There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება პირველ გვერდზე...
XVIII ს. 40-იან წლებში ძლიერების ზენიტში ასულმა ირანმა, როგორც ვხედავთ, მაინც ვერ შეძლო ქართლ - კახეთისა და დაღესტნის ისეთნაირად დამორჩილება, რომ ხელ-ფეხი გახსნოდა ყაბარდოს, ვოლგა - ასტრახანის მაგისტრალისა და საერთოდ რუსეთის სამხრეთი რაინებისკენ თავისუფალი გაჭრისათვის, რისთვისაც იგი არანაკლებ ინტერესს იჩენდა და გარკვეულად ემზადებოდა კიდეც151. ჩრდილო კავკასიაში, ყაბარდოსა და დაღესტანში ერთგვარი ბარიერის შექმნით, ნადირი, როგორც ჩანს, ვარაუდობდა რუსეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნების ერთმანეთისაგან დაცილებას და ამით აქ თავისი ბატონობის რამდენადმე ხანგრძლივი დროით უზრუნველყოფას. მაგრამ ყველა მისი ცდა მარცხით დამთავრდა, ერთი მხრივ, რუსეთის გააქტიურებით და, მეორე მხრივ კი, დაღესტნისა და საქართველოს ხალხების თავდადებული ბრძოლით მის წინააღმდეგ152. ამ პერიოდთან დაკავშირებით თავის ერთ-ერთ წერილში 1748 წ. ვიცე-კანცლერმა მ.ვორონცოვმა პირდაპირ აღნიშნა, რუსეთს ირანთან აუცილებლად ომი ექნებოდათ, რომ დაღესტნელ მთიულებს სპარსელები არ შეეჩერებინათო153. დაღესტნის ბრძოლამ ნადირ - შაჰთან ობიექტურად შეუწყო ხელი ქართველების წარმატებით ბრძოლასაც "ყიზილბაშობის" ბატონობის წინააღმდეგ. პარადოქსალურად არ უნდა გვეჩვენოს იმის აღნიშნვა, რომ "ოსმალობისა" და "ყიზილბაშობის" პერიოდში ლეკთა შემოსევებიც კი, რომლებიც აუცილებელ შეჯახებას იწვევდა გაბატონებულ ოსმალებთან თუ ყიზილბაშებთან, რამდენადმე მაინც არყევდა მათ ბატონობას. თუმცა ამასთან დაკავშირებით უცილობლად ისიც უნდა ითქვას, რომ (170) ასეთი "ობიექტური დახმარება" ქართველებს იმდენად ძვირზე ძვირი უჯდებოდათ, რომ შეღავათი მისგან ალბათ მეტად უმნიშვნელო იყო. მთელი სირთულე "ოსმალობის" და "ყიზილბაშობის" პერიოდში, ერთი მხრივ, ქართველებსა და ლეკებს, ხოლო, "მეორე მხრივ, ლეკებსა და ოსმალ-ყიზილბაშთა შორის არსებულ ურთიერთობაში ის იყო, რომ საქართველოში თავისით მოსული თუ რომელიმეს მიერ გარეშე ძალად მოყვანილი ლეკები, მათ მიერ ომის წარმოების სპეციფიურობის გამო, უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე ქართველები, ოსმალები თუ ყიზილბაშები. ამიტომ შემთხვევითი არაა ლეკებთან ქართველების, ოსმალებისა თუ ყიზილბაშების შებრძოლებისას, ვახუშტი, სეხნია, პაპუნა, ომანი და სხვადასხვა ქორონიკონები, უმეტესწილად რომ ერთი და იგივეს აღნიშნავენ: "ლეკთ გაემარჯვათ", "ოსმალო დაუმარცხდათ", "ყიზილბაშთ დაუმარცხდათ", "ქართველებს დაუმარცხდათ" და სხვ. ოსმალებსა და დაღესტან - ჭარს შორის ძველი მოკავშირული ურთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ აღსდგა, რაც საქართველოში "ოსმალობა" მოიშალა და ახალი "ყიზილბაშობა" დამყარდა, კერძოდ, 1735-1747 წწ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს აღდგენილი ურთიერთობა თითქმის უცვლელად გაგრძელდა საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე. ამიერიდან ოსმალების მთელი მცდელობა იმაში მდგომარეობდა, რომ დაღესტნელი ფეოდალების დახმარებით ყიზილბაშები საქართველოდან როგორმე განედევნათ და თავისი ბატონობა კვლავ აღედგინათ. ოსმალეთი არავითარ ხარჯს არ ერიდებოდა დაღესტნელ ფეოდალთა საქართველოზე თავდასხმების გაინტენსივებისათვის. მისი ასეთი პოლიტიკის პრაქტიკული გამტარებელი ახალციხის ფაშა უსუფი იყო. ასე, მაგალითად, 1744 წ. თურქეთის სულთანმა უსუფ - ფაშას დიდი ხაზინა მისცა და თან ბრძანებაც მოაყოლა: "ალაზნის პირზე დადექ, - იქ ლეკი შემოიყარეო, ხაზინა გაუყავო და ქართლი დაიჭირეო". ფაშას პირველი ცდა ერეკლემ ჩაშალა, მეორედ, როგორც ჩანს, ის უფრო სერიოზულად მოემზადა. პაპუნას სიტყვით, მან შეადგინა 1000 კაციანი რაზმი თავისი სარდლისა და ლეკების ერთერთი ბელადის მალაჩის მეთაურობით და გაატანა "ხაზინა ურიცხვი" დაღესტანში მისატანად. "ბრძანება ჰქონდა ამ ფაშას, რომ დაღისტნიდამაც დიდი ჯარები შემოეყარა და ქართლისა და კახეთისათვის ყათლანი ექნა"154. ერეკლე II ეს რაზმი, მართალია სასტიკად დაამარცხა, მაგრამ, ამან, რასაკვირეულია, ოსმალებს ხელი ვერ ააღებინა განზრახვაზე. ლეკები და ოსმალები ერთობლივად ესხმოდნენ 1744-1748 წწ. ბოლნისს, დმანისს, ყაზახს, ლორეს, ტაშირს, ბამბაკს, ბაიდარს, სომხითს, თრიალეთ - ჯავახეთს და სხვ.155. (171) ყარსში ოსმალებს, მაგალითად, მუდმივად ედგათ 1000 ლეკი ჯამაგირით"156 და ეს კი, რასაკვირველია, არ იყო პატარა ძალა თვით უსუფ-ფაშის რაზმებთან ერთად. დაღესტნის ფეოდალები და ტომთა ბელადები ოსმალებისაგან დამოუკიდებლივ ხშირად ესხმოდნენ თავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, სამეფო - სამთავროებსა და სათავადოებს. ასე მაგალითად, მარტო 1744-1748 წწ., ოსმალებისაგან დამოუკიდებლივ, ქართული წყაროების მიხედვით, მათ სულ მცირე ოცამდე თავდასხმა მოაწყვეს157. ასე რომ, დაღესტნელი ფეოდალებისა და ტომთა ბელადების თავდასხმები, ო.მარკოვას სამართლიანი შენიშვნით, ქართველებისთვის სტიქიური უბედურება იყო158, რასაც არ შეიძლებოდა ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე უარყოფითად არ ემოქმედნა. აღნიშნულ პერიოდში ადგილი ჰქონდა აგრეთვე დაღესტან - საქართველოს დაახლოების ცდას ირანის წინააღმდეგ. ასე მაგალითად, 1746 წ. ნადირ - შაჰისაგან "შეწუხებულმა დაღესტან - ჭარმა, როგორც ჩანს, გარკვეული კოალიციის შექმნა და თვით ირანზე ლაშქრობაც მოინდომა. ასეთ კოალიციაში, ბუნებრივია, ერთი პირველადგილთაგანი ქართლ - კახეთს უნდა მიკუთვნებოდა. ცნობა ამ ამბის შესახებ პაპუნას მოეპოვება: "გამოვიდა, დაღისტნით დიდი ჯარი ლეკისა. ამას თაობდა სურხავისა შვილი, დადგნენ ბელაქანში, იტყოდენ "თხუთმეტი ათასი კაცი იყო", დაუწყეს კახს ბატონს ლაპარაკი. "შეგვირიგეო და ყაენს ხმალი დავკრათო"159. თეიმურაზ - ერეკლემ ყაზი - ყუმუხელთა ამ წინადადებაზე უარი განაცხადეს, რაც, ჩვენის აზრით, ამხახად შექმნილი ვითარებისდა მიხედვით მთლად გამართლებული თითქოს არ უნდა ჩანდეს. საქმე ისაა, რომ ირანი დასუსტებული იყო და თან მისი ამიერკავკასიელი ყმა - ვასალებიც ასაჯანყებლად იყვნენ განწყობილნი. დაღესტნისა და ქართლ - კახეთის ირანში ერთობლივი ლაშქრობა შეიძლებოდა საყოველთაო აჯანყების დასაწყისადაც გადაქცეულიყო და ამასთან დაკავშირებით საქართველოს დაღესტანთან ურთიერთობაც შედარებით გაუმჯობესებულიყო. ამას მოწმობს შემდეგი: 1747 წ. ნადირმა მთელს ირანს, ამიერკავკასიის სასულთნო - სახანოებსა და რასაკვირველია, ქართლ-კახეთსაც აუტანელი გადასახადი შეაწერა. (172) მარტო ქართლ-კახეთს, მაგალითად, ორასი ათასი თუმანი დაედო160. პირველი ქართლ - კახეთი განდგა და ეს აღმოჩნდა სწორედ ის ნაპერწკალი, რომელმაც დიდი აჯანყების ცეცხლი დაანთო ერევანში, შაქ-შარვანსა და განჯა-ყარაბაღში და საერთოდ მთელს აზერბაიჯანში161. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნადირისაგან მოსალოდნელი თავდასხმის უშიშარყოფისათვის, ქართველებმა დამხმარე ძალად მაინც ლეკები გამოიყენეს. ასე, მაგალითად, ის ლეკური რაზმები, რომლებიც იმხანად ქართლ - კახეთში იყვნენ, პაპუნას სიტყვით, "სულ შემოირიგეს და დმანისს მიიყვანეს... მისცეს ჯარს ულუფა და დააყენეს სოფელსა ჩინჩახურს, ციხისა მახლობელ და აღარსად გაუშვეს ლეკნი მარტოდ"162. ასე რომ, ყაზი-ყუმუხელთა წინადადება ირანზე ერთობლივი ლაშქრობის თაობაზე თეიმურაზ - ერეკლეს მიერ, ვფიქრობთ, ნაადრევად იქნა უარყოფილი. "ოსმალობისა" და შემდეგ კი "ყიზილბაშობის" პერიოდში მათ პარალელურად მოქმედმა ლეკიანობამ, ქართველ პოლიტიკოსთათვის ნათელი გახადა, რომ იგი მათზე მეტი თუ არა ნაკლები ბოროტება არ იყო. ნაწილობრივ ვეთანხმებით ო.მარკოვას, რომ "ლეკური საკითხი" საქართველოს საშინაო ცხოვრების ძირითად საკითხად გადაიქცა163, მაგრამ ამასთან ერთად მიგვაჩნია, რომ იგი მისი საგარეო პოლიტიკის ძირითადი საკითხიც იყო, განსაკუთრებით XVIII ს. მეორე ნახევარში. მართალია თეიმურაზ - ერეკლემ ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ 1748-1750 წწ. შემოიყმადნაფიცეს ერევნის, განჯისა და ნახჭევნის სახანოები164 და ამით თითქოს ერთგვარად შეძლეს კიდეც აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მოეპოვებინათ უცილობელი უპირატესობა, მაგრამ დაღესტან - ჭართან მოუგვარებელმა ურთიერთობამ მათთვის ყოველივე ეს მეტად არასტაბილური გახადა. 1749 წ. თეიმურაზმა და ერეკლემ სხვათა შორის, სცადეს ჭარის დაპყრობაც, მაგრამ დამარცხდნენ165. თუმცა ამავე წელს მათ მაინც მოახერხეს ჭარელების შემორიგება166. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი დაზავება ყოველთვის ხანმოკლე და პირობეთი იყო, რაც არსებულ ურთიერთობას პრინციპში ვერ ცვლიდა. თეიმურაზ-ერეკლეს აქტიურ პოლიტიკას დაღესტან-ჭარმა თავისი დაუპირისპირა, რომელსაც, პაპუნა ლაკონურად ასე გადმოგვცემს: "თუ (173) ჩვენ არ გარდავალთო ქართველთა ჯარი აქ დაღისტანში გარდმოვლენო"167. ბრძოლის წარმოების ტაქტიკა ლეკებს კვლავაც ძველებური დარჩათ. ასე მაგალითად, "გამოვიდნენ ლეკნი და დაიფანტნენ", "მოვიდენ მოპარვის გვარად ვითარცა არს მარადის ჩვეულება მათი", "ვერღარა იკადრეს ლეკთა ჯარად გამოსვლა გარნა ქურდად არა დასცხრობოდენ ავაზაკობასა"168. 1750 წ. პირიქითა და პირაქეთა ლეკები ორივე "გამოვიდნენ ჭარიდამ და ქისიყს ცემა დაუწყეს". ამ ლაშქრობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა აჯი-ჩალაბმა და ყაზიყუმუხელთა მთავარმა სურხაი-ხანმაც? ჩანს მოერიდნენ იმხანად გაძლიერებულ თემურაზ - ერეკლესთან შებმას169. ლეკების ეს რაზმები ქართველებმა დაამარცხეს, მაგრამ ამას, რასაკვირველია, წერტილი არ დაუსვია. მომავალ 1751 წელსაც იგივე გაგრძელდა. "ლეკთა - წერს პაპუნა, ქართლისა და კახეთის მტრობა არ მოიშალეს, ამას სულ ჭარელნი ამტრობდეს, გარდმოყვანდეს ჯარი დაღისტნიდამ, უსადგურიან, ბელადი მისციან და აოხრებდიან მუდმისად ქართლს და კახეთს170. რაკი ჭარი ჩანდა ასეთ დიდ ინიციატორად ქართლ-კახეთზე თავდასხმებისას და მის გარდა, როგორც პაპუნა აღნიშნავს, "პირაქეთ ბატონს ჩვენს, მტერი აღარავინ ჰყვანდათ". ბუნებრივია, რომ თეიმურაზ - ერეკლემ გადაწყვიტეს "კაის ხელმწიფურის რიგითა და თადარიგით" მასზე ლაშქრობა და სრულ მორჩილებაში მოყვანა171. თეიმურაზ - ერეკლემ თან ყმადნაფიცთა ჯარიც იახლეს. ჭარელებმა სათანადოდ შეაფასეს ქართლ - კახეთის ეს დიდი ლაშქრობა და ისინიც საამისო სამზადისს დროზე შეუდგნენ. მათ თავისთან დაიყოლიეს შაქ-შარვანის მფლობელი აჯი-ჩალაბი, კაკის სულთანი და საერთოდ "იმ ძირობის ლეკის ქვეყნები". თეიმურაზ-ერეკლეს 1751 წ., ასე ვთქვათ, გენერალური შეტევა ჭარზე აგრისთან სასტიკი მარცხით დამთავრდა172, და მდგომარეობაც ქართლ - კახეთში მეტად კრიტიკული შეიქმნა. "ამ ამბავსა უკან - წერს პაპუნა, - ასტყდა ლეკის ჯარები"... "ჩამოდგნენ ქართლსა და კახეთში"... წამოთამამდენ ყიზილბაშნი და მოინდომეს მტრობა ქართლისა"173. (174) 1751 წ. საქართველოზე წამოსულ თავრიზის მფლობელ და ირანის შაჰის ტახტის მაძიებელ აზატ - ხანზე ყირბულახთან ბრწყინვალე გამარჯვებამ, თეიმურაზსა და ერეკლეს კვლავ დაუბრუნა ძლევამოსილების რწმენა და მათაც, როგორც ჩანს, სცადეს ცხელ გულზე ჭარის საკითხის მოგვარებაც, რამდენადაც ისინი აშკარად ხედავდნენ, რომ ვიდრე ჭარი თავის ნებაზე იყო, მათი პირველობა აღმ. ამიერკავკასიაში ყოველთვის სათუო იქნებოდა. ჭარზე წარმატებით ლაშქრობისათვის საჭირო იყო ჯერ მისი დიდი კოალიციონერის შაქ-შარვანის მფლობელის აჯი-ჩალაბის მოთოკვა; წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი იქნებოდა მათი გაერთიანებული და დაღესტნის ფეოდალებით მხარდაჭერილი ჯარების დამარცხება. თეიმურაზ - ერეკლეს მიერ ზემოაღნიშნული ეს დიდი ლაშქრობა 1752 წ. გაზაფხულზე შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო, მან თავის საწინააღმდეგო დიდი კოალიცია შექმნა. აჯი-ჩალაბმა სასწრაფოდ მიიმხრო აზერბაიჯანის სხვა მაჰმადიანური სასულთნო - სახანოები და ამასთან ერთად დაღესტნის რიგ გაერთიანებათა მფლობელები; ასე, მაგალითად, ყარაყაიტაგისა, ხუნძახისა და სხვ. ერევნის, განჯის ყაზან-შამშადილუსა და ბორჩალოს ხანების ღალატის წყალობით, რომლებიც საიდუმლოდ ყოფილან აჯი-ჩალაბთან შეკრული თეიმურაზ - ერეკლემ განჯასთან ეს მეორე დიდი ომიც წააგეს, რასაც ბუნებრივია, მოჰყვა, როგორც წესი, ლეკთა არნახული თარეში174. თეიმურაზ II და ერეკლე II, რომლებმაც ყველაზე მეტად იწვნიეს "ოსმალობისა" და "ყიზილბაშობის" პერიოდში, თუ რას ნიშნავდა მტრული გარემოცვის რკალი, ახლაც კარგად დაინახეს, რომ ჩრდილო კავკასიაში ამჟამადაც მის ძირითად მომჭიმველად დაღესტნის ფეოდალები გამოდიოდნენ ყირიმის ხანთან ერთად, ისე, როგორც ეს იყო ადრე XVI ს. II ნახევრისათვის175. ასეთ სიტუაციაში მაშველი ძალა ისევ ჩრდილოეთიდან უნდა მოსულიყო. ასე, რომ თეიმურაზსა და ერეკლეს როგორც ჩანს, მიუხედავად ჯერ არცთუ შედეგიანი რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის საუკუნენახევრის ისტორიისა, ირან-თურქეთის გარემოცვისა და ლეკიანობის პირობებში რუსეთთან კავშირის განახლება, მაინც უკეთეს გამოსავლად მიუჩნევიათ. ამის ნათელი დადასტურებაა, სწორედ მათ მიერ 1752-1754 წწ. ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობის გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე176. (175) კახთა მეფეებმა ელისაბედს ჯერ ალექსი მიხეილის ძის წყალობის სიგელით შეახსენეს თავი, რომ ერეკლე I-ს თეიმურაზ II მამა საშვილიშვილოდ შეწყალებული ჰყავდა რუსეთის მეფეს, ხოლო მერე კი თავისი ქვეყნის გაჭირვებული მდგომარეობა აღუწერეს: "ესრეთნი მოუთმენელნი ჭირნი აროდეს მოვლენიეს ქვეყანასა ამას... რომ სამეფონი ჩვენნი მგრგვლივ გარეშეცულ არიან უცხო თესლთა წარმართთაგან და დაუცადებლად ჰყოფენ ჩვენდა მომართ ზამთარ და ზაფხულ ბრძოლასა, ოხრებასა, კლვასა და ტყვეობასა და ფრიად უმრავლეს ჩვენსა არიან ძალითა და ჰნებავსთ დარღვევად წმიდათა ეკლესიათა და აღხოცად სახელი ქრისტიანობისა"177. ათანასე თბილელი უფრო კონკრეტულად ახსენებდა ამ ამბავს: ყოველდღიურად ურწმუნო მტრებისაგან, უმეტესწილად კი ლეკებისგან ვართო გარშემორტყმულნი და მათი აშკარა თუ ფარული თავდასხმებისგან დღენიადაგ მოსვენება არა გვაქვსო178. ქართველები მეფისაგან დონის კაზაკთა თუ ყალმიკთა სამათასიან რაზმს ითხოვდნენ, ან საერთოდ იმდენს, რომ საკმარისი ყოფილიყო ლეკებთან საბრძოლველად. ასეთი რაზმის გამოუგზავნელობის შემთხვევაში, ქართველები ყაბარდოულთა "რაზმის ან იმ თანხის გამოგზავნას მოითხოვდნენ, რაც საკმარისი იქნებოდა ამათ დასაქირავებლად. ბოლოს ელჩებმა ისიც დასძინეს, რომ ელისაბედს ებრძანებინა ყიზლარის კომენდანტისადმი, რათა მას თავის მხრივ ემოქმედნა ლეკებზე, რომ ეს უკანასკნელნი თავს არ დასხმოდნენ ქართლ - კახეთს179. სიმონ მაყაშვილი ასე ახსენებდა ამ ამბავს: "რომელიც პირაქათ ლეკნი არიან თქვენი მორჩილნი და თქვენს ქვეყანაში ვაჭარნი ან ულუფის მჭამელნი, იმათაც ყადაღა უყავით, ერთი ოქმი უბოძეთ დაეხსნან ჩვენს ქვეყანას. ჩვენთვის ეს დიდად შესამატი არის"180. თხოვნა ყაბარდოელთა რაზმების, ან მათი დასაქირავებელი თანხის გამოგზავნის თაობაზე ქართველთა მხრიდან შემთხვევითი არ იყო. ჯერ ერთი, თეიმურაზ - ერეკლეს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ყაბარდოსთან და მეორეც, ყაბარდოელები ერეკლესთვის უკვე ერთგვარ დამკვრელ ძალადაც იყო გადაქცეული, ერთი მხრივ, ამიერკავკასიაში პირველობისათვის, ხოლო, მეორე მხრივ კი, დაღესტან - ჭარის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ რამდენადაც რუსეთ - ყაბარდო ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ, ამდენად, თეიმურაზ - ერეკლეს აზრით, მათ მტრებს ყაბარდოელთა საქართველოში ჩამოსვლა საქართველოსათვის რუსეთის დახმარებად უნდა მიეღოთ, რასაც თავის მხრივ (176) დიდი მორალური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ნიშანდობლივია, სხვათა შორის, ამ მხრივ ს.მაყაშვილის მოხსენებითი ბარათი კანცლერ ა.პ.ბესტუჟევ-რიუმინისადმი, სადაც იგი ყაბარდოელთა შესახებ წერს: ქართლში მეფეებმა თითონ დაიბარეს ჩერქეზების ჯარი და მოვიდნენო... და რომ "ჩვენმა მტერმა ნახეს დიდი შიში შეექმნათ და ეგონათ ისინი რუსეთის ხელმწიფისაგან"181. ქართლ-კახეთის და რუსეთის ინტერესები რაკი ამ წლებში ერთმანეთს არ ემთხვეოდნენ და პირიქით, ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც182, ბუნებრივია, რომ ქართველების თხოვნა ამჟამადაც უგულვებელყოფილ იქნა183; ო.მარკოვას სამართლიანი შენიშვნით, ყოველივე ეს გამოწვეული იყო არა რუსეთის სამეფო კარზე მყოფ ქართველთა ინტრიგით, არამედ რუსეთის იმდროინდელი საგარეო პოლიტიკის კურსით184. ამასვე აღნიშნავს მ.დუმბაძეც, რომ XVIII ს. 50-იან წლებში რუსეთს გადაჭრით არ სურდა საქართველოს გულისთვის თურქეთთან თუ ირანთან ურთიერთობა გაემწვავებინა185. მაშასადამე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის 1752-1754 წწ. ელჩობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველთა დიდი მცდელობისდა მიუხედავად, რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში საქართველოს, ჯერ კიდევ არ ენიჭებოდა პირველხარისხოვანი ქვეყნის როლი. ვიდრე ქართველი ელჩები 1752-1754 წწ რუსეთის სამეფო კარზე იყვნენ, მდგომარეობა ქვეყანაში კიდევ უფრო გამწვავდა. 1754 წ. "დაღესტნის ბელადი ზუბეიდალა და სხვა ბელადები" ქართლს დაესხნენ თავს და დაარბიეს. მომხვდურები ერეკლემ ყაბარდოელებთან ერთად კულბითთან სასტიკად დაამარცხა186. თეიმურაზ - ერეკლე საფუძვლიან მზადებას შეუდგნენ აჯი-ჩალაბსა და მისი მოკავშირე დაღესტნელ - ჭარელების წინააღმდეგ; მათ დიდი რაოდენობით გადმოიყვანეს პირიქითი კავკასიელი მთიელები, განსაკუთრებით ყაბარდოელები187 და ჩამოსულ სხვა ჯარებთან ერთად ყაზახ - შამშადილუს საზღვრის მიდამოებში შაქ-შარვანელთა და ლეკთა, გაერთიანებული ჯარი სასტიკად დაამარცხეს188. (177) ამ გამარჯვებისდა მიუხედავად, ჭარელთა და მათი მოკავშირე დაღესტნელი ფეოდალების თარეში მაინც არ შეწყდა, პირიქით, 1754-1760 წწ. იგი უფრო გაინტენსიურდა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვალში არც კახელები რჩებოდნენ. ასე რომ, ურთიერთმიხტომას და რბევას ბოლო არ უჩანდა. ო.თუმანოვის სიტყვით, "კახეთს რასაც ლეკნი ჭარელები ქურდობენ და ახდენენ, კახელებიც პასუხს უშვრებიან ქურდობით და ცხადათ დაკლებას ცდილობენ"189. ლეკთა შემოსევების აღნიშნულ სერიებს შორის განსაკუთრებით ყურადღების ღირსია დაღესტნის ერთ-ერთი დიდი ფეოდალური გაერთიანების ხუნძახის ბატონის ნურსალ ბეგის ორგზის ლაშქრობა 1754-1755 წწ, რომელიც თავისი ხასიათით აშკარად განსხვავდა ლეკთა ყველა ადრინდელ შემოსევათაგან. ჩვენ სავსებით გეთანხმებით დ.