There are no translations available.
<უკან დაბრუნება
კალმახის ციხე და დიდი მონასტერი-ლავრა
ვაჩი-ძორი ანუ ვაჩე-ძორი
არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს
ექვთიმე თაყაიშვილი - ემიგრანტული ნაშრომები //გამომცემლობა ” მეცნიერება”, თბილისი, 1991
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8727/1/Emigrantuli_Nashromebi.pdf
ორთისის წყალი ერთვის სალაჩურის წყალს, შემდინარეს ოლთისის წყალისა. ამ წყლების კალაპოტები იმავე დროს გზებია. სხვა გზები აქ არ მოიპოვება. ჩვენ გავყევით ჯერ ოლთისის წყლის კალაპოტს, შემდეგ სალაჩურისა ნიაკომის წყლის შესართავამდის, რომელიც მარჯვნივ ერთვის სალაჩურის წყალს (აქედან ავყევით ნიაკომის წყლის მაღალ ხეობას და მივედით ეხლა დიდ ვანქად წოდებულ დიდი მონასტრის ნანგრევებთან. აქ ხეობა შედარებით ფართოა, წყლის პირად ბაღებით მოცული. ორივე მხრით ხეობისა ფრიად მაღალი მთებია, ქვემოთ ტყით და ბუჩქნარით შემოსილი, ხოლო ზემოდან კლდოვანი. ერთი მაღალი და მიუვალი კლდის მწვერვალზე სამხრეთის მხარის მონასტრის ნანგრევებისა აშენებულია დიდი ციხე, ეხლა მუსულმანთა ჩვეულებით კალად წოდებული. ჩვენის აზრით, ეს უნდა იყოს ძველი კალმახის ციხე. პირდაპირი საბუთი ამისა არა გვაქვს, ხოლო როდესაც ადგილოებრივ მცხოვრებთ შევეკითხეთ, რას უწოდებთ ამ ციხეს-მეთქი, ყველამ ერთხმად მიპასუხა: კალასო: კალმახი არ გაგიგონიათ-მეთქი? ერთმა ხანშესულმა მიპასუხა: როგორ არაო, ბაბუა ჩემი და სხვა ძველი კაცები მაგას კალმახ-კალას ეძახოდენო, მაგრამ ჩვენ კალას ვეძახითო. «ქართლის ცხოვრების» თქმით, არჩილ მეფის დროს (688–718), «სარკინოზნი განძლიერდნენ ქუეყანასა რანისასა და დაეპყრათ გაზირი და სომხითი». ამის გამო გუგარის ანუ სომხითის მთავარნი, რომელნიც იწოდებოდნენ პიტიახშებად, ესე იგი საზღვრის მცველებად, მიადგნენ კლარჯეთს, მაგრამ იქ არ შეუშვეს და ნახევარნი მათგანნი წარვიდნენ ტაოს, შეიპყრეს კლდე ერთი, რომელსა ერქვა კალმახი, და მუნ აღაშენეს ციხე (ბროსეს გამ. ქართ. ცხ. I. გვ.181). მარიამ დედოფლის ვარიანტში (გვ.211) ეს ამბავი ასეა მოთხრობილი: «მასვე ჟამსა (არჩილ მეფის დროს) პიტიახშნი ვინმე არა შეუშუნეს კლარჯეთს სახვად, და წარვიდეს ნახევარნი მათგანნი და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი, და აღაშენა ციხედ». სომხური წყაროების ცნობით, კალმახი ანუ კამახი ტაოში (ტაიკში) 771 წლის ახლოს ხანშია აშენებული სომხის მთავრის აშოტ ქველის მიერ (820. Brosset, Additions, გვ.159). ნ.მარრის ახალი ცნობით, კამახი ანუ კალმახი აშენებულია 782 წლის ახლო ხანში ბაგრატიდის აშოტ მისაკერის მიერ, სიმბატის ძისა (იხ. ანი. ლენინგრადი, 1934, გვ.21). ვახუშტი ბატონიშვილმა არ იცის მდებარეობა კალმახისა, როდესაც ამბობს: «ხოლო კვალად არტანუჯის მდინარის შესართავს ზეით ჭოროხს მოერთვის თორთომის მთიდან გამომდინარე წყალი, რომელი მოდის აღმოსავლეთად: ამ ხევზე კალმახისა არს ციხე კალმახისა, რომელი აღაშენეს პიტიახშთა, დიდ-შენი მაგარი და შეუვალი, იყო საერისთო ტაოსი» (ბროსეს გამოცემა, გვერდი 11835. ჩვენ მოვლილი გვაქვს თითქმის მთელი ტაო და არსად ისე შეუვალი და მიუდგომელი ციხე არ გვინახავს, როგორც აქ. მე და კალგინი არ ავსულვართ ამ ციხეზე. ლიოზენმა შეძლო ასვლა და გადმოიღო ფოტოგრაფიულად. ციხე ძალზე დანგრეულია. წარწერები