topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მეზოლითი (შუა) და ნეოლითი (ახალი ქვის ხანა) - საქართველოს ისტორიის ნარკვევები

<უკან დაბრუნება...<<<მემატიანე // უძველესი საქართველო>>>

(+)

ნეოლითი (ახალი ქვის ხანა)

საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I, საქართველო უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე, §3 // რედ. გ.მელიქიშვილი, გამ. “საბჭოთა საქართველო”, თბ., 1970

გამოყენებული ბმულები: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/2954/1/SakartvelosIstoriisNarkvevebi_Tomi_I_1970.pdf

http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=5&id=515

http://www.dayshare.org/ildamusa/ss-25985625

ძველი ქვის ხანა, როგორც მეცნიერთა უმრავლესობა ამტკიცებს, დასრულდა დაახლოებით 10 000 წლის წინ. მისი უკანასკნელი საფეხური იყო ეპიპალეოლითი (პალეოლითის ბოლო) ანუ მეზოლითი (შუა ქვის ხანა). შუა ქვის ხანის არსებობის პერიოდს არქეოლოგები პირობითად ძვ.წ. XII–IX ათასწლეულებს შორის ვარაუდობენ. ამას მოსდევს ნეოლითი, რომელიც ზომიერი სარტყლის ქვეტროპიკული ზონის კულტურულ სამყაროში ძვ.წ. VIII–V ათასწლეულში ექცევა. როგორც ჩანს, კულტურის ამ უაღრესად საინტერესო და შინაარსიანი საფეხურის წარმოქმნა, განვითარება და გადაშენება სულ რაღაც 3-4 ათასწელს მოითვლის. ცხადია, ნეოლითის ასეთი ასაკობრივი შეფასება სწორედ რომ უკუპროპორციულია იმ ზოგადისტორიული მნიშვნელობისა, რაც მას ადამიანთა საზოგადოების სამეურნეო–კულტურულ ცხოვრებაში ჰქონდა. ნეოლითელი ადამიანის მოსახლობანი ფართოდ იყო გავრცელებული აზიის, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში. ახალი ქვის ხანის კულტურის ძეგლთა გავრცელების მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა აღმოსავლეთი ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის ზოლი გიბრალტარიდან მოკიდებული ინდოჩინეთამდე. იგი მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, სამხრეთ ევროპას, ანატოლიას, სირია პალესტინას, ერაყს, ირანს, ავღანისტანს, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვ., ე. ი. სწორედ იმ გეოკულტურულ ზონას, სადაც ჩაისახა და განვითარდა კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციები მახლობელი, შუა და შორეული აღმოსავლეთისა. სამხრეთი ევროპა და მეტადრე კავკასია ამ გარემოში განიხილება როგორც დამაკავშირებელი რგოლი აღნიშნულ ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ევრაზიას შორის. ამ თვალსაზრისით ჩვენი მხარე, როგორც არაერთგზის გვქონდა აღნიშნული, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში კულტურულად წინა აზიის არსებით ნაწილს წარმოადგენდა. ეპოქისათვის ნიშანდობლივია, პირველ ყოვლისა, დიდი პროგრესი საწარმოო ძალთა განვითარებაში და კერძოდ, ტექნიკაში. თუმცა სამუშაო იარაღების მასალად აქაც ქვა და ძვალია გამოყენებული (ხის იარაღები გასაგები მიზეზის გამო ჩვენამდე არ მოღწეულა), მაგრამ მისი დამუშავების ტექნიკაში არსებითი ნოვატორული ცვლილებები შეინიშნება. ძველი ქვის ხანაში ადამიანის მიერ შეძენილი ხერხები: ქვის გათლა, ატკეცვა და წნევით დამუშავება ისევე როგორც მეორადი შემოკეთება–რეტუში (მაღალი, ციცაბო, დაბალი, წოლითი, გამაფხიანებელი, გამამხვილებელი, დამაჩლუნგებელი და მრ. სხვ.) ნეოლითში კიდევ უფრო განვითარებულია და წარმოების შედეგიც ხშირად ვირტუოზული ხელობის ნიმუშს წარმოადგენს. თუ ადრე საიარაღე მასალა კაჟით, ობსიდიანით, კვარცით, ბაზალტით და კიდევ რამდენიმე სხვა ქანით შემოიფარგლებოდა, ახლა ეს ასორტიმენტი გაცილებით ფართოა. მასში, აღნიშნულს გარდა, შედის უამრავი ტუფოგენური, ინტრუზიული და დანალექი ქანები, ანდეზიტი, დოლომიტი, დიორიტი, ასე გასინჯეთ, ისეთი იშვიათი, ნახევრად ძვირფასი მკვრივი ქანებიც, როგორიცაა იასპი, ნეფრიტი, ბროლი, ჟადეიტი და სხვ. ხმარებაში შემოდის და ფართოდ ვრცელდება დიდი ზომის ქვის იარაღები, ე.ი. მაკროლითები, რისთვისაც სხვადასხვა ქანის რიყის ქვები არის გამოყენებული. რიყის ქვის დამუშავების საქმეში ინერგება სრულიად ახალი, მანამდე უცნობი, სახელდობრ, ნამზადის გახეხვა–გაშანდაკება,-გაპრიალება, გახვრეტა, რაც გულისხმობს საამისო ხელსაწყო–ინსტრუმენტების - სახეხ- საპრიალებელთა, სალესების, სახვრეტების, პირსაწყობთა და მისთ. არსებობას. ჩნდება მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სახნისის მაგვარი იარაღები, მიწის საჩიჩქნი წალკატები, თოხისნაირნი (მათ შორის ძვლისა და რქისა), კაჟის ნამგლები, ხელსაფქვავები, სასრესები, ფილთაქვები და მრ. სხვ. კიდევ უფრო მრავალრიცხოვანია ხითხუროობისათვის საჭირო იარაღები: ცულები, საჭრელ– სათლელები, შალაშინები, კვერჩაქუჩები, კაჟის ხერხები და ა. შ. სხვადასხვა სახის რეტუშორებს, ხელკვერებს, გრდემლებსა და მისთ. ხომ თვლა არა აქვს. ნეოლითურ ნამოსახლარებზე ბლომად პოულობენ აგრეთვე მეთევზეობასთან, ტყავის დამუშავებასთან, ქსოვის საქმესთან დაკავშირებულ ნივთებს, როგორიცაა ბადის საწაფები, ჰარპუნები, ანკესები, სადგისები, ნემს-მახათები, კვირისტავები და სხვ. მრ. წნევით დამუშავებული კაჟისა და სხვა ქანების ისრისპირები მოწმობს მეზოლითიდან ნაანდერძევი შუბისა და ისრისპირების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფას.

