There are no translations available.
<უკან დაბრუნება (ნაწილი VIII)...<<დაბრუნება პირველ გვერდზე
თეიმურაზ ბოცვაძე - საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (ნაწილი IX)
(188) ის საქართველოს პოლიტიკური გაქრობის ერთ - ერთი ფაქტორთაგანიც გამხდარიყო. ამიტომ მოხდა, რომ შექმნილ ვითარებაში საქართველო - რუსეთის, საქართველო - თურქეთის, საქართველო - ირანისა და საქართველო - დაღესტან - ჭარის ურთიერთობებმა, აუცილებლობით მოითხოვა მათთან საქართველოს მომავალი დამოკიდებულების საკითხის კარდინალურად გადაჭრა. მეტად მკაცრმა სინამდვილემ ერეკლეს წინაშე ალტერნატივა დასახა: ერთი მხრივ, საქართველო ან ჩაყლაპული უნდა ყოფილიყო "შაჰის სპარსეთის მიერ და გასპარსებულიყო, ან სულთნის თურქეთის მიერ და გათურქებულიყო, ან დადესტან - ჭარის ფეოდალთა მიერ და გალეკებულიყო ან არა და მეორე მხრივ სულაც რუსეთის პროტექტორატის ქვეშ გადასულიყო. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გალეკება ნიშნავდა არა XVII-XVIII სს. მიჯნის გალეკებას, როდესაც სოციალურ - ეკონომიური მოტივებით ქართული გლეხობა გალეკებაში უბატონობასა თუ თავისუფლებას ეძებდა, არამედ გამაჰმადიანებას. ქართველებისათვის სარწმუნოების შეცვლას კი "ქართველობის" წარხოცვაც უნდა მოჰყოლოდა, ანუ გარკვეული ცვლილებები უნდა განეცადა მათ ზნე - ჩვეულებებს, ენას, მეურნეობას, ხუროთმოძღვრებას, ტანსაცმელს და მრავალ სხვას237. ამისი ცოცხალი მაგალითი კი გვერდზე იყო - საინგილო. ერეკლე ორი ბოროტებისაგან უფრო ნაკლები ბოროტების არჩევის, ანუ უმცირესი ბოროტების გზას დაადგა. რამდენადაც, მისი აზრით, ამ უმცირეს ბოროტებას დიდი ბოროტების წინააღმდეგ, შედარებით მაინც სიკეთე უნდა მოეტანა საქართველოსათვის. რუსეთზე არჩევნის შეჩერებისათვის კი ერეკლეს გარკვეული სიღრმისეული ძალები ამოძრავებდნენ. ერეკლეს არჩევანი, მარტო შექმნილი მომენტის ნაყოფი კი არა, არამედ რუსეთ - საქართველოს და საქართველო -თურქეთ - ირანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა შეფასება იყო, რომელსაც თვით ქვეყნის სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური ხასიათის ფაქტორები განაპირობებდა, ასე, მაგალითად, ერთმორწმუნეთბით. მუსლიმანური თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის გენოციდის პოლიტიკამ ქართველების მიმართ ბუნებრივია, რომ საქართველოს მხრიდან გამოიწვია ერთმორწმუნე მოკავშირის ძებნა, ეს იქნებოდა მართლმადიდებელი რუსეთი თუ მართლმადიდებელი ან კათოლიკური ევროპა. საქართველოსთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მის სულიერ საზრდოს გზა არ გადაკეტვოდა და გარემოცვიდანაც თავი დაეღწია. (189) საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას გარდა წმინდა რელიგიური განწყობისა, საფუძვლად ედო აგრეთვე ამ ორი მხარის "მონათესავეობა" მათი სოციალურ - ეკონომიური განვითარების თვალსაზრისით, განსხვავებით, რასაკვირველია, აღმოსავლურ - ბარბაროსული და ჩამორჩენილი ფეოდალიზმისაგან (თურქეთ - ირანი); XVI-XVIII სს. თურქეთ-ირანის მხრივ გამუდმებულ აგრესიისას, რუსეთი, რომელიც თავისთავად გამოდიოდა თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ მებრძოლ მხარედ, არ შეიძლებოდა ქართველებს არ მიეჩნიათ ერთ - ერთ საიმედო მოკავშირედ, მით უფრო, რომ თვით ქართველებისათვის რუსეთი, როგორც რუსეთი თავისი კოლონიალური პოლიტიკით ჯერ უცნობი იყო. დაბოლოს, "ლეკური საკითხის" მოგვარებაში საქართველოსათვის ერთადერთ რეალურ დამხმარე ძალად იგივე რუსეთი ჩანდა; ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რუსეთი თავისი ინტერესებისათვის დაღესტანს საქართველოს წინააღმდეგ ისე არ იყენებდა, როგორც მაგალითად თურქეთ-ყირიმხანი ან ირანი, ხოლო მეორე, რამდენადაც თვით რუსეთი ცდილობდა დაღესტნის შემოერთებასა თუ მორჩილებაში მოყვანას, ამდენად საქართველო - რუსეთის ინტერესებიც ერთმანეთს ემთხვეოდნენ. ამიტომ იყო, რომ "ლეკურმა საკითხმა" რუსეთთან საქართველოს ურთიერთობისათვის თავიდანვე უდიდესი მიზიდულობის ძალა მიიღო. ვინაიდან რუსეთის სოციალურ - ეკონომიური და პოლიტიკური მოვლენები თანმიმდევრულად და პროგრესულად ვითარდებოდნენ რეგრესის გზაზე დამდგარ თურქეთ - ყირიმხანისა და ირანთან შედარებით. ამიტომ ბუნებრივია, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართველ პოლიტიკოსთა ორიენტაციაც მის მიმართ, მიუხედავად კავკასიაში დროდადრო წარუმატებლობისა და დროდადრო თურქეთ - ირანის აღმავლობისა, მაინც ერთგვარად ურყევი იყო. ასეთ ვითარებაში ჩავარდნილ ერეკლეს მთელი მცდელობა იმაში მდგომარეობდა, რომ როგორმე მიეღწია რუსეთთან შეთანხმებისათვის, რაც რამდენადმე და, ამასთან ერთად, იურიდიულადაც გააფორმებდა რუსეთის ვალდებულებებს საქართველოს წინაშე. 1783 წ. მფარველობითი ტრაქტატით ერეკლემ ფორმალურად კი მიაღწია ამ თავის საწადელს, მაგრამ მეტი ვერ შეძლო, რადგან მასზე უკვე აღარ იყო დამოკიდებული. აღნიშნული ტრაქტატის შესახებ ქართულ, რუსულ და უცხოურ ისტორიოგრაფიაში უამრავი ლიტერატურა და მოსაზრებები არსებობა. ჩვენ მხოლოდ ერთს ავღნიშნავთ. ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, "არსებულ პირობებში ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, რომელსაც ერთად ერთს შეეძლო ქვეყანა პროგრესის გზით... წაეყვანა". "მეორე მხრით, (190) ეს აქტი იმის აღიარებაც იყო, რომ გარედან დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად, საქართველოს ღონე არ შესწევდა დაემარცხებინა რეაქციის ძალები და უზრუნველყო ქვეყნის გამოხსნა - აღდგომის საქმის გამარჯვება"238. ჩვენ ამაზე შევჩერდებოდით, რომ მ.დუმბაძეს ი.ცინცაძესთან პაექრობაში ნ.