ლიოზენმა ვერ იპოვა. ქვემოდან, მონასტრის ნანგრევებიდან, სახე ციხისა სამჯერ არის გადაღებული. ამ ციხის, ასე ვთქვათ, მფარველობის ქვეშ ყოფილა გაშენებული ნიაკომის ხეობაში დიდი მონასტერი ვაჩი-ძორი, რომელიც სრულიად უცნობია ჩვენს წყაროებში. ამ მონასტრის არც არსებობა ვიცოდით, არც სახელი, არც მდებარეობა. მხოლოდ ერთ ხელნაწერს საეკლესიო მუზეუმისა №73 ბომბიცინაზე დაწერილს, რომელსაც აკუთვნებენ მე-11 საუკუნეს და რომელიც შეიცავს ექვსთა დღეს ვასილ დიდისა და გრიგორ ნოსელისა, აქვს მინაწერი ტექსტის ხელით: «სრულ იქმნა... დიდსა ლავრასა შატბერდს... ჴელითა გრიგოლ ვაჩეძორელისათა» (იხ. თ.ჟორდანიას აღწერილობა, I. გვ.73). ქვემოთ მოყვანილ მღვიმეში ნაპოვნი წერილებისაგან ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ხეობის და მონასტრის სახელი ყოფილა ვაჩი-ძორი, იგივე ვაჩე-ძორი, ხოლო თავი ეკლესია ამისა აშენებული ყოფილა პირველ მოწამის წმ.სტეფანეს სახელზე. ეს მონასტერი ერთი საუკეთესო ძეგლთაგანია ოლთისის ოკრუგისა. ეს უფრო დიდია და უფრო ლამაზი, ვიდრე ლექსორის მონასტერი და თავისი სირთულით მოგვაგონებს საფარის მონასტერს, ახალციხის მახლობლად, ვინაიდან თავ ტაძარს აქ ახლავს რვა პატარა ეკლესია და სხვა მრავალი შენობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ეს მინგრეულ-მონგრეულია. საქმე ის არის, რომ ნიაკომის მცხოვრებთ ეს ადგილი გაუხდიათ თავის მეზრედ, საზამთრო სადგურად (თვით სოფელი მთაზეა გაშენებული) და მონასტრის შენობები გამოუყენებიათ საბოსლედ, სათივედ, საბძელად და სხვა სადგურებად. ყველაფერი ეს ხელს გვიშლიდა შენობათა დეტალების გასაცნობად. ყველა პატარა ეკლესია ჩვეულებრივი რიგისაა. ყველა ნაშენია უბრალო ქვით, ხოლო კამარები და ჩარჩოები კარ-ფანჯარათა ნათალის ქვით, შიგნით ყველა შელესილია და მოხატული ყოფილა ფრესკებით, რომელნიც ახლა უმეტეს შემთხვევაში მოსპობილია. ყველა შენობა ქვითაა დახურული. შუა ადგილს და ძირითად ფუძეს მონასტრისას შეადგენს მოგრძო ოთხკუთხედი გუმბათიანი ტაძარი, სამნეფიანი და მრავალეკვტრიანი. ადგილის უსწორმასწორობის გამო საკურთხეველი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ არის მიმართული. შენობა შედარებით საკმაოდ კარგად არის დაცული, თუმცა თაღები აქა-იქ ჩანგრეულია, მაგალითად საკურთხეველში უმეტესი ნაწილი, მაგრამ გუმბათი და გუმბათის ყელი მაგრად არის. მრგვალი გუმბათის ყელი, რომლის დიამეტრი უდრის 2,16 საჟენს, სულ დაბალია. მისი სიმაღლე არ აღემატება 0,84 საჟენს. ის თავისი კამარებით დამაგრებულია ოთხს მრგვალ სვეტზე. დიამეტრი ქვით ნაშენი სვეტისა უდრის 0,56 საჟენს, ხოლო სიმაღლე 2,12 საჟ. სვეტები შეძერწილია თლილი ნაცრისფერი ქვებით. გადასვლა კვადრატის კამარებიდან გუმბათის ყელის სიმრგვალეზე კონუსისებური აფრებით წარმოებს. თვით დაბალი გუმბათიც კონუსის მსგავსია. ქუსლები, სართავი კამარებისა და იმ კამარებისა, რომელნიც მიმართული არიან სამხრეთით და ჩრდილოეთით, ერთს სიმაღლეზე დგანან, ხოლო იმ კამარებისა, რომელნიც მიმართული არიან აღმოსავლეთით, უფრო დადაბლებული არიან. შინაგანი სიმაღლე ეკლესიისა იატაკიდან გუმბათის თავამდის უდრის 6,05 საჟენს. გუმბათის ყელში ოთხი ფანჯარაა: აღმოსავლეთის სამს აფსიდაში თითო, დასავლეთის მხრით ორი ფანჯარა ყოფილა, მაგრამ ეხლა ერთი სულ დახშულია და მეორე სანახევროდ შემდეგ მიშენებული სტოათი. კარები თითოა სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. უკანასკნელი დაბალია და ჩრდილოეთის ეკვტერში გადის. ეს ეკვტერი უაფსიდოა, მაგრამ ტრაპეზის ქვა მიშენებული აქვს აღმოსავლეთის სწორ კედელზე, ფანჯრის ქვემოთ. ეკვტერი კლდეშია გამოკვეთილი, ვიწროა, სიგანით 0,60 საჟენი და უფრო გრძელ კორიდორს მოგვაგონებს. ჩრდილოეთის კედელში სამი უბეა დატანებული. იატაკი მისი ამაღლებულია ეკლესიის იატაკზე 0,90 საჟენით. დასავლეთის მხრით ამას ახლავს შემდეგ მიშენებული პატარა ეკლესია, რომელიც შეერთებულია კორიდორთან ვიწრო გასავალით აფსიდიდან. ჩრდილოეთის ეკვტრის მინაგვარი შენობა სამხრეთის მხრიდანაც ემჩნევა ეკლესიას, მაგრამ ამისგან ეხლა მარტო ერთი კედლის ნაწილია დარჩენილი. დასავლეთის მხრით თავ-ტაძარს თანდათანობით, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მინაშენი ახლავს. თავდაპირველად ოთხკუთხედი სტოა ერთი კარით დასავლეთით; მეორე კარი მას აერთებს ჩრდილოეთის კორიდორზე მიშენებულ ეკლესიასთან, ფანჯარა ერთი აქვს სამხრეთით და ერთიც – კარის ზემოთ, დასავლეთით. თაღი გოდრულია. შემდეგ ამ სტოას მიშენებული აქვს ღია კამარებზე დამყარებული კარიბჭე: ამისი თაღი აგურისა არის, ჯვარისებური. ორთავე ამ მინაშენის განის კედლებს კონტრფორსები ახლავს. სამხრეთ-დასავლეთის მხრით კარიბჭეს მიშენებული აქვს პატარა ეკლესია, რომელიც შეძერწილი ყოფილა ლამაზი ნათალის ქვებით და შემკობილი ჩუქურთმებით. ქვები მოუძარცვავთ; ზოგი მათგანი ჩატანებულია სხვადასხვა საოჯახო უშნო შენობებში ამ საზამთრო სადგურისა. შესავალი აქვს ეკლესიას ეზოდან ჩრდილოეთით, ფანჯრები თითო აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთით. აფსიდაში ორი პატარა უბეა. თაღი ჩაქცეული ყოფილა, მაგრამ მცხოვრებთ მიწური ჭერით დაუხურავთ და ეკლესიის საბოსლედ გადაუქცევიათ. ჭერს შეყენებული აქვს შუაში ხის ბოძი ნათალ ქვაზე დამყარებული. ქვას ასომთავრული წარწერის ნაშთები ემჩნევა:
«... უძლე... / ორყ... / ო: მის /.: ა: ქავთ(არ):»
ეს შეიძლება საფლავის ქვის წარწერა იყოს. კარის ჩარჩო ამ ეკლესიას ჰქონია შემკობილი ლამაზი ჩუქურთმებით ირგვლივ და გადაბმული ასომთავრული წარწერებით სამი მხრით. ეს ქვები მოუძარცვავთ და ჩაუტანებიათ ძირის კედელში ერთ უხეშად შეკოწიწებული საბძელისა ჩრდილოეთის მხრით ეკლესიისა. ორი წარწერიანი ქვა ჩვენ დიდის გაჭირვებით და ვაივაგლახით მაგნის საშუალებით ფოტოგრაფიულად გადმოვიღეთ. მესამეს, ვიწროს, ვერ მივუდექით, მაგრამ ადგილობრივად წავიკითხეთ. წარწერა ზოგ ადგილას გაფუჭებულია. საერთოდ წარწერა ასე იკითხება:
1. : ქ: ქართველთა: 36 და: აფხაზთა: მეფისა: დიმიტრის
ასული[ისა]... [პატრონი]სა: რჳსუდანისა: დაჳთვ¯თ (?):
ყ...
2. და: მათითა: საფასოჲთა: აღეშენ :
3. ეკოჳტერი: ესე: სახელსა: ზ¯ა: ყ¯დ წ¯სა: ღ¯თის: მშობლისასა: მოძღრბასა: შინა:
უჩ...
4. გ¯დძს: ძისა: ქორონიკონსა: ფკვ: ჴ[ელითა]... ა: ცხო...:
უქარაგმოდ:
1. ქ. ქართველთა და აფხაზთა მეფისა დიმიტრის ასულ(ისა)... (პატრონი)სა
რუსუდანის დაუთავეთ (?) ყ(ოვლითა)
2. და მათითა საფასოჲთა აღეშენა
3. ეკუტერი ესე სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობელისასა,
მოძღურობასა შინა უჩ...
4. გოდერძის ძისა, ქრონიკონსა ფკვ, ჴელითა... ა ცხო...
