topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები

<უკან დაბრუნება...<<<ქართველები // უძველესი საქართველო // მემატიანე>>>

(+)

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები - საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I, თავი მეექვსე, საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, // რედ.გიორგი მელიქიშვილი, გამ. “საბჭოთა საქართველო”. თბილისი, 1970 წ.

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2954/1/SakartvelosIstoriisNarkvevebi_Tomi_I_1970.pdf (241-)

საქართველოს, განსაკუთრებით მისი სამხრეთი რაიონების მოსახლეობას მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ძვ.წ. II ათასწლეულში ამიერკავკასიის სამხრეთით არსებულ დიდ სახელმწიფოებთან - მითანისა და ხეთების სამეფოებთან. მითანის სამეფოს ცენტრალური რაიონები ჩრდილოეთ მესოპოტამიაში იმყოფებოდა. ერთხანს ამ სამეფომ დიდად გაიფართოვა საზღვრები სირია-პალესტინის, მცირე აზიის და ირანის მიმართულებით. საფიქრებელია, რომ წინა აზიის ამ უძლიერესი სახელმწიფოს ექსპანსია გავრცელდა ჩრდილოეთითაც, ამიერკავკასიის მიმართულებით. ზემოთ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ ე.წ. თრიალეთის კულტურაში სამხრეთ საქართველოს მიწა–წყალზე ძვ.წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე შეინიშნება სამხრეთიდან მომდინარე ნაკადი, რაც, შეიძლება, სწორედ ხურიტების (ასე ეძახდნენ მითანის ძირითად მოსახლეობას) ჩრდილოეთით ექსპანსიას უნდა უკავშირდებოდეს473. მითანის შემადგენლობაში რომ მოქცეული უნდა ყოფილიყო ამიერკავკასიაში, ყოველ შემთხვევაში მისი სამხრეთ რაიონებში მაინც, მცხოვრები მოსახლეობა, ხშირად ასკვნიან ერთი ეგვიპტური წყაროს ჩვენების საფუძველზეც, სადაც ლაპარაკია ეტლების გასაკეთებლად ხე-ტყის შემოტანაზე ნახარინიდან (ასე ეძახდნენ ეგვიპტელები მითანის სამეფოს) და დასახელებულია ხის ისეთი ჯიშები, რომლებიც ტრაპეზუნტსა და არარატის მთის სამხრეთით საერთოდ არ იზრდება474. სამხრეთი ამიერკავკასიის, კერძოდ თრიალეთის კულტურის გავრცელების არეში მცხოვრები მოსახლეობა, შეიძლება, არც თუ შედიოდა მითანის შემადგენლობაში, არამედ აქტიურ როლს ასრულებდა ხური-მითანელების ძლევამოსილ ომებში მეზობლების წინააღმდეგ. ეს ექსპანსია მიმართული უნდა ყოფილიყო, ჯერ ერთი, მითანის სამხრეთელი მეზობლის - ასურეთის მიმართ. ამის საბუთია ის ენერგიული ბრძოლები, რომლებსაც აწარმოებენ ცოტა უფრო გვიან, მითანის დასუსტების ხანაში და მისი განადგურების შემდეგ (ძვ.წ. Xlll–Xl სს.), ასურეთის მეფეები ჩრდილოეთის მოსახლეობის წინააღმდეგ. შემდეგში ასურელებს უკვე არ უჩანთ კონტაქტი ასე ჩრდილოეთით მცხოვრებ მოსახლეობასთან (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ). მეორე მხრივ, შესაძლებელია, სამხრეთ საქართველოში მცხოვრები და ხურიტული კულტურულ-ეთნიკური ტრადიციების მატარებელი ტომები ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ხური-მითანურ ექსპანსიაში დასავლეთით, ხეთების სამეფოს მიმართულებით. ამის მანიშნებლად მიგვაჩნია ის, რომ ხეთების “ახალ სამეფოში” (ძვ.წ. XV-XIIl სს.) “ძველი სამეფოს” პერიოდისაგან განსხვავებით თავს იჩენს რელიგიის სფეროში ელემენტები, რომლებიც უფრო ადრე თრიალეთის კულტურის არეში ჩანან475. ამავე ასპექტში საინტერესოა გვიან ბრინჯაოს ხანაში ცენტრალურ ამიერკავკასიური კულტურის არეში ე.წ. “ამაძონური ცულების” მასობრივი გავრცელების ფაქტი. ეს კულტურა მნიშვნელოვანწილად სწორედ თრიალეთური კულტურის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იქცევს ის, რომ სწორედ ამგვარი ცული უჭირავს ხელში ბოღაზქოიში (ხეთების სამეფოს დედაქალაქ ხატუსასში) ჭიშკრის მცველ მეომრად გამოსახულ ღვთაება თეშუბს. ჩაცმულობითაც და სარტყლითაც მას ბევრი პარალელი აქვს ამიერკავკასიაში. დამახასიათებელია, რომ თვით მცირე აზიაში არც მისებრი ნაჯახი და არც მისებრი სარტყელი სრულიად არ არის ნაპოვნი, მაშინ, როდესაც ამიერკავკასიაში ისინი რაოდენობითაა აღმოჩენილი476. თავის მხრივ, ხეთების მეფეებიც, განსაკუთრებით ხეთურ–მცირეაზიული სამეფოს ძლევამოსილების ხანაში (ძვ.წ. XV–XIII სს.), უეჭველია, სასტიკ ექსპანსიას ახორციელებდნენ სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში და ისტორიული საქართველოს სხვა სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ. ქართველი ტომები ამ მხარეში, მართალია, ძირითადად ცხოვრობდნენ ჩრდილო ანატოლიის ქედის ჩრდილო კალთებზე, მცირე აზიის სხვა მხარეებიდან იზოლირებულ მხარეში, მაგრამ არის იმისი ნიშნები, რომ ხეთები ასეთ შორეულ რაიონებშიც იკიდებდნენ ფეხს477. მეორე მხრივ, ცალკეული ქართველი ტომები, უეჭველია, ცხოვრობდნენ, ჩრდილო ანატოლიის ქედის სამხრეთ, ხეთებისათვის უფრო მეტად ხელმისაწვდომ, მხარეზეც. მათ მეზობლად აქ ამ დროს ცხოვრობდნენ, როგორც ჩანს, აგრეთვე ცალკეული აფხაზურ–ადიღეური და ვეინახური (ჩაჩნური) ტომები. ამაზე მიგვითითებს მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე მთელი რიგი სახელწოდებების არსებობა, რომლებიც სწორედ ამ წარმომავლობის ტომთა სახელებად გვევლინება შემდეგში. ასე მაგალითად, “წოფა” (ურარტული “ცუფა”, სომხური “წოფქ”, ანტიკური წყაროების “სოფენე”478) ბაცბურ–ქისტური “წოვ”-ების ტომის (იხ.წოვა–თუშები) სახელს იმეორებს; ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ მცირე აზიის მთიელთა ზოგადი სახელი ხეთებთან “ქაშქა” იგივე “ქაშაგი” უნდა იყოს, რასაც შუა საუკუნეების (არაბული, ქართული, რუსული) წყაროები უწოდებენ ჩერქეზებს (ადიღეველებს). საინტერესოა, რომ ასურეთის მეფის ტიგლათფილესერ I-ის (1115–1077) წარწერებში ამ სახელის ვარიანტად იხმარება “აბეშლა”, რაც ძალზე ჰგავს აფშილების, ანტიკურ ხანაში აფხაზეთის მიწა-წყალზე დამოწმებული აფხაზურ-ადიღეური წარმომავლობის (შდრ.“აფსუა” – ასე ეძახიან აფხაზები თავის თავს) ტომის სახელს479. ქაშქებს ზოგი მკვლევარი პროტოხეთებს უახლოვებს, რადგან ბევრი ქაშქური სახელი თითქოს პროტოხეთური ენის მასალით პოვებს ახსნას480. მაგრამ სპეციალისტები ხშირად პროტოხეთურ ენასაც აფხაზურ–ადიღეურ ენებს უახლოვებენ. ამრიგად, ქაშქებში აფხაზურ–ადიღეური თუ პროტოხეთური წარმომავლობის ტომები შეიძლება ვიგულისხმოთ. მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ თვით ხეთებთან “ქაშქა” სახელი ეთნიკურად ერთი გარკვეული ჯგუფის ტომების აღსანიშნავად იხმარებოდა. იგი უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთის მთიელთა კრებითი სახელი იყო და ალბათ ამ მხარეში მოსახლე ქართველ ტომებსაც მოიცავდა. ხეთები ქაშქებთან საუკუნეების მანძილზე აწარმოებდენ მძიმე ბრძოლებს, რომელთაც ხშირად თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა. ქაშქები თავს ესხმოდნენ ხეთებს და ზოგჯერ საფრთხეს უქმნიდნენ თვით მათ დედაქალაქ ხატუსასსაც. ქაშქები ამ დროს გვაროვნული წყობილების პირობებში ცხოვრობდნენ. საინტერესოა, რომ ხეთების მეფე მურსილი II ქაშქების ერთ–ერთი ბელადის ფიხუნიას შესახებ, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერებულა, ამბობს, რომ იგი “ქაშქურად კი არ მართავდა, არამედ მეფურად” და დასძენს – “ქაშქებთან ერთი კაცის ბატონობა წესად არ იყო მიღებული”481. ეტყობა აღნიშნული ფიხუნიას მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ქაშქებში უკვე დაწყებულა ტომის ბელადის სუვერენულ ხელისუფლად გადაქცევის, ე.ი. კლასობრივი საზოგადრების წარმოქმნის პროცესი. ქაშქების მეზობელი ოლქების მოსახლელბა ამ დროს აგრეთვე განვითარების ამ საფეხურზე იმყოფებოდა - დოკუმენტებში აქ მმართველებად “უხუცესები” და თვით “ხალხი” გამოდის482.