ბერძენიშვილის ზემოაღნიშნული ბრწყინვალედ დასაბუთებული დებულების მეორე ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაეყენებინა239. ნ.ბერძენიშვილის ცნობილი დებულება, რომ დაჩიხული საქართველოს პოლიტიკური არსებობის "გარანტია" ძველი აგრესორების ირან - ოსმალეთის ჩამორჩენილობა იყო, რომ მოწინავე ქვეყნების ქიშპში საქართველო, როგორც პოლიტიკური ერთეული, ვერ გადარჩებოდა, თუ ის ამ დაჩიხულობიდან ვერ გამოვიდოდა, რისთვისაც მას დიდი სოციალუ - პოლიტიკური ნახტომი უნდა გაეკეთებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვა მას არ ასცდებოდა240, მ.დუმბაძის აზრით, უნდა გადაისინჯოს. მ.დუმბაძის პოზიციის სხვანაირად გაგება წარმოუდგენელია, როდესაც იგი ასეთ კითხვებს სვამს - მართლაც იყო თუ არა აუცილებელი "დიდი სოციალურ - პოლიტიკური ნახტომი" იმისათვისო, რომ დამოუკიდებლობა შენარჩუნებულიყოო? ან, თუ მართლაც ხსენებულ აგრესორთა ჩამორჩენილობა საქართველოს პოლიტიკური არსებობის "გარანტიას" იძლეოდა, მაშინ იქნებ, დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, ქართველ თავკაცებს ამ "გარანტიის" სათანადო შეფასება მოეთხოვებოდათ და თვითმყრობელური იმპერიისადმი უფრო ფრთხილ პოლიტიკას უნდა დადგომოდნენო?241 და სხვ. მაგრამ მ.დუმბაძეს ავიწყდება ერთი დიდი რამ, თუ რამდენად შეეძლო, ასე ვთქვათ, თურქეთ - ირანის ჩამორჩენილობით "გარანტირებულ", მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოს, რომლის მიმართ ის ერთგვარ სიმპათიას იჩენდა, არსებობა, "ლეკიანობის" პირობებში, ან მისივე სიტყვით რომ ვთქვათ, ლეკურ - მაჰმადიანური აგრესიის პირობებში?242. სწორედ, რომ დიდი სოციალურ-პოლიტიკური ნახტომი იყო საჭირო, რათა საქართველოს ერთგვარად მაინც შეძლებოდა დამოუკიდებელი (191) არსებობა. პირველი ამას თვით ერეკლე მიხვდა და მანვე დაიწყო საამისო მოღვაწეობა. იგი თავგამოდებით ცდილობდა, რათა შეექმნა ქვეყანაში "კულტურული" ცხოვრებისათვის სათანადო პირობები, რასაც მოწმობს მაგალითად, მორიგე ჯარის შექმნა, ცნობილი კანონი ტყვეობიდან თავისი ღონით დაბრუნებულთა შესახებ და აგრეთვე სხვა საგლეხო კანონები, რომლებიც სასტიკ "წინააღმდეგობას წააწყდნენ თავადურ - ბატონყმური რეაქციისაგან და ამდენად მათი ზემოქმედებაც განეიტრალდა. მაგრამ თავადურ - ბატონყმურ წყობილებას კიდევ ეშველებოდა, რომ ერეკლეს ახალ წამოწყებებს დაცლოდათ განვითარება, - იმ დონემდე, როდესაც ისინი თავისთავად და ობიექტურად შიგნიდან მოარღვევდნენ თავადურ - ბატონყმურ ჩიხსა და ქვეყანას გამოიყვანდნენ დიდი პროგრესის გზაზე. მაგრამ აქაც სანუგეშო არაფერი ჩანდა, რის ბრწყინვალე და ტიპიურ - ფაქტობრივი დადასტურებაა 1785 წ. ხუნძახის ბატონის ომარ - ხანის შემოსევა, რომელმაც "შემოიყარა დაღისტნის ჯარები და ეგრეთვე ჭარელნი, ვიდრე ოციათასამდე და მოვიდა"243. ომარ-ხანი, ხერხეულიძესვე სიტყვით, "მივიდა ახტალის მადანში, აღიღო ციხე ახტალისა, აღაოხრა მადანი და დაატყვევა ყოველნი მუნ მყოფნი ბერძენნი და ქართველ - სომეხნი და აღვიდა ალსიხის ფაშასთან"244. აი, ასეთმა შემოსევამ და მისმა მსგავსმა ასობით რომ იყო ადრე და გვიან არ მისცეს განვითარების საშუალება იმ, ასე ვთქვათ, "რევოლუციურ" ელემენტებს, რომლებსაც სხვა მსგავს ელემენტებთან ერთად უნდა შეედგინათ, ჯერ ახალი წყობა, ხოლო ბოლოს კი მოეხდინათ სწორედ ის, რასაც ნ.ბერძენიშვილი უწოდებს დიდ სოციალურ - პოლიტიკურ ნახტომს. ხომ ცნობილია, რომ შემთხვევით შემოსევას და უბრალო ჩვეულებრივ ომსაც კი შეუძლია საწარმოო ძალებით და მოთხოვნილებით განვითარებული ქვეყანა მოაქციოს ისეთ დღეში, რომ ამ უკანასკნელის აუცილებლობით მოუწიოს ყველაფრის თავიდან დაწყება245. მით უფრო აღსანიშნავია შემოსევებისას ის მომენტი, როდესაც თავდამსხმელი თუ დამპყრობელი ნაკლებ კულტურულ განვითარებულია, რადგან ასეთ შემთხვევებში ძალზე ფერხდება ქვეყნის ეკონომიური განვითარება და ისპობა უამრავი საწარმოო ძალები ან კი ალალბედზე უშვებენ მათ, რომელთა მოხმარა არ იციან თავისი განუვითარებლობის გამო. ის, რომ საქართველომ ვერ შეძლო "ლეკური საკითხის" გადაჭრა, რომელსაც საქართველოს გადარჩენის ამოცანა კატეგორიულად მოითხოვდა, სწორედ იმის პირველი ფაქტობრივი დადასტურებაა, რომ საქართველოს საკუთარი ძალები უკვე ამოწურული ჰქონდა. მ.დუმბაძეს (192) რატომღაც ავიწყდება მისივე დებულება, რომ დიდმა ერეკლემაც, მიუხედავად მის მიერ ჩატარებული გადამწყვეტი და ენერგიული ღონისძიებებისა, ვერ შეძლო ლეკურ-აბრაგულ, კატასტროფული ხასიათის შემოსევათა ალაგმვა, ამ შემოსევების დედა - ბუდის - ჭარ - ბელაქნის დამორჩილება. მ.დუმბაძის სიტყვითვე კი ეს იყო საქართველოს წინაშე მდგარი უაღრესად რთული საჭირბოროტო პრობლემა, რომელიც ფეოდალური რეაქციისა და გარეშე მტრების მოძალების შედეგად დაუძლურებულმა ქართლ-კახეთის სახელმწიფომ ვერ გადაწყვიტა246. ასე რომ, ნ.ბერძენიშვილის დებულება სავსებით სწორი და სამართლიანია. 1783 წ. ტრაქტატმაც ვერ გადაწყვიტა "ლეკური საკითხი": პირიქით, მან იგი უფრო გაამწვავა, მით უფრო როდესაც რუსეთმა ამავე წლის ახლო ხანებში ყირიმი, ტამანი და ყუბანისპირეთიც შეიერთა და ყიზლარიდან აზოვამდე კავკასიის ხაზზე ახალ ციხესიმაგრეთა მთელი წყება გააბა. დაღესტნის პროთურქული ორიენტაციის ფეოდალებსა და ჭარელებს არ მოსწონდათ რუსეთ - საქართველოს ასეთი დაკავშირება, რამდენადაც ახლა უკვე თვით ექცეოდნენ რუსეთ - ყაბარდო - საქართველოს გარემოცვაში, რაც ნიშნავდა თურქეთისაგან მოწყვეტას, საერთოდ თავდასხმების მოშლას და მეტიც, ადრე თუ გვიან, მაგრამ გარდაუვლად რუსეთთან შეერთებას. 