მეგრელაძეს, რომ დაღესტნელი ფეოდალების ლაშქრობებს თუ XVIII ს. მეორე ნახევრამდე მხოლოდ მტაცებლური ექსპედიციების ხასიათი ჰქონდათ, ამიერიდან უკვე მათ მიზანს ქართლ-კახეთის ტერიტორიების სამემკვიდროდ დაჭერა შეადგენს190, რის ფაქტობრივ დადასტურებას, სხვათა შორის სწორედ ნურსალ ბეგის ორგზის ლაშქრობა წარმოადგენს. 1754 წ. ივლისში ნურსალ ბეგი საკმაოდ დიდი ჯარით გადმოვიდა ქართლ-კახეთის დასაპყრობად. პაპუნას სიტყვით, "ჯერ ამისთანა ლეკის ჯარი ქართლსა და კახეთში არ ჩამოსულა". ჯარის ასეთი სიმრავლე გასაკვირი არაა, რადგან, პაპუნასვე სიტყვით, რაც რომ "დაღისტანში ბელადები და უფროსი კაცები იყვნენ", ყველა ისინიც ნურსალბეგს თან ახლდნენო191. მდგომარეობა მეტად კრიტიკული შეიქმნა. მართალია, ჭარელნი, კაკის სულთანი, აჯი-ჩალაბი, შარვანელი ფანა-ხანი, განჯის ხანი და სხვ. ჯერ თეიმურაზ - ერეკლეს წინააღმდეგ აშკარად გამოსვლას ვერ ბედავდნენ, მაგრამ საამისოდ კი მზად იყვნენ, თუ რასაკვირველია, ეს ხუნძახის ბატონი, - როგორც პაპუნა წერს, ქართველსა და კახ ბატონზე გაიმარჯვებდა"192. ერეკლემ სასწრაფოდ აფრინა მსტოვრები კავკასიის მთიანეთში ჯარების ჩამოსაყვანად, ხოლო ადგილობრივ კი მთელი მოსახლეობა ციხე - გალავნებში შეხიზნა. ნურსალბეგის ამ დიდ ლაშქარს ერეკლემ მჭადისჯვართან საოცრად დიდი გაბედულებით შეუტია და სასტიკად დაამარცხა კიდეც. ეს იყო 1754 წ. აგვისტოში. ნურსალბეგს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქართლ-კახეთის დაპყრობა და ამიტომ მომავალ 1755 წ. მან საამისოდ უფრო დიდი კოალიცია შეჰქმნა. ლაშქრობის წინ მან მოწოდებით მიმართა დაღესტნის (178) ფეოდალებსა და ტომთა ბელადებს: "სულ მე გამომყევით ქართლსა და კახეთს დავიჭერ და ამდენს ტყვესა და საქონელს გაშოვნინებთ, რომ შვილითი შვილამდის გეყოსთ". ნურსალბეგის ამ მოწოდებას მართლაც დიდი კოალიცია მოჰყვა. მას შეუერთდნენ შამხალი, სურხაი-ხანი, კაკის სულთანი, აჯი - ჩალაბის შვილი, განჯის ხანი, ჭარელები და სხვ. პაპუნას სიტყვით, "პირიქითი და პირაქეთი რაც ლეკი იყო, ყველას ჯარი გამოართოო193. ნურსალბეგი ამ გაერთიანებული ჯარით ყვარლის დიდ ციხე-გალავანს შემოადგა და თავისი მიზნის განხორციელებას შეუდგა. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია ყვარლის ციხისთვის ბრძოლამ, თეიმურაზ-ერეკლესათვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა მიიღო, პაპუნას სიტყვით, თუ ისინი იმ ციხეს აიღებდნენ, მაშინ მათ გაღმა მხარიც დარჩებოდათ, მთელ კახეთსაც ადვილად დაიპყრობდნენ და დასუსტებულ ქართლისაკენაც ვერაფრით ვერ შეამაგრებდნენ194. ამის გამო იყო, რომ თეიმურაზ - ერეკლემ თითქმის ტოტალური მობილიზაცია გამოაცხადეს და ამასთან სათანადო ჯილდოებიც კი დააწესეს (მათ შორის საკომლო მამულის გაცემა, სათარხნის მიცემა და სხვ.). პაპუნა წერს: მეფეებმა "იარაღის ამღები აღარავინ დააგდო შინა გლეხი, თორე თავადი და აზნაურთაგანი ვინ დააკლდებოდაო195. ერეკლემ თავისი იშვიათი სამხედრო მოხერხებულობით ყვარელთან ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია და ამით ნურსალბეგს ხელი ააღებინა თავდაპირველ განზრახვაზე. ყვარლის ციხის ბრძოლა თავისი მნიშვნელობის გამო, "ასწლიან ლეკური ომის" პირობებში თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ მარტყოფად თუ ბახტრიონად. 1756 წ. ნურსალბეგის ინიციატივით მასსა და თეიმურაზ - ერეკლეს შორის ზავი დაიდო, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო ქართლ - კახეთის საპასუხო დარტყმებით. ასე, მაგალითად, 1757 წ. თარიღით პაპუნა წერს: "შეიყარნენო გაღმა მხარის კახნი და თუშნი, გადაუხდენ დაღისტნის სოფლებსა და მრავალი ცხვარი და ძროხა წამოიღეს"-ო. ან "აგრევე მიუხდენ ქისიყელნი, ააოხრეს ჭარელნი, სოფლები, წამოიღეს ნაშოვარი" და სხვ.196. ჩანს, ასეთსავე მოვლენებს ადრეც ჰქონდა ადგილი, რამაც ნურსალბეგი აიძულა დაზავებაზე წასულიყო. მართალია "ყვარლის ომმა" ლეკებს ხელი ააღებინა ქართლ-კახეთის დაპყრობაზე, მაგრამ წვრილ - წვრილ თავდასხმებს ისინი კვლავაც ახორციელებდნენ. ხუნძახმა დაარღვია ზავი. 1758 წ მისმა ერთ-ერთმა მფლობელმა ჩონჩოლ მუსამ კვლავ დაძრა 4000 ჯარი ქართლ-კახეთისაკენ. (179) თეიმურაზ - ერეკლეს დახმარება სოლომონ იმერთა მეფისათვის უთხოვიათ და ისიც წამოსულა, მაგრამ ცოტა უფრო დაგვიანებით. ჩონჩოლ - მუსამ შეძლო რბევა-რბევით ქართლ - კახეთის გავლა და დიდი ნადავლით ახალციხის ფაშასთან მისვლა197. ქართლში ჩამოსულ სოლომონსა და თეიმურაზ - ერეკლეს შორის პირობა დადებულა მსგავსი შემთხვევებისას ურთიერთს ლაშქრით მიშველებოდნენ. ასეთი სამხედრო შეთანხმება, რასაკვირველია, არ მოსწონდა ახალციხის ფაშას, რადგან იგი არ გამორიცხავდა, მისი იმერეთზე თავდასხმისას იმერეთისადმი ქართლ-კახეთის დახმარებას. ფაშა თავისთან მისულ ჩონჩოლ - მუსას ჯამაგირს შეჰპირდა და "გაურივა იმერეთის ქვეყანასა“. ლეკებმა იმერეთი ააოხრეს, შემდეგ ახალციხეში ჩამოვიდნენ, შეპირებული მიიღეს და ასე მძიმე ნადავლით კვლავ დაღესტანში დაბრუნდნენ198. 1759 წ. "გარდმოვიდნენ კვლად დაღისტნის ბელადი კოხტა და ჩონჩოლ - მუსა დაღისტნის ჯარებით"199. ქართლ-კახეთის მოსაშველებლად სასწრაფოდ გადმოვიდა სოლომონ იმერთა მეფე. ლეკები, როგორც ჩანს, მოერიდნენ დიდ შეტაკებას და საქართველოს გაეცალნენ. ასეთი დახმარებით, ბუნებრივია, სოლომონ მეფემ თავისი საქმეც გააკეთა, რადგან შეიძლებოდა კვლავ განმეორებულიყო 1758 წ. ამბავი. ძნელია აღწერა ლეკთა ყველა იმ თავდასხმებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში XVIII ს. 50-60-იან წლებში; ეს თავდასხმები იმდენად ინტენსიური იყო, რომ თითქმის გაბმული ბატონობა "ლეკობა" დამყარდა, მსგავსად "ოსმალობისა" და "ყიზილბაშობისა". მთელი ამ პერიოდისათვის მეტად ტიპიურია ქართველ მემატიანეთა ცნობები: "გამოვიდა ცხენოსანი ლეკი, ზოგნი მიუხდენ ახალციხესა ქვეყანათა და მრავალი ტყვე და საქონელი წამოიღეს". ზოგნი დაიფანტნენ საქართველოსა შინა და "იყო ცემა და ტაცება, ყოველგან ხოცა და ტყვეთა წასხმა"200, "მუდამ იყვის ლეკი ორბელიანთ მამულში და აოხრებდენ, ასე რომ არაფერი მიწის ნაყოფიერება აღარ ააღებინეს"201. "მოვიდა ლეკი მკის დრო იყო და მრავალი მუშა და საქონელი წაასხეს"202; "დაესხნენ ლეკნი ცოტა რა საქონელი მინდვრიდან