topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

თ. ჩიქოვანი - გვირგვინიან-ერდოიანი საცხოვრებლის და ვიტრუვის კოლხური სახლის ურთიერთობისათვის

<უკან დაბრუნება

გვირგვინიან-ერდოიანი საცხოვრებლის და ვიტრუვის კოლხური სახლის ურთიერთობისათვის

თ. ჩიქოვანი

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. - თბილისი, 1966. - N6. - გვ.211-222

(წარმოადგინა საქ. სსრ მეცნ. აკად. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტ)


ფოტოების წყარო: გელა გამყრელიძე "ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში"
და უჩა მურღულიას ბლოგი http://umurgulia82.blogspot.com/2018/01/blog-post_10.html

ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგად ნათელი გახდა, რომ ისტორიულ წარსულში საქართველოს პირობებში ერდოიან-გვირგვინიანი სახლი უპირატესად გავრცელებული იყო მხოლოდ ქართლში, თრიალეთსა და მესხეთ-ჯავახეთში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებს, კერძოდ კახეთსა და მთავარი კავკასიონის მთიანეთს, სადაც ასეთი ტიპის სახლის არსებობა სავარაუდო იყო, ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით მისი გავრცელება არ დასტურდება.

ცენტრალური ანუ მთავარი კავკასიონი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიული ცხოვრების სპეციფიურობის გამო, არახელსაყრელ პირობებს ქმნიდა ერდოიან-გვირგვინიანი სახლის გავრცელებისათვის. აქ გავრცელებული ციხე-სახლი სრული კანონზომიერი შედეგი იყო იმ სოციალ-ეკონომიური ცხოვრებისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ბატონობდა მთავარი კავკასიონის მთიანეთში, სადაც თემური საზოგადოების რღვევის პროცესი შემდეგში ადრეფეოდალურ ურთიერთობაში გადაიზარდა1. მთავარისაგან განსხვავებით, მცირე კავკასიონში საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება ამიერკავკასიის ბარის ანალოგიურად წარიმართა. აქ ფეოდალური ურთიერთობა ადრემონათმფლობელური საზოგადოების წიაღში ჩაისახა. ასე რომ, ამ მხრივ ცენტრალური კავკასიონის და ამიერკავკასიის ბარისა და მცირე კავკასიონის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების გზები ისტორიის გარკვეულ პერიოდში ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ. ამიტომ მთავარი კავკასიონის მთიელებში ასეთი სოციალ-ეკონომიური ყოფაცხოვრების გამო, არა მარტო სახლის, არამედ დასახლების ტიპიც თავისებურად ჩამოყალიბდა. ცენტრალური ამიერკავკასიის ბარისა და მცირე კავკასიონისაგან განსხვავებით დასახლებამ აქ დახშული სახე მიიღო2. წინ იქნა წამოწეული თავდაცვითი ფუნქციები, მაშინ როდესაც ცენტრალური ამიერკავკასიის ბარისა და მცირე კავკასიონის მოსახლეობის სახლკარი ფეოდალური ურთიერთობის პირობებშიაც კვლავ ღია სახისა რჩებოდა -

XVII-XIX სს. მონაცემების მიხედვით, კახეთში3 და დღევანდელ საინგილოში საცხოვრებლის ძირითად ტიპს ქვიტკირით ნაშენი, დიდი ზომის, ფანჯრიან-ქანობიანი სახურავით მომთავრებული სახლი წარმოადგენდა. კახური ქვითკირის სახლი კომპლექსური ხასიათისა იყო და ამავე პერიოდში უკვე ვერტიკალური განვითარების ტენდენციას იჩენდა. საოჯახო თემისათვის დამახასიათებელი კახური ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი აერთიანებდა საკმაოდ დიდი ზომის საცხოვრებელ ოთახს, სამზარეულო-საკუჭნაოსა და მარანს4. ასეთ სახლს (ეზო-კარმიდამოს ფარგლებში) თან ახლდა სხვადასხვა დანიშნულების მცირე მოცულობის სამეურნეო სათავსოები. აგრეთვე საოჯახო თემისათვის დამახასიათებელ ამავე რიგის, მაგრამ უკვე ორსართულიან სახლში პირველი სართული სამეურნეო სათავსოებს ქონდა დათმობილი, მეორეზე უშუალოდ ადამიანის საცხოვრისი იყო წარმოდგენილი ერთი დიდი, წალოიანი ოთახის სახით5.