სოციალურ ეკონომიკური განვითარების მხრივ დაახლოებით ასეთივე დონეზე უნდა მდგარიყო კიდევ უფრო აღმოსავლეთით, ისტორიული საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში მცხოვრები ამდროინდელი მოსახლეობა. უკვე თრიალეთის კულტურის მატარებელ მოსახლეობაში საქმე უნდა გვქონდეს დიდ ტომთა კავშირებთან, სადაც პირველყოფილ–თემური წყობილება რღვევას იწყებს. ცოტა უფრო გვიან, განვითარება კიდევ უფრო შორს მიდის და ჩამოყალიბებას იწყებენ საკმაოდ დიდი და მყარი გაერთიანებები, რომლებიც, შეიძლება, უკვე კლასობრივი საზოგადოების დაბალ საფეხურს - ადრეკლასობრივ (განუვითარებელ კლასობრივ) საზოგადოებას განასახიერებენ. ასეთი გაერთიანებები უნდა ყოფილიყო, კერძოდ, დიაოხი (ტაოხი, ტაო) და კოლხა (კოლხეთი). სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ამ ორი დიდი გაერთიანების შესახებ ჩვენ ცნობებს ვპოვებთ ძვ.წ. XIII–VIII საუკუნეთა ასურულ და ურარტულ ლურსმულ წარწერებში. ასურელები ამ მხარეებში მცხოვრებ მოსახლეობასთან კონტაქტში ექცევიან ძვ.წ. XIII საუკუნიდან, როდესაც ანადგურებდნენ მითანის სახელმწიფოს და იწყებენ ჩრდილოეთში მისი მემკვიდრეობის ათვისებას. ყოფილი მითანის სამეფოს ჩრდილო რაიონებში, როგორც ჩანს, ამ დროს ყალიბდება მრავალი მცირე გაერთიანება, რომლებიც ამასთანევე მჭიდრო კონტაქტში ჩანან ერთმანეთთან და შემოსეულ მტერს გაერთიანებული ძალით ხვდებიან. ასურეთის მეფეებს ჩრდილოეთისაკენ ლაშქრობისას ამ დროს ძირითადად ბრძოლა უხდებათ სამ დიდ დაჯგუფებასთან. ესენია: სუბართუს ქვეყნები, ნაირის ქვეყნები და “ზემო ზღვის” სანაპიროზე მდებარე ქვეყნები. “სუბართუ” მოიცავდა ტერიტორიას ქაშიარის მთასა (დღევანდელი ტურ–აბდინი) და აღმოსავლეთ ევფრატის (დღევანდელი მურად-სუ) დინებას შორის, “ნაირი” მდებარეობდა მის ჩრდილოეთით მდ.ყარა–სუს (დასავლეთ ევფრატი) დინებაზე და მასსა და მურად–სუს დინებათა შორის მდებარე მხარეში, ხოლო “ზემოზღვისპირა ქვეყნები” კიდევ უფრო ჩრდილოეთით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მხარეს გულისხმობდა483. სუბართუს სახით ასურელებს წინ აღუდგა ხურიტული გაერთიანებების კავშირი. მას შემდეგ, რაც ძვ.წ. XIIIს. ბოლოს დასავლეთიდან წამოსული “ზღვის ხალხებისა” და მეზობელი მცირეაზიელი ტომების დარტყმებით მცირე აზიაში ხეთების სამეფო განადგურდა, ასურელებს შეტაკება მოუხდათ აგრეთვე იმათთან, ვინც ხეთებზე ეს გამარჯვება მოიპოვა და შემდეგ თავისი წარმატების განვითარება აღმოსავლეთის – ჩრდილო მესოპოტამიის- მიმართულებით განიზრახა. ასეთებს წარმოადგენენ სწორედ ის მუშქები და ქაშქები, რომლებთანაც ბრძოლები გადახდათ ასურელებს. ასურეთის მეფის ტიგლათ ფილესერ I-ის (1115–1077) ცნობით, მუშქებს მისი მეფობის დაწყებამდე 50 წლით ადრე ხელში ჩაუგდიათ ალზისა და ფურულუმზის ქვეყნები484, რომლებიც ასურელების მიერ სუბართუში შემავალ ქვეყნებად განიხილებოდა. ახლა, მისი მეფობის დასაწყისში, “20000 მუშქი და მათი 5 მეფე” ჩამოსულა მთებიდან და კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე ქათმუხის ქვეყანას დაუფლებია485. ასურეთის მეფე იკვეხნის, რომ მან ისინი გაანადგურა, დიდი ნაწილი გაჟლიტა, დარჩენილი 6000 კაცი კი, რომელიც დანებდა, თავისი “ქვეყნის ხალხად”, ე.ი. ქვეშევრდომად მიიღო486. აშკარად ჩანს, რომ საქმე ეხება გადმოსახლებულ ხალხს და არა ლაშქარს. ტიგლათფილესერი იკვეხნის, რომ მან ამ მუშქების დიდძალი სიმდიდრე იგდო ხელთ. ისინი ქათმუხიში, მთელი თავისი ავლა–დიდებით ჩამოსახლებულან. მთებიდან ჩამოსულა ხუთი მუშქური ტომი (20 ათას მუშქს 5 მეფე ჰყოლია!). უეჭველია, რომ საქმე ეხება იმ ხალხს, რომელმაც მცირე აზიაში თარეში იწყო მისივე მონაწილეობით მომხდარ ხეთების სამეფოს დამხობის შემდეგ. რადგანაც ძვ.წ. Vlll-Vll სს. ასურელები ფრიგიის სამეფოს მუშქების სამეფოს ეძახიან, ხოლო ფრიგიელებს მცირე აზიაში სწორედ ხეთების სამეფოს დაცემის ჟამს, ძვ.წ. XllI-XII სს. ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან მოსულად მიიჩნევენ, თითქოს ყველაზე უფრო ბუნებრივი იქნება იმ მუშქებში, რომელთაც ებრძვის ტიგლათფილესერ I, სწორედ დასავლეთიდან მოსული ფრიგიელები ჩაგვეთვალა. სპეციალისტების ერთი ნაწილი ასეც ფიქრობს, მაგრამ, თუ გავისხსენებთ უკვე ანტიკური ხანიდან დამოწმებულ ვითარებას, რომელსაც მუშქი (იგივე მოსხი, მესხი) სახელი უცილობლად ქართველ ტომებს აღნიშნავს, გამორიცხული არ ჩანს ვარაუდი, რომ ტიგლათფილესერ I-ის დროის მუშქებიც ქართველ ტომებად მივიჩნიოთ, რომლებიც ხეთებისა და მითანის სამეფოების განადგურების ქარიშხლიან ეპოქაში ჩრდილოეთიდან ამოძრავებულან და მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, ძველი სუბართუს მიწა-წყალზე დამკვიდრება უცდიათ. შემდეგში ისინი უნდა შერეოდნენ მეზობელ ტომებს, მათ შორის ფრიგიელებს და მათთან ერთად VIII ს. დიდი ფრიგიის სამეფოც უნდა შეექმნათ. ასურელებს ამ სამეფოსათვის ასეთი სახელწოდება მიუციათ ამ სამეფოში შემავალი, მათთან ყველაზე უფრო ახლო ტერიტორიაზე მცხოვრები ტომის (მუშქების) მიხედვით487, მაშინ, როდესაც ბერძნებმა ამ სამეფოში შემავალი და მათ სახელმწიფოსთან ახლო მცხოვრები ტომის-ფრიგიელების მიხედვით მას ფრიგიის სამეფო შეარქვეს488. ასეთი ვარაუდი უფრო მეტ დამაჯერებლობას იხვეჭს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ეპოქაში ასეთსავე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ წინსვლას ვხვდებით ხეთების ძველისძველი მეზობლებისა და მტრების - ქაშქების მხრივაც. თავისი მეფობის დასაწყისში მეფე ტიგლათფილესერ I-ს ომის გადახდა მუშქებთან ერთად უხდება ქაშქებთან - “ხათის (ე.ი. ხეთების) ქვეყნის ხალხთან, რომელთაც ხელში ჩაიგდეს სუბართუს ქვეყნის სამოსახლონი”,489 ქაშქების გამოსავალი მხარე კი ჩვენთვის კარგად ცნობილია – ისინი ხეთების სამეფოს დროს მცირე აზიის ჩრდილო– აღმოსავლეთ რაიონებში ცხოვრობდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ მუშქები და ქაშქები, რომლებთანაც ბრძოლა უხდება ტიგლათფილესერ I-ს, სუბართუს მიწა-წყალზე (მათ, ჩანს, ამ დროს თავის ჰეგემონობა დაუმყარებიათ ამ მხარეშიც), მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებიდან მომდინარე ხალხის ნაკადს შეადგენდნენ. მეორე, საკმაოდ მყარ პოლიტიკურ ძალას ასურეთის ჩრდილოეთით მდებარე მხარეში ძვ.წ. XII–XI საუკუნეთა მიჯნაზე (და უფრო ადრეც), წარმოადგენდნენ “ნაირის ქვეყნები” – მდ.ყარა-სუზე (დას.ევფრატი) და ყარა–სუსა და მურად-სუს ორმდინარეთში მდებარე პოლიტიკური ერთეულების კავშირი. ყველაზე გამოჩენილი მათ შორის სწორედ დიაოხი, ანდა, როგორც მას ასურელები ეძახდნენ, დაიაენი იყო. “დიაუხის” ამ ქვეყანას ურარტელები უწოდებდნენ. ეს სახელი ახლო მდგომი ფორმით გვხვდება V საუკუნის ბერძენ ავტორ ქსენოფონტესთან, რომელიც “ტაოხებს” ასახელებს სამხრეთ ამიერკავკასიის მიწა-წყალზე გავლის დროს. ეს სახელი შემორჩა ისტორიული საქართველოს ერთ–ერთ ოლქს - ტაოს. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ, რომ ძველი დიაოხიც სადღაც მერმინდელი ტაოს რაიონში იმყოფებოდა. ჩვენამდე მოაღწია არზრუმის მიდამოებში ამოკვეთილმა ლურსმულმა წარწერამ, სადაც ურარტუს მეფე მენუა მოგვითხრობს დიაოხისა და მისი “სამეფო ქალაქის” შაშილუს დაპყრობის შესახებ (УKH, 36, 37). უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ტერიტორია იმ დროს დიაოხიში შედიოდა. ასურეთის მეფე სალმანასარ III დიაოხის იხსენებს ამ ადგილებთან კავშირში - იგი ამბობს, რომ მიაღწია არზრუმის მახლობლად მდებარე დას. ევფრატის (ყარა–სუს) სათავეებს და აქ მიიღო ხარკი ამ ქვეყნის მეფე ასიასაგან490. დღევანდელი არზრუმისა და ყარა–სუს სათავეების რაიონი ალბათ დიაოხის სამხრეთ პერიფერიას წარმოადგენდა. მისი ტერიტორია აქედან ჩრდილოეთით ვრცელდებოდა; ამაზე მიუთითებს, მაგალითად ის, რომ დიაოხის მეზობლად იხსენიებენ ურარტული წყაროები “ზაბახა”–ს (ე.ი. ჯავახეთს (УKH,127, I). დიაოხის ერთ–ერთი ოლქი - ხუშანი (ხუშალხი) შემდეგში კოლხას (ე.ი. კოლხეთის) ფარგლებში ექცევა და ა.შ. დიაოხის (დაიაენის) ქვეყნის ტოპონიმიკა, მმართველთა სახელები (მაგალითად, სენი – “ძმა” ხურიტულად) ხშირად ხურიტულ ელფერს ატარებს. სუფიქსი – ხი-ც, რომლითაც ეს სახელი (დიაოხი, ტაოხი) ასე ხშირად გვხვდება (ძირეულია მასში დიაო, ტჲაო, ტაო), აგრეთვე ხურიტული კუთვნილების სუფიქსია491. უნდა ვიფიქროთ, რომ დიაოხის მოსახლეობა ადრე მითანის სამეფოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოქცეული. გამორიცხული არ არის აგრეთვე ისიც, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ან მის მეზობლად ეცხოვრათ ცალკეულ ხურიტულ ტომებს. ძვ.წ. XII ს. ბოლოს დიაოხი (დაიაენი) ყველაზე ძლიერი ჩანს “ნაირის ქვეყნებს” შორის. მკვლევარნი ამ დასკვნამდე მიდიან იმ განსაკუთრებული როლის მიხედვით, რომელსაც ასრულებს დაიაენი და მისი მეფე სენი ასურელთა ლაშქრობის დროს ნაირის ქვეყნების წინააღმლეგ ტიგლათფილესერ I–ის მეფობის მესამე წელს (ძვ.წ. 1112 წ.). “იმ დროს, - ამბობს თავის წარწერაში ასურელთა ეს მეფე, -ღვთაება ასურის, ჩემი მეუფის, დიადი ძალით, მამაცი ღვთაება შამაშის ერთგული წყალობით, დიად ღვთაებათა შემწეობით, (მე, ტიგლათფილესერი), რომელიც სამყაროს ოთხივ მხარეზე სამართლიანად ვბრძანებლობ, რომელსაც არ მყავს მძლეველი ომში (და) ტოლი ბრძოლაში, შორეულ მეფეთა ქვეყნებისაკენ, რომელნიც ზემო ზღვის ნაპირას (ცხოვრობენ) (და) რომელთაც არ იცოდნენ (თუ რა არის) მორჩილება, ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამგზავნა. გავემართე გაუვალი გზებითა და მძიმე გადასასვლელებით, რომელთა წიაღიც არ უხილავს წინათ არც ერთ მეფეს; დახშული გზებითა და ჩაკეტილი ბილიკებით გადავლახე მთები ელამა, ამადანა, ელხიშ, შერაბელი, თარხუნა, თირქახული, ქისრა, თარხანაბე, ელულა, შახთარაე, შახიშარა, უბერა, მილიადრუნი, შულიანზი, ნუბანაშე და შეშე – 16 უზარმაზარი მთა. კარგ ადგილას ჩემი ეტლით მივდიოდი, (ხოლო) ძნელად გასავლელებში კი ბრინჯაოს წერაქვებით ვიკვლევდი გზას... მთის ხეები მოვჭერი და ხიდები გავდე ჩემი ჯარების გასავლელად. გადავედი მდინარე ევფრატზე. თუმეს, თუნუბეს, თუალის, ქინდარის, უზულას, უნზამუნის, ანდიაბეს, ფილაქინის, ათურგინის, ქულიბარზინის, შინიბირნის, ხიმუას, ფაითერის, უირამის, შურურიას, აბაენის, ადაენის, ქირინის, ალბაიას, უგინას, ნაზაბიას, აბარსიუნის, დაიაენის ქვეყნების მეფეებმა, სულ ნაირის ქვეყნების 23 მეფემ, შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და ომისათვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ. ღვთაება ადადის ნიაღვრის მსგავსად აღვასრულე მათი მრავალრიცხოვანი ჯარების განადგურება. მათი მეომრების გვამები მიმოვფანტე... მთების მწვერვალებსა და მათი ქალაქების მახლობლად. მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე. ნაირის ქვეყნების 60 მეფეს, მათთან ერთად, რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ, ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდიე. მათი დიდი ქალაქები დავიპყარ, მათი ნადავლი, მათი ქონება, მათი სარჩო–საბადებელი წამოვიღე. მათი ქალაქები ცეცხლში დავწვი, დავარბიე, დავანგრიე, ნანგრევთა გორაკებად და ნამსხვრევებად ვაქციე (ისინი). ცხენების, ჯორების, ჯორ–ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრების პირუტყვი ურიცხვი წამოვიყვანე. ნაირის ყველა მეფე ჩემმა ხელმა ცოცხლად დაატყვევა. ეს მეფეები შევიწყალე. მე მათ სიცოცხლე შევუანარჩუნე. ისინი, დატყვევებულნი და შებოჭილნი, შამაშ ღვთაების, ჩემი მეუფის, წინაშე გავათავისუფლე და ფიცი მსახურებისა ჩემს დიად ღვთაებათადმი დავადებინე მომავლის დღეთათვის და სამარადისოდ. (მათი) ძენი, მათი სამეფო ნაშიერნი, მძევლებად გამოვართვი. 1200 ცხენი, 2000 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხარკად დავადე და თავიანთ ქვეყნებში გავუშვი მე ისინი. სიენი, მეფე დაიაენის ქვეყნისა, რომელიც არ ემორჩილებოდა ღვთაება ასურს, ჩემს მეუფეს, დატყვევებული და შებოჭილი ჩემს ქალაქ ასურში წავიყვანე (და იქ) შევიწყალე იგი. ჩემს ქალაქ ასურიდან დიად ღვთაებათა მორჩილი გავუშვი მე იგი მორჩილებისა და სიცოცხლისათვის. ნაირის ვრცელ ქვეყნებს მთლიანად დავეუფლე და მათი ყველა მეფე ჩემს ფეხთ წინაშე დავამხე”492. დაიაენის განსაკუთრებული მდგომარეობა ნაირის ქვეყნებში კარგად ჩანს ამ წარწერიდან: ასურეთის მეფე ნაირის მეფეთა შორის მხოლოდ დაიაენის მეფეს ასახელებს; მხოლოდ იგი მიჰყავს ასურეთში, მაშინ, როდესაც სხვა “მეფეებს” ადგილზევე ათავისუფლებს და უშვებს თავთავიანთ ქვეყნებში. ამ განსაკუთრებული ყურადღების მიზეზი ალბათ ისაა, რომ დაიაენი (დიაოხი) ყველაზე ძლიერი იყო ნაირის მეფეთა შორის, და მათ კოალიციას ედგა სათავეში. ნაირის ქვეყნების ეს კავშირი არ უნდა იყოს შემთხვევითი. როგორც ჩანს, საქმე ეხება გარკვეულ დაჯგუფებას, რომელიც გარეშე მტრის მიმართ მაინც მუდამ ერთად მოქმედებს. ამაზე მიგვითითებს, კერძოდ ის, რომ ძვ.წ. XIII ს. ბოლოს ამ ადგილებში მოლაშქრე ასურეთის მეფე თუქულთი-ნინურტა I-ს ბრძოლა მოუხდა აგრეთვე დიდ კოალიციასთან - “ნაირის 40 ქვეყნის გაერთიანებასთან493.” ნაირის ქვეყნების ეს გაერთიანება, რომლის სათავეშიც ძვ.წ. XII ს. დასასრულს დაიაენის (დიაოხის) ვხედავთ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე მოსახლე ტომებს მოიცავდა. დაიაენი ამათგან, ჩანს, ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა. ყველაზე უფრო სამხრეთით იყო თუმე - აქედან იწყებს ტიგლათფილესერ I ნაირის ქვეყნების ჩამოთვლას. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ტიგლათფილესერ I სხვა წარწერებში არაერთხელ ეძახის თავს “ნაირის ქვეყნების დამპყრობელს თუმედან ვიდრე დაიაენიმდე.” ეტყობა, ამით იგი გამოჰყოფს ნაირიში მის მიერ დაპყრობილი ქვეყნებიდან ასურეთთან ყველაზე ახლო (ე.ი. ყველაზე სამხრეთით) და ყველაზე უფრო შორს (ყველაზე ჩრდილოეთით) მდებარე ქვეყნებს494.