გეომეტრიული მოხაზულობის კაჟის პაწია ჩასართები კიდევ უფრო მომრავლებულია წინამავალ პერიოდთან შედარებით, თუმცა შეინიშნება თავისებურება მეორად დამუშავებაში: სეგმენტისებური ჩასართები პატარავდება; მათი რკალი მეტწილად დამაბლაგვებელი რეტუშით არის გაფორმებული; ტრაპეციისებურ ჩასართებს აქ უკვე სამი გვერდი აქვს დაბლაგვებული (წინააღმდეგ ორისა ეპიპალეოლითში); ჩნდება მოგრძო პროპორციების სწორკუთხა ჩასართები, რომელთაც ორთავე ზედაპირი დაბალი თანამიმდევარი წნევითი რეტუშით უნდა ჰქონდეს გათლილი. საგრძნობია სიმრავლე დაკბილული ჩასართებისა (ნამგლისათვის), რომელთა შორის ზეგიერთის სამუშაო პირზე შეინიშნება მკის შედეგად დარჩენილი დამახასიათებელი კვალი–ნაპრალები. ამ საფეხურზე კულტურის განვითარებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თიხის ჭურჭლის დაყალიბებისა და გამოწვის უნარის შეძენას. ამ აღმოჩენამ საშუალება მისცა ადამიანს გაეუმჯობესებინა საჭმლის მომზადება და გაემდიდრებინა საკვები პროდუქტების ასორტიმენტი. თიხის ჭურჭლის დამზადება ნეოლითისათვის იმდენადვე ნიშანდობლივია, რამდენადაც ქვის გახეხვა–გაპრიალება122. ზემოთქმულის გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა ვიქონიოთ ნეოლითელი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა მხარეზე. ეს არის: შემგროვებლობა, მონადირეობა, მეთევზეობა, მეთუნეობა, ხის, ქვის, ძვლის, რქისა და ტყავის დამუშავება, ქსოვის საქმე და სხვ. ყველა ამ დარგის წინსვლა– განვითარებამ, ცხადია, ბევრად უკეთესად შეაიარაღა და მოამზადა ადამიანი ბუნების ძალების დამორჩილებისათვის ბრძოლაში ვიდრე მისი პალეოლითელი წინაპარი. მაგრამ, გარდა აღნიშნული მრავალდარგოვანი სამეურნეო მოღვაწეობისა, იმდროინდელი ადამიანი დაეუფლა საარსებო საშუალებათა მოპოვების ახალ ხერხებს, რომელთაც მისი არსებობა უფრო უზრუნველყოფილი, ხოლო საერთო– საზოგადოებრივი წარმოება გაცილებით მრავალფეროვანი, წარმადი და საიმედო გახადეს. ეს იყო მცენარეთა მოშენება და ცხოველთა მოშინაურება. პირველი მალე მიწადმოქმედებად იქცა და მას სათავე შემგროვებლობამ დაუდო, ხოლო მეორე მესაქონლეობაში გადაიზარდა, რაც მონადირეობიდან მომდინარეობს. მიწადმოქმედებისა და მესაქონლეობის წარმატება ბუნებაში მზამზარეულად არსებულ სახეთა მარტოოდენ გამრავლებაში როდი მდგომარეობდა. ეს წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ადამიანის ქვეცნობიერმა, ხოლო შემდეგ შეგნებულმა მოქმედებამ მცენარეთა და ცხოველთა ბუნების გარდაქმნისათვის. სასარგებლო სახეთა ხელოვნური შერჩევისა და შეჯვარების გზით საბოლოდ მან სრულიად ახალი, ბუნებაში მანამდე უცნობი სახეები შექმნა და ზოგ მათგანს ისეთი ნიშან–თვისებანი გამოუმუშავა, რაც მცენარისა და ცხოველისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა, მაგრამ ადამიანისათვის კი ერთობ სასარგებლო იყო123. სამეურნეო საქმიანობის ამ დარგების გავრცელებამ ძველი ქვის ხანის ნაანდერძევ მითვისებით მეურნეობას ახალი ქვის ხანაში მწარმოებლური ხასიათი მიანიჭა. ეს იყო უდიდესი გადატრიალება, რაც კი მომხდარა ქვის ხანის ადამიანის სამეურნეო– კულტურულ ცხოვრებაში და იგი იმდენად მართებული ჩანს, რომ ბევრი მკვლევარი ამ მოვლენას “ნეოლითური რევოლუციის” სახელით მოიხსენიებს124. ზემოხსენებული იარაღ ხელსაწყოების უმეტესობა, როგორც საგანგებო დაკვირვება ააშკარავებს, მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მაგრამ ცხოველთა მოშინაურების დასადასტურებლად მეცნიერებას უფრო პირდაპირი ცნობები მოეპოვება. ეს არის ოსტეოლოგიური (ძვლოვანი) მასალა, რაც უძველეს ნამოსახლარ ფენებში ჩნდება და ადამიანის მიერ პირველად მოშინაურებულ ცხოველთაგან არის დარჩენილი. საერთო აღიარებით, პირველია ძაღლი, რომელიც ჯერ კიდევ ეპიპალეოლითიდან გამხდარა ადამიანის ოთხფეხა მეგობარი, ნადირობისას პირველი შემწე და მისი ავლადიდების ერთგული დარაჯი. რაც შეეხება სხვა (მეწველ, საკვებად ვარგისი ხორცისა და გამწევი ძალის მქონე) ცხოველებს, მაგალითად, ძროხას, ხარს, თხას, ცხვარს, ღორსა და ა.შ. მათი ძვლოვანი ნაშთები უხვად მოიპოვება ძვ.წ. VII–IV ათასწლეულთა კულტურულ ფენებში როგორც აფრიკასა და აზიაში, ასევე ევროპაშიც (თუმცა ცოტა უფრო გვიან). დღემდე დაგროვილი ფაქტების საფუძველზე საერთოდ აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ცხოველთა ყველა ძირითადი სახე მოშინაურებული იყო მახლობელი აღმოსავლეთისა და ევროპის მოსახლეობის მიერ ჯერ კიდევ ნეოლითის სტადიაზე. ამავე დროს ნამოსახლარებშია აღმოჩენილი ხორბლის, ქერის, ფეტვის მარცვლებიც. კიდევ მეტი. ახლო აღმოსავლეთისათვის ნეოლითში ცნობილია ინდის ხურმა, ზეთისხილი, ლეღვი, ყურძენი, ქუნჯუთი, ხახვი, ნიორი, სალათა, ნესვი, ლობიო, ოქროცერცვა და სხვ., რაც იმდროინდელი ადამიანის მენიუს მრავალფეროვნებას მოწმობს125.