1801 წ. ქართლ - კახეთი რუსეთს შეუერთდა და მისი "მარად მაწუხებელი და მაშფოთებული" ლეკური საკითხიც მემკვიდრეობით მას გადასცა. ასე, რომ, თურქეთის საუკუნოვანი ცდა, ყირიმის ხანისა და დაღესტნელი პროთურქული ორიენტაციის ფეოდალების საშუალებით საქართველოს წინააღმდეგ მტრული გარემოცვის რკალი საბოლოოდ შეეკრა და შიგ "ქართველობა" მოეღრჩო - მარცხით დამთავრდა. ასევე მარცხით დამთავრდა ამ მიმართებით ირანის ცდებიც. მართალია დაღესტანი დროდადრო თვით იბრძოდა თურქეთ - ყირიმხანის თუ ირანის წინააღმდეგ და მისი გაერთიანებათა მფლობელები ასევე დროდადრო იყვნენ რუსეთის ქვეშემდრომობაში თუ მფარველობაში შესულნი, მაგრამ მათი საკუთრივ ინტერესები საქართველოსთან, მაინც არ იძლეოდა საქართველოსათვის საშუალებას, რათა მას დაღესტნის გზით გაერღვია ეს მტრული გარემოცვა. ეკონომიურ - პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით კი დაღესტნის გზას გარკვეული უპირატესობა ჰქონდა ხევ-ყაბარდოს გზასთან. ლეკების კერძო ინტერესები საქართველოსადმი იმდენაც ძლიერი იყო, რომ თუ ამ ინტერესებს რამდენადმე არ შეესაბამებოდნენ რუსეთ - დაღესტნის (193) თუ დაღესტან - თურქეთ - ირანის ინტერესებიც, მაშინ ყოველივე ეს აუცილებლად იწვევდა დაღესტნის ინტერესების შეძლებისდაგვარად დაპირისპირებას როგორც რუსეთისადმი, ისე თურქეთ - ირანისადმი. საწარმოო ძალებით განუვითარებელ დაღესტანს, როგორც ფეოდალურ - პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წამონაქმნს, მეზობლად მდებარე სამეფო - სამთავროებად და სათავადოებად დაშლილი, მაგრამ მდიდარი საქართველო, საშუალებას აძლევდა რათა მას მთელი რიგი სასიცოცხლო სოციალური, ეკონომიური და პოლიტიკური საკითხები დროებით მაინც გადაეჭრა. ასე, მაგალითად, მთის ჭარბი მოსახლეობისათვის ადგილზე "მიწით შიმშილის" პირობებში, საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი დაცლილი იყო დიდი შემოსევებისდა გამო, რასაკვირველია, ერთგვარ გამოსავალს ქმნიდა.ახლო სავაჭრო ურთიერთობამ მთისთვის აუცილებელი მოთხოვნილების საგნებზე და სამეურნეო ურთიერთობამ (საზაფხულო საძოვრები და სხვ.) საქართველო მათთვის ასევე მეტად აუცილებელი გახადა. დაბოლოს, რაც მთავარია აღმავლობის გზაზე დამდგარი ფეოდალური ზედაფენისა და ტომთა ბელადებისათვის, მათი პოლიტიკური ხელისუფლების შემდგომი გაზრდა - განმტკიცებისათვის, ასევე მეტად აუცილებელი იყო მდიდარი ნადავლისა თუ ტყეების ხელში ჩაგდება და ამ მხრივაც საქართველო პასუხობდა მათ ინტერესებს. ასე რომ, საქართველოსათვის შექმნილი მძიმე ისტორიულ სიტუაციაში ყაბარდო და არა დაღესტანი აღმოჩნდა სწორედ ის ოქროს ხიდი, რომელმაც საქართველოს საშუალება მისცა მტრული გარემოცვიდან თავი დაეღწია და კულტურულ - ეკონომიური და პოლიტიკური ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთთან, ხოლო ამ უკანასკნელის საშუალებით - დასავლეთ ევროპასთანაც. (194)
თავი მეოთხე
საქართველო - დაღესტნის ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა (XV - XVIII სს.)
ერთი შეხედვით თითქოს "ლეკიანობისას" შეუძლებელიცა ჩანს საქართველო - დაღესტანს შორის სავაჭრო და სხვა ეკონომიური ურთიერთობანი, მაგრამ ფაქტია, რომ მას ადგილი მაინც ჰქონდა. გარკვეულ ისტორიულ მონაკვეთებში, მაგალითად, დიდოეთი, ხუნძახი, წახური თუ სხვ. საქართველოს პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი, ხოლო XVII ს. 80-იანი წლებიდან კი ლეკთა ერთი ნაწილი სულაც და მკვიდრად დასახლდა კახეთის ჩრდილო - აღმოსავლეთ ჭარ-ბელაქანში. ასე, მაგალითად, XVIII ს. საქართველოს მეზობელ მხარეთა აღწერისას ავტორი ხუნძახთან დაკავშირებით პირდაპირ წერს, რომ ქიზიყთან ავარელები "ესრეთ ახლო მეზობელნი არიან, რომ სოფლით სოფლამდე ზოგი ოცდაათი ვერსი არის და ზოგი ოცდა ხუთისა"-ო1. დიდოეთი აღმოსავლეთით უშუალოდ თუშეთს ესაზღვრებოდა, ხოლო კახეთიდან (გავაზი) დიდოეთამდე მხოლოდ ერთი დღის სავალი იყო2; გავაზიდან ყაფუჩამდე 2 დღისა და ქიზიყიდან ანწუხამდე კი-1.3. დიდოეთის, უნძოსა და ანწუხისადმი ქართველების ინტერესები ალბათ იქიდან გამომდინარეობდნენ თავის დროზე, რომ ამ მხარეებში ადნობდნენ რკინას, სპილენძს, ტყვიას და ამზადებდნენ აგრეთვე გვარჯილას4. დაღესტანში მეურნეობის წამყვანი დარგი მესაქონლეობა იყო, და ამდენად მას ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა საქართველოსთან. კერძოდ, კახეთთან მდიდარი საზამთრო საძოვრების გამო. მართლაც, კახეთში, თავიანთი ცხვრის ფარები ჩამოჰყავდათ ანწუხელებს, დიდოელებსა და სხვ5. მწირი, მთიანი დაღესტნის მოსახლეობისათვის მიწათმოქმედებითა და ხელოსნობა - ვაჭრობით განვითარებულ საქართველოსთან ვაჭრობა, (195) სადაც ადგილობრივთან ერთად უხვად იყრიდა თავს აგრეთვე თურქული, სპარსული, რუსული და სხვ. მახლობელი თუ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების საქონელი, არც თუ ისე უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო. წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი მეფეები დაღესტნელებს საქართველოსთან თავისუფლად ვაჭრობის საფასურად გარკვეულ ხარკს თუ ბაჟს ახდევინებდნენ ასე, მაგალითად, ვახუშტი წერს, რომ დიდოელებიო კახთ მებატონეთ "აძლევენ ხარკთა", "რათა ვიდოდნენ სავაჭროდ კახეთს, ვინადგან ზიდვენ კახეთიდან საზრდელსა, საშიშლოსა და სახმარსა თვისთა"6. გიულდენშტედტის ცნობით, ანწუხელები ვაჭრობდნენ თელავსა და თბილისში7. ლეკები სავაჭროდ, საქართველოში ჩამოდიოდნენ ერთეულებად და მთელი ქარავნებითაც; მაგალითად, მანუჩარ მდივნისადმი სტეფანე ტერ-შამავანოვის წერილში, ლაპარაკია დაღესტნიდან ნაბდებით დატვირთული ქარავნების მოლოდინზე, რომ "იმას აქეთ ლეკის ქარავანი აღარ მოსულაო"8. დაღესტნიდან საქართველოში საექსპორტო საქონლის რიცხვში იყო "ჩოხა-ნაბადი, ჩოხა უხაო და ნაბადი ბოჭკო - მაღალი", როგორც ვახუშტი წერს9. ლეკური ნაბდები ყველაზე საუკეთესოდ ითვლებოდა მთელს კავკასიაში და საქართველოშიც. მასზე ძალზედ დიდი მოთხოვნილება იყო. განსაკუთრებით ცნობილი იყო ანდიური ნაბდები. დაღესტანში მზადდებოდა აგრეთვე მაუდი, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით, ჩამოჰქონდათ საქართველოში. იგი უმეტესწილად მუქი ფერისა იყო და კარგი გასავალი ჰქონდა ქართველ მთიელებში. ასეთივე მოთხოვნილება იყო ქეჩაზე, რომელსაც ისინი კახეთში ცვლიდნენ ბამბის ქსოვილებზე და სხვა საოჯახო ნივთებზე (შალის სხვადასხვა ქსოვილები, ტყავეული, ცვილი, ნედლი აბრეშუმი და სხვ10). შემოდიოდა აგრეთვე უხეში ქსოვილი ყისინა - ცხენების თოფრებისათვის, ხოლო ლეკური ჩულიკი ცხენების ასაკაზმავად11. დიდი მოთხოვნილება იყო ლეკურ შალზე. ქართველი მთიელების აღიარებით, იგი მთელს კავკასიაში დიდი (196) პოპულარობით სარგებლობდა12. მთა-თუშეთში მოსახლეობა, სხვათა შორის, თავიანთ შალს ხშირად დაღესტნიდან გადმოსული ლეკი - ქალების დახმარებით ქსოვდნენ13. ჭარ-ბელაქნიდან კი საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით აბრეშუმის ძაფი14 და სხვ. საქართველოში მეტად სახელმოხვეჭილი იყო დაღესტნური ფოსტლები და ქოშები, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ არზრუმის ცნობილ ფოსტლებსა და ქოშებს15. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და დიდი მოთხოვნილება იყო საქართველოში "დაღესტნური ტიპის" ცივ იარაღებზე: ხმლებზე, მახვილებზე, ხანჯლებზე, სატევრებზე, დანებზე და სხვა, რომლებსაც ქართველები ერთი საერთო სახელით იცნობდნენ - ლეკური"16. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რკინისა და ფოლადის მასალის სიძვირე იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ცივი იარაღის ღირებულებისას, რომ უკვე დამზადებული იარაღის ფასი ხშირად 200 ცხვარს აღწევდა, ან მონა კაცისა და მონა ქალის საერთო ღირებულებას17. ცივი იარაღის ფასი კიდევ უფრო მატულობდა თუ იგი გაწყობილი იყო ოქრო-ვერცხლითა და სპილოს ძვლით. ხელოვნების იშვიათ ნიმუშებს წარმოადგენდა დაღესტნელი ხელოსნების მიერ დამზადებული ქალის ოქრო - ვერცხლეულის სამკაულები: ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, საკინძები, კულონები, საყურეები და სხვ. ყველა ეს ნაწარმი მართალია ფუფუნების საგნებს შეადგენდა, მაგრამ იგი მიუხედავად სიძვირისა, მაინც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ლეკებს საქართველოში სავაჭროდ ჩამოსვლისას ბაჟს არ ახდევინებდნენ18. საქართველო - დაღესტნის სავაჭრო - ეკონომიური ურთიერთობა რასაკვირველია, ცალმხრივი არ იყო. მართალია, საქართველო XVI-XVIII სს. ფეოდალურად დაქუცმაცებული იყო, მაგრამ იგი მიუხედავად ამისა, თავისი სოციალურ - ეკონომიური განვითარებით, როგორც იმიერ, ისე ამიერკავკასიაში, მაინც საკმაოდ განვითარებულ ქვეყანას (197) წარმოადგენდა და ამდენად ჯერ კიდევ ინარჩუნებდა კავკასიის ეკონომიურ ცხოვრებაში ერთ პირველთაგან ადგილს. მართალია, აღნიშნულ საუკუნეებში ხელოსნობა - ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრები: ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ანაკლია, ყულევი, სოხუმი, ბიჭვინთა, რუხი, ახალქალაქი, არტანუჯი, თბილისი. თელავი, ბაზარი, გრემი, ყარაღაჯი, სიღნაღი, გორი, ცხინვალი, ახალგორი. დუშეთი და სხვ. დროდადრო აღმავლობას თუ დაღმავლობას განიცდიდნენ, მაგრამ მათ არასოდეს არ შეუწყვეტიათ თავიანთი ურთიერთობა ერთმანეთთან და მით უფრო ეკონომიურად ჩამორჩენილ ჩრდილოკავკასიის მთიანეთთან. ბურნაშევი, რომელიც XVIII ს. დასასრულისათვის იყო ქართლში, ასე ახასიათებს ქართველებსა და კავკასიის მთიულებს შორის არსებულ ვაჭრობას. დიდი ვაჭრობა აქვთ გაჩაღებული ქართველებს მეზობელ მთიელებთან და სპარსელებთანო სპილენძის ჭურჭლეულით, ხამი ტილოთი, ბამბეულით ცხენის მოსართავ - მოკაზმულობით, ხმლებით, მახვილებით, ხანჯალ - სატევრებით, რკინის წვრილ - წვრილი ნივთებით, ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ქუდებით, რადგან ამ საქონლით თითქმის ყველა კავკასიელი და მათი მეზობელი ხალხები სარგებლობდნენ19. საქართველოდან დაღესტანში საექსპორტო საქონლის რიცხვში ძირითადად უნდა ყოფილიყო: ხორბლეული, მევენახეობის ნაწარმი, მარილი, ბრინჯი, კანაფი, ბამბა, სელი, აბრეშუმი, თოფის წამალი, სხვადასხვა მადნეული, რკინა, სპილენძი და სხვ. რამდენადაც მთიელ დაღესტნელებს საკუთარი ხორბალი დაახლოებით 3-4 თვე ჰყოფნიდათ. ბუნებრივია, რომ ისინი ხორბლით მდიდარ კახეთში ჩამოდიოდნენ მარაგის შესავსებად. ჭარის ომების ქრონიკის ავტორის მიხედვით, ლეკები ხშირად მოდიოდნენ გავაზში, ყვარელში, ქიზიყში და კახეთის სხვა რაიონებში, სადაც ისინი ყიდულობდნენ ხორბალს, სიმინდს, მარილსა და სხვ.20. ლეკების მიერ საქართველოში ხორბლის სყიდვაზე ცნობა პაპუნასაც მოეპოვება21. გვიანდელი რუსული წყაროს მიხედვითაც საქართველოდან დაღესტანს საზიდავი საქონლის ასორტიმენტი მეტად მდიდრად და მრავალფეროვანად გამოიყურება. ასე, მაგალითად ყოველი ხარისხის ბურმეტი ანუ ბამბის უხეში ქსოვილი, ყუმაჩი-ჩითის მსგავსი ფართლეული, ალაჯა - ნახევრადმაუდი, ნარმა, დაჩითული სახეებიანი (198) ბამბეული ქსოვილი, რუსული ტილო, ნაირ-ნაირი აბრეშუმი და წითელსპილენძოვანი ჭურჭლეული22. ვაჭრობა საქართველო - დაღესტანს შორის ნაწილობრივ წარმოებდა სპარსული, თურქული, რუსული, და ქართული მონეტებით. მაგრამ საერთოდ, როგორც წესი, მიმდინარეობდა საქონლის გაცვლა - გამოცვლის სახით. ვახუშტი აღწერს რა კავკასიელი მთიელების ვაჭრობას, აღნიშნავს "არა უწყიან თეთრი (ვერცხლის ფული, - თ.