მაგრამ, აშკარაა, რომ დაიაენის (დიაოხის) გავლენა ვრცელდებოდა აგრეთვე მის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებზედაც. ტიგლათფილესერ I-ის ზემომოყვანილ წარწერებში ყურადღებას იქცევს ის, რომ ნაირის იმ ქვეყნების კოალიციის საშველად, რომელსაც სათავეში დაიაენი ედგა, მოდის სხვა “60 მეფის” ლაშქარი, რომელთაც ტიგლათფილესერი ამარცხებს და მიერეკება “ზემო ზღვამდე”, ე.ი. ალბათ მათ გამოსავალ პუნქტამდე. ამრიგად, აქ საქმე უნდა ეხებოდეს “ზემო ზღვის” ნაპირას მცხოვრებ მრავალრიცხოვან ტომებს, რომლებიც ალბათ სწორედ დაიაენის მეფის მოწოდებით წამოსულან მისი და ნაირის სხვა ქვეყნების ლაშქრის მისაშველებლად. ამრიგად, აქ ჩვენ წინაშე თავს იჩენს ჩრდილოეთის ტომთა კიდევ ერთი, მესამე დაჯგუფება, რომელთანაც ბრძოლა აქვთ ძვ.წ. XII-XI საუკუნეთა მიჯნაზე ასურელებს. რომ არც ეს დაჯგუფებაა შემთხვევითი, იქიდანაც ჩანს, რომ ტიგლათფილესერ I-ის მეფობაზე ადრეულ ხანაშიც “ზემო ზღვისპირას მცხოვრები მეფეები (ტომები)” ასევე გამოკვეთილად, ნაირის დაჯგუფების გვერდით, უპირისპირდებიან ასურელებს. მაგალითად, მეფე თუქულთი–ნინურტა I (1245 –1209) ბევრს ლაპარაკობს თავის ბრძოლებზე “ნაირის 40 მეფესთან”. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ თავის წარწერაში იგი უკვე მარტო ნაირის ქვეყნების შესახებ როდი ლაპარაკობს, არამედ “ნაირის ქვეყნებისა და ზემო ზღვის ნაპირას მდებარე ქვეყნების შესახებ.” ერთ–ერთ ასეთ წარწერაში ვკითხულობთ: “როდესაც ღვთაება ასურმა ნაირის ქვეყნებზე და ზემო ზღვის ნაპირას (მდებარე) ქვეყნებზე გამგზავნა... ნაირის ყველა ქვეყანა და ზემო ზღვის ნაპირას (მდებარე) ყველა ქვეყანა ჩემმა ხელმა დაიპყრო. მათი 40 მეფე დავიმორჩილე, ჩემს ფერხთ წინაშე დავამხე და ხარკი დავადე”495. თუქულთი-ნინურტა I–ის კიდევ ერთი წერწერა იხსენიებს “ნაირის ქვეყნებისა და (ზემო) ზღვიპირა ქვეყნების 40 მეფეს” და მათგან ქალაქ ასურში ხარკის მიღებას496. ძნელია დავეჭვდეთ იმაში, რომ თუქულთი-ნინურტა I-ის “ზემო ზღვა” იგივე უნდა იყოს, რაც ტიგლათფილესერ I-ის მოყვანილი წარწერის “ზემო ზღვა” ორივეგან კი, ჩვენი აზრით, შავი ზღვა უნდა იგულისხმებოდეს და აქ, მაშასადამე, ლაპარაკი უნდა იყოს შავიზღვისპირას მცხოვრები ტომების კავშირზე. არაერთი მკვლევარი თვლის, რომ ტიგლათფილესერ I-ის წარწერის “ზემო ზღვა” შავი ზღვაა497. მაგრამ გამოთქმული იყო სხვა ვარაუდებიც. ებ.შრადერს მიაჩნდა, რომ აქ ვანის ტბა უნდა იგულისხმებოდეს498. თუქულთი-ნინურტა I-ის ტექსტებში მოხსენებულ “ზემო ზღვასაც” ე. ვაიდნერი ვანის ტბად თვლის499, ხოლო რ.ბორგერი - ხმელთაშუა ზღვად500. მაგრამ ხმელთაშუა ზღვად ამ წარწერების “ზემო ზღვის” მიჩნევა შეუძლებელია. აშკარაა, რომ “ზემო ზღვა” სადღაც ჩრდილოეთში “ნაირის ქვეყნების” მეზობლადაა საძებნი, ამასთანავე, როგორც თვით რ. ბორგერი აღნიშნავს, ჩვენ არაფერი ვიცით ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით თუქულთი-ნინურტა I-ის ლაშქრობების შესახებ. არც ვანის ტბის ვარიანტი ჩანს გამართლებული. მართალია, უფრო გვიანდელი, მაგალითად ძვ.წ. IX-VIII საუკუნეთა ასურული მასალებით “ნაირი” მოიცავდა ვანის ტბის რაიონსაც501, ხოლო ვანის ტბაც ამ დროს ზოგჯერ “ნაირის ქვეყნის ზღვის” სახელით იხსენიება502, მაგრამ ძველი, ჩვენთვის ამჟამად საინტერესო შუაასურული ხანის წარმოდგენები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ნაირის შესახებ ამ გვიანდელი წარმოდგენებისაგან, როდესაც “ნაირი” სახელმა მეტად ფართო, თითქმის მთელი ჩრდილოეთის მომცველი ხასიათი მიიღო. “ნაირი” ძვ.წ. XIII–XI სს., როგორც ჩანს, იწყებოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევფრატის (მურად– სუს და ყარა–სუს) შესაყართან და აქედან ვრცელდებოდა ჩრდილოეთისაკენ მურად- სუ – ყარა–სუს ორმდინარეთისა და შავი ზღვის მიმართულებით503. ნიშანდობლივია, რომ ტიგლათფილესერ I ჩრდილოეთის მიმართულებით თავის დაპყრობათა საზღვრად ზოგჯერ თუ დაიაენის ასახელებს, სხვა შემთხვევაში უკვე - “დაიაენის და ზემო ზღვას”. ამბობს, რომ მან დაიპყრო ნაირი თუმედან დაწყებული ვიდრე დაიაენის ქვეყნამდე და ზემო ზღვამდე504. ეს გარემოება საფუძველს გვაძლევს “ზემო ზღვაც”, დაიაენის მსგავსად, ნაირის ჩრდილო განაპირაზე ვეძებოთ, რის გამოც უფრო ბუნებრივი იქნება, თუ მასში შავ ზღვას ვიგულისხმებთ და არა ვანის ტბას. მეორე მხრივ, ტიგლათფილესერის წარწერებში აღნიშნული ზემო ზღვის ნაცვლად ზოგჯერ “დიდი ზღვა” იხსენიება505. ეს გარემოებაც გამორიცხავს ამ ზღვაში ვანის ტბის დანახვას. შუაასურული ხანის მეფეთა წარწერებში “ზემო ზღვად” ვანის ტბის მიჩნევის საწინააღმდეგოდ უნდა ლაპარაკობდეს, სხვათა შორის, მისი მოხსენიება თუქულთი-ნინურტა I-ის ტიტულატურაში. აქ იგი თავის თავს ეძახის “დამპყრობელს ქვემო ზღვიდან ვიდრე ზემო ზღვამდე.506” რამდენადაც “ქვემო ზღვა” სპარსეთის ყურეს და მის გაგრძელებას - ოკეანის სივრცეს გულისხმობს, “ზემო ზღვაშიც” მისი ცოტად თუ ბევრად სრულფასოვანი რამ უნდა ვივარაუდოთ. ვანის ტბის მიჩნევა კი ასეთად, რა თქმა უნდა, უადგილო იქნება507. ძვ.წ. XIII-XII სს. ასურული წარწერების “ზემო ზღვაში” შავი ზღვის მიჩნევას დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ–აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, ე.ი. ძველი კოლხეთის ისტორიისთვის. ამის მეოხებით ჩვენს განკარგულებაში ექცევა კარგად დათარიღებული კონკრეტული მასალა ძვ.წ. XIII–XII სს. შავიზღვიპირეთის ტომთა შესახებ. ვეცნობით ამ მხარის ტომთა დიდ გაერთიანებებს, მათ ბრძოლებს სამხრეთის დიდი სახელმწიფოების ლაშქართან და სხვ. ჩვენ თვალწინ იშლება აგრეთვე სურათი მჭიდრო კავშირისა, რომელიც ამ გაერთიანებას ჰქონდა უფრო სამხრეთით არსებულ “ნაირის ქვეყნების” გაერთიანებასთან და ა.შ. ძვ.წ. XIII-XII სს. ასურულ წყაროებში ფიქსირებული შავიზღვისპირეთის ტომთა კავშირები ლეგენდარული კოლხეთის მოსახლეობის გაერთიანებად უნდა მივიჩნიოთ. ამიტომაც ჩვენს ყურადღებას იქცევს ტიგლათფილესერის ერთ ერთი წარწერა, ნაპოვნი სოფ.იუნჯალუსთან (მალაზგირთის მახლობლად), რომელშიც ასურეთის მეფე თავის თავს ეძახის “ნაირის ქვეყნების დამპყრობელს თუმედან ვიდრე დაიაენიმდე, (აგრეთვე) კილხის ქვეყნის დამპყრობელს ვიდრე დიდ ზღვამდე”508. აქაც ჩრდილოეთში არსებულ ორ ტრადიციულ გაერთიანებაზე, ორ ქვეყანაზე უნდა იყოს საუბარი - ნაირისა და ზღვისპირა ქვეყნების გაერთიანებაზე. საინტერესო ის არის, რომ ეს უკანასკნელი აქ “კილხი”–ს, ე.ი., როგორც ვფიქრობთ, კოლხის // კოლხეთის სახელით იხსენიება509. ამრიგად, ჩვენ საშუალება გვეძლევა ვილაპარაკოთ კოლხური გაერთიანების ბრძოლებზე ძვ.წ. XII-XI სს. ასურეთის ხელისუფლებასთან. ამ ბრძოლებში კოლხური გაერთიანება მჭიდრო კავშირში გამოდიოდა მის სამხრეთით მდებარე ნაირის ქვეყნების გაერთიანებასთან, რომლშიც წამყვანი მდგომარეობა დიაოხის (დაიაენის) ეკავა. ასურეთის მეფეებს არასდროს აქამდე და არც ამის შემდეგ ისე ჩრდილოეთით არ ულაშქრიათ, როგორც თუქულთი-ნინურტა I-ის ან ტიგლათფილესერ I-ის დროს. შუაასურელი ხანის მეფეთა ასეთი ინტენსიური საქმიანობა ჩრდილოეთის მიმართ აიხსნება ასურეთისათვის ამ მიმართულებით შეტევითი თუ თავდაცვითი ბრძოლების წარმოების სასიცოცხლო მნიშვნელობით (ბრძოლა მითანის სამეფოსთან და მის მემკვიდრეებთან, რომელთაც აქამდე დიდხანს დაპყრობილ– დამორჩილებული ჰყავდათ ასურელები, ბრძოლა ჩრდილოეთიდან (ჩრდილო- დასავლეთიდან) შემოჭრილი ტომების (მუშქები, ქაშქები და სხვ.) წინააღმდეგ და ა.შ.). თავის მხრივ, ჩრდილოეთის, კერძოდ, სამხრეთ ამიერკავკასიისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობაც ამ დროს, ჩანს, მჭიდროდ იყო ჩაბმული სამხრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ჭიდილში, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ხეთებისა და მითანის, ხოლო შემდეგ ასურეთის სამეფოებთან. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ეპოქის სამხრეთ ამიერკავკასიის არქეოლოგიური მასალა შეიცავს სამხრეთული წარმოშობის მეტად დამახასიათებელ ნიმუშებს. მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ 1961 წელს სევანისპირეთში, სოფ.ლჩაშენთან გათხრილ ერთ-ერთ ყორღანში XV-XIV საუკნეებისათვის ტიპიური მითანური ცილინდრული საბეჭდავის აღმოჩენა. აქვეა ნაპოვნი ხურიმითანური სამყაროსათვის დამახასიათებელი სხვა საგნებიც510. შეიძლება, გავიხსენოთ აგრეთვე აზერბაიჯანში, ხოჯალის სამაროვანზე ნაპოვნი მძივი ასურეთის მეფის ადადნირარი I-ის (1307-1276) წარწერით511. იგი აქ ასურელებთან უშუალო კონტაქტის შედეგად შეიძლება მოხვედრილიყო და ამ ეპოქაში ასურელებსა და სამხრეთ ამიერკავკასიის მოსახლეობას შორის უშუალო ურთიერთობის არსებობის ერთ-ერთ მანიშნებელს წარმოადგენს

(+)

სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, კილხის (კოლხის, კოლხეთის) ქვეყნის მოსახლეობა ამ დროს, ზემომოტანილი მასალების მიხედვით, ჯერ კიდევ პირველყოფილ–თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა. ამაზე მიგვითითებს თუნდაც დიდი მრავალრიცხოვნება “ზემოზღვისპირა მხარის” (კოლხი//კოლხეთის) მეფეებისა (თუქულთი-ნინურტა I ლაპარაკობს ნაირსა და ზემოზღვისპირა 40 მეფეზე, ტიგლათფილესერ Iკი იხსენიებს ამ მხარიდან მოსულ 60 მეფეს კიდევ სხვა მეფეებთან ერთად). ამ დროს აქ თითქოს მყარი ტომთა კავშირიც კი არ უნდა ყოფილიყო (გაერთიანებას ერთი მეთაური არ უჩანს!). მაგრამ განვითარება აქ უცილობლად ამ მიმართულებით მიდიოდა: ხან თავდაცვითი და ხან შეტევითი მიზნით იქმნებოდა, როგორც ვხედავთ, დიდი გაერთიანებები კოლხური ტომებისა, რომლებიც თანდათან უფრო მყარ გაერთიანებებში უნდა გადაზრდილიყო. ამ ადგილებში კარგი პირობები არსებობდა აგრეთვე მეურნეობის მთელი რიგი დარგების, განსაკუთრებით მესაქონლეობისა და მეტალუგრგიის დაწინაურებისათვის. რკინის სამრეწველო გამოყენებაზე სწრაფმა გადასვლამ, აგრეთვე წინააზიური კულტურის ცენტრებთან სიახლოვემ და მათთან უშუალო კონტაქტმა სწრაფი ტემპით წაიყვანა აქაური მოსახლეობის კონსოლიდაცია და სოციალურ-ეკონომიური განვითარება. აღნიშნული არამყარი გაერთიანების ბაზაზე ჩამოყალიბდა ძლიერი კოლხური გაერთიანება – კოლხეთის სამეფო. ძვ.წ. VIII ს. შუა ხანებში, როდესაც მასთან ბრძოლები უხდება ურარტუს ძლიერ სახელმწიფოს, კოლხეთი (კოლხა) უკვე ერთიანი პოლიტიკური ერთეულია თავისი “მეფით”, “სამეფო ქალაქებით”, პროვინციების გამგებელი მეფისნაცვლებით და ა.შ. (ამაზე იხ.ქვემოთ). ეს ტრანსფორმაცია ტიგლათფილესერ I-ის შემდგომ ხანაში, ძვ.წ. XI–IX სს. მანძილზეა სავარაუდებელი. სწორედ ამ დროს კილხი (კოლხეთი) გადაიქცა მყარ და ძლიერ გაერთიანებად, რომელმაც თავისი გავლენა განავრცო სამხრეთ–აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ვრცელ მიწა–წყალზე. ამან, უეჭველია, ხელი შეუწყო ამ მხარეში მცხოვრები ტომების კულტურული მონაპოვრების ურთიერთგაზიარებას და აქ მცხოვრები მოსახლეობის იმ კულტურული ერთობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, რომელიც “კოლხური კულტურის” სახელითაა ცნობილი. არგონავტებზე ძველბერძნულ თქმულებაში, რომელშიც ბერძენი გმირების კოლხეთში მგზავრობაზეა ლაპარაკი, აისახა დიდება და ძლიერება სწორედ ამ ძველი კოლხური სამეფოსი. ისტორიულ კოლხეთს პირველი ბერძენი ზღვაოსნები, მეკობრეები და კოლონისტები, ჩანს, სწორედ ამ დროს, ძველი კოლხური გაერთიანების ძლიერების პერიოდში გაეცნენ (ძვ.წ. XI-VIII სს.) და კოლხეთის თემის გაჩენაც არგონავტებზე მითში ამ დროით უნდა დათარიღდეს. მართალია, არგონავტების ლაშქრობას ბერძნული ტრადიცია ტროას ომის (XII ს.) წინარე ხანაში ათავსებდა, ასევე, ძალიან ადრე უნდა შექმნილიყო მასზე თქმულების ზოგიერთი კვანძიც, მაგრამ არ არის სავალდებულო, რომ კოლხეთის თემაც მასში ძვ.წ. XII ს. უწინარეს ხანაში გაჩენილიყო. ზოგიერთი მკვლევარი მართლაც ფიქრობს, რომ კოლხეთისა და ოქროს საწმისის თემა მითში უფრო გვიან უნდა იყოს ჩართული, როდესაც განხორციელდა მდ. ფაზისისაკენ ბერძენთა დაზვერვები და ლაშქრობანი ნადავლის ხელში ჩასაგდებად. რიჰარდ ჰენინგის აზრით, კერძოდ, ძვ.წ. VIII ს. შემდეგაა მითში ჩართული კოლხეთში ლაშქრობა, ოქროს საწმისის მოტაცება და მთელი პოეტური შენათხზი, რომლითაც მოცულია მედეას სახე. ამის საბუთად მიაჩნიათ ის, რომ ჰომეროსთან არ იხსენიება მედეა, კოლხეთი ან ოქროს საწმისი512. ძნელია დავეთანხმოთ არგონავტების მითში კოლხეთის თემის ასე გვიანი დროით (ძვ.წ. VIII ს და შემდეგ) დათარიღებას, რადგან ძვ.წ. VIII ს. ბოლოდან, ყოველ შემთხვევაში, როდესაც განადგურდა (კიმერიელების შემოსევის შედეგად) ეს ძლიერი ძველი კოლხური სამეფო, ძველბერძნულ წარმოდგენებში ამგვარი კოლხეთის გაჩენისათვის თითქოს საფუძველი არც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი აზრით, არც ისაა სავალდებულო, რომ კოლხეთის თემის გაჩენა ამ თქმულებაში მაინცდამაინც მეტისმეტად შორეულ ხანას, ტროას ომის წინა პერიოდს დავუკავშიროთ და აქ კოლხეთთან მიკენური (აქეური) ხანის საბერძნეთის ურთიერთობის ანარეკლი მივიჩნიოთ513. შავიზღვისპირეთის კოლხეთის (კილხის) შესახებ ასურულ ლურსმულ წარწერებში დაცული ცნობების ზემომოტანილი ინტერპრეტაციით თითქოს არც ამისი საფუძველი არსებობს, ასეთი კოლხეთი ესოდენ შორეულ ხანაშიც არ ივარაუდება514. ძვ.წ. XI საუკუნიდან, ვიდრე IX-VIII სს. ლურსმული წარწერები სდუმან ჩვენთვის საინტერესო გაერთიანებების – დიაოხისა და კოლხას შესახებ. წარწერების ეს დუმილი არ შეიძლება ამ გაერთიანებათა დასუსტება განადგურებით ავხსნათ. პირიქით, ეს პერიოდი მათი განმტკიცება-გაძლიერების ხანა უნდა ყოფილიყო და ამ დუმილს სხვა ახსნა უნდა მოვუძებნოთ: მალე, ძლევამოსილი ტიგლათფილესერ I-ის (1115-1077) შემდეგ, ასურეთი სუსტდება და რამდენიმე საუკუნის მანძილზე აწარმოებს მძიმე თავდაცვით ბრძოლებს არამეელი ტომების წინააღმდეგ. ასურეთს ამ დროს არაა აქვს შესაძლებლობა შეტევა განახორციელოს ისეთი შორეული ქვეყნების წინააღმდეგ, როგორიც დიაოხი ანდა კოლხა იყო. როდესაც ძვ.წ. IX ს. ასურეთი ხელახლა ძლიერდება და ჩრდილოეთისაკენ ლაშქრობებსაც ანახლებს, ცნობები დიაოხის შესახებ კვლავ ჩნდება ასურულ ლურსმულ წარწერებში, ხოლო მალე დიაოხის, ისევე როგორც კოლხას შესახებ ბევრია ლაპარაკი აგრეთვე ურარტულ ლურსმულ წარწერებშიც. ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ამიერკავკასიის სამხრეთით მდებარე მიწა–წყალზე საერთოდ აღარ არსებობს რომელიმე დიდი და ძლიერი სახელმწიფო. მახლობელ აღმოსავლეთში ესაა მცირე სახელმწიფოების ეპოქა. ესეც ხელისშემწყობი გარემოება იყო დიაოხისა და კოლხას გაძლიერებისათვის. მაგრამ, ძვ.წ. IX საუკუნიდან ვითარება შეიცვალა. ასურეთი ისევ გაძლიერდა და განაახლა შეტევა მეზობლებზე. მეორე მხრივ ამიერკავკასიის ქვეყნებთან კიდევ უფრო ახლოს ჩამოყალიბდა მეორე ძლიერი სახელმწიფო – ურარტუ. ურარტუს ძირითადი მოსახლეობა - ურარტელები ხურიტების (მითანის სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის) მონათესავე ტომია. ურარტელები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ვანის ტბის მიდამოებში. ძვ.წ. IX ს. მათ ძლიერი სახელმწიფო შექმნეს, რომლის დედაქალაქიც გახდა ტუშფა (დღევანდელი ქ.ვანის ადგილას თურქეთში). IX ს. დასასრულსა და VIII საუკუნეში ურარტუს მეფეები იშფუინი, მენუა, არგიშთი I და სარდური II აწარმოებდნენ დიდ შეტევით ომებს მეზობლების წინააღმდეგ და მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავიანთი სამეფოს საზღვრები – დაეუფლნენ ჩრდ. მესოპოტამიისა და ურმიისპირეთის მნიშვნელოვან ტერიტორიას, დაიმორჩილეს აგრეთვე ჩრდილო სირიასა და ვანის ტბის სამხრეთით არსებული ბევრი სამთავრო. ასევე ინტენსიური იყო ამ დროს ურარტუს მეფეთა შემოტევა ჩრდილოეთისაკენ, სამხრეთ ამიერკავკასიაში მცხოვრები მოსახლეობის მიმართულებით. ურარტელებმა დაიკავეს არარატის ველი, სევანის ტბის მიდამოები, ააგეს აქ ციხე–ქალაქები [ორ ასეთ ციხე–ქალაქს – თეიშებაინის (დღევ. კარმირ–ბლური) და ირფუნის (დღევ. არინ–ბერდი) ქალაქ ერევნის განაპირას ახლა თხრიან საბჭოთა არქეოლოგები], მოაწყვეს დიდი სახელმწიფო მეურნეობები და სხვ. ადგილობრივი მოსახლეობა ურარტელთა ადმინისტრაციის მხრივ სასტიკ ექსპლუატაციას განიცდიდა. იხდიდა გადასახადებს, გამოდიოდა სამშენებლო და საირიგაციო სამუშაოებზე და სხვ., მაგრამ ასე მტკიცედ ფეხის მოკიდება სამხრეთ ამიერკავკასიის ყველა რაიონში ურარტელებმა ვერ შეძლეს. აქ მცხოვრები ბევრი ტომი მტკიცედ იცავდა თავის დამოუკიდებლობას. ურარტული სამეფო წარწერები სავსეა ამ ტომებით დასახლებული მიწა–წყლის მრავალგზისი დალაშქვრის აღწერით. სამხრეთ ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ურარტუს ყველაზე უფრო სერიოზულ მოწინააღმდეგეს ისტორიული საქართველოს სამხრეთ–დასავლეთში არსებული დიაოხი (ტაოხი, ტაო) წარმოადგენდა. მახლობლად ძლიერი ურარტუს სახელმწიფოს გაჩენით დიაოხის მდგომარეობა ძალზე გართულდა. ურარტუ მისთვის უმთავრესი საფრთხე ხდებოდა. შეიძლება ამიტომ იყო, როდესაც ძვ.წ. 845 წ., ურარტუს ტერიტორიის დარბევის შემდეგ, მის საზღვრებთან ასურეთის მეფის სალმანასარ III-ის ლაშქარი გამოჩნდა, დიაოხის მეფე ასია იჩქარის გამოცხადდეს ასურელთა წინაშე ძღვენით და ამით ერთგულება დაუდასტუროს მათ. იმ სიენის შთამომავალი, რომელიც ადრე, ტიგლათფილესერ I-ის დროს, სათავეში ედგა ჩრდილოეთის ხალხების - ნაირის ქვეყნების ბრძოლას ასურელთა წინააღმდეგ (იხ. ზემოთ), ახლა, ჩანს, უბრძოლველად ემორჩილება ასურელებს. “ჩემი მეფობის მე–15 წელს, - ამბობს სალმანასარ III, - მე გავემართე ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ... ურარტელი არამეს ქალაქები ევფრატის სათავეებამდე მე გავანადგურე, დავანგრიე, დავწვი. ევფრატის სათავეს მივაღწიე და მსხვერპლი შევწირე ჩემს ღმერთებს; ღვთაება ასურის იარაღი მე განვბანე (ამ წყაროში). ასია, დაიაენის ქვეყნის მეფე, მოეხვია ჩემს ფერხთ, ხარკი და ძღვენი, ცხენები, მივიღე მე მისგან. ჩემი სამეფო გამოსახულება გავაკეთებინე და დავდგი მისი ქალაქის შუაგულში515. ასურელებთან უბრძოლველად გამოცხადება და ცხენების მირთმევა დაიაენის (დიაოხის) მეფის მხრივ ასურელების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ შიშით როდი იყო გამოწვეული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიაოხის მეფეს შორსმიმავალი იმედები ამოძრავებდა – იგი იმედოვნებდა ძლიერი ასურეთის მოკავშირედ გახდომას და მისი დახმარებით უფრო საშიში მტრების - ურარტუსა და კოლხას (კოლხეთის) შემოტევის მოგერიებას. მაგრამ ასურეთზე ორიენტაცია დიაოხისათვის უპერსპექტივო აღმოჩნდა. ძვ.წ. IX ს. ბოლოსა და VIII ს. პირველ ნახევარში გაძლიერებულმა ურარტუმ ასურეთს არა მარტო გზა გადაუღობა ასე ჩრდილოეთით მდებარე რაიონებისაკენ, არამედ ბევრად უფრო სამხრეთით დაუწყო მას შევიწროება. დიაოხი ძლიერი ურარტუს პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდა. მაგრამ მას ბევრი მოკავშირე აღმოაჩნდა სამხრეთ ამიერკავკასიის ტომთა შორის, რომლებიც ასევე შეწუხებული იყვნენ ურარტელთა ყაჩაღური ექსპედიციებით. დიაოხი, როგორც ყველაზე ძლიერი სამხრეთ ამიერკავკასიის ტომთა ამ გაერთიანებებს შორის, ჩანს, ურარტუს წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გახდა ამ მხარეში. ამიტომაც, ბუნებრივია, ურარტუს მეფეები ცდილობენ, პირველყოვლისა, მის განადგურებას. დიაოხის წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკია ურარტუს მეფის მენუას (ძვ.წ. IX ს. დასასრული და VIII ს. დასაწყისი) საკმაოდ ვრცელ, 40–სტრიქონიან წარწერაში, რომელიც ამოკვეთილია კლდეზე, დიაოხის ტერიტორიაზე, დღევანდელ ქალაქ არზრუმის მიდამოებში: “ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ თავისი იარაღით დიაოხის ძლევამოსილი ქვეყნის წინააღმდეგ, - ვკითხულობთ ჩვენ აქ. - ღვთაება ხალდი ძლიერია, ხალდის იარაღი ძლიერია. ღვთაება ხალდის ძლიერებით გაემართა სალაშქროდ მენუა იშფუინის ძე. წინ მიუძღოდა მას ღვთაება ხალდი. მენუა ამბობს: დავიპყარი დიაოხის ქვეყანა, ქალაქი სასილო, (მისი) სამეფო ქალაქი, ბრძოლით დავიპყარი. ქვეყანა გადავწვი, ციხე–სიმაგრეები (დავანგრიე). მივედი სესეთის ქვეყნამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი... მენუა ამბობს: უტუფურსი, მეფე დიაოხისა, მოვიდა ჩემს წინაშე, მომეხვია ფეხებზე, ძირს დაემხო; მე მას მოწყალედ მოვექეცი, შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით. მომცა მან ოქრო და ვერცხლი, მომცა ხარკი. ის ტყვეები, რომლებიც დაბრუნდნენ მასთან, დამიბრუნა მან მთლიანად”. შემდეგ ლაპარაკია დიაოხის მიერ ურარტელთა ლაშქრისათვის ცხენების გაგზავნის თაობაზე, რის შემდეგაც მეფე მენუა განაგრძობს: “ორი მეფე იქაურობას მოვაცილე: ბალთულხის ქვეყნის მეფე და ქალაქ ხალდირიულხის ქვეყნის მეფე. გამაგრებული ადგილები, რომლებიც კი იყო ამ ქვეყანაში მე (მას) მოვწყვიტე.

