topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ქ.დიღმელაშვილი - საქართველოს შუა საუკუნეების ანტეფიქსების გამოსახულებათა ტიპოლოგიზაციისათვის

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები>>>


ახიზის ანტეფიქსი, V ს. (გადიდებისთვის დაწკაპუნეთ ფოტოზე - (+))

ქეთევან დიღმელაშვილი

საქართველოს შუა საუკუნეების ანტეფიქსების გამოსახულებათა ტიპოლოგიზაციისათვის

ანალები.

ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ჟურნალი.

N9, თბილისი, 2013, გვ.225-241

ანტეფიქსი სამშენებლო დეტალია, რომელიც ღარიანი კრამიტის - კალიპტერის აკეცილ კიდიან სახეს წარმოადგენს. იგი ანტიკური დროიდან ცნობილია როგორც ფართოდ გამოყენებადი დეტალი, რომელსაც ხმარობდნენ შენობის სახურავის კიდეებში მოსართავად (Словарь Античности 1989: 35). მსოფლიოში ის გამოიყენებოდა როგორც საკულტო, ისე საერო შენობათა გადახურვაში. რაც შეეხება საქართველოს, აქ აღმოჩენილი ანტეფიქსების უძველესი ნიმუშები IV და შემდგომი საუკუნეებითაა დათარიღებული. ადრეული ანტეფიქსები ცალკეული ნიმუშებითაა წარმოდგენილი ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ადგილებიდან და ძირითადად, ქრისტიანული სიმბოლიკის გამომხატველია. მომდევნო საუკუნეთა ანტეფიქსებზე, რომელთა რიცხვი გაცილებით მეტია, სიმბოლიკას ძირითადად ჯვრის გამოსახულებები ცვლის. ანტეფიქსების უძველესი ნიმუშების უმრავლესობა საკულტო ნაგებობების არქეოლოგიური შესწავლის დროს გამოვლინდა. თუმცა, იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ისინი აღმოჩნდა სასახლის ნანგრევებშიც