topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ვ. დოლიძე - ხოზიტა-მაირამი - საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საბუთი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადელის მოამბე, ტ.XV, № 2,1954

ხელოვნების ისტორია

ვ.დოლიძე

ხოზიტა-მაირამი - საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საბუთი

(წარმოადგინა აკადემიის ნამდვილმა წევრმა გ.ჩუბინაშვილმა 7.12.1953)

ფეოდალური საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საკითხის შესწავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩრდილო ოსეთის ტერიტორიაზე შემორჩენილ ქართული ხელოვნების ძეგლებს. მაგრამ დღემდე გამოვლინებული ძეგლებიდან ყველა არაა სათანადოდ შესწავლილი და, ამავე დროს, სავსებით უცნობი ძეგლების აღმოჩენის შესაძლებლობაც არ არის გამორიცხული. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიცია 1951 წ. ზაფხულში ადგილზე გაეცნო ჩრდილო ოსეთის ასსრ საკვლევ სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლის პროფ. ლ.სემიონოვის მიერ მითითებულ ძეგლს, რომელიც უცნობია ხელოვნებათმცოდნეობის ლიტერატურაშიც. ეს არის "ხოზიტა–მაირამის“ სახელწოდებით ცნობილი ეკლესია. იგი მკვეთრად განსხვავდება ჩრდილო ოსეთის ყველა ძველი სამაროვანი, საკულტო და თავდაცვითი ხასიათის არქიტექტურული ნაგებობებისაგან, რომელთაც ღრმად თავისებური თვისებები აქვთ. მეორე მხრივ, ხოზიტა - მაირამი როგორც თავისი გეგმის გადაწყვეტით, ასევე ფორმებით, პროპორციებით, შემკულობითა და სამშენებლო ხერხებით, აშკარად ამჟღავნებს ქართული საშუალო საუკუნეების ხუროთმოძღვრების ნიშანდობლივ თვისებებს. ძეგლი მდებარეობს მდ.არდონის შენაკად მდ.ზრუგის ხეობაში. გზა მისკენ ოსეთის  სამხედრო გზაზე მდებარე სოფ.ზარამაგიდან ს.ნარის მიმართულებით მიდის, ამ უკანასკნელთან მისვლამდე მარჯვნივ ჩაუვლის ს.ფლეშს და ზრუგის ხეობაში შედის. ხეობას მისდევს ბილიკი, რომლის მეათე კილომეტრზე სოფ.ხიდაკუმია, ხოლო ცოტა უფრო მაღლა ს.ხოზიტიკაუ. შემდეგ იგი საქართველოს სსრ საზღვრის კუდაროს უღელტეხილისაკენ მიიმართება. სოფ.ხიდაკუმსა და ს.ხოზიტიკაუს შორის, მდ.ზრუგის მარჯვენა, ციცაბო ნაპირზე, ხოზიტა მაირამის ნანგრევებია აღმართული. ეს ოსური სახელწოდება ხოზიევთა ღვთისმშობლის სამლოცველოს ნიშნავს. ძეგლის შესახებ ძველ წყაროებში არავითარი ცნობა არ მოიპოვება. პირველად მას ვ.მარკოვიჩმა მიაქცია ყურადღება და მოკლედ მოიხსენია იგი თავის გეოგრაფიულ-ბოტანიკურ ნარკვევში, რომელიც 1899 წლის ექსკურსიის შედეგად დაიწერა ([1], გვ.191-192). ცნობისმოყვარე ავტორი სამ ფოტოსურათსაც იძლევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