ქორონიკონი უდრის 1306 წელს. აქ მოხსენებული დიმიტრის ასული რუსუდან არის მეფე დიმიტრი III (Hist. de la Géorgie, II, 1, p.624). ამრიგად, ეს ეკლესია-ეკვტერი აშენებულია მე-14 საუკუნის დასაწყისში, მაშასადამე, წინა შენობანი დასავლეთის სტოა და კარიბჭე იმაზე წინა დროს ეკუთვნიან. ბოლო დროს, ალბათ იმავე მე-14 საუკუნეში, დასავლეთის მხრით აშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, ლამაზად ნათალი ქვებით შეძერწილი. ზემო ნაწილი რვაწახნაგოვანია, ქვემო სართული გაშლილი კამარით 1,28 საჟენის სიგანით, ალაყაფის კარებად არის გამოყენებული ეზოში შესავალად. ამ სამრეკლოსაც ჩრდილოეთის მხრით მიშენებული აქვს პატარა ეკლესია ერთის ფანჯრით აფსიდაში და სამით დასავლეთის მხრით; კარი სამხრეთით აქვს. საკურთხეველში ორი პატარა უბე მოჩანს. ეკლესია უბრალო ქვითაა ნაშენი. გოდრული თაღი აგურით არის ამოყვანილი. ეს ეკლესია კარგად არის დაცული და ეხლა სათივედ არის გამოყენებული. სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში სამრეკლოს ზემო სართულისა, ფანჯრებს შუა, კალატოზს გამოუხატავს თავისი თავი ქვაზე. ეს კაცია მოზრდილი წვერით ზის და ხელი გაუშვერია გასათლელი ქვისაკენ. ქვემოთ ქვისა წერაქვია გამოხატული, ზემოთ კიდევ მეორე სათლელი იარაღი და მას ლამაზი ასომთავრული წარწერა აქვს:
ქ¯ე შ¯ე გ¯ი (=ქრისტე შეიწყალე გიორგი).
ქვემოთ კიდევ ყოფილა რაღაც წარწერა, რომელიც ეხლა გადაშლილია. შიგნით თავი ეკლესია სულ მოხატული ყოფილა კარგი სტილის ფრესკებით, რომლითაც მოცული ყოფილა კედლები, თაღები და სვეტები. ახლა ეს სულ მოშლილია, მაგრამ ნაშთები ყოველგან ეტყობა. გუმბათის ყელში წარმოდგენილნი ყოფილან წინასწარმეტყველები თავისი წარწერიანი გრაგნილებით და მიქაელ მთავარანგელოზი. შერჩენილია წარწერები:
აჰა ჴრ მიქაელ
ესეთა ენეს დიდი
ქ¯ლწლი გ¯ნ ცხო მთ ძლითა
მიუდ რბდ ვართ შ¯ნთა
გეს და ხა ანგე
შვას ძე. რიშნ. ლ¯ზთაჲ გ¯დთა.
საკურთხეველში მოჩანან წმიდა მამაები, ექვს-ექვსი ფანჯრის ორივე მხრით და ერთი წელსზევითი სურათი ანგელოზისა. აფრებზე ემჩნევა მახარობლები. სვეტებზე და კამარებზე ნაშთები სხვადასხვა წმიდათა, მეფეთა და წამებულთა, მაგრამ მთელად არც ერთი არ შენახულა. საკურთხეველის ორ ღრმა უბეში (გეგმაზე ერთია აღნიშნული) ემჩნევა ფრესკები, მარჯვენაში დაცულია იოანე ღვთისმეტყველი, დასავლეთის ფანჯრის ორივე მხარეს თითო ფიგურაა მთელის ტანით, იოაკიმე და ანა, იოაკიმეს სურათი გადმოღებულია; თვით ფანჯრის თაღში ანგელოზია. ამ ფანჯრის ქვემოთ მრგვალი სარკმელია. ირგვლივ ვაჩი-ძორის თავი ეკლესიისა მრავალი შენობის ნანგრევებია. ამათში ერთი თაღიანი შენობა სამხრეთის მხრით არის სულ ახლოს ეკლესიასთან. მეორე დიდი ოთხკუთხედი შენობა არის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრით. ეს უნდა ყოფილიყო საოსტიგნე (სასადილო სახლი). ამას აქვს შესავალი დასავლეთითდა სამ იარუსად განაწილებული ორ-ორი ფანჯარა სამხრეთით. ქვემოთ ორი ფანჯარა სარდაფს ეკუთვნის, რომლის შესავალი ეხლა აღარ მოჩანს. ზემო ნაწილი ამ შენობისა ეხლა გაყოფილია ხის ჭერით ორ სართულად. ზემო ნაწილი გადაქცეულია სათივედ და დახურულია ხით. თაღი კარგი ხანია ჩაქცეულა. ამ საოსტიგნეს და ტაძარს შუა მეორე თაღიანი ქვის შენობაა, შეერთებული ერთთან და მეორესთან. შენობა თაღს