topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

რ. ხვისტანი - კატაულას წმ.გიორგის ეკლესია - კავთისხევი

<უკან დაბრუნება


რეზო ხვისტანი - "მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის",

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არქეოლოგიის ინსტიტუტი, 2009 წ. - &10, გვ. 81-92

კატაულას წმ.გიორგის ეკლესია

წყარო

კატაულას წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის 2006 წლის ზაფხულში წარმოებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება მნიშვნელოვანი შედეგებით დამთავრდა.1

ძეგლმა ყურადღება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში მიიპყრო საკურთხეველში გამოვლენილ ქვასვეტის (სტელა) ფრაგმენტის გამო, რომლის რელიეფური დეკორი შეიცავს რელიგიურ სიმბოლიკურ და წმიდა პერსონაჟების გამოსახულებებს, საერო პორტრეტთა დიდ რაოდენობას და ძველ ქართულ (ასომთავრულ) წარწერებს. გარდა იმისა, რომ სტელა რელიეფური დეკორით, სპეციფიკური დეკორატიული მიდგომით, აგრეთვე მკაფიოდ გამოკვეთილი სტილის ნიშნებითა და პლასტიკური მეტყველების ორიგინალური ინტონაციით გამორჩეული მხატვრული ქმნილებაა, იგი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მჭერმეტყველი საბუთიცაა. სტელის დათარიღებაში მკვლევარებს შორის ჯერ თანხმობა მიღწეული არაა, მისი ქრონოლოგიური ჩარჩოები VII საუკუნიდან VIII-IX საუკუნეების მიჯნამდე მერყეობს.2

ეკლესია მდებარეობს კასპის რაიონის სოფ. კავთისხევში, მდ.კავთურას მარჯვენა მხარეზე მონასელიანთ უბანში, მთა კატაულას სამხრეთ ფერდზე. მონასელიანთ უბანი არქეოლოგიურ რუკაზე 1963 წელს გამოჩნდა, მდ. კავთურას მარცხენა მხარეზე შემთხვევით აღმოჩენილ ოთხკუთხა, მრგვალგუმბათოვან გადახურვის მქონე საკნისა (2,8X2, 27X3 მ) და დრომოსისაგან (სიგრძე - 1,5 მ, სიგანე - 0,9-1,10 მ., სიმაღლე - 1 მ.) შემდგარ აკლდამის გამო, რომლის კედლები დუღაბზეა ამოყვანილი კლდის ქვითა და ბრტყელი აგურით, ხოლო კედლები და იატაკი კირითაა შელესილი.

საკნის კუთხეებში 1,4 მ. სიმაღლეზე აგურით ისრული ტრომპებია გადაყვანილი, რომელთაგან იწყება აგურის სფერული გადახურვა. დრომოსის შესასვლელთან ორსაფეხურიანი კიბეა შემორჩენილი. გუმბათს ზემოდან ფილაქვები ადევს, შემდეგ ქვის გროვა და მიწაყრილი. საკნის სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილში დაყოლებულია შიგნით დაქანებული თიხის მილები, რომელთაც გარეთა ნაწილი ყრუდ აქვთ დახშული. მილების დანიშნულება გაურკვეველია.

აკლდამაში ძვლები არეულად ეყარა, რაც იმას ადასტურებს, რომ იგი ადრევე გაუძარცვავთ. აკლდამის არქიტექტურას XVI-XVIII საუკუნეების ქართულ-კახეთის უმრავლეს ნაგებობათათვის დამახასიათებელი ტიპური ნიშნები ახასიათებს.3

არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კატაულას წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის გეგმის გარჩევა ძნელი იყო, რადგან მისი გვერდითა სათავსოები ჩამომხობილ კედლებით და ნიაღვრების მიერ შემოტანილ მიწითა და ქვა-ღორღით იყო ამოვსებული, რომელზეც ხეები და ეკალბარდი იყო ამოსული. ნაგებობის ირგვლივ ანალოგიურ მასას ერთი მეტრიდან ორმეტრანახევრამდე სისქის „ფენა“ ჰქონდა წარმოქმნილი, ნიაღვრის შემოტანილ ქვა-ღორღისა და მიწის სქელი ფენით იყო დაფარული ცენტრალური სათავსოს იატაკიც.