მენუა ამბობს: ვინც ამ წარწერას მოსპობს, ვინც მას გატეხს, ვინც ვინმეს ამას გააკეთებინებს, სხვა ვინც იტყვის: “მე გავაკეთე (ყველაფერი ეს)”, დაე მოსპონ იგი ღვთაება ხალდიმ, ღვთაება თეიშებამ, ღვთაება შივინიმ, (ყველა) ღმერთმა მზის ქვეშ...” (УКН, 36). არზრუმისავე რაიონში ნაპოვნია მენუა მეფის ერთი სხვა წარწერა, რომელიც ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. წარწერა მხოლოდ ნაწყვეტია. მასში, ეჭვს გარეშეა, ლაპარაკი იყო აგრეთვე დიაოხის წინააღმდეგ ბრძოლების შესახებ, რადგანაც აქ იხსენიება დიაოხის “სამეფო ქალაქი” სასილო. საქართველოს მუზეუმის ამ წარწერაში ვკითხულობთ: “...მენუა ამბობს: დავიპყარი ქალაქი სასილო. დავუდგი ეს წარწერა ღვთაება ხალდის, ჩემს მეუფეს. ღვთაება ხალხის სიდიადით მენუა, იშფუინის ძე, მეფე ძლიერი, მეფე დიდი, მეფე ბიაინილის ქვეყნისა, მმართველი ტუშფაქალაქის. მენუა ამბობს: ვინც ამ წარწერას მოსპობს, ვინც მას გატეხს, ვინც მას დამალავს, მოსპონ იგი ღვთაება ხალდიმ, ღვთაება თეიშებამ, ღვთაება შივინიმ, (ყველა) ღმერთმა მზის ქვეშ...” (УКН, 37). ლაშქრობა, რომლის შესახებაც ლაპარაკია ამ წარწერებში, ეტყობა სულაც არ იყო ურარტელთა პირველი გალაშქრება დიაოხის წინააღმდეგ. ეს კარგად ჩანს პირველი წარწერიდან, სადაც ლაპარაკია დიაოხის დამარცხებული მეფის მიერ ურარტუდან გამოქცეული, ალბათ დიაოხური წარმოშობის ტყვეების (მონების) დაბრუნებაზე. ასეთი ტყვე–მონები ურარტელთა მიერ მოპოვებული იქნებოდნენ დიაოხიზე წინა ლაშქრობების დროს, რომელთა შესახებ ცნობებმა ჩვენამდე არ მოაღწია. საინტერესოა, რომ მენუა მეფე დიაოხის “ძლევამოსილ (ძლიერ) ქვეყანას” ეძახის. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მტრული ქვეყანა ურარტულ წარწერებში ასეთი განმადიდებელი ეპითეტით არის მოხსენიებული. ჩანს, რომ დიაოხი ამ დროს საკმაოდ დიდ, ძლიერ გაერთიანებას წარმოადგენდა. როგორც ირკვევა, მენუას დროს ურარტელებს გაუჩანაგებიათ დიაოხის ქვეყანა: “ქვეყანა გადაუბუგავთ და ციხე–სიმაგრეები (გამაგრებული სამოსახლოები) დაუნგრევიათ.” ამ ქვეყნის მმართველი დამორჩილებია ურარტელებს, ძღვენი მიურთმევია (ოქრო, ვერცხლი, ცხენები) და ხარკის გადახდა უკისრია. ურარტელები ცდილან ამ მხარეში საყრდენი პუნქტების მოწყობას, რათა მუდმივი მუქარის ქვეშ ჰყოლოდათ ეს ქვეყანა. ამაზე მიგვითითებს დიაოხის ტერიტორიაზე ან მის მეზობლად, მის სამხრეთ პერიფერიაზე ციხე–სიმაგრეების შენება. არზრუმისავე რაიონში დატოვებულ ზოგიერთ წარწერაში (УКН, 68, 69) ლაპარაკია “დიდებული ციხე–სიმაგრის მშენებლობაზე” ამ ადგილებში. მენუას ლაშქრობა დიაოხის ქვეყანაზე, რომლის შესახებაც მოგვითხრობს ზემომოყვანილი წარწერა (УКН, 36,), როგორც ჩანს, ამ მეფის მმართველობის ბოლოს მოხდა. ამაზე მეტყველებს ის, რომ დიაოხის მეფე უტუფურსი, რომელსაც ებრძვის მენუა, იხსენიება აგრეთვე მენუას მემკვიდრის არგიშთი I-ის მეფობის საკმაოდ გვიან ხანაში, მეფობის მე-19 წელს (ძვ.წ. 768 წ. ?) (УКН, 128A, 1)516. არგიშთი I-საც (786-764) დიდი ბრძოლები გადახდა დიაოხისთან. პირველ შეტაკებას უკვე მეფობის მეორე წელს (ძვ.წ. 785.?) ჰქონია ადგილი. ამ ლაშქრობის შესახებ მოგვითხრობს არგიშთი I-ის მატიანე, რომელიც ვანის კლდეზეა ამოკვეთილი. აქ, სხვათა შორის, იხსენიება აგრეთვე დიაოხის მეზობელი ქვეყნების – ზაბახას (ე.ი. ჯავახას, ჯავახეთის), ვიტეროხის (ვიძეროხის, ოძრახეს) დალაშქვრაც. “არგიშთი ამბობს: - ვკითხულობთ ჩვენ ამ წარწერაში, - შევვედრე მე ღვთაება ხალდის, მეუფეს, ღვთაება თეიშებას, ღვთაება შივინის (იმის შესახებ), რაც მე მეუფის სიდიადით მსურდა მომემოქმედა. იმავე წელს მე კვლავ შევკრიბე მეომრები და გავემართე სალაშქროდ ზაბახის წინააღმდეგ, დავიპყარი მე ქვეყანა ზაბახა... მივედი ქალაქ უზინაბითარნამდე, სირიმუთარას ქვეყნამდე, მთიან ქვეყნამდე. იგანის ქვეყნის ქალაქ მაკალთუნის ოლქი მე შევიწყალე. გავემართე ერიახის ქვეყანაზე, წავედი სალაშქროდ აფუნის ქვეყნის წინააღმდეგ, დავიპყარი ქალაქი ურიეიუნი, ვიტერუხის სამეფო ქალაქი. სულ 52 675 ადამიანი ამ წელს, ერთნი გავჟლიტე, სხვები ცოცხალი წავიყვანე. 1104 ცხენი გავდენე მე, აგრეთვე 35 015 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ასი ათას... ერთი ათას 829 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. არგიშთი ამბობს: ღვთაება ხალდისათვის ეს საქმენი მე ერთი წლის განმავლობაში აღვასრულე” (УКН, 127, I). ამავე ლაშქრობის შესახებ უფრო ვრცელი მოთხრობა მოიპოვება არგიშთი I-ის მატიანის იმ ტექსტში, რომელიც ამოკვეთილია ვანში, სურბ საჰაკის ეკლესიაში ნაპოვნ სტელაზე. აქ საინტერესო ისაა, რომ დიაოხი ურარტუსთან ბრძოლაში მარტო არ ყოფილა. მას ზურგს უმაგრებს სამხრეთ ამიერკავკასიის ბევრი სხვა ტომი – მათ შორის არიან ლოსა (ლაზები ?), ვიტერუხი (ოძრახენი), ქათარზა (კლარჯნი) და სხვ. ამათ შორის მოიხსენიება ჩილდირის ტბის მიდამოებში მცხოვრები იგანიეხის ტომიც. უფრო გვიან ალბათ სწორედ ამ ტომის შთამომავალნი იწოდებიან ბერძნულ-რომაულ წყაროებში “ჰენიოხებად”, რომელთაც ჭანების ტომთან ერთად, როგორც ქვემოთ დავინახავთ, მეტად აქტიური როლი შეასრულეს სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ახ. წ. პირველ საუკუნეებში მაინც, წარწერა ძირითადად დიაოხის შესახებ ლაპარაკობს. აი რა არის მასში არგიშთი მეფის სახელით ნათქვამი: “... მივედი ბიას ქვეყნამდე... ხუშანის ქვეყნამდე, გავემართე მე სალაშქროდ დიდის ქვეყნის წინააღმდეგ, ქალაქ ზუას წინააღმდეგ. ქალაქი ზუა, დიაოხის ქვეყნის სამეფო ქალაქი, მე გადავწვი; წარწერა დავდგი ქალაქ ზუაში. წავედი მე ქვეყნის კარით აშკალაშის ქვეყნის წინააღმდეგ. 105 ციხე-სიმაგრე დავანგრიე, 453 ქალაქი კი დავწვი. სამი ქვეყანა იქიდან მოვწყვიტე, მათი მოსახლეობა ჩემ ქვეყანას მივუმატე: ქვეყანა კადა, ქვეყანა აშკალაში, ქალაქ სასილოს ქვეყანა. 15 181 ყრმა, 2734 მამაკაცი, 10 604 დედაკაცი, 4 426 ცხენი, 10 478 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 73 770 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მე წავიყვანე. ოთხი მეფე დავასაჭურისე – შაშქის, არდარაქიხის, ბალთულხის და კაბილუხის მეფეები. ჩემი ოლქის მმართველები იქ დავსვი. დიაოხის მეფე დავიმორჩილე, შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით, აი, რანაირი ხარკი მისცა დიაოხიელმა არგიშთის: 41 მინა517 სუფთა ოქრო, 37 მინა ვერცხლი, (ამდენი) ათი ათასი მინა სპილენძი, 1000 საჯდომი ცხენი, 300 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. აი , როგორი ხარკი დავადე მე დიაოხის ქვეყანას, რათა მას (ეს ხარკი) ეძლია ყოველწლიურად: (ამდენი) მინა სუფთა ოქრო, 10 000 მინა სპილენძი, (ამდენი) ხარი, 100 ძროხა, 500 ცხვარი, 300 საჯდომი ცხენი... ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ თავისი იარაღით. სძლია მან ეთიუნის ქვეყანა, დაამხო იგი არგიშთის წინაშე. ღვთაება ხალდი ძლიერია, ღვთაება ხალდის ძალით გაემართა სალაშქროდ არგიშთი მენუას ძე; წინ მიუძღოდა მას ღვთაება ხალდი. არგიშთი ამბობს: ის მეფენი, რომელნიც დიაოხიელი მეფის დასახმარებლად მოვიდნენ, მე მათი განადგურება აღვასრულე. ამ წელს დავიპყარი მე ლუშას ქვეყანა, ქათარზას ქვეყანა. მოვედი აფუნის ქვეყნამდე... ლუშას ქვეყნის მეფე დავასაჭურისე, ხოლო იგას (იგანიეხის) ქვეყნის მეფე დავიმორჩილე, დავტოვე თავის ადგილზე. ხარკი მეფე არგიშთის მისცა მან...” (УКН, 128, B, 1). წარწერაში მოტანილი ოდენობა დიაოხში ხელთგდებული ტყვეებისა და ნადავლისა, ასევე დიაოხისგან მიღებული ან მომავლისათვის დადებული ხარკისა გვიჩვენებს, რომ დიაოხი არგიშთი I-ის დროსაც დიდი და ძლიერი ქვეყანა იყო. ამავე მასალის მიხედვით დიაოხიში დიდად განვითარებული ჩანს მესაქონლეობა (განსაკუთრებით წვრილფეხა რქოსანი საქონლის, აგრეთვე ცხენების მოშენება) და მეტალურგია (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი). ურარტუსთან ბრძოლაში დიაოხის ბევრი დამხმარე უჩანს სამხრეთ ამიერკავკასიის ტომთა შორის. მათ შორის არგიშთი იხსენიებს ლუშას, ქათარზას, ვიტერუხის, იგანიეხის, ერიახის და სხვ. მეორე მხრივ, ყურადღებას იქცევს ის, რომ არგიშთი I დიაოხისთან დაკავშირებით ლაპარაკობს ოთხი “მეფის” – შაშქის, არდარაქიხის, ბალთულხისა და კაბილუხის ტომთა “მეფეების” დასაჭურისებაზე და მის ნაცვლად თავისი “ოლქის მმართველების” დანიშვნაზე. როგორც ჩანს, საქმე ეხება ტომებს, რომლებიც აქამდე დიაოხის გავლენის სფეროში იმყოფებოდნენ. ურარტული ადმინისტრაციის შემოღება (“ოლქის მმართველების” დანიშვნა) გვიჩვენებს, რომ არგიშთი I–ს გეზი აქვს აღებული დიაოხის მიწა–წყლის ურარტულ პროვინციად გადაქცევაზე. მაგრამ დიაოხის დამორჩილება, როგორც ჩანს, არ იყო ადვილი. თავისი მეფობის დასარულს არგიშთი ლაპარაკობს, რომ დიაოხი “კვლავ აჯანყდა”. ამაზეა საუბარი მატიანეში, რომელიც მისი მეფობის მე–19 წლის (ძვ.წ. 768 წ.?) ამბებს გადმოგვცემს. დიაოხის მეფედ იხსენიება კვლავ უტუფურსი (შეიძლება იგივე პიროვნება, რომელიც დიაოხის მმართველად ჩანს უკვე არგიშთის მამის, მუნუას დროს – იხ. ზემოთ). “ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ თავისი იარაღით, - ვკითხულობთ ამ წარწერაში, - სძლია მან უტუფურსი, დიაოხის ქვეყნის მეფე, სძლია მან აბნულუანის ქვეყანა, დაამხო ისინი არგიშთის წინაშე. ღვთაება ხალდი ძლიერია, ხალდის იარაღი ძლიერია. ღვთაება ხალდის სიდიადით გაემართა სალაშქროდ არგიშთი მენუას ძე. არგიშთი ამბობს: “დიაოხის ქვეყანა კვლავ აჯანყდა; მეომრები შევკრიბე და გავემართე დიაოხის წინააღმდეგ...” არგიშთი ამბობს: “შევევედრე მე ღვთაება ხალდის, მეუფეს, ღვთაება თეიშებას, ღვთაება შივინის, ბიაინილის ქვეყნის ყველა ღმერთს (იმის შესახებ, რაც მსურდა მომემოქმედა) მეუფის სიდიადით...” (УКН, 128 A,1). ამით წყდება ცნობები დიაოხის შესახებ ურარტულ წყაროებში. მომდევნო ცნობა ამ სახელის მქონე მოსახლეობის შესახებ თავს იჩენს უკვე ძველბერძნულ წყაროებში. ძველი ბერძენი ავტორი ქსენოფონტე, რომელმაც ძვ.წ. 401 წ. გაიარა ამ ქვეყანაზე, იხსენიებს ტაოხების მეომარ ტომებს, რომელთა სახელი, ეჭვს გარეშეა, იგივე ურარტული დიაოხი უნდა იყოს. ქსენოფონტეს მოთხრობის მიხედვით, ტაოხები ჩვენ წარმოგვიდგებიან როგორც მამაცი და თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც ტყვეობასა და მონობას სიკვდილს ამჯობინებს. საინტერესო ამბავს მოგვითხრობს ქსენოფონტე ამ ტაოხების (ე.ი. დიაოხთა) შესახებ. ბერძნების ათიათასიანი ლაშქარი, რომელშიც ქსენოფონტე იმყოფებოდა, ძარცვა–გლეჯით მიიწევდა წინ. სწორედ მაშინ, როდესაც სურსათი გამოელიათ, ბერძნები ტაოხების (დიაოხების) მიწა–წყალზე შევიდნენ. ტაოხები ცხოვრობდნენ “მიუვალ გამაგრებულ ადგილებში”, სადაც მტრის შემოსევისას ადამიანებთან ერთად თავს აფარებდა მათი პირუტყვიც. ბერძნები მიადგნენ ერთ ასეთ გამაგრებულ ადგილს. “ეს არ იყო ქალაქი და მასში სახლებიც კი არ იყო”. ეტყობა, ეს იყო მთის წვერზე გალავანშემოვლებული ადგილი, რომელიც ომიანობის დროის თავშესაფარს წარმოადგენდა. ერთი მხრის გარდა ყველა სხვა მხრიდან ეს ადგილი მიუვალი იყო. ბერძნებიც იძულებული იყვნენ ამ მხრიდან შეეტიათ. მაგრამ აღმართზე მფოფხავ ბერძნებს ტაოხები ზემოდან უზარმაზარ ლოდებს უგორებდნენ. ბევრი ბერძენი მეომარი ეგდო ფერდობზე ამ ლოდებით ფეხებჩალეწილი. გამაგრებულ ადგილას, გალავანს შიგნით, ტაოხების მცირე ჯგუფი იყო თავშეფარებული, რომელთაგან სულ რამდენიმეს თუ ჰქონდა იარაღი. ბერძნებმა ბოლოს და ბოლოს მაინც შეძლეს, მიუხედავად ზემოდან წამოსული ქვების ნიაღვრისა, შეჭრილიყვნენ გამაგრებული ადგილის შიგნით. “მაშინ, - ამბობს ქსენოფონტე, - (ჩვენ წინ) გადაიშალა საშინელი სანახაობა. ქალები ისროდნენ ქვემოთ თავის ბავშვებს და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენ (კლდიდან უფსკრულში). მამაკაცებიც ასევე იქცეოდნენ. ლოხაგოსმა (ბერძენთა ჯარის ერთ–ერთი ქვედანაყოფის უფროსმა) ენეოს სტიმფალიელმა დაინახა ერთი ლამაზ ტანსაცმელში ჩაცმული (ტაოხი), რომელიც მორბოდა და, ჩანს, აგრეთვე, კლდიდან გადავარდნას ლამობდა. მან სტაცა მას ხელი, რათა ხელი შეეშალა მისთვის გადავარდნილიყო, მაგრამ (ტაოხმა) ისიც თან გადაიტანა და ორივენი გადაეშვნენ კლდიდან და დაიღუპნენ. აქ ძალიან ცოტა ხალხი იქნა ტყვედ ხელთგდებული, სამაგიეროდ, ბევრი რქოსანი პირუტყვი, სახედრები და ცხვრები (ვიგდეთ ხელთ)” (Xen., Anab, IV, 7, 14,). ეს სიმამაცე და თავისუფლების სიყვარული ტაოხებს (დიაოხებს) გამოუმუშავდათ, უეჭველია, საუკუნეების განმავლობაში, როდესაც მათ სასტიკი ბრძოლების წარმოება უხდებოდათ ჯერ სისასტიკით განთქმულ ასურელებთან, შემდეგ არანაკლებ სასტიკ ურარტელებთან და ბევრ სხვა დამპყრობელებთან და მოძალადეებთან. მათ კარგად იცოდნენ, რომ ტყვედ ჩავარდნას მონობის მძიმე უღელი მოჰყვებოდა. ამიტომ ისინი არჩევდნენ უფსკრულში გადავარდნილიყვნენ და სიცოცხლისათვის ბოლო მოეღოთ, ვიდრე მტერს ჩავარდნოდნენ ხელში. აკი უკვე მენუა მეფემ მოსთხოვა დიაოხის მეფე უტუფურსის, რომ დაებრუნებინა მისთვის დიაოხიელი ტყვეები, რომლებიც ურარტუდან ისევ დიაოხში გამოქცეულიყვნენ. ჩანს, ტყვეობასა და მონობას არც მაშინ ურიგდებოდა ეს მამაცი ტომი... ჩვენ არ მოგვეპოვება სათანადო მონაცემები, რათა ვიმსჯელოთ რა სახის გაერთიანება უნდა ყოფილიყო დიაოხი. იგი, შესაძლებელია, უკვე სახელმწიფოებრივ ერთეულს წარმოადგენდა ანდა სახელმწიფოდ გადაქცევის ზღურბლზე იმყოფებოდა518. ეჭვს არ იწვევს საშწარმოო ძალთა განვითარების საკმაოდ მაღალი დონის არსებობა ამ გაერთიანების წამყვან მოსახლეობაში. ამაზე მეტყველებს ზემომოყვანილი მონაცემები მეტალურგიისა და მესაქონლეობის მაღალი განვითარების, აგრეთვე ძვირფასი