კახეთში ამ დროისათვის (საშენი მასალის მიხედვით) სხვა სახის სახლებიც - „წნული“ და „ფიცრული“ ყოფილა გავრცელებული6, მაგრამ გაბატონებული მდგომარეობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაინც ქვიტკირის სახლს ეკავა. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, გარე კახეთის ზოგიერთ სოფელში და ნაწილობრივ შიდა კახეთშიაც აქა-იქ შეინიშნებოდა გვირგვინიან-ერდოიანი სახლი, რომლებიც კახელებს მეზობლად მცხოვრები ქართლელებისაგან უნდა გადაეღოთ, ანდა კახეთში დასახლებულ ქართლელებს უშენებიათ. მაგალითად, ქართლიდან კახეთისაკენ გზად მიმავალ გიულდენშტეტს (XVIII საუკ. მეორე ნახევარში) ივრის ხეობის მარჯვენა მხარის სოფლებში, კერძოდ ქოდალოში მიწურბანიანი სახლები უნახავს, რომლებსაც იგი, რუსულის გავლენით, „ზემლიანკას“ უწოდებს7. გიულდენშტეტის მოგზაურობიდან ირკვევა, რომ სხვა ადგილებში ეს ზემლიანკა გვირგვინიან-ერდოიანი სახლი ყოფილა. მაგალითად, თბილისელ მდაბიოთა სახლის აღწერისას იგი წერს, რომ ეს ბანიანი სახლები მეტად „ბევრ ჰაერიანი“ ყოფილა8. „ბევრ ჰაერიანობა“ კი, როგორც ცნობილია, ბანიანი სახლებიდან მხოლოდ გვირგვინიან-ერდოიანი საცხოვრებლისათვის არის დამახასიათებელი. გიულდენშტეტის ხსენებული დაკვირვება შემდეგი პერიოდის მონაცემებით კვლავ დასტურდება. XIX ს. პირველ ნახევარში სამგორის ველისა და ივრის ხეობის შუა წელში მოსახლეობის ძირითად საცხოვრებელს ჯერ კიდევ გვირგვინიან-ერდოიანი სახლი წარმოადგენდა9. რაც შეეხება შიდა კახეთს, გიულდენშტეტი თავის მოგზაურობაში აღნიშნავს, რომ ხსენებული ტიპის სახლი იშვიათობას წარმოადგენდა და თუ იყო, ისიც ქართლიდან ჩამოსახლებულ გლეხობას უშენებია, მაგალითად ს. ველისციხეში10. მაგრამ შეიძლება აქ ეჭვი შევიტანოთ გიულდენშტეტის ცნობაში; ასხვავებდა კი იგი ქართლ-კახურ სახლებს ერთმანეთისაგან? დიაღ, ასხვავებდა. იგი წერს: „კახეთის საცხოვრებელი სახლების არქიტექტურა ძალიან განსხვავდება ქართლურისაგან; პირველი არის მიწის ზემოთ, უკანასკნელი კი მიწაში. კახეთის სახლები, სახელდობრ, ნაგები არიან მსუბუქად, ტოტებისაგან დაწნული და თიხისა და ნაკელის ნარევით შელესილი კედლებით. სახურავები არის მარტივი ნივნივისაგან გაკეთებული და ლერწმით გადახურული. საცხოვრებელი ოთახი უმეტესად არის 5 საჟენი სიგრძისა და 4 საჟენი სიგანის. იატაკად არის მიწა, (ეს არის) ადგილი. რომელზედაც შრება ენდრო და ბამბა (აქ ალბათ აყრაზეა ლაპარაკი, თ.ჩ.). სინათლე შემოდის მხოლოდ ღია კარებიდან და ოთახიდან. შუაში არის სწორი ორმო ცეცხლისათვის, ხოლო მის ზემოთ (ჰკიდია) ჯაჭვი, რომელზედაც ჰკიდებენ სპილენძის ქვაბს (კვლავ აყრაზეა ლაპარაკი, თ.ჩ.). კვამლი გადის ჭერიდან და სახურავით, აგრეთვე ოთახის კარით გარეთ. ამ ცუდ საამშენებლო სისტემას, ქართლის „მიწურთან“ შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს სიმყუდროვის (მოხერხებულობის) და ჯანმრთელობის მხრივ. ზოგ სოფლებში გვხვდება ქვით ნაშენი საცხოვრებელი სახლები მაღალი, კონუსური საკვამლე მილებით. უმეტესად ხისა და ქვის სახლების გარშემო, (ს. ველისციხეში, თ.ჩ.) დგანან პატარა, მიწაში ამოთხრილი ქართლური ქოხები“11.

როგორც ვხედავთ, „ქართლურ ქოხებს“ გიულდენშტეტი დაუმსახურებლად „ამკობს“; მაგრამ თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, ევროპელისათვის (არა მარტო ევროპელისათვის) გვირგვინიან-ერდოიან, სანახევროდ მიწაში ჩადგმულ სახლთან შედარებით, ქვიტკირის, ფანჯრიან-ქანობიანი საცხოვრებელი, ეჭვს გარეშეა, უკეთესად გამოჩნდებოდა. ასეა თუ ისე, ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. არა თუ XVIII საუკ. მონაცემების მიხედვით, არამედ ისტორიული და განსაკუთრებით არქეოლოგიური მასალის მიხედვითაც, გვირგვინიან-ერდოიანი სახლი შორეულ წარსულშიაც კახეთისათვის დამახასიათებლად არ გამოიყურება.

ამიერკავკასიაში, გვირგვინიან-ერდოიანი სახლის გავრცელების ისტორიული არეალის, კერძოდ მისი დასავლეთი საზღვრების შესახებ დღემდე გარკვეულად არაფერია ნათქვამი. ამ მხრივ განათხარი მასალაც დუმს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ამიერკავკასიაში, რომელიც ერთდროულად დასავლეთ საქართველოც არის, ინტენსიურად მიმდინარეობს არქეოლოგიური კვლევაძიება. ანტიკური პერიოდის ავტორები ჰიპოკრატე (470-376 ძვ.წ.ა.), ქსენოფონტე (431-354 ძვ.წ.ა.), აპოლონ როდოსელი (250-200 ძვ.წ.ა.), არიანე (100-160 წ. ახალი წ.ა.) და განსაკუთრებით კი განათხარი არქეოლოგიური მასალა ჯერ-ჯერობით დაბეჯითებით მხოლოდ იმაზე მიგვითითებს, რომ ძველი კოლხეთისა და შემდეგ ეგრისის ტერიტორიაზე ძელურ-ფიცრული სახლები და კოშკები უნდა ყოფილიყო გავრცელებული12. ამ მონაცემებს თავისებურად მხარს უმაგრებს ეთნოგრაფიული მასალა, რომელიც დასავლეთ საქართველოში გვირგვინიან-ერდოიანი სახლის არსებობაზე უკვე მოყვანილი ისტორიულ) წყაროების ანალოგიურად არაფერს ამბობს. უკეთესია მივმართოთ ფაქტიურ მონაცემებს.

ეთნოგრაფიული ცნობები დასავლეთ ამიერკავკასიაში ანუ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებული სახლების შესახებ XVII საუკუნიდან მოყოლებული უკვე საკმაოდ დეტალური ხასიათის მატარებელია. ესენია კათოლიკე მისიონერთა აღწერილობები, ჩანახატები და ჩანახაზები, რუსი ელჩების ანგარიშებში არსებული მონაცემები, რომლებიც ძირითადში ეხებიან მეგრელთა ეზო-კარმიდამოსა და სახლებს. მაგრამ ყველა ამ ხასიათის გრაფიკულ თუ სიტყვიერ მასალაში ჩვენ საქმე გვაქვს ძელურ-ფიცრულ საჯალაბოსთან ანუ ეგრეთწოდებულ ოდა-სახლებთან, და ერთიდაიგივე მასალითა და წესით ნაშენ, ისლით ან ყავრით დაფარულ სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებთან, რომლებიც ტიპოლოგიურად დარბაზისაგან სრულიად განსხვავებულ ნაგებობებს წარმოადგენენ13.