შენობის ტერიტორიის დიდი სიფრთხილით გაწმენდის შემდეგ მიწის ზედაპირზე მოიხაზა გვერდითა სათავსოების ძლიერ დაზიანებული, მაგრამ ძველი, შენარჩუნებული თავდაპირველი კედლების ნაშთები. გამოვლენილი ტაძრის სახე ასეთია: ერთმანეთის გვერდით განლაგებული სამი წაგრძელებული სადგომი (ნავი) ერთმანეთთან კარებითაა დაკავშირებული, სადაც შუა სადგომი დანარჩენ ორზე უფრო მაღალი და ფართოა. ჩრდილოეთის სადგომი ორ დანარენზე რამდენადმე მოკლეა და ცენტრალური ნავის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში საფეხურადაა შეჭრილი (ტაბ. XIII).

გარეთა ფორმებითა და ფასადზე მკაფიოდ გამოვლენილ სილუეტით ეკლესია ბაზილიკას ჰგავს, მაგრამ სივრცის ორგანიზებითა და კონსტრუქციული აზრით, ბაზილიკისაგან სრულიად განსხვავებულია. ინტერიერში შიდა სივრცე კედლებითაა დაყოფილი სამ ნაწილად, სამ ცალკე "ეკლესიად", რომლებიც ერთმანეთთან გასასვლელებით არიან დაკავშირებული.

გეგმაში სწორკუთხედის ფორმის მქონე ტაძრის (11,25X8,42 მ.) ცენტრალური "ეკლესიის" (8,42X5,72 მ.) აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარწრიული ფორმის აფსიდია ჩაწერილი. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, ხოლო ჩრდილოეთით ერთი ნიში. საკურთხევლის სივრცე ფართო მხრებითა და მათზე დაყრდნობითი ნახევარწრიული ფორმის თაღითაა გამოყოფილი. თაღი ქვიშაქვის იმპოსტებს ეყრდნობა, რომელთა მაღალ ტანს რამდენადმე წინწამოწეული თარო აგვირგვინებს. კამარის შემსუბუქების მიზნით კონქაში კირხსნარით შედუღაბებული ქვევრია ჩაშენებული.

განათებისათვის, საკუთრხევლის სარკმლის გარდა, ორი სწორკუთხა სარკმელია დასავლეთით და სამხრეთით. კონქიცა და ნახეარწრიული კამარაც წვრილი ქვითაა ამოყვანილი კირის ხსნარზე. ინტერიერში, განსაკუთრებით აფსიდაში, რომელიც თავდაპირველად შესალესად არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული, ყურადღებას იპყრობს წყობაში ცერად ჩასმული მოზრდილი ქვების მწკრივები, რაც დეკორატიულ მორთულობად აღიქმება. როგორც შემორენილ მოხატულობის ფრაგმენტებით ირკვეა, მოგვიანებით იგი მაინც შეულესიათ. ნავში („ეკლესიაში“) ორი არქიტრავული შესასვლელია - სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში და ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, აფსიდის მოედნის წინ.

აფსიდის თავდაპირველი მოედანი შემდგომში გადაუკეთებიათ, გაუფართოვებიათ, წინ წამოუწევიათ და აუმაღლებიათ. ამ დროს დაუფარავთ თავდაპირველ კანკელის(?) საფუძვლის ქვა, რომელზეც ქართული ადრექრისტიანული რელიეფებისათვის დამახასიათებელი მოტივი, წრეში ჩასმული („ბოლნური“), გვერდიგვერდ განლაგებული, სამი ტოლმკლავა ჯვარია ამოკვეთილი. პირველი ჯვარი სამმაგ წრეშია ჩასმული. ფორმით იგი მცხეთის ჯვრის სამხრეთის შესასვლელის რელიეფზე და დმანისის სტელაზე გამოსახულ ჯვრების ანალოგიურია. მომდევნო, კვარცხლბეკზე (ორსაფეხურიან საყრდენზე - ბუნზე) აღმართული ჯვარი ნახევარწრეშია ჩასმული. მესამე ჯვარი სამმაგ წრეშია ჩასმული, მის მკლავებს შორის სიმეტრიულადაა მოთავსებული ვარდულები (ტაბ.XII,2). აქვე აღმოჩნდა აფსიდის გაფართოვებისას კედელში ხურდად ჩატნეული ადრე შუასუკუნეების წითლად მოხატული, ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის ნატეხები.

