topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ხუციშვილი ლ. გალ-ერდი - ქრისტიანობის დროინდელი ძეგლი ინგუშეთში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

ლია ხუციშვილი - გალ-ერდი - ქრისტიანობის დროინდელი ძეგლი ინგუშეთში //ძეგლის მეგობარი. - 1983. - N64. - გვ.63-66.

კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთის კალთებზე დღემდე მოღწეული მატერიალური კულტურის ძეგლთაგან, გარკვეული რიგის ნაგებობებს მკვლევართა ნაწილი ქრისტიანული რელიგიის წარმონაქმნად თვლის. ამ მხრივ გამონაკლისს არც ინგუშეთი წარმოადგენს. ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ინგუშეთში გამოვლენილ იქნა ქრისტიანობის დამადასტურებელი ფაქტები და აღიწერა მასთან დაკავშირებული რამდენიმე ძეგლი. ცხადია, ვეინახთა ქრისტიანიზაციის პროცესში ცალკეულ ადგილობრივ ძირძველ ელემენტთა ასიმილირებას უნდა ჰქონოდა ადგილი, რასაც საკულტო ძეგლებზეც უნდა დაემჩნია კვალი. დღეს ძნელია ლაპარაკი იმაზე, თუ რა ვითარება იყო შუა საუკუნეების ინგუშეთში, ხოლო რაც შეეხება XIX ს. ამ კუთხეში ნამყოფ თითქმის ყველა მკვლევარს და მოგზაურს შეუმჩნევია, რომ ინგუშების ნაწილი აღიარებდა ქრისტიანობას, თუმცა იგი საფუძვლიანად იყო აღრეული ადგილობრივ წარმართულ წარმოდგენებთან1. წინამდებარე წერილში განხილულია ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ძეგლი, რომელიც მდებარეობს სოფ.ეგენტის მეზობლად წყალგამყოფ ქედზე, სოფ.ხულისაკენ მიმავალი სამანქანო გზიდან დაახლოებით 1,5 კმ–ის მანძილზე. ძეგლი სოფლისაგან დაცილებულ შემაღლებულ და შედარებით სწორ ადგილასაა აგებული. როგორც ჩანს, ქრისტიანული საკულტო ძეგლის ასაგებად შერჩეულია ისეთი ადგილი, რომელიც მოსახლეობას ძველთაგანვე წმინდად მიაჩნდა. ნაგებობის გეგმა ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. ჩრდილოეთის საფასადე კედლის სიგრძე შეადგენს 5,15 მ–ს, სამხრეთისა - 5,40 მ–ს, აღმოსავლეთის 4,22 მ–ს ხოლო დასავლეთის 3,90 მ-ს. კედლების სიგანე 55 სმ-ია. კედლის წყობაში სხვადასხვა ზომის ქვაა გამოყენებული. ქვები ერთმანეთთან კირის ხსნარითაა დაკავშირებული. ნაგებობაში შესასვლელი კარი სამხრეთის კედელშია მოქცეული. კარს ნაოთხალები გააჩნია. ნაოთხალებს შორის კარის სიგანე 54 სმ. აღწევს. კარის სიმაღლეა 1,30 მ. კარს ნახევრადწრიული მოყვანილობის თაღი აგვირგვინებს. კარის ღიობის გვერდით კედლებზე ნაოთხალების შიგნით საურდულე ხვრელებია გაჭრილი ზღურბლიდან 46 სმ-ის სიმაღლეზე. მათი განივკვეთი 7X10 სმ-ს შეადგენს. კარის მარცხენა წირთხლიდან 37 სმ-ის დაცილებით საფასადე მხარეს კედელში მიწის დონიდან 44 სმ–ის სიმაღლეზე 12X12 სმ–ის ზომების მქონე ოთხკუთხა ღიობია, რომელიც პერპენდიკულარულად უერთდება საურდულე ხვრელს. ამ ღიობის საშუალებით ნაგებობის კარს საიმედოდ კეტავდნენ გარედან. ნაგებობის ზედა ნაწილი ჩამოქცეულია, ამდენად ძნელი სათქმელია გააჩნდა თუ არა მას სარკმელი. ნაგებობის კედლებში რამდენიმე ნიშია დატოვებული, მათ შორის ერთი სამხრეთის კედლის საფასადე მხარეს. კედლებით შემოზღუდული 12,28 კვ.