There are no translations available.
<უკან დაბრუნება
თეიმურაზ ბოცვაძე, საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (XV - XVIII სს.)
თბილისი - 1968
შინაარსი
შესავალი - გვ.3
თავი პირველი - საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XV-XVI სს.-ში - გვ.18
თავი მეორე - საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XVII ს. - XVIII ს. 10-იან წლებამდე - გვ.70
თავი მესამე - საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XVIII ს. 10-იანი წლებიდან რუსეთთან შეერთებამდე - გვ.131
თავი მეოთხე - საქართველო - დაღესტნის ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა (XV-XVIII სს.) - გვ.194
შესავალი
(3) დაღესტანი, საქართველოს ეს ჩრდილოეთის მოძმე მეზობელთაგანი, ხალხმრავალი და უფრო მეტად მრავალენოვანი ქვეყანაა. დაღესტანში სხვადასხვა მონათესავე თუ არამონათესავე 30-მდე ეთნიკური ჯგუფი თუ ხალხი მოსახლეობს, რომლის ერთ ნაწილს საკუთარი და დამოუკიდებელი ენა აქვს, ხოლო ნაწილი კი დღესაც მეტყველებს 70-მდე დიალექტზე1. შემთხვევითი არაა, რომ დაღესტანი უძველესი დროიდანვე ცნობილია, როგორც "მთიანი ქვეყანა" და "ენათა მთა". დაღესტანში იმ ეთნიკურ ჯგუფებს თუ ხალხებს შორის, რომლებიც უმეტესად აღმოსავლურ კავკასიურ ენათა გაერთიანებაში ხვდებიან, ძირითადად გამოყოფენ ოთხ დაჯგუფებას: ავარულს ანუ უფრო სწორად, ავარულ - ანდიურ - დიდოურს2, ლაკურს3, ლეზგიურს და დარგუულს. ავარები ანუ ხუნძები ყველაზე მრავალრიცხოვანი ხალხია დაღესტანში. ავარულ - ანდიურ - დიდოურ ჯგუფში შემავალი ხალხები გეოგრაფიულად ძირითადად მოიცავენ დაღესტნის როგორც შიდა, ისე მთიან და მაღალმთიან ალპიურ ზონას, კერძოდ კი ანდალალის, გერგებიბილის, გუმბეტის, გუნიბის, კაზბეკოვის, კახიბის, რიტლიაბის, ტლიარატინის, უნცუკულის, ხუნძახის, ჩაროდინის, ბოთლიხის, ცუმადინის, ცუნტინის, კელენის ახვახის და ნაწილობრივ ბუინაკისა და ლევაშის რაიონებს. მეორე - დარგუულ დაჯგუფებაში ძირითადად დარგიელები (4) გამოირჩევიან, რომლებიც რაოდენობისდა მიხედვით ავარების შემდეგ მეორე ხალხია დაღესტანში. ისტორიულად მოსახლე დარგუული დაჯგუფების ხალხები გეოგრაფიულად ძირითადად შუა დაღესტნის ფართობს მოიცავს. თვით დარგიელები განსახლებულნი არიან სერგოკალინის, აკუშინის და დახადაევის რაიონებში. დახადაევის რაიონის ცენტრალურ ზონაში მოსახლეობენ ყუბაჩელები, ხოლო ამავე რაიონის სამხრეთით - კაიტაღელები. რაც შეეხება ლევაშინისა და ცუდახარის რაიონებს, აქ ძირითად მოსახლე დარგიელებს გარდა სახლობენ აგრეთვე მცირე რაოდენობით ავარელები და ლაკები. კაიტაღის რაიონში კაიტაღელების გარდა ნაწილობრივ არიან აგრეთვე დარგიელები და ყუშიკელები. დაღესტნის ხალხებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლეზგიურ დაჯგუფებას, რომელიც აერთიანებს ლეზგიურ, ღულურ, რუტულურ, წახურულ, ტაბასარანულ, ხინალუღურ, კრიწულ, ბუდუხურ და უდურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს4. ამ ხალხებს შორის დამწერლობა მხოლოდ საკუთრივ ლეზგიურსა და ტაბასარანულს გააჩნია. ლეზგიურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს კიურინის დიალექტი ლეზგიური დაჯგუფების ხალხები გეოგრაფიულად დაღესტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებს მოიცავენ. კერძოდ, კურახის, კასუმკენტის, მაგარამკენტის, დოკუზპარინის და ახტინის რაიონებს. დაღესტნის კავკასიური წარმოშობის ხალხების მეოთხე დაჯგუფებას წარმოადგენს ლაკური. ლაკების ძირითადი მასა სახლობს დაღესტნის მთიანეთში - ლაკის, კულინისა და "ნოვო-ლაკის" რაიონებში. ნაწილი ლაკური მოსახლეობისა მომიჯნავე მხარეებში ბინადრობს - ლევაშის, აკუშინისა და რუტულისაში. დაღესტანში კავკასიურ ენებზე მოლაპარაკე ეთნოგრაფიულ ჯგუფებთან თუ ხალხებთან ერთად ცხოვრობენ აგრეთვე არაკავკასიურ ენებზე მოლაპარაკე სხვა ხალხებიც. მაგალითად, ყუმიკები და მთის ებრაელები. ყუმიკები მიეკუთვნებიან თურქული მოდგმის ჩრდილო - დასავლურ (ყივჩაღურ) ჯგუფს. მათი ენა შედგება სამი ურთიერთთან ახლოს მდგომი დიალექტისაგან: ჩრდილოური (ხასავიურტის); საშუალო (ბუინაკის) და სამხრეთისა (კაიტაღის). სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს ხასავიურტის დიალექტი. ყუმიკები კომპაქტურად სახლობენ უმეტესწილად დაღესტნის დაბლობ რაიონებში და გეოგრაფიულად განფენილნი არიან ხასავიურტის, (5) ბაბაიურტოვის, ეიზილიურტოვის, ბუინაკის, ყარაბუდახკენტის კაიაკენტის და კაიტაღის რაიონებში. დაღესტნის მკვიდრთა ორგანულ ნაწილს შეადგენენ აგრეთვე მთის ებრაელები, რომელთა ენა - ტატური ირანული წარმოშობისად ითვლება5. ადრეულ საუკუნეებში საწარმოო ძალების განუვითარებლობამ და წარმოებით ურთიერთობათა შესაბამისმა დონემ, განსაკუთრებით არსებულ გეოგრაფიულ გარემოში, რამდენადმე განაპირობა დაღესტნის ხალხების კონსოლიდაციის ნელი პროცესი. მათი საუკუნოებრივი კონსოლიდაცია დღესაც გრძელდება. საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში ერთ - ერთი ურთულესი პრობლემაა ამ ორი ქვეყნის ისტორიაში. ეს ურთიერთობა, თავის მხრივ, განპირობებული იყო არა მარტო სოციალურ - ეკონომიური და პოლიტიკურ - კულტურული განვითარებით, არამედ მათი ურთიერთობითაც გარე სამყაროსთან - რუსეთთან, თურქეთ - ყირიმხანსა და ირანთან. აღნიშნული ურთიერთობანი ერთმანეთს ხშირად უპირისპირდებოდნენ. მაგრამ დროდადრო პარალელურადაც ვითარდებოდნენ, თუმცა ისინი არსებითად არასოდეს არ დაცილებულან ერთმანეთისაგან. დაღესტნის მოსახლეობა, მიუხედავად მრავალხალხოვნებისა და მრავალეროვნებისა, ქართული წყაროებისა და ქართული საზოგადოებრიობისათვის უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე ცნობილი იყო უმეტესად ერთი საერთო კრებითი სახელით - ლეკები, ხოლო ქვეყანა ლეკეთად (შუა საუკუნეებში დაღესტნად). დაღესტნის ხალხების ეპონიმის სახელი ლეონტი მროველთან სწორედ ასეთნაირად გვხვდება: "პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა - ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს“. „ხოლო მას ჟამსა იყო ვინმე ლეკეთს, კაცი მგრძნებელი, ნათესავი ხოზანიხიზისი და მან გრძნებითა თვისითა დააბრმო ქეკაჰოს მეფე და სპა მისი, და ვერ შევიდა ლეკეთს, უკუმოიქცა"6. დაღესტნის ხალხებიდან ქართული წყაროები იცნობენ აგრეთვე დიდოელებს. ლეონტი აღნიშნავს: "მეფეთა ქართლისათა აზორკ და არმაზულ მოუწოდეს ოვსთა და ლეკთა, და... გარდმოვიდა მეფე ლეკთა და გარდამოიტანნა დურძუკნი და დიდონი“. ლეონტი იცნობს (6) აგრეთვე გეოგრაფიულ მხარესაც - დიდოეთს8; მაშასადამე ლეონტი იცნობს ლეკებსა და დიდოელებს, ხოლო მათ შესაბამისად ლეკეთსა და დიდოეთს. დაღესტნის ხალხები - ლეკები და დიდოელები9 უცნობი არ ყოფილა მეორე ქართველი ისტორიკოსის - ჯუანშერისთვისაც (XI ს), მაგრამ ლეონტისაგან განსხვავებით, მასთან კიდევ ერთ ახალ დასახელებას ვხვდებით - ხუნძებს და გეოგრაფიულ სახელს - წუქეთს ანუ წახურს10. XI ს. ერთ-ერთ ქართულ საისტორიო თხზულებაშიც "მატიანე ქართლისაი" დაღესტანი ცნობილია ლეკეთის სახელით11. ლეკები გვხვდება აგრეთვე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან12 (XI-XII სს.); ლეკები, დიდოელები და დიდოეთი ფიგურირებენ ისეთ ბრწყინვალე ქართულ თხზულებაში, როგორიც არის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი13" (XII-XIII სს.). XI ს. ბასილი ეზოსმოძღუარის თხზულებაში კი "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი", ვხვდებით ღუნძების ხსენებას14; ლეკები, ღუნძები და ღუნძეთი კარგადაა ცნობილი აგრეთვე ისეთ ქართულ საისტორიო ძეგლში, როგორიც არის "ჟამთააღმწერელი" (XIV ს.) იქ, სადაც მოცემულია თხრობა თათარ-მონღოლთა საქართველოში შემოსევისა და შემდეგ იმიერკავკასიაში მათი ლაშქრობის თაობაზე. ჟამთააღმწერელი გვამცნობს: "შევიდეს ღუნძეთს, რამეთუ წინა - განეწყო მეფე ღუნძთა, და სძლეს თათართავე, და გამარჯვებულნი მივიდეს ბერქა ყაენს წინაშე“15. დაღესტნის ხალხები თითქმის ერთიდაიგივე სახელწოდებებით გვხვდებიან ბერი ეგნატაშვილთა16, ვახუშტისთან, პაპუნა ორბელიანთან. ომან ხერხეულიძესთან, ფარსადან გორგიჯანიძესთან და სხვ. აქვე (7) უნდა აღინიშნოს, რომ შუასაუკუნეებში ქართველებს დაღესტნის ხალხების აღმნიშვნელად თითქოს კიდევ ერთი კრებითი სახელი უნდა ჰქონოდათ, კერძოდ, გულხადარ, გულვხადარი თუ გლუხადარ გლეხოდარი17, "ჭარის ომების ქრონიკაში" იგი ცნობილი იყო „ბულკადარების“ სახელით18. დ.ბაქრაძის სიტყვით, ბულხადარებს საერთოდ მთაში მცხოვრებ ლეკებს უწოდებდნენ19. ჭარის ომების ქრონიკის20 შენიშვნებში გულხადარები მიჩნეულნი არიან მთიელ ანდიელებად. მ.კოცებუს და ზ.ედილის მიხედვით21 გულხადარებს თუ გლუხადარებს ქართველები იმ ლეკებს უწოდებდნენ, რომლებიც კახეთსა თუ საინგილოში ჩამოდიოდნენ სამუშაოდ. პეტრუშევსკის აზრითაც, კახეთში გლუხადარებად უპირველეს ყოვლისა ცნობილი იყვნენ დაღესტნელები22. წყაროების შინაარსობლივი შეჯერებისას ვრწმუნდებით, რომ გულხადარები კახეთის უშუალო მეზობლები არიან და ტერიტორიულად ცხოვრობენ ხუნძახში, საიდანაც ისინი სამუშაოდ თუ სალაშქროდ, პირდაპირ კახეთში გადმოდიოდნენ. ამიტომ ჩვენც სავსებით ვეთანხმებით დ.