გამოვლენილ რელიეფურ ჯვარზე გამოსახულ ვარდულის შესახებ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ ადრექრისტიანულ ხელოვნებაში ვარდული რელიეფური დეკორის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ვარდული, როგორც მნათობის სიმბოლო, გვხვდება ქრისტეს და სხვა წმინდანების გამოსახულებათა ფონზე.4 ვარდულები გვხვდება სიმეტრიულად მოთავსებული ჯვრის მკლავებს შორის (ხანდისი, ჟალეთი, ბოლნისი), ვარდული სტელა _ ჯვრის ცენტრში, მკლავების გადაკვეთის ადგილას (ახალი-გორა, ბოლნისი).5 ბოლოს ვარდული ხდება თვით ჯვრის ექვივალენტი და ხშირად ისევე გვხვდება კვარცხლბეკზე აღმართული, ან აყვავებული რტოებით ისევე შემკული, როგორც ჯვრის გამოსახულება. მაგ., სათხის ეკლესიის ერთ-ერთ სტელაზე ორ გვერდზე ჯვრის გამოსახულებაა, ორზე კი რტოებს შორის მოთავსებული ორმაგი ვარდულისა,6 ან კიდევ დმანისის ქვა-ჯვარზე, სამ გვერდზე კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია გამოსახული, მეოთხეზე კი ისეთივე კვარცხლბეკზე, წრეში ჩასმული ვარდული.7

ჩრდილოეთის ნავი („ეკლესია“) უაფსიდოა (6X2,5 მ), რომელიც თითქმის მთლიანად დანგრეულია. იგი პირდაპირ წყობით ეკვრის ცენტრალური „ეკლესიის“ კედელს. ამ უკანასკნელზე კამარის დასაყრდნობად აგებული სამმალიანი თაღებია შემორჩენილი ორი სწორკუთხოვანი ბურჯით (ტაბ.XV,2). ბურჯები და თაღები ნატეხი ქვითაა ნაწყობი. ცენტრალურ „ეკლესიასთან“ დამაკავშირებელი კარის არქიტრავული ღიობი თაღქვეშაა მოქცეული.

ამ სათავსოში შესასვლელი მხოლოდ ცენტრალური „ეკლესიის“ შიგნითა სივრციდან, უშუალოდ საკურთხევლის სიახლოვიდანაა, რაც ალბათ იმაზე მიუთითებს, რომ მას თავდაპირველად სასამსახურო სათავსოს, საწესო სამოსლისა და სხვა ინვენტარის საცავის (სალარო) დანიშნულება უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით იგი საძვალედ გამოუყენებიათ. სათავსოში უამრავი თავის ქალები და ჩონჩხები იყო უსისტემოდ მიმობნეული, რაც მისი ადრევე გაძარცვის ნიშანია. სათავსოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ფილაქვით დახურული ორი ორმო-სამარხი გაიწმინდა. ორმოები გაჭრილია ქვა-ღორღიან ნიადაგში. ორმოს ზომებია: 1,50X40. სამარხებში თითო ინდივიდია დაკრძალული, დამარხვის წესი ქრისტიანულია. სამარხები უინვენტაროა.

