topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

სამთავროს ტაძარი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა

< უკან დაბრუნება

სამთავროს კომპლექსი

არქიტ., ისტ., მონუმ. ხელოვნ. ძ. მდებარეობს ქალაქის ცენტრში. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ. ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა.

დიდი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტ. წყაროების მიხედვით, მცხეთის ჩრდ. განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელწოდება - სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტ. სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე სამთავროში დედათა დიდი მონასტერი იყო (ამჟამად არსებობს სასულიერო სემინარია და დედათა მონასტერი).

(ა) დიდი ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (27 X 23 მ) სამხრ-ის, ჩრდ-ისა და დას-ის მინაშენებით. მხატვრულ-სტილისტ. ანალიზით XI ს-ის 30-იან წლებს განეკუთვნება. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრებით. 1283 წ. მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩაინგრა და იგი XIII-XIV სს-თა მიჯნაზე აღადგინეს. XVII ს. ბოლოსა და XIX ს. II ნახ-ში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. მიუხედავად ამისა ხუროთმოძღვრის თავდაპირველი ჩანაფიქრი მკაფიოდ და ნათლად ჩანს. 1974 წ. სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. სახელოსნომ ტაძარი შეაკეთა (ხელმძღვ. ვ. ცინცაძე): გაამაგრა გუმბათის ყელი და კედლები, განაახლა სახურავი.

ტაძარში შესვლა სამხრ. კარიბჭიდან შეიძლება. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს და საკურთხევლის კედლების შვერილებს. აღმ-ის ნახევარწრიულ აფსიდს განიერი ბემა ეკვრის. საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, რ-ებიც ტაძრის მთავარ სივრცეს გასასვლელებით უკავშირდებიან (სამკვეთლო ბემასთანაცაა დაკავშირებული კარით). კანკელი XV ს-ისაა. ტაძრის გუმბათქვეშა ბურჯების კაპიტელები, ბაზისები და საბჯენი თაღების საყრდენი კონსოლები პროფილირებულია (გვიანდ. შეთეთრების შედეგად პროფილთა მონახაზი ბევრგან დეფორმირებულია). ტაძრის სამხრ.-დას-ის კუთხეში პირველი ქართვ. ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია. საფლავის ძეგლი განახლებულია XIX ს-ში. ტაძრის სამხრ.-დას-ის გუმბათქვეშა ბოძთან დგას მიტროპოლიტის კათედრა (აღდგენილია). ტაძრის ძირითადი მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით მაღალია. შიგა სივრცე მაღალი, შეკრული და ჰარმონიულია. ცამეტწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილი ცამეტი სარკმლიდან შემოსული შუქით განათებულია ტაძრის ცენტრ. სივრცე, გვერდის ნაწილები კი ჩაჩრდილულია.

დიდი ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათზე შემონახულია (ბ) მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქის კომპოზიციის დიდი ნაწილი განადგურებულია. პორველ რეგისტრში ჩანს ტახტის ნაწილი, მაცხოვრის ტერფები და ფეხსადგამი. მეორე რეგისტრში წარმოდგენილი არიან მოციქულები, სარკმლის მარჯვნივ გამოსახული წმინდანი, ასომთ. წარწერის მოხედვით, წმ. პავლეა. ამავე რეგისტრში, ბემას სამხრ. კედელზე, გამოსახულია განრღვეულის განკურნება. უკანასკნელ რეგისტრში, სარკმლის სამხრ-ით შემორჩენილია მღვდელმოძღვართა რიგის მცირე ფრაგმენტი. სარკმლის თაღში გამოსახულია ექესფრთედი სამწერობლებით ხელში, ხოლო სარკმლის სამხრ. წირთხლზე - ანგელოზი. სატრიუმფო თაღის პირზე ასომთ. წაწერის ნაშთები შეიმჩნევა.