მეგრელაძეს, რომელიც იშველიებს ვახუშტის ატლასს, სადაც გულხადარა ნახმარია ხუნძახის აღმნიშვნელ სახელად და ამდენად თვითონაც ამ აზრისაა23. დაღესტნის ხალხებს იგივე სახელით - ლეკებით იცნობენ ბერძნულ - სომხურ - არაბული და სხვ. წყაროებიც. ასე, მაგალითად, სტრაბონი, რომელიც ეყრდნობა თეოფანეს, თავის გეოგრაფიაში წერს: „ალბანიის ზემოთ მთებში ცხოვრობენ ამაძონები... ამაძონებსა და ალბანელებს შორის სკვითები - გელები და ლეგები ცხოვრობენ24. ლეგები, რომლებსაც ანტიკური მწერლები სკვითური მოდგმის ხალხებად მიიჩნევენ, მოხსენებულნი არიან აგრეთვე პტოლემაიოსთან და პლინიუსთანაც25. (8) სტრაბონის მსგავსად აქვს მოცემული ცნობები გელებისა და ლეგების შესახებ პლუტარქსაც26. სომხური წყაროებიდან აღსანიშნავია მოსე ხორენელის ცნობა. სპარსელებისა და სომეხ-ბერძენთა ერთ-ერთი დიდი ბრძოლის აღწერისას, რომელიც შედგა დცირავთან, ხორენელის სიტყვით, სომეხმა მხედართმთავარმა "კამსარ სპანდარტმა განგმირა ლეკთა მეფე გულადი შერგირი27“. IX-XIII სს. არაბი მოგზაურებისა და მწერლებისათვისაც დაღესტნის ხალხები ცნობილი იყო უმეტესად რამდენიმე სახელით, კერძოდ, ლაკზების (ლაქზები)28, გუმიკებისა29 და ზერეკერენების - ზირეხგერენების30 (შემდეგდროინდელი ყუბაჩელები - თ.ბ.). ზემოთ მოყვანილ ცნობებზე დაყრდნობით შეიძლება ვიფიქროთ - რომ დაღესტნის ხალხების ძირითადად აღმნიშვნელ კრებით სახელს - ქართულ-ლეკებს, სომხურ-ლეკებს, ბერძნულ-ლეგებს, არაბულ-ლაკზებს თუ ლაქზებს პირველსაწყის საფუძვლად ადრეულ საუკუნეებში დაღესტნის სხვებზე მეტად გაძლიერებული და გავლენამოპოვებული ერთ-ერთი ტომისა თუ ხალხის სახელი უნდა დადებოდა. იმ ისტორიული მასალების მიხედვით, რომლებიც ხელთ მოგვეპოვება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი ტომი თუ ხალხი, რომელთაც ადრეულ შუასაუკუნეებში, განსხვავებით დაღესტნის სხვა მოძმე ტომებისა თუ ხალხებისაგან, დაახლოებით V საუკუნისათვის თავიანთი ძლიერი გაერთიანება შექმნეს, ლაქები უნდა ყოფილიყვნენ. წყაროების მიხედვით, ლაკების ამ გაერთიანება - სამეფოს უნდა ეარსება XI საუკუნემდე. ბუნებრივია, რომ რამდენიმე საუკუნის მანძილზე, დაახლოებით V-XI სს., სხვებთან შედარებით, ძლიერი გაერთიანების არსებობა შექმნიდა მისი ძირითადი მოსახლეობის სახელის გავრცობის საფუძველს უფრო ფართო მასშტაბით. ძნელი (9) დასაჯერებელია, რომ ეს გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ ლაკური იყო და მასში არ იყვნენ მოხვედრილი სხვა მოძმე და მომიჯნავე ტომები, მაგალითად ლეზგები, ავარები და სხვ., განსაკუთრებით ისინი, ვინც დაღესტნის სამხრეთ რაიონებში ბინადრობდნენ. მაგრამ ყველა ისინი იმჟამად მაინც ცნობილი იყვნენ ლაკებად. მსგავსი მაგალითები ისტორიაში არც თუ ისე ცოტაა. არაბი მწერლებიდან ლაკზების სამეფო პირველად მოხსენებული აქვს იბნ-ხორდადბეს31 (IX ს.). მასზე შედარებით სრული ცნობები მოეპოვებათ ალ-ისტარხსა და მასუდის, რომელთა ცნობებიც მოჰვავს მათ მომდევნო თითქმის ყველა არაბ მწერალს. ისტარხის მიხედვით, ბაბ - ულ - აბვაბის ანუ დერბენტის შემდეგ ტაბასარანის ქვეყანაა, რომლის "ხალხები ისეთივე გულადნი და მამაცნი არიან, როგორც ლაკზები და მათი ქვეყანა თითქმის ისევე მჭიდროდაა დასახლებული, როგორიც ლაკზებისა, ცოტა იმ განსხვავებით, რომ ლაკზები ტაბასარანელებს რიცხობრივად აღემატებიან და სამფლობელოც უფრო ვრცელი აქვთ“32. ალ-ისტარხის ამ ცნობებს თითქმის ზუსტად იმეორებს იაკუთიც33 (XIII ს.). შირვანის სამეფოს ისტორიის რიგი მოვლენების აღწერისას მასუდი (X ს) პირდაპირ აღნიშნავს: „შირვანის სამეფოს დასაყრდენს ლაკზთა სამეფო წარმოადგენს, რომლის მრავალრიცხოვანი ხალხი მაღალმთიან ადგილებში ცხოვრობს34. ლაკზების სამეფოს X ს. იმდენად დიდი გავლენა მოუპოვებია, რომ ერთ–ერთი თანამედროვე არაბული წყაროს მიხედვით, ლაკთა მეფე ალ-ბაბის სამეფოს ანუ დერბენტის სამეფოს მმართველადაც კი მოუწვევიათ35. როგორც წყაროებიდან ირკვევა, ლაკების სამეფო მდებარეობდა შირვანის მთელი ჩრდილო საზღვრის გასწვრივ. შირვანისაგან მას ჰყოფდა ბუნებრივი საზღვარი- კავკასიის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი შტო. მისი ტერიტორია დაახლოებით მოიცავდა თანამედროვე ყუბის დასვლეთით მდებარე და მდ.სამურის ზედა და შუა წელის რაიონებს36. XI საუკუნის 70-იანი წლებისათვის ლაკების ქვეყნის (10) აღმოსავლური და დასავლური რაიონები შირვანშაჰ ფარიბურზის მიერ იქნა მიტაცებული37. არაბული წყაროების მიხედვით, ლაკთა თუ ლაკზთა სამეფოს დაცემა სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. ქართველებისათვის უცნობი არ უნდა ყოფილიყო, თავის დროზე ლაკთა ძლიერი გაერთიანება - სამეფო, რამდენადაც ისეთი ქართული რაიონები, როგორიც იყო კახეთ - ჰერეთი თითქმის მათ უშუალო მეზობლად მდებარეობდნენ, ხოლო უფრო გვიან XI-XII სს. საქართველოს გარკვეული პოლიტიკური გავლენაც ჰქონდა მოპოვებული შაქ-შარვანსა და დერბენტზე. XI ს ქართველი ისტორიკოსები ლეონტი მროველი, ჯუანშერი და სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენელი (VII ს.) ჩვენის აზრით, თითქოს უნდა იცნობდნენ ლაკთა ამ სამეფოს. ამის მანიშნებლად შეიძლება გამოდგეს მათ მიერ მოხსენიებული ლეკთა მეფეები. ასე. მაგალითად, ლეონტით - "გადმოვიდა მეფე ლეკთა"38, ჯუანშერით - "მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა"39, და ბოლოს ხორენელით - "კამსარ სპანდარატმა განგმირა ლეკთა მეფე გულადი შერგირი"40. ზემოთ მოყვანილი ცნობები, რამდენადმე იძლევიან იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ ადრეულ საუკუნეებში ლაკ-ლეკთა სახელმწიფოებრივი გაერთიანების არსებობაზე და ამავე დროს მის მჭიდრო ურთიერთობაზე საქართველოსთან41, რადგან ქართველები მათ ხშირად მიმართავდნენ, როგორც დამხმარე ძალას, ერთი მხრივ, საკუთრივ შიდაკლასობრივი ინტერესებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, თავს წამომდგარი მტრის წინააღმდეგ. ადრეულ საუკუნეებში ლაკთა სამეფოს უპირატესობამ დაღესტნის სხვა დანარჩენ გაერთიანებებზე: ტაბასარანზე. ზირიხგერანზე, ხაიდაკზე, გუმიკზე, სერირზე, ჯიდანზე და სხვ. როგორც ჩანს, საფუძვლად დაუდო დაღესტნის მთელი ხალხების აღმნიშვნელ ერთ კრებით სახელს - ლეკებს, მითუმეტეს, რომ ლაკების ქვეყანა, წყაროების მიხედვით, ძირითადად მოიცავდა, როგორც საკუთრივ ლაკთა ტერიტორიას, აგრეთვე ლეზგიურსა და ნაწილობრივ ავარულ - ხუნძური დაჯგუფების ხალხებით დასახლებულ თემებსაც42. ამიტომ, ნიშანდობლივია ის გარემოება (11) რიგი სპეციალისტებისა ლაკებს პირდაპირ ლეზგებთან რომ აიგივებენ და სამართლიანადაც. მაგალითად, ვ.მინორსკი, ნ.ტრუბეცკოი43; ს.გაბიევი44, ნ.კარაულოვი45 და სხვ. ლაკთა სამეფოში ლაკების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანნი ლეზგები იყვნენ და შემთხვევითი არ არის, რომ ამ სამეფოს ძლიერების დაცემის პერიოდშიც (X-XI სს. - დან.) მაინც ძირითადად მასში შემავალი ორი ხალხი განაგრძობდა დომინირებას - ლაკები და ლეზგები; მაგრამ ამჯერად ალბათ იმ განსხვავებით, რომ ლეზგები უფრო დაწინაურებულან. შეიძლება ამით აიხსნას ის ფაქტიც, რომ ამხანად დადესტანთან დაახლოებული რუსებისათვისაც დაღესტნის ხალხები ასევე ერთი კრებითი სახელით შეიქმნენ ცნობილნი - ლეზგებად. ქართველებს კი არ შეიძლებოდა დავიწყოდათ ლაკი თუ ლეკი, მით უფრო რომ XIV-XV სს. ლაკები კვლავ დაწინაურდნენ ერთ-ერთ ძლიერ ფეოდალურ სამფლობელოდ - ყაზი-ყუმუხის საშამხლოს სახელწოდებით. რომელსაც საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, როგორც ამ საუკუნეებში, ისე შემდგომშიც. XV-XVI სს. მიჯნაზე საქართველოს ბედი ორმა დიდმა მოვლენამ განსაზღვრა: ერთი იყო სამეფო - სამთავროებად დაშლა, რომელიც გაპირობებული იყო თვით ქვეყნის სიღრმისეული ძალების განვითარებით. ხოლო მეორე - იგი მოხვდა მტრული გარემოცვის რკალში (თურქეთ-ყირიმხანი, ირანი და მათზე დამოკიდებული სხვადასხვა სასულთნო-სახანოები). ოსმალეთის მიერ კონსტანტინეპოლის აღებამ (1453 წ.), XV ს. 60-70-იან წლებში ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობამ, ვენეცია - გენუის კოლონიების მოშლამ და ბოლოს ყირიმის სახანოს ჩამოყალიბებამ და მისმა ვასალობამ46, ოსმალეთს საშუალება მისცა უშუალოდ გამეზობლებოდა კავკასიას (ერთი მხრივ საქართველოს - ამიერკავკასიაში, ხოლო მეორე მხრივ ადიღე-ჩერქეზეთს - იმიერკავკასიაში). ამიერიდან ოსმალეთი დამაბრკოლებელ ზღუდედ გადაიქცა ევროპის პროგრესის გავრცელებისათვის აღმოსავლეთსა და კავკასიაში; განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მოხვდა საქართველო; მით უფრო, რომ მას სამხრეთით კიდევ ერთი მაჰმადიანური ქვეყანა - სეფევიდების ირანი მეზობლობდა. დასავლეთ ევროპის ინტერესების ჩამოცილება (12) მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებისაგან "ახალ საუკუნეთა" ეპოქაში, საქართველოსთვის დიდი უარყოფით; მნიშვნელობის ფაქტი აღმოჩნდა47. მას შემდეგ რაც ქართველებს ყოველგვარი იმედი გაუქრათ დასავლეთ ევროპის მიერ საქართველოს მონაწილეობით ე.