ლითრნების სიუხვის შესახებ. ბევრს ნიშნავს ისიც, როს აქ საქმე გვაქვს საკმაოდ მყარ, საუკუნეების მანძილზე არსებულ ერთეულთან, ისიც ძველი აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების ახლო მეზობლად, რომლებთანაც მას ინტენსიური ურთიერთობა უჩანს. ამ გაერთიანების სათავეში მუდამ ერთ პირს ვხედავთ – “მეფეს”. ასურული და ურარტული წყაროები ძალიან ხშირად მათ სახელებით იხსენიებენ (სიენი, ასია, უტუფურსი) და არასდროს არ ლაპარაკობენ “დიაოხის მეფეების” შესახებ. მეზობელი სახელმწიფოების მესვეურთ სწორედ დიაოხის ამ ხელისუფლებასთან აქვს საქმე, როგორც თავის ქვეყანაში სუვერენიტეტის განმასახიერებლებთან. ასეთი სუვერენიტეტის განმახორციელებლად აქ როდი გვევლინება “ხალხი” და “უხუცესები”, როგორც ეს ხშირადაა ხეთურ წყაროებში ჩრდილო–აღმოსავლეთის მთიელთა შესახებ საუბრისას (იხ. ზემოთ). მაგრამ განვითარების მაღალი დონე სავარაუდებელია უმთავრესად დიაოხის წამყვან მოსახლეობაში. დიაოხის მმართველებს, უეჭველია, დაქვემდებარებული ჰყავდათ მათ მეზობლად ჯერ ისევ პირველყოფილ–თემური წყობილების პირობებში მცხოვრები მრავალი ტომი. ზოგიერთი მათგანის შესახებ, როგორც ზემოთ დავინახეთ, ლაპარაკია ურარტულ წარწერებშიც (УКН, 128 B, 1). ამ ასპექტში ყურადღებას იქცევს აგრეთვე დიაოხის მიწა–წყალზე გავრცელებული დასახლებათა ტიპები. ურარტული წყაროები აქ ასხვავებენ ორ ტიპს – გამაგრებულ სამოსახლოებს (ციხე–სიმაგრეებს) და მათ გარშემო მიმოფანტულ მცირე, თავდაცვით ნაგებობებს მოკლებულ დასახლებებს (“ქალაქი”, სამოსახლო ადგილი). ურარტუს მეფე არგიშთი I დიაოხის ერთ ნაწილში იპყრობს 105 “ციხე–სიმაგრეს” და 453 ”ქალაქს”, (УКН, 128 B, 1). დიაოხის მეზობელ იგანიეხის ტერიტორიაზე (ჩილდარის ტბის მიდამოებში) არგიშთი I-ის მემკვიდრე სარდური II “ერთი დღის განმავლობაში” ხელთ იგდებს 35 “ციხე-სიმაგრეს” და 200 “ქალაქს” (УКН, 155 F). თუ ამის მიხედვით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ თითო გამაგრებულ დასახლებულ პუნქტზე მოდიოდა დაახლოებით 5-6 მცირე გაუმაგრებელი დასახლებული პუნქტი. ამასთანავე, ეს მრავალრიცხოვანი დასახლებული პუნქტები, ჩანს, ერთმანეთის ახლოს ყოფილან, რადგან ურარტუს მეფეს თუ დავუჯერებთ, მან ხომ “ერთი დღის განმავლობაში” “35 ციხე–სიმაგრე და 200 ქალაქი” დაიპყრო. ასე რომ, თუ “ქალაქებში” იგულისხმება სოფლური ტიპის მცირე სამოსახლონი, რომლებიც შეიცავდნენ მხოლოდ საცხოვრებელ, სამეურნეო, შეიძლება აგრეთვე საკულტო ნაგებობებს, “ციხე–სიმაგრეები” ალბათ სუსტად გამაგრებულ პუნქტებს წარმოადგენდნენ. როგორც ჩანს, მათი სახით ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს გალავანშემოვლებულ ადგილებთან, ე. წ. ციკლოპურ (მშრალი წესით დიდი ლოდებით აგებულ) ციხეებთან, რომელთა ნაშთებმა ბლომად მოაღწიეს ჩვენამდე სამხრეთ ამიერკავკასიის, კერძოდ, სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე519. ასეთი გამაგრებული პუნბტები წარმოადგენდნენ თავშესაფარს მოსახლეობისა და მისი ავლადიდებისათვის (პირვეყოვლისა პირუტყვისათვის) მცირერიცხოვანი და სუსტად შეიარაღებული მტრების თავდასხმებისას. მეზობელი დიდი სახელმწიფოების (ასურეთის, ურარტუს) ლაშქრისათვის მათ, რა თქმა უნდა, სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოთ. ამ ტიპის სამოსახლოთა არსებობა შეესატყვისება გვაროვნული წყობილების ეპოქას, როდესაც მცირე გვარტომობრივ ერთეულებს განუწყვეტელი ბრძოლები აქვთ ერთმანეთში. ესეც იმას მოწმობს, რომ დიაოხის ფარგლებში მოქცეული ტერიტორიის ერთ ნაწილში მაინც მოსახლეობა გვაროვნული წყობილების პირობებში ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, დიაოხიში იქნებოდა არა მარტო ამ ტიპის დასახლებული პუნქტები, არამედ ნამდვილი ციხე-ქალაქებიც საკმაოდ რთული და ძლიერი თავდაცვითი ნაგებობებით. ამ ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა ალბათ მომავალში გამოავლენს მათ. ურარტულ წარწერებში დიაოხის გარდა ლაპარაკია აგრეთვე ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში ამ ხანებში მცხოვრებ სხვა ტომების შესახებაც, რომელთა სახელები დიდხანს შემორჩა ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ოლქს. ასეთებია: ქათარზა, ვიტერუხი, ზაბახა, ერიახი და სხვ. ქათარზა - სახელი შემორჩა “მოსხურ მთებთან მდებარე კოტარძენეს” ოლქს, რომელსაც ასახელებს კლავდიოს პტოლემაიოსი და გოდერძის გადასავალს სამცხედან აჭარაში; ეს სახელი უნდა გვქონდეს ჩვენ აგრეთვე კლარჯთა და კლარჯეთის სახელწოდებაშიც. ურარტულ დამწერლობაში “ზ” “ჯ”-ს გადმოსცემდა (მაგალითად, “ჯავახი” სახელი იწერება როგორც “ზაბახა”), ხოლო მეორე თანხმოვნის სახით “ქათარზაში” რაღაც “თ”-სა და “ლ”-ს შორის მერყევი ლატერალი ბგერა უნდა გვქონოდა. ასეთი ლატერალები გვხვდება პროტოხეთურში (მეფის უმაღლესი ტიტული აქ იწერება ხან “თაბარნას” და ხან “ლაბარნას” სახით), აგრეთვე ჩრდილო- აღმოსავლურ-კავკასიურ ენებში. ასე რომ, “ქათარზა” და “კალარჯა//კლარჯი” ფონეტიკურად ადვილად ასახსნელი ვარიანტებია. “ვიტერუ(ხი)” – სახელი (“ხი” კუთვნილების ამღნიშვნელი ურარტული სუფიქსია) შემოინახა ანტიკურ წყაროებში შავიზღვისპირას, მდ. ჭოროხის შესართავთან დამოწმებული ტომის – ბიძერების (βυξηρες) სახელმა, ისევე როგორც ძველი ქართული პროვინციის ოძრ(ა)ჴემ (შდრ. ოძრჴე – უძველესი ქალაქი დღევანდელი აბასთუმნის მახლობლად, “ოძრაჴე” სამცხის უძველესი სახელიც უნდა ყოფილიყო”). “ზაბახა”-ში, როგორც ვთქვით, ადვილია “ჯავახი” - სახელის ამოცნობა. ამავე მხარეში ურარტული წარწერები ასახელებენ იგანიეხის ტომს, რომელშიც მერმინდელი ჰენიოხები შეიძლება დავინახოთ. ანტიკური წყაროების მიხედვით ისინი დამოწმებული არიან ისტორიული სამხრეთ საქართველოს როგორც ზღვისპირა, ისე შიდა რაიონებში (იხ. ქვემოთ). და ბოლოს, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ურარტული წყაროების “ლუსა” (“ლოსა”)-ში, რომლებიც ამავე მხარის მცხოვრებლები იყვნენ, ალბათ, მერმინდელი ლაზების სახელწოდება უნდა ვივარაუდოთ520. ურარტულ წარწერებში ამ რაიონის ეთნო-და ტოპონიმიკა ხშირად ა დაბოლოებით იჩენს თავს. მაგალითად: კოლხი - კოლხა, კლარჯი - ქათარზა და ა.შ. ამიტომაც ლუსა-შიც ა შეიძლება ასეთივე ურარტული ადგილობითი ბრუნვის (?) სუფიქსი იყოს, ხოლო “ლუს” (“ლოს”) შეიძლება “ლაზ”–ის ვარიანტი იყოს. დაბოლოს ურარტული წყაროების “ერია(ხი)”-ში, როგორც აკად. ნ.ბერძენიშვილი ვარაუდობდა, შეიძლება საქმე გვქონდეს ძველი ქართული წყაროების ჰერთა ტომის სახელთან. ურარტული წყაროები ქათარზას და ვიტერუხის ხშირად ერთად იხსენიებენ. ისინი მეზობლები უნდა ყოფილიყვნენ. ვიტერუხის სამხრეთი პერიფერია, ამ წყაროთა მონაცემებით, სადღაც დღევანდელი ლენინაკანის მახლობლად მდებარეობდა და მისი ტერიტორია ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, გვიანდელი ქართული ოძრ(ა)ჴეს (სამცხის უძველესი სახელწოდება) მიმართულებით. ქათარზა, თუ გავითვალისწინებთ მის კავშირს “კლარჯ(ეთი)”-ს სახელთან, ვიტერუხის (ოძრ(ა)ჴე-ს) დასავლეთით უნდა ყოფილიყო. ასევე დასავლეთით უნდა ვივარაუდოთ ლუსას (ლაზთა?) ტომი. “ზაბახა” თავსდება ჩილდირის ტბის დასავლეთით. იგი დიაოხის ემეზობლებოდა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ზაბახა ცოტა უფრო სამხრეთით ჩანს, ვიდრე ქართული “ჯავახეთი”, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი იმ დროს უკვე ჩრდილოეთით დღევანდელ ჯავახეთამდე (ახალქალაქის მხარე) მოდიოდა. ძველი ქართული წყაროების ჯავახეთიც ხომ სამხრეთით კარგა დიდ მანძილზე, მტკვრის სათავეებამდე ვრცელდებოდა. იგანიეხი ზაბახას აღმოსავლეთით ჩილდირის ტბის სამხრეთი სანაპიროს რაიონში მდებარეობდა. აქ, ამ, ტბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, სოფ.დაშ–კარპისთან ნაპოვნია ურარტუს მეფის სარდური II-ის წარწერა, რომელშიც ლაპარაკია (ალბათ სწორედ ამ ადგილას მდებარე) იგანიეხის ქალაქ მაკალთუნის დაპყრობის შესახებ (УКН,159). ერიახი იგანიეხის აღმოსავლეთიდან ეკვროდა. იგი (მისი სამხრეთი პერიფერია ?) დღევანდელი ლენინაკანის რაიონში ყოფილიყო და ალბათ აქედან ჩრდილოეთის (ჩრდილო-აღმოსავლეთის) მიმართულებით კარგა მანძილზე იშლებოდა, თუ მართლა აქ “ჰერთა” ტომებთან გვაქვს ჩვენ საქმე521. ზემოჩამოთვლილი ზოგიერთი ტომი მაგალითად, ლუსა, ქათარზა და ვიტერუხი (ე.ი. ლაზები (?), კლარჯები და ოძრახენი) უკვე უძველეს ურარტულ წარწერებში - ძვ.წ. IX ს. უკანასკნელი მეოთხედის მმართველის იშფუინისა და მისი ვაჟის მენუას წარწერებში იხსენიებიან. აქ ლაპარაკია ლუსას ქათარზასა და ვიტერუხის ტომების უკუგდებაზე. ჩანს, ამ უკანასკნელთ კავშირი შეუკრავთ და თავს დასხმიან ურარტუს მეფეთა სამფლობელოებს, მაგრამ ურარტელთა ლაშქარს უკუუგდია ისინი, დასდევნებია და მათი ქვეყნებიც აუოხრებია. თურქეთის ქალაქ ვანის ერთ–ერთი ეკლესის კედელში ჩატანებული აღმოჩნდა დიდი სტელა, რომელზედაც ამოკვეთილი იყო შემდეგი წარწერა: “...იშფუინი სარდურის ძემ და მენუა იშფუინის ძემ უკუაგდეს ლუსას ტომი, ქათარზას ტომი... მივიდნენ ქალაქ ანაშემდე, ქალაქ დიდ ქუკურუმდე... ვიტერუხის ტომი, ლუსას ტომი, ქათარზას ტომი, ეთიუხის ქვეყნის (“ეთიუხი” ანუ “ეთიუნი” ურარტელებისათვის, სამხრეთ ამიერკავკასიის ზოგადი სახელი იყო) მეფეთა მაშველი ჯარები მოვიდნენ მათ დასახმარებლად. წავიდა სალაშქროდ ღვთაება ხალდი თავისი იარაღით ვიტერუხის ტომის წინააღმდეგ, ლუსას ტომის წინააღმდეგ, ქათარზას ტომის წინააღმდეგ, ეთიუხის ქვეყნის მეფეთა წინააღმდეგ. ღვთაება ხალდი ძლიერია, ხალდის იარაღი ძლიერია. წავიდნენ სალაშქროდ იშფუინი სარდურის ძე და მენუა იშფუინის ძე; უკუაგდეს მათ ვიტერუხის ტომი, ლუსას ტომი, ქათარზას ტომი, ეთიუხის ქვეყნის მრავალრიცხოვან მეფეთა მაშველი ჯარები”. შემდეგ, მოცემულია ნადავლისა და ხელთგდებული ტყვეების ჩამოთვლა: “(ამდენი და ამდენი) ათას 720 მამაკაცი, (ამდენი და ამდენი) ათას 670 დედაკაცი..., (ამდენი და ამდენი) ასეული და 26 ცხენი, 13540 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 20785 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი” (УКН, 20). ლუსას, ქათარზას და ვიტერუხის წინააღმდეგ ლაშქრობაზე მოგვითხრობენ იშფუინისა და მენუას სხვა წარწერებიც. ქვაზე ამოკვეთილ წარწერაში, რომელიც ნაპოვნია ვანის ჩრდილოეთით, სოფელ გიუსნენცის ეკლესიაში, ვკითხულობთ: “ღვთაება ხალდის, მეუფეს, იშფუინი სარდურის ძემ და მენუა იშფუინის ძემ ეს წარწერა აღუმართეს. ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ. თავისი იარაღით სძლია მან ვიტერუხის ტომი, ლუსას ტომი, ქათარზას ტომი. ღვთაება ხალდი ძლიერია, ხალდის იარაღი ძლიერია. ღვთაება ხალდის ძალით გაემართნენ სალაშქროდ ლუსას ტომისაკენ იშფუინი სარდურის ძე და მენუა იშფუინის ძე. იყო იშფუინი ძლიერი, მენუა იყო ძლიერი. მათ ლაშქარში ითვლებოდა: 66 საომარი ეტლი (ამდენი და ამდენი) ათას 460 მხედარი, 15760 ქვეითი მეომარი. წინ უძღვოდა ღვთაება ხალდი იშფუინი სარდურის ძეს და მენუა იშფუინის ძეს. ვიტერუხი, ლუსა, ქათარზა მათ უკუაგდეს. მივიდნენ ქალაქ ანაშემდე და ქალაქ დიდ ქუკურუმდე...” (УКН, 21). თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ ამ ლაშქრობაზე მოგვითხრობს არაერთი სხვადასხვა წარწერა (УКН, 20, 21, 22, 23), უნდა ვიფიქროთ, რომ ეს შეტაკება ჩრდილოეთის ტომებთან დიდ მოვლენად იყო მიჩნეული. ქათარზას, ლუსას და ვიტერუხის ებრძვის აგრეთვე მენუას მემკვიდრე მეფე არგიშთი I (786-764). ისინი, ამ შემთხვევაში, სამხრეთ ამიერკავკასიის სხვა ტომებთან ერთად (ერიახი, იგანიეხი და სხვ.), იკრიბებიან დიაოხის გარშემო და გაერთიანებული ძალით ებრძვიან ურარტუს (УКН, 128, В, 1). არგიშთი I–ის მატიანეში საუბარია აგრეთვე ზაბახას (ჯავახთა), იგანიეხის (ჰენიოხთა) და ერიახის (ჰერთა) დალაშქვრაზე (УКН, 127). არგიშთი I–ის მემკვიდრის სარდური II-ის (764-735) მეფობაში განსაკუთრებით გაძლიერებულა იგანიეხი. თავის მატიანეში, ძვ.წ. 748-746 წლების ამბებში, სარდური იხსენიებს გამარჯვებას “იგანიელ დიუცინიზე, ეთიუხის ქვეყნის მეფეზე” (УКН, 155 C). “ეთიუხი” ურარტელებისათვის სამხრეთ ამიერკავკასიის ვრცელი მიწა-წყლის სახელი იყო: იგი ვრცელდებოდა ყარსი-არზრუმის რაიონიდან (დასავლეთში), ვიდრე სევანის ტბის რაიონამდე (აღმოსავლეთში). “ეთიუხის მეფედ” დიუცინის მოხსენიება იმას არ ნიშნავს, რომ მისი ძალაუფლება მთელ ამ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, მაგრამ იმას მაინც მოწმობს, რომ ამ დროისათვის იგანიეხი (ჰენიოხთა გაერთიანება) ეთიუხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ერთეული უნდა ყოფილიყო. იგანიეხის სარდური II იხსენიებს კიდევ ძვ.წ. 742-739 წლების ამბებში, სადაც ნათქვამია, რომ სარდური მეფე “გაემართა სალაშქროდ იგანიეხის ქვეყნის წინააღმდეგ. ღვთაება ხალდი წავიდა სალაშქროდ თავისი იარაღით, სძლია მან ქაფურინი, იგანიეხის ქვეყნის მეფე. ხალდი ძლიერია, ღვთაება ხალდის იარაღი - ძლიერია. გაემართა სალაშქროდ სარდური. სარდური ამბობს: 35 ციხე-სიმაგრე (და) 200 ქალაქი ერთ დღეში მე ხელთ ვიგდე: ციხე-სიმაგრეები დავანგრიე, ქალაქები გადავწვი, ქვეყანა გავაჩანაგე, კაცები (და) ქალები მე იქიდან (ტყვედ) წამოვიყვანე ბიაინილის ქვეყანაში” (ასე უწოდებდნენ ურარტელები თავის ქვეყანას) (УКН, 155 F). სარდური II–ს ბრძოლები ჰქონდა აგრეთვე ჩვენთვის საინტერესო სხვა ქვეყნებთან, კერძოდ, ვიტერუხისთან (УКН, 155 D) ამ დროს ვიტერუხის დასაპყრობად ურარტელებს უკვე შემდგომი ნაბიჯი გადაუდგამთ: აქ (ვიტერუხის “სამეფო ქალაქ” ურაიანიში) მათ ციხე აუშენებიათ, თავისი მმართველები დაუნიშნავთ, ურარტული გარნიზონიც ჩაუყენებიათ და სხვ.