მ მქონე ფართი სამადაა დაყოფილი სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მიდგმული ორ-ორი ბურჯით, რომლებიც შეისრულ თაღებში გადადიან. თაღის წვერები იატაკიდან 2,20 მ–ითაა დაცილებული. ამრიგად ერთიანი ფართი ბურჯებით დაყოფილია კარისწინა, შუა და აღმოსავლეთის ანუ საკურთხევლის მხარის სათავსებად შესაძლებელია აღნიშნული ბურჯები გვიანდელი წარმომავლობის იყოს. ამაზე მეტყველებს სამხრეთის კედლის კარის მხარეს მოქცეული ბურჯი, რომელიც კედელს დაცილებულია 10-15 სმ-ით. ბურჯი და კედელი დამოუკიდებლად არიან ნაგები და იქ, სადაც ბურჯი უნდა ეკვროდეს კედელს ამ უკანასკნელში ნიშია დატოვებული. მაშინ, როდესაც ინგუშეთის საკულტო ძეგლები, მათ შორის ქრისტიანულიც პირამიდულ-საფეხუროვანი გადახურვით ხასიათდება, აღწერილი ნაგებობის კედლები სწორად ადის ზევით, ამასთან ჩრდილოეთ კედლის სიმაღლე 2,42 მ-ია, სამხრეთი კი 2,68 მ. საფიქრებელია, რომ ძეგლი ერთქანობიანი სახურავით იყო გადახურული და მისი ქანობი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ იყო მიმართული. ნაგებობის სამხრეთის მხარეს საკმაოდ დიდი ტერიტორია - 170 კვ.მ გალავნის კედლით ყოფილა შემოზღუდული, რომლისგანაც მხოლოდ საძირკვლის ფრაგმენტებიღა დარჩენილა სალოცავად მოსულები გალავნის აღმოსავლეთის კედელში გაჭრილი კარით შედიოდნენ შიდა ეზოში და აქედან ხვდებოდნენ საკულტო ნაგებობაში. ძეგლი ძალზე დაზიანებულია და მის პირვანდელ ფორმაზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია ვს.მილერის ნაშრომში მოყვანილი მოკლე ცნობები და სქემატური ნახაზები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ გალ-ერდის თავდაპირველი სახე. ავტორის გადმოცემით ძეგლი, როგორც გარედან, ისე შიგნიდანაც შელესილი ყოფილა კირის ხსნარით. გალ-ერდის სახურავი ერთქანობიანი ჰქონია, ფიქალის ქვის ფილებისა ვს.მილერის ჩანაწერებით აღმოსავლეთის კედელთან, ინტერიერში ქვის საკურთხეველი ყოფილა გამართული, რაც სქემაზეც კარგად ჩანს. მას ერთ ვერტიკალზე განლაგებული ორი მცირე ზომის ნიშა გააჩნდა, რომლებშიც ავტორის ვარაუდით ადრე ხატები უნდა მდგარიყო. ვს.მილერის ცნობით გალავნის კედლის სიმაღლე ორ არშინს შეადგენდა. კედელში ერთმანეთისაგან ნახევარი არშინის დაშორებით ნიშები ყოფილა გაკეთებული, რომელთა ქვეშ საჯდომები ჰქონიათ გამართული2. ნიშების რიცხვი სქემის მიხედვით ოცდაერთია თუ ძეგლის სამხრეთის კედლის საფასადე მხარის ნიშასაც ჩავთვლით, მაშინ ნიშების საერთო რიცხვი შიდა ეზოში ოცდაორი უნდა ყოფილიყო. გალავნის კედლის შიგნით, გალერდის სამხრეთის კედელთან, მცირე ზომების ბურჯისმაგვარ კედელზე ეწყო მონადირეთა მიერ შეწირული ირმის რქები3. ძეგლის შესახებ პირველი ცნობა ინგუშებსა და რუსებს შორის 1810 წელს დადებულ ხელშეკრულებაშია მოცემული ინგუშები ხელშეკრულებას სწორედ გალ-ერდიზე ფიცით განამტკიცებდნენ4. რაც ნათლად გვიჩვენებს იმ ფაქტს, რომ XIX ს. დასაწყისშიც ინგუშები დიდ პატივს სცემდნენ გალ-ერდის. გადმოცემით გალ-ერდისთან წელიწადში, ორჯერ იკრიბებოდნენ - ზაფხულობით და ზამთრობით. ა.შეგრენი უფრო ზუსტად გადმოგვცემს დღესასწაულის პერიოდს. 1846 წ. როგორც ბარის ისე მთის ინგუშები გალ-ერდს მსხვერპლს წირავდნენ სამებასა და ახალ წელს. სწირავდნენ მეტწილად ახლად ჩამოსხმულ ტყვიებს, ანთებდნენ სანთლებს. ტყვიები რჩებოდა ტაძარში. ახალ წელს ხდებოდა ქადაგად დავარდნა და წინასწარმეტყველება მომავალი წლის შესახებ. შემდეგ იშლებოდა სუფრა. ზაფხულობით აქ მოჰყავდათ შესაწირავად ძროხა და კლავდნენ. ძროხას ყიდულობდა ტერშისა და ეგენტის მოსახლეობა. ძროხასთან ერთად შეიძლებოდა თხის შეწირვაც. სოფლელებს მიჰქონდათ თითო სამკუთხა მოყვანილობის და სამოც ჩვეულებრივი პური. სასმელად მიჰქონდათ არაყი. ვს.