სათავსოს აღმოსავლეთ ნაწილში, შესასვლელის წინ აღმოჩნდა კაპიტელიანი სტელის ფრაგმენტი (სვეტის სიგრძე - 1,27 მ; კაპიტელის განი - 28 ს; სვეტის განი - 26 სმ). კვარცნარევი კირქვის ოთხწახნაგა სვეტის კუთხის წიბოები, ცერადაა ჩამოთლილი და მონაცვლეობით საპირისპიროდ მიმართული „კონცენტრული რკალების“ რიგითაა შემკული. წახნაგების ზედაპირი ე.წ. „თევზიფხურით“ მოჩაროებულ, არათანაბარ სწორკუთხა არვებადაა დაყოფილი, სადაც ხალიჩისებურად დაფარულ დაბალ რელიეფში შესრულებული, ერთმანეთის თავზე ვერტიკალურად განლაგებული, მაყურებლისაკენ მომზირალი, ბრტყელი, თითქმის უსხეულო წმიდა პერსონაჟები და საერო პორტრეტები, აგრეთვე რელიგიურ-სიმბოლიკური გამოსახულებებია. წმიდა პერსონაჟებისა და საერო პორტრეტების ფონის თავისუფალ ადგილებში ამოღარულია ასომთავრული წარწერები, სადაც უცნობი ისტორიული პირებია მოხსენიებული (სურ.3). საერო პორტრეტების, რელიგიურ-სიმბოლიკური გამოსახულებების, წმინდა პერსონაჟებისა და ძველქართულ (ასომთავრულ) წარწერების შემცველი სტელის რელიეფური დეკორის შესწავლა, რომელიც მრავალგვარი ინფორმაციის წყაროა, ვფიქრობთ, ადრე შუასაუკუნეების საქართველოს სულიერი და სოციალური ცხოვრების მრავალ საკითხს მოფენს შუქს. მისი ხალიჩისებურად დაფარული დაბალ რელიეფში შესრულებული პლასტიკური გამოსახულებები, ჩარჩოების გრაფიკული ორნამენტი და განსაკუთრებული ხატოვანი მეტყველებით შესრულებული რელიეფური სახეების კვეთის მანერა ამავე ეკლესიის საკურთხეველში ადრე აღმოჩენილ სტელის ფრაგმენტის გრაფიკული ორნამენტისა და რელიეფური სახეების კვეთის მანერის ანალოგიურია. ერთმანეთს ემთხვევა მათი ზომები, ქვის ჯიში და მათი შეერთების ადგილზე გასამაგრებელი სოლისათვის ამოკვეთილი ფოსოების ზომებიც. აშკარაა, რომ ისინი ერთი სტელის ნაწილებია და ერთი ოსტატის ნახელავია. ახლადდაღმოჩენილ სტელის ფრაგმენტზე არსებული წარწერების შესწავლა უთუოდ მეტ სიცხადეს შეიტანს სტელის თარიღში, აგრეთვე ხელოვნებათმცოდნეებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ სტელაზე გამოსახულ პიროვნებათა ურთიერთდამოკიდებულება, ბოლომდე გახსნან ძეგლის მხატვრულ-იდეური არსი, სიღრმისეულად ჩასწვდნენ იკონოგრაფიულ სქემას და სრულყოფილად ამოხსნან მისი ერთიანი დეკორატიული სისტემა (სტელის მხატვრულ-სტილისტური ანალიზი და წარწერები ცალკე გამოქვეყნდება).

ვარაუდობენ, რომ საქართველოში ადრეული ხანის ქრისტიანული, ქვისგან გამოკვეთილი საკულტო ძეგლების-სტელების აღმართვის ჩვეულება ქრისტიანობის გავრცელების დროიდან მომდინარეობს და თავდაპირველად ახალი სარწმუნოების, ქრისტიანობის აღიარებას - ნათელღებას გამოხატავდა. სტელები ღია ცის ქვეშ, ხშირად ეკლესიის გვერდით აღმოსავლეთ მხარეს იდგმებოდა.8 V-VII საუკუნეებში სტელა-ჯვრების ინტენსიური აღმართვა, სხვა მოსაზრებით, ირანის მიერ ძალით თავს მოხვეულ ზოროასტრიზმთან ბრძოლას უკავშირდება.9

სამხრეთის აფსიდიანი „ეკლესიაც (8,42X2,87 მ.) დანგრეულია. ნალისებური აფსიდის ცენტრზე მაღალი და ვიწრო ნიშია, რომლის თაროზე მრგვალი ფორმის მომწვანო ფერის ბრტყელი, ოთხკუთხა ფოსოიანი ქვა დევს, რომელიც შესაძლოა ჯვრის საფუძველი იყოს. აფსიდის მოედანი წაშლილია გვიანდელი ორმოსამარხების მიერ. ტაძარში ერთადერთი შესასვლელი სათავსოს სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. ჩრდილო მხარეზე, კამარის დასაყრდნობად, აქაც ორი სწორკუთხა ბურჯით სამმალიანი თაღედია პირდაპირი წყობით მიკრული ცენტრალური „ეკლესიის“ სამხრეთ კედელზე (ტაბ.XV, 3).