ასე რომ, თუ გავითავალისწინებთ მახლობელ აღმოსავეთთან ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ–გეოგრაფიული პირობებისა და კულტურულ-ისტორიული განვითარების სიახლოვეს, მაშინ სოფლის მეურნეობის ზემოაღნიშნული დარგების მხრივ ჩვენშიაც ანალოგიური სურათი უნდა ყოფილიყო. ნეოლითი ამიერკავკასიის რესპუბლიკებიდან, თითო–ოროლა შემთხვევით მონაპოვარს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში თითქმის არც არის ცნობილი. ამ დროს ძეგლთა მოპოვების ძირითადი პუნქტები ისევ საქართველოში და ისიც მის დასავლეთ ნაწილშია აღნუსხული. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც თითო–ოროლა გახეხილი იარაღი ან მათი ნამზადებია მოპოვებული; კერამიკა არ ახლავს; კულტურული ფენა (თუნდაც აშლილი) არ არის დადასტურებული. ჩვენ მხედველობაში გვაქვს აბელიას, თეთრიწყაროს, რუსთავის გახეხილ–გაპრიალებული ცულები და სატეხები, ალაზნისპირის თოხისნაირი იარაღები და სხვ. აღნიშნულის გამო, სავარაუდოა, რომ ეს ეული ნივთები ამ გარემოში (მეტადრე ქვემო ქართლში) ძვ.წ. V–IV ათასწლეულებში გავრცელებული ენეოლითური კომპლექსებიდან მომდინარეობდნენ126. ნეოლითური კულტურის განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელი პირობები, როგორ ფაუნის ინტენსიურ ზრდა– განვითარებას ოპტიმალურ პირობებს უქმნიდა, ხოლო, მეორე მხრივ, იმ სოციალურ, ეკონომიურ და კულტურულ ვითარებაში, რაც შუა ქვის ხანის ტექნოლოგიური განვითარების საფუძველზე აღმოცენდა. დასავლეთ საქართველოს თბილი, ქვეტროპიკული ჰავა, ნოყიერი ნიადაგი, წყაროთა სიუხვე, ფართო სამდინარო ქსელი, ზღვის სიახლოვე, ხშირი ტყე და მრ. სხვ., როგორც ჩანს, თავიდანვე იზიდავდა ადამიანს. მართლაც, ნეოლითური ნამოსახლარები აქ შედარებით მაღალ, ზღვიურ-მდინარეულ ტერასებზე, ბუნებრივ ბორცვებზე, წყალგამყოფ ზეგნებზე არის განლაგებული. საქართველოში აღმოჩენილი ნეოლითური ნამოსახლარები ისტორიული პროვინციების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ხუცუბანი და ქობულეთი (აჭარაში), ანასეული I‚ ანასეული I I, გურიანთა, მამათი, ნაგომარი, ახალშენი, იანეული, (გურიაში), ოდიში (ყოფ. ლედგებია), ურთა, პალური, აგუბედია, ოფაჩხაფე და სხვ. (სამეგრელოში), კისტრიკი (აფხაზეთში), საკაო (რაჭაში), თეთრამიწა, საგვარჯილე და სხვ. (იმერეთში). ამათგან მხოლოდ ერთია (საგვარჯილე) მღვიმური ნასადგომევი, ხოლო ყველა დანარჩენი თავის დროზე ღია ცისქვეშეთში იყო მოწყობილი. სწორედ ამ უკანასკნელი გარემოების გამო ნამოსახლარი ფენების პირვანდელი განლაგება უმეტეს შემთხვევაში დარღვეულია, ნიადაგის ეროზიის შედეგად გადარეცხილი, შემდგომ ხანაში სახნავ სავარგულებად გამოყენებისას აშლილი და ნივთიერი კულტურის