topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ქალდანი ა, ხუციშვილი ლ. ხუციშვილი გ. - ალბი - ერდი ქრისტიანული ეკლესია ინგუშეთში

<უკან დაბრუნება


ანზორ ქალდანი, ლია ხუციშვილი, გიორგი ხუციშვილი

ალბი - ერდი ქრისტიანული ეკლესია ინგუშეთში

საბჭოთა ხელოვნება. - 1983, N7, გვ.107-112

ვეინახ და ქართველ ხალხებს შორის კულტურულ ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია და ღრმა ფესვები აქვს.1 საქართველოს პოლიტიკური მესვეურნი ხშირად უმოყვრდებოდნენ ჩრდილო კავკასიის მცხოვრებთ, მათ შორის ვეინახებს. ასე მაგალითად, ლეონტი მროველის ცნობით, ქართლის მეფე საურმაგი ერისთავთა შეთქმულებას „ურძუკეთში“ გარიდებია დედის ძმებთან და მათივე დახმარებით დაუმორჩილებია ისინი.”

გუარამს სპარსთა წინააღმდეგ ოსები, ძურძუკები და დიდონი გამოუყვანია,3 თამარის მემატიანის გადმოცემით, განდგომილ ფხოველთა და დიდოთა დასასჯელად კავკასიონის მთებზე ასულ ათაბაგს „დურძუკთა მეფენი“ ეახლენ ძღვენით და ლაშქრით დახმარება აღმოუჩინეს.4 რუსუდან დედოფალს ჯალალედინის წინააღმდეგ დარიალის კარით ოსები და დურძუკები გადმოუყვანია5. განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტებით ხასიათდებოდა IX—XIII სს. ამ პერიოდში, ისევე როგორც ადრე, სამეფო ხელისუფლება დაინტერესებული იყო ჩრდილო კავკასიის მოსახლეობით და ვეინახების პოლიტიკური დაქვემდებარებისათვის ძირითად ფორმად ქრისტიანიზაცია აურჩევია. ამ პოლიტიკის არსის ნათელი დადასტურებაა თხობა-ერდის რელიეფი, რომელზეც ერთ–ერთი ექსპრესიულად გამოსახულ ფიგურას ცალ ხელში ჯვარი, ხოლო მეორეში ამოწვდილი მახვილი უპყრია. ეს რელიეფი, შეიძლება ითქვას, საპროგრამო გამოსახულებაა; რომელშიც ზედმიწევნით ცხადადაა გადმოცემული არსებული პოლიტიკური ვითარება. როდესაც ცენტრალური ხელისუფლება მთიელთა საკუთარი პოლიტიკის ორბიტაში მიზიდვის მიზნით იყენებს ქრისტიანობას. ბუნებრივია, რომ ამ საქმეში ძალდატანება რწმენის დანერგვის ფეხდაფეხ მიაბიჯებდა მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ქართულ-ვეინახური ურთიერთობა, მასთან დაკავშირებული ქრისტიანიზაციის პროცესით, IX–XIII სს. შორის მოქცეული პერიოდით შემოიფარგლებოდა6. მათ შორის მ.მუჟუხოევს ქართველ - ვეინახ ხალხთა ურთიერთობანი მხოლოდ სავაჭრო კავშირებამდე დაჰყავს7. მასალის ახლებურად ინტერპრეტაციამ მკვლევარებს აღნიშნული ჩარჩოების გაფართოების საშუალება მისცა8. შემჩნეულია ის გარემოებაც, რომ კავკასიონის მთიელთა კონფესიონალური თვითშეგნება აღნიშნული პერიოდისათვის მნიშვნელოვნად ქრისტიანული იყო და ქართული ეკლესიის იერარქია მათგან ყველა წესისა თუ კანონის ზუსტ დაცვას არ მოითხოვდა9, რაც ძალზე თავისებური სინკრეტიზმის საფუძველს ქმნიდა. ინგუშეთში ქრისტიანული ძეგლების არსებობას ადასტურებს აქ მყოფი თითქმის ყველა მოგზაური თუ მკვლევარი, რომელთა მხოლიდ ჩამოთვლაც კი, შორს წაგვიყვანდა. მათგან ერთ-ერთი პირველია თეიმურაზი, რომლის წერილში მოსკოვის მეფისადმი აღნიშნულია: "ჯერაც კიდევ დგანან იქ (ლაპარაკია ინგუშეთზე) ეკლესიები და სამრეკლოები“10. ინგუშეთის ქრისტიანული ძეგლებიდან ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი „ალბი-ერდი“. ეკლესიის სქემატურ ნახაზსა და მოკლე აღწერილობას იძლევა ვს.