ეკლესიის სქელი კედლები სხვადასხვა ზომის ტლანქად დამუშავებულიქვითაა ნაშენი კირის ხსნარზე. წვრილი ქვის გვერდით გვხვდება დიდი ლოდებიც. კარგად გათლილი კვადრები, რომელსაც მწვანე ფერის ქვაც ურევია, მხოლოდ კუთხეების, თაღებისა და სარკმელებისათვისაა ნახმარი. ნაგებობას სამკაულები არა აქვს. ნაგებობის მხატვრულ ეფექტს ფასადზე სხვადასხვა ზომისა და ფერის ქვების მონაცვლეობა აძლიერებს. შენობის აღმოსავლეთი კედელი პირდაპირი წყობით ეკვრის საგანგებოდ ვერტიკალურად ჩაჭრილ ფერდს, რის შედეგადაც აღმოსავლეთის ფასადი მიწის ზედაპირიდან გაცილებით დაბალია, ვიდრე დასავლეთისა. ამგვარი გადაწყვეტით ნაგებობა ბუნების სილამაზესთანაა შერწყმული. (ტაბ.XV)

გათხრებმა გამოავლინა სამშენებლო (ბრტყელი, გვერდებაკეცილი, წითლად მოხატული და მოუხატავი კრამიტი) და სამზარეულო (მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი) კერამიკის, აგრეთვე მინის ჭურჭლის მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები (აღნიშნული მასალა ცალკე გამოქვეყნდება), რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აშენების დროიდან უწყვეტად ფუნქციონირებდა გვიან შუასაუკუნეებამდე (XVII-XVIII სს.).

ეკლესიის ირგვლივ სამაროვანია, რომლის ნაწილი, სამწუხაროდ, რესტავრაციისათვის წარმოებულ მიწის სამუშაოებისას გაანადგურეს (თაღოვანი აკლდამა, ქვაყუთები), ნაწილი გადარჩენილია.

ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით, სამხრეთ მხარეზე, ფერდზე, ექსპედიციამ გამოავლინა მიწისქვეშა ნაგებობა - ხარო. ქვითკირით ამოგებული ხარო ყელისაკენ ვიწროვდება. იგი თითქმის ბოლომდეა ამოვსებული მიწითა და ქვა-ღორღით.

მარცვლეულის საიდუმლო საცავი მიწისქვეშა ნაგებობა - ხარო, არქეოლოგიურად აწყურის ანტიკური ხანისა და ჟინვალის ნაქალაქარშია მიკვლეული.10 ეთნოგრაფიული მონაცემებით, ხაროს გავრცელების უმთავრეს კერას აღმოსავლეთ საქართველო წარმოადგენდა და ძირითადად მემინდვრეობის ისეთი ცენტრებისათვის იყო დამახასიათებელი, როგორიცაა ქიზიყი, შიდა და ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი.11

კატაულას წმ.გიორგის სახელობის ეკლესია წარმოადგენს უგუმბათო ტაძრის ნაირსახეობას, ადრე შუასაუკუნეების ე.წ. „სამეკლესიიანი ბაზილიკის“ მარტივ ვარიანტს. საქართველოს ადრეული შუასაუკუნეების საკულტო ხუროთმოძღვრება (IV საუკუნიდან VII საუკუნის შუა წლებამდე), რომელიც ნაწილობრივ ემთხვევა ევროპული და წინააღმოსავლური ხელოვნების ე.წ. „ძველქრისტიანულ ხანას“, ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების პირველი აყვავების ხანაა. აღნიშნულ ხანაში საქართველოში შემუშავდა ბაზილიკის თავისებური ვარიანტი, რომელსაც ქართველმა მეცნიერებმა „სამეკლესიიანი ბაზილიკა“ უწოდეს. გარედან თავისი „პროფილით“ იგი არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან ბოძებით კი არ არის გაყოფილი, არამედ კედლებითაა გათიშული, ე.ი. არსებითად, აქ ერთ შენობაში გაერთიანებული სამი დამოუკიდებელი სამლოცველოა.

ამ ტიპის საკულტო ნაგებობების ზოგადი გენეზისი, გავრცელების დიაპაზონი და ქრონოლოგიის საკითხები სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში საკმაოდ კარგადაა გარკვეული. ბაზილიკის ეს ტიპი სხვა ქვეყნებშიც გვხვდება, მაგრამ ამ ტაძრებმა ჩვენში საინტერესო ევოლუცია განიცადეს, წმინდა ქართული წარმომავლობის განსაზღვრულ დამოუკიდებელ ტიპად ჩამოყალიბდნენ და მხატვრულად დასრულებული ნაწარმოების სახე მიიღეს.12