გაიტაცეს"... "თრიალეთზე დიდი ქარავანი წაახდინეს"203; "დაიცალა საბარათაშვილო (180) სომხითი, ორბელიანთ მამული და ზოგი გავიდა კახეთს, ზობი ავიდნენ ზემო ქართლში და საერისთაოებში, აღარსად დარჩა შენობა იმ მხარეს"204; და ბოლოს "ქართლი მტრით სავსე იყო, რომ ალაგი აღარ იყო; რომ ლეკი არ იდგა"205; ასე რომ, რასაც ვთქვათ, თემურ-ლენგი შაჰ-აბასი, ნადირ-შაჰი და სხვ ერთი ან ორი დიდი ლაშქრობებით აკეთებდნენ და მიჰყავდათ ერთ ჯერზე 100 ათასობით ტყვე, საქონელი და სხვადასხვა ქონება - ნადავლი, ამასვე აკეთებდნენ დაღესტნელი ფეოდალები და ტომთა ბელადები უფრო მცირე მასშტაბებით და გაბმულად, ისე რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს მაინც დიდად არ ჩამოუვარდებოდა ზემოთ აღნიშნულს. შემთხვევითი არაა, რომ ისიც, რომ ქართველ გლეხობას, ისე როგორც ადრე უცხოელ მოძალადეთა სასარგებლოდ ახლაც ისეთი ფულადი გამოსაღები დაედო, როგორც იყო მაგალითად "სალეკო", მსგავსად მალისა, სათათრო საურისა მალუჯათისა და სხვ206. ლეკების წინააღმდეგ "საკუთარი სისუსტის დონედ" დაქირავებული თუ მოწვეული "გარეშე ძალის" ხარჯიც ძირითადად ისევ გლეხობას აწვებოდა და ტეხდა მას წელში. საქმე იქამდეც მიდიოდა, რომ დამხმარე ძალების შესანახად, რომლის შედეგად "უკუდგა მტერნი და აღარსად გამოჩნდეს", (საუბარია ლეკების წინააღმდეგ ყაბარდოდან ჩამოყვანილი რაზმების შესახებ. - თ.ბ.) პაპუნას სიტყვით, "ღარიბნი დაზარდენ, რომ ხარჯი ბევრი უნდებოდათ". ერეკლე II დაქირავებულთა შორის თვით ლეკებიც ჰყავდა, პაპუნას სიტყვით, "ანწუხელნი, თებელნი და ყირახელნი რომლებიც იყვნენ მოსამზღვრე კახეთისა"207. ი.ნორდენსტამის ცნობით, მაგალითად, კახური სოფლები საბუე, შილდა, ალმატი და კიდევ ორი სხვა ყაპუჩინელებს თითო კომლიდან ყოველწლიურად აბაზს უხდიდნენ, ამასთან კიდევ ერთ ქათამს, ხორბლის გარკვეულ რაოდენობას, არაყს და სხვ. - ყვარელი, გავაზი, ჩეკანი და კოჩეტანი ასეთსავე რაოდენობით უხდიდა ანწუხელებს. პირობა კი ის იყო, რომ ერეკლეს დაძახებაზე 15 წლის ზევით ქუდზე კაცი უნდა გამოსულიყო სალაშქროდ208. მუდმივმა თავდასხმებმა, როგორც ოსმალო - ყიზილბაშების, ისე დაღესტნელი ფეოდალებისა და ტომთა ბელადების მხრიდან, XVIII ს. (181) 50-60-იანი წლებისათვის თვალსაჩინოდ დაარღვია თანაფარდობა მფლობელებსა და მწარმოებლებს შორის უკანასკნელთა საზიანოდ, რაც უაღრესად რეგრესული მოვლენა იყო. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, დაირღვა, ბატონყმობის რიგი და ბეგარის ძირითადი სახეობის "თავი ბეგარას" გვერდით ფეხი მოიკიდა "სხუაი ბეგარამაც" და ბატონ-ყმური ექსპლოატაციის ყველაზე მახინჯმა ფორმამაც "უდების დადებამ". ყოველივე ამან გაახანგრძლივა საქართველოს "ჩიხში" ყოფნა. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, თეიმურაზ - ერეკლესათვის ერთ უმთავრეს საზრუნავთაგანს "ლეკური საკითხიც" შეადგენდა. პაპუნა პირდაპირ აღნიშნავს, რომ "მეფე თეიმურაზსა, ფიქრი აღარა ვისი ჰქონდა, თვინიერ ლეკის მეტისაო"209. ამასვე ადასტურებს ოთარ თუმანოვის პატაკიც ასტრახანის გუბერნატორისადმი 1760 წ. ნოემბერში, სადაც იგი წერს, საქართველო უკიდურეს გასაჭირშია ლეკების თავდასხმებისგანო210. იმჟამინდელი ქრონიკის ერთ-ერთი ავტორიც ასე აღწერს ამ ამბავს: "თეიმურაზი რუსეთს წაბძანდაო, რათა მუნიდამ ჯარი გარდმოიყუანოს და ლეკისა ოხრებისაგან ქართლი და კახეთი გამოიხსნასო"211. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის განახლებისას, როგორც წესი, მუდმივად მისი პირველ მაბიძგებელთაგანი "ლეკური საკითხი" იყო. ამის ფაქტობრივი დადასტურება 1760 წ. რუსეთის სამეფო კარზე ქართლ-კახეთის, ასე ვთქვათ, ელჩად თვით თეიმურაზ II გამგზავრებაა. თეიმურაზმა, როგორც ვიცით, ერთი მხრივ, რუსული ჯარი ან ჯარის დასაქირავებელი თანხა მოითხოვა, რათა ამ საშუალებით უპირველეს ყოვლისა ალაგმულიყო დაღესტნელთა თავდასხმები, ხოლო მეორე მხრივ კი, ირანზე ერთობლივი ლაშქრობა შესთავაზა, რომ იქ არსებული ხელისუფლება დაემხოთ და ტახტზე მათთვის სასურველი პიროვნება ვინმე შაჰ-რუხი დაესვათ212. ქართველთა ახალი თხოვნაც აქტიური დახმარებისათვის უშედეგოდ დამთავრდა. რუსეთის თვალში საქართველოსადმი ასეთი დახმარება ნიშნავდა ომს თურქეთთან, ხოლო ვინაიდან ამხანად მიმდინარეობდა შვიდწლიანი ომი, ორ ფრონტზე ბრძოლა რასაკვირველია, რუსეთს არ შეეძლო. საამისო დასაბუთება კარგადა აქვთ გადმოცემული ი.ცინცაძესა და ო.მარკოვას. თეიმურაზის ამ ელჩობასთან დაკავშირებით ი.ცინცაძე რატომღაც თვლის, რომ საქართველოს დიპლომატიის შეცდომა (182) ძირითადად იმაში მდგომარეობდა, რომ ის სამშობლოს მტერთაგან გამოხსნის გეგმაში თურქეთს ნაკლებ ანგარიშს უწევდაო213. ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ დებულებას. ცნობილია, რომ რუსეთი როგორც ადრე XVI-XVII სს., ისე XVIII ს. თურქეთთან უფრო გაურბოდა ურთიერთობის გამწვავებას, ვიდრე ირანთან, რამდენადაც თურქეთთან ურთიერთობის გამწვავებას შეიძლებოდა ორ-სამ ფრონტზე მოჰყოლოდა ომი (სამხრეთ დას. კავკასიის -საქართველოს მხარე, ჩრდილო დასავლეთ კავკასიის და სამხრეთ უკრაინის და ბოლოს, ევროპის - ბალკანეთის); მაგრამ ეს სრულებით ნიშნავდა, რასაკვირველია იმას, რომ გადამწყვეტ მომენტში იგი უკან იხევდა და ომსაც არიდებდა თავს. ამასთან, თურქეთთან ომი ყოველთვის იწვევდა რუსეთ–ინგლის-საფრანგეთ-ავსტრიის-შვეციის და სხვა ევროპულ სახელმწიფოთა ურთიერთობათა გადასინჯვას და ათასგვარ დახლართულ დიპლომატიურ ხრიკებს, რასაც რუსეთისათვის ყოველთვის არცთუ სასურველი შედეგი მოჰქონდა. ქართველები კარგად ერკვეოდნენ დიპლომატიაში და მათთვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო რუსეთის ასეთი დამოკიდებულება თურქეთთან. ამიტომ იყო ალბათ, რომ ისინი რუსეთს ასე აშკარად არ ექაჩებოდნენ თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამას თუ შეიძლება ითქვას, უფრო შემოვლის გზით აპირებდნენ - კერძოდ, რუსეთის მიერ ირანის დაპყრობით, რაშიც თავგამოდებით სთავაზობდნენ კიდეც თავიანთ არცთუ უმნიშვნელო ხმალს. რაკი თურქეთი არ დაუშვებდა რუსეთის მიერ ირანის დაპყრობას, ამას უნდა გამოეწვია მათი შეჯახება და აქ კი უკვე შეიძლებოდა საქართველოს მართლაც ენახა გარკვეული სარგებლობა. ჩვენის აზრით, ეს ქართული დიპლომატიის მიერ არცთუ ცუდად მოფიქრებული მანევრი იყო, რუსეთ - თურქეთის შეჯახებისათვის: მით უფრო, რომ ქართველები ისედაც ირანით დაინტერესებულ რუსეთს რეალურად წარმოუდგენდნენ მის დაპყრობას. ასეთ ვითარებაში, ვფიქრობთ, ძნელია ქართველ დიპლომატებს შეცდომა და მით უფრო უცოდინარობა მივაწეროთ. 