მეორე, უფრო გვიანდელ ცნობას შეიცავს ერთი ტურისტის მიერ 1934. წ. ხოზიტა-მაირამის ნახვის შედეგად დაწერილი აღწერა, რომელიც ავტორს პროფ.ლ.სემიონოვისათვის გადაუცია ([2], გვ.108). ხელნაწერს დართული აქვს ტოპოგრაფიული გეგმის, ნაგებობის გეგმის, საერთო ხედისა და ფასადების ფოტოსურათები". ორივე ეს ნაწერი იმით არის, უმთავრესად, საგულისხმო, რომ ზოგი რამ იქ აღნიშნული ტაძრის შესახებ დაკარგული აღმოჩნდა ადგილზე მისი დათვალიერების დროს. ტაძრის ძლიერი დანგრევა მით უფრო სამწუხაროა, რომ, როგორც სამართლიანად აღნიშნავს პროფ.სემიონოვი ([3], გვ.302), ძეგლს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ჩრდილო ოსეთის ხალხთა კულტურული ურთიერთობის საკითხისათვის – კამარაჩამოქცეულ ძეგლს ამჟამად შერჩენილი აქვს მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლების უმეტესი ნაწილი. ჩრდილოეთის კედლიდან "დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთის ნაწილი აბსიდის მხრამდე, მისგან დასავლეთით კი მოკლე მონაკვეთიღაა - მიწის დონეზე. ჩრდილოეთის დანარჩენი ნაწილი და დასავლეთის კედელი მთლიანად ჩანგრეულია; ხოლო ქვები მდინარემდეა ჩაცვენილი. ფასადებს მიყრილი აქვს მიწა და ქვები, რის გამოც ცოკოლი და კედლის წყობის პირველი რიგი დამალულია.

ტაძრის ნანგრევების ანაზომის მიხედვით ადვილად ხერხდება გეგმის აღდგენა (სურ.1). იგი წარმოადგენს ცალნავიან ეკლესიას; მის სწორკუთხოვან მოხაზულობაში (7,8X13,3 მ) აღმოსავლეთით მოქცეულია ღრმა, ნახევარწრიული აბსიდი, რომელსაც ორსავ მხარეს მცირე ზომის სადგომები აქვს კედლის სისქეში, ორ სართულად. ყველა ეს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ოთხი სადგომი, სწორკუთხოვანი ხვრელობი-შესასვლელით უკავშირდება აბსიდს მეორე სართულში მოსახვედრად, როგორც ჩანს, მისადგმელი კიბით სარგებლობდნენ. ტაძრის აღმოსავლეთის სამი სარკმლიდან ორი განაპირა პირველი სართულის სადგომებს-სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აშუქებს. გეგმის გადაწყვეტის მიხედვით ხოზიტა–მაირამი ქართული ხურთმოძღვრების X და XI საუკუნის ისეთ დარბაზულ ძეგლთა შორის პოულობს ადგილს, როგორიცაა ოთხთა ეკლესია, დისევი, ზემო ყარაბულახი, ეხვევი. ხოზიტა-მაირამი ერთ ჯგუფს შეადგენს დასახელებულ ძეგლებთან თავისი საერთო ზომებითაც (სურ.2).

ამ  ძეგლთა გეგმების აღმოსავლეთი ნაწილი აგრეთვე გადაწყვეტილია მცირე სადგომების გამოყოფით აბსიდის ორსავე მხარეს. ამავე დროს ხოზიტა-მაირამის გეგმა რამდენადმე განსხვავდება ოთხთა ეკლესიისაგან: უკანასკნელში გვერდითი სადგომები აბსიდისაგან დამოუკიდებელია, ხოზიტა.მაირამში კი ისინი თვით აბსიდის კედლის სისქეში არიან მოქცეული და უშუალოდ უკავშირდებიან ეკლესიის საკურთხეველს. ამ მხრივ ხოზიტა-მაირამი მტკიცედ დგება დისევის ზ.ყარაბულახისა და, განსაკუთრებით, ეხვევის გვერდით. შიგნით ხოზიტა-მაირამის ეკლესია უხვად ნათდებოდა სამხრეთით სიმეტრიულად განლაგებული ორი სარკმლით და დასავლეთის კედელში მოთავსებული ერთი, შედარებით უფრო მაღალი, სარკმლით. ყველა სარკმელი გარეთკენ ვიწროვდება. ტაძარს ერთი შესასვლელი აქვს სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. იგი გარედან სწორკუთხოვანია, შიგნიდან კი თაღოვანი. ტაძრის კედლები ამოყვანილია შიგა და გარეპირის ქვებსშორისო სივრცის დუღაბით ამოვსებით. შევსება წარმოებულია იმავე საშენი ქვის, კიროვანი შირიმის, ნამტვრევებით, უხვად მოხმარებულ კირის ხსნარზე. ეს ჩვეულებრივი ხერხია ქართული საკულტო შენობების აგებისა. ხუროთმოძღვრის ყურადღება კედლის სიბრტყისადმი არ ამოწურულა მხოლოდ კარგად გათლილი წესიერი კვადრების შერჩევით ან მოულოდნელად ვიწრო რიგის შეგნებული გამოყვანით წყობაში სამხრეთის ფასადის მთელ სიგრძეზე, სარკმელთა ქვედა მესამედის დონეზე.