შემდგომ პერიოდში დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე გავრცელებული სახლები ყველაზე უკეთ, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ზედმიწევნით აღწერა თ. სახოკიამ, რომელმაც XIX ს. მიწურულში შემოიარა გურია, აჭარა, სამურზაყანო და აფხაზეთი14. როგორც ცნობილია, თ. სახოკია მეტად დაკვირვებული ეთნოგრაფი იყო, მას ხშირად თვალთახედვიდან სრულიად უბრალო დეტალიც კი არა აქვს გამოტოვებული, მაგრამ ამ დროის დასავლეთ საქართველოს, უფრო სწორად ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე მას დარბაზული საცხოვრებლის მსგავსიც კი არა აქვს შენიშნული. ასევე ითქმის ტორნაუზე, გ. ყაზბეგზე. დ. ბაქრაძეზე, გრაფინია უვაროვაზე, ნ. მარზე, ბ. ჭიჭინაძესა და სხვებზე, რომლებმაც XIX საუკუნეში იმოგზაურეს ძველი კოლხეთის სხვადასხვა პროვინციებში15. ეს რაც შეეხება რევოლუციამდელ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და სხვა ხასიათის ლიტერატურას. საბჭოთა პერიოდში საქართველოს დასავლეთ ნაწილში ეთნოგრაფიულმა და სხვა ხასიათის კვლევა-ძიებამ უფრო ინტენსიური ხასიათი მიიღო. ყველაზე ნაყოფიერად, თუ შეიძლება ითქვას, იმუშავეს არქიტექტორებმა; მათ არა ერთი საყურადღებო გამოკვლევა მიუძღვნეს დასავლურ ქართულ საცხოვრებელ სახლებს16, მაგრამ ისევე როგორც ეთნოგრაფიულ გამოკვლევებში17, მათთანაც ვერა ვხვდებით რაიმეს, რაც დასავლეთ საქართველოში დარბაზული საცხოვრებლის არსებობაზე მიუთითებდა.

სხვასთან ერთად, მაგრამ უფრო ხანგრძლივად, 1957-60 წწ. მანძილზე ჩვენც მოგვიხდა მუშაობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ აჭარის ყველა ხეობასა და ფოთის მიდამოებში. დარბაზული საცხოვრებლის შესწავლას ჩვენ უკვე კარგა ხანია ვაწარმოებთ და ბუნებრივია, რომ დასავლურ ქართული-აჭარული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის შესწავლისას აღნიშნული საკითხითაც ვიყავით დაინტერესებული. დიდი მონდომებით ვეძებდით ძველი კოლხეთის ამ ტერიტორიაზე დარბაზული საცხოვრებლის არსებობის კვალს, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ვერ მივაკვლიეთ, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგიერთი ავტორის მტკიცებით, იგი თავის დროზე ჩანასახის ფორმით გავრცელებული უნდა ყოფილიყო კოლხეთში. ამასთან დაკავშირებით, გვინდა მოკლედ შევჩერდეთ აღნიშნულ საკითხზე, რომელიც ერთნაირად აინტერესებთ ეთნოგრაფებს და ხელოვნების მცოდნეებს.

1960 წ. ზაფხულში, ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეთნოგრაფიულ ექსპედიციასთან ერთად მუშაობა მოგვიხდა ისტორიული კოლხეთის ერთ-ერთ მიკრო რაიონში–კინტრიშის ხეობაში (ქობულეთის რაიონი)18. ველზე ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევა-ძიების შედეგად დადასტურდა, რომ გასული საუკუნის მიწურულამდე აღნიშნულ ხეობაში ჯერ კიდევ განაგრძობდა არსებობას ძელური საცხოვრებელი: „კუშტურა“. ორ ასეთ საცხოვრებელს, მაგრამ უკვე სანახევროდ დანგრეულს ჩვენ კიდევ მიუსწარით ს. ჭანათს ზემოთ. ადგილზე არსებული ნარჩენებისა და მთხრობლების დახმარებით შევძელით კუშტურის აღდგენა19. კუშტურა წარმოადგენდა გეგმაზე თითქმის კვადრატული ფორმის გაუთლელი ძელებისაგან ნაშენ საცხოვრებელ სახლს, რომლის საკედლე ძელები თავებით ერთმანეთში იყო ჩაჭდეული. დაახლოებით ორ მეტრნახევრიანი სიმაღლის კედლების თავიდან - ოთხივე მხრიდან, თანდათან დამოკლებული ძელებისაგან ჭდობის საშუალებით შეკრული იყო კულტურას ოთხწახნაგოვანი პირამიდული სახურავი. სახურავს დატანებული ჰქონდა სანათური, რომელიც ერთდროულად წარმოადგენდა სარკმელსაც და საკვამურსაც.

კუშტურას ერთი ცალყურა კარი ქონდა, რომელიც შიგნით იღებოდა. ხოლო რაც შეეხება მის კედლებს (რომლებიც გაუთლელი ძელებისაგან იყო შედგენილი), ანუ ძელებს შორის არსებულ სიცარიელეს ხავსისებური ბალახით ამოტენიდნენ ხოლმე. ასევე მჭიდროდ იყო ამოტენილი გადახურვის ძელებს შორის დარჩენილი სიცარიელე. ამის შემდეგ აღნიშნული ადგილები ამოიგლისებოდა თიხა-მიწია და ლერწმის მჭიდროდ შეკრული კონები კუშტურას სახურავს მოეფინებოდა. ასეთი სახურავის მოწყობა ნაკარნახევი ყოფილა ხშირი ატმოსფერული ნალექების გამო. ძირითად სამშენებლო მასალად უმეტესად გამოყენებული ყოფილა წაბლის ძელები, რადგანაც სხვასთან შედარებით, წაბლის ხე ყველაზე უკეთ უძლებს წვიმას.

კუშტურა, რომელიც ფართით ზოგჯერ ორმოციოდე კვ. მ. აღწევდა, გეგმაზე თითქმის კვადრატული ფორმის საცხოვრებელს წარმოადგენდა. მის ცენტრში გამართული კერიდან ასული ბოლი ჭერში დატანებულ ერდოში - სანთურში გადიოდა. გარდა ჭერში არსებული სანათურისა, ოთახი ნათდებოდა აგრეთვე კედელში დატანებული პატარა ზომის სარკმლით, რომელიც უამინდობის შემთხვევაში იხურებოდა. მთხრობელთა გადმოცემით, ასეთ სახლში 15-მდე სული ცხოვრობდა. ამისათვის კედლების გასწვრივ მოწყობილი იყო ხის ტახტები. შესასვლელიდან მარჯვენა კედლის მხარეს გამართული ტახტი განკუთვნილი იყო ოჯახის უფროსებისა და მოზარდებისათვის, რომლებიც ოთხ-ხუთი წლის ასაკის შემდეგ უკვე მოხუცებთან იძინებდენ ხოლმე. მარცხენა მხარეს გამართული ტახტი ოჯახის მეორე თაობისათვის იყო განკუთვნილი. თუ სახლში ახალი ცოლ-ქმარი იყო, მაშინ მათთვის ცალკე ტახტი უნდა გაემართათ, რომელსაც შემდეგ ფარდას ჩამოაფარებდნენ. რაც შეეხება საოჯახო დგამს, ჭურჭლეულსა და ქვეშაგებელს, მათთვის ოთახში სპეციალური კუთხე-კუნჭული და თაროები იყო გამოყოფილ-გაკეთებული. როგორც ვხედავთ, კუშტურა ფუნქციით მხოლოდ საცხოვრებელს წარმოადგენდა. საცხოვრებლის დამხმარე-სამეურნეო დანიშნულების სათავსოები (ბოსელი, სასიმინდე, საქათმე და სხვა). ამ პერიოდისათვის (XIX ს. მიწურული) ეზო-კარმიდამოს ფარგლებში იყო განაწილებული.