ზემოთ დახურულია მიწით და ეს სახურავი იმავე დროს ბანად არის გამოყენებული. შენობა სალარო უნდა ყოფილიყო ძველ დროში. სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრით თავი ეკლესიის რამდენიმე შენობის ნაშთია. ყველაზე მნიშვნელოვანი არის დიდი ოთხკუთხედი მოგრძო შენობა, ეკლესია ერთაფსიდიანი, ხოლო თვით ორსართულიანი. ქვემო სართული აკლდამას წარმოადგენს... შენობას ორივე მხრით სიგრძეზე ერთობ გამოწეული პილასტრები აქვს მიშენებული და ამ პილასტრებზე კამარებია გადაყვანილი. შუა ნაწილში ერთ კამარაზე ბალკონია. შენობას სამხრეთით აქვს შესავალი კარი და სამი ფანჯარა. ამ შენობაზე (ეტყობა შემდეგ დროში) მიშენებულია საკურთხეველი. ასე რომ, ჩვენი აზრით, შენობა წინეთ ეკლესია არ ყოფილა, ხოლო შემდეგ დროში გადაუქცევიათ ეკლესიად და მოუხატავთ ფრესკებით. ფრესკები საკმაოდ კარგად არის შენახული, ფერადებიც ნათლად მოჩანს, მაგრამ ისე ძველი არ არის, როგორც თავი ეკლესიისა; რიგი მათი და ფერადებიც სრულიად ისეთია, როგორიც ჩვენ ვიპოვნეთ 1902 წელს სოლომონ კალის მღვიმის ეკლესიაში და რომელიც ეკუთვნის მე-15 საუკუნეს, ათაბაგების დროს (იხ.XII ტომი მოსკოვის საზოგ. მატერიალებისა, გვ.82–84). გარჩევა და გადმოღება ფრესკებისა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ამ შენობის შუა წელში ხის ჭერი იყო გაკეთებული ზემოდ დახურული მიწით, ერთი არშინის სიმაღლით. ამრიგად, ეკლესია ორ სართულად იყო გაყოფილი: ქვემო ნაწილი საბოსლედ იყო გამოყენებული და ზემოთი – სათივედ. ჩვენ დროს ეს სართული სულ თივით იყო გაჭედილი და დაცლა მისი შეუძლებელი გახდა, ვინაიდან პატრონი იქ არ იყო, ხოლო დასავლეთის კედელზე ზემო სართულში მოჩანდა ერთ ადგილას თავები წმიდათა ასომთავრული წარწერებით: «წ¯ჲ ეფრემ ასოჳრი, წ¯ჲ საბა, სიმეონ მესვეტე» და სულ ზემოთ, მეფის სურათი გრაგნილით, რომელზედაც ეწერა: «ნეტარ არს კაცი». ქვემო სართულში დასავლეთის კედელზე ჩვენ შევამჩნიეთ:
«წ¯ჲ დ¯ე, წ¯ჲ ევსტათე,
წ¯ჲ პროკლე» (ესენი გადაღებულია ფოტოგრაფიულად). ჩრდილოეთის კედელზე ზემო სართულისა განირჩეოდა თავები ფიგურებისა წარწერით: «...ალექსანდრიელი, ხალამპრი».
ვაჩი-ძორის მახლობლად მღვიმეში ნაპოვნი საბუთები
ჩვენს ვაჩი-ძორის მისვლის წინა დღეებში ერთ მონადირეს ამ ნანგრევების მახლობლად კლდის წვერზე მოეკლა გარეული თხა. თხა ძირს აღარ ჩამოშვებულიყო, შუა ნაპრალზე კლდისა დასცემოდა ერთი მღვიმის ამოშენებულ კედელს, ჩაენგრია შერყეული კედელი და ჩავარდნილიყო მღვიმეში. მონადირე ასულა ზევით თხის ჩამოსატანად და მღვიმეში უპოვნია მთელი შეკვრა საბუთებისა: ზოგი დამპალი იყო, ზოგი ნაწილობრივ გადარჩენილიყო და ზოგი – მთელად. მონადირემ საბუთები მიართვა უჩასტკის უფროსს, ფეოდორ ინჟავეტსკის, რომელიც ჩვენთან იყო. ჩვენ გვინდოდა წამოგვეღო საბუთები. ნაჩალნიკიც მომხრე იყო. მაგრამ მეორე, ჩვენთან მყოფმან, ყარსის გუბერნატორის საგანგებო მოხელემ, სტეფანერმოლაევმა განაცხადა, რომ კანონით ნახული საბუთები ჯერ უნდა გადაეცეს გუბერნატორს და შემდეგ შეიძლება მათი ამა თუ იმ დაწესებულებაში წარდგენაო. სულ ექვსი საბუთია: ხუთი ქაღალდზეა დაწერილი, ერთი ტყავზე, ორის მარტო თავია დარჩენილი, ოთხი სრულად არის დაცული. ყველა დაწერილია მხედრულის ხელით, ჩვენის აზრით, მე-15 საუკუნის პირველი ნახევრისა.