ნაშთები ხშირად გადაადგილებული. ამიტომ ვამბობთ, რომ ქართული ნეოლითური ძეგლების სტრატიგრაფია დარღვეულია და მოპოვებული მასალის შედარებით დათარიღება ერთობ ჭირს. ამას ისიც ემატება, რომ აქაური ნიადაგი ცუდად ინახავს ძვალს. დღემდე ადამიანის ჩონჩხის შემცველი არც ერთი ნეოლითური სამარხი არ შეგვხვედრია და ცხოველთა ძვლებიც ძალიან იშვიათია. ამის გამო იტყვიან, რომ ესა თუ ის ძეგლი პალეონტოლოგიურ დასაბუთებას მოკლებულიაო. ესეც რომ არ იყოს, ამ დროის ღია სადგომების თვით ფენებია თხელი (ალბათ გვაროვნული თემისა თუ ტომის საცხოვრისის მეტ–ნაკლებად ხშირი ცვლის გამო). ასეთ შემთხვევაში შედარებისათვის მიმართავენ ღია ან მღვიმურ ნამოსახლარის მასალებს, რაც აადვილებს ჩვენთვის საინტერესო ძეგლის დათარიღებას და მისი კულტურული პროფილის დადგენა დაზუსტებას. ზემოჩამოთვლილი ახალი ქვის ხანის ძეგლები თავისი განფენილობით, მასალის რაოდენობრივი შემადგენდლობით თუ საერთო ხასიათით ყველა თანაბარი ღირებულებისა როდია. მაგალითად, კისტრიკისა და ოდიშის ნამოსახლარ– ნასახელოსნარი ჰექტარებზეა გაჭიმული და მონაპოვარიც ათასეულობით აღირიცხება. ახალშენში, იანეულში, ურთაში და სხვ. კი თოთო–ოროლა იარაღი არის მოპოვებული. შესწავლის მხრივაც ყველა ერთნაირი სისრულით არ არის გამოვლენილი და ფიქსირებული. მაგრამ უფრო საყურადღებო მაინც ის არის, რომ ჩამოთვლილი ძეგლები ნეოლითის შიგნით ერთა და იმავე საფეხურს არ ეკუთვნის და ამგვარად მათი ჯგუფები ერთიმეორისადმი ასაკობრივ სხვაობას ამჟღავნებს. უკანასკნელ ხანებამდე საქართველოს ნეოლითური ძეგლები სუსტად შეისწავლებოდა და, ცხადია, მასში საფეხურების გამოყოფის სერიოზული ცდაც არ იყო ჩატარებული. გასული 10–12 წლის მანძილზე წარმოებულ საგანგებო კვლევა–ძიებას ამ მხრივაც სასურველი შედეგი მოჰყვა. საქართველოს ნეოლითური ძეგლები ლ.ნებიერიძემ ხნოვანებისდა მიხედვით ორ ჯგუფად დაყო: პირველ ჯგუფში მან გააერთიანა ანასეული I, ხუცუბანი და ქობულეთი, რომლებიც ადრეულ ნეოლითს მიაკუთვნა. მეორე ჯგუფს შეადგენენ ოდიში, კისტრიკი, ანასეული II, გურიანთა, მამათი, რომლებიც გვიანი ნეოლითით თარიღდებიან127. დავახასიათოთ ზოგი მათგანი. ანასეული I (მახარაძის რ-ნი) გათხარეს 1956–1962 წლებში (ლ.ნებიერიძე). კულტურული ფენა 40 სმ სისქისა იყო. გაითხარა 500კვ.მ. შეგროვდა 4000–ზე მეტი ობსიდიანის, კაჟისა და სხვ. ქანებისაგან ნაკეთები ნუკლეუსები, იარაღები, ანატკეცები, ანამტვრევები, რეტუშორები, ლამელები და სხვ. 9 სახეობის საფხეკები და საჭრისები სათითაოდ, სახვრეტები, ხერხები, დანები, გეომეტრიული მოხაზულობის იარაღები (ტრაპეციები). ბევრია რიყის ქვისაგან ნაკეთები იარაღებიც (ცული, ხელჩაქუჩი, სათლელები, სალესები, თოხები და ა.შ.)128.

