მისდევენ, და რასაკვირველია, ძვირფასი საქონლით ვაჭრობენ, რომლით ვაჭრობა დიდ სახსარს მოითხოვდა41. (222)

დიდვაჭრების დახასიათებისას ივ.ჯავახიშვილი შენიშნავდა: „რასაკვირველია დიდ ვაჭრად ის ჩაითვლებოდა ვინც მდიდარი სოვდაგარი იყო, ფართოდ აწარმოებდა თავის საქმეს და შეძლებული კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი.42 ქალაქ „ალექსანდრიით ვაჭართაგან მოღებული მატყლის“ გამო კი ასკვნიდა: „ცხადია რომ ასეთ შორეული ქვეყნიდან საქონლის მომტანელს ვაჭარს დიდი შეძლება უნდა ჰქონოდა და თვით მოთხოვნილებაც დიდი ყოფილა, თუ-კი მოტანილი საქონელი თავის ხარჯს ჰფარავდა და სარგებელსაც აძლევდა სოვდაგარს“.43

დიდვაჭრის როლი და მნიშვნელობა ხაზგასმით არის აღნიშნული რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“.

რუსთველს მკაფიოდ და ზუსტად აქვს დახასიათებული და აღწერილი დიდვაქრების ურთიერთობა ქალაქებთან, ქალაქის მოხელე-ხელისუფლებთან და მათი უშუალო და ორგანული კავშირი საგარეო ვაჭრობასთან, საერთაშორისო ხასიათის სავაჭრო ოპერაციებთან.

რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,

უჩვენებენ. რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,

უტურფესსა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;

მათ მაშინვე ააზატებს, ვითთა სწადდეს, დაყიდიან (1069).

ამრიგად, როცა დიდვაჭრები ქალაქში შემოვიდოდნენ მათ ჯერ ქალაქის ვაჭართ-უხუცესი უნდა ენახათ (ასეთად ფატმანის ქმარი უსენი არის დასახელებული) და მისთვის ძღვენი ეძღვნათ, მერმე მოტანილი საქონელი ეჩვენებინათ (სხვაგან და უიმისოდ „ლარს ვერ გახსნიდნენ“), შემდეგ უტურფესი საქონელთა შორის სეფედ, ანუ სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა მიეცათ, ფასსაც იქვე დაუთვლიდნენ და, ბოლოს, საქონლის გაყიდვის უფლებას მოიპოვებდნენ. ამას გარდა, ვაჭართ-უხუცესს დიდვაჭრებისათვის ქარვასლა უნდა „მოეკაზმა“ და მათი ბარგი დაბინავებინა44. ვაჭართა-უხუცესი შუამავლობდა აგრეთვე დიდვაჭრებსა და მეფის კარს შორის.

ნავროზობა დღეს ისინი ვაჭართ-უხუცესს მიჰყავდა მეფის კარზე დღესასწაულის მისალოცად და დროს გასატარებლად, ხოლო მათ ცოლებს ვაჭართუხუცესის ცოლი უძღვებოდა წინ.

ფატმანი მოუთხრობს ავთანდილს:

ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,

მათთა კოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არა მინა,

დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვისა

დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა (1123).

აქ დასახელებულ დიდვაჭრებში უნდა ვიგულისხმოთ არა შორეული ქვეყნებიდან მოსულნი, არამედ გულანშაროს მკვიდრნი, რომელნიც ამ ქალაქში თავიანთი ოჯახებით ცხოვრობდნენ.(223)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარდა სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული დიდვაჭრებისა, იყვნენ „მკვიდრი დიდვაჭრებიც“. „მკვიდრ“ დიდვაჭრებსა და ვაჭრებზე მოგვითხრობს რუსთველი 1121-1124-ე სტროფებში.

ვ.ნოზაძე სავსებით მართებულად აღნიშნავს, რომ რუსთველის დამოწმებული სტროფების შინაარსი აშკარად მოწმობს იმ ურთიერთობას, რომელიც დიდვაჭრებსა და ფეოდალურ არისტოკრატიას შორის არსებობდა45. მაგრამ ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები, ამის მიუხედავად, ქედმაღლურად უყურებდნენ „სიმდიდრით ამაღლებულ“ და „სიმდიდრით ალაღებულ“ ვაჭრებს, ამგვარი დამოკიდებულება ვაჭრების მიმართ მკაფიოდ არის ასახული რუსთველის „ვეფხისტყაოსანშიც“.