ბ.), არამედ თეთრისა წილ ნაბადი, ჩოხა, ხამი, შალი, ცხვარი, ძროხა და ტყვე და ვაჭრობენ ურთიერთ (ქართველი, ლეკი, ყაბარდოელი, ოსი და სხვ. თ.ბ.). შინა ამით"23. საქართველოსთან დაღესტნის მომიჯნავე რიგი რაიონების კულტურულ - ეკონომიური ურთიერთობა, სხვათა შორის იმდენად მჭიდრო იყო, რომ მისი მოსახლეობა თავისუფლად ფლობდა მშობლიურ ენასთან ერთად ქართულსაც. ასე, მაგალითად, ანწუხელები და ყაფუჩინელები24, დიდოელებისა და ხუნძების ნაწილი და სხვ. ჭარელმა ლეკებმა კი მაგალითად ქართველ გლეხობასთან ერთად მუშაობით, საკმაოდ განავითარეს თავიანთი მიწათმოქმედების წარმოების კულტურა და იგი უფრო მრავალდარგობლივი გახადეს. ზემოთ მოყვანილი მასალებიდან კარგად ჩანს, რომ საქართველო - დაღესტანს შორის პოლიტიკურად ერთგვარად დაძაბული ურთიერთობისდა მიუხედავად, მათ შორის მაინც საკმაოდ ცხოველი კულტურულ - ეკონომიური ურთიერთობა არსებობდა, რაც, რასაკვირველია, ყველა შესაძლებელ მომენტში, ამ ორი მხარის დაახლოებისათვის არც თუ ისე უმნიშვნელო ფაქტორი იყო. ამით აიხსნება, რომ დაღესტანში მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ წინააღმდეგი იყო საქართველოზე თავდასხმებისა, რამდენადაც, ერთი მხრივ, ასეთი თავდასხმები საქართველოს მხრიდან დროდადრო არანაკლებ გამანადგურებელ საპასუხო თავდასხმებს იწვევდა, ხოლო, მეორე მხრივ კი, არც თუ ყოველთვის შედეგიანი იყო ისინი. საქმე ისაა, რომ ლეკ აბრაგთა ნაწილი ამ თავდასხმების დროს ქართველებთან ბრძოლაში ფიზიკურად ნადგურდებოდა, ხოლო დიდი ნაწილი კი სულაც ხელცარიელი ბრუნდებოდა25. ყველაფერ ამას, რასაკვირველია კარგად გრძნობდა ხალხი და ამიტომ თავის გულისთქმას საუკუნოდ დამკვიდრებული გამოთქმითაც გამოხატავდა: "ვინ იცის დაბრუნდება კი ვინც საქართველოში სააბრაგოდ წავიდაო", ან კიდევ (199) "თავდასხმით მოტანილი ნადავლი ისევ თავდასხმასვე მიაქვსო" და სხვ26. საქართველოზე თავდასხმების წინააღმდეგი იყო აგრეთვე დაღესტნის ფეოდალთა პროგრესული ნაწილიც. ასე, მაგალითად, მიწის მემკვიდრეობით გადაცემის აქტებში ხშირად ერთ აუცილებელ პირობად იყო აღნიშნული, რომ მემკვიდრე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა მიწას თუ იგი მონაწილეობას არ მიიღებდა საქართველოზე თავდასხმაში27. ასეთი განწყობა, სხვათა შორის, ძალზედ რელიეფურად ჩანს დაღესტნურ ფოლკლორშიც. სადაც საქართველოში სააბრაგოდ წასვლა, მართალია ვაჟკაცურ საქმედ გამოიყურებოდა, მაგრამ პრინციპში იგი მაინც დიდ უბედურებად ითვლებოდა, რადგან თავდამსხმელთაგან ძალიან ბევრი იღუპებოდა28. ასე რომ, დაღესტნელ ფეოდალთა და ტომთა ბელადების თავდასხმები საქართველოზე დაღესტნელი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება იყო და ამდენადვე არ პასუხობდა მის მოთხოვნებს. XV-XVIII სს. საქართველო - დაღესტნის ეკონომიურ ურთიერთობას, რასაკვირველია, თან სდევდა კულტურული ურთიერთობაც, რომელიც უპირველეს ყოვლისა აღმოცენებული იყო სწორედ რომ ამ ეკონომიური ურთიერთდაახლოების შედეგად. ასეთ ვითარებაში დაღესტანში საქართველოს ბარიდან ქრისტიანული მოძღვრების გავრცელებას, როგორც სამართლიანად შენიშნავს დ.მეგრელაძე, არა მხოლოდ სოციალურ - პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ კულტურულიც29. ქართველ პოლიტიკოსთა აზრით კი ქრისტიანობისა და ქართული დამწერლობის გავრცელებას დაღესტანსა და საერთოდ ჩრდილო კავკასიაში, პირველ რიგში, (რასაკვირველია, უნდა უზრუნველეყო მათი კულტურული ჰეგემონობა კავკასიის ფეოდალურ სამყაროში, რომელსაც ასე რიგად ესწრაფვოდნენ ისინი განსაკუთრებით XXV სს. ამიტომ შემთხვევითი არაა, როგორც ამას ივ.ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველებს მაინც იმდენი კულტურული ძალა აღმოაჩნდათ რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტიათ და დაღესტანში ქრისტიანობა გაავრცელეს30. ამ მხრივ მეტად საინტერესოა "ჟამთააღმწერელში" (199) მოპოვებული ცნობა დაღესტანში ვინმე პიმენ სალოსისა და ანტონ ნაოხრებელის ძის მისიონერულ მოღვაწეობაზე: "ხოლო ამავე ჟამსა ბრწყინვიდა პიმენ სალოსი, რომელი გარესჯით წარმოვიდა და დაემკედრა ბელაქანს, ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისგან მოაქცივნა, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა. ამას თანა ბრწყინვიდა დიდიცა იგი მოღუაწე ანტონი ნაოხრებელის - ძე "ნათესავით მესხიჯ"31. საეკლესიო კალენდრის ცნობით, პიმენი და ანტონი XIII ს. მოღვაწეობდნენ. აღსანიშნავია, რომ 16 მარტს ძვ.სტილით დადებულია მათი ხსენებაც: "პიმენ სალოსისა, ლეკთა განმანათლებელისა და თანამოღვაწისა მისისა ანტონი მესხისა, მეფეთა მამხილებელისა, რომელნიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ დავით გარეჯის მონასტერში მეფის დიმიტრის თავდადებულის დროს და ლეკებში ქრისტიანობას ავრცელებდნენ"32. ამ მხრივ აღსანიშნავია აგრეთვე "სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობაში" მოცემულ სულთა მატიანეში (XIV ს.), მოხსენებული ვინმე ღუნძელი კათალიკოსი ოქროპირი, რომელსაც სამოღვაწეო რეზიდენციაც თვით ხუნძახში ჰქონია33. მეტად მრავალმეტყველია აგრეთვე მ.ჯანაშვილის მიერ თავის "საქართველოს ისტორიაში" მოტანილი ვინმე ლ.ა.მაღალაშვილის ერთი ოთხთავი, რომელიც ქრონოლოგიურად 1310 წ. განეკუთვნება34. ამ საბუთის მიხედვით, საქართველოს პატრიარქ ექვთიმეს, რომელიც საჭეთმყრობელობდა - XIV ს. I ნახევარში გიორგი ბრწყინვალის დროს დაახლოებით 1318-1340 წწ., მიმოუხილავს ჩრდილო აღმოსავლეთის ნაწილი თავისი სამწყსოისა შემდეგს ფარგლებში: ჩრდილოეთით თუშნი და ნახჩნი, ჩრდილო აღმოსავლეთით - ხუნძახი, ანწუხი და წახური დაღესტანში. დასავლეთით - ალაზანი, სამხრეთით - ივრის შესართავი ალაზანთან, სამხრეთ - აღმოსავლეთით ვაკე ან ძველი მოვაკანი, რომელიც ძველად ალბანიის ნაწილს შეადგენდა. ოთხთავში აღნიშნულია: "ქ.