ყურადღებას იპყრობს აქვე შესასვლელიდან მარჯვნივ, მესამე კვადრი. მისი მთელი ფართობი, ოთხი ან ხუთი რელიეფური ხაზით შედგენილი, ჭადრაკული წესით განლაგებული, სექციების სურათითაა დაფარული. ცალკეული კვადრის ანალოგიურ დამუშავებას კედლის წყობაში ადგილი აქვს რამდენიმე, ჩვენთვის ცნობილ, ქართულ ძეგლზე. ეს შენიშნულია XI საუკუნის პირველი ათეულის ძეგლებზე, როგორიცაა დარკვეთი და გორისჯვარი (საჩხერის რ-ნი). მორთულობის უახლოესი მსგავსება თავს იჩენს როგორც ჭადრაკულად განლაგებული სექციების სურათში, ასევე მათი დამუშავების ხერხშიაც (სურ.3). საერთოდ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხოზიტა მაირამის ნაგებობაში საშუალო საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრებისათვის კარგად ცნობილი სამშენებლო წესები და ფორმებია გამოყენებული. ყურადღების ღირსია ისიც, რომ ძეგლისათვის გამოყენებული საშენი ქვის მასალა, მოყვითალო-მოყავისფრო კიროვანი შირიმი, არაა ადგილობრივი. ჩვენ მიერ დასაწყისში ნახსენები