I
პირველი საბუთი ფრიად საყურადღებოა. თქმა არ უნდა, ეს ეხება იმ მონასტერს, რომლის ახლოს ნაპოვნია და ამით ირკვევა, ამ ახლა ვანქად წოდებულის მონასტრის, ძველი სახელი ვაჩი-ძორი ანუ ვაჩე-ძორი (როგორც დავინახეთ, შატბერდის ხელნაწერის გადამწერი ვაჩეძორელად არის მოხსენებული). შინაარსით საბუთი წარმოადგენს დადგენილებას ვაჩი-ძორის მონასტრის მოძღვარ კანდელაკის და საერთოდ, კრებულისა. ამ დადგენილებიდან ვტყობილობთ: მოძღვარ კანდელაკს და კრებულს უთხოვიათ ერისთავთერისთავისა და მეჭურჭლეთუხუცესის ზაზა ფანასკერტელისათვის, რათა მას მონასტერი ვაჩი-ძორი გაენთავისუფლებია სამონასტრო გადასახადის ალავისაგან. ზაზას თხოვნა შეუწყნარებია და მათთვის მიუცია გუჯარი «თავსა და ბოლოს ფიცით», რომ ერთი ტეზოლის ალავთა მეტი ალავი მათ არ ეთხოვებოდეს. კრებულს სანუქფოდ გაუჩენია ექვსი წირვა დღესასწაულთა დღეს წელიწადში ზაზასათვის. ფრიად საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება. კრებული პირობას იძლევა, თუ ერისთავმა შემდეგში რაიმე ახალი გადასახადი შემოიღო, ისინი ვალდებულნი არიან ეს გადასახადი შეკრიბონ და ერისთავს დროზე წარუდგინონ და ალავის აღმოფხვრა ამ ახალ გადასახედზე უარის სათქმელად არ გამოიყენონ. თვით ტერმინი ალავი არსად სხვა საბუთებში ჯერ ჩვენ არ შეგვხვედრია. ალბათ, ეს სამონასტრო გადასახადი მარტო ტაოში იყო შემოღებული. ამ ტერმინიდან უნდა იყოს ნაწარმოები ჩვენში დარჩენილი გვარი ალავიძე. ალავიძენი, სხვათა შორის, ლეჩხუმში ცხოვრობენ. ჩვენი საბუთი პირია იმ დადგენილებისა, რომელიც მონასტრის კრებულს ზაზასათვის მიურთმევია. ამ ზაზა ფანასკერტელის ასული უნდა იყოს სითიხათუნ, ვახტანგ IV ცოლი (1444), დასაფლავებული ბანას. იქვეა დასაფლავებული ვახტანგ IV-ც 1445 წელს. ჩვენი საბუთი და სხვა ამას ქვემოდ მოყვანილი წერილებიც მე-15 საუკუნის პირველ ნახევარს უნდა ეკუთვნოდეს. ამას ეთანხმება მხედრული ხელის ხასიათიც წერისა. XV საუკუნის მეორე ნახევარში, დაახლოებით 1465 წელს, ზაზა უკვე ფანასკერტიდან გადმოსახლდა ქართლში და გახდა მამამთავარი ციციშვილთა გვარეულობისა (ქართ. ცხ.II, გვ.154). ის დახატულია ყინწვისის ეკლესიის დასავლეთის მხრის ეკვტერში, რომელიც მას მიუშენებია და მოუხატავს. წინეთ ის მთელის ტანით ყოფილა დახატული, მაგრამ როდესაც მე გავშინჯე, ფრესკის მარტო წელსზევითი ნაწილი იყო დარჩენილი. მოგვყავს აქ ეს პირველი საბუთი:
ქ: თქუენ: პატრონთა: ნათელსა: და თქუენთა: შვილთა: მეჭურჭლეთა; უხუცეს:
ერისთავთა: ერისთავსა: ფანასკერტელს: ზაზასა: და თქუენსა: ძმასა: ციცის:
კადრეთ: ესე: წიგნი: და პირი: მტკიცე: მიზეზე შემოუღებელი: კადრე: და
მოგაჴსენეთ: ჩუენ: ვაჩი ძორისა37 მოძღურმან: კანდელაკმან: და ერთსულობით:
კრებულმან:
მოვედით: კართა: ზედა: ვიჩივლეთ: რომე: რაცა: დროსთა ნაცა: სათხოარი:
შემოვიდის: მონასტრისა: შესავალშინა: ალავთა: ამოსა წყუედლად: დაგსხონან:38
მოიკლეთ: რომე: ვერა: ამოვიდოდით: დიდი: მისჭირდის: ალავთაგან: ქუეყანას
მოიკლეთ: და შეგუიწყალეთ: თქუენად: სამლოცველოდ: და ალავისა: მოსღა:
ამოგუიგდეთ: რომე
ერთ: ტეზოლისა: ალავთა მეტი: ალავი: არა: შემოვიდეს: რაცა: ქუეყანასა: უკანა:
სათხოარი: იყოს: რასთანაცა: მისა: წიგნსა გუიბოძებდეთ
ვინცა: მოძღრად: ვიყნეთ: და მონასტერსა: ჩუენ: მოვკრეფდეთ: ჟამიერად
ქუეყანას: უკანა: მოგაჴსენებდეთ: დაუყონებლად: რომე: არა: შეგეცილნეთ: რაც
კართა: ზედა: თქუენითა ნებითა: არა: გუირვთ:39 და გუიბედნეთ: საურავითა:
თქუენითა: საპირნოყედ: სხუა: არად: დაგიყოვნოთ: ჟამიერად: მოგაჴსენოთ:
რასთანაცა: ისი: პირი: სათხოარი: იყოს: არა: მიზეზისხუა: არად: დაგიყოვნოთ:
ჟამიერად: მოგაჴსენოთ: რასთანაცა: ისი: პირი: სათხოარი: იყოს: არა: მიზეზი:
შემოვიღოთ: უ(ა)ლაობითა: დაკლებული: არა ვქნათ: თუ: ესე: პირი: და წიგნი:
არა: გავათავოთ: თქუენ: პირადნი: უბრალონი: იყუნეთ: და ჩუენ: ვიყუნეთ: ამა:
ფიცისა: და პირისა: გამტეხელი: ამისი: სიმტკიცე: თავსა: და ბოლოსა: თქვენ:
უკუ(ე)ფიცით: ექსი: წირვა: დღესასწაულთა: თავად: გარიგონ: ჩუენთა: შემდეგო
მთა: საუკუნოდ: ზაზასათუის:
II
მეორე საბუთი წერილია, როგორც ეტყობა, ერისთავის, ზაზა ფანასკერტელის კარის კაცისა ანტონისა ვაჩიძორის მონასტრის მოძღვრის აბრაამისადმი მიწერილი. ის აფრთხილებს აბრაამს, თუ თავისთვის ავი საქმე არ უნდა, ზაზას უნახავადაც ციცი არ ინახულოს. ზაზას ის ამოურჩევია შუა კაცად მის და მისი ძმის ციცის შორის. ეტყობა, ძმათა შორის რაღაც დავა ან უსიამოვნება ყოფილა. ცხადია, ვაჩიძორის მოძღვრის ავტორიტეტი დიდი ყოფილა, რადგან ერისთავი ზაზა მხოლოდ მას ირჩევს შუაკაცად და სხვა კაცი არ უნდა შუა შემოიყვანოს. ტექსტში ზოგიერთ სიტყვას უზის სრულიად ზედმეტი შემოკლების ნიშანი:
: ქ: მ¯იწა: წმიდათა: მადლთა: თქუ¯ნთა:
შემთხუვის: მონატრი: ანტონი: გრძლად:
კადრებითა: არ: დაგრჯი: მოძღუარის: აბრა
მის: მადლმან: ჩე¯მგან: არ გეკადრების: მოჴსე
ნება: და სხუად: ეზომს: მოგაჴსენებ: რომე: თ¯უ:
ანუ: პატრონი: ზაზა: არ მოგიმდურვებია: და
ა¯ნუ: შენის: თავის: ჰავი: არ გინა: პატრონი
სა: ზაზას: უნახავად: ციცის: ნუ: ჰნახავთ: აქა:
მოუჴსენებია: და ნუღარას: დაიყოვნი: წამო
დით: შენითა: პირითა: ეპრიანების: პატ
რონს: ზაზას: ციცის:
საუბარი: და უთქუენს:
კაცს: არ შემოიყვანს: შუა:
და წამოუვალობას: ნუ
იქთ: სხუას: ნუვის: მოუცდი: შენ: წინათ: გა
მოისწრაფე: და დღე: და ღამე: წამოდი: საქმე:
აქეთ: არის: ნუღარ სდგა: წამოდი:
III
მესამე საბუთი წარმოადგენს წერილის პირს, რომელიც მიუწერიათ ალბათ ვაჩიძორის მოძღვარს დავითს და ჯურელს (ჯვარის მონასტრის ყოფილ ბერს) ბართლომეს ყოფილის (უნდა ვიფიქროთ) ქრისტეს საფლავის ბერის პატრონის ნიკოლოზისათვის. ნიკოლოზი, როგორც ეტყობა, ყოფილა ვაჩიძორის მონასტერში, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო წასულა და ხავაღს (ალბათ აქაც მონასტერი იყო) დამდგარა. წერილის ავტორებს მასთან გაუგზავნიათ მისი გამზრდელი ბერი და სთხოვეს უკან დაბრუნდეს და მათთან იღვაწოს ამ წმიდა სტეფანეს (ვაჩიძორის) მონასტერში. ამავე დროს რაღაც პრეტენზიის დასაკმაყოფილებლად მას უთმობენ მამულს ნამორეთს. ხავაღი უნდა უდრიდეს ახლანდელ ხუვახს ხუთვერსიანი რუკისა, სათათრეთში, ყოფილი საზღვრის მახლობლად, მთის დათჭალაბაშის ძირში, სამხრეთ-დასავლით ანზავისა.
ქ:. პატიოსნისა: ცხოველს:. მყოფელის:. ქრისტეს:. საფლავისა: მადლითა:. შეჭ
ურვილო:. პატრონო:. ნიკოლაოზ:. თქუენნი:. მიწანი: და: აწვე: წი¯ნაშებისა: მო
ნტრენი:. მო¯ძრი: დავით:. ჯურელი:. ბართლომე:. მოგაჴსენებთ:
თქუენმან: მადლ
მან: არ: გეკადრებოდა:. რომელ:. ჩუენი:. უნახავი: წახუე: აწ: და: ვინათგან
ღ¯თი: გუწყალობს:. და:. მანდა:. ხავაღს:. ხარ:. პირველი:. თქუენი:. გა
მზრდელი:. წამოვიდა: თქ¯ნსა:. წ¯ნაშე:. და:. ჩუენ:. ნამორეთი:. მოგუი
ჴსენებია:. თქუენსა: გამზრდელს:. ნუ: გაბედითებთ: ესეთთა:. ჟამთა
შიად:. მერმე: ამა: წ¯მიდასა: სტეფანეს
ნუ: მოეშორები:. ესეცა:. დიდი: ღუ
აწლია:. რომელ: ამა: მონსტერსა
და: ეკლესიასა: იღუწიდე:. საღმრ
თოთა: საქმეთა: მიერი:. კულა:. იგივე
მოგაჴსენოთ:. ჰავნი: ჟამნია: და: ამაზე: ვითარ: ერდგან:. ვიღუაწნეთ(?)