საქართველოში „სამეკლესიიანი ბაზილიკების“ შემოქმედებითი განვითარების საფუძვლად კახეთია მიჩნეული, სადაც ამ ტი პის ორ ათეულამდე ძეგლია შემონახული, თუმცა ამ საერთოქართული კულტურული მოვლენის ამსახველი ძეგლები ქართლსა და აფხაზეთშიც მრავლად შემოგვრჩა. მკვლევართა აზრით, „სამეკლესიიანი ბაზილიკის“ წარმოშობა დღის განმავლობაში წირვის რამდენიმეჯერ გადახდისა და ყოველი წირვისთვის ცალკე საკურთხევლის ქონის აუცილებლობამ განაპირობა.13

ამ სახის ძეგლების უძველეს ნიმუშებს, რომლებიც VI ს-ის შუა წლებს მიეკუთვნებიან ელემენტარული აღნაგობა აქვთ: ერთიმეორის გვერდით განლაგებულ სამ წაგრძელებულ სადგომს ერთმანეთთან კარები აკავშირებს. შუა სადგომი გვერდითებზე მაღალი და ფართოა, რის გამოც შენობას გარედან ნამდვილი ბაზილიკის იერი აქვს. VII საუკუნიდან, როცა ახალი პრაქტიკული მოთხოვნილებები გაჩნდა, მხატვრული ამოცანებიც უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდა, სამეკლესიიანი ბაზილიკების ტიპი თანდათან გართულდა, კომპოზიციურად უფრო მთლიანი და შეკრული გახდა; გვერდითა ნავები ერთმანეთს დასავლეთის შემაერთებელი გალერეით დაუკავშირდა. ამ გალერეიდანაა შესასვლელი შუა ეკლესიაში (ნავში), რომელიც ნაგებობის დომინანტის მნიშვნელობას იძენს. ცალკე გამოიყო რიტუალისთვის საჭირო სადიაკვნე და სამკვეთლო. გაჩნდა ახალი მოტივი - მრგვალ თაღებზე დაყრდნობილი, გვერდითა ეკლესიების ორ ან სამთაღიანი ღია შესასვლელები. ბაზილიკის ეს თავისებური ვარიანტი არსებობას X ს-მდე განაგრძობს.

კატულას წმ.გიორგის სახელობის ეკლესია აღნაგობით საქართველოში გავრცელებულ „სამეკლესიიანი ბაზილიკების“ პირველი ნიმუშების მსგავსია. აქ არ არის დასავლეთის შემაერთებელი ნაწილი განაპირა ეკლესიებს შორის, არ არის შესასვლელი დასავლეთის მხრიდან. კატაულას წმ.გიორგის ადრეულობაზე მეტყველებს აქ გამოვლენილი ქართული ადრექრისტიანული რელიეფებისათვის დამახასიათებელი მოტივი - წრეში ჩასმული (ბოლნური) ტოლმკლავა ჯვრები. ეკლესია კომპოზიციურ მსგავსებას ავლენს კახეთის ზოგიერთ ძეგლთან, მაგალითად, ბოლნისხევის წმ.ევსტატეს ეკლესიასთან გრემთან და ვაზისუბნის „სამკარიან“ ეკლესიასთან. ეს ძეგლები VI ს-ით თარიღდება.14

კატაულას წმ.გიორგის „სამეკლესიიანი ბაზილიკის“ ჩრდილოეთის „ეკლესიის“ ოთხკუთხა ფორმის აბსიდის მსგავსი აბსიდები გვხვდება კონდამიანის, ველისციხის, ოთარაანის, ვაზისუბნის, შილდის და საბუის „სამეკლესიიან ბაზილიკებში“, აბსიდის ოთხკუთხა ფორმას გ.ჩუბინაშვილი „სამეკლესიიანი ბაზილიკების“ თანდათანობითი განვითარების ეტაპად თვლის.15

სტილისტური ნიშნებით კატაულას წმ.გიორგის სახელობის ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს. ტაძრის სახე ჯერ კიდევ მხატვრულად შეუმუშავებელია და არქაულობის აშკარა ხასიათს ატარებს. ქვემო ბოლნისისა (V-VIსს.)16 და გაგრის (VI ს.)17 სამეკლესიიანი ბაზილიკების მსგავსად, აქაც არ არის შემაერთებელი ნაწილი განაპირა ეკლესიებს შორის, არ არის შესასვლელი დასავლეთის მხრიდან, რომლებიც ამ ტიპის შენობებში მხოლოდ VII საუკუნიდან, ახალი მოთხოვნილებების გამო (როცა რიტუალისათვის საჭირო სადიაკვნე და სამკვეთლო გამოყვეს) ჩნდება.18