არქიტექტურული დეტალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ აშკარად დავინახავთ, რომ კუშტურა ვიტრუვის მიერ პირველ საუკუნეში აღწერილ კოლხურ სახლთან გარკვეულ გენეტიკურ კავშირში იმყოფება. გეგმის კვადრატულობა, ძელების ერთმანეთზე დაწყობა, ძელურ-კონუსური ფორმის სახურავი, სახურავში სანათურის მოწყობა და სხვა ზოგიერთი დეტალი ერთნაირადაა დახასიათებული როგორც ვიტრუვისეული კოლხური სახლისათვის, ასევე კუმტურასათვის.

გარდა აღნიშნული კუშტურასი, ჩვენ ამავე ხეობაში საშუალება გვქონდა დაგვეფიქსირებინა „ყუდარიანი სახლის“ სახელით ცნობილი ნაგებობა, რომელიც ფორმითა და არქიტექტურული აღნაგობით კუშტურას ანალოგიურია; განსხვავება მათ შორის მხოლოდ ის იყო, რომ ყუდარიან სახლს საფასადო, ე.ი. კარის მხრიდან მოწყობილი ქონდა „ყუდარა“20, რომელიც ჩარდახ-კარაპნის მოვალეობას ასრულებდა.

როგორც ვხედავთ, კინტრიშის ხეობაში თავის დროზე გავრცელებული ყოფილა კუშტურას ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ორი სახესხვაობით, უთრო სწორად, ორი ფორმით იყო წარმოდგენილი. ერთი უკარაპანო, ანუ „ყუდარის“ გარეშე, მეორე კი „ყუდარიანი“. პირველთან შედარებით ყუდარიანი კუშტურა საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით გარკვეულად განვითარებულ, წარმოადგენს, რადგანაც კარაპანი, ამ შემთხვევაში ყუდარა, კუშტურას ძირითად დამხმარე საოჯახო-სამეურნეო სათავსოს წარმოადგენს. წლის უმეტეს დროში, თითქმის აპრილიდან მოყოლებული ოქტომბრის ჩათვლით, ყუდარაში წარმოებდა წვრილი საოჯახო და სამეურნეო საქმიანობა. აქ ახმობდნენ ღომს, ლობიოს და სიმინდს; აქვე, სელისაგან ქსოვდენ სხვდასხვა საჭიროების ქსოვილს, ინახავდენ ზოგიერთ სასოფლო-სამეურნეო იარაღს, დაპობილ შეშას და ა.შ.

სხვათაშორის, კუშტურას ანალოგიური სახლი, როგორც ამას ლ. სუმბაძის და ვ. გაგოშიძის ნაშრომების მიხედვით ვგებულობთ, რაჭაშიც ყოფილა თავის დროზე გავრცელებული21. ჩვენს მიერ აღწერილი და ლ. სუმბაძის მიერ გრაფიკულად აღდგენილი რაჭული ძელური სახლების ერთმანეთთან შედარებით დავინახავთ, რომ აჭარული და რაჭულიც ტიპოლოგიურად ერთი და იგივე საცხოვრებელს წარმოადგენენ.

ზემოთ აღნიშნულს ჩვენ აქ ისიც უნდა დავუმატოთ, რომ ზოგი მკვლევრის აზრით, ვიტრუვის მიერ აღწერილი კოლხური სახლის მსგავსი ნაგებობანი თითქმის დღემდე ყოფილა შემორჩენილი აფხაზეთში მაცხოვრებელ მეგრელებსა და სვანებში22. მაშასადამე, თუ ჩვენ ამ მონაცემებსაც გავითვალისწინებთ, აშკარად გამოდის, რომ თითქმის თანამედროვე ვითარებაში - XX ს. დასაწყისში, ვიტრუვისეული კოლხური სახლის ანალოგიური საცხოვრებელი ჯერ კიდევ შემორჩენილ-გავრცელებული ყოფილა აჭარაში, რაჭასა და აფხაზეთშიც. ე.ი. ისტორიული კოლხეთის სამხრეთ და ჩრდილოეთ პროვინციებში. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ვიტრუვის კოლხურ სახლს, რომლის კვლევისას, განსაკუთრებით კი მისი ფორმის გრაფიკულად აღდგენისას ლ. სუმბაძეს გამორჩენილი აქვს ძელური ნაგებობის მშენებლობის ძირითადი სამშენებლო ხერხი და პრინციპი. ცნობილია, რომ ყველა სახის თუ ფორმის ძელურ ნაგებობას, რომელ ხალხებშიც არ უნდა ყოფილიყო იგი გავრცელებული, როგორც წესი, საკედლე ძელები თავებით ერთმანეთში ყოველთვის ჩაჭდეული ქონდა. თუ საკედლე ძელები თავებით ერთმანეთში ჩაჭდეული არ არის, მათ გარედან ჩადგმული, ერთი ციდის ზომის ხის ლურსმანი ვერ დაიჭერს, სახლი აშენებამდე დაინგრევა. ლ. სუმბაძეს გრაფიკულად აღდგენილი კოლხური სახლების საკედლე ძელები ყოველგვარი ჩაჭდევის გარეშე ერთმანეთზე აქვს უბრალოდ დაწყობილი და ძელების დამჭერად მხოლოდ ხსენებული, გარედან ჩადგმული, ხის ლურსმანი აქვს გამოყენებული23. ხის ლურსმანი, მართალია დასავლური ქართული სახლის მშენებლობაში საკედლე ფიცრების დასაკავშირებლად დღესაც გამოიყენება, მაგრამ იგი დამხმარეა და არა ძირითადი24. ძირითადი, მთავარი დამჭერი, სახლის შემკვრელი ყოველთვის საკედლე ძელების თავების ჩაჭედვა - „ჩაბოყვებაა“. შეიძლება აქ ჩვენი მკვლევარი წამოგვედავოს იმის შესახებ, რომ ვიტრუვის „ჩაჭდევა“ არ აქვს მოხსენიებული. ვიტრუვიმ „ჩაჭდევა“ - „ჩაბოყვებას“ ალბათ იმიტომაც არ გაუსვა ხაზი, რომ იგი ძელური სანლის მშენებლობაში თავისთავად იგულისხმება. ამ წესის, ხერხის გამოყენების გარეშე, როგორც ცნობილია, შეუძლებელია ყოველგვარი ძელური ნაგებობის მშენებლობა, და მითუმეტეს, ისეთი ძელური კოშკებისა, რომლებიც თავის დროზე ესოდენ გავრცელებული ყოფილა ძველ ქართველ ტომებში მოსინიკებში.

აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ლ. სუმბაძეს აღნიშნულ ნაშრომში მოტანილი აქვს ვიტრუვის სხვადასხვა კომენტატორის გრაფიკული მასალა, რომლებიდანაც ჯოკონდის, კარლო-ამატის და მარინის კოლხური სახლი აღდგენილი აქვთ საკედლე ძალების თავების ერთმანეთში „ჩაჭდევა“ - „ჩაბოყვებით“25. ასე რომ, ეს თავისთავად საგულისხმო, თითქმის ყველა ხალხისათვის ცნობილი მარტივი სამშენებლო ხერხი, ლ. სუმბაძეს არ უნდა გამორჩენოდა26.

როგორც ვხედავთ, ვიტრუვისეული კოლხური სახლი და ჩვენს მიერ დაფიქსირებული კუშტურა მთელი რიგი ნიშნების მიხედვით ერთი და იგივე ტიპის ძელურ საცხოვრებლად წარმოგვიდგება.

ვიტრუვის მიერ აღწერილი კოლხური სახლი, სუმბაძისეული ინტერპრეტაციის შედეგად რიგმა ავტორებმა დარბაზად გამოაცხადეს. ასე მაგალითად, მ. გარაყანიძე წერს, რომ „упоминаем здeсь о свидетельствах Витрувия (которых подробнее будет говориться дальше), убедительно описавшего один из древнейших типов жилища Грузии так називаемое дарбази"27. ამას იგი იმეორებს თავისი ნაშრომის სხვადასხვა ადგილას28 და ერთგან სხვათაშორის იმასაც წერს, რომ ვიტრუვის კოლხური სახლი თურმე „древний тип "дарбази" ყოფილა29. აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ თვითონ ლ. სუმბაძე, რომლის ინტერპრეტაციაზეა აგებული მ. გარაყანიძის კატეგორიული მსჯელობა, თავის ხსენებული ნაშრომის ერთ ადგილას გარკვეულად თავს იკავებს ასეთი ხელაღებით გადაწყვეტისაგან: „Дом описанный Витpyвием, не является жилым домом типа дарбази; он - прототип дарбазного жилья, имеющий характерное перекрытие гвиргвини самой простейшей и древней формы“30.

ასევე არასწორად აქვთ გაგებული აზერბაიჯანელ და ზოგიერთ სხვა მკვლევრებს, როცა ისინი ხსენებულ კოლხურ სახლს ყარადამში აიგივებენ31. ამ უკანასკნელთა მიხედვით ისე გამოდის, თითქოს ყარადამის ანალოგიური სახლი ვიტრუვის ქონდეს აღწერილი32, რაც, რასაკვირველია, სწორი არ არის. ასევე არასწორ პოზიციაზე დგას ვ. ვორონინა, როცა იგი უაპელაციოდ ვიტრუვის კოლხურ სახლს თანამედროვე დარბაზად აცხადებს: „Упоминаемый уже Витрувием, этот тип дома до сих пор бытут на Кавказе (грузинские "дарбази", армянский "тун", "карадам" в Нагорном Карабахе)"33.

სხვასთან ერთად, თავის დროზე ჩვენ გავიზიარეთ ლ. სუმბაძის ის დებულება, რომლის მიხედვითაც ვიტრუვის კოლხური სახლი დარბაზის პროტოტიპად არის გამოცხადებული, ჩვენ მხედველობაში გვქონდა კოლხური სახლის - მხოლოდ გადახურვა და არა მთლიანად საცხოვრებელი. მართლაც, ზოგიერთი დარბაზის გვირგვინსა, ჩვენს მიერ დაფიქსირებულ კუშტურას, სუმბაძისეულ რაჭული სახლისა და ვიტრუვისეული კოლხურის გადახურვაში რაღაც მსგავსება შეინიშნება. აღნიშნული ხასიათის მსგავსება ამ მხრივ რუსებში არსებულ ძელურ სახლებშიაც შეიძლება დავინახოთ. ეს არც არის გასაკვირი. ეს ხომ ძელური სახლების კონსტრუქციული ბუნებისათვის არის დამახასიათებელი. კიტეჟსა და კოლომენსკში დაცულ ძველ რუსულ ძელურ კოშკებსა და სახლებში მეტად რელიეფურად შეინიშნება ძელების ჭდობის საშუალებით ნაკეთები ნაირსახეობის სახურავები. მაგრამ მსგავსებაც არის და მსგავსებაც- დარბაზის გვირგვინი, როგორც ვიცით. უშუალოდ კედლებზე არ არის დაკავშირებული, იგი მის კონსტრუქციულ-ლოგიკურ დასრულებას კი არ წარმოადგენს, არამედ სვეტებზე - ბოძებზეა აღმართული და სწორედ ეს წარმოადგენს მის ტოპოლოგიურ თავისებურებას. ვიტრუვისეულ, კოლხურ საცხოვრებელში, სუმბაძის მიერ გრაფიკულად აღდგენილ რაჭულ სახლში და ჩვენს მიერ დაფიქსირებულ კუშტურაში, რომლებიც ტიპოლოგიურად ერთნაირ საცხოვრებლებად მიგვაჩნია, სახურავი ორგანულად არის შერწყმული კედლებთან. მათი კედლები და სახურავი ერთ მთლიანობაშია წარმოდგენილი. დარბაზის გვირგვინი კი სულ სხვა გზით უნდა იყოს მიღებული. თუ მხოლოდ ერთი ნიშნის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ არასასურველ დასკვნამდე მივალთ. მაგალითად, ცადაქნილი და ყალბგვირგვინიანი მიწისქვეშა ნაგებობანი ვიტრუვის კოლხურ სახლზე რამდენიმე საუკუნით ადრე იყო გავრცელებული მცირე აზიაში, მაგრამ ისინი ტიპოლოგიურად დარბაზული საცხოვრებლები კი არ იყვნენ. ასევე შეიძლება ითქვას ბულგარეთში, ბურგასის პროვინციაში არსებულ ძველი ტიპის ზოგიერთი ორსართულიანი სახლების შესახებ, სადაც მეორე სართულის მთავარ ოთახში ჭერის ცენტრალური ნაწილი ორსაფეხურიანი გვირგვინისებურად არის მოწყობილი. ამ ყალბი გვირგვინის დასასრულს ერდოს მაგივრად ხისგან რელიეფურად ნაკვეთი ვარდული აქვს მიმაგრებული34. ანალოგიურ ვითარებასთან გვაქვს საქმე თურქეთის დასავლეთ, ზღვისპირა პროვინციების და საბერძნეთის ზოგიერთ რაიონებში.