წ. "ჯვაროსნული ლაშქრობის" მოწყობისა კონსტანტინეპოლის მუსლიმანური დამპყრობლების წინააღმდეგ. იგი მეტად რთულ ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობაში მოხვდა. საქართველოს პოლიტიკის მესვეურთა წინაშე აქტუალურ ამოცანად იდგა არა მარტო ქვეყნის "მაჰმადიანური გარემოცვისაგან" გამოხსნა, აღმოსავლეთის ჩამორჩენილი სახელმწიფოების პოლიტიკური გავლენა - ბატონობისაგან თავის დაღწევა არამედ ეკონომიური დამოკიდებულებისაგან განთავისუფლებაც48. მოვლენების შემდგომი განვითარებით ამ მტრული გარემოცვიდან საქართველოს თავის დაღწევის სამი გზა დაისახა: საკუთარი ძალებით თურქეთ - ყირიმხანის ან ირანის ვასალობით და ბოლოს ერთმორწმუნე რუსეთის ან კათოლიკური ევროპის მფარველობაში შესვლით. საკუთარი ძალებით ქვეყნის გაერთიანება და შემდეგ ამ მტრული გარემოცვიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა, საამისო არც სოციალურ - ეკონომიური პირობები იყო და მითუმეტეს არც პოლიტიკური. თურქეთ - ყირიმხანისა ან ირანის გენოციდური პოლიტიკის წყალობით გამორიცხული იყო მათი ვასალობაც. რუსეთის გამოჩენამ ჩრდ. კავკასიაში საქართველოსათვის შექმნა მტრული გარემოცვის გარღვევის რეალური შესაძლებლობა. რუსეთთან კავშირ-ურთიერთობის დამყარება კი თავის მხრივ არც თუ ისე ადვილი იყო; XV-XVIII სს. ამ ურთიერთობათა მთელი ისტორია თვალნათლივ მეტყველებს, რომ პრაქტიკულად მისი ხორცშესხმა სავსებით დამოკიდებული იყო იმიერკავკასიის იმ სხვადასხვა ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წარმონაქმნებზე, რომლებიც გეოგრაფიულად რუსეთსა და საქართველოს შორის მდებარეობდნენ და ამდენადვე განმსაზღვრელად ზემოქმედებდნენ. ასეთები იყვნენ ჩრდელო-დასავლეთ კავკასიიდან კასპიის ზღვამდე ადიღე - ჩერქეზეთი - ყარაჩაი, ყაბარდო - ბალყარეთი, ჩრდილო ოსეთი, ჩეჩნეთ-ინგუშეთი და დაღესტანი. ასე რომ, საქართველოსათვის აუცილებელი შეიქმნა მის ჩრდილო კავკასიელ მეზობლებთან ურთიერთობის გაბმა, განსაკუთრებით ყაბარდო (13) - დაღესტანთან, რადგან XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე, ყაბარდო და დაღესტანი შედარებით ყველაზე უფრო მსხვილ ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წარმონაქმნებს წარმოადგენდნენ ჩრდილო კავკასიაში, რომელთა გავლენის ქვეშ არაერთი ფეოდალურ-ტომობრივი ერთეული იყო მოქცეული. კონკრეტულ - ისტორიულ სიტუაციათა გამო XV-XVIII სს. საქართველო-ყაბარდოსა და საქართველო - დაღესტანს შორის მეტად განსხვავებული ხასიათის ურთიერთობანი განვითარდნენ. მართალია საქართველომ ყაბარდოს საშუალებით XVI-XVIII სს. შესძლო რუსეთთან კავშირ-ურთიერთობის დამყარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მაინც დაჟინებით ცდილობდა, რათა ეს ურთიერთობანი დაღესტნის საშუალებით განხორციელებულიყო. საქმე ისაა, რომ საქართველოსთვის უშუალო მეზობლად მდებარე დაღესტანი და მასზე გამავალი სამიმოსვლო გზები უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მოხერხებული იყო, ვიდრე ყაბარდოსი, რადგან ყაბარდოსა და საქართველოს შორის ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა ხალხები მოსახლეობდნენ: ოსები, ყარაჩაელები, ბალყარლები, ჩეჩენ-ინგუშები და სხვ, რომლებიც არცთუ ყოველთვის მორჩილებდნენ ყაბარდოს დიდ მთავრებსა და ქართლ-კახეთის მეფეებს; მათი ცვალებადი ვასალური დამოკიდებულება კი საკმაოდ აფერხებდა, გზების სეზონურ მოქმედებასთან ერთად, რუსეთ - საქართველოს ურთიერთობასაც. ყველა ამ სიკეთეს ისიც ემატებოდა, რომ საქართველო-ყაბარდოს ძირითად მაგისტრალზე ხევ-ყაბარდოს გზაზე, არაგვის საერისთავო იდო, რომელიც არცთუ ყოველთვის ცნობდა თავს ქართლისა თუ კახეთის მეფეთა ყმად. თუმცა რუსეთ - საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობა აღნიშნულ საუკუნეებში ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულად გამოიყურებოდა, მაგრამ იგი მაინც ვერ წყვეტდა ვოლგა - ასტრახანის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე საქართველოს გასვლის საკითხს, რადგან პირიქით კავკასიაშიც ყაბარდოსა და ამ მაგისტრალს შორის იგივე დაღესტანი იდო. რუსეთის დახმარებით დაღესტანთან გამწვავებული ურთიერთობის მოგვარება საქართველოსთვის ორ კარდინალურ საკითხს წყვეტდა: ერთი მხრივ, დაღესტანი და შემდეგ მისგან განშტოებული ჭარ-ბელაქანი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიურ ურთიერთობას უშიშარყოფდა შაქ-შარვანთან და კასპიის ზღვაზე, ხოლო, მეორე მხრივ კი, თითქოს ბოლო მოეღებოდა იმ მუდმივ თავდასხმებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საქართველოს მიმართ XVII-XVIII სს. ასე რომ, XVI-XVIII სს. საქართველოს წინაშე მწვავედ იდგა დაღესტნის საკითხი, რადგან მას იყენებდა თურქეთ-ყირიმხანი და ირანი, ერთი მხრივ, დაღესტან - საქართველოს (14) შორის კეთილმეზობლური ურთიერთობისა, ხოლო მეორეს მხრივ კი, რუსეთ-დაღესტნის ურთიერთობათა დამყარების წინააღმდეგ. განსაკუთრებით თურქეთ-ყირიმხანი ცდილობდა დაღესტნის ფეოდალთა წყალობით საქართველოსათვის მტრული გარემოცვის რკალის შეკვრას და შიგ "ქართველობის" მოხრჩობას. ასე რომ, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა მეტად მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირეს, რამდენადაც საკუთრივ მათთან ურთიერთობის მიღმა „დიდ სამეულთან“ ურთიერთობის საკითხები და მისი მომავალიც წყდებოდა. საქართველო - ყაბარდოს და საქართველო - დაღესტნის ურთიირთობანი მეტად განსხვავებული გზებით ვითარდებოდნენ. ასე, მაგალითად საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობას განაპირობებდა, ერთი მხრივ, კავკასიაში თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის მომძლავრება, და ამ ნიადაგზე რუსეთთან დაახლოების ტენდენცია, ხოლო, მეორეს მხრივ, ყაბარდო - დაღესტანსა და საქართველო - დაღესტანს შორის შედარებით გამწვავებული ურთიერთობა, რის გამოც ყაბარდო და საქართველო დაღესტნის წინააღმდეგ ერთგვარ მოკავშირეებად გამოდიოდნენ. ასეთ სიტუაციას დაემატა ყაზან - ასტრახანის სახანოების შემოერთებაც, რამაც რუსეთს იმთავითვე ხელსაყრელი პოზიციები შეუქმნა კავკასიაში თურქეთ - ყირიმხანსა და ირანთან შედარებით. მართალია საქართველო - დაღესტნის ურთიერთობამ რამდენადმე განაპირობა საქართველოს რუსეთთან დაახლოება, მაგრამ პრინციპში საქართველო-დაღესტნის ურთიერთობა სრულებით არ იყო განპირობებული რუსეთთან დაახლოების საერთო ინტერესებით. პირიქით, საქართველოსა და დაღესტანს ერთმანეთისაგან ძალზედ განსხვავებულად ესმოდათ რუსეთთან თავიანთი ურთიერთობა და მისი როლის თავიანთი ქვეყნების ისტორიულ განვითარება. ქართველ პოლიტიკოსთა მიზანი ნათელი იყო: რუსეთთან დაახლოება, მისი დახმარებით ქვეყნის გაერთიანება, თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის ძალმომრეობის აღკვეთა და დაღესტნის საკითხის მშვიდობიანი გადაჭრა. ამას კი თავისთავად მოჰყვებოდა საქართველოს გასვლა ვოლგა - ასტრახანის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე. XVI-XVIII სს. მანძილზე ქართველ პოლიტიკოსთა ძირითადი მონაპოვარი მხოლოდ რუსეთთან დაახლოება იყო, მაგრამ თავისთავად არც ეს მონაპოვარი იყო ისტორიულად უმნიშვნელო და, რაც მთავარია, იოლად მოპოვებული, რამდენადაც ქართველ ხალხს იგი დიდ ფასად დაუჯდა, რის პირუთვნელი მოწმეც XVI-XVIII სს, მთელი ისტორიაა. დაღესტნის მთავართა მიზანიც ნათელი იყო - შეძლებისდაგვარად მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა, რასაც ფაქტიურად უფრო მეტად აღწევდნენ, ვიდრე საქართველოსა და ყაბარდოს მეფე-მთავრები. (15) დაღესტნელები უფრო მოხერხებულად იყენებდნენ რუსეთ - თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის წინააღმდეგობებს, ვიდრე საქართველო და ყაბარდო, რაშიც, სხვათა შორის, მათ ეხმარებოდა, ერთი მხრივ, მათივე მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული და გეოგრაფიული მდებარეობა, ხოლო, მეორეს მხრივ, კი ქართველი და ყაბარდოელი ხალხების თავდადებული ბრძოლა თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის წინააღმდეგ. დაღესტნელები მოჩვენებით თურქეთ-ყირიმხანსა და ირანს ერთდროულად ყმობა - ვასალობდნენ, ხოლო დროდადრო კი თავისი ნებით შედიოდნენ რუსეთის მფარველობა - ქვეშევრდომობაში. ასე რომ, დაღესტნის მთავრები ერთდროულად სამ ბატონს მორჩილებდნენ, ხოლო სამივე ბატონი კი ხან საჩუქრებით, ხან დაპირებებით, ხან ძალმომრეობით, და ხან გამოქომაგებით ცდილობდა შეენარჩუნებინა ეს მნიშვნელოვანი მხარე. თავისთავად ცხადია, რომ ყოველივე ეს დაღესტნის მთავრებს დიპლომატიური მანევრებისათვის გარკვეულ შესაძლებლობას აძლევდა. რასაც, სხვათა შორის, ისინი არც თუ ისე ურიგოდ იყენებდნენ თავიანთი ერთგვარად დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით მანევრირებული დიპლომატია გააჩნდათ დაღესტნის გამგებლებს რუსეთის მიმართ, რაც განპირობებული იყო მისი კავკასიელი მომიჯნავე მეტოქე მეზობლების ყაბარდო - საქართველოს ახლო ურთიერთობით რუსეთთან და თვით რუსეთის ახლო გეოგრაფიული მდებარეობით საკუთრივ დაღესტანთან, მით უფრო, რომ რუსეთი უკვე ერთპიროვნული ბატონ - პატრონი იყო ვოლგა - ასტრახანის დიდი სავაჭრო მაგისტრალისა. რუსეთთან ურთიერთობით დაღესტანი რამდენიმე საკითხის მოგვარებას ცდილობდა. ჯერ ერთი, იგი ამით თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის თვალში თავის ხვედრით წონას ზრდიდა და ამით გარკვეულ შეღავათს მოელოდა; მეორეც, რუსეთთან ურთიერთობით იგი მის წინააღმდეგ იმ აქტიურობის განელებას აპირებდა, რომელსაც, რუსეთი იჩენდა ყაბარდო-საქართველოს გამო. საქართველო - ყაბარდო - დაღესტნის „სამკუთხედს“ უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ "სამკუთხედის" საკითხის მოუგვარებლად კავკასიაში გაბატონება, თუ გავლენის მოპოვება შეუძლებელი ჩანდა. მართალია, თითოეული მათგანი - რუსეთი, თურქეთ - ყირიმხანი და ირანი - დროდადრო ახერხებდა ერთ რომელიმე მათგანზე (საქართველოზე, ყაბარდოზე ან დაღესტანზე) ზეგავლენის მოპოვებას, თუ დროებით ბატონობას, ანდა რომელიმე ორ მათგანზე ერთად, მაგრამ სამივეზე ერთდროულად გაბატონება ვერც დიპლომატიითა და ვერც იარაღით დიდი სამეულის ვერც ერთმა წარმომადგენელმა ვერ შესძლო. ამიტომ იყო, რომ რუსეთ - თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის (16) ურთიერთობების შეცვლა აუცილებლად იწვევდა საქართველო - ყაბარდო - დაღესტნის ურთიერთობათა შეცვლასაც, რადგან ეს უკანასკნელნი