ხელნაწერის ავტორი ამის თაობაზე წერს: "კიროვანი შირიმი აშკარად შემოტანილი წარმოშობისაა. ასეთი ჯიში ახლომახლო არ მოიძებნება". იგივე ავტორი გვატყობინებს: ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემის თანახმად, საშენი ქვა ქედის სამხრეთის მხრიდან შემოჰქონდათო. ვ.მაჩკოვიჩიც ამასვე აღნიშნავს: "არსებობს მოსაზრება, რომ წესიერად გათლილი ქვები საქართველოდან იყო შემოტანილი" ([1], გვ.191). ხოზიტა-მარიამის ინტერიერი სავსებით შეესაბამება X—XI სს. ქართულ დარბაზულ ტაძრებს. ნავი სიგრძეზე ორ ნაწილად იყოფა კედლის სვეტებზე (პილასტრებზე) გადაყვანილი საბრჯენი თაღით; სიგრძივ კედლებს კი ორსაფეხურიანი თაღოვანი შეღრმავებები აქვს, რომელთა თაღების ქუსლები მარტივი პროფილის. თაროიანი იმპოსტებითაა აღნიშნული. ეკლესიის ინტერიერი, რომელსაც არავითარი მოჩუქურთმებული ორნამენტაცია არ გააჩნია, შესანიშნავია ფორმების სუფთა და ზუსტი პროფილირებით, ამასთანავე ყველა ნაწილი უგამონაკლისოდ თანაბარი ყურადღებითა და ერთნაირად დამუშავებული საშენი მასალით არის შესრულებული. იმ ადგილებში, სადაც ბათქაში ჩამოცვენილია საკმაო ფართობზე, ყურადღებას იპყრობს კედლის წყობის ხასიათი და მისი შესრულების მაღალი ოსტატობა. კარგად გათლილი შირიმის წესიერი, ერთმანეთთან მტკიცედ მიწყობილი, კვადრებისაგან შედგენილ რიგებს შორის თანმიმდევრულადაა დაცული ნაკერების შეუწყვეტელი, მკაცრი სწორხაზოვნება. მშვენივრად აგებული აბსიდისნახევარწრეში, ქვემოდან კონქის შერჩენილი ნაწილის ბოლომდე თითქმის.—არსად არ ირღვევა ჰორიზონტალური რიგების კონცენტრულ ნაკერთა მთლიანობა. აბსიდში მოთავსებული მცირე სადგომების გადაწყვეტაში აშკარად იგრძნობა გააზრებული სიმეტრიულობა ორივე სართულის შესასვლელებისა. აბსიდის შუა სარკმლის მიმართ ყველა ეს ოთხი მცირე სადგომი გულდასმითაა ნაწყობი თლილი ქვით და ოდნავ შეისრული კამარითაა გადახურული.. სამხრეთის კედელზე შემორჩენილი კამარის ნაწილის პროფილი ნათლად მოწმობს, რომ ეკლესიის კამარა ნახევარწრიული იყო. ამასვე ადასტურებს, აბსიდის მარტივ პროფილიან იმპოსტზე შერჩენილი ტრიუმფალური თაღის ქუსლის მოყვანილობაც. გაკეთებულია აგრეთვე ქართული ტაძრის თითქმის აუცილებელი ატრიბუტიზმის რეზონატორები – ქვევრები, ჩასმული ქონქისა და სამხრეთის კედლის დასავლეთ ნახევარზე შემორჩენილი კამარის ნაწილის წყობაში. დასასრულ ინტერიერის შესახებ უნდა აღინიშნოს, რომ კედლები შელესილი და მოხატული იყო, რასაც აბსიდში და სამხრეთის კედელზე შემორჩენილი ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები მოწმობს. ჩვენამდე მოღწეულ ფასადებს არ შერჩენია კარნიზი. წვეროჩამონგრეულ აღმოსავლეთის ფასადს შემოცლილი აქვს კედლის გარეპირის ქვები ფრონტონის მთელ არეზე, ქვემოთ კი კედლის დანარჩენი ზედაპირი დაუზიანებელია (სურ.4). სიმეტრიულად განლაგებული სამი თაღოვანი სარკმლიდან შუა ორჯერ მეტია დანარჩენებზე. სამივე ერთნაირადაა მორთული საპირითა და მასზე მჭიდროდ დასმული, ჰორიზონტალური გადანაკეცების მქონე, ნახევარწრიული სათაურით. როგორც საპირე, ასევე სათაური პარალელურ ლილვადაა დაწილადებული მთელ სიგრძეზე. პარალელურ ლილვადაა დაწილადებული მთელ სიგრძეზე. შუა სარკმელს ოთხ-ოთხი ლილვი ამკობს, ხოლო დანარჩენებს–სამ–სამი. სხვა მორთულობა ფასადს არ გააჩნია, მაგრამ მის მხატვრულ ღირსებას ემატება კარგად გათლილი კვადრების წყობის სურათი და კედლის ზედაპირის ფერი: მოყვითალო– ყავისფერი, ინტენსიური ტონისა. დასავლეთის ფასადი, რომელიც საერთო კონტურით ცხადია, თავის სიმეტრიულ, აღმოსავლეთის ფასადს იმეორებდა, ძველ ფოტოსურათზე თითქმის მთლიანადაა წარმოდგენილი ([1], სურ.36). იგი მოწმობს, რომ მთელ ნაგებობას წარზიდული პროპორციები ჰქონდა. ეს ნიშანი ხოზიტა–მაირამს მოყვანილი ჯგუფის ძეგლებიდან ყველაზე უფრო ეხვევთან აახლოებს ([4], სურ.2–4). დასავლეთის ფასადს მხოლოდ ერთი, ძალიან მაღლა ატანილი, დაგრძელებული სარკმელი ჰქონდა, მორთული ამ ძეგლის სხვა სარკმელთა ანალოგიურად. სამხრეთის (მთავარი) ფასადი დანარჩენებივით ლაკონიური და უპრეტენზიოა (სურ.5). იგი სამ არათანაბარ მონაკვეთად იყოფა ორი სარკმლით, რომელთა მოხაზულობა და მორთულობა აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალური სარკმლის ანალოგიურია. სამხრეთის ფასადის დასავლეთი სარკმლის ქვემოთ სწორკუთხოვანი შესასვლელია მის მცირედ შეღრმავებულ ტიმპანს ნალისებრი ფორმისა და ჰორიზონტალური გადანაკეცების მქონე გლუვზედაპირიანი შვერილი სათაური აგვირგვინებს. თვით ტიმპანზე ფრესკული მხატვრობის სუსტი კვალი ჩანს. ძეგლს არა აქვს არავითარი წარწერა, რომელიც მისი აგების დროის შესახებ მოგვითხრობდეს. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ქართული ხუროთმოძღვრების ეს წარმომადგენელი ჩრდილო ოსეთში არც მატიანეებშია მოხსენიებული. ამრიგად, თარიღის დასადგენად თვით ძეგლის არქიტექტურულ - მხატვრული ფორმები უნდა მოვიმარჯვოთ. როგორც აღინიშნა, გეგმის გადაწყვეტა ყველა თავისებური დეტალით ხოზიტა-მაირამს X-XI სს ქართული დარბაზული ეკლესიების გვერდით აყენებს. აბსიდის მსგავს ორგანიზაციას მცირე სადგომებით კედლის სისქეში X საუკუნეზე ადრე ვერ ვპოულობთ. მეორე მხრით, არც XI საუკუნის შემდეგ არა გვაქვს ასეთი ნაგებობები. ამრიგად, ეს გარემოება გარკვეულ ფარგლებს იძლევა ხოზიტა-მაირამის დათარიღებისათვის. ამავე ხანაზე მიგვითითებს კვადრის ფიგურული გათლაც შესასვლელთან, ბოლოს, მოუჩუქურთმებელი, მკაცრად თავშეკავებული მორთულობაც ნებას იძლევა უფრო დავაზუსტოთ ტაძრის აგების დრო. ძეგლებზე დაკვირვება გვარწმუნებს, რომ სარკმელთა მორთულობას განვითარების კანონზომიერი, სრულიად გარკვეული საფეხურები აქვს, რომელნიც განუყრელადაა დაკავშირებული ქართული არქიტექტურის განვითარების ეტაპებთან (სურ.6). ადრინდელ ძეგლებზე, VII საუკუნის ჩათვლით, სარკმელს მხოლოდ სხვადასხვანაირი სათაური ამკობს (ბოლნისი, ჯვარი, წრომი, სამწევრისი და სხვ.). VIII—IX საუკუნეებში განაგრძობენ მხოლოდ სათაურის გამოყენებას (სამშვილდე, თელოვანი და სხვ.), მაგრამ იმავე დროს ზოგიერთ ძეგლზე აღინიშნება მორთვის სქემატური ჩანასახიც სარკმლის ხვრელობის გარშემოც (ეს მომავალი საპირეა). ასეთ შემთხვევაში სათაური თითქმის გამოუყოფელი, ხაზგაუსმელი რჩება (არმაზი, წირკოლი). X საუკუნის შუალედიდან სარკმელთა მორთულობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამ დროიდან მორთულობის კომპოზიციური აგების მრავალნაირ ვარიანტს