ამგვარივე დამოკიდებულება ქალაქების ზედა ფენისადმი შეინიშნება XII ს-ის ქართულ საისტორიო წყაროებშიც. მაგ. აშკარად უარყოფითად უყურებს ბასილი ეზოსმოძღვარი აბულასანს და ზანქან ზორაბაბელს46, ხოლო „ისტორიანისა და აზმანის“ ავტორი ყუთლუ-არსლანს „ჯორისა სახედრისა მსგავს ორ-ბუნებას“ და „ბიჭს“ უწოდებს47.

მეფის ხელისუფლების მომხრე ისტორიკოსთა ამგვარი დამოკიდებულება აბულასანისადმი და ყუთლუ-არსლანისადმი დაკავშირებული იყო იმ ბრძოლასთან, რომელიც „სამეფო კარის დაუფლებისათვის“ მიმდინარეობდა.

სამაგიეროდ ამ აღზევებულ-გაძლიერებულ პირებს მხარს უჭერდნენ დიდაზნაურები, მათვის სავსებით მისაღები იყო ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური პროგრამა ქვეყნის „ერთნებაობით და თანადგომით გამგებლობა. ისანში კარვის დადგმით მეფის ხელისუფლების შეზღუდვა.

დამახასიათებელია, რომ თუ „აზნაურის ყმობიდან აღზევებული“ აფრიდონი „მოიშალა და დაიმკო ნებითა და თნევითა ლაშქართათა“48, ამავე „ლაშქართათა“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს თამარის მიერ შეპყრობილი ყუთლუ-არსლანის განთავისუფლება („უკუადგეს თამარსს, დაადგინეს ანალი სიმტკიცე. ყუთლუ-არსლანის გაშუებულებისა, და არა მიშვებისა ვნებად მისსა მეტყველნი“)49. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმუქრებოდნენ „ისანიდან შემობმას"50.

ყველაფერი ეს აიხსნება იმით, რომ ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური ინტერესები და მისწრაფებანი თანაემთხვეოდა დიდაზნაურთა პოლიტიკურ ინტერესებსა და მისწრაფებებს51.

ამავე დროს, თვითონ ყუთლუ-არსლანი (ისევე როგორც აბულასანი) აღარაფრით აღარ განსხვავდებოდა ფეოდალებისაგან და „თავისა თვსისა ამირსპასალარად და სომხითს სომეხთა მეფისა ადგილსა ლორესა დაჯდომად განმზადებულ“ იყო52.

აღნიშნული გარემოება, ვფიქრობთ, აუცილებლივ გასათვალისწინებელია ყუთლუ-არსლანის დასის მოძრაობის შეფასებისას. (224)

დიდვაჭრების პოლიტიკურ სარბიელზე მოღვაწეობის ფაქტებს ვპოულობთ როგორც საქართველოს. ასე მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებში. მიწებს აღმოსავლეთში. როგორც ვნახეთ. იძენდნენ დიდვაჭრებიც. მაგრამ აღმოსავლეთისაგან განსხვავებით. სადაც აზნაურთა საზოგადოებრივი ფენა არ არსებობდა, საქართველოში ეს მოვლენა კიდევ უფრო მკაფიო გამოხატულებას იღებდა და ქალაქის წრიდან გამოსულ-დაწინაურებულ პირებს ორგანულად უკავშირებდა „პატრონყმური“ საზოგადოების იერარქიას53.

"სიმდიდრით ამაღლება“ და „სიმდიდრით ალაღება“ ქალაქის ზედა ფენის წარმომადგენლებს ხელს უწყობდა ფეოდალთა რიგებში გადასვლას. ეს დადასტურებულია და დამტკიცებული. მაგრამ გამოსარკვევია ის, თუ ვის ინტერესებს იცავდნენ ისინი ამის შემდეგ: ფეოდალების თუ ქალაქის ზედა ფენის. რომელთანაც ოდინდელი კავშირი თანდათან უნდა შესუსტებულიყო.

ფეოდალები, უეჭველია, ქედმაღლურად უყურებდნენ ქალაქის ზედა ფენის წარმომადგენლებს, დიდვაჭრებს და „ქალაქის ბერებს“. რუსთველი ამგვარ დამოკიდებულებას გამოხატავდა, როცა ამბობდა: „თქვენ, ჯაბანნი ხართ ვაჭარნი, ომისანი უმეცარნი“. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს რუსთველი ვერ იტყოდა ამირსპასალარობის მაძიებელ ყუთლუ-არსლანის მსგავს პირებზე. მას მხედველობაში ჰყავდა ქალაქის ვაჭრები, რომელნიც სოციალური კიბის შედარებით დაბალ საფეხურზე იდგნენ.