ამრიგად, ხუროთმოძღვრულ-სტილისტური ნიშნებით კატაულას წმ.გიორგის ეკლესიის არქიტექტურა VI-VII საუკუნეებს უკავშირდება. „სამეკლესიიანი ბაზილიკების“ პირველი ნიმუშებისათვის დამახასიათებელი მარტივი კომპოზიცია (შენობის დომინანტის, განაპირა „ეკლესიების“ შემაერთებელი გალერეისა და მრგვალ თაღებზე დაყრდნობილ ღია შესასვლელების არ არსებობა), სტილისტური ნიშნები, სამშენებლო ტექნიკა, არსებული პარალელები და არქეოლოგიური მასალა (სამშენებლო კერამიკა, რელიეფური ჯვრები) მყარ საფუძველს იძლევა კატაულას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აშენების დროდ VI-VII საუკუნეების მიჯნა მივიჩნიოთ.

-------------------------------------------------------------------------

1 საქართველოს საპატრიარქოს თანხმობითა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ნებართვით ძეგლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგის ინსტიტუტის კლასიკური და შუასაუკუნეების სექტორის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რეზო ხვისტანმა.

2 Г.Н. Чубинашвили, Вновь открытый памятник древней культуры (1924), Вопросы истории искусства, Тб., გვ. 140; გ. ჩაჩანიძე, გრიგოლ ევპატოსის ძეგლი, საისტორიო მოამბე, I, თბ., 1925, გვ. 261-263; ა. ჯავახიშვილი, საქართველოს ძველი საკულტო-მემორიალური ძეგლები, 1949, გვ. 1-12, ხელნაწერი; Г.Н. Чубинашвили, Хандиси. I. 1972, გვ. 102, 108; ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა. თბ., 1980, გვ. 119-123; მ. მგალობლიშვილი, კატაულას წმ. გიორგის ეკლესია, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების აღწერილობა, თბ., 1990, გვ. 168; К. Мачабели, Каменные кресты Грузии, Тб., გვ. 166-178; გ. ჯავახიშვილი, ადრეფეოდალური ხანის ქართული სტელები, თბ., 1998, გვ. 37-38

3. ბ. ჯორბენაძე, კავთისხევი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების აღწერილობა, თბ., 1990, გვ.150.

4. Н. Аладашвили, Монументальная скульптура Грузии, М., 1977, с.18, სურ.II.

5. ნ. ჩუბინაშვილი, ქვემო ქართლის სტელა-ჯვრები, დმ., N30, 1972, გვ.35.

6. ნ. ჩუბინაშვილი, ქვემო ქართლის სტელა-ჯვრები, დმ., N30, 1972, გვ.35.

7. ვ. ჯაფარიძე, ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ქართლიდან, თბ., 1982, გვ.104, ტაბ.LIX.

8. გ. ჯავახიშვილი, მით. ნაშრომი, გვ.5.

9. ნ. ჩუბინაშვილი, ქვემო ქართლის სტელა-ჯვრები. დმ., N30, 1972, გვ.47.

10. მ. მარგველაშვილი, ქალაქი ჟინვალი, საკანდიდატო დისერტაციის ავტორეფერატი, თბ., 199, გვ.8.

11. თ. ჩიქოვანი, ხარო _ მიწისქვეშა საიდუმლო საცავი, ძიებანი, N13-14, თბ., 2004, გვ.155.

12. Чубиншвили Г.Н. Цековь близ сел. Болнис-Капаначки, Христианский восток, т.5, вып.3, Петроград, 1916, გვ.67; გ. ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, ტ.I, თბ., 1936, გვ.65-66; Чубиншвили Г.Н. Архитектура Кахетиый, текст, Тб., 1959, გვ.25

13. ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, გვ.94.

14. Чубинaшвили Г.Н. Архитектура Кахетиый, გვ.159, 161

15. Чубинaшвили Г.Н. Архитектура Кахетиый, გვ. 160, 161

16. Чубинaшвили Г.Н., Церков близ селения, გვ. 107, 115; ვ. ბერიძე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, გვ.94.

17. ი. ბერძენიშვილი, აფხაზეთის „სამეკლესიიანი ბაზილიკები“, მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები, თბ., 2005, გვ.57.

18. გ. ჩუბინაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, გვ.66; მისივე, Архитектура Кахетиый, გვ.141.