ვხვდებით. სათაურისა და საპირის შესრულება X საუკუნეში არაა ერთნაირი; ყოველთვის უფრო ხაზგასმულია სათაური (რელიეფით, ფერით). ამასთანავე სათაური უშუალოდ არ აზის საპირეს (ბერის საყდარი). ბაგრატის ტაძრის (1003 წ.) სარკმლის სათაური და საპირე თუმცა თანაბარი ყურადღებითაა მოჩუქურთმებული, სათაური ჯერ კიდევ გამიჯნულია საპარისაგან. იმავე ძეგლის დასავლეთის სარკმელზე მანძილი სათაურსა და საპირეს შორის უფრო შემცირებულია. რამდენადმე უფრო გვიანდელ ძეგლებზე, როგორიცაა იშხანის მცირე ეკლესია (1006 წ.), ნახევარწრიული სათაური ჰორიზონტალური გადანაკეცებით, როგორც წესი, მჭიდროდ აზის სარკმლის საპირეს. ამრიგად, მორთულობის ეს უკანასკნელი კომპოზიცია ხმარებაში შემოდის XI საუკუნის დასაწყისში და მას ამგვარი სახით უფრო ადრე ვერ ვხვდებით. ხოზიტა-მაირამის სარკმლის მორთულობის კომპოზიცია თავის ადგილს პოულობს ჩვენს ტაბულაზე (სურ.6) ძეგლთა იმ მწკრივში, სადაც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით  სათავეშია იშხანის მცირე ეკლესია (1006 წ.), ხოლო ბოლოში (ცხადია, პირობით), 1046 წ. ძეგლი; სავანე. ამ ძეგლთა შორის მაირამი უფრო ახლო დგას პატარა ონთან. ამ ორ დარბაზულ ძეგლში სარკმლის საპირე დაწილადებულია პარალელური ლილვებით. მაგრამ, ამასთანავე ორნამენტაციის გამოყენებითა და მისი პლასტიკური დამუშავებით, ცხოველხატულობის გამოვლინების შესაძლებლობის მიხედვით, პატარა ონი უფრო განვითარებულ ძეგლად გვევლინება. ამასვე ადასტურებს შესასვლელების შედარებაც. მათი ზოგადი გადაწყვეტა ერთნაირია, მაგრამ, პატარა ონი ძეგლისაგან განსხვავებით, ხოზიტამაირამის შესასვლელის სათაურის მოხაზულობა არა ნახევარწრიულია, არამედ ნალისებრი, რაც ძველი, დრომოჭმული მოტივის გადმონაშთს წარმოადგენს. გარდა ამისა, პატარა ონის შესასვლელის ტიმპანი მთლიანად ჩუქურთმითაა დაფარული და მას ორნამენტული მოჩარჩოება აქვს. თავისი რეპერტუარისა და პლასტიკური შესრულების დონის მიხედვით პატარა ონის ჩუქურთმა XI ს პირველი ნახევრის ძეგლთა ჯგუფისათვის ტიპობრივი მაგალითია. ხოზიტა-მაირამის ხუროთმოძღვარი კი, როგორც ვნახეთ, ხუროთმოძღვრული ელემენტების ზოგადი ჩამოყალიბებით კმაყოფილდება და არსად არ არღვევს გლუვ ზედაპირებს ორნამენტაციით. ამრიგად, კარ–სარკმელთა მორთულობის განვითარების ერთ ხაზზე მდგომი ამ ორი ძეგლიდან ხოზიტა–მარიამი წარმოგვიდგება როგორც ქრონოლოგიურად წინამავალი, პატარა ონი კი როგორც მისი მომდევნო. ყველა ზემოთ მოყვანილი შედარების საფუძველზე ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია გადავწიოთ ხოზიტა-მაირამი XI ს პირველი ნახევრის ქართული არქიტექტურის ძეგლთა წრეში, საუკუნის დამდეგისკენ, სახელდობრ, მივაკუთვნოთ იგი XI საუკუნის პირველ ათეულს. ხელოვნებათმცოდნეობის ეს მონაცემები არ ეწინააღმდეგება ისტორიულ ცნობებს, რომელთა საფუძველზე მკვლევარნი ამტკიცებენ, რომ აწინდელი ოსების წინაპრებმა - ალანებმა X საუკუნის დასაწყისში მიიღეს ქრისტიანობა მასობრივად ([5], გვ.7) და რომ ალანთა მოქცევის საქმეს ხელი შეუწყო აფხაზეთის მთავარმა გიორგი II ([6], გვ.59). დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ხოზიტა–მაირამს გადაუდებელი ღონისძიებები ესაჭიროება იმისათვის, რომ შემდგომი ნგრევისაგან გადარჩეს თუნდაც ის, რაც შემორჩენილია ტაძრიდან, რადგან თავისი მნიშვნელობით, ისეთ ძეგლთა რიგში, როგორიცაა ნუზალის სამლოცველოს ფრესკული მხატვრობა, ტაძრები "თხაბაერდი", "ალბიერდი", "თარგიმი" და სხვ., ხოზიტა-მაირამი კიდევ ერთ ფრიად თვალსაჩინო საბუთს წარმოადგენს საქართველოსა და ჩრდ.კავკასიის ხალხთა კულტურული ურთიერთობის პრობლემისათვის.