მილერი. მილერის მიხედვით ნაგებობის სიგრძე 13 ნაბიჯი ყოფილა, სიგანე - 8. სახურავი დიდი ხნის წინ ჩამოქცეულა. აღმოსავლეთ ნაწილში მკვლევარს შეუმჩნევია საკურთხევლის აბსიდა და სარკმელი ნახევარწრიული თაღით, სამხრეთის კედელში ორი სარკმელი და მათ შორის დაბალი, განიერი კარი, ხოლო დასავლეთის კედელზე ერთი მაღალი სარკმელი11. ბ.დალგატი ხამხის საზოგადოებაში, მდ.ასის ნაპირას, ქრისტიანულ ტაძარს "ალბი-ერდი"-ს მოიხსენიებს და დასძენს, რომ ძეგლს ეს სახელი მშენებლის სახელის მიხედვით ეწოდება12. აღნიშნული ძეგლი სხვა მოგზაურებსა და მკვლევარებსაც აქვთ მოხსენიებული, თუმცა რაიმე ახალ დამატებით ცნობებს მათთან ვერ ვხვდებით. ალბი-ერდი ცენტრალურ (ბუდე) ინგუშეთში მდებარეობს მდინარე ასის მარცხენა სანაპიროზე. მისგან აღმოსავლეთით, მდ.ასის მარჯვენა ნაპირას მდებარეობდა მიტოვებული სოფელი თარგიმთ. თარგიმთან ახლოს ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევია, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში „თარგიმის ეკლესიის“ სახელწოდებითაა ცნობილი13. ალბი - ერდისაგან სამხრეთით, მდ.ასის მარჯვენა ნაპირას, ნასოფლარია ხაირახი, ინგუშეთში ყველაზე დიდი ქრისტიანული ეკლესიით თხობა–ერდი. სამხრეთითვე, მდინარის მარცხენა ნაპირას აღმართულ ფერდობზე მოზრდილი ნასოფლარია ხამხი. ალბი–ერდის დასავლეთით რამდენიმე მიტოვებული სოფელია, რომელთა შორის აღსანიშნავია ეგიკალი, დოშხაკლე და ყართი ამ უკანასკნელში, მაღალ გორაკზე შემორჩენილია საკულტო ძეგლი "დოლიტე“, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს ძეგლი ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდა, აღმოსავლეთის ფასადის სწორი კედლით, რომელშიც აფსიდა იყო მოთავსებული14. ჩანს, ალბი-ერდი მდებარეობდა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, თუმც კი სოფლებისაგან განცალკევებითაა აგებული, მდინარის ნაპირას, ფერდობის შუაწელზე და უახლოეს სოფელს თარგიმს თითქმის ნახევარი კილომეტრითაა დაცილებული. ბუდე ინგუშეთი მრავალრიცხოვანი გზებითა და ბილიკებით იყო დაკავშირებული პირიქით ხევსურეთთან (არხოტი), არხის ხეობის გავლით ხევსა და ჩრდილო ოსეთთან, ჩეჩნეთთან (მელხისტა, გალანჩოჟი). ამჟამად ალბი-ერდი სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებულ კედლებსღა მოუღწევიათ ჩვენამდე. ქვასა და ღორღს დაუფარავს ძეგლის ქვედა ნაწილი”, განსაკუთრებით დასავლეთისა და ჩრდილოეთის საფასადე მხარეები. გეგმაში ძეგლი წარმოადგენს აღმოსავლეთ - დასავლეთის ღერძზე წაგრძელებულ მართკუთხედს. ნალისებური მოხაზულობის ღრმა აფსიდით, რომელიც კედლის სიღრმეშია მოთავსებული და ფასადის მხრიდან არაფრით არ გამოიყოფა. მიუხვდავად იმისა, რომ ინტერიერშიც და გარშემოც სამშენებლო ნაგვითაა დაფარული, მაინც მოხერხდა აღმოსავლეთის სწორხაზოვანი ფასადის გასწვრივ, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გაგრძელებაზე არსებული კედლების აღმოჩენა. ძეგლის გათხრის გარეშე ძნელია