კონკრეტულ - ისტორიულ სიტუაციისდა მიხედვით ორგანულად იყვნენ დაკავშირებულნი რომელიმესთან. მდგომარეობა კავკასიის ქვეყნებისათვის კიდევ უფრო რთულდებოდა იმით, რომ სამივე დიდი ქვეყნის ინტერესები კავკასიაში პრინციპულად ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ამდენად გამორიცხავდნენ კავკასიის გავლენის სფეროებად დაყოფას. ასე მაგალითად, თურქეთი კავკასიის დაპყრობით (რომლისთვისაც მას ორი ტოლძალოვანი გზა ჰქონდა, ერთი ყირიმ - აზოვ - ტამან - ყაბარდო - დაღესტანი და მეორე საქართველო - შაქ - შარვანი - ბაქო - დარუბანდი) თავისუფლად იჭრებოდა კასპიის ზღვის სანაპიროსა და ვოლგის მაგისტრალზე, რითაც იგი ერთდროულად ორ მიზანს აღწევდა; ჯერ ერთი რუსეთს უჭრიდა გზას სამხრეთით - შავი და კასპიის ზღვებისაკენ და აღმოსავლეთით - შუა აზიისაკენ, მეორეც, საკუთრივ თურქეთი თავისუფლად იკვლევდა გზას ირანსა და შუა აზიაში. ირანი კავკასიის დაპყრობით დაახლოებით ორ ძირითად პრობლემას სჭრიდა; ჯერ ერთი, თავის ძირითად მოწინააღმდეგე თურქეთს დევნიდა კავკასიიდან და კასპიის ზღვაზე გაბატონებით მტკიცედ ინაღდებდა თავის ეკონომიურ და პოლიტიკურ მდგომარეობას, რაც თავის მხრივ ირანს საშუალებას აძლევდა რუსეთთან უფრო აქტიური პოლიტიკის წარმოებისათვის. რუსეთის სტრატეგიული მიზნები - კავკასიაში პოლიტიკური გავლენის მოპოვება და აქაურ ზღვებზე გასვლა იყო, მით უფრო, რომ ყაზან - ასტრახანის შემოერთების შემდეგ მის კავკასიურ პოლიტიკას რეალური პერსპექტივა შეექმნა. ბაქო- დერბენტ - შემახიის ხელში ჩაგდებით რუსეთი ერთი მხრივ უზრუნველყოფდა ასტრახანის უშიშარყოფას და ამდენად ახლო სავაჭრო ურთიერთობასაც აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ხოლო, მეორეს მხრივ, ყაბარდო - საქართველოს ხელდებულ - ქვეშევრდომობით საბოლოოდ სწყვეტდა კავკასიაში გაბატონების პრობლემას. ასე რომ, თითოეული მხარის სტრატეგიული მიზნის მთლიანი განხორციელება აუცილებელი კანონზომიერებით გამორიცხავდა დიპლომატიური "მრგვალი მაგიდის" საფუძველზე შეთანხმების მიღწევას გავლენის სფეროების განაწილებაში. მართალია, დროდადრო ადგილი ჰქონდა ურთიერთსაწინააღმდეგო სამხედრო - პოლიტიკურ კავშირებსაც, მაგრამ ეს უფრო კონკრეტულ - ისტორიული სიტუაციით გამოწვეული მანევრები იყო, ვიდრე საკითხის გადაწყვეტა ან მორიგება. ასე, მაგალითად, ირანი რუსეთისათვის ერთსადაიმავე დროს მოკავშირესაც წარმოადგენდა (ოსმალეთისა და ბუხარის წინააღმდეგ ბრძოლაში) და (17) მოწინააღმდეგესაც (კახეთისა და საშამხლოს მიმართ დამოკიდებულების საკითხში)49; ასეთსავე მდგომარეობაში იყო ოსმალეთიც. იგი რუსეთისათვის თითქოს მოკავშირეს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ, ხოლო იმავე დროს მოწინააღმდეგესაც საქართველო-ყაბარდო-საშამხლოს მიმართ დამოკიდებულების საკითხში. შექმნილმა ვითარებამ თითქოს კავკასიური პრობლემების გადაწყვეტის თავისებური დიპლომატია გამოუმუშავა თითოეულ მათგანს, რაშიც ერთი შეხედვით, გადამწყვეტი სიტყვის და მოქმედების უფლება ვითომ საკუთრივ კავკასიურ პოლიტიკურ წარმონაქმნებს საქართველოს, ყაბარდოს, დაღესტანსა და სხვ. ეძლეოდათ. ხდებოდა ისე, რომ რუსეთი, თურქეთ–ყირიმხანი თუ ირანი ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რათა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლივ და დახმარების გარეშე კავკასიური პოლიტიკური წარმონაქმნები ხელთ ეგდოთ და შემდეგ კი ამ უკანასკნელებს თავის მხრივ, ასე ვთქვათ, "უარი ეთქვათ" დანარჩენი ორის ბატონობაზე თუ ყმობაზე. საკითხის ასე რიგად გადაწყვეტისას, რასაკვირველია, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ არა რუსეთსა და ირანს, არამედ უშუალოდ კავკასიელ გაერთიანებებს. რეალური შედეგი ის იყო, რომ საკუთარი დამოუკიდებელი ძალის უქონლობის გამო, XVI-XVIII სს. მთელ მანძილზე, თვითეული მათგანი ხან ერთი ბატონ - მფარველის ხელდებული თუ ყმა ხდებოდა, ხან ერთდროულად ორისა და მთელ რიგ შემთხვევებში კი სამთავესიც გამოდიოდა. ყოველივე ეს ისტორიული აუცილებლობით იწვევდა კავკასიის ადგილობრივი სამეფო - სამთავროებისა თუ სხვადასხვა. სახანო - სასულთნოებში ძალთა გარკვეულ გადაადგილებას, რის გამოც მათი უშუალო ურთიერთობაც უმეტეს წილად უკვე გაპირობებული ხდებოდა რუსეთ - თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის ურთიერთდამოკიდებულებით, რამაც, რასაკვირველია, თავისებური დაღი დაასვა კიდეც კავკასიის ხალხთა სოციალურ - ეკონომიურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებას.
-----------------------------------------------------------------
1 Народы Кавказа, „Народы Дагестана”, Москва, I960, т.I, стр.403.
2 ვინაიდან დიდოელები ცნობილია აგრეთვე ცეზების სახელწოდებით, ამდენად სპეც. ლიტერატურაში არის მეორე ფორმულირებაც - ავარულ - ანდიურ - ცეზური იხ. З.А.Никольская, Аварцы. „Народы Кавказа”, т.I, Москва, 1960, стр.440, 463.
3 არნ. ჩიქობავას მიხედვით. იბერიულ - კავკასიური ენების ჯგუფი სამ ქვეჯგუფად იყოფა და არა ოთხად. ეს ჯგუფებია: 1.ხუნძურ - ანდიურ - დიდოური, 2.დარგუული და ლაკური, 3.ლეზგიური; არნ.ჩიქობავა, ენათმეცნიერების (შესავალი, თბილისი, 1952, გვ.369.
4 Л.И.Лавров, Лезгины. "Народы Дагестана", Москва, 1955, стр.102-103; მისივე, Лезгины. "Народы Кавказа", т.I, М., 1960, стр.503.
5 М.М.Ихилов, Горские еврей: "Народы Кавказа", т.I, М., 1960, стр.554; მისივე, Горские еврей. „Народы Дагестана", М., 1955, стр.226.
6 ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ტ.I, თბილისი, 1955, გვ.3–6, 12, 14 და სხვ.
7 "ქართლის ცხოვრება", გვ.45, 66.
8 ქართლის ცხოვრება. გვ.27.
9 ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა. ქართლის ცხოვრება, ტ.I, თბილისი, 1955, გვ.173, 220.
10 "ქართლის ცხოვრება", ტ.I, გვ.240.
11 "მატიანე ქართლისა“, "ქართლის ცხოვრება“, ტ.I, თბილისი, 1955, გვ.249.
12 დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ცხოვრება მეფეთ–მეფისა დავითისი, „ქართლის ცხოვრება“, ტ.I, თბილისი, გვ.344-345.
13 "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, "ქართლის ცხოვრება“, ტ.II, თბილისი, 1959, გვ.111-112.
14 ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ—მეფისა თამარისი. "ქართლის ცხოვრება“, ტ.II, თბილისი. 1959, გვ.147.
15 ჟამთააღმწერელი "ქართლის ცხოვრება“, ტ.II, თბილისი, 1959, გვ.252-253, 283.
16 ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, "ქართლის ცხოვრება", ტ.II, გვ.329, 401, 415, 421, 441; აგრეთვე, "ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი, იქვე, გვ.454.
17 პაპუნა ორბელიანი,საქ-სც-ბა,გვ.180; М.Бpоссe, Пер, писка..., стр.226; М.А.Коцебу, Сведения о джарских владениях, 1826е История..., стр.252-253.
18 Хроника войн Джара, стр.10.
19 დ.ბაქრაძე, შენიშვნები ზაქათალის ოლქის შესახებ, გვ.9.
20 Хроника войн Джара, стр.54.
21 М.Коце6у, დას. ნაშრ. გვ.252-253; ზ.ედილი, საინგილო, გვ.35
22 И.П.Петрушевский, დას. ნაშრ., გვ.11
23 დ.მეგრელაძე, დასახ. სად. ნაშრ.. გვ.98.
24 თ.ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, თბილისი, 1957, გვ.136.
25 В.В.Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе, Вестник Древней Истории, 1947, №4, стр.222.
26 პლუტარქე, პომპეუსი, თბილისი, ტ.I, 1957, გვ.117.
27 Мойсей Xоренский (изд.Н.Эмина), М., 1858, гл. XXXVII. стр.194.
28 Ал-Мукадаси, „Лучшее из делений для познания климатов", Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, вып.XXXVIII, Тифлис, 1908, стр.18; აგრეთვე, Ал-Истархий, "Из книги путей царств", СМОМПК, вып.29, Тиф., 1901, стр.16-17, 31; იხილეთ Ибн Хордадбе, „Книга путей и царств", СМОМПК, вып.32, Тиф., 1903, стр.17; Масуди, "Книги сообщений и знаний", СМОМПК, вып.XXXVIII, Тифл., 1908, стр.42; იაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ., თბილისი, 1964, ნაკ.I, გვ.12, 20-21, 81.
29 Ибн-Русте, "Из книги драгоценных камней", СМОМПК, вып.32, Тиф., 1903, стр.54; აგრეთვე, Масуди, დას. ნაშრ., გვ.52.
30 Масуди, დას. ნაშრ., გვ.52.
31 Ибн-Xордадбе, დასახ. ნაშრ., გვ.17.
32 Ал-Истархи, დასახ. ნაშრ., გვ.16-17.
33 იაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ., თბილისი, 1964, ნაკ.I, გვ.21, არაბული ტექსტი ქართული თარგმანით და შესავლით გამოსცა ე.სიხარულიძემ.
34 Масуди, დასახ. ნაშრ., გვ.421; В.Ф.Минорский, История Ширвана и Дербенда, М., 1963, стр.191.
35 В.Ф.Минорский, История..., стр.100.
36 В.Ф.Минорский, История..., стр.108, 112.
37 В.Ф.Минорский, История..., стр.63, 112.
38 ქართლის ცხოვრება. ტ.I, გვ.45, 66
39 იქვე, გვ.173.
40 Моисей Хоренский, Ук. соч.. стр.194.
41 М.Р.Гасанов, Из истории экономических взаимоотношений Дагестана с Грузией (с древних времен до конца XIV в.). Проблемы развития экономики Дагестана, Махачкала, 1964, стр.142.
42 Очерки Истории Дагестана, т.I, Махачкала, 1957, стр.38.
43 В.Ф.Минорский, Ук. соч. 1930. стр.29, 108, 119, 192.
44 С.Габиев, Лаки, СМОМПК, вып.XXXVI, Тб., 1906, стр.7.
45 Н.С.Караулов, СМОМПК, вып.XIX, Тб., 1901, стр.63.
46 С.О.Шмидт, К характеристике русско-крымских отношений второй четверти XVI в., Международные связи России до XVII в., Москва, 1961, стр.366.
47 ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, გვ.89.