1762 წ. თეიმურაზ II გარდაიცვალა და ქართლის სამეფოს სადავეებიც მისი შვილის კახთა მეფის ერეკლე II ხელში გადავიდა. ქართლ-კახეთი გაერთიანდა. როგორც წყაროებიდან ირკვევა, საქართველო - დაღესტან - ჭარის ურთიერთობა 1760 წლიდან 1768 წლამდე ანუ რუსეთ - თურქეთის ომის დაწყებამდე შედარებით მშვიდობიანი ყოფილა, თუმცა თითო - ოროლა თავდასხმებს ადგილი მაინც ჰქონია. ასე, მაგალითად ჯავახეთზე, ახმეტაზე, კეხვზე, გორზე, იმერეთ - რაჭაზე და სხვ214. დ.მეგრელაძის აზრით (183) ჭარელებთან მშვიდობიანობის სტაბილურობა მოპოვებული უნდა ყოფილიყო გარდა იარაღისა, გარკვეული ფულადი საშუალებებითაც. რასაც მოწმობს ედიშერ და გორჯასპი მდივნებისადმი 1763 წ. აპრილში ერეკლე II წერილი, სადაც ჭარელებთან ერთგვარ მოლაპარაკებაზე და მათთვის 300 თუმნის მიცემის შესახებაა საუბარი215. 60-იან წლებში თურქეთ - ირანის ქართლ - კახეთისადმი მომძლავრების რამდენადმე შესუსტებამ, როგორც ჩანს, საშუალება მისცა ერეკლეს წარმატებით მოეგვარებინა თავისი ურთიერთობანი ერთი მხრივ, დაღესტან - ჭართან, ხოლო, მეორე მხრივ კი აღმ.ამიერკავკასიის სასულთნო - სახანოებთან, რომელთა შორის იგი ჯერ კიდევ პირველობდა216. 1768 წ. დაიწყო რუსეთ - თურქეთის დიდი ომი, რომელიც 1774 წ. გაგრძელდა. რუსეთმა იცოდა რა თურქეთით საქართველოს დაინტერესება, სცადა ამის საფუძველზე (რასაკვირველია თავისი ინტერესებიდან გამომდინარე) კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნა და ამით თურქული ძალების რამდენადმე დაბანდება. 1768 წ აპრილსა და ნოემბერში გრაფი ნ.პანინი სპეციალური წერილებით სოლომონ იმერთა მეფეს და მისი საშუალებით ერეკლე II რუს-ქართველთა ერთობლივი ლაშქრობისათვის იწვევდა ქართველებისათვის მეტად "შემაწუხებელ ლეკებისა და თურქების წინააღმდეგ", რათა ისინი მორჩილებაში მოეყვანათ217. ქართველ მეფეებს თავთავიანთი ანგარიში ჰქონდათ და ამდენად აქტიური მონაწილეობაც მიიღეს ამ ომში. ერეკლეს, რომელსაც საქართველოს "აღდგომისა" და "გამოხსნის" დიდი საბრძოლო გეგმა ჰქონდა დასახული, რასაკვირველია სურდა ამ ომით, რამდენადაც შეიძლებოდა, ერთი მხრივ, მტერთა მიერ "წართმეული მამულების" სამცხე - საათაბაგოსი და ჭარ-ბელაქანის შემოერთება ანუ "აღდგომა", ხოლო, მეორე მხრივ კი, საერთოდ საქართველოს "გამოხსნა" აზიელ დამპყრობთა პოლიტიკური დამოკიდებულებისაგან218. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მაინც ჭარ - ბელაქანს ჰქონდა, რადგან სპარსეთისა და ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ის იყო ყველაზე ხელისშემშლელი. ამიტომაც იყო, რომ ნ.ბერძენიშვილის სიტყვით "გამოხსნა"-"აღდგომისათვის" მებრძოლი საქართველო ჭარ-ბელაქნის საკითხის გადაწყვეტას ამ ბრძოლის წარმატების წინაპირობად თვლიდა219. მაგრამ მისი (184) მოგვარება არცთუ ისე ადვილი იყო, რადგან ჭარ-ბელაქნის საკითხი უშუალოდ უკავშირდებოდა საქართველოს დამოკიდებულებას დაღესტასთან, ხოლო ორივე კი - დაღესტან - ჭარი "საქართველო - თურქეთის ურთიერთობას. ასე რომ, ერეკლე II რუსეთ - თურქეთის დიდ ომში მონაწილეობის მიღება ისტორიულად სავსებით გამართლებული ჩანდა. ოსმალეთი მთელი ენერგიით შეეცადა კავკასიის ფრონტზე რუსეთ - საქართველოსათვის ახალციხის საფაშოსთან ერთად დაღესტან - ჭარიც დაეპირისპირებინა და შეედგინა მათგან, ასე ვთქვათ, დამრტყმელი ძალა. ამიტომაც მოხდა, რომ რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში განსაკუთრებით 1770 წ. ძალზედ გახშირდა თურქეთზე ორიენტაციის მქონე დაღესტნელი ფეოდალებისა და ჭარელების თავდასხმები საქართველოზე, როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთიდან220. ერეკლე II ნ.პანინს პირდაპირ წერდა, რომ ლეკთა ამ აშლილობის მიზეზი ოსმალეთიაო, რომელმაცო "...მრავლის მიცემითა და ქადებითა ხუნძახის ბატონის გარდა და იმის ამყოლის კაცს გარდა, რაც დაღესტნის უფროსნი და ავაზაკნი ქურდნი ლეკნი არიან ჩვენს ქუეყანაში აგვისიეს"; მეფე იმასაც აღნიშნავდა, რომ რუსებმა "დაღისტნელი უფროსები და ქვეყნები", რომლებიც მათი გავლენის ქვეშაა "დააკავონ და აღარ გამოუშვან საქართველოზე სარბევად"221. ხოლო რაკი ჭარელნი "ფრიადის წადიერებით არიან ოსმალთ მიდგომილნი" და რომ ისინი "ოსმალთა და დაღისტნელთა შეერთების დიდნი მიზეზნი არიან და შემწენი"222, ერეკლე, ბუნებრივია, ყოველნაირად ცდილობდა, რათა მათზე რუს - ქართველთა ერთობლივი ლაშქრობისათვის მიეღწია, მაგრამ ამაოდ. მართალია, ერეკლემ ასპინძასთან ოსმალ - ლეკებზე ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია, დროდადრო ომის პერიოდში ლეკებსაც ამარცხებდა ან ირიგებდა, როგორც ეს იყო, მაგალითად 1772 წ. ხუნძახის ბატონ ნუცალთან დაკავშირებით და სხვა; მაგრამ პრინციპში ერეკლეს ომში ჩარევამ და რუსეთის ლაშქრის ორი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედებამ მას ვერავითარი სარგებლობა ვერ მოუტანა223. მეტიც, რუსის ჯარის შემოსვლამ საქართველოში, რომელმაც ამიერკავკასიის ხალხებში თავიდან დიდი იმედები დასახა, ო.მარკოვას სამართლიანად შენიშვნით მანვე გააცრუა ეს იმედები224. უშედეგოდ დამთავრდა აგრეთვე ერეკლეს ცდაც რუსეთის მფარველობაში შესვლისა, მიუხედავად მის მიერ რუსეთის მრავალმხრივი (185) დაინტერესებისა (იგულისხმება რუსეთში ლევან ბატონიშვილისა და ანტონ კათალიკოსის 1772-1773 წწ. ელჩობა, - თ.ბ.)225. 1774 წ. რუსეთ-თურქეთის ომი დამთავრდა ქუჩუკ - კაინარჯის ტრაქტატით. ი.ცინცაძის სამართლიანი შენიშვნით, თურქეთისათვის საზავო პირობებზე ხელის მოწერა უფრო დიდი მარცხი იყო, ვინემ ბრძოლის ველზე განცდილი"226. ყირიმის დამოუკიდებელ ერთეულად გამოცხადება, ყაბარდოს რუსეთთან ნებაყოფლობითი შეერთების ცნობა და საქართველოზე ოცდამესამე მუხლის მიღება - ყველაფერი ეს იყო თურქეთის დიდი კავკასიური პოლიტიკის კრახის დასაწყისი. რუსეთმა კი გარდა იმისა, რომ მოიპოვა ჩრდილო შავი ზღვისპირეთში გასვლის უფლება, სამუდამოდ გადაკეტა თურქეთისათვის ჩრდილო კავკასიური გზაც ერთი მხრივ, კასპიის ზღვისპირეთში გასაჭრელად, ხოლო მეორე მხრივ კი, ამიერკავკასიაში შემოსასვლელად. ამ გარემოებამ თავის მხრივ, რუსეთ - საქართველოს შორის ხევ-ყაბარდოს გზით თავისუფლად მიმოსვლის გარანტია შექმნა და აქიდან გამომდინარე, ვ.