ნებითა: ღ¯თისათა: შევიგნეთ: თუ: რასა: მშვიდობასა: მოგვივლენ
ს: ღ¯თი: და: ესე: წ¯იდა: სტეფანე: ბორჭისა: კიდე: მოეშალა
თქუენი: მიზეზი: ესე თუა: აჰა:
თქუენ მამული:.
IV
მეოთხე საბუთი წერილია საბასი, ვაჩიძორის მოძღვრისა პატრონ ნიკოლოზთან, ალბათ იმავე პირთან, რომელიც მოხსენებულია წინა წერილში, მაგრამ, სამწუხაროდ, წერილის მარტო თავია დაცული.
ქ: ღ¯თო: ჩემო პატრონო: და სულისა: ჩემ
მისა: იმედო: ნიკოლოზ: მიწასა: და
ღირსთა ოდნად: თქუენთა: ლოცვათა: სმენისა:40 მო
ნატრესა: საბასა41: ნეტარძი: თუ აწ
ცა უმიზეზონი: სუფევთ: მე ვითა: თქუენთა: მად
ლთა: ნატრა. მმართებს: აგრე: მომინდო
მია:. და მენატრების: თქუენთა: მადლთა: შემთ
ხუვა: მერმე: გრძლად: მოჴსენებითა: ვე
ღარას: ვიკადრებ: სულამდი: ვეღარა
ს: ვიკადრებ42 რას: ამა: წინასთუისცა: მომიჴსენე
ბია: რთულითა: განაღამცა: წინაშე ვითა
თუ სულნი: გამიძლებენ: მე რომ თქუენსა: ნახვა
სა: ვეღირსო: განაღამცა: მაშინ: ნეტარძი...
V
მეხუთე საბუთი ეტყობა ნასყიდობის წიგნია, მაგრამ შესავალია დაცული, სხვა აკლია; წიგნის მიმცემია თევდორაძე ლომინა.
ს¯ხლითა. ღ-თის. მამისა: ძისა: სოლისა. წმდ
სა: მოხებითა. ყლდ: წმინდისა. დედოფლის [ჩუ
ნი]ს: ღ-თის. მშობლის: მარიამისითა: ძლიერებ
[ითა] ცხოველს: მყოფლის. ჯოარის. რომელს
[ზე]და: განპყრნილი: იქმნნ [უჴრწნელნი] მკ
ლავნი: თსნი: ჴსნის. და ცხორებისა [ჩუ
ენი]სა: დყვლთა: წმნდათა: რომელნი
[საუკ]უნითგან: სათნო: ეყვნს: უფ¯ლს ჩ¯ნს
[სა] ქრისტეს: მე: თევდორასაძეს ლომინას: ...
VI
მეექვსე საბუთი არის ნასყიდობის წიგნი ტყავზე დაწერილი მოსხო მხედრულის ხელით მე-15–16 საუკუნისა. ეს საბუთიც გადმოვიღეთ ფოტოგრაფიულად, მაგრამ მქრქალად გამოვიდა, ვინაიდან ტყავი გაყვითლებული იყო, და ამიტომ სურათი არ მოგვყავს აქ. საბუთი საყურადღებოა ორი სოფლის სახელის გამოსარკვევად ვაჩი-ძორის მახლობლად. ეს არის პარგრძორი, რომელიც უნდა უდრიდეს ეხლანდელ პარისორს ვაჩი-ძორის სამხრეთით, ხოლო ორისა უნდა იყოს ეხლანდელი ორი ვაჩი-ძორის ჩრდილო-აღმოსავლეთით. პარგრძორის წყალი, ღელე ერთვის სალაჩურის წყალს.
ქ. ღთსა: და: ყოველთა: წ-თა: მისთა:
შუამდგომლობითა: და წ-ისა: პირველ:
მოწამის: სტეფანესთა: დაგიწერეთ:
დაწერილი: ესე: მტკიცე და: უქცეველი:
ჩუენ პარგრძორელთა მა... ან:43 ვარ
დაკმან: ონოფრე: და: ბასილმან: და ჩ
უენთა: შვილთა: და: შვილისა: შვილთა:
და მოგყიდეთ: ჩუენი: ყანა: პარგრძორის
წყლის: აქათი: ორისისაკე: შენ: ანდ
რიკის ძესა: გიორგისა: და შენსა შვილსა:
და ყოველთა: სახლისა: შენისა: მომავალთა:
ავიღეთ: სრული: ფასი: და: შევსჯერ
დით: გისურნეს (?) ღ¯მნ: და წ¯მან:
სტეფანე: მოწმენი: თავად: ღ¯თი: კაცთაგან:
ჭახურალი: აკაკი: და მისი: ძმის წული:
გიორგი: ტუმლელ მაჭჩი: (?) მიხაელ:
მოსე: ჩუენთა: ნებითა: და წ¯მითა:
გულითა: მოგვიცემია: ვინცა: ვინ:
ამ: წერილისა: მშლელად: გამოჩნდეს:
ჰრისხავსმცა: მამა: ღ¯მრთი: სული: წმიდა:
და ყოველნი: წ¯ნი: მისნი:
|