topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ურბნისი, ურბნისის ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

 

ურბნისი - სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მეტრი, ქარელიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა ურბნისის სიონი.

ურბნისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. X, თბ., 1986 - გვ.171.

ურბნისი, სოფელი ქარელის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 640 მ, ქარელიდან 10 კმ. მეხილეობის აგროსამრეწველო კომპლექსი, საშ. სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, კლუბი, მედპუნქტი, კავშირგაბმულობის განყოფილება.

სოფელი გაშენებულია ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეების ურბნისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. ურბნისის მიდამოების ათვისება ადამიანმა ძვ.წ. III ათასწლეულიდან დაიწყო. ამ დროის ძეგლებიდან ქალაქიდან არქეოლოგიურად შესწავლილია ქვაცხელები, რომელიც მდებარეობს ნაქალაქარის აღმოსავლეთით 2 კმ-ზე, და ხიზანაანთ გორა - უშუალოდ ნაქალაქარზე. დიდი დასახლების კვალი შეინიშნება ძვ.წ. II–I ათასწლეულის მიჯნაზე. ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანიდან სავარაუდოა სამოსახლოთა გაერთიანება და მჭიდრო დასახლების აღმოცენება ხიზანაან გორის ირგვლივ, რაც შეიძლება ძველი ქალაქის პირველსახედ მივიჩნიოთ. ეს არის შიდა ქართლის მტკვრისპირეთის ეკონომიკურად მძლავრი დასახლების ისტორიულად კანონზომიერი განვითარება, რაც ურბნისთან ერთად სხვა ქალაქების ჩასახვა-დაფუძნებაში გამოვლინდა.

ქართულ წერილობით წყაროებში ძვ.წ. IV საუკუნისთვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება. ამ დროიდან ის შიდა ქართლის სხვა ქალაქურ დასახლებებთან ერთად აქ გამავალი სავაჭრო გზის მეშვეობით მჭიდროდ ყოფილა დაკავშირებული გარე სამყაროსთან. დაახლოებით ძვ.წ. III საუკუნეში ქალაქი უცხოელ დამპყრობლებს გაუნადგურებიათ. ნაქალაქარზე აღმოჩენილია ნახანძრალისა და ნაცრის სქელი ფენა, სადაც გადამწვარ ნასახლარებში სხვა არქეოლოგიურ ნივთებს შორის სატყორცნი მრგვალი ქვებიცაა აღმოჩენილი. ახ.წ. პირველივე საუკუნეებიდან ურბნისში საქალაქო მეურნეობის დიდი აღმავლობა შეინიშნება. ამ პერიოდის არქეოლოგიური მასალა უფრო მრავალფეროვანია, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქის სამაროვანზე აღმოჩენილი მასალა. ფერადი ქვებით შემკული დიდი რაოდენობის საბეჭდავები, ძვრიფასი ლითონის ნაწარმი, მინის ჭურჭელი, მონეტები და სხვა მიგვანიშნებს ქალაქის მცხოვრებთა კულტურულ დონესა და მეურნეობის ისეთ სახეებზე, რომლებიც ქალაქებისთვის იყო დამახასიათებელი. ანტიკურ ხანაში ურბნისი აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. მნიშვნელოვან სატრანზიტო გზაზე მდებარეობამ ხელი შეუწყო მის სწრაფ ზრდა-დაწინაურებას. გაცხოველებულ ვაჭრობაზე მიუთითებს მრავალი უცხო წარმოების საქონელი და მონეტები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. ამ დროის ქალაქში, რომლებიც უბნებად ყოფილა დასახლებული, მოქმედებდა „ცეცხლთა, ქვათა და ძელთა“ თაყვანისმცემელთა წარმართული ტაძარი, რომელსაც დიდი მრევლი ჰყავდა. ქალაქში ყოფილა ებრაელთა სამლოცველო (ბაგინი), აბანო და სხვ. მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობები. ქალაქი შემოზღუდული იყო მტკიცე გალავნით. ქალაქის წყლის მომარაგებისათვის გაყვანილი იყო კერამიკული წყალსადენი.

ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთან განმანათლებლის წმ. ნინოს სახელთან. ქართლში მოსული ნინო ურბნისში ერთ თვეს გაჩერებულ, მერე კი სალოცავად და სავაჭროდ მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაში.

IV საუკუნიდან საქართველოში ფეოდალიზმის განარჯვების და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ურბნისის ცხოვრებაში ძირფესვიანი გარდატეხა მოხდა. წარმართული ტაძრის ადგილზე აშენდა ქრისტიანობის ეკლესია, ბზარი გაუჩნდა საქალაქ მეურნეობას, დაქვეითდა ვაჭრობა. სამაგიეროდ გაძლიერდა სოფლის მეურნეობის დარგები, ამის გამოა, რომ IV-VIII საუკუნეებში მრავლად არის ნაპოვნი სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები და ნივთები (მრავალი ქვევრი, რამდენიმე მარანი, ბეღელი, სადაც დიდი რაოდენობით იყო ხორბალი და სხვ.).

სოციალურ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ცვლილებები დავეტყო დაკრძალვისა და ნივთიერი კულტურის წარმოების წესს. გაიმარჯვა ქრისტიანულმა რიტუალმა. მიცვალებულებს კრძალავდნენ ქრისტიანული წესით (გულაღმა, გაშოტილად). თანდათან გაქრა ნივთების ჩატანების ტრადიცია და VI საუკუნიდან გვაქვს სრულიად უინვენტარო სამარხები. დაქვეითდა კერამიკული ნაწარმის ხარისხი. V–VI საუკუნეების მიჯნაზე ურბნისმა კიდევ ერთი ნგრევა - აოხრება განიცადა. გათხრების დროს აღმოჩნდა დანგრეული შენობები, დალეწილი ჭურჭელი და გადაბუგული კარ-მიდამოები. მიუხედავად იმ დიდი ვცლილებებისა, რომლებიც ურბნისის ცხოვრებაში ჩანს, IV–VIII სს-ში ქალაქის ეკონომიური და კულტურული დონე კვლავ მაღალი იყო. დაბადასტურებელია ურბნისის ბაზილიკა, რომელშიც შემონახულია V ს. ქართული წარწერა. გათხრებით დადასატურდა კიდევ 2 ამავდროული დაქარაგმებული მოკლე წარწერა ერთ დოქზე და ერთიც ქვევრის პირზე (სე, ქჭე). VI–VII საუკუნეების მიჯნაზე ქალაქი შემოზღუდეს განიერი (4,5 მ) ალიზის გალავნით, რომელშიც ყოველ 50 მ-ზე კოშკი იყო ჩაშენებული. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამხ.-დასავლეთის კუთხის კოშკი, რ-ის გეგმაშიც 6 ოთახი გაირჩევა. მათი განლაგება გარკვევით გააზრებულია. შუა ღერძზე მცირე ტალანი და გრძელი დარბაზია, სხვა ოთახები ორ-ორი მარჯვნივ და მარცხნივ - დაახლ. სამეტრიულადაა განთავსებული. გადახურვა ბრტყელი იყო. ბანს საბრძოლო ფუნქცია ჰქონდა. ასეთ თავდაცვით ნაგებობებს საკმაოდ ძლიერი და მრავალრიცხოვანი გარნიზონი დასჭირდებოდა. წერილობითი ცნობებით, VIII ს. 30-იან წლებში ურბნისი არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ გაანადგურა. ეს ცნობა დადასტურდა არქეოლ. გათხრების დროს. არაბთა სისატიკეზე მოუთითებს დანგრეულ- დაქცეული სახლები, გადაბუგული გალავან-კოშკები, დალეწილი ჭურჭელი და სხვ. ამ დროს ურბნისმა, როგორც ქალაქმა, შეწყვიტა არსებობა და შემდეგ იგი ქართლის რიგით სოფლად იქცა. ასევე მოაღწია ჩვენამდე.