საერთოდ კი ფეოდალურ არისტოკრატიას სავსებით ჰქონდათ შეგნებული დიდვაჭრების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიურ ცხოვრებაში, რადგან მისი წარმომადგენლებიც, თავის მხრივ, მონაწილეობდნენ საგარეო ვაჭრობაში.

ამ ნიადაგზე მყარდებოდა მჭიდრო ურთიერთობა ფეოდალურ და საქალაქო არისტოკრატიას შორის.

ასეთი ურთიერთობისათვის რეალური საფუძველი არსებობდა XII ს-ში, როცა საქართველოს ფეოდალური სახელწიფოს სავაჭრო კავშირები მახლობელ თუ შორეულ ქვეყნებთან ყოველმხრივ იყო განვითარებული.

აღმოსავლეთის ისტორიის კათედრა

(რედაქციას მოუვიდა 3,4,1966)

-------------------------------------------------------------------------------

1. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ.II, დამატება I, 1965 წ., გვ.394

2. რ.კიკნაძე, ქალაქები, ხელოსნობა და ვაჭრობა XI-XII სს. მახლობელ აღმოსავლეთში. ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957, გვ.150

3. ე.სიხარულიძე, იაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ? თბ., 1964, გვ.57.

4. Amadee Janbert, Geographie d'Rdris, Paris, 1849, გვ.330

5. "ისტორიანი და აზმანი", "ქართლის ცხოვრება", ტექსტი დადგენილ ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, ტ.II, 1959, გვ.80

6. ცისია კახიანი, დმანისის არაბული წარწერები, თბ., 1965, გვ.11: დამოწმებულია: Э.Кверфельдт, Китайская керамика XII-XIII вв. на Кавказе, Памятники эпохи Руставели, Л., 1938, გვ.188

7. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია XIII-XIV სს. (კოსპექტი), საქართველოს ისტორიის საკითხები, II, გვ.54; მისივე, გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, თბ., 1966

8. ამას აღნიშნავდა ივ.ჯავახიშვილი თავის „საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში“ და დასძენდა: „რასაკვირველია მაჰმადიანების გარდა ტფილისში ქართველი, სომეხი და ებრაელი ვაჭრებიც იქნებოდნენ. ივ.ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, თბ., 1907, გვ.29.

9. დავითის ისტორიკოსი, გვ.340

10. მცირე აზიაში დაიწერა თბილისის ძველი მკვიდრის აბულ-ფაზლ ხობეიშ იბნ იბრაჰიმ თიფლისის ტრაქტატი ხელოსნობაზე. იხ. О.Л.Вильчевский, Абуль-Фазль Хобеиш ибн Ибрагим Тифлиси, Биан-ас-сан'ат (описание технологии), Советская Этнография, №2, 1959, გვ.180

11. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორია, XII-XIV სს. (კოსპექტი), გვ.54

12. ვაჭრობის გაცხოველებით იყო გამოწვეული გზების კეთილმოწყობა და ხიდების მშენებლობა საკუთრივ საქართველოში, უკვე დავით აღმაშენებელმა „აღაშენა ხიდნი მდინარეთა მასტიკთა და გზანი მაწყინოდ სავალნი ქვა-ფენილ ყვნა“. მანვე, არაბი მწერლის შამს ედ-დინ იუსუფის სიტყვით, „მგზავრებისათვის ქარვასლები და სასტუმროები ააგო“. გზების გასწვრივ ფუნდუკებს“, ანუ სასტუმროებს აშენებდა თამარ მეფეც. იხ. ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ, გვ.23)