48 ვ.გაბაშვილი, ფეოდალური საქართველოს ქალაქების ურთიერთობანი მახლობელი აღმოსავლეთის ქალაქებთან, კრებული, ნარკვევები მახლობელი აღმსოავლეთის ქალაქების ისტორიიდან, თბილისი, 1966, გვ.164.
49 თ.ტივაძე, ირანთან პოლიტიკური ურთიერთობის საკითხი რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაში XVI-XVII სს. მიჯნაზე, თსუ შრომები, ტ.113, თბილისი, 1965, გვ.207.
თავი პირველი
საქართველო - დაღესტნის ურთიერთობა XV - XVI საუკუნეებში
ცნობილია, რომ X-XI ს-მდე საქართველო იმიერკავკასიის სხვადასხვა ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წარმონაქმნებთან კავშირის უწყვეტობითა და კეთილმეზობლობით უფრო იყო დაინტერესებული, ვიდრე მათი დაპყრობითა და შეერთებით. აღნიშნული მდგომარეობა არსებითად შეიცვალა X-XIსს.; ამ პერიოდში ეკონომიურად მომძლავრებული საქართველო უკვე მზად იყო თავისი შესაფერისი პოლიტიკური ექსპანსიისათვის. სიღრმისეული გაგებით, ეს ნიშნავდა ერთმონათესავეობის იდეით კავკასიური ძალების კონცენტრაციას საკუთართან, ერთიანი კავკასიური სამყაროს შექმნას და ამის შემდეგ უკვე შეტევაზე გადასვლას - არაკავკასიურ სამყაროზე. განსაკუთრებით ქმედითი იყო ეს იდეა X-XIII სს., როდესაც ქვეყნის სოციალური, ეკონომიური და პოლიტიკური განვითარების დონის მიხედვით „საქართველო მოწოდებული აღმოჩნდა ქცეულიყო იმ ცენტრად, რომლის გარშემო ერთიანდებოდა მთელი კავკასია"1. ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, ეს იყო ყოვლად პროგრესული მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობდა და საფუძველს შეუქმნიდა ამიერკავკასიისა და განსაკუთრებით იმიერკავკასიის ფეოდალურ საზოგადოებებს - უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაში. ქართველი პოლიტიკოსები კავკასიის ამ დიდ გაერთიანებაში უპირველესად გულისხმობდნენ სომხეთის, აღმოსავლეთ კავკასიის - ძველი ალბანიის დიდ ნაწილს - შარვანსა და რანს და კავკასიის მთიანეთს. მაგრამ ქართველთა ეს დიდი პროგრესული საქმე კავკასიის გაერთიანებისა ხანგრძლივი დროით შეაფერხა თათარ-მონღოლთა შემოსევამ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, პროგრესული (19) იდეების მატარებელ საზოგადოებას არასოდეს არ დაუვიწყია "კავკასიის ოდინდელი ერთიანობის შესახებ და შესაფერის მომენტშიც არ დაუყოვნებია ამ იდეის პრაქტიკულ სარბიელზე გამოტანა”2. რაკი ქართული ქრისტიანობა და ქართული დამწერლობა ის დიდი იარაღი იყო და საწინდარიც მისი შემდგომი აღმავლობისა და კულტურულ - ჰეგემონობისა კავკასიის ფეოდალურ სამყაროში3, ამდენად გასაგებიცაა თემურ-ლენგი ის დამოკიდებულება, რომელიც მან გამოიჩინა ქართველთა ამ საშუალებების მიმართ. ბუნებრივია, რომ თემურლენგი რომელიც კავკასიისათვის ოქროს ურდოს ებრძოდა, ჩრდ.კავკასიაში ყოველგვარი ქრისტიანული და ამდენადვე ქართული, მიუღებლად მიაჩნდა. ამიტომ მოეკიდა იგი მთელი სისასტიკით ქართული გავლენის ფესვების ამოძირკვას, კერძოდ კი ქრისტიანობისას. თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, ჩრდილო-კავკასიის ხალხები: ქისტნი, ღლიღვნი, ძურძუკნი, "ლეკნი ლეკოსისა ნათესაობანი" და სხვანი, რომელნიც „იყვნენ ქრისტიანენი“, და ამავე დროს „იყვნენ ენითა ქართულითა მომზრახნი“, ან „იგინიცა ქართულისა ენისა მომზრახ იყვნეს ყოველნივე"4, თემურ-ლენგამდე ასე ვთქვათ პროქართულ ორიენტაციაზე იდგნენ; თემურლენგმა კი „რომელმანცა დაიპყრა იგინი, მიაქცივნა მრავლისა ტანჯვითა და სხვანი ლიქნითა და წყალობითა მრავალთა, დაუდგინნა არაბნი მოლანი (ესე იგი მოხმედისა სჯულისა მოძღუარნი და მასწავლებელნი), განუწესა მათ რათა ასწავებდნენ ყრმათა მათთა წერილსა არაბულისა ენისა, მისცა მათ ბრძანება ფიცხნი არღარა კითხვად და არცაღა სწავლად ქართულისა წიგნისა და რათა არცაღა ენა ქართული იზრახებოდეს მათ შორისა. მხოლოდ დაშთა ენა ქართული ლეკთა შორის ანწუხელთა, რომელნიცა დღეინდელად დღემდე ზრახვენ ქართულსა ენასა და უწყიანცა ენა ლეკთა“5. ასეთი პოლიტიკის შედეგად კავკასიის მთიანეთში საგრძნობლად იკლო ქართულმა გავლენამ. ქრისტიანობამ ნელ-ნელა დათმო პოზიციები და მისი ადგილი დაიჭირა ახალმა, მონოთეისტურმა რელიგიამ ისლამის სახით, რომელსაც დაღესტანში ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ ვინც არ მიიღებდა ისლამს იგი სიკვდილით ისჯებოდა6. თემურ-ლენგის პოლიტიკის წარმატება განაპირობა მის მიერ ოქროს ურდოს განადგურებამ და დაღესტნის დაპყრობამ. XIV ს.-დან მოყოლებული ისლამი ნელ-ნელა გადაიქცა არა მარტო ლეკების გაბატონებულ (20) ტონებულ რელიგიად, რომელიც ექსპლოატაციის იარაღად ემსახურებოდა ფეოდალურ ზედაფენასა და ტომთა ბელადებს, არამედ ის გადაიქცა ყაზი-ყუმუხის საშამხლოსათვის „ურწმუნო“ მეზობელი თემების წინააღმდეგ ბრძოლის ერთგვარ დროშად. ნაზიმ ად-დინ შამის ცნობებიდან, რომელიც მოიცავს XIV ს. დასასრულისა და XV ს. მიჯნის პერიოდს, უკვე ერთი რამ აშკარად ჩანს, რომ "ყაზი-ყუმუჯხებისა" და "აუხარელებისათვის" (ლაკები და ავარები, - თ.ბ.), მეზობელ ე.წ. "ურწმუნოების" წინააღმდეგ ბრძოლა ტრადიციულ ამბად გადაქცეულა. „ყაზი კუმუკლუკის ოლქსა და აუხარას ჯარს ჰქონდა ჩვეულება, - წერს ნიზამ-ად-დინ შაჰი, - რომ ყოველ წელსა და თვეს ბრძოლობნენ ურწმუნოების წინააღმდეგ"7. ასეთმა მდგომარეობამ კუმუხის მცხოვრებლები გადააქცია "გაზად" - "ყაზად" ანუ „სარწმუნოებისათვის მებრძოლებად“. ხოლო ყუმუხი ყაზი-ყუმუხად. სწორედ ამ დროიდან ყაზი-ყუმუხელი შამხლები და მათი ქვეშევრდომი თემურ გაერთიანებათა ბელადები ეწევიან ე.წ. "რელიგიურ ომებს", არა მარტო თავისი მეზობელი თემების მიმართ, არამედ თვით დაღესტნის ფარგლებს, გარეთ, ყაბარდოს, საქართველოსა და სხვათა წინააღმდეგაც. საერთოდ კი ასეთი სახის ომისათვის მთავარი ტონის მიმცემნი იყვნენ „ველური“ მომთაბარეები: თათარ-მონღოლები, თათარ - თურქმანები, თურქ - ოსმალები და ყიზილბაშები; ისინი იბრძოდნენ ადგილობრივი მაღალფეოდალური კულტურის მოშლისა და მის ადგილზე აღმოსავლურ - ბარბაროსულ - ფეოდალური ურთიერთობის დამყარებისათვის: მათ, ნ.ბერძენიშვილის სიტყვით, მაჰმადიანობა თავის ალმად აღიარეს და „გიაურთა“ (ქრისტიან მიწისმფლობელთა) წინააღმდეგ ბრძოლა საღმთო საქმედ“ გამოაცხადეს8. რამდენადაც თემურ-ლენგი ამ „მაჰმადიანური“ პოლიტიკის თანმიმდევრული გამტარებელი იყო, ამდენად შემთხვევითად აღარ გვეჩვენება რიგ გარემოებათა დამთხვევა XIV-XV სს. მიჯნაზე - საქართველოსა და ყაბარდოს მიმართ დაღესტნის გაერთიანებათა მხრიდან. ”მაჰმადიანური“ პოლიტიკის დაღესტნისეულ წარმოებას ხელი შეუწყო იმ გარემოებებმაც, რომ საკუთრივ დაღესტანში სწორედ ამ პერიოდში (XIV-XVI სს.) ერთმანეთზე მიყოლებით ჩამოყალიბდნენ ძირითადად ფეოდალური სამფლობელოები და ე.წ. სათემო გაერთიანებები. ეს იყო ფეოდალურ ურთიერთობათა გამარჯვების დაწყების პერიოდი დაღესტანში. (21) XIV-XV სს. სხვადასხვა ფეოდალურ გაერთიანებათა შორის დაღესტანში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ შედარებით მსხვილი პოლიტიკური და ეთნიკურ-კულტურული გაერთიანებები: ავარიის სანუცალო (ცენტრი ტანუსი), ყაზი-ყუმუხის საშამხლო (ცენტრი ყუმუხი), კაიტაღის საუცმიო (ცენტრი კალა-კორეიში), ტაბასარანის სამაისუმო (ცენტრი ზილი) და სხვ. თავისებური ადგილი ეკავა დერბენტს, რამდენადაც იგი შედიოდა შარვანის მფლობელთა განმგებლობაში. საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის თვალსაზრისით ამ გაერთიანებათა შორის XIV-XVI სს. სხვებზე მეტად მნიშვნელოვანი ადგილი ავარიის სახანოსა და ყაზი-ყუმუხის საშამხლოს ეკავა. "ავართა მიწა“ მუჰამედ რაფის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერთაგანი იყო დაღესტანში. ამავე ავტორის სიტყვით, ავართა ხანი შემოსავალს ყველა სამფლობელოდან იღებდა. მას ეგზავნებოდა აგრეთვე გადასახადები და მეათედი წილი დაღესტნის ყველა მცხოვრებისაგან, დაწყებული ჩერქეზთა ქვეყნიდან შემახამდე9. ეს ცნობა თავისთავად მეტყველებს თუ რაოდენ ძლიერი იყო ავარიის სანუცალო. XV ს. ერთერთი ავარელი ნუცალის განდუნიკის ანდერძიდან ჩანს, რომ ავარიის სახანოს ჩრდილო საზღვრები ამ დროისათვის სალათავის მთებსა და ტარკს შორის მდებარე ტერიტორიებსაც მოიცავდა10, რაც დაღესტნის სხვა მფლობელებთან შედარებით ყველაზე დიდ ფართობს შეადგენდა. დაღესტნის ფეოდალურ გაერთიანებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა ყაზი-ყუმუხის საშამხლოსაც, რომელიც ადრეულ საუკუნეებშიც ცნობილი იყო ასევე ძლიერ ლაკზის სამეფოდ. XI-XII სს. ლაკზის გაერთიანება შესუსტდა, XIV ს. 20-იანი წლებისათვის ოდნავ მოღონიერებული ყაზი - ყუმუხის საშამხლო მოჰამედ რაფის სიტყვით კვლავ დაეცა ავართა, კაიტაღელთა და თურქთა გაერთიანებული ძალებით"11. XIV ს. დასასრულისათვის ყაზი-ყუმუხის საშამხლო კვლავ ერთ-ერთ უძლიერეს გაერთიანებად რჩება. თემურ-ლენგის ძლიერი მხარდაჭერით ყაზი - ყუმუხი გადაიქცა არა მარტო პოლიტიკურ, ეკონომიურ და კულტურულ ცენტრად, არამედ მუსლიმანური იდეების ფორპოსტადაც. იგი უაღრესი თავდადებით ავრცელებდა ისლამს, როგორც თვით დაღესტანში, ასე მის ფარგლებს გარეთაც. XV საუკუნესა და XVI ს. მეორე (22) ნახევარში ყაზი - ყუმუხის საშამხლომ საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვა მეზობელ სამხრეთ დაღესტნის ფეოდალურ გაერთიანებებზე. ამჯერად მისი ტერიტორია მოიცავდა ყუმიკებისა და ლაკური ხალხებით დასახლებულ ტერიტორიებს. XV ს. შამხლები ატარებდნენ დაღესტნის ვალის ტიტულს, რაც მათ პირველობის უფლებას აძლევდა დაღესტნის სხვა მთავრებთან შედარებით”. იწოდებოდნენ რა დაღესტნის ვალიებად, შამხლები თავისი გავლენის ქვეშ აქცევდნენ აგრეთვე იმ თემებსაც, რომლებიც ფაქტიურად არ შედიოდნენ მათ სამფლობელოში. ასე რომ, XV-XVI სს. მიჯნაზე მთელ ჩრდილო - აღმოსავლეთ კავკასიაში საშამხლო გადაიქცა ყველაზე უფრო მსხვილ ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ წარმონაქმნად. XVI ს. II ნახევრისათვის საშამხლოს საზღვრები ძირითადად გადაჭიმული იყო კაიტაღის, კიურიის, ავარიის, ყაბარდოსა და მდ.