მაჭარაძის შენიშვნით, რეალური შესაძლებლობაც 1783 წ გიორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოსაწერად227. ქუჩუკ-კაინარჯის ტრაქტატის 23-ე მუხლი თავისი ქვეტექსტებით რუსეთის დიპლომატიამ, თურქეთის დიპლომატიისათვის მეტად ოსტატურად დაქარგა. ძირითადი აზრი ის იყო, რომ რუსეთი ამიერიდან ოფიციალურად გამოდიოდა საქართველოს ინტერესების დამცველად ამიერკავკასიაში და თურქეთიც ამ უფლებას ცნობდა228. ი.ცინცაძის დამატებითი შენიშვნა 23-ე მუხლისადმი, რომ მისი ხელშეკრულებაში შეტანაზე თანხმობა თურქეთის მხრიდან ნაწილობრივ იმერეთზე რუსეთის უფლებების აღიარებაც იყოო229, ვფიქრობთ, რომ სწორია და მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის დიპლომატიის დაფარული დედააზრი და არა მარტო იმერეთის მიმართ. არამედ მთელი საქართველოსთვისაც სწორედ ამას გულისხმობდა ის, რომ ტოტლებენის ავანტურისტულ მოქმედებაში საქართველოს დაპყრობის სურვილი სჭვივოდა230. ერეკლეს მიერ 1772-1773 წწ. გაგზავნილ ელჩებს რუსეთის მფარველობაში შესვლაზე უარი ეთქვათ, მით უფრო, რომ ასეთი წინადადება (186) თვით რუსეთის მხრიდან მიმდინარეობდა231 და ბოლოს ის რომ 23-ე მუხლის შეტანასთან დაკავშირებით ერეკლე - სოლომონს არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდათ, თითქოს ამის მანიშნებელი სიმპტომები უნდა იყოს. ასე რომ, 1774 წ. კუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებაში 23-ე მუხლის შეტანით რუსეთმა, ასე ვთქვათ, წინასწარგათვლილი მრავალსვლიანი კომბინაციის პირველი სერიოზული სვლა გააკეთა. საქართველო რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში პირველხარისხოვანი ქვეყანა გახდა. ამიტომ, შემთხვევითი არაა ის ცვლილება, რომელიც რუსეთის კავკასიურ პოლიტიკაში გაჩნდა სწორედ რუსეთ - თურქეთის ამ ომის შემდეგ. ამ მოვლენის მეტად ღრმა ანალიზი მოგვცა ნ.ბერძენიშვილმა. საქმე ისაა, რომ სანამ რუსეთს ამიერკავკასიაში ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, ხოლო მათ დასაპირისპირებლად საკმაო საკუთარი ძალა არ გააჩნდა, ძლიერი მოკავშირე - ხელდებული მისთვის მისაღები იყო. (ამ საფუძველს ემყარებოდა როგორც გოდუნოვისეული გეგმა საქართველოს ძალთა გაერთიანებისა მოსკოვის მეფის ხელქვეით, ისე პეტრე პირველისეული გეგმა, ვახტანგ მეექვსეს ამიერკავკასიის საქრისტიანოს მეფედ რომ ჰგულისხმობდა რუსეთის იმპერატორის მფარველობის ქვეშ. პეტრესეული გეგმის დაგვიანებული გამეორება იყო ეკატერინე მეორის კარის არაერთგზისი, თუმცა არაერთხმობლივი, საზეიმო დაპირება ერეკლე მეორის მფარველობა - გაძლიერების შესახებ). მაგრამ დრო გადიოდა, მოსკოვის სახელმწიფო ძლიერდებოდა, ამიერკავკასიას ის თანდათან უახლოვდებოდა; ამ ოდესმე შორეული ქვეყნის უშუალოდ დაუფლება შესაძლებელი ხდებოდა; ძველი მეტოქეები კი სულ უფრო და უფრო სუსტდებოდნენ, ხოლო რუსეთის ინტერესები ამიერკავკასიისადმი იზრდებოდა. ამასთანავე ძლიერი და ერთიანი საქართველო მფარველისათვის საჭირო აღარ იყო, პირიქით, ის ამიერიდან არასასურველიც იყო. ამიერიდან არა თუ გაერთიანებული საქართველოს ამიერკავკასიაში ჰეგემონობის პრეტენზიით (ქართველი პოლიტიკოსები XVIII ს. მიწურულშიაც კი პოლიტიკური ჰეგემონობის ამ იდეას არ ეხსნებოდნენ და მას სამოქმედო მიზნად აღიარებდნენ) გაუერთიანებელი მცირე სამეფოების არსებობაც კი აღარ ეთანხმებოდა ამიერკავკასიის დაპყრობის რუსულ გეგმას (რამდენადაც ამ მცირე ერთეულებსაც რუსეთის ინტერესებისაგან განსხვავებული საკუთარი ინტერესები ჰქონდათ, და, რაც განსაკუთრებით უსიამოვნო იყო, საქართველოს გაერთიანება - გაძლიერების იდეას, არ ეხსნებოდნენ)232. (187) ჩაწვდა თუ არა ერეკლე რუსეთის პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ, თვით ერეკლეს ომის შემდგომი პერიოდის მოქმედებაში არა ჩანს. პირიქით, მიუხედავად იმ საყვედურებისა რუსეთის სამეფო კარისადმი, რომ ამ ომის გამო მან "თურქეთი მტრად მოიკიდა" და "საქმეც საფიქრელად გაიხადა"233, ის მაინც რუსეთის იმედეულია, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იგი ამხანადვე ევროპასაც არ ივიწყებს. მართალია ომის შემდგომ პერიოდში საკუთარი ძალის ამარა ერეკლემ ერთგვარად თითქოს მოაწესრიგა კიდევ ურთიერთობა განაწყენებულ თურქეთ-ირანთან და მორიგე ჯარის შექმნით კი "ლეკური საკითხიც", მაგრამ იგი სულ მალე დარწმუნდა, რომ თავის დაცვა და გადარჩენა, ყველასაგან დამოუკიდებლად სულ უფრო ძნელი ხდებოდა. ერეკლეს როგორც სამართლიანად შენიშნავს ნ.ბერძენიშვილი, "აქილევსის ქუსლი" მეტად ფართზე და ადვილმისაგნები ჰქონდა - თავადურ-ბატონყმური ჩიხი და "ლეკიანობით" გავერანებული ქვეყანა"234 ერეკლე კარგად ხედავდა, რომ ოსმალეთი და მასთან ერთად გადაგვარებული თავადურ - ბატონყმური წყობილება გარდაუვალს ქმნიდა ლეკთა თარეშს და ამასთან ლეკიანობას იგი ასევე ჰკვებავდა, როგორც ტყვეთა სყიდვას დასავლეთ საქართველოში235. მორიგე ჯარის მოშლამ, რომელიც თავისთავად უკვე ცოცხალი გამოხატულება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ღრმა კრიზისისი, ერეკლე ღრმად დაარწმუნა საკუთარი ძალის სისუსტეში. ასეთ პირობებში კი რასაკვირველია ჭარ-ბელაქნის სახელმწიფოს მოშლის და იქ "ქართველობის" აღდგენის საკითხი. ის ერთადერთი იყო, რომელსაც არა მარტო ისტორიული სამართლიანობა, არამედ კატეგორიულად საქართველოს გადარჩენის ამოცანაც მოითხოვდა236. ერეკლესათვის საკუთარი ძალებით მისი გადაწყვეტა შეუძლებელი შეიქმნა. იგი კარგად ხედავდა რომ მზიანი წლების ლეკიანობა თავისი გაქანებით ქართველთათვის ყოველგვარ კონტროლს დაუქვემდებარებელ მოვლენად იქცა და მოსალოდნელი "ოსმალობის" ან "ყიზილბაშობის" შემთხვევაში, ან გარკვეულ ვითარებაში, სულაც და მათგან დამოუკიდებლად, შეიძლებოდა (188)
<< გაგრძელება (ნაწილი IX)
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
151 ЦГВИА, Ф.20, on.1/47, д.8, лл.4-167.