აღსანიშნავია საიარაღე მასალად გამოყენებული ობსიდიანის სიჭარბე, თითქმის ორჯერ ნაკლებია კაჟი, კიდევ უფრო მცირეა რიყის ქვისაგან ნაკეთები იარაღები. ნამოსახლარისათვის არ არის დამახასიათებელი თიხის ნაწარმი. ქვის დამუშავების ტექნიკაში შეინიშნება მეზოლითური ტრადიციები. მაშასადამე, ეს ძეგლი უკერამიკო, ადრეულ ნეოლითს განეკუთნება. ხუცუბანისა და ქობულეთის ნამოსახლარებიც მსგავს მასალას იძლევა. იარაღთა უმეტესობა აქაც ობსიდიანისაგან არის ნაკეთები. არ გვხვდება კერამიკული ნაწარმი, არც გეომეტრიული მოხაზულობის მიკროლითებია და არც რიყის ქვის გახეხილი იარაღები. ანასეულ I–თან ამ ნამოსახლერებს აახლოვებს იარაღთა ტიპოლოგიური ერთიანობა და მათი დამუშავების მსგავსება129. ეს გარემოება ამ ძეგლებისა და ანასეული I-ის სინქრონულობას უნდა მოწმობდეს. გვიანნეოლოთური ძეგლებიდან პირველ რიგში ოდიში უნდა დასახელდეს. ოდიში (ზუგდიდის რ–ნი) მიკვლეული იყო 1936 წ., ჩრდ–აღმოსავლეთით 6 კმ–ის მანძილზე, მდ.ჯუმის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 273 მ სიმაღლეზე. გაითხარა 1937 წელს130მოპოვებულია 10 000–მდე ნივთი. 0,40 მ სისქის ფენა, რომელშიაც კულტურული ნაშთები ჩნდებოდა, არაერთგზის გადახნული და გადარეცხილი ჩანდა. მოპოვებული ინვენტარი საკმაოდ მრავალფეროვანია. იარაღის გასაკეთებლად გამოყენებულია უმთავრესად მოვარდისფრო, ყავისფერი, მონაცრისფრო კაჟი, იშვიათად დაბინდული ობსიდიანი, ნაირსახეობის წარმოშობის რიყის ქვა. არის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებიც, რომელთა მიხედვით შეიძლება წარმოვიდგინოთ დაბალი, ცილინდრული მოყვანილობის, უყურო (ზოგჯერ ნახვრეტიანი ზონარის გასაყრელად), უქობო, მაგრამ პირდაკბილული, ბრტყელძირიანი ჭურჭელი. თიხა ფორიანია, ქარსნარევი, სუსტი კონსისტენციისა და კარგადაც ვერ არის გამომწვარი. ამის გამო ზედაპირი დამსკდარია. ჭურჭელი მარტივი ჭდეული სახეებით არის შემკული (თუმცა საკმაოდ ძუნწად). შემკულობის ზოგიერთი მოტივი ხორბლეულის თავთავს, უფრო სწორად, მარცვლეულს მიაგავს. ოდიშური ჭურჭელი საქართველოსა და კავკასიაში ყველაზე უძველესი თიხის ნაწარმის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს. უფრო მეტი ხვედრითი წონა მაინც კაჟის ინვენტარს აქვს. აქ წარმოდგენილია კაჟის იარაღ-ხელსაწყოების ბევრი სახე, რომლებიც წინამავალი ეპოქიდან არის გადმოსული. (საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, თავრეტუშირებული ლამელები, პრიზმული და კონუსისებური ნუკლეუსები და ბევრი სხვაც). მიკროლითური ტექნიკა ფრიად განვითარებულია, თუმცა გეომეტრიული მოყვანილობის მიკროჩასართების პროცენტი დიდი მაინც არ არის. ამათ შორის სჭარბობს ტრაპეციები, რომელთაც ორი, ხშირად სამი გვერდიც რეტუშით აქვს დაბლაგვებული. პაწია, დაბალი სეგმენტებიც რკალდაბლაგვებულია. ოდიშის მიკროფორმებისათვის დამახასიათებელია მოგრძო პროპორციების სწორკუთხა ჩასართები, რომელთაც ორთავე ზედაპირი დაბალი, მცოცავი რეტუშით აქვს გათლილი. ოდიშში მიკროლითური ტექნიკის გაბატონება და აგრე გვავარაუდებინებდა ამ ძეგლის ეპიპალეოლითურ ასაკს131, მაგრამ შემდგომმა კვლევამ და მიკროლითურ ტექნიკაში შენიშნულმა სიახლეებმა დაადასტურეს მისი ნეოლითური ხასიათი132. ოდიშში ოსტატურად გახეხილ– გაპრიალებული იარაღებიც ბევრია. თავიანთ ნამზადებთან ერთად ისინი ასეულობით დაითვლება. ოდიშელი ადამიანი კარგად ფლობდა აგრეთვე იარაღის საყუის ხვრეტას, რისი ნიშნებიც აქაურ მასალაზე კარგად გაიკვლევა. საერთოდ, ოდიშური ხელსაწყო–იარაღების ასორტიმენტი ძალიან ფართოა და მათი ნომენკლატურა რამდენიმე ათეულს აღწევს. ამაზე მკაფიო წარმოდგენას მათი უბრალო ჩამოთვლაც კი გვაძლევს.