თერგის სასაზღვრო ხაზებიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე13. რამდენადაც ამ პერიოდისათვის ჩრდ.კავკასიაში ასეთსავე მსხვილ პოლიტიკურ დაქუცმაცებულ წარმონაქმს წარმოადგენდა ყაბარდოც, ამიტომ ფაქტიურად ჩრდ.კავკასიაში არსებულ სხვადასხვა ფეოდალურ - ტომობრივ ერთეულებზე გაბატონებისათვის XVI-XVIII სს. ერთმანეთს ძირითადად ეს ორი დაღესტანი და ყაბარდო ეცილებოდა14. საქართველო - დაღესტნის ურთიერთობის შესწავლისას არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც თავისებური დაღი დაასვა ამ ურთიერთობას და რამდენადმე განსაზღვრა კიდეც მისი ხასიათი. სოციალურ - ეკონომიური და პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით, მართალია ამ დროისათვის საქართველო და დაღესტანი ფეოდალურად დაქუცმაცებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მომავალი განვითარების ამოსავალი წერტილები მათ სხვადასხვა ჰქონდათ. ასე, მაგალითად, საქართველოსათვის XVI-XVIII სს. იყო დაჩიხულობის, უაღრესი დაქუცმაცებულობის პერიოდი, რომელიც თავის მხრივ გამოწვეული იყო საწარმოო ძალების სტაგნაციითა და შინაფეოდალური თუ საგარეო ომებით, მაგრამ განვითარებული ფეოდალური ურთიერთობის პერიოდი კი განვლილი ჰქონდა. დაღესტნისათვის XV-XVI სს. დასაწყისი იყო ფეოდალურ ურთიერთობათა აღმავალი განვითარების პერიოდი, როდესაც აღმავალი ფეოდალური საზოგადოება, როგორც ნ.ბერძენიშვილი იტყოდა ხოლმე, (23) ახალგაზრდული ბრძოლით მიიწევდა წინ15. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ დაღესტანში სწორედ ამ ხანებში ყალიბდება ერთიმეორეზე მიყოლებით ადრეფეოდალური გაერთიანებები: დერბენტის სახანო, ავარიის სანუცალო, ყაზი-ყუმუხის საშამხლო, კაიტაღის საუცმიო, ტაბასარანის სამაისუმო, ცახურის “სასულთნო და სხვ. მაგრამ ამ აღმავალ ფეოდალურ საზოგადოებებს შემდგომი ეტაპი ერთიან ფეოდალურ მონარქიად (გაერთიანებისა დაღესტანში არ გაუვლიათ. მართალია თავდაპირველად იყო საამისო ტენდენციები დაღესტნის ადრეფეოდალურ გაერთიანებათა ერთიან სახელმწიფოებრივ სისტემაში მოქცევისა, მაგრამ შექმნილმა საშინაო და საგარეო ფაქტორებმა ხელი შეუშალეს ამ ცდებს. დაღესტნისა და საქართველოს ასეთმა განსხვავებულმა ვითარებამ თავისთავად განსაზღვრა ამ ორი მხარის მომავალი ურთიერთობა, რომელიც წინა საუკუნეებთან შედარებით გაცილებით უფრო რთული და დაძაბული გახდა. დუღესტნის ფეოდალური საზოგადოების განვითარების სპეციფიკა აღნიშნულ (საუკუნეებში ის იყო, რომ იგი ერთდროულად ვითარდებოდა სიღრმესა და სიფართეში; ასე რომ, დაღესტნელი ფეოდალები სათემო მიწების მიტაცებასთან ერთად იტაცებდნენ და ისაკუთრებდნენ აგრეთვე მეზობელი ქვეყნებისასაც (უმეტესწილად საქართველოსი და ყაბარდოსი). რაკი ფეოდალური მეურნეობის საფუძველს მიწათმოქმედება წარმოადგენდა, ამიტომ აღმავლობის გზაზე დამდგარი. ფეოდალური საზოგადოების, მისი ზედაფენის დაპყრობითი ლაშქრობების მიზანსაც ენგელსის სიტყვით, სწორედ მიწების მოპოვება შეადგენდა16. მაგრამ დაღესტანში ფეოდალური ურთიერთობის ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა საშინაო და საგარეო პირობების ზეგავლენით მეტად მახინჯი ფორმა მიიღო. თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის პოლიტიკურმა ზეგავლენამ, ქვეყნის შიგნით გააფთრებულმა შინაფეოდალურმა ომებმა და, ამასთან ადგილობრივმა წარმოებითმა გეოგრაფიამ (სახნავ - სათესი მიწების სიმწირე, ჭარბი მოსახლეობა, საწარმოო ძალების განუვითარებლობა), ეს თავდაპირველად თითქოს კანონზომიერი და პროგრესული მოვლენა, ქვეყნის ფეოდალური განვითარების თვალსაზრისით, გადააქცია ყველაზე დამაბრკოლებელ ფაქტორად მისი შემდგომი ნორმალური განვითარებისათვის. საქმე ისაა, რომ ეს თავდასხმები გადაიქცა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაღესტნის ადრეფეოდალური საზოგადოების მეურნეობის ერთ ძირითად წამყვან დარგად. მთავარი მიზანი შეიქმნა არა მიწისა და რაღაც ტერიტორიის მოპოვება, არამედ ამ მიწაზე მოსახლე ხალხების (24) ტყვეებად მოტაცება და მერე მისი რეალიზაცია უმეტესად თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის ბაზრებზე, სადაც მონა - ტყვეებზე ძალზე დიდი მოთხოვნა იყო. ტყვის მოტაცება–გაყიდვის „მეურნეობა“ აწესრიგებდა რამდენადმე დაღესტნის ფეოდალურ ურთიერთობას. ტყვე და ამ "საქონლით" ვაჭრობა საკმაოდ სარფიანი საქმე იყო; ამდენად ფართო მოხმარების საქონელზე მოთხოვნა შემცირდა, ამან კი დაღესტნის ხალხებში გამოიწვია წარმოების განვითარების სტიმულის ჩაკვლა; წარმოება დარჩა დაბალ დონეზე და საწარმოო ძალების განვითარებისათვის მოისპო ხელსაყრელი პირობები. მართალია XVI-XVIII სს. საქართველო და დაღესტანი ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ, მაგრამ თვითეულ მათგანს თანდათან უმუშავდებოდა ტრადიციულ პოლიტიკამდე დაყვანილი ურთიერთობა, ერთი მხრივ, ურთიერთშორის, ხოლო მეორე მხრივ კი რუსეთ-თურქეთ-ყირიმხანისა და ირანის მიმართ. დაღესტნის გაერთიანებათა შორის ყველაზე ახლო დამოკიდებულება საქართველოსთან საშამხლოს ჰქონდა XV-XVI სს. საშამხლოს საზღვრები ძირითადად გადაჭიმული იყო კაიტაღის, კიურიის, ავარიის, ყაბარდოსა და მდ.თერგის სასაზღვრო ბაზებიდან კასპიის ზღვის სანაპირომდე; ასე რომ, საშამხლოში საკუთრივ ლაკების, დარგიელებისა და ყუმიკების გარდა შედიოდნენ აგრეთვე ავარ-ხუნძთა და ლეზგების რიგი თემები17. შამხალთა რეზიდენციას წარმოადგენდა ყუმუხი, საიდანაც წარმოსდგა სახელწოდებაც - ყაზი-ყუმუხის საშამხლო. საშამხლოს ეს სახელი თითქმის XVII ს. 40-იან წლებამდე შერჩა, ვიდრე რეზიდენცია უფრო ჩრდილოეთით ტარკში არ გადაიტანეს, რის შემდეგაც მას ტარკის საშამხლო ეწოდა. XV ს. მეორე და XVI ს. პირველ ნახევარში საშამხლო - დაღესტანი ირანის გავლენაში ექცეოდა. ამას ის გარემოება აპირობებდა, რომ შარვანს ირანი ფლობდა და ამდენად საშამხლოც ზედ საზღვართან გამეზობლებული შაჰის ხელმწიფობასა სცნობდა. ასე, მაგალითად, XV ს. მეორე ნახევრისათვის დერბენტი და მისი სანახები შარვანის სახანოში შედიოდა, რომელიც თავის მხრივ სპარსეთის მრავალგზის შემოსეიის შედეგად მისი გავლენის ქვეშ იყო. შარვანზე დიდი ლაშქრობისას 1447, 1451, 1488 და 1500 წლებში ირანი მარტო შარვანით არ კმაყოფილდებოდა და მისი ჯარები "რწმენისათვის ბრძოლის" დროშით იჭრებოდნენ საკუთრივ დაღესტანშიც, საიდანაც ტყვე-მონები მიჰყავდათ (25) არდებილის ცნობილ ბაზრებზე18. ასეთსავე მეზობელს წარმოადგენდა ირანი კახეთისთვისაც, რაც ასევე ნიშნავდა ირანისათვის ხარკისა და ჯარის მიცემას19. ასე, რომ, საშამხლო და კახეთი ირანის მეზობლობით ასე რიგად იყვნენ დაკავებულნი. ეს გარემოება თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენდა შამხლის ურთიერთობაზე კახეთთან. საქმე ისაა, რომ კახეთი ირანის ყმადნაფიცი ქვეყანა იყო და ამდენად შამხალი ირანის საყმო ქვეყნის ძარცვას აგრე ხელაღებით ვერ ბედავდა. მეორე ფაქტორი ის იყო, რომ შუა და პირიქითი დაღესტნის რიგი თემები შამხლის გავლენას ჯერ კიდევ ნაკლებად განიცდიდნენ და ამდენად შამხალსაც მათი კონცენტრაცია - მობილიზება საქართველო–კახეთის წინააღმდეგ არ შეეძლო. მესამე ფაქტორი, რომელსაც დაღესტნის ურთიერთობა კახეთთან მწვავე დაძაბულობამდე არ მიჰყავდა ის იყო, რომ კახეთის სამეფო სხვა ქართულ სამეფო - სამთავროებთან შედარებით სოციალურ - ეკონომიურად და პოლიტიკურად უფრო წინ იყო და თავდაცვის გარდა ჯერ კიდევ დიდი უნარი გააჩნდა საპასუხო თავდასხმისათვის. ასე რომ, "შამხალს ამ დროს კახეთის მეფის რიდი ჰქონდა და მისი მომსმინოც იყო“20. იმ ფაქტორმაც, რომ ჩრდილო კავკასიაში ამხანად თურქეთ-ყირიმხანი ჯერ ფეხმოკიდებული არ იყო, რასაკვირველია, დიდი როლი შეასრულა საქართველო-დაღესტანს შორის მშვიდობის ერთგვარ სტაბილურობაში. უკანასკნელი აკორდი ერთიანი საქართველოს ქართულ - კავკასიური პოლიტიკისა იმიერკავკასიის ამ ფეოდალურ, პოლიტიკურად დაქუცმაცებული წარმონაქმნების მიმართ ალექსანდრე დიდის (1412-1440 წწ.) მოღვაწეობა იყო. ამის შემდეგ, შეიძლება ითქვას, იწყება ის ტეხილი საქართველო-იმიერკავკასიის გაერთიანებების ურთიერთობათა შორის, რომელიც უკვე პრინციპულად განსხვავებულ სახეს იღებს ადრეულ საუკუნეებთან შედარებით. თემურ-ლენგის გამანადგურებელი ლაშქრობების შემდეგ საქართველოში შედარებით მშვიდობიანი პერიოდი დადგა, რაც ალექსანდრე დიდმა ქვეყნის აღდგენისა და განმტკიცებისათვის მაქსიმალურად გამოიყენა სამეურნეო საქმიანობის გამოცოცხლებამ, "მოოხრებულ ეკლესია–მონასტერთა" აღდგენა-მოშენებამ და ცენტრალური ხელისუფლების, (26) ასე