topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ტაოსკარი - ე.თაყაიშვილი

<უკან დაბრუნება

(+)

ტაოსკარი - //თაყიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს // - პარიზი. - 1938. - გვ.68-70. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.368-372.

ძველ ისტორიულ სახელს ამ ქვეყნისასა ტაო-ს, რომელიც ცნობილია ქსენოფონტეს აღწერილობით მეოთხე საუკუნედან ქრისტეს წინ, ახლა მოგვაგონებს ხოლმე მარტო ამ დაბის სახელი, ტაოსკარი. ეს სახელი ზედ გამოჭრილია ამ ადგილისათვის, ვინაიდან ტაოში ვიწრო კლდოვან გამოსავალს მდინარისა თუ ხევის კარს უწოდებენ. მაგალითდ, ნარიმანის კარი, კისხას კარი (ეხლა კისხა-ტაპუ) თორთუმის მახლობლად და სხვა. ტაოსკარი გაშენებულია ერთობ ფართო დაბლობში ანუ ქვაბულში, იქ, სადაც ტაოსკარის წყალი ერთვის სალუჩურის წყალს. ეს ქვაბური ყოველი მხრით შემოზღუდულია მაღალი კლდოვანი მთებით და აქ იყრიან თავს, გარდა სალაჩურის და ტაოსკარის ხევებისა, კიდევ სხვა ხუთი პატარა ხევი. მთელი ეს ჩაღრმავებული ფართო ხევი ტაოსკარისა მოცულია ბაღნარით და ბაღები გაგრძელებულია მარცხენა ნაპირზე სალაჩურის წყალისა ოთხს ვერსზე. ბაღების ბოლოში, ასი საჟენის სიშორით წყლის ნაპირისა, ფრიად დიდი მღვიმეა. აღმოსავლით ტაოსკარისა, ყოფილ ოსმალეთის საზღვარზე, ზეკარია (უღელტეხილი), რომელსაც ჰქვია ჭიშკარი. ამას ზემოდ მეორე ზეკარია და სახელ დევს საჩინო. როგორც ვხედავთ, ქართული სახელები აქ ყოველთვის დავიწყებული არ არის. ოლთისის წყლის შესართავთან სალაჩურის წყალის ნაპირები ფართოვდება და ხეობა აქ უფრო ვრცლად იშლება, ვიდრე ამას ვხედავთ ქალაქ ოლთისის და ბანას შორის. მახლობლად სალაჩურის წყლის შესართავისა სოფელ კრანში დიდი ციხეა. ტაოსკარში ჩემს დროს იყო სადგური, „პოსტი“ საზღვართა დამცველი გუშაგებისა. მოსახლეობას შეადგენდა უმთავრესად გამაჰმადიანებული ქართველები, 100 კომლამდის. ადგილობრივი ბეგი ხიმშიაშვილი იყო, დარვიშ-ბეგი. ხიმშიაშვილების მიერ არის აშენებული ტაოსკარის ჯამე 1072 წელს გიჯრისა. ქვის ოთხკუთხედი შენობაა ოლთისის ჯამეს გეგმისა, მაგრამ არა ისე ლამაზი და შემკობილი. ხოლო მისი ხის მიმბეთი და კათედრაც ლამაზად მოხარატებულია. მის ახლოს ძველი აბანოს შენობა არის, ახლა დაქცეული. ზემო ნაწილში დაბისა, ლამაზ ბაღნარში, დაცულია ორი ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევი. უმთავრესი მათ შორის ეკუთვნის მრგვალი რიგის ეკლესიის ტიპს; გეგმა მისი მეტად ორიგინალურია და მასთან ერთობ ლამაზი. განმეორება ამისა არ მოიპოვება არც ჭოროხის ბასეინში, არც სხვა ადგილას საქართველოში; ის ფრიად თავისებურიუნიკუმია. კორპუსი ეკლესიისა ეხლა სანახევროდ მიწაშია ჩასმული; შენობა დიდად დაზარალებულია. შიგნით და გარეთ შეძერწილია ლამაზად ნათალი არა დიდრონი ქვებით, რომელნიც ეხლა უმეტეს შემთხვევაში მოძარცულია. გუმბათის ყელიდან აღმოსავლეთის ნაწილია დარჩენილი, ერთი ფანჯრითურთ. ეს და სხვა ნაშთები იძლევა საშუალებას ტაძრის საზოგადო სახის აღდგენისა, რაც შეასრულა ინჟინერმა ა.კალგინმა. შინაგანი გეგმა ტაძრისა რვაბოლოიან ვარსკვლავს მოგვაგონებს; გარედან ის გამოდის თექვსმეტწახნაგოვნად. რვა მოგრძო ბურჯი, რომლებიც შეადგენენ კარდინალურ ფუძეს მთელი შენობისა, იწყებიან კედლებიდან და ცენტრისაკენ თანდათანობით ვიწროვდებიან და თავდებიან სამი-მეოთხედის სვეტებით, რომლებზედაც დამყარებულია ფართო გუმბათი თავისი გუმბათის ყელით. ამ ბურჯებთა შორის რვა განიერი ოთხკუთხოვანი სენაკია მოთავსებული, გოდრული თაღით გადახურული. ესენი მოგვაგონებენ რამდენიმედ გოთურ-რომანულ ტაძრთა კაპელებს. განი სენაკისა 1,13 საჟენია, სიღრმე – 1,30 