13. ამას ივ.ჯავახიშვილი ხაზგასმით აღნიშნავდა და მნიშვნელოვან დასკვნას აკეთებდა: "საქართველო, თავისი ინტენსიური მეურნეობისა და ფართო აღებმიცემობის წყალობით, ფინანსიურად მდიდარი ქვეყანა იყო, სპარსელი გეოგრაფის ამ დალაჰ ყაზვინის ცნობით, საკუთრივ საქართველოს (უყმადნაფიცო ქვეყნებოდ) ყოველწლიური სახელმწიფო სალაროს ფულადი შემოსავალი 3 750 000 ოქროს მანეთს უდრიდა, ამავე ხანაში კი მცირე აზიის შემოსავალიც კი 2 475 000 მან., არაბეთის ერაყის 2 250 000 მან. და ფარსიის 2 153 454 მან. შეადგენდა მხოლოდ. დას. ევროპის ქვეყნებიდანაც, ზომპარტით, ინგლისის მეფის შემოსავალი 1300 წელს 4 000 000 ოქროს ფრანკს, ხოლო საფრანგეთის 1311 წელს 3 000 000 ფრანკს არ აღემატებოდა. საქართველოს შემოსავლის ზემოაღნიშნული შემოსავლის თანხა მხოლოდ ფულადი შემოსავლის ოდენობაა. ამას გარდა მას სულადად დაწესებული გადასახადების შემოსავალიც ჰქონდა. მხოლოდ სწორედ ასეთმა ეკონომიურმა კეთილდღეობამ მისცა საშუალება საქართველოს და ხალხს აეტანა ის საშინელი პოლიტიკური და ეკონომიური განსაცდელი, რომელიც მას XIII საუკუნეში დაატყდა თავს, მეტადრე მონღოლთა ბატონობის ხანიდან მოყოლებული“. ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, დამატება 1, გვ.394 ხაზი ავტორისაა.)

14. ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.54

15. W. Heyd, Histoire du Commerce du Levant au Moyen Age, Leipzig, 1885, გვ.378

16. ვ.ნოზაძე ვეფხისტყაოსანის საზოგადოებათმეტყველება, სანტიაგო დეჩილე, 1958, გვ.84-101

17. S.D.Goitein, The rise of the bourgeoisie in the Middle East, Journal of World History, 1956

18. W.J. Fischel, The origin of banking in medieval Islam. JRAS, 1953, გვ.339 და შემ.: S.D.Goitein. The exchange Rate of Gold aud Silver money in Fatimid and Ayyubid times, JES40, vil. VII. 1965, გვ.1-47 და სხვ.

19. S.D.Goitein. The Commercial Mail Service in medieval Islam, Journal of the American Oriental Society S: (1964).

20.დამოწმებული გამონათქვამები მოტანილია შ.მესხიას გამოკვლევაში ომია საჩვენებლად. თუ როგორი იყო ქალაქის წრიდან გამოსულ-დაწინაურებული პირების მნიშვნელობა ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ სარბიელზე. იხ. შ.მესხია, საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962, გვ.105.

21. Janine Sourdel - Thomine et Dominique Sourdel. Trois actes de vente damascains du début du IV/Xe siècle, JESHO, vol.VIII part II, 1965

22. Bertold Spuler, Iran in früh-islamischer Zeit, Wiesbaden, 1952, გვ.401 Адам Мец, Мусульманский ренессанс, М., 1966, გვ.372.

23. ლევანტის ვაჭრობის ისტორიის ცნობილი მკვლევარი W. Heyd-ი ამის გამო შენიშავდა: „Au reste, l'Armenie n'avait pas encore, pour les Occidentaux, au point de vue du Commerce, l'importance qu'elle eut plus tard". W. Heyd, Histoire du Commerce du Levant au Moyen Age, 1. Leipzig, 1855. გვ.372.

24. W.S.Fischel, Jews in the Economic and Political life of medieval Islam, London, 1937.

25. W.S.Fischel. The origin of hancing in medieval Islam, გვ.339, 569.

26. W. Heyd, დასახ. ნაშრ. გვ.372.

27. "ისტორიანი და აზმანი", გვ.37, "კაცნი ტფილისელნი" ქართულ წყაროებში ნახმარია თბილისელი ვაჭრების მნიშვნელობით (ჟამთააღმწერელი, გვ.292)

28. აშკარად, წინა აზიის სავაჭრო ოპერაციებთან ჩანს დაკავშირებული ებრაელი დიდვაჭარი იოსებ ბუღბაფაის ძე, რომელიც 1258 წ. რკონის სიგელში არის მოხსენიებული და „ურტაღის“, ანუ სავაჭრო ამხანაგობის წევრად ითვლება. ქრონიკები II, გვ.134: ივ.ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, გვ.30.