ვთქვათ, მოდერნიზაციამ, ალექსანდრე დიდს საშუალება მისცა ცნობილი ტრადიციული საერთო-კავკასიური პოლიტიკის განსახორციელებლად. ასე, მაგალითად, სამების ტაძრის 1439 წ. „სულთა მატიანედან ირკვევა, რომ მას მტკიცედ მორჩილებდნენ დარიალის ხეობის მთიულები, რაც ამდენადვე გულისხმობდა ჩრდილოეთის კარზე მის კონტროლსაც”, 1437 წ. ალექსანდრე დიდს, როგორც ვახუშტი გვაუწყებს, ხელმეორედ მოუყვანია მორჩილებაში განჯა და შარვანი, რომელთაც თურმე „არღარა ინებეს მათ ხარკისა მიცემა”, რისთვისაც მან „მოსრნა ურჩნი და ჰყვნა კვალადცა მოხარკედვე“. ვახუშტი აქვე დასძენს: „ამისნი მხილველნი შირვანელნი და დარუბანდელნი შეშინდნენ ძლიერებითა მისითა და მოერთნენ ყარაბაღსავე ძღვნითა დიდითა. ხოლო მეფემან დაამშვიდნა და გაუჩინა მათ ხარკნი და დაიმორჩილნა ყოვლითავე”22. თეიმურაზ ბატონიშვილი ხსნის რა, თუ რას ნიშნავს „ხარკი და ბეგარა ჩვეულებისამებრ ძველისა“, წერს: "ძველი ჩვეულება ლეკთა იყო ესე, რომელ ედგათ მათ საქართველოსა მეფეთაგან ხარკად ცხოვარნი და ბატკანნი ცხვართა, მაგრამ ჯერ იყო მათდა რათა ბატკანნი თვითოეულნი შეესვათ კისერთა თვისთა ზედა და ეგრეთ მოუყვანათ ტფილისს ანუ სადაცა იყოფოდიან მას ჟამად მეფენი, რათა არა დამჭლობილი იყო ბატკანნი შორის გზით ფერხითა მოყვანებული. მოუთხრობენ მრავალი ერთაგან საქართველოისათა, რომელ დღესა ერთსა თვით მეფე თამარ გამოვიდა ავლაბრის კერძო გარე ქალაქისა ტფილისისა და იხილნა ლეკნი მომავალნი, რომელთაცა მოაქვნდათ ტვირთნი ცხენთა ზედა კიდებულნი, რომელთა შორის ნაბადნი, “მალნი და სხვადასხვა რკინისა იარაღნი იყვნეს, რომელსაცა მისცემდეს იგინი წლითი წლად ხარკად მეფისა”23. მოყვანილი ცნობიდან ჩანს, რომ ლეკების ხარკი შედგებოდა ცხვრის, ნაბდების, შალ-მატყლის, სხვადასხვა რკინის იარაღებისა და ნაკეთობებისაგან - ერთი სიტყვით, რაშიც დაღესტნელები იყვნენ დახელოვნებულნი და რაც მათი მეურნეობისათვის დამახასიათებელი იყო. დაღესტნის სამხრეთ რაიონების მორჩილებაში მოყვანა წამოწყებული პოლიტიკის პირველი საფეხური იყო, რომლის შემდგომი წინსვლა ამავე მხარის კულტურულ - იდეოლოგიურ ათვისებაში მდგომარეობდა. მით უფრო რომ თემურ-ლენგის ე.წ. მაჰმადიანური პოლიტიკის შედეგად ქრისტიანული, ამდენადვე ქართული კულტურულ - იდეოლოგიური გავლენა საკმაოდ შეირყა ლეკებს შორის, (27) როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი გვამცნობს, იყო „ძველად ნაშენებნი ეკკლესიანი და მონასტერნი, რომელნიმე სრულიად თლილითა ქვითა ნაშენნი; გარნა აწ რომელნიმე დარღვეულნი და სხვანი უქმად, რომელნიმე მიზგიდებად მათდა შეცვალებულნი; ოდეს მიიღეს მათ სჯული მოჰმედისა არღარა უტყვებდეს თვის შორის სამღვდელოთა. შემდგომად თემურლანგისა, თუმცაღა მეფემან სრულიად ივერიის მპყრობელმან ალექსანდრე პირველმან... განდევნა მუნით მოლანი, არაბთასი და მოაგნა იგინი კვალად პირველსავე წესსა”24. ქართველი პოლიტიკოსები, რასაკვირველია, ასე ადვილად არ აპირებდნენ საუკუნეების მანძილზე მოპოვებული პოზიციების დათმობას, მაგრამ XV ს. საქართველო თვით დადგა დიდი სოციალურ - ეკონომიური და პოლიტიკური კრიზისის წინაშე, რის გამოც მისი ბრძოლა უკვე აღარ იძლეოდა დიდ ეფექტს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ “რომელთამე მცხოვრებთა მთის ლეკთა შორის იმალვოდეს მოლანი იგიIლეკთანი“...„კვალად გამოსჩნდეს, ხოლო მეფეთა საქართველოისა ოდეს სცნიან გამოჩინებაი მათი წარავლინიან ბრძანებანი და განსდევნიან”25. ეს ასე ხდებოდა ალბათ ვიდრე ქართველ პოლიტიკოსებს საამისო ძალა შესწევდათ, მაგრამ როდესაც XV ს. მეორე ნახევრიდან საქართველო შინაფეოდალური ომის კვამლში გაეხვია და აშკარად დაიწყო მისი სამეფო - სამთავროებად დაშლა, ბუნებრივია, საკუთარ თავზე ფიქრს მეტი დრო მიჰქონდა, ვიდრე საერთო კავკასიურ პრობლემებს, რაც თავის მხრივ ფართო შესაძლებლობებს და გასაქანს აძლევდა ლეკთა შორის “მიმალულ მოლებს“. ეს მომენტი კარგად აქვს შენიშნული თეიმურაზ ბატონიშვილს. იგი წერს: „და ჟამსა უცალოებისა მეფეთასა მიიღიან მათ ჟამი სივერაგისა მათისა და განადგინებდიან სარწმუნოებისაგან, უქადაგებდიან და ასწავებდეს ურჩებასა მეფეთასა და განდგომილებასა, ქურდობათა და ავაზაკობათა მაღლად ეტყოდიან და ქრისტიანობითა მტერობასა სამოთხესა შემყვანებლად”26. ამ მოვლენებს, რასაკვირველია, არანაკლებ შეუწყო ხელი საგარეო ფაქტორებმაც. ასე, მაგალითად, 1453 წ. დაეცა კონსტანტინეპოლი. 1460 წ. ტრაპეზუნდის სამეფო, 1475 წ. ოსმალებმა ხელთ იგდეს ვენეციისა და გენუის სავაჭრო ფაქტორიები შავი და აზოვის ზღვის სანაპიროზე - ტანა, კაფა და სხვ. XV ს. 60-70 - იან წლებში ჩამოყალიბდა ყირიმის სახანო, რომელიც უმალვე თურქეთის ვასალად და მის მომსმინედ გადაიქცა. და ბოლოს XV ს. დასასრულისათვის საქართველოს სამხრეთ - აღმოსავლეთით, ირანში სეფევიდების დინასტიის გაბატონებით შეიძლება ითქვას, რომ მაჰმადიანური (28) გარემოცვა ძირითადად გაფორმდა და მისი ზემოქმედებაც საგრძნობი გახდა. ასეთმა სიტუაციამ ბუნებრივია დაღესტნის ისლამიზაციის “საკითხი საბოლოოდ და დადებითად გადაწყვიტა. XV ს. დასასრულისა და XVI ს. დასაწყისისათვის დაღესტანში საკმაოდ მომძლავრდა მუსლიმანური მატერიალური კულტურის ძეგლები და არაბულ ენაზე შესრულებული წარწერები27. ქართულ სამეფო - სამთავროთა შორის პირველი საშიშროება კახეთის სამეფომ იგრძნო და მანვე გადადგა პირველი შორსმჭვრეტელი ნაბიჯები. საქმე ისაა, რომ კახეთი XV ს. დასასრულისათვის და XVI საუკუნეში წარმოადგენდა სხვა ქართულ სამეფო - სამთავროებთან შედარებით ყველაზე მეტად ცენტრალიზებულ და ეკონომიურად დაწინაურებულ ქვეყანას, რომელიც „აბრეშუმის ძაფებით“ საკმაოდ ახლო ურთიერთობით იყო დაკავშირებული მახლობელ აღმოსავლეთთან. თურქეთ - ყირიმხანისა და ირანის ამიერკავკასიაში შემოტევისას, ბუნებრივია, რომ ერთი პირველი ობიექტთაგანი კახეთი იქნებოდა. საკუთრივ კახეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილება საკუთარი ძალებით თითქმის გამორიცხული იყო. განსაკუთრებით უნდა გაზრდილიყო კახეთის შიში მას შემდეგ, რაც რომის პაპთა ინიციატივითა და ქართველების მხარდაჭერით ანტითურქული კოალიციის შედგენის ცდამ ე.წ. “ჯვაროსნული ლაშქრობისათვის“ საბოლოო მარცხი განიცადა (იგულისხმება 1458-1461 წწ ქართველი მეფე - მთავრების გამოხმაურება პაპის პიოს II-ის მოწოდებაზე და 1495-1496 წწ. კირ-ნილოს მღვდელ-მონაზონის გაგზავნა ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან და პაპა ალექსანდრე VI-თან - თ.ბ.). XV ს. 90-იან წლებში ანტიოსმალური კოალიციის ინიციატორებად საქართველოდან ამჯერად მარტო კონსტანტინე ქართლის მეფე და მისი შვილი მოჩანს29; ეს გარემოებაც რამდენადმე ხსნის კახეთის სამეფო კარზე ამ დროს უკვე შემუშავებულ საკუთრივ კახური ინტერესებით განპირობებული ორიენტაციის არსებობას. სავსებით მართებულია ამ შემთხვევაში ი.ცინცაძის მოსაზრება. მართლაც შესაძლებელია, რომ კახეთის სამეფოსა და იმერეთში აღარ ჰქონოდათ ევროპის იმედი იმის შემდეგ, რაც 1458-61 წწ. გეგმები ჩაიშალა30. ასეთ ვითარებაში, როგორც ი.ცინცაძე აღნიშნავს, მართლაც დამახასიათებელი იყო კახეთის მეფის მიერ 1491-92 წლებში გადადგმული ნაბიჯი - შესთავაზა რა მოსკოვის დიდ მთავარს ივანე III დიპლომატიური ურთიერთობა31. კახეთის (29) ნაბიჯის წინასწარგანზრახულობაზე, სხვათა შორის, ერთი მეტად მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი. საქმე ისაა, რომ XV ს. მეორე ნახევარში, როგორც ცნობილია, რომში კარდინალ ბესარიონის მონაწილეობით თურქეთის საწინააღმდეგო ლიგაში მოსკოვის აქტიური მონაწილეობის გეგმა შემუშავებულა32, რადგანაც ვერ მოხერხდა ევროპის სახელმწიფოების ერთიანი ანტითურქული კოალიციის შეკვრა მათი შინაგანი წინააღმდეგობის გამო. ი.ცინცაძის ვარაუდი, რომ ეს მომენტი არ შეიძლებოდა კახეთში არ სცნობოდათ, ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია. ასეთ საერთო ვითარებაში აშკარა ხდება თუ რატომ აიღო კახეთმა ასე ადრე სხვა ქართულ სამეფო - სამთავროებთან შედარებით ორიენტაცია რუსეთზე. პირველი მოსინჯვა უნდა ყოფილიყო სწორედ 1491 წ. კახთა მეფის ალექსანდრეს მიერ ქართული ელჩობის გაგზავნა რუსეთის სამეფო კარზე ივანე III-სთან33. მართალია ოფიციალური საბაბი ამ ელჩობისა ის იყო, რომ ქართველ ელჩ მურატს ივანე III-სათვის ეცნობებინა ალექსანდრეს ტახტზე ასვლა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მისი მიზეზიც კახეთში უკვე მოსკოვისადში ჩასახული მისწრაფება იყო34. დამაჩქარებელი ფაქტორი საქართველო-რუსეთის დამოკიდებულებაში, ალბათ ისიც იყო, რომ კახეთ-საშამხლოს ურთიერთობა ნელ-ნელა მწვავდებოდა, ამ უკანასკნელში ისლამის გავრცელების გამო (თურქეთ - ყირიმხანის და ირანის გავლენასთან დაკავშირებით). XVI ს. დასაწყისშივე სეფევიდების ირანმა უკვე აქტიური მოქმედება დაიწყო კავკასიის მიმართ: 1502 წ. შაჰ - ისმაილ I დაიპყრო შარვანი, 1509 წ.– დერბენტი და მდ.სამურის სანახაოებში დასახლებული ლეზგური „თავისუფალი“ თემები. 1517-1520 წწ მისმა მემკვიდრემ შაჰ - თამაზმა ქათლ-კახეთი დალაშქრა. 1519 წ. მანვე დაიმორჩილა აჯანყებული შარვანი, რომლის საბოლოოდ დაპყრობა მხოლოდ 1538 წ. მოხერხდა35. 1551 წ. შაჰმა შაქის პროვინცია დაიპყრო. 1551-1554 წწ. შაჰ-თამაზმა საქართველო ოთხჯერ დალაშქრა. 