დასკვნის გამოტანა, ცენტრალური დარბაზის თანადროულია თუ არა ეს კედლები. ამრიგად, ცენტრალური ნაწილი გეგმაში წარმოადგენს წაგრძელებულ, დარბაზული ტიპის ნაგებობას ზომებით 8,75X5,3 მ, ნალისებური მოყვანილობის აფსიდის ზომებია 3,9X3,3 მ. სამშენებლო მასალად ძირითადად ფიქალია გამოყენებული, შემკრავად - კირის ხსნარი. ინტერიერი მთლიანად შელესილი ყოფილა. სავარაუდოა, რომ შელესილი და შეთეთრებული იყო საფასადე მხარეებიც, რასაც სამხრეთის ფასადზე, სარკმელების დონეზე, დღემდე შემორჩენილი ბათქაში მოწმობს. ცენტრალური დარბაზის სამხრეთის ნაწილის კედლიდან თაღების გადმოსაყვანი ბურჯების ნაშთებში ქართული აგურია გამოყენებული. ცენტრალური ნაწილის სამხრეთის კედლის სიგანე 1,10 მ. შეადგენს, დასავლეთისა 95 სმს ჩრდილოეთის - 1,10 მ-ს, აღმოსავლეთისა კი აფსიდის სარკმელთან 95 სმ-ს. ცენტრალურ დარბაზში შესასვლელი მთავარი კარი სამხრეთის კედელშია დატოვებული. კარის სიგანეა 1,45 მ, სიმაღლე - 1,40 მ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძეგლის ქვედა ნაწილი ჩამოცვენილ ქვას და ღორღს დაუფარავს, რომლის გაწმენდას შემდეგ კარის სიმაღლე მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთის კედლის თითქმის ცენტრში კიდევ ერთი კარის ღიობია. მისი სიგანე 1,10 მ-ია სიმაღლე კი 90 სმ-ია. ამ მხარეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაყარია. დასავლეთის კედელში კარის არსებობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ მხარესაც უნდა ჰქონოდა ცენტრალურ ნაწილს მინაშენი და სავარაუდოა ისიც, რომ ის გვიანდელი წარმომავლობისა კი არ უნდა იყოს, არამედ ცენტრალური ნაწილის თანადროული. ცენტრალური დარბაზის გასანათებლად სამხრეთის კედელში მიწის დონიდან (ინტერიერის მხარეს) 4 მ—ის სიმაღლეზე სამი სარკმლის ღიობია დატოვებული. მათგან დაუზიანებლად მხოლოდ შუა შემორჩენილა. სარკმლების სიგანეები ინტერიერის Lმხარეს 0,97-1,05 მია საფასადე მხარეს ღიობები თანდათან ვიწროვდებიან 50–65 სმ–მდე. დაუზიანებელი სარკმლის ღიობის სიმაღლე 1,58 მ-ს შეადგენს. დასავლეთის კედელზე ერთი სარკმელია. ინტერიერის მხარეს მისი სიგანე 90 სმ-ია, საფასადე მხარეს კი 43 სმ. სამხრეთის კედელში საფასადე მხარეს, ერთი სარკმელი მიწის დონიდან 14 სმ–ითაა დაცილებული. ცხადია, ასეთი მცირე დაცილება ნაყარის ბრალია. ღიობის ინტერიერის მხარის სიგანე 63 სმ-ია, საფასაღე მხარისა 38 სმ. სარკმლის ღიობის სიმაღლე 1,48 მ-ს შეადგენს. სამხრეთის კედელზე ინტერიერის მხარეს ნაყარი მიწის დონიდან 4,80 მ-ის სიმაღლეზე სამი ნიშია. მათი გაბარიტები 28X31X20 სმ შეადგენს. აფსიდის სამხრეთის კედელზე ნაყარიდან 74 სმ-ის სიმაღლეზე. ერთი ნიშნია მისი სიმაღლეა 45 სმ, სიგანე—50 სმ, ხოლო სიღრმე – 52 სმ. ორი შედარებით მომცრო ნიშია ჩრდილოეთის კედელში. მათი გაბარიტებია 35X27X25 სმ და 27X26X25 სმ. სამხრეთის კედელში საფასადე მხარესაცაა ერთი ნიში, რომლის სიგანეა 30 სმ., სიღრმე კი 33 სმ. ამ მხარეს ნიშის არსებობა გვაფიქრებინებს, რომ სამხრეთის "მინაშენი" გვიანდელი კი არა, არამედ ცენტრალური ნაწილის თანადროულია, ამავე მხარეს კარისაგან ხელმარჯნივ ფასადის მხარის კედელზ  ორი პილიასტერის ნაშთია, რომლებშიც თაღში გადასაყვანად ქართული გამომწვარი აგურია გამოყენებული, (აგურის ზომებია 24X25X4 სმ). სამხრეთის კედლის საფასადე მხარეს კარის ღიობის ზედა ნაწილიდან 1,39 მ.