(+)

როგორც ცნობილია, რუსული ხალხური ხუროთმოძღვრება, კერძოდ კი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა მრავალფეროვანი და მდიდრული ფორმებით, დეკორითა და სამშენებლო ხერხებით ხასიათდება35. რუსეთში ხე ოდითგანვე ძირითად სამშენებლო მასალას წარმოადგენდა. მისი უხვად გამოყენება ძირითადად თვალუწვდენი ტყის მასივებით იყო შეპირობებული. საუკუნეების მანძილზე რუსი ოსტატ-ხუროები ქმნიდნენ ხის მასალისაგან ხალხური ხუროთმოძღვრების იშვიათ ძეგლებს, რომლებიდანაც ზოგიერთი მაგალითად კიტექის პაგოსტის ნაგებობანი მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლებს წარმოადგენენ. ადგილობრივ სამეურნეო ცხოვრებასთან ერთად ბუნებრივ-კლიმატურმა პირობებმა და სამშენებლო მასალის ხასიათმა რუსულ ხალხურ ხუროთმოძღვრებაში, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა. ასეთი ვითარების შედეგად რუსული ხალხური ბინათმშენებლობა თავისებურად სხვა ფორმებში ჩამოყალიბდა და ნაციონალურ ჩარჩოებში განვითარდა. რუსულმა ხით ხუროობამ, ძელური სახლების მშენებლობამ თავისებური განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. მართალია, არც სხვა ქვეყნებისათვის, კერძოდ საქართველოსათვისაც იყო უცხო ძელური სახლების მშენებლობის ტრადიცია, მაგრამ რუსეთისაგან განსხვავებით აქ ძელური ბინათმშენებლობის საქმე სულ სხვა გზით წარიმართა. მაგალითად, ქართული ძელური საცხოვრებელი ამავე რიგის რუსული ნაგებობისაგან არა თუ გარეგნულად, არამედ შინაგანი დაგეგმარებითაც პრინციპულად, ტიპოლოგიურად განსხვავდება. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, რუსულ-ქართულ ძელური ნაგებობების ადრინდელ არქიტექტურულ ფორმებში სპონტანურად წარმოქმნილ მსგავს კონსტრუქციებს ვხვდებით36. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს ლ. სუმბაძის მიერ გრაფიკულად აღდგენილი ვიტრუვის კოლხური სახლი, რომელიც მოყვანილობით და კონსტრუქციულად არხანგელსკის ოლქში შემონახული ზოგიერთი ნაგებობის ანალოგიურია (იხ. ტაბ.I, II)37. თუ ამ ორი ნაგებობის კონსტრუქციას კარგად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ორივე ერთიდაიგივე წესითა და ხერხით არის ნაშენი და ტიპოლოგიურად ერთიდაიგივე სახის მატარებელია. მაგრამ აქე ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე კარდინალურად სხვადასხვა ბუნებრივ, კლიმატურ და სამეურნეო პირობებში არის წარმოქმნილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად მხედველობაში უნდა მივიღოთ მათი შემდგომი განვითარებისა და გამოყენების ტრადიცია, რომელიც ორივე ქვეყანაში თავისებურად წარიმართა. საქართველოში მან „ჩარხილი“ და „ლურსიანი“ სახლის სახე მიიღო38, ხოლო რუსეთში კი ეგრეთწოდებული „კურნოე იზბა“-სი.

გვირგვინისებურ-პირამიდული მოყვანილობის ისეთი ძელური საცხოვრებელი ნაგებობა, რომელიც ერდოთი იყო მომთავრებული, არქაული სახით, გარდა „ამიერკავკასიისა, თავის დროზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საკმაოდ იყო გავრცელებული. რომ ასეთი ტიპის ნაგებობანი სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოიშვა, დღეისათვის უკვე საეჭვო აღარ არის. აღნიშნული ხასიათის ნაგებობების ერთმანეთისაგან დიამეტრულად საწინააღმდეგო სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებობა - აღმოსავლეთ ციმბირი, კალიფორნია, დიდი ბრიტანეთი და ამიერკავკასია - რასაკვირველია სწორედ მათ სპონტანურ წარმომავლობაზე უნდა მიუთითებდეს. ამ მხრივ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლებოდა. მაგალითად: ჩვენი საუკუნის ორმოციან წლებში დაბლობ ინგლისში ჩატარებული გათხრების შედეგად ლიტლვუდბერში, უილტშირის მახლობლად მთელი სახლკარი აღმოჩნდა39. ეს განათხარი მასალა, რომელიც რკინის პერიოდით თარიღდება, უაღრესად საყურადღებო მონაცემების შემცველია. მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით ისაა საყურადღებო, რომ აქ აღმოჩნდა კონუსური მოყვანილობის ერდოიანი ძელური ნაგებობა, რომლის აგრეთვე კონუსისებური ფორმის, მოკლე ძელებისაგან შემდგარი ერდოიანი სახურავი ოთახის ცენტრში კვადრატულად განლაგებულ ოთხ ბოძზე ყოფილა დაყრდნობილი40. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნულ სახლს შესასვლელი დარბაზის პატარა კარაპნის ჩარდახისებურად ქონია მოწყობილი41. რაც შეეხება სახლის გეგმას, იგი ქვაცხელების დარბაზებისა არ იყოს, ოვალურობის ტენდენციას იჩენს, ლიტვუდბერის სახლში გარკვეულად შეინიშნება ზოგიერთი ისეთი ელემენტები (კონუსური ერდოიანი გადახურვა, ბოძები), რომლებიც ერდოიან-გვირგვინიანი ადრეული ფორმისათვის არის დამახასიათებელი. მაგრამ თუ მთლიანობის მიხედვით ვიმსჯელებთ, იგი დარბაზისაგან ასევე გარკვეულად განსხვავდება, რადგანაც ინგლისური სახლის სახურავი ერთდროულად მისივე კედლებიცაა, ე.ი. თავიდან ბოლომდე კონუსური ფორმისაა. ასე რომ, აქ მსგავსებასთან ერთად გარკვეულ ტიპოლოგიურ სხვაობასთან გვაქვს საქმე. დარბაზის გვირგვინის გადახურვა ყოველთვის სვეტებზეა აღმართული, იგი კედლებს სრულებით არ ეყრდნობა. კედლები და გვირგვინი დარბაზში სხვადასხვა პრინციპითა და სხვადასხვა მასალით არის ნაშენი. ისინი ერთმანეთისაგან, თუ შეიძლება ასე ითქვას, დამოუკიდებელ ელემენტებს წარმოადგენენ. მართალია, ისინი ერთიმეორეს ავსებენ, მაგრამ მათი შერწყმა გვირგვინის კონსტრუქციული თავისებურებით არ არის გამოწვეული. ჩვენ თუ დარბაზს კედლებს მოვაცილებთ, გვირგვინი ისევ ხელუხლებელი დარჩება, იმის გამო, რომ იგი ბოძებზე დგას.