მილერის ცნობით ყოველიგვარი თავის შესაწირავს გალავნის კედლებში გაკეთებულ ნიშებში ტოვებდა. დღესასწაული თავისი ბუნებით წარმართულია, მაგრამ ძეგლის ცალკეული ელემენტები მიგვანიშნებენ, რომ ის ქრისტიანული ტიპის ნაგებობებს უნდა მივაკუთვნოთ. ამ უკანასკნელთა ნაწილის (ალბიერდი, თხაბაერდი) აგებას ქართულ ოსტატებს მიაწერენ. მათი ფორმების მიბაძვით უნდა იყოს აგებული აღწერილი ძეგლი ადგილობრივი მშენებლის მიერ. ახალმა რელიგიამ საკულტო ნაგებობის ახალი ტიპის შექმნის ამოცანა დასახა. ახალი ფორმები ხალხურ სამშენებლო ხელოვნების ადგილობრივ ტრადიციებს შეეჯახა და შედეგად ჩამოყალიბდა ქრისტიანული საკულტო ნაგებობა, რომლის საკურთხევლის აბსიდა ფასადის მხრიდან გამოყოფილი არ იყო. რამდენადაც ქრისტიანობა ინგუშეთში გარეგნულ ხასიათს ატარებდა ქრისტიანული ნაგებობები თანდათან წარმართულ სალოცავებად იქცეოდნენ და საბოლოოდ ახალი რელიგიის გავრცელებისათვის საჭირო ობიექტური პირობების არარსებობისას წარმართულმა წეს -ჩვეულებებმა იმძლავრა. გალ-ერდის არქიტექტურის თავისებურება მდგომარეობს კედლების პარალელიზმის დარღვევაში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დარღვევა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე გაუწაფობა. ოსტატი იყენებს უსწორმასწორო რელიეფის მცირედ შესაძლებლობასაც შენობის დასამკვიდრებლად. იგი საკმაოდ მარტივად წყვეტს გადახურვის პრობლემას ცალფერდა დახრილი სახურავით. ზემოთ მოყვანილი თავისებურებების გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გალ-ერდი ვეინახთა სინკრეტული რწმენის საფუძველზე შექმნილი ტიპიური ნაგებობაა. გალ–ერდის არქიტექტურა ერთის მხრივ ინგუშეთში გავრცელებული შენობების ტიპიური ნიმუშია, მეორეს მხრივ კი, მდგრადი ზეპირი გადმოცემა და ტრადიცია მას ქრისტიანობას და საქართველოს უკავშირებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ცნებების ელემენტარულ გაერთიანებასთან; რადგან ქრისტიანული გავლენა საქართველოდან მოდიოდა ბუნებრივი იყო ქვეყნისა და რწმენის ნაირსახეობის გაიგივება უნდა მომხდარიყო. მთიანი მხარის ძნელ პირობებში ქრისტიანულ შეტევას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა: იგი უნდა შერწყმოდა ადგილობრივ წარმართულ ტრადიციას, რათა უფრო გასაგები და  მისაღები გამხდარიყო მთიელთათვის.

 

 

1. Акад. А.М.Шегрен, Религиозные обряды осетин, ингуш и их соплеменников при разных случаях, к. №30, 1846; Несветский, Церковь и дер. Хул у кистов, К. №5, 1849; А.П.Берже. Чечня и чеченцы, Тифл., 1859; Чах Архиев, Ингушетгские праздники, ССКГ, V отд., III, Тифл., 1871. და სხვები.

2. В.Миллер. Археологические наблюдения в области чеченцев. МАК, 1888.

3. იქვე გვ.5.

4. Н.Грабовский, Ингуши (их жизнь и обычаи), ССКГ, вып.IX, Тифл., 1876.

5. Кавказ, 1846, №27—30.

6. В.Ф.Миллер, დასახ. ნაშრომი, გვ.5.

7. Л.П.Семенов, Эволюция ингушских святилищ. Труды секции археологии РАНИОН, IV, М., 1928, стр.455.