-ის სიმაღლეზე ქვის სამი კრონშტეინია. დაახლოებით ამავე სიმაღლეზე კედლის წყობაში, რამდენიმე ნიშია, რომლებიც შესაძლოა დირეების ბუდეები იყვნენ. სამხრეთის კედლის საფასადე მხარეს ნიშთან ამოყვანილი პილიასტრისაგან მარჯვნივ აშკარად შეიმჩნევა გეგმაში ნახევარწრიული გადასვლა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ აქაც უთუოდ აფსიდა უნდა ყოფილიყო. შემორჩენილი ნაწილისა და კედლის სიგრძის გათვალისწინებით (4,50 მ.) აფსიდა საკმაოდ ღრმა იყო. ალბიერდის არქეოლოგიური გაწმენდა მრავალი საინტერესო დასკვნის გაკეთებას გულისხმოჟბც მომავალში; მაგრამ უკვე დღეს გარკვევით შეიძლება ითქვას, რომ ალბი-ერდი ზომით, გეგმითა და გამოვლენილი სამშენებლო ტექნიკის დონით ინგუშეთში არსებული ქრისტიანული არქიტექტურის ერთი თვალსაჩინო ძეგლია. სამხრეთის ფასადზე შემორჩენილი პილიასტრების ნაწილის და კრონშტეინების არსებობა გვაფიქრებინებს, რომ ცენტრალური დარბაზის მსგავსად, მინაშენსაც კამაროვანი გადახურვა უნდა ჰქონოდა. ჩრდილოეთის უნარის აღმოსავლეთის კედლის არსებობა (მომავალში ამ მხარის დეტალური არქეოლოგიური შესწავლაა საჭირო, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ძეგლის საამშენებლო პერიოდიზაციასაც დაადგენს) და ძირითადი დარბაზის ჩრდილოეთის ყრუ კედელი ალბიერდის ძალზე საინტერესო არქიტექტურულ გეგმარებას გულისხმობს. ალბი – ერდი ერთი გარემოების გამოც მნიშვნელოვანი ძეგლია. ინგუშეთში მდებარე ჩვენთვის ცნობილი ძეგლებიდან იგი ერთადერთია, რომელშიც შემორჩენილია შელესილობა მხატვრობის მკრთალი კვალით. განსაკუთრებით კარგად ეს კვალი ჩანს ცენტრალური დარბაზის დასავლეთის, ჩრდილოეთის კედლებსა და აფსიდაში. ჯერ კიდევ შეიძლება რამდენიმე შარავანდის მოხაზულობის, კადრის გამყოფი ზოლების, ფიგურათა დეტალების გარჩევა. დამახასიათებელია აგრეთვე მხატვრობის საერთო ლურჯი-მოყავისფრო შეფერილობა, რაც მას უთუოდ შუა საუკუნეების კედლის მხატვრობის რიგში აყენებს. კადრის გამყოფი, მკრთალი მოყავისფრო ზოლები მეტყველებენ იმაზე, რომ მხატვრობა კარგად იყო მორგებული შენობისათვის, რაც გამოცდილი მხატვრის ხელს ავლენს. ალბი-ერდის არქიტექტურული მასები, შემორჩენილი კონსტრუქციების არქიტექტურული პროფილების სიმკვეთრე, ძეგლის განლაგება ხეობათა და, შესაბამისად, მთის გზების გადაკვეთაზე, თვით შენობის მშვენივნად მოძებნილი განლაგება ტაფობში მდებარე ბორცვზე, ქართული აგურის გამოყენება მშენებლობაში და მისი განზომილება უთუოდ მიუთითებს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ამ ძნელადმისავალ მთიან მხარეში. ალბი - ერდის მთლიანი მოხატვაც სრულიად განსაკუთრებული ფაქტია, რაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვიჩვენებს კავკასიის მთიან ნაწილში ქრისტიანობის შეღწევას და შუა საუკუნეების მანძილზე ქართულ - ვეინახურ მჭიდრო ურთიერთობებს.