ტაძრის გუმბათის სფეროში, ოვალურ წრეში, ქრისტეს გამოსახულების ფრაგმენტებია შემორჩენილი. წრის გარშემო, მედალიონებში მოთავსებულია მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებები, რ-თა შორის ექვსფრთედებია. გუმბათის ყელის სარკმლებს ზემოთ გამოსახულია ანგელოზთა კრება. ქვემოთ, სარკმლებს შორის დატოვებული მონაკვეთები შევსებულია ორ რეგისტრად განლაგებული თორმეტი წინასწარმეტყველის ფიგურით და ცალკეული მცენარეული მოტივებით (ყვავილებიარი ლარნაკები, ჯუჯა ხეები და სხვ.). წმინდანებს წიგნები ან გრაგნილები უჭირავთ ხელში. გუმბათის ყელის ჩრდ.-დას. მხარეს გამოსახული წმინდანი, ასომთ. წარწერის მახედვით, წინასწარმეტყველი მოსეა. სარკმლების წირთხლები და თაღები შემკულია მცენარეული ორნამენტით. სარკმლებს ქვემოთ თორმეტი წინასწარმეტყველის წელზედა ფიგურაა გაშლილი გრაგნილებით ხელში. აქვე გამოსახულია ღვთისმშობელი ორანტას პოზაში. ტაძრის გუმბათის აფრებში, არქიტ. ფონზე, მახარებლებია გამოსახული. ჩრდ.-დას. აფრაში ჩანს იოანე ღვთისმეტყველი, რ-იც მჯდომარე პროქორეს საღვთო წერილს კარნახობს. მოხატულობის კოლორიტი აგებულია ყვითელ, მოწითალო-ყავისფერ, მღვრიე ცისფერ, მონაცროსფრო-თეთრ, ყავისფერ და მწვანე ფერთა შეხამებაზე. მხატვრობა XVII ს. მიეკუთვნება.

ტაძრის გარეგანი მასები მკაფიოდ ასახავს შიდა სივრცის სქემას, რაც ტიპურია შუა საუკუნეების ქართ. ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობისათვის.

აღმ-ის ფასადი ძალზე სადა და ლაკონიურია. აქ მოცემულია უწყვეტი ხუთი დეკორატ. თაღის ტრადიციული სქემა. შუა, ამაღლებულ თაღში მოთავსებულია ორნამენტიანი საპირით და ჰორიზონტალურმკლავებიანი სათაურით მორთული ცენტრ. სარკმელი, რ-ის ორივე მხარეს აჟურული ფესტონებით შემკული თითო მაღალი და ღრმა ნიშია. ფასადის გვერდითი სარკმლების საპირეები და ფრონტონის წვერში ჩასმული ჯვრის გამოსახულება გვიანდელია.

დას-ის სადათაღებიანი ფასადი, რ-იც მთისკენაა მიმართული, თითქმის მოურთველია. შეწყვილებული სარკმლის მორთულობა დაუმთავრებელია.

სამხრ-ის ფასადი გამოირჩევა რბილი პროფილირებითა და დეტალურად დამუშავებული ორნამენტებით. ფასადის ცენტრში მოთავსებული შეწყვილებული სარკმელო მორთულია განიერი ორნამენტიანი საპირეებით და მოჩარჩოებულია დიდი გრეხილი დეკორატ. თაღით. სარკმლებსა და თაღის ლილვს შორის თავისუფალი არე შევსებულია ჩუქურთმიანი მედალიონით; გვერდებზეც სოლისებურად მოჩარჩოებული ორი პატარა მედალიონია. მთავარი დეკორატ. თაღის ორივე მხარეს უფრო დაბალი ვიწრო თაღების არეები ნიშებითაა დანაწევრებული. ჩრდ-ის ფასადის შეწყვილებულ სარკმელს მდიდრულად მორთული საპირე აქვს. სარკმლის სათაური კეტავს და აერთიანებს დეკორის მთელ კომპოზიციას.

სამხრ. კარიბჭე ტაძრის თანადროულია (მისი დას. ნაწილი აღდგენილია მოგვიანებით). კარიბჭის შუა ამაღლებული ნაწილი გადახურულია ვარსკვლავისებრი კამარით, რ-იც მორთულია მკაფიოდ ნაკვეთი ფაქიზი ორნამენტული მოტივებით (კამარა XIX ს. შეუღებავთ). კარიბჭის აღმ. ნაწილი როგორც შიგნით, ისე გარეთ სადა და მარტივია. კედლებს შემოუყვება დეკორატ. თაღედი. ფასადზე, დეკორატ. თაღედის ცენტრ. არეში ჩასმულია ჩუქურთმიანი მედალიონები.