152 П.Г.Бутков, Материалы..., ч.I, стр.212, 224; С.Соловьёв, История России, кн.5, тт.XXI-XXV, стр.202-204; А.Абдурахманов, Ук. соч., стр.80-83.
153 "Архив князя Воронцова",. кн. 25, М., 1882. стр.120.
154 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.86-88.
155 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.90, 92, 95, 106-108, 117, 119, 122, და სხვ. მრავალი.
156 იქვე, გვ.106
157 იქვე, გვ.106-108, 123-124, 127-129; 131, 135, 149, 151, 161; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.250-251.
158 О.П.Маркова, Ук. соч., стр.127.
159 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.124
160 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.124
161 იქვე, გვ.129
162 იქვე, გვ.128
163 О.П.Маркова, Ук. соч., стр.127.
164 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.163-171; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.251-253.
165 დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თბილისი, 1941, გვ.4-5.
166 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.163
167 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.177.
168 იქვე, გვ.177; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.253.
169 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.177.
170 იქვე, გვ.181
171 იქვე, გვ.182
172 იქვე, გვ.182-183; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.253-254; თავგადასავალი იესე ოსეშვილისა, გვ.21; თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.210.
173 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.183.
174 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.190-193; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.257-258; თ.ჟორდანია. ქრონიკები, ტ.II, გვ.218-220; П.Г.Бутков, Материалы..., ч.II, стр.390-I.
175 ა.იოვიძე, შ.ჩხეტია, რუს-ქართველთა საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიისათვის, "საისტორიო მოამბე". N17-18, თბილისი, 1964, გვ.268.
176 ი.ცინცაძე, ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში (1752-1754), "საისტორიო მოამბე" N6, თბილისი, 1952, გვ.85.
177 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., საბუთი N2, გვ.140.
178 იქვე, საბ.N18, გვ.156-157.
179 იქვე, საბ.N10, გვ.149, იხ. საბ.N18 10, გვ.157
180 იქვე, საბ.N10, გვ.149
181 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., საბ. N10, გვ.149.
182 იქვე, გვ.90
183 იქვე, გვ.19; მისივე, 1783 წ. მფარველობითი ტრაქტატი, თბილისი, 1960, გვ.10-12.
184 О.П.Маркова, Ук. соч., стр.129.
185 მ.დუმბაძე, - დას. რეცენზია, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკ.33, გვ.234.
186 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.197, 199-200, ომან ხორხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.258-259.
187 იქვე, გვ.196-197; П.Бутков, Материалы..., ч.I, стр.390; Кабардино - русские отношения..., т.II, док.132, стр.179.
188 პაპუნა ორბელიანი, საქ-ს ც-ბა, გვ.199-200; ომანი, დას. ნაშრ., 258-259.
189 ი.ცინცაძე, კაპიტან ო.თუმანოვის მოხსენებითი ბარათი, გვ.18-19.
190 დ.მეგრელაძე, დას. საქ. დის., გვ.142-143
191 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.211, 213.
192 იქვე, გვ.211.
193 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.222; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.259-260.
194 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.224, 226.
195 იქვე, გვ.222
196 იქვე, გვ.237
197 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა, გვ.239; ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.261.
198 იქვე, გვ.240
199 ომან ხერხეულიძე, დას. ნაშრ., გვ.261 დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თ.ლომოურის გამოც., თბილისი, 1941, გვ.8
201 იქვე, გვ.79.
202 იქვე, გვ.106.
203 იქვე, გვ.177.
204 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა. გვ.238.
205 იქვე, გვ.184.
206 ვ.გაბაშვილი, "სათათრო გამოსაღებელი“ გვიანფეოდალურ საქართველოში, მიმომხილველი, ტ.III, თბილისი, 1953, გვ.133; დ.მეგრელაძე, მ.ლორთქიფანიძე, გ.აკოფაშვილი, ო.სოსელია, ნარკვევები ფეოდალური საქართველოს გლეხობის ისტორიიდან, თბილისი, 1967, გვ.114.
207 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა. გვ.216-217.
208 И.И.Ноpденстам, Описание... М., 1958, გვ.323.
209 პაპუნა ორბელიანი, საქ.-ს ც-ბა. გვ.188.
210 ი.ცინცაძე, ქართლ - კახეთის ელჩობა. საბ. N22, საისტორიო მოამბე, N17-18, თბილისი, 1964, გვ.193-194
211 თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.264.
212 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., საბ.N11, გვ.263-264; საბ. N130. გვ.219-213; საბ.N40, გვ.236-237.
213 ი.ცინცაძე, დას. ნაშრ., გვ.160.
214 ო.ხერხეულიძე, დას.ნაშრ., გვ.262-263; თ.ჟორდანია, ქრონიკები, ტ.III, გვ.283, 294, 296.
215 დ.მეგრელაძე, დასახ. ნაშრ., გვ.154.
216 А.Цагарели, Грамоты и другие исторические документы XVIII столетия, относящиеся к Грузии, т.I, СПб, 1891, стр.183: А.Иоаннисян, Россия и армянское освободительное движение в. 80-х годах XVIII столетия, 1944, стр.203.
217 А.Цагарели, Грамоты..., т.I, стр.25.
218 ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.III, თბილისი, 1966, გვ.275.
219 იქვე
220 დ.მეგრელაძე, დას. საქ. დის., გვ.162.
221 А.Цагарели, Грамоты..., т.II, вып.I, стр.62-63.
222 იქვე, გვ.66
223 თ.პაპუაშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.106.
224 О.П.Маркова, Ук. соч.,. стр.139.
225 Цагарели, Грамоты..., т.II, вып.I, стр.83-84, 90-92.
226 ი.ცინცაძე, 1783 წ მფარველობითი ტრაქტატი, გვ.16.
227 В.Г.Мачарадзе, Грузинские документы из истории русско - грузинско - египетско - эфиопских отношении 80-х годов XVIII века, Тбилиси, 1967, стр.6.
228 საქართველოს ისტორია, დამხ. სახელმძღ., თბილისი, 1958. გვ.360; О.П.Маркова, Ук. соч.,. стр.144.
229 ი.ცინცაძე, 1783 წ მფარველობითი ტრაქტატი, გვ.21-22.
230 О.П.Маркова, დას. ნაშრ., გვ.141.
231 А.Цагарели, Грамоты..., т.I, стр.79-80.
232 ნ.ბერძენიშვილი, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.IV, თბილისი, 1967, გვ.124-125.
233 А.Цагарели, Грамоты..., т.I, стр.408-409; т.II, вып.I. стр.178-179.
234 ნ.ბერძენიშვილი, საანგარიშო მოხსენება საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.IV, თბილისი, 1967, გვ.170.
235 იქვე, გვ.167.
236 ნ.ბერძენიშვილი, აღმოს. კახეთის წარსულიდან, საქ.-ს ისტ. საკ., ტ.III, თბილისი, 1966, გვ.275.
|