შენიშვნები:

1. Меликишвили Г.А. К историй Древней Грузии, Тб., 1959; Семенов Л. П. Археологические и этнографические розыскания в Ингушетии в 1925-1932 гг. Грозный, 1963; Очерки историй Чечецо-Ингушской АССР т.I, Грозный, 1967; Крупнов Е.И. Средневековая Ингушетия, М., 1971; Виноградов В.Б. Вайнахо-аланские взаимоотношения в этнографической истории Горной Ингушетии, СЭ, 1979. №2 და სხვა.

2. ქართლის ცხოვრება (ანა დედოფლისეული ნუსხა). თბ., 1942, 19.

3. იქვე.143.

4. ქართლის ცხოვრება, II. თბ., 1959.

5.  იქვე, 183.

6. Очерки истории Чечено-Ингушской АССР с древнейших времен по 1917 год, т.1, Грозный, 1967, 38-49; Крупнов Е.И. დასახელებული ნაშრომი 195; Мужухоев М.Б. Средневековая материальная культура Горной Ингушетии (XIII-XVII вв.), Грозный, 1977, 135.

7. Мужухоев М.Б. დასახ. ნაშრომი, 135.

8.  Виноградов В.Б., Бараниченко Н.Н. Об одном аспекте грузино-найнахских взаимоотношений в XVI-XVII ВВ., „მაცნე“,  ისტორიის სერია, თბ. 1980, N3, 72-83.

9. იქვე, 83.

10. Броссе М. Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями от 1639 по 1702., Спб., 1861, 29.

11.Миллер В.Ф. Археологические наблюдения в области чеченцев, МАК, вып. I, М., 1888, 6.

12. Далгат В. Первобытная религия чеченцев, ТС., вып.III, кн.2, отд. И, Владикавказ, 1803, 95.

13. Мужухоев М.Б. Таргимский храм, Северный Кавказ в древности и в средние века, М., 1980, 177-183.

14. ხუციშვილი ლ., ქალდანი - ქრისტიანობის დროინდელი ერთი ძეგლი ინგუშეთში, „ძეგლის მეგობარი“, თბ., 1980. №54. 31-35.