დას. კარიბჭე გვიანდელია და ამჟამად გაუქმებულია.

ჩრდ-ის ფასადზე მიდგმული ცალფერდასახურავიანი ნაგებობა XI ს-ზე ადრინდელია. იგი ორგანულადაა ჩართული ტაძრის საერთო კომპოზიციაში, ამ ნაგებობის აღმ. ფასადზე გამოსახული დაბალრელიეფიანი ფიგურა IX ს-ისა უნდა იყოს.

(გ) წმ. ნინოს ეკლესია დგას ეზოში, დიდი ტაძრის აღმ-ით. იგი მცირე ზომის (6,2 X 3,9 მ) გუმბათოვანი ნაგებობაა. ისტ. წყაროებით, მცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში „ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან“. ამ ადგილზე საქართვ. პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს „წმ. ნინოს ცხოვრებაში“ მოყვანილი მისი წერილის შინაარსი. „აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაი ნინოსსა“. IV ს. ზემოთ მოყვანილი ცნობები სწორედ წმ. ნინოს ეკლესიის აშენების თარიღს და ადგილსამყოფელს გულისხმობს.

ეკლ. არაერთხელ შეუკეთებიათ და გადაუკეთებიათ. ეკლესიის შესასვლელში მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარმა ნინო ამილახვარმა შენობა შეაკეთა 1879 წ. ბოლო სარესტ. სამუშაოები (დამთავრდა 1981 წ.) ჩაატარა სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. გაერთიანებამ. მიწისგან გაიწმინდა თითქმის 1 მ-ის სიღრმეზე მიწაში ჩამჯდარი ეკლ., აღდგა მისი დაზიანებული ცოკოლი, კედლები, გუმბათი, ლავგარდანი. ეკლ. გადაიხურა ახალი სახურავით.

ეკლ. ნაგებია რიყის ქვით, შეკეთებების დროს თლილი ქვა და აგურიც გამოუყენებიათ. აღმ-ით, ნალისებრ აფსიდში ვიწრო თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, ჩრდ-ით აფსიდის კედელში კონქით გადახურული ნახევარწრიული ნიშია.

გუმბათქვეშა სწორკუთხედიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება კუთხეებში დადებული ზღუდარით (ამჟამად კონსტრუქცია მთლიანად შელესილია). სატრიუმფო თაღი, კონსოლებზე დამყარებული დას-ის საბჯენი თაღი, შესასვლელის თაღი, დას-ის გარეთა ნიში, სარკმლები (საკურთხევლისა და გუმბათის ყელისა) ყველგან ნახევარწრიულია.

გარედან ეკლ. სწორკუთხა მოხაზულობისაა; გუმბათის რვაწახნაგა ყელი კვადრატთან მიახლოებულ სწორკუთხედზეა აღმართული. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. შიგნით კაპიტელები და კონსოლები პროფილირებულია. აღმ-ის, დას-ისა და ჩრდ-ის ფასადთა წვეროებში აგურით გამოყვანილია ტოლმკლავებიანი ჯვრები. გუმბათის ყელის ყრუ წახნაგებზე ნალესით სარკმლის საპირის იმიტაციაა გაკეთებული.

ინტერიერი მოხატულ (დ) წმ. ნინოს ცხოვრების კომპოზიციებითა და სხვა სიუჟეტებით. მოხატულობა უხეშია, გვიანდელი.

(ე) სამრეკლო დგას (ტაძრის ჩრდ.-დას-ით, მისგან ოციოდე მ-ის დაშორებით, ამაღლებულ ბორცვზე. აგებულია XV-XVI სს. 1984 წ. სპეც სამეცნ.-სარესტ. საწ. გაერთიანებამ გაწმინდა მიწისაგან, შეაკეთა დაზიანებული კედლები, კიბე, სახურავი (ხელმძღვ. ნ. ქვარიანი).