ოდეს სანატრელმან მან პატრიარქმან ჩუენმან ექუთიმე მოიხილა კახეთს: ანწუხისა საეპისკოპოზო და მიერითგან გარდმოვიდა წახურს, კაკელისენს და მოვლო საყდარნი: კასრი სამებისაი, ყუმი ღმრთისმშობლისაი, (201) ლექართს წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინოისი, ზარს წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისი, ვარდიანს წმიდისა აბოისი, განუხს არჩილისი, ქიშ-ნუხს ღმრთისმშობლისაი, ვარდთაშენს ელიაისი, თა... სარანს ყოვლადწმინდის მოციქულის პეტრეისი კუალად საყდარნი ხუნძთა, ნახჩთა, თოშეთისა, ნეკრესისა, ლაგოეთისა, ბელაქნისა, მაჯ-ფიფისეთისა, ფერიჯან - მუხახმამრეხისა და ყოვლისა ვაკისა, ესე იგი არს ძუელისა მოვაკანისა, და ელისენისანი, ვერხვიანით ზეგანით გამო ვიდრე ივრის მდინარის ჩასართავამდე ალაზანსა"35. გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობის პერიოდში, როდესაც საქართველოს სამეფომ, თათარ - მონღოლთა ბატონობის შემდეგ, აღდგენა - განმტკიცება დაიწყო, სავსებით გამართლებულად მოჩანს საქართველოს პატრიარქის მიერ თავისი სამწყსოს შემოვლა, რომლის მიზანი ალბათ ადგილზე მდგომარეობის გაცნობა და მათი საქმიანობის გამოცოცხლება იყო. თითქოს ეჭვს არ იწვევს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ერთი ნაწილი იმ დიდი საერთო ღონისძიებისა, რომელიც გიორგი ბრწყინვალემ დასახა ქართული ქრისტიანული რელიგიის შემდგომი განმტკიცების მიზნით, ერთი მხრივ, საკუთრივ ქვეყნის შიგნით, ხოლო, მეორე მხრივ, მის ფარგლებს გარეთაც. ცივის მთის დრამამ, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლების ცენტრალიზაციის საქმეში უდიდესი როლი შეასრულა, რასაკვირველია, გიორგი ბრწყინვალეს ქმედითი საგარეო პოლიტიკისათვის მეტი საშუალება მისცა. მართლაც როგორც წერს მემატიანე: გიორგიმ "კვალად შემოიკრიბნა სპანი და შევიდა რანს, ვერვინ წინააღუდგა, და მუნიდამ შევიდა შირვანს, და დაიმორჩილნა იგინიცა, და მოხარკე ჰყუნა დარუბანდამდე ქურდის ლეკითურთ: "შემდგომად მოიქცა ტფილისს განძლიერებული" "შემოიკრიბნა კათალიკოზნი და ეპისკოპოსნი ივერიისანი, და განაახლნეს წესნი საეკლესიონი, განმართეს და დაადგინნეს მოწესენი წესსა ზედა თვისსა, და უწესონი განკვეთნეს"36. რაკი თათარ - მონღოლთა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა ქართულ გავლენას ჩრდილო და სამხრეთ აღმოსავლეთ რაიონებში ამიტომ, ბუნებრივია, საკუთრივ ქვეყნის გაერთიანებისა და ყოფილი ყმადნაფიცი ქვეყნების შემოერთების შემდეგ უცილობლად მათი მეორე ეკონომიური და კულტურულ - იდეოლოგიური ათვისება უნდა მომხდარიყო. სრულიად კანონზომიერი და გამართლებული მოჩანს პატრიარქ ექვთიმეს ბრძანება - დავალებით "ქურმუხის მთავარეპისკოპოზის და ყოვლისა მთეულისა წინამძღუარის კირილე დონოურის ფართო შემოქმედებითი მოღვაწეობა. ასე, მაგალითად, კირილე დონოურის ხელმძღვანელობით კაკის წმიდისა ბარბარეს ტაძრის მღვდელს იასე ქიტიაშვილსა (202) და მის თორმეტ მოწაფეს სახარება გაუმრავლებიათ და დაუგზავნიათ ყველა იმ საყდრებში, მონასტრებში და "შვიდთა სასწავლელთაში", რომლებიც ცოტა ხნით ადრე თვით ექვთიმეს შემოუვლია. კ.კეკელიძის აზრით, ამ დროს სკოლას "სასწავლელს" უწოდებდნენ და ეს "შვიდი სასწავლელიც" ყოფილა საქართველოს არა ცენტრში, არამედ მის განშორებულს მთიანსა და შედარებით მოვარდნილ განაპირა რაიონებში37. საქმე, როგორც ჩანს, ამ საყდარ - მონასტრებში და "სასწავლელთაში" მხოლოდ სახარების დაგზავნით არ შემოფარგლულა. კირილე დონაურის ხელმძღვანელობით იქ დაწყებულა თუ განახლებულა აგრეთვე სწავლება მთელი რიგი მეცნიერებებისაც: ასე, მაგალითად, "სჯული ჭეშმარიტისა" - იგულისხმება ღვთისმეტყველება, "ფილასოფოსებისა" - ფილოსოფია, "მამათა ცხორებაისი" - საეკლესიო ისტორია და "ქართლის ცხორებისა" - სამოქალაქო ანუ საქართველოს ისტორია"38. შეიძლებოდა თუ არა ქართველ საერო და საეკლესიო მოღვაწეთა ამ საქმიანობას, მაგალითად საქართველოსთან მომიჯნავე დაღესტნის რაიონებში (ხუნძეთი, ანწუხი და წახური) სათანადო შედეგები არ გამოეღო და ქართველ პოლიტიკოსთა ინტერესებისათვის შესაფერისად არ ეპასუხნათ!? რასაკვირველია, ეს შეიძლება მომხდარიყო მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ მოხსენებულ საქმიანობას ადგილზე ასე ვთქვათ, "შიშველი ნიადაგი" დახვდებოდა; საამისო ნიადაგი კი, როგორც ვიცით, ჯერ კიდევ ადრე იყო შემზადებული (იხილეთ პიმენ სალოსისა და ანტონ მესხის ქრისტიანობის გავრცელების სამისიონერო მოღვაწეობა (XIII ს.) და სინის მთის სულთა მატიანეში" N54 მოხსენებული ღუნძელი კათალიკოსი ოქროპირი. - (თ.ბ.). ვფიქრობთ, ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს იმ ზეგავლენის რეალური არსებობა, რომელსაც XIV-XV სს., ქართულმა ენამ და მატერიალურმა კულტურამ მიაღწია კავკასიის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით დაღესტანში. ასე მაგალითად, დაღესტანში ნაპოვნია 17–ზე მეტი ქართული წარწერა. როგორც წესი ამ წარწერათა ტექსტების უმეტესი წილი კანონიკურია. ზოგიერთი მათგანი კი ორენოვანია - ბილინგვა ქართულ და ავარულ ენებზე. ერთ-ერთი წარწერა, მაგალითად, ამოკვეთილია თეთრი, თლილი ქვის ჯვარზე. შესრულებულია ასომთავრულად (ქართული ტექსტი) და ნუსხურად (ხუნძური ტექსტი), შიგადაშიგ ასომთავრულში ნუსხური დამწერლობის ასოებიც ურევია:
"ჯოვარი ქრისტე შეიწყალე თეოდორე წმიდაო
თეოდორე: წმიდაო სარკელი: წობთეგ
ი: ბოტბ: ჩაჰლტა: რ(ა) (203)
ვ:ჩ -ჰე
სიტა,
ამინ: ოვფალო
ღმერთო: ჩუენო
გაბრიელი დაიცოვენ"39.