ფოტოს წყარო: http://umurgulia82.blogspot.com/2018/01/blog-post_10.html

XX საუკ. დასაწყისში ცნობილ მკვლევარ ვ. იოხელსონს გამოკვლეული აქვს ჩრდილო-აღმოსავლეთი აზიისა და ჩრდილო-დასავლეთ ამერიკის ტომებში გავრცელებული საცხოვრებელი ნაგებობანი42, რომლებიდანაც ზოგიერთი სახურავის შიდა ნაწილის კონსტრუქციული სახე გვირგვინის ფორმას მოგვაგონებს. ე.წ. „მჯდომარე კორიაკებში“ ამ დროისათვის ჯერ კიდევ გავრცელებული ყოფილა ძელებით ნაშენი მიწური საცხოვრებელი, რომლის გადახურვის შიდა მხარე, ე.ი. ძელების წყობის კონსტრუქცია თითქმის აზერბაიჯანული ყარადამის - „ევ დამის“ გვირგვინის ანალოგიურია. როგორც დარბაზულ სახლში, ისე აქაც კორიაკული სახლის სახურავს ქვემოდან ბოძები აქვს შედგმული. მაგრამ კორიაკულის ერდო მრგვალია და თანაც დარბაზულთან შედარებით რამდენადმე ფართო, რადგანაც იგი. ქსენოფონტეს მიერ აღწერილი სომხური სახლებისა არ იყოს, გარდა ძირითადი დანიშნულებისა, ზამთრის პერიოდში საცხოვრებელში ჩასასვლელად გამოიყენებოდა43. ამისათვის ერდოს ქვემოდან ზამთარში ყოველთვის კიბე ქონდა მიდგმული. „მჯდომარე კორიაკების“ ძელურ საცხოვრებელს კარები ჩვეულებრივ ქონია მოწყობილი. იგი მხოლოდ ზაფხულში გამოიყენებოდა. ზამთრის დადგომასთან ერთად კორიაკები ამ კარს მოქოლავდნენ ხოლმე და სახლთან მარტო ზემო აღნიშნული ერდოთი იყვნენ დაკავშირებულნი. გარდა „მჯდომარე კორიაკებისა“, აღნიშნული ფორმის საცხოვრებელი ქონიათ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის და ჩრდილო-დასავლეთ ამერიკის სხვა ტომებსაც; კერძოდ, გილიაკებს, კალიფორნიისა და ბრიტანეთის ინდიელებს44. ლ. მორგანს თავის ცნობილ ნაშრომში - „ამერიკელ ინდიელების სახლები და საოჯახო ცხოვრება“ აღწერილი აქვს საკრამენტოსა და სანხოაკინის ინდიელების - მანდანების მიწურბანიანი პირამიდის ფორმის ძელური სახურავიანი მიწური სახლები45. მანდანების მიწურბანიანი საცხოვრებლის ჭერი, გადახურვა, ისევე როგორც ეს აზერბაიჯანულ ყარადამშია, ოთხ ბოძზეა დაყრდნობილი. კვადრატულად განლაგებულ ბოძებს შორის კერაა მოწყობილი და აქედან ასული ბოლი პირამიდისებური გადახურვის დასასრულს გამართულ ერდოში გადის46.