მაგალითად, სანადირო–საბრძოლო იარაღების ჯგუფში შედის ისრისპირები და მათი მიკროჩასართები, შურდულის ქვები და ცულების ზოგიერთი სახე; სამიწათმოქმედო იარაღების ჯგუფი წარმოდგენილია სახნისისებრი, თოხისებრი, წერაქვისებრი, სოლისებრი იარაღებით, ნამგლის დაკბილული ჩასართებით და სხვ. ხის დასამუშავებლად, როგორც ჩანს, ცულები, სატევრები, სათლელები, შალაშინები და ხერხები გამოიყენებოდა; შინამოხმარების იარაღებს საფხეკები, დანები, სახვრეტები შეადგენდა, ისევე როგორც მოწეული ჭირნახულის გადასამუშავებლად უამრავი სანაყები, სასრესები და ხელსაფქვავები იყო განკუთვნილი. იარაღის დასამზადებელ იარაღხელსაწყოებად უნდა მივიჩნიოთ რეტუშორები, ხელკვერები, გრდემლები, დანები, ამოღარული საფხეკები, (ანკოშები), საჭრისები და სხვ., რომლებიც ოდიშის ნეოლითური კომპლექსის არსებით ნაწილს წარმოადგენდნენ სამიწადმოქმედო იარაღთა განსაკუთრებულ ჯგუფს ზემოთხსენებული წერაქვისნაირნი (პიკისებრნი) შეადგენდნენ. კაჟის ამ ნაკეთობათა ფუნქცია ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების, კერძოდ, სამხრეთ ევროპის ნეოლითურ კულტურაში მეცნიერების მიერ ადრევე იყო განსაზღვრული, როგორც მიწის საჩიჩქნ–სათხრელი იარაღებისა. მათი იმავე დანიშნულებით გამოყენება უნდა ვივარაუდოთ საქართველოს ნეოლითისათვის. ჩვენი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ სწორედ ოდიშში აღმოჩენილი ქვის იარაღების ამ კომპლექსების შემწეობით გახდა შესაძლებელი მიწათმოქმედების საწყისები საქართველოში ნეოლითის დროიდან გვევარაუდნა133.