ურბნისი ძველი ქართული კულტურის კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები ვლასი ურბნელი (XVI ს.), ევდემოენ რატიშვილი გლონისთავის ძე (1623-1710), ნიკოლოზ ხერხეულიძე - ურბნელი (XVIII ს.) და სხვ. იქაურ ბიბლიოთეკის ჩვეენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან უმნიშვნელოვანესია ურბნისის სახარება (X ს., გადამწერი იოანე ტატანელი)

ურბნისის ადრინდელი ფეოდალური ხანის ძეგლთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია V-VI საუკუნეების დიდი სამნავიანი ბაზილიკა, რომლის შუა ნავი გვერდის ნავებზე ბევრად მაღალია (გ. ჩუბინაშეილს მიაჩნდა, რომ თავდაპირველად, ბოლნისის სიონის მსგავსად, აქაც სამივე ნავი საერთო ორფერდა სახურავით უნდა ყოფილიყო გადახურული). შიგნით ჯერისებრი გეგმის სვეტების ოთხი წყვილია. საკურთხევლის აფსიდი კედლის სიბრტყეშია მოქცეული. მის ორივე მხარეს უაფსიდო სადიაკვნე და სამკვეთლოა, მაგრამ აქ ჯერ კიდეე არ არის ფასადის ნიშნები, რომლებიც ჯვრისა და განსაკუთრებით წრომის ტაძრებში ყალიბდება. თაღებს ადრინდელი ხანისათვის დამახასიათებელი ნალისებრი მოხაზულობა აქეს. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. ეკლესიას სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე მინაშენები ჰქონია (ახლა დანგრეულია). IX ს. დასასრულს ან X ს, დასაწყისში ტაძარი თეოდორე ეპისკოპოსმა აღადგინა. XVI საუკუნეში ძლიერ დაზიანებული ეკლესია 1668 აღადგინა მარიამ დედოფალმა. 1706 ვახტანეგ VI-მ ააშენა სამრეკლო და „გალავან-პალატი", 1739 წიკოლოზ ხერხეულიძე-ურბნელმა კვლავ ააშენა გალაჟანი და კოშკები. ამ შენობათაგან დღემდე მხოლოდ სამრეკლომ მოაღწია. ეკლესიის თავდაპირველი ფენა სუფთად გათლილი და სწორად ნაწყობი კვადრებითაა ნაგები. შეკეთებულ - აღდგენილი ნაწილები - კედლის ზემო ნაწილები, კამარები და სხვ - უმეტესად აგურისაა. ფასადები, როგორც ჩანს, თავდაპირველად მკაცრი და ასკეტური იყო, მორთლობის გარეშე, ახლანდელი კი უმეტესად გვაინდელი აღდგენსი ნაყოფია, ზედა ნაწილები აქაც სულ აგურისაა.

ლიტ.: ზაქარაია პ., ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება, თბ., 1965; კიკვიძე ი., ხიზანაანთ გორის ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, თბ., 1972; საგინაშვილი მ., ურბნისის სამაროვნის მინის ჭურჭელი (კატალოგი), თბ., 1970; ჭილაშვილი ლ., ნაქალაქარი ურბნისი, თბ., 1964.

ლ. ჭილაშვილი, ლ. მენაბდე, ვ. ბერიძე

 

 

 

 

 

**************************************************************************************

ურბნისი - ვ. ბერიძე  ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974 - გვ.25; გვ.91-93

ურბნისი (ქარელის რაიონში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე) საქართველოს ერთი უძველესი ქალაქთაგანია, რომელიც ხშირად იხსენიება მატიანეებში. საქართველოს სახ. მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამოავლინა ნაქალაქარის ნაშთები - საფორტიფიკაციო და სხვა საქალაქო ნაგებობანი. გალავნები, კოშკები, აბანო, არხები, საცხოვრებელ ნაგებობათა ნარჩენები და სხვ... ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ურბნისი ქალაქად იყო მურვან-ყრუს შემოსევამდე, ე.ი. VIII ს-მდე... <<ტექსტი სრულად აქ...<<