მცირე ავარულში "სარკელს სთხოვენ შეწყალებას მამაკაცისათვის". წარწერაში მოცემული ხუნძური წინადადება უძველესი ენობრივი დოკუმენტია ამ ენის და ეს უძველესი დოკუმენტი ქართული ანბანითაა შესრულებული40. პალეოგრაფიულ თვისებათა მიხედვით, არნ.ჩიქობავა ადგენს რომ აღნიშნული წარწერა XIV საუკუნეს განეკუთვნება. ასე რომ, ეს წარწერა უაღრესად მნიშვნელოვანია საკუთრივ ავარული ენის ისტორიისათვის. ეს არის ცდები ქართული ალფაბეტის გამოყენებისა ავარულში. ეს არის პირველი ცდები ავარული დამწერლური ენის ანუ დამწერლობის შექმნისა. თავისთავად აღნიშნული გარემოება კი მეტყველებს ავარულ-ხუნძურ რაიონებში ქართული ენის მძლავრ გავრცელებაზე. ხუნძახის ჩრდილოეთით სოფ.ჰალაში 1949 წ. ნაპოვნი ერთ-ერთი წარწერა შესრულებულია ნარევი მრგლოვანი და ნუსხური დაწერილობით და იკითხება ასე: "ჯოვარი ქრისტეისი ოვფალო განუსვენე სულსა ჩახუტისასა". ენობრივი თვალსაზრისით წარწერა დაწერილია გამართული ქართულით. თავისი "შინაარსით იგი საფლავის წარწერა უნდა იყოს41. ერთ - ერთი წარწერა ქვის ჯვარზე, რომელიც ნაპოვნი იქნა 1950 წელს ხუნძახთანვე, შესრულებულია ნარევი მრგლოვანისა და ნუსხურის ნარევით. იგი შემდეგნაირად იკითხება: "ჯოვარი ქრისტესი: წმიდაო ა თორმ ეტნო: მოციქოთლნო: შეიწყალე: ერისთავი ? ?ბ (ე?) (რ.?) ი (ტ?): თიმალატწობეგ: ამინ უფალო"42. აღნიშნული წარწერა ორენოვანია (ქართულ - ხუნძური) და ხუნძური ენის ერთი უძველესი წერილობით ძეგლთაგანია. ტ.გუდავას აზრით, ეს წარწერა არნ.ჩიქობავას მიერ მოტანილი წარწერის მსგავსად XIV ს-ზე გვიანდელი არ უნდა იყოს"43. აღსანიშნავია, რომ ხუნძახის მიდამოებშივე იპოვნეს კიდევ რამდენიმე ქვის ჯვარი მასზე შესრულებული ქართული დამწერლობით; მაგრამ (204) სამწუხაროდ მათი უმეტესი ნაწილი დროჟამისა თუ ავბედითობით გადარეცხილ - წაშლილია44. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, სხვათა შორის, მსგავსი წარწერებიანი ქვები მრავლად ჩნდებიან ახლომახლო სოფლებში - ხინიში, ჰოწათლში და ღუნიბის რაიონშიც. ასეთი ფრაგმენტული, მაგრამ ფაქტობრივი მასალების შემდეგ არ უნდა იყოს დაუჯერებელი ცნობები ვინმე ხუნძელი ოქროპირ კათალიკოზის მოღვაწეობაზე საკუთრივ ხუნძახში და აქვე დიდი საყდრის არსებობის შესახებ. არის კიდევ სხვა ცნობებიც. შამილის მდივნის ჰაგა ალი ჭუხელის ცნობით, მაგალითად, ქართველებს დაღესტანში 1363 წ. ყაჰიბის რაიონში ხუნძურ ყოისუს ხეობაში სოფ.დათუნში თლილი ქვის ეკლესიაც კი აუგიათ, რომელიც, სხვათა შორის, დღემდეც შემონახულა45. დაღესტანში, როგორც ჩანს, ქრისტიანობა ამ დროს იმდენად გავრცელებული ყოფილა, რომ იქ აშკარად შეიმჩნევა რამდენიმე ეპარქიის არსებობაც კი, მაგალითად, ხუნძეთის, წახურის, ანწუხისა და სხვ. ასე რომ, კ.კეკელიძის აზრით, დაღესტანში საერთოდ სავარაუდებელია საქართველოს ეკლესიის მიტროპოლია46. თითქმის ამავე მოსაზრებისაა ნ.ბერძენიშვილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ხუნძახში საქართველოს საპატრიარქოში შემავალი ერთ-ერთი საკათალიკოსო უნდა ყოფილიყო47. XVI-XVIII სს. მართალია საქართველო - დაღესტნის კულტურულ ურთიერთობაში ქრისტიანობა თითქმის უკვე აღარავითარ როლს არ ასრულებდა, მაგრამ ხანგრძლივი თანაცხოვრებისა და საერთო პოლიტიკური თავგადასავლის საფუძვლები იმდენად მყარი იყო, რომ ეს ურთიერთობა ორივე ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლებში კვლავაც შეუნელებელი ტემპით განაგრძობდა თავის არსებობას. ასე მაგალითად, XVI-XVII სს-ების დაღესტნურ ქვისა და ხის კვეთილ ჩუქურთმებსა და ორნამენტებში საკმაო რაოდენობით მოიპოვებოდა ქართულის მსგავსი ან სულაც ერთგვაროვანი ელემენტები, როგორიც იყო მაგალითად, მარცვლოვანი ზოლი, წნული პალმეტები, ბიზანტიური რტო და ცხოველთა გამოსახულებების თავისებური გადმოცემა მაღალ, ბრტყელ რელიეფში. (205) მრავალი საერთო დამახასიათებელი ნიშნები იყო აგრეთვე ქართველ და დაღესტნელ მთიელთა დასახლებაშიც. ასე, მაგალითად, თუშ-ფშავ-ხევსურებისა და მოხევე - მთიულების საცხოვრებლების მსგავსად ლაკების, ავარების, დარგიელების, ყუმიკების, ლეზგებისა და ტატების საცხოვრებლებიც თავისებურ თავდაცვით სიმაგრეებს წარმოადგენდნენ. რაც შეეხება ბეშტინელთა აულების დაგეგმარებას, უნდა აღინიშნოს, რომ იგი საოცრად დიდ მსგავსებას ამჟღავნებს აღმოსავლეთ საქართველოს ტიპურ ქართულ სოფლების დაგეგმარებასთან. ასე რომ, XVI-XVIII საუკუნეებში მიუხედავად მთელი რიგი დაძაბული პოლიტიკური მომენტებისა, საქართველო - დაღესტნის კულტურულ - ეკონომიურ ცხოვრებაში ორგანულ ურთიერთობათა რიტმი მაინც არ შეწყვეტილა, რასაც თავის მხრივ ის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ პრინციპში მთლიანად იქნა შენარჩუნებული ქართველი და დაღესტნის ხალხების კეთილმეზობლობა და საუკუნოვანი მეგობრობა.