ანალოგიური მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ამითაც აშკარად ჩანს, რომ გვირგვინიან-ერდოიანი გადახურვის მსგავსი მოტივები, რომლებიც ესოდენ ფართო გავრცელებას პოულობენ, უეჭველად სპონტანური წარმომავლობისა არიან. ასე რომ, გენეტიკური კავშირი გვირგვინიან-ერდოიან საცხოვრებელს, ამ შემთხვევაში დარბაზსა და ვიტრუვის მიერ აღწერილ კოლხურ სახლს შორის პირობითია. ორივე ტიპის ნაგებობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლივ ორ სხვადასხვა კულტურულ - ისტორიულ სამყაროში და გეოგრაფიულ-კლიმატურ გარემოშია აღმოცენებულ-განვითარებული.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. რ. ხარაძე, ალ. რობაქიძე, სვანეთის სოფელი, თბილისი, 1964, გვ.18.
2. А. Робакидзе, К вопросу о форме поселения в Сванетии, Крат. сообщ. Ин-ста этнографии AH CCCP, B. XXIX 1958, 57; რ. ხარაძე, ალ. რობაქიძე, სვანეთის სოფელი, გვ.24–25.
3. გიულდენშტეტი, მოგზაურობა საქართველოში, თბილისი, 1962, ნაწ.I, გვ.251.
4. P. Xapадзе Грузинская семейная община, ч.II, Тбилиси, 1952, Taблицa 12.
5. იქვე, ტაბ.13.
6. ჯ. რუხაძე, საცხოვრებელი ნაგებობანი კახეთში, მსე. X, 1959, გვ.53-54.
7. გიულდენშტეტი, მოგზაურობა საქართველოში, გვ.21.
8. იქვე, გვ.89.
9. М. В. Мачабели. Экономический быт государственных крестьян Тианетского уезда Tифлисской губернии, "МДНЭБГКЗК", т.V, Тифлис, 1887 წ.; ს. ბედუკაძე, მ. ჩართოლანი, სამგორის ახალი მოსახლეობის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XIX და XXI, 1957 წ.
10. გიულდენშტეტი, მოგზაურობა საქართველოში, გვ.43.
11. გიულდენშტეტი, დასახ. ნაშრ., გვ.251.
12. Известия древних греческих и римских писателей о Кавказе. ч.I, Тифлис: 1884, გვ.22, 148, Aнaбaзиc, M.-Л., 1951, გვ.138. საქართველოს არქეოლოგია, თბილისი, 1959, გვ.92–93; ნ. ხოშტარია, დიხა გუძბა, საქართველოს სსრ მეცნ. აკად მოამბე, ტ.5, №2. 1944; თ. მიქელაძე, ფოთის 1963-64 წწ. არქეოლოგიური ექსპედიციების ანგარიში, ხელნაწერი და ა.შ.
13. Посольство дьяка Елчина и священника Павла Захарьевича в Дадианскую землю, 1639-1640 (Белокуров, Материалы для русской истории 1887 г.), Арканджелло Ламберти. Описание Колхиды, называемой теперь Менгрелией, Тифлис, 1913, გვ.35-40.
14. თ. სახოკია, მოგზაურობანი, თბილისი, 1950 წ.
15. Topнay, Bocпоминания кавказского офицера, ч.I, Mocквa, 1838, г.Казбек, Три месяца в Турецкой Грузии "ЗКОРГО", 1875 г; Д. Бакрадзе, Археологический путешествия по Грузии и Аджарии, СПб, 1878; П. Уварова, Кавказ, Путешествие, заметки, Москва, 1887; Н. Марр, Поездки в Турецкий Лазистан, СПб., 1910; его же, дневник поездки в Шавшетию и Кларджетию. СПб., 1931.
16. ლ. სუმბაძე, ვ. ცინცაძე, იმერული სახლის არქიტექტურა, „ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ძიებანი“, 1948. ილ. ადამია, ხალხური საცხოვრებელი სახლების დღემდე უცნობი ტიპების შესახებ გურიის ტერიტორიაზე, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შრომები, №20, 1949; მისივე, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, აჭარა, თბილისი, 1956.
17. ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბილისი, 1941; გ. ჩიტაია, ხევსურულ სახლის „ხსენებაში“ გაკვრით აქვს ნათქვამი აჭარაში გავრცელებული სახლების შესახებ: A. Pобакидзe, и др. Современное крестьянское жидище, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ.X; თ. ჩიქოვანი, დასავლურ-ქართული საცხოვრებელი სახლის „ოდა სახლის“ ზოგიერთ სახესხვაობის შესახებ; ჩვენივე, ზემოაჭარული სახლი, ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომები, ტ.I, 1960 წ.
18. 1960 წ. ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კინტრიშის ეთნოგრაფიულ ექსპედიციაში მონაწილეობდნენ თ. ჩიქოვანი (ხელმძღვანელი), ნ. ჩიჯავაძე (მოადგილე), ალ. რამიშვილი, ა. სურგულაძე, ვლ. მგელაძე, ვ. შამილაძე, მ. ბექაია, არქიტექტორი ა. ეპიტაშვილი.
19. Т. Чиковани, Колхидский дом Витрувия в свете грузинского этнографического материала. Вестник госмузея Грузии, XXII Б., 1961 г.
20. ყუდარა ანუ იგივე ყუდრო, ყუდე საბა-სულხან ორბელიანის განმარტებით შემოკავებულ მყუდრო ადგილს წარმოადგენს. ს.-ს. ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, გვ.387.
21. Л. Сумбадзе, დასახ. ნაშრ., ტაბ.6; ვ. გაგოშიძე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საცხოვრებელი სახლების უძველესი ტიპები, მაცნე, 1965, №1.
22. Ш. Инал-Ипа, Абхази, Сухуми, 1960
23. Л. Сумбадзе, Колхидский дом Витрувия, т.14
24. ილ. ადამია, აჭარული ხალხური ხუროთმოძღვრება, თბილისი, 1956, გვ.81-82; თ. ჩიქოვანი, ზემო აჭარული სახლი, გვ.98.
25. Л. Сумбадзе, დასახ. ნაშრ., სურ.1.4, ტაბ.14
26. აღნიშნულ შეუსაბამობას კარგად მიაქცია ყურადღება ვ. გაგოშიძე მ, იხ.დასახ. ნაშრ., იქვე.
27. М. Гараканидзе, Грузинское деревянное зодчество.
28. იქვე, გვ.23, 31, 67.
29 იქვე, გვ.31.
30. Л. Сумбадзе, დასახ. ნაშრ., გვ. 37.
31. Народы Кавказа, т.II, стр.102.
32. Народы Кавказа, т.II, стр.102; Усейнов М., Бретаницкий Л., Саламадзе А., История архитектуры Азербайджана, Москва, 1963, გვ.11; К.Карашлы, Материальная культура азербайджанцев, Баку, 1964.
33. В. Воронина, Жилище Ванча и Язгулема.
34. Иванчев, Несебъер и Неговите, София, 1957, таб. 185, 186, 187.
35. Ащепков Е.А., Русское народнон зодчество в Вост. Сибири, Москва, 1953.
36. Бломквист Е. Э. Крестьянские постройки русских, украинцев и белорусов. Восточнославянский этнографический сборник, вып.XXXI, Москва, 1956, გვ.100.
37. Маковецкий И. В., Архитектура русского народного жилища. Москва - 1962, გვ.315, фото 131.
38. თ. ჩიქოვანი, ზემო აჭარული სახლი.
39. A history of technology, Oxford, 1956, გვ.417.
40. იქვე, გვ.117-318.
41. იქვე, გვ.318
42. В. И. Иохельсон, Древние и современные подземные жилища племен севеpо-восточной Азии и северо-западной Америки. СПб., 1908 г
43. В. И. Иохельсон, დასახ., ნაშრ., 23, 27, 28.
44. იქვე, 27, 28
45. Л. Морган, Дома и домашняя жизнь американских туземцев, Ленинград, 1934.
46. იქვე, გვ.25.