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი

თბილისი

(რედაქციას მოუვიდა 7.12.1953)

1. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ უფრ. მეცნ. თანამშრომელი რ.შმერლინგი, უმცრ. მეცნ.  თანამშრომ. ა.ვოლსკაია და ამ წერილის ავტორი.

2. ხელნაწერი გაგვაცნო და ექსპედიციის მუშაობაში ხელი შეგვიწყო პროფ.ლ.სემიონოვმა.

დამოწმებული  ლიტერატურა

1. В.Маркович. В верховьях Ардона и Риона. Записки русского географического общества по общей географии, т.XXXVIII, №3, С.-Петербуог, 1906.

2. Л.П.Семенов. Археологические разыскания в Соверной Осетии. Известия Северо-осетинского научно-исследовательского института, т.XII, Дзауджикау, 1948.

3. Л.П.Семенов. К вопросу о культурных связях Грузив и народов Северного Кавказа. Материалы и исследования по археологии СССР №23, М.-Л., 1951.

4. ვ.ვ.ბერიძე. ეხვევის ტაძარი "დედაღვთისა, "ქართული  ხელოვნება“, ტ.I, თბილისი, 1942

5. Ю.Кулаковкий. Христианство у алан. Византийский Временник, т.V, вып.I и II С-Петербург, 1898.

6. Б.Скитский. Очерки по истории осетинского народа с древнейших времен до 1867 г. Дзауджикау, 1947.