ამრიგად, სარდური II-ის დროს ურარტელები განაგრძობდნენ ბრძოლებს სამხრეთ ამიერკავკასიის ტომების დასამორჩილებლად. ამასთან დაკავშირებით გაკვირვებას იწვევს, რომ სარდურის წარწერებში სრულიად არაფერია ნათქვამი სამხრეთ ამიერკავკასიის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ერთეულის - დიაოხის შესახებ. ეს მით უფრო საყურადღებოა, რომ დიაოხი კვლავ ძლიერი და მტრულად განწყობილი ქვეყანა ჩანს სარდურის წინამორბედი მეფის - არგიშთი I-ის მეფობის უკანასკნელ წლებში (იხ. ზემოთ არგიშთი I-ის მეფობის მე-19 წელს დიაოხის მეფის უტუფურსის აჯანყების შესახებ). არ შეიძლება დავასკვნათ, რომ დიაოხი სარდური II-ის დროს უცბად ლოიალური გამხდარა ურარტუს მიმართ. თუ ეს ასე მოხდა, ამასაც თავისი საფუძველი უნდა ჰქონოდა, მაგრამ, ვფიქრობთ, აქ უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს უნდა ჰქონოდა ადგილი. ყურადღებას იქცევს ის, რომ ურარტულ წარწერებში სარდური II-ის დროს დიაოხის სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ტომთა მეორე დიდი გაერთიანება ცვლის – კოლხა, როგორც მას ურარტელები უწოდებდნენ, ე.ი. კოლხეთი. სარდური-II-ის მეფობამდე კოლხას შესახებ არაფერი ისმის, უნდა ვიფიქროთ, რომ საერთო საზღვარი კოლხასა და ურარტუს არ გააჩნდათ. მათ შორის იყო მოქცეული სწორედ დიაოხისა და სხვა უფრო წვრილი გაერთიანებების მიწა-წყალი. ნიშანდობლივია ისიც, რომ კოლხა არ ჩანს სამხრეთ ამიერკავკასიის იმ მრავალრიცხოვან გაერთიანებათა შორის, რომლებიც არგიშთი I-ის დროს ეხმარებოდნენ დიაოხის ურარტუსთან ბრძოლაში. ეს გვავარაუდებინებს, რომ კოლხას ამ შემთხვევაში თავისებური პოზიცია უნდა სჭეროდა. ამ ორ მეზობელ დიდ გარეთიანებას შორის – დიაოხისა და კოლხას შორის - საუკუნეობრივი მეტოქეობა და ჭიდილი არის სავარაუდებელი. კოლხას მმართველები ახლა ალბათ თავისი საკუთარი ინტერესებით უდგებოდნენ დიაოხი-ურარტუს ბრძოლებს, არაფერს არ აკეთებდნენ დიაოხის დასახმარებლად და უცდიდნენ, რომ დასუსტებული დიაოხის მემკვიდრეობა ხელში ჩაეგდოთ. სამხრეთ ამიერკავკასიის ბევრ მცირე ტომობრივ ერთეულს დიაოხისთან აერთიანებდა ალბათ არა მარტო ურარტუსთან, არამედ ძლიერ კოლხასთან ბრძოლაც. ურარტელთა ლაშქრობებმა დიდად დაასუსტეს დიაოხი. ურარტელებმა მას წაართვეს სამხრეთი რაიონები და შექმნეს აქ დასაყრდენი პუნქტები. დიაოხის მათ მძიმე ხარკი დაადეს (მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენები, ლითონები, მათ შორის ოქრო და ვერცხლი). მაგრამ ურარტუს არ შეეძლო მთლიანად დაეპყრო დიაოხი. უკანასკნელი ლახვარი დასუსტებულ დიაოხის, როგორც ჩანს, თავისმა ჩრდილოელმა მეზობელმა – კოლხამ ჩასცა. ყურადღებას იქცევს, რომ ზოგიერთი “ქვეყანა, რომელიც არგიშთი I-ის დროს დიაოხისთან კავშირში იხსენიება – ჩანს, მისი გავლენის სფეროში შედიოდა – სარდური II-ის დროს უკვე კოლხასთან კავშირში იჩენს თავს. ასეთია ვითარება, მაგალითად, ხუსას ქვეყნის მიმართ (УКН, 127, I, სტრ.8; 128 B 1, სტრ. 2–შდრ. УКН 155 C). სარდური II-ის მეფობის დასაწყისში დიაოხის რიგი ჩრდილო რაიონები კოლხას შემადგენლობაში მოექცა. დიაოხი მისი დარტყმებით ან სულ განადგურდა, ან ისეთ უმნიშვნელო ძალად გადაიქცა, რომ დაცვასა და მფარველობას კოლხას წინააღმდეგ ყოფილ მტერთან – ურარტუსთან ეძებდა. ამიტომაა, რომ სარდური II-ის დროს დიაოხისთან შეტაკებების შესახებ აღარაფერი ისმის. ამიერიდან კოლხეთი და ურარტუ უშუალო მეზობლები გახდნენ და მათ შორის შეტაკებაც გარდუვალი ჩანს. სარდური II–ის წარწერებში კოლხეთთან ბრძოლას საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ურარტუს ამ მეფის მატიანედან ვიგებთ ორი ლაშქრობის შესახებ, რომელიც ურარტელებს კოლხას წინააღმდეგ მოუწყვიათ. პირველი ლაშქრობა ძვ.წ. 750–748 წლებში მოეწყო. სარდური მეფე ამბობს: “გავემართე სალაშქროდ კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ. ღვთაება ხალდის სიდიადით ხახა, ხუსა (ლხი)ს ქვეყნის მეფე, მისი ხალხითურთ იქიდან წამოვიყვანე ტყვედ, გამოვრეკე და დავასახლე ჩემს ქვეყანაში” (УКН, 155 C). ხუსას ქვეყანა, როგორც ვთქვით, ადრე დიაოხის შემადგენლობაში შედიოდა, ახლა კი იგი, ჩანს, კოლხას ფარგლებში განიხილება, და მისი დაპყრობა კოლხას წინააღმდეგ ლაშქრობად არის მიჩნეული; საქმე ეხება კოლხას სამხრეთ პერიფერიას. ყურადღებას იქცევს, რომ ამჯერად კოლხეთის ძირითად ძალებთან, მის “მეფესთან” შეტაკება არც იგულისხმება. მეორეჯერ, ძვ.წ. 747–742/41 წლებში ურარტელები, ჩანს, კოლხას წინააღმდეგ ლაშქრობისას კიდევ უფრო ჩრდილოეთ რაიონებში მოქმედებენ. სარდური II–ის მატიანეში ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: “სარდური ამბობს: გავემართე სალაშქროდ კოლხას ქვეყნის წინააღმდეგ. ეს ქვეყანა (მე დავიპყარი). ქალაქი ილდამუსა, სამეფო ქალაქი კოლხას ქვეყნის მეფე (...) სა–სი, ბრძოლით დავიპყარი, მისი მოსახლეობა გადავბუგე. კოლხას ქვეყნის (მეფის) ნაცვლები, რომელნიც კი იქ იყვნენ, გავჟლიტე. რკინის ბეჭედი გავაკეთებინე, წარწერა დავდგი ქალაქ ილდამუსაში. ციხე–სიმაგრეები, ქალაქები დავწვი და დავანგრიე, ქვეყანა გავაჩანაგე. კაცები და ქალები გავრეკე. სარდური ამბობს: იმავე წელს მესამეჯერ გავემართე სალაშქროდ ვიტერუხის ქვეყნის წინააღმდეგ. სამი ოლქის მმართველი მოვიხმე. სამ ადგილას მე ვილაშქრე. ღვთაება ხალდის სიდიადით ამ ქვეყანას ალყა შემოვარტყი, ერთი დღის განმავლობაში იგი ხელთ ვიგდე. ქვეყანა გავაჩანაგე, კაცები და ქალები იქიდან გამოვრეკე. ქალაქ ურაიანის ციხე–სიმაგრე მე ავაგე, ჩემი ნაცვალი იქ დავსვი. ვიტერუხის ქვეყნის მეთვალყურე იქ დავაყენე. სარდური ამბობს: აი რა ვაჟკაცობა ჩავიდინე მე: 8100 ყრმა წავიყვანე 9110 დედაკაცი გამოვრეკე, აგრეთვე 17 300 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 31 600 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი. სარდური ამბობს: ღვთაება ხალდისათვის მე ეს საქმენი ერთი დღის განმავლობაში აღვასრულე” (УКН, 155 D, სტრ. 1-44). ამ შემთხვევაში ურარტელები, ჩანს, საკუთრივ კოლხას მიწა–წყალზე მოქმედებენ: ისინი იპყრობენ კოლხეთის მეფის “სამეფო ქალაქ” ილდამუსას. “სამეფო ქალაქ” ლურსმულ დამწერლობაში აუცილებლად დედაქალაქს არ აღნიშნავდა, თუმცა, უეჭველია, იგი სამეფოს მნიშვნელოვან ცენტრს მაინც გულისხმობდა. ილდამუსა სამეფო რეზიდენცია არ უნდა იყოს, რაც იქიდან ჩანს, რომ თვით კოლხეთის მეფე საომარ მოქმედებაში არ მონაწილეობს – ეტყობა, მან ვერ მოასწრო ილდამუსას საშველად მოსვლა. წარწერაში კოლხეთის მეფეს სახელიც ყოფილა ნახსენები, მაგრამ, საწუხაროდ, ამ სახელის პირველი მარცვალი წაშლილია, დარჩენილია, მხოლოდ მისი დაბოლოება – სა. ილდამუსაში მსხდარან კოლხას მეფის ნაცვლები (irdi –შდრ. ზმნა ir(i)du – “შეცვლა”), რომლებიც სამეფო მოხელეები არიან და არა ტომის ბელადები (ამ უკანასკნელთ დამწერლობა “მეფის” ნიშნით აღნიშნავდა). ურარტუს მეფე თვითონაც ბევრჯერ ლაპარაკობს დაპყრობილ ქვეყნებში თავისი irdi–ს(ე.ი. ნაცვლის) დასმა–დატოვებაზე (УКН,155 D, 14-26, 23–30) ამრიგად, ურარტუს მეფე ვერ ხედავს განსხვავებას თავის ასეთ მოხელესა და ილდამუსაში მჯდომ კოლხას მეფის მოხელეებს შორის და ორივეს ერთი და იგივე ტერმინით აღნიშნავს. კოლხეთი (კოლხა), რომელსაც ურარტუ ებრძვის, საფიქრებელია, უკვე ადრეკლასობრივი სახელმწიფო უნდა ყოფილიყო. ზოგი ნიშნის მიხედვით ამ ძველ კოლხებს საკუთარი დამწერლობაც კი უნდა ჰქონოდათ50. რა თქმა უნდა, კლასობრივი საზოგადოების დონეზე, დიაოხის მსგავსად აქ გაერთიანების წამყვანი მოსახლეობაა სავარაუდებელი. ამ სამაეფოს გავლენის სფეროში ალბათ შედიოდა ბევრი ისეთი რაიონიც, რომლის მოსახლეობა ჯერ კიდევ პირველყოფილ– თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა. ამის ნიშანია თუნდაც ის, რომ ურარტელები კოლხაში ცალკე “ქვეყნების” “მეფეებსაც” ხვდებიან – ე.ი. ტომთა ბელადებს (იხ. ზემოთ სარდური II–ის ცნობა კოლხაზე გალაშქრებასა და აქ ხუსას ქვეყნის მეფის დატყვევებაზე). კოლხაში, ურარტული წყაროების მონაცემების მიხედვით, განვითარებული ყოფილა მესაქონლეობა: კოლხასა და ვიტერუხის ქვეყნებზე გალაშქრებისას სარდური II–ს ხელთ უგდია დიდძალი პირუტყვი (1500 ცხენი, 17300 მსხვილფეხა და 31 600 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი). განვითარებული იქნებოდა აქ მეტალურგიაც. იმ ფაქტში, რომ სარდური II კოლხას ქალაქ ილდამუსაში “რკინის ბეჭედს” აკეთებინებს, ჩვენ შეიძლება აქ რკინის დამუშავების მნიშვნელოვანი კერა დავინახოთ. ეს, სხვათა შორის, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ურარტულ წყაროებში იხსენიება “რკინა”. “რკინის ბეჭედი” მისი გამარჯვების აღსანიშნავად, ილდამუსაში ურარტუს მეფეს ალბათ ადგილობრივმა ოსტატებმა გაუკეთეს, რომლებიც ამ საქმეში განთქმული უნდა ყოფილიყვნენ. ურარტელები სარდური II–ის დროს, უეჭველია, კოლხას მხოლოდ სამხრეთ რაიონებში მოქმედებდნენ (ხუსას ქვეყანა, ქალაქი ილდამუსა).კოლხეთის მეფის [ ] სას რეზიდენცია, დედაქალაქი სადღაც უფრო ჩრდილოეთით უნდა ყოფილიყო. დამახასიათებელია, რომ კოლხასთან დაკავშირებით ურარტელები არაფერს ამბობენ “ზემო ზღვის”, ე.ი. შავი ზღვის შესახებ. ჩანს, კოლხეთის ზღვისპირა რაიონებისათვის მათ არ მიუღწევიათ. ჩვენი აზრით, ძველი კოლხური სამეფოს ცენტრი სადღაც უფრო სამხრეთით უნდა ყოფილიყო და არა ფაზისზე (რიონზე), სადაც მას უფრო მოგვიანო ტრადიცია ათავსებს. იგი უფრო მეორე დიდი მდინარის – ჭოროხის ქვემოწელზეა სავარაუდებელი. ურარტუსთან ახლო კონტაქტი ასე უფრო ადვილად გასაგებია. არ უნდა დავივიწყოთ, რომ აქ, ჭოროხის აუზში, არის საძებნი გვიანბრინჯაოს განთქმული კოლხური კულტურის სამშობლო, მისი უმთავრესი სამრეწველო რაიონი. ძველი კოლხური სამეფო, უეჭველია, ამ კულტურის შემოქმედი მოსახლეობის გაერთიანება იყო. როგორც გვიანბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურის მატარებელი, ისე ძველი კოლხური სამეფოს მოსახლეობა უმთავრესად ქართველური ტომებისაგან შედგებოდა. ამ დროს ქართებსა და მეგრელ–ჭანებს შორის ენობრივი განსხვავება ჯერ თითქმის არ იყო. მხოლოდ სვანური რამდენადმე უკვე დაშორებული იყო საერთო– ქართველურს, თუმცა “კოლხური კულტურა” და ძველი კოლხეთის სამეფო, უეჭველია, მათაც მოიცავდა. ამრიგად, ძველი კოლხეთის სამეფო, რომელიც XI–VIII სს. არსებობდა, ქართველი ტომების უძველეს სახელმწიფოებრივ ერთეულს წარმოადგენდა51. სწორედ კოლხას (კოლხეთის) ამ ძლიერი და უძველესი სამეფოს არსებობის ხანაში გაეცნენ ბერძნები პირველად შავიზღვისპირეთის ამ კუთხეს. ამ სამეფოს ძლიერებამ და ბრწყინვალებამ ისეთი ძლიერი გავლენა მოახდინა მათზე, რომ თავის მითებსა და თქმულებებში ძველმა ბერძნებმა კოლხეთს საპატიო ადგილი მიუჩინეს. ასე მაგალითად, თქმულება არგონავტების შესახებ მოგვითხრობს, რომ ორქომენის მეფე ათამანტს ქალღმერთ ნეფელესაგან ჰყავდა ორი შვილი: ფრიქსე და ჰელე. უღალატა ათამანტმა ნეფელეს და დაქორწინდა ინოზე. ამ უკანასკნელმა მოინდომა ათამანტის შვილების დაღუპვა; როდესაც ათამანტის სამეფოს უბედურება დაატყდა თავს, მან მოისყიდა მისანთან გაგზავნილი ხალხი და მოატანინა ამბავი, ვითომ ქვეყანას იხსნის მეფის ძის ფრიქსეს მსხვერპლად შეწირვა. მეფე მზად იყო შეეწირა ფრიქსე, მაგრამ უკანასკნელ მომენტში მისი დედისაგან, ქალღმერთ ნეფელესაგან გამოგზავნილმა ოქროსსაწმისიანმა (ოქროსმატყლიანმა) ვერძმა შეისვა ზურგზე ფრიქსე და ჰელე და გააფრინა ისინი შორს ჩრდილოეთისაკენ. გზაში ჰელე გადმოვარდა ცხვრის ზურგიდან და დაიხრჩო ზღვაში. ამ ადგილს ამიერიდან ეწოდა ჰელესპონტი (“ჰელეს ზღვა” – დღევანდელი დარდანელის სრუტე) ღვთაებრივი ცხვარი, რომედზედაც ფრიქსე იჯდა, დაეშვა კოლხეთში, სადაც მეფობდა ღვთაებრივი წარმოშობის აეტი. მან შეიხიზნა ფრიქსე და თავისი ქალი ქალკიოპე მისცა ცოლად. ვერძი მსხვერპლად შესწირეს ღვთაება ზევსს, მისი ოქროს საწმისი კი შეინახეს და დარაჯად საშინელი ურჩხული დაუყენეს. მთელ საბერძნეთს მოედო ეს ამბავი. ათამანტის შთამომავლებმა შეიტყვეს, რომ მათი გვარის კეთილდღეობა დამოკიდებულია ამ ოქროს საწმისის დაუფლებაზე და აი, ოქროს საწმისის მოსაპოვებლად საბერძნეთიდან შორეულ კოლხეთში გაემგზავრა ორმოცდაათიოდე ბერძენი გმირი იაზონის მეთაურობით. თქმულება მათ არგონავტებს უწოდებს, რადგანაც იმგზავრეს ხომალდით, რომელსაც სახელად “არგო” ერქვა. კოლხეთის მეფე აეტმა არგონავტები თავის ბრწყინვალე სასახლეში მიიღო. იაზონმა ამცნო მეფეს მოსვლის მიზანი და ოქროს საწმისის სანაცვლოდ მეზობლებთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. აეტმა უპასუხა იაზონს: “ოქროს საწმისს მოგცემ, ოღონდ მანამდე სამი რამ უნდა გააკეთო: სპილენძისჩლიქიან და ცეცხლისმფრქვეველ ხარებს მიწა მოახვნევინო, ურჩხული მოკლა და მისი კბილები დათესო: და, ბოლოს, იმ ნათესიდან რომ დევგმირები ამოვლენ, ისინი დახოცო”. ბერძენი გმირები ამ ამოცანის სიძნელემ შეაკრთო, მაგრამ მათ დასახმარებლად აღსდგა ქალღმერთი აფროდიტე, რომელმაც თავისი ვაჟი ეროსი გაგზავნა მეფე აეტის მეორე ქალის, მზეთუნახავ და ჯადოქარ მედეას მოსახიბლავად. ეროსმა სიყვარულის ოქროს ისარი სტყორცნა მედეას გულში და არგონავტების მეთაურ იაზონისადმი ტრფობის ცეცხლი დაუნთო. იაზონის ტრფობით აღგზნებული მედეა გადაწყვეტს დაეხმაროს იაზონს. მედეა აძლევს იაზონს სასწაულთმოქმედ ნელსაცხებელს, რომელიც უვნებელს გახდის მას მძიმე განსაცდელის ჟამს. მართლაც, მედეას დახმარებით, იაზონმა აეტის ყველა დავალება შეასრულა. მიუხედავად ამისა, აეტი მაინც არ აპირებს მისთვის ოქროს საწმისის მიცემას. მაშინ იაზონმა და მისმა თანამგზავრებმა გაიტაცეს ოქროს საწმისი – ისევ მედეას დახმარებით, რომელმაც მოაჯადოვა და მიაძინა საწმისის მცველი ურჩხული. არგონავტებმა მედეაც თან წაიყვანეს და საბერძნეთისაკენ გაემართნენ. გზაში მათ წამოეწიენ აეტის მიერ დადევნებული მეომრები მედეას ძმის აფსირტეს მეთაურობით, მაგრამ არგონავტებმა დაამარცხეს მდევრები და თვით აფსირტეც მოკლეს. ზღაპრულ ამბებთან ერთად, ამ თქმულებაში ისტორიული სინამდვილეც არის ასახული. კოლხეთის სამეფოს აღწერისას მასში აირეკლა რეალურად არსებული დიდი კოლხური გაერთიანების დიდება და ბრწყინვალება. თუმცა მცირე, მაგრამ კონკრეტულ–ისტორიულ ფაქტებს ამ დიდი კოლხური გაერთიანების შესახებ, როგორც დავინახეთ, გვაწვდიან ჩვენ ურარტული ლურსმული წარწერები, როდესაც მოგვითხრობენ კოლხას ქვეყნის შესახებ.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