29. Golb, Norman, The Topography of the Jews of Medieval Egypt, Journal of Near Eastern Studies, vol.XXIV, 1965, გვ.251.

30. „ვეფხისტყაოსანში“ საერთოდ მეტად მდიდრად არის წარმოდგენილი ვაჭრობის ტერმინოლოგია: ვაჭრობა, ვაჭრობის საქმე, ქარვასლა, ქულბაქი, საქულბაქე, ვაჭრული, უვაჭრელი, დავაქრება, სასყიდელი, უსასყიდლო, ნასყიდი („ქალაქს ნასყიდი დრამითა“), ვაჭართუხუცესი, ქარავნის-უხუცესი, ქარავანი, მოქარავნე, ყოლაუზი („გზის ყოლაუზი მისციან“), საქონელი, უქონელი, ანგარიში, უანგარიშო, ფასი („თვითოსა ქალაქს ეფასებოდა“), მიზდი, ნირი (ნიხრი, ვალი, თავნი, სარგებელი, მოგება, წაგება და სხვ.

31. "ისტორიანის და აზმანი", გვ.36

32. შ.მესხია, საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962, გვ.111-117, 130-141

33. შ.მესხია, საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბ., 1962, გვ.116

34. იქვე, გვ.101-110.

35. მეჭურჭლეთუხუცესის სახელისუფლოს განსაგებელი იყო; „ძველნი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო რაც მეფისაა, სადაც წავა, ანუ მოვა და სახლისა საჭურჭლე“, ე.თაყაიშვილი, ხელმწიფის კარის გარიგება, გვ.8-9; ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, V, გვ.211; შ.მესხია, დასახ. ნაშრ., გვ.106, შენ.1.

36. შ.მესხია, დასახ. ნაშრ. გვ.100-144. იქვე დასახელებულია ლიტერატურა, რომელთა ავტორები ყუთლუ-არსლანის მოძრაობას „სიმდიდრით აღზევებულთა“ მოძრაობას უკავშირებენ და ამ მოძრაობის მეთაურს ვაჭარ-ფინანსისტების ინტერესების დამცველად მიიჩნევენ. იქვე, გვ.101-102.

37. იქვე, გვ.106

38. ფუფუნების საგნების მომხმარებლები უპირატესად ფეოდალები იყვნენ. მრავლად საღდებოდა ასეთი საქონელი ქალაქის ზედა ფენებშიც. აღსანიშნავია, რომ XII ს-ის მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებში ფასები (როგორც ყოველდღიური მოხმარების საგნებზე, ისე საექსპორტო და საიმპორტო საქონელზე) შედარებით დაბალი იყო, მაშინ როდესაც XIII საუკუნიდან ფასები განუხრელად იზრდება და კონტრასტი სიმდიდრესა და სიღატაკეს მორის კიდევ უფრო მკვეთრი ხდება. მეტიც: თვით დიდკაცები იძულებული იყვნენ გავრცელებული ძვირფასი ტანისამოსის მაგიერ შედარებით იაფი ქსოვილების ტანსაცმლით შემოსილიყვნენ. E. Ashtor, L'évolution des prix dans le Proche-Orient à la basse époque, JESHO. vol.IV, part 1, 1961, გვ.16-16. ასევე უნდა მომხდარიყო საქართველოშიც. აღნიშნულ გარემოებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა ქალაქების, ვაჭრობისა და ხელოსნური წარმოების განვითარებაზე.

39. ევროპელი (უმთავრესად იტალიელი) ვაჭრების ახალშენები არსებობდა ხმელთაშუა ზღვის არაბული ქვეყნების ქალაქებში და დიდი გავლენით სარგებლობდა იქ, ყირიმის ნახევარ კუნძულის ქალაქებში გენუის სავაჭრო ახალშენები ფართო აღებ-მიცემობას (კავკასიელი ტყვეებით ვაჭრობასთან ერთად) ეწეოდა კავკასიის, წინა აზიისა და ევროპის ქვეყნებთან. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით გამავალ გზას ეწოდებოდა „გენუის გზა“ (მერმინდელი ერზერუმის სავაჭრო გზა). უეჭველად გასათვალისწინებელია მოსაზრება, რომლის მიხედვით სოფ. გონიოს (აჭარაში) სახელი ნაწარმოებია „გენუადან“. ყოველ შემთხვევაში, კარგადაა ცნობილი გენუელ ვაჭრების მონაწილეობა და როლი კავკასიის საერთაშორისო ვაჭრობაში.