ანალოგიური სურათის წარმოდგენა შეიძლება აგრეთვე ანასეულის გვიანი ნაბინარის, გურიანთის, მამათის, თეთრამიწის134, კისტრიკისა135 და სხვ. ნამოსახლარებზე მოპოვებული ნივთიერი კულტურის ძეგლების მიხედვით. ბოლოდროინდელი გამოკვლევების მიხედვით შესასაძლებელი გახდა ჩვენი ნეოლითური კულტურის არა მარტო საფეხურებად დაყოფა, მასში ადრეული და გვიანი ფენების გამოყოფა, არამედ გვიანი ნეოლითის შიგნით ლოკალურ თავისებურებათა დადგენაც. ლ.ნებიერიძის დაკვირვებით, გურია-სამეგრელოს ძეგლები (ანასეული, გურიანთა, მამათი, ოდიში და სხვ.) ერთ ლოკალურ ჯგუფში ექცევა, ხოლო აფხაზეთის (კისტრიკი) და ადლერის მხარის (ქვედა შილოვკა) ძეგლები ამათგან განსხვავებულ ვარიანტს იძლევა. თითოეული ლოკალური ვარიანტისათვის დამახასიათებელია თავისი სპეციფიკური ნიშნები. პირველს ახასიათებს სახეებით შემკული კერამიკული ნაწარმი, მეორისათვის ჭურჭლის ორნამენტაცია უცნობია. პირველი ვარიანტის ძეგლებში გვხვდება ობსიდიანის მაღალი, სწორკუთხა, ზურგგათლილი მიკროჩასართები, მეორისაში კი კაჟის მაღალი, ზურგგათლილი ტრაპეციები და თავგადაყელილი ლამელები136. ესა და ზოგიერთი სხვა თავისებურება, რაც დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითური კულტურის განვითარებაში იქნა შენიშნული, უაღრესად საიტერესო და ნაყოფიერ კულტურულ-ისტორიული ხასიათის დასკვნას წარმოადგენს. იგი ქმნის საიმედო საფუძველს იმისათვის, რათა უფრო ღრმად ჩავწვდეთ და ჯეროვნად გავიგოთ ადმიანთა სამეურნეო და კულტურულ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, რასაც ადგილი ჰქონდა მომდევნო საფეხურზე, ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში137, სახელდობრ, ქვა-სპილენძის (ენეოლითის) ხანაში, რომლის დამახასიათებელი კულტურის ძეგლთა საფუძვლიანი შესწავლა ახლახან დაიწყო.