470. გ.მელიქიშვილი, დასახ. ნაშრ. , გვ.68 შმდ.

471. იქვე, გვ.80 შმდ.

472. А.Сванидзе, Материалы по истории алародийских племен, თბ., 1937, გვ.37. 40-41; მელიქიშვილი, ურარტუ, თბ., 1951, გვ.144-145.

473. საინტერესოა, რომ თრიალეთის კულტურის გავრცელების არეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოჩენა იწყო აშკარად მითანურმა ძეგლებმა –იხ. В.В.Пиотровский, Урартские надписи из Кармир–блура, წიგნში: И.М.Дьяконов, Урартские письма и документы, М.-Л., 1963, გვ.10-12

474. იხ. H.Schafer‚ Armenisches Holz agyptischen Wangnareien‚ “Sitzungsberichte der Preussischen Akademie der Wissenschaften”‚ 1931.

475. იხ. გ.მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965, გვ.198 –199 და სხვ.

476. St.Przeworski, Der Grottenfund von Ordu, ArOr, VIII, № 1, 1936, გვ.62-64; A.Zakharov Etudes sur I’archeologie de I’ Asie Mineure et du Caucase, RHA, I, fase. 5, 1931, გვ.166; Б.А,Куфтин, Археологическая маршрутная экспедиция 1945г. в Юго–Осетию и Имеретию, Тб., 1949, გვ.2-3.

477. М. И. Максимова, К вопросу о выходе хеттов на южный берег Черного моря, ВДИ, 1948, №4, გვ.24–34.

478. ამ სახლწოდების ოლქი იმყოფებოდა თანამედროვე მალატიის აღმოსავლეთით, ევფრატის მარცხენა ნაპირზე.

479. Г.А.Меликишвили, Наири–Урарту, თბ. 1954, გვ.75-76.

480. Г.Г.Гиоргадзе, К вопросу о локализации и языковой структуре каскских этнических и географических названий, Переднеазиатский сборник, 1, М., 1961.

481. იხ.მურსილი II ის ანალები, §32, სტრ.73-75 (A.Goetze‚ Die Annalen des Mursilis‚გვ.86–95).

482. Г.А.Меликишвили, К истории древней Грузии. გვ.170 –171.

483. Г.А.Меликишвили, Ассирия и «Страны Наири» на рубеже XII-XI вв. до н.э., ВДИ, 1963, №2; გ.მელიქიშვილი, შავი ზღვა ძვ.წ. XIII-XIIსს –ის ასურულ ლურსმულ წარწერებში, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, ნ.ბერძენიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1966.

484. ალზის ეკავა ტერიტორია მდ.დას.ტიგროსის სათავიდან ჩრდილო-დასავლეთით აღმ. ევფრატის (მურად–სუს) მიმართულებით; ფურულუმზი მის მეზობლად მდებარეობდა.

485. ქათმუხი ქაშიარის მთის (ტურ–აბდინი) ჩრდილოეთით მდ.ტიგროსის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. მისი ერთ-ერთი ცენტრი იყო მათიათუ (დღევ. მიდიატი).

486. И.М.Дьяконов, Ассиро-вавилонские источники по истории Урарту (ВДИ, 1951, №2), N10, I, 62 შმდ. D.D Luckenbill, Ancient Records of Assyria and Babylonia, Chicago, vol. I, 1962, 221, შდრ.276, 318.

487. შდრ. E.Cavaignac, Mushki et phrygiens‚ JA,t.CCXLI, 1953, გვ.141.

488. უფრო დაწვრილებით მუშქების საკითხის შესახებ იხ. Г.А.Меликишвили, К истории древней Грузии, გვ.105–110; გ.მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, გვ.18 შმდ.

489. იხ.ტიგლათფილესერ I-ის “წარწერა პრიზმაზე”, სვ.II, სტრ.100; სვ.III, სტრ.6; შდრ. “Keilschrifttexte aus Assur historischen InhaIts,” II,1922, №71a, მატიანეს ფრაგმენტი №2, სტრ.4; R Borger, EinIeitung in die assyrischen Königsinschriften, Leiden/KöIn‚1961, გვ. 115.

490. წარწერა, “ხარებზე” სტრ.102 –107 (“Beitrage zur Assyriologie”‚VI‚1; გვ.148–150); D.D.LuckenbiII‚დასახ. ნაშრ. 1, §660 –662).

491. ხურიტული ელფერის ტოპო– და ეთნონიმიკა, აგრეთვე პირთა სახელები საკმაო რაოდენობით გვხვდება სამხრეთ ამიერკავკასიის დასავლეთ რაიონებში, რომლებიც უშუალოდ ეკვრის ჩრდილოეთიდან აშკარა ხურიტული მოსახლეობის მქონე რაიონებს ჩრდ. მესოპოტამიასა და სომხეთის ზეგანზე – იხ. Г.А.Меликишвили, Наири–Урарту, გვ.108 შმდ. .

492. წარწერა პრიზმაზე, სვ.IV‚ სტრ.43 – სვ.V, სტრ.32.

493. E.Weidner, Die Inschriften Tukulti-Ninurtas I. und seiner Nachfolger, AfO, Beiheft 12, Graz, 1959, გვ.10, 12, 14, 23, 27, 30, 32, 34, (წარწერები №№ 4-6; 14; 16-17; 19; 21); შდრ.D.D.Luckenbill, დასახ. ნაშ., I, §§144, 165, 171; И.М.Дьяконов, დასახ. ნაშრ. №№3, 6-7.

494. თუმეს ადგილმდებარეობის შესახებ იხ. Г.А.Меликишвили, დასახ. ნაშრ., ВДИ, 1963, №2, გვ.118 შმდ.

495. E.Weidner, დასახ. ნაშრ., №6, სტრ.17-19; შდრ. №17, სტრ.31-33.

496. E.Weidner, 19, სტრ.7-19.

497. Ed.Meyer, Geschichte des Altertums, II2, 1931, გვ.378-379; И.М.Дьяконов, დასახ. ნაშრ., №10, შენ.45.

498. Eb.Schrader, Die Namen der Meere ih den assyrischeh Inschriften, “Abhandlungen der philosophisch–historischen Klasse der Königl. Akademie der Wissenschaften, Berlin, 1878, გვ.194 და სხვ.

499. E.Weidner, დასახ. ნაშრ., გვ.10.

500. R.Borger, დასახ. ნაშრ., გვ.81.

501. Г.А.Меликишвили, Наири–Урарту, გვ.13 შდრ.

502. იხ. მაგალითად, სალმანასარ III–ის წარწერებში: D.D.Luckenbill, დასახ. ნაშრ., I, 606, 617, 632, 641, 685, 687, 690, 692. “ნაირის ქვეყნის ზღვა” იხსენიება ტიგლათფილესერ პირველთანაც (C.F.LehmannHaupt, Materialen zur alteren Geschichte Armeniens und Mesopotamiens, 1907, №7). შეიძლება უკვე ამ დროს იგი ვანის ტბის აღსანიშნავად იხმარება, ან ეგების შავ ზღვასაც აღნიშნავს.

503. Г.А.Меликишвили, დასახ. ნაშრ. ВДИ, 1963, №2, გვ.124.

504. იხ.ტიგლათფილესერ I-ის ანალების ფრაგმენტი №2 სტრ.8 შმდ. - E.A.Wallis Budge and L.W.King,დასახ. ნაშრ. გვ.117; D.D. Luckenbill:, დასახ. ნაშრ., I, 319; И.М.Дьяконов, დასახ. ნაშრ. №13.

505. იხ.წარწერა იუნჯალუდან. უფრო დაწვრილებით ამ წარწერის ინტერპრეტაციის შესახებ იხ.ქვემოთ, აგრეთვე:Г. А. Меликишвили, Наири-Урарту, გვ.25 შმდ.

506. E.Weidner, დასახ. ნაშრ., № 5, სტრ.6; №17, წინა მხარე, სტრ.16.

507. მაგრამ არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ასურელებთან “ზემო ზღვა” ან “დიდი ზღვა” ყოველთვის შავ ზღვას გულისხმობდა. ბევრ შემთხვევაში ამ სახელწოდებით უცილობლად ხმელთაშუა ზღვა აღინიშნება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ხმელთაშუა, ეგეოსის და შავ ზღვებს ასურელები წყლის ერთიანი სივრცის სახით განიხილავდნენ, როგორც “ზემო დიდ ზღვას” ანუ “მზის ჩასვლის (ე.ი.დასავლეთის) ზემო ზღვას” და მას უპირისპირებდნენ სამხრეთით არსებულ წყლის დიდ სივრცეს – “მზის ამოსვლის (აღმოსავლეთის) დიდ ზღვას”, “მზის ამოსვლის ქვემო ზღვას”, “ქვემო ზღვას” (სპარსეთის ყურე და მისი გაგრძელება – ოკეანე) – იხ.გ.მელიქიშვილი, შავი ზღვა ძვ.წ.XIII-XII სს–ის ასურულ ლურსმულ წარწერებში, ნ.ბერძენიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 1966.

508. C.F.Lehmann-Haupt, დასახ. ნაშრ., წარწერა №6; И.М.Дьяконов, დასახ. ნაშრ. №17. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ბევრი მკვლევარი “კილხი” სახელს “ხაბხი”-ს სახით კითხულობს (პირველ ნიშანს, რომლითაც ეს სახელი იწერება, “კილ”-თან ერთად “ხაბ” და ზოგი სხვა მარცვლის ღირებულებაც გააჩნია). მაგრამ ხაბხის ადგილსამყოფელი კარგად ცნობილია - იგი არავითარ ზღვამდე არ ვრცელდებოდა, ამიტომაც ასე ამ სახელის წაკითხვა გამართლებული არ ჩანს. პირიქით “კილხი”-ს ფორმით წაკითხვისას ისახება “კოლხი” - სახელთან მისი დაკავშირების პერსპექტივა, ხოლო ასეთი ქვეყნის (კილხი//კოლხი–ს) განვრცობა “დიდ ზღვამდე” (resp. შავ ზღვამდე), რა თქმა უნდა, სიძნელეს არ შეუქმნის წარწერის ამგვარად ინტერპრეტატორს.

509. დაწვრილებით ამ საკითხის გარშემო იხ. Г.А.Меликишвил, К истории древней Грузии, გვ.181–185.

510. იხ. Б.Б.Пиотровский, Урартские надписи из раскопок Кармирблура, წიგნში: И.М.Дьяконов, Урартские письма и документы, М. –Л., 1963, გვ.11-12.

511. იხ. E.F.Weidner პუბლიკაცია “Archiv für Orientforschung”-ში (ტ.VII, გვ.267 შმდ.) აგრეთვე Б.Б.Пиотровский, История и культура Урарту, Ер., 1944, გვ.17.

512. Р.Хеннинг, Неведомые земли I, М., 1961, გვ.37 შმდ. შდრ. აგრეთვე: Л.А.Ельницкий, Знания древних о северных странах, М., 1961, გვ.12.

513. შდრ.ო.ლორთქიფანიძე, ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966, გვ.18–21.

514. საინტერესოა, რომ თ.მიქელაძემ ამ გარემოებიდან გამოსავლის სახით წამოაყენა ვარაუდი, რომ მითში ოქროს საწმისის შესახებ აეტის სამეფოს სახით აირეკლა ასურული წყაროების დაიაენის (ურარტული დიაოხის) სამეფო; იხ. თ.მიქელაძე, ქართველი ტომებისა და ბერძნული სამყაროს ურთიერთობის გენეზისისათვის, საქართველოს სსრ მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, II, 1960, გვ.173 –176. ძნელია, როგორც სამართლიანად ფიქრობს ო.ლორთქიფანიძე, დავეთანხმოთ იმ ვარაუდს, რადგანაც დიაოხი არ იყო ზღვისპირა ქვეყანა; იხ. დასახ.ნაშრ., გვ.21, შენ.1.

515. D.D.Luckenbill, დასახ. ნაშრ. I, გვ.660-662; И. М. Дьяконов, დასახ. ნაშრ. №31

516. თუ, რა თქმა უნდა, ეს იგივე უტუფურსია, რომლის შესახებაც ლაპარაკობს მენუა და არა რომელიმე სხვა ამავე სახელის მქონე მმართველი.

517. ურარტელთა საზომი ერთეული “მინა” უდრიდა დაახლოებით 505 გრამს, იხ.Б.Б.Пиотровский, История и культура Урарту, Ер., 1944, გვ.201–202.

518. შდრ. И.М.Дьяконов -თან წიგნში: «Всемирная история» I, 1955, გვ.515.

519. იხ.მელიქსეთ-ბეგი, მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938, გვ.43 შმდ. შდრ.И.И.Мещанинов, Циклопические сооружения Закавказья, Известия ГАИМК, XIII (1-2), вып.4-7; მისივე, Восточное Закавказье времен халдских завоеваний. ВДИ, 1937, №1, Б.Б.Пиотровсий и Л.Т.Гюзальян, Крепости Армении доурартского и урартского времени, «Проблемы истории материальной куьлтуры», 1933, №5-6.

520. იხ.პ.უშაკოვი, საქართველოს უძველესი ხალხები და უკანასკნელი წლების აღმოჩენები არქეოლოგიის დარგში, “საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე”, ტ.X-B 1940.

521. ჩამოთვლილი ქვეყნების ადგილსამყოფელის შესახებ უფრო დაწვრილებით იხ.Г.А.Меликишвили, К истории древней Грузии, გვ.209 შმდ.

50. აპოლონ როდოსელი (ძვ.წ III ს.) თავის “არგონავტიკაში” ლაპარაკობს, რომ კოლხები ინახავენ “ფირფიტებზე გაკეთებულ თავისი წინაპრების ჩანაწერებს” (IV, 272-281) –ა.ურუშაძის გამოცემა, თბ., 1948, გვ.228 -229.

51. “კოლხური კულტურის” მატარებელი ეთნიკური ვინაობისა და ძველი კოლხეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ, იხ.გ.მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის. გვ.50–93