საჟ., ხოლო სიმაღლე 3,40 საჟ. გარედან თითოეული ბურჯის სიღრმეში სამკუთხიანი უბეა, რომლის მხარეები 0,72 საჟენს უდრის; შიგნით ეკლესია გეგმით რვაკუთხედია; დიამეტრი სიმრგვალისა, რვაკუთხედში შეძერწილისა, უდრის 4,40. საჟენს. შუა ნაწილი ტაძრისა დახურულია გუმბათოვანი თაღით; შინაგანი რვაკუთხედი გუმბათის ყელზე გადადის ორი წინგამოწეული, ერთი მეორეზე დადგმული, პატარა კამარების საშუალებით. შინაგანი სიმაღლე ეკლესიისა, შუა ნაწილისა უდრის 7,30 საჟენს. ყოველ სენაკში თითო ფანჯარაა, ხოლო გუმბთის ყელში – ოთხი. აღმოსავლეთის სენაკი საკურთხევლად არის გამოყენებული და მას ორივე მხრით თან ახლავს ბურჯების სისქეში გამოკვეთილი ღრმა უბეები, განით 0,45 საჟ., რომლებიც აღმოსავლეთის მხრით გამოდიან გარეთ პატარა მრგვალი ლამაზი სარკმლებით. ეს უბეები სამკვეთლოს და სალაროს შემცველნი არიან თუ არ რეალურად, სიმბოლურად მაინც. აღმოსავლეთის ფასადის კლიშე დამზადებული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ალბომში არ შეუტანიათ და ჩვენ მოკლებული ვართ საშუალებას ის აქ ვუჩვენოთ. შესავალი აქვს ტაძარს დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. ირგვლივ ტაძარს უვლის ორსაფეხურიანი ზეძირკველი; ამაზეა დამყარებული თექვსმეტკუთხიანი პრიზმა, რომლის სიგანე უდრის 8,06 საჟენს. ეს პრიზმა თავმოკვეთილი თექვსმეტწახნაგოვანი პირამიდით გადადის მეორე 4,53 საჟენიან პრიზმაზე. სიმაღლე პირველი პრიზმის კედლისა უდრის 3,17 საჟენს, მეორესი გამოურკვეველია, ვინაიდან ლაგვარდანი (კარნიზი) დაცული არ არის. საზოგადო სახე ამ საუცხოო სახუროთმოძღვრო ნაშთისა მავზოლეუმს მოგვაგონებს. შინაგანი შემკობილობა ეხლა აღარა ჩანს, მაგრამ დ. ბაქრაძე, რომელმაც ეს ნანგრევები ინახულა 1881 წელს, ამბობს, რომ გუმბათის ყელის ძირში მოჩანდა ფრესკებიდან ფეხები წმიდანებისაო (იხ. მისი დღიური წერა-კითხვის საზოგადოების წიგნთსაცავში). ეტყობა, მის დროს ნანგრევები შედარებით უკეთ ყოფილა დაცული. ძეგლი აშენებული უნდა იყოს მე-9 საუკუნეში. ყოველ შემთხვევაში, ის მეათე საუკუნის პირველი ნახევრის უგვიანესი არ არის. აღმოსავლეთის სახე ეკლესიისა, როგორც აღვნიშნეთ, ალბომში არ შეუტანიათ, მაგრამ ის ხუროთმოძღვრების გამოფენის კატალოგში არის ნაჩვენები 126-ე ნომრით, რომელიც თბილისში დაიბეჭდა 1920 წელს. სამხრეთით ამ თავი ეკლესიისა მოიპოვება ნანგრევები მეორე მოზრდილი ეკლესიისა, რომელიც შეძერწილი ყოფილა ისეთი თლილის ქვებით, როგორიც თავი ეკლესია, მაგრამ ამ შენობის მარტო საძირკველი მოჩანს სრულად და ნაწილი კედლებისა. გეგმა მისიწაგრძელებული ოთხკუთხედია, განიერი დასავლეთის ნახევარში და უფრო ვიწრო აღმოსავლეთის მხარეს, რომელიც აფსიდით თავდება. აფსიდაში ერთი ფანჯარაა, მეორე მოჩანს სამხრეთის ნაწილში, დასავლეთის მხარეს. ტაოსკარის ხეობაში შესავალთან ჩვენს დროს დაცარიელებულ სოფელში ალბათ მცხოვრებნი საზაფხულოდ მთაში იყვნენ გახიზნულნი, ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი ჩვეულებრივი რიგის ეკლესია უბრალო ქვისაგან ნაშენი, მაგრამ კარგად შენახული. შესავალი აქვს დასავლეთით, ფანჯრები თითო აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. სამხრეთის მხრით ეკვტერი აქვს მიშენებული, კარგად დაცული. შიგნით კედლები ფრესკებით ყოფილა მოცული. ნაშთები საკმაოდ მოჩანს საკურთხეველში, სამხრეთის კედელსა და თაღებზე. აქ კედლებზე მრავალ ადგილას მხედრული წარწერები მოჩანს, უმეტეს შემთხვევაში გაფუჭებული. ერთ ადგილას იკითხება მე-14–15 საუკუნის მხედრულით:

ქ. ამისა დამწ[ერელსა] ცოდვილსა დავითს შეუნდნეს. მისა მეუღლესა...

მეორე ადგილას:

«მარკოზს შ¯ს ღმერთმა».

(+)