--------------------------
237 ი.ცინცაძე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში, საისტორიო მოამბე, 6, თბილისი, 1952, გვ.132-133.
238 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, "მნათობი", 1954, N6, გვ.138-139.
239 მ.დუმბაძე, 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი (პოფესორ იასე ცინცაძის წიგნის გამო), მასალები საქ-ს და კვაკ, ისტორიის., ნაკვ.33, თბილისი, 1960, გვ.243.
240 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.135.
241 მ.დუმბაძე, დასახ. ნაშრ., გვ.243-244.
242 მ.დუმბაძე, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, თბილისი, 1953, გვ.20
243 ომან ხერხეულიძე, გვ.275.
244 იქვე; თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.391.
245 К.Маркс и Ф.Энгельс, Соч., т.3, стр.54.
246 მ.დუმბაძე, აღმოსავლეთ - კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, გვ.20
თავი მეოთხე
1 ლ.მელიქსეთ - ბეგი, საქართველოს მეზობელ მხარეთა აღწერა XVIII ს. მეორე ნახევრისა, თბილისი, 1936, გვ.25.
2 გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, ტ. II, თბილისი, 1964, გვ.93.
3 იქვე, გვ.87
4 იქვე, გვ.93, 95
5 იქვე, გვ.89, 95
6 ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1941, გვ.104.
7 გიულდენშტედტი, დას. ნაშრ., გვ.89.
8 ნ.ბერძენიშვილი, მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის, ტ.II, თბილისი, გვ.295.
9 ვახუშტი, აღწერა ..., გვ.104.
10 გიულდენშტედტი, დასახ. ნაშრ., გვ.95; Акты, собранные Кавказской Археографической комиссией, т.V, стр.334
11 ნ.ბერძენიშვილი, დას. ნაშრ., ტ.I, გვ.99.
12 ნ.ბერძენიშვილი, დას. ნაშრ., ტ.II, გვ.311; ც.ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავერი, კრებ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, თბილისი, 1967, გვ.150.
13 ც.ბეზარაშეილი, დას. ნაშრ., გვ.148.
14 ნ.ბერძენიშვილი, დას. ნაშრ., ტ.II, გვ.284.
15 ლ.ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა დახურვა, ანალები, ტ.I, თბილისი, 1947, გვ.209.
16 დ.მეგრელაძე, დასახ.სად. ნაშრ., გვ.30; М.P.Гасанов, (დას. ნაშრ., გვ.144, Д.М.С.Габиeв, Металлообработка, у лаков, Автореферат на соиск. уч.ст. канд. ист. наук, Тбилиси, 1959, стр.15-16.
17 Д.-М.С.Габиев, Ук. соч., стр.13.
18 Акты, собранные Кавказской Археографической комиссией, т.V, стр.481.
19 Бурнашев, Картина Грузии, или описание политического состояния царств Карталинского и Кахетинского, сделанное пребывающим при его высочестве царе Карталинской и Кахетинской Ираклии Теймуразовича полковником и кавалером Бурнашевым в Тифлисе, 1786, Курск, 1793, стр.6.
20 Хроника войн Джара, стр.36, 38.
21 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.220.
22 Акты, соб. Кавк. Арх. ком., т.V, Тифлис, 1873, стр.334.
23 ვახუშტი, აღწერა... გვ.111
24 И. И. Норденстам, Ук. соч., стр.326.
25 А.И.Ахвердов, "Описание Дагестана", 1804 г., Ист. геог. и этног. Дагестана XVIII-XIX вв., Москва, 1958, стр.226.
26 История Дагестана, т.I, Москва, 1967., стр.276.
27 История Дагестана, т.I (рукопись), Махачкала, 1964, стр.26.
28 Л.И.Жирков., Старая и новая аварская песня Дагестанский сборник, т.III, Махачкала, 1927, стр.110.
29 დ.მეგრელაძე, დაღესტან - საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, ჟურნ. "მაცნე", N6, თბილისი, 1967, გვ.120.
30 ივ.ჯავახიშვილი - საქართველოს საზღვრები, თბილისი, 1919, გვ.11
31 "ქართლის ცხოვრება", ტ.II, გვ.283.
32 მ.ქავთარია, დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბილისი, 1965, გვ.12; იხ. საეკლესიო კალენდარი, თბილისი, 1948, გვ.35.
33 ივ.ჯავახიშვილი, სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947, გვ.244; კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.319; Г.В.Церетели. Арабская хрестоматия, Тбилиси, 1949, стр.12-13.
34 მ.ჯანაშვილი, საქართველოს ისტორია, 1895 წ., გვ.205-206; იხილეთ კ.კეკელიძე, ქართული კულტურის ისტორიისათვის მონღოლთა ბატონობის ხანაში, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბილისი, 1945, ტ.II, გვ.315.
35 კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.315.
36 ბროსე, "ქართლის ცხოვრება, სანკ.-პეტ., 1849, გვ.448, 450
37 კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.321.
38 იქვე, გვ.321-322.
39 არნ.ჩიქობავა. ქართულ-ხუნძური წარწერა XIV საუკუნისა დაღესტნიდან, საქ. სსრ მეც. აკადემიის მოამბე, თბილისი, 1940. ტ.1, N4, გვ.325; იხ. აგრეთვე, კ.კეკელიძე, დას. ნაშრ., გვ.318.
40 არნ.ჩიქობავა, დას. ნაშრ., გვ.324.
41 ტ.გუდავა - ორი წარწერა (ქართული და ქართულ - ხუნძური) დაღესტნიდან // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. - 1954. - ნაკ.30. - გვ.185.
42 იქვე, გვ.186
43 იქვე
44 Хрисанф, Сведения об Аварском ханстве, Сб. История, геогр. и этн, Дагестана, стр.268.
45 ტ.გუდავა, დას. ნაშრ., გვ.185. კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.318.. А.Бepжe, Горные племена Кавказа, Живописная Россия, т.IX,. СПб, 1883, стр.73; რ.შმერლინგი, ტაძარი სოფ.დათუნას მახლობლად მდ.ავარიის კოისუს ველზე, ქართული ხელ. ინსტ., XI სამეც. სეს. თეზისები, 1956.
46 კ.კეკელიძე, დასახ. ნაშრ., გვ.318-319
47 დ.მეგრელაძე, დაღესტან - საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, "მაცნე", N6, თბილისი, 1967, გვ.121
შინაარსი
შესავალი - გვ.3
თავი პირველი - საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XV-XVI სს.-ში - გვ.18
თავი მეორე - საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XVII ს. - XVIII ს. 10-იან წლებამდე - გვ.70
თავი მესამე - საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XVIII ს. 10-იანი წლებიდან რუსეთთან შეერთებამდე - გვ.131
თავი მეოთხე - საქართველო - დაღესტნის ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა (XV-XVIII სს.) - გვ.194
|