--------------------------------------------------------------

122. Всемирная история, т.I, М., 1956, гл. III, გვ.106 (Проф. А.П.Окладников, Период расцвета первобытно–общинного строя. Средний и новый каменный век (Мезолит и Неолит).

123. В.Л.Комаров, Происхождение растений, М. –Л., 1938; В.И.Равдоникас, История первобытного общества, Л., 1947, гл.XII, გვ.19–21 В.М.Массон, Первобытное земледелие; Земледелие раннеклассовых обшеств; Древние земледельцы на территории СССР; сб. «Возникновение и развитие земледелия», М., 1967, , გვ.6 შმდ.

124. იხ. მაგ. Гордон Чайлд, Прогресс и археология, М., 1949 ამ მოვლენის ასეთ სახელწოდებას, რომელიც ოციოდე წლის წინათ ოდიოზურად იყო ჩათვლილი ჩვენში (იხ. Г.Чайлд, იქვე, წინასიტყვაობა, გვ.15) ახლა სპეციალისტების უმრავლესობა მართებულად აღიარებს.

125. Г.Чайлд, დასახ. ნაშრ., გვ.46 – 47.

126. ო.ჯაფარიძე, ა.ჯავახიშვილი, ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965–1966 წწ.), “მაცნე”, №3, 1967, გვ.292 – 298, ტაბ.X, ქვედა მწკრივში, ტაბ.XI, ზემოთ, მარჯვენა კუთხეში; Т.Н.Чубинишвили, К.Х.Кушиарева, Новые материалы по энеолиту Южного Кавказа (V-IV тыс. до н.э.), “მაცნე” ,№6, 1967, გვ.336–362, ტაბ.III 2.

127. Л.Небиеридзе, Неолит западного Закавказья, Автореферат, 1967, გვ.7-8.

128. ბ.ნებიერიძე, ადრენეოლითური ხანის ძეგლი ანასეულიდან, ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, VII, თბ., 1964, გვ.151 – 181.

129. Л.Небиеридзе, დასახ. ნაშრ. გვ.6.

130. ალ.კალანდაძე, მეზოლითურ და ნეოლითურ კულტურათა ნაშთები საქართველოში, ენიმკის მოამბე, IV3, თბ., 1939, გვ.363 – 371.

131. ალ.კალანდაძე, დასხ. ნაშრ., იხ. აგრეთვე ნ.ბერძენიშვილი, ახალი ქვის ხანა, საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959, გვ.54-55.

132. Л.Небиеридзе, დასახ. ნაშრ., გვ.7 და შმდ.

133. საქართველოს არქეოლოგია თბ., 1959, §3, ახალი ქვის ხანა (ნ.ბერძენიშვილის ნაწილი), გვ.55.

134. ნ.კილაძე, ახალი ქვის ხანის ძეგლები თეთრამიწიდან, “მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის”, ნაკვეთი 29, თბ., 1951, გვ.237 –262.

135. А.Лукин, Неолитическое селище Кистрик близ Гудаут, СА, ХII, 1950, გვ.247–286.

136. ლ.ნებიერეიძე, დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითი, თბ., 1967 (დისერტაცია).

137. იხ. ალ.ჯავახიშვილის, ო.ჯაფარიძის, ტ.ჩუბინიშვილის, კ.კუშნარიოვას და სხვ. ზემოდასახელებული ნაშრომები, აგრეთვე წინამდებარე წიგნის მომდევნო თავი.