40. XI-XIII სს. ქართული დოკუმენტური და ნარატიული წყაროების და მხატვრული ნაწარმოებების (შავთელი, ჩახრუხაძე) მიხედვით ივ.ჯავახიშვილს დასახელებული აქვს საიმპორტო საქონელი, რომელიც არაბეთის და სპარსეთის ქალაქებიდან შემოჰქონდათ: აფი ბაღდადური, ჯუბაჩა, მატყლი, ლარი, ძვირფასი ქსოვილები და ოქროქსოვილები (ტურფა, ზარქაში), სურნელება და ნელსაცხებელი (ბალამინი, მუშკი, ქაფური), თათრული აღვირები სადაფით შემკული, პატარა ყუთები ზარდახჩად წოდებული, ზარქანი (ზოდებით ოქრო), ფოლადი, შაქარი, ძვირფასი თვალ-მარგალიტი (ბადახშანური ლალი, იაგუნდი, ლალი, ფირუზი, სადაფი, ბროლი); საბერძნეთიდან ანუ ბიზანტიიდან შემოჰქონდათ; ქსოვილები (კუბასტა ბერძული, „სტავრა ბერძული", ოქროქსოვილი საკრამანგი), ხატები ბერძული, სურათები ("ხატნი და კამარანი“), კვერცხის გული მაკანი ბერძნული ოქროთი, ბერძული ტაშტი: სომხეთიდან შემოჰქონდათ წითელი ძვირფასი ფარჩეული, რომელსაც „ტაბასტაი სომხური“ ეწოდებოდა. ივ.ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, გვ.30-31.

41. ვ.ნოზაძე, ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება, გვ.90-91. მისივე დაკვირვებით ქალაქი გულანშარო „არა მარტო შეზიდული საქონლით ვაჭრობს, არამედ შინაურითაც, თუმცა მისი სიმდიდრე მაინც უფრო საქონელთა შეჭიდვა-გაყიდვა არის“ (იქვე, გვ.86). ავტორი მართებულად დაასკვნის: „ეს არის შუა საუკუნეთა სამაგალითო ვაჭრობა, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში და ვეფხისტყაოსანშიც“ (იქვე, გვ.87). ამავე დროს, „ვეფხისტყაოსნის“ დიდვაჭრებს იგი ასხვავებს „ქალაქის ერისაგან“, რომელიც ვაჭრებისა და ხელოსნებისაგან შედგებოდა: „ქალაქის ერნი“ არიან საერთოდ მოქალაქენი, უმთავრესად, რასაკვირველია ვაჭარი და ხელოსანნი“ (იქვე, გვ.90), ასევე იყო მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებში, სადაც აღმოსავლური წყაროების მიხედვით "ქალაქის მცხოვრებნი“ და „ქალაქის მოსახლეობა" საშუალო ვაჭრებს, წვრილ ვაჭრებს, ფეხზე მოვაჭრეებს და ქალაქის ღატაკებს აღნიშნავდა. ვ.გაბაშვილი, სოციალური მოძრაობანი მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებში (IX-XIII სს.). ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქების ისტორიიდან, თბ., 1966. გვ.15.

42. ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრ, გვ.27

43. იქვე, გვ.33

44. ვ.ნოზაძე, დასახ. ნაშრ. გვ.87-88

45. ვ.ნოზაძე, დასახ. ნაშრ. გვ.85-86, 90-92

46. ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, გვ.118

47. "ისტორიანის და აზმანი", გვ.30-31

48. იქვე, გვ.30

49. იქვე, გვ.31

50. იქვე,

51. შ.მესხია, დასახ. ნაშრ. გვ.107

52. "ისტორიანის და აზმანი", გვ.31

53. ამდენადვე პოლემიკურ ფრაზად და ტენდენციურად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ თამარის პირველი ისტორიკოსის სიტყვით ყუთლუ-არსლანი იყო მომღებელი „წესსა რასამე სპარსთასა განაგისსა“ („ისტორიანი და აზმანი“, გვ.30-31). ნამდვილად ყუთლუ-არსლანის დასის მოძრაობა XII ს-ის საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიური განვითარების ნაყოფს წარმოადგენდა. XII ს-ის მახლობელი აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელი „მრავალმთავრობის“ (პოლიტიკური დაქსაქსულობის) პირობებში აზრად არავის მოუვიდოდა ეთხოვა „კარავი დადგმად“ და „დასხდომილნი მუნ შიგა“ ყოფილიყვნენ „განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი" (იქვე).