სამრეკლო (4,7 X 5,8 მ) სამსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-მონაცრისფრო ქვიშაქვის კვადრებით. პირველი სართული სწორკუთხა სათავსია (შეიძლება აქ ეგვტერი იყო), რ-ოს ჩრდ. ფასადი გალავნის კედელშია ჩართული. სათავსს სამხრ-ით აქვს ცილინდრულკამარიანი ფართო თაღოვანი შესასვლელი, რ-ის ორსაფეხურიანი თაღი მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა. დანარჩენი კედლები ყრუა. შიგნით, ყოველ კედელეზე კუთხის დაბალ ბოძებზე დაყრდნობილი თითო ღრმა და განიერი თაღია. კაპიტელები აქაც მარტივპროფილიანია.

მეორე სართული სამი მხრიდან ორმაგი თაღებითაა გახსნილი. შესასვლელი დას-ის ყრუ კედელშია გაჭრილი. მას მიშენებული აქვს მაღალი ქვის კიბე, რ-ის საფეხურები კედლებს შორისაა მოქცეული: ჩრდ-ით გალავნის კედელია, სამხრ-ით კი სპეციალურად კიბისათვის ამოყვანილი კედელი. კიბის ქვეშ საკმაოდ ღრმა და განიერი შეისრულთაღიანი ნიშია. მეორე სართული გეგმით წაგრძელებულია აღმ-დან დას-კენ; მისი ცილინდრული კამარის დას. მონაკვეთში მომრგვალებული ხვრელია გაჭრილი, საიდანაც მისადგმელი კიბით შეიძლება ფანჩატურში ასვლა. ამ სართულის გრძივი კედლების წყვილი თაღი მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო თაღებშორისი ოთხკუთხა ბოძები - დაბალ მოაჯირს. მოაჯირის ზედა კიდეს, ფასადის მხარეს, რელიეფური ფართო სარტყელი გასდევს, რ-იც გარედან პირველი სართულის ლავგარდნად აღიქმება. სათავსის აღმ. ნაწილში აგურის ამაღლებული ბაქანია მოწყობილი. სავარაუდოა, მეორე სართულს საცხოვრებლად და საყარაულოდ იყენებდნენ.

მესამე სართული გეგმით ოვალური ნახევარსფერულკამარიანი, აგურით ნაგები თორმეტმალიანი ფანჩატურია, რ-საც მრავალწახნაგა პირამიდული სახურავი აქვს.

პირველ სართულს თაღოვანი შესასვლელო და თაროსებრი ლავგარდანი აქვს. მეორე სართულს თაღედი და პროფილირებული ლავგარდანი, მესამე სართულის თაღები მოჩარჩოებულია ორმაგი ლილვით, რ-იც მარტივ იმპოსტებსა და ბაზისებს ეყრდნობა. ყოველი ბოძის ზემოთ დაღარული, ფუძესთან გრეხილლილვშემოვლებული ბურთულებია ჩასმული. ფასადებს ზემოთ გრეხილი ლილვი აქვს შემოვლებული. სულ ზემოთ ორმაგი ლავგარდანია (ქვედა ქვაშია გამოყვანილი, ზედა ხერხულად დაწყობილი აგურისაა).

(მ) გალავანი. ძვ. გალავნიდან შემორჩენილია ეზოს სამხრ.დას. კუთხეში, შემაღლებაზე მდგარი დაზიანებული ცილინდრული კოშკო (ამჟამად დედათა მონასტრის საცხოვრებელი). აგებულია XVIII ს-ში. არსებული გალავანი XIX ს-ისაა. 1974-75 წწ. გალავანი შეაკეთა სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. სახელოსნომ - ერთ დონეზე დაიყვანა და კრამიტით გადახურა. გალავნის ჩრდ. და ჩრდ.-აღმ. ნაწილში სასაფლაოა.

ტაძრის დას-ით, შემაღლებაზე, დედათა მონასტრის ჩრდ-ით შემორჩენილია თლილი კვადრებით ნაგები (ზ) კედლის ნაშთი (სიმ. 6 მ-მდე, სიგრ. 7-8 მ, სისქე 1,8 მ-მდე), რ-შიც დიდი ბუხარია.

(თ) სამთავროს ეზოში, ტაძრის ჩრდ-ით არქიტექტორ ანატოლი კალგინის (1875-1943 წწ.) საფლავია. საფლავს ადევს შავი ლაბრადორის ქვა (1,0 X 2,0 მ; არქიტ: გ. მელქაძე). საფლავის არქიტ. გაფორმება დაუმთავრებელია.