1547 წ. შარვანი კვლავ აღსდგა ირანის წინააღმდეგ და კვლავ დამარცხებულ იქნა. ასე რომ, XVI ს. პირველ ნახევარში თითქმის განუწყვეტლივ ტრიალებდა სეფევიდების ირანის ხმალი მთელს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. XVI ს. პირველ ნახევარში ირანს არც თურქეთი ჩამორჩა - ეს (30) “შუა საუკუნეების ერთადერთი ნამდვილი სამხედრო სახელმწიფო”36. 1514 წ. თურქებმა ჩილდირის ველზე ქ.მაკის მახლობლად სასტიკად დაამარცხეს ირანი და აიღეს თავრიზი37, 1515 წ დადებული ხელშეკრულებით თურქეთს მიეკუთვნა დასავლეთ სომხეთი ქ.ერზერუმით და ნაწილი მესოპოტამიის ჩრდილო რაიონებისა. 1545 წ. გაზაფხულზე ყირიმის ხანი საჰიბ გირეი ჯერ ადიღეელებს დაესხა თავს, ხოლო შემოდგომაზე კი ყაბარდოელებს. 1547 წ. მანვე ადიღე - ჩერქეზეთის, ყაბარდოსა და დაღესტნის გავლით ასტრახანი დალაშქრა. როგორც ვხედავთ, თანმიმდევრულად იზრდებოდა დაძაბულობა ორ ძლიერ სამხედრო - ფეოდალურ სახელმწიფოთა თურქეთსა და ირანს შორის, რომელიც ბოლოს გადაიზარდა კიდევ 1548-1555 წწ. დიდ ხანგრძლივ ომში. ერთი პირველი სტრატეგიული მიზანთაგანი თურქეთისა ამ ომში იყო ჩრდილო - კავკასიის გზების გამოყენება ირანზე ზურგიდან თავდასასხმელად; მეორე - ამ ომში ყირიმის სახანოს ჩაბმა და ბოლოს - კავშირის გაბმა შუა აზიის უზბეკ მთავრებთან, რომლებიც თურქეთის მოკავშირეებად გამოდიოდნენ, იმდენად რამდენადაც ისინი თავს ესხმოდნენ ხოლმე ირანს38. ასე რომ, ირანს ასე ვთქვათ, ორ ფრონტზე უწევდა ბრძოლა. რაკი ყირიმ - ყაზან - ასტრახანის ბლოკის შეკვრას აპირებდა თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ, ამდენად მისთვის ჩრდილოეთ კავკასიის გზას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამ გზის მარშრუტს შეადგენდა: ყირიმი - აზოვი - ტამანი - ყაბარდო - დაღესტანი, რის შემდეგ იგი თავისუფლად იჭრებოდა, ერთი მხრივ, კასპიის ზღვის სანაპიროზე და ვოლგის მაგისტრალზე, ხოლო, მეორეს მხრივ კი, ამიერკავკასიაში აღმოსავლეთის მხრიდან. თურქეთ - ირანის ომი დამთავრდა ქ.ამასიაში დადებული ზავით. ამ ზავის მიხედვით საქართველო გაყოფილი აღმოჩნდა ირანსა და თურქეთს შორის. ასე, მაგალითად, ქართლ - კახეთი და სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთი ნაწილი ირანის გავლენის ქვეშ მოექცა, ხოლო იმერეთის სამეფო თავისი სამთავროებითურთ და სამცხის დასავლეთი ნაწილი - თურქეთისა. ამავე დროს სომხეთის დასავლეთი ნაწილი ერგო თურქეთს, ხოლო მისი აღმოსავლეთი ნაწილი და აღმოსავლეთ კავკასია - ირანს39. უდავოა, რომ თურქეთ - ირანის ომმა 1548-1555 წწ. რამდენადმე იმოქმედა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე აღმოსავლეთისა და ჩრდ. კავკასიის მიმართ, დააჩქარა რა ყაზან - ასტრახანის შემოერთების პრობლემის გადაჭრა40. (31) თურქეთ-ირანის ომმა და მისმა შედეგებმა კახელი პოლიტიკოსებისათვის ნათელი გახადა, რომ ამიერკავკასიისათვის და საერთოდ კავკასიისათვის დიდი ბრძოლა მათ შორის ამით არ დამთავრებულა. მეორე მხრივ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებამ (ყაზან - ასტრახანის შემოერთება და შარვანით დაინტერესება თ.ბ.), ქართველებისათვის თითქოს აშკარა გახადა ის ფაქტი, რომ რუსეთი ეს არის დაინტერესდა კავკასიით და დაუპირისპირდებოდა რა იგი ამის გამო თურქეთ - ირანს, ამდენადვე შეიძლებოდა მისი გამოყენება მათ წინააღმდეგ, როგორც მოკავშირე, დამხმარე ძალისა. დამაჩქარებელი ფაქტორის როლი რუსეთ - საქართველოს შორის ურთიერთობის აღორძინებისა თუ მისი შემდგომი განვითარებისა უდავოდ კახეთ - საშამხლოს ურთიერთობის გამწვავებამ შეასრულა. ინტერესმოკლებული არ არის ამ მხრივ საშამხლო - დაღესტნის პოზიცია თურქეთ - ირანის ომის პერიოდში. არაპირდაპირ ცნობებზე დაყრდნობით თითქოს უდავოა, რომ საშამხლოს პოზიცია პროთურქული იყო41. საქართველოსათვის საშამხლო - დაღესტნის პროთურქულ განწყობილებასა და მიდრეკილებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. საქმე ისაა, რომ თურქეთ - ყირიმხანით ზურგმომაგრებული საშამხლო მეტად საშიშ ძალად ხდებოდა კავკასიელი მეზობლებისათვის - განსაკუთრებით ყაბარდოსა და საქართველოსთვის. ამ პერიოდის საქართველო - საშამხლო - დაღესტნის ურთიერთობის ხასიათის გარკვევაში ძალზე მეტყველია 1557 წ. ივანე IV–სთან მოსკოვში ჩასული ყაბარდოელთა ელჩობა კავკლიჩ კანუკოვის მეთაურობით, რომელიც გამოგზავნილი იყო ყაბარდოს დიდი მთავრის თემურყვასაგან. ეს ელჩობა ივანე IV მფარველობა - ხელდებულობას და მასთან ერთად, განსაკუთრებით, საშამხლოს წინააღმდეგ ასტრახანელ სარდალთა საბრძოლო დახმარებას სთხოვდა. ელჩებმა მეფეს მოახსენეს, რომ ყაბარდოელებთან ერთი ფიცითა და პირობით შეკრულნი არიან ივერიის მთავარი და ივერიის მთელი ქვეყანა, და მას თავს უკრავენ, რათა მეფემ და დიდმა მთავარმა მათაც იგივე უწყალობოს42. ყაბარდოელი ელჩები, როგორც ვხედავთ, მოსკოვში იყვნეს საქართველოს ერთგვარ წარმომადგენლებადაც. ამ ელჩობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველო - ყაბარდოს, საქართველო - დაღესტნისა და ყაბარდო - დაღესტნის ურთიერთობის ისტორიისათვის. მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში იმ გარემოების გარკვევაა, რომელმაც განაპირობა საქართველო - ყაბარდოს დაახლოვება და მათი მხრივ კი რუსეთთან ურთიერთობა.
<<გაგრძელება (ნაწილი II)
------------------------------------------------------------------------------------------------
1 ნ.ბერძენიშვილი , საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის, ჟურ. „მნათობი“, №6, თბილისი, 1954, გვ.124.
2 ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრ., ჟურ. ”მნათობი“, AR: 6, თბილისი, 1954, გვ.128.
3 ნ.ბერძენიშვილი, პ.ინგოროყვას წიგნის „გიორგი მერჩულეს გამო“, ჟურ ”მნათობი“, N12, თბილისი, 1956, გვ.129.
4 დავით ბატონიშვილი, ისტორია ქმნილი საქართველოს..., გვ.36.
5 იქვე, გვ.36-37.
6 Очерки истории Дагестана, Махачкала, 1957, т.I, стр.73, 84.
7 В.Г.Тизенгаузен, Сборник материалов относящихся к истории Золотой Орды, Извлеченные из персидских сочинений, т.II, М.-Л., 1940, стр.124; Очерки истории Дагестана, стр.62.
8 ნ.ბერძენიშვილი , საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის, ჟურ. "მნათობი", №6, თბილისი, 1954, გვ.126-127
9 Извлечение из истории Дагестана, составленное Мухаммедом Рафи, Сборник сведений о кавказских горцах, вып.V, Тифлис, 1878, стр.10-11; იხ. Аварские народные сказания, Сборник сведений о кавказских горцах, вып.II, Тифлис, 1869, стр.6; იხ. А.Бакиханов, Гюлистан - Иран, Баку, 1926, стр.51.
10 Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала, 1957, стр.63.
11 Извлечение из истории..., стр.7.
12 Г.М.Магомедов, История Дагестана, Махачкала, 1961, стр.128
13 А.К.Бакиханов, დასახ. ნაშრ., გვ.38.
14 თ. ბოცვაძე, საქართველო - ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVIII სს., თბილისი, 1963, გვ.25.
15 ნ.ბერძენიშვილი, ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების მთავარი ხაზი (თეზისები), თბილისი, 1964, გვ.5.
16 К.Маркс и Ф.Энгельс, Соч., т.XVI, стр.442.
17 Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала, 1957, стр.93-94
18 И.П.Петрушевский, Очерки по истории феодальных отношении в Азербайджане и Армении в XVI-начале XIX вв. Л., 1949, стр.68; А.К.Бакиханов, Ук. соч., стр.74.
19 ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II, თბილისი, 1965, გვ.88.
20 ნ.ბერძენიშვილი, მასალები.., 1944, ნაკვ.I, გვ.14.
21 თ.ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წიგნი II, თბილისი, 1897, გვ.245-246; ივ.ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ.IV, თბ., 1948, გვ.33.
22 ვახუშტი, საქართველოს ისტორია, ნაწ.I, თბილისი, 1885, გვ.300.
23 ისტორია ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან, 1848, გვ.36.
24 ისტორია ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან, 1884, გვ.37.
25 იქვე; გვ.37.
26 იქვე.
27 Очерки истории Дагестана, т.I, Махачкала, 1957, стр.85-89
28 ი.ცინცაძე, მასალები პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, თბილისი, 1965, გვ.18, 20, 23-25.
29 მ.თამარაშვილი, დას.ნაშრ., გვ.65.
30 ი.ცინცაძე, მასალები..., გვ.23.
31 იქვე
33 К.Базилевич, Внешняя политика русского централизованного государства, Вторая половина XV века, 1952, стр.414. 33 С.А.Белокуров, Сношения..., стр.XVIII.
34 Н.А.Смирнов, Политика России на Кавказе в XVI-XIX вв., М., 1958, стр.11.
35 А.Бакиханов, Гюлистан-Иран, Баку, 1926, стр.72.
36 Архив Маркса и Энгельса, т.VI, М., 1939, стр.189.
37 А.Бакиханов, დას. ნაშრ., გვ.77.
38 Е.Н.Кушева, Народы Северного Кавказа и их связи с Россией в XVI-XVII вв., М., 1963, стр.184.
39 История Азербайджана, т.I, стр.236-237.
40 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.210.
41 Е.Н.Кушева, Ук. соч., стр.198, 238; А.Бакиханов, Ук. соч., стр.79-80, 82.
42 Кабардино-русские отношения в XVI-XVIII вв., Документы и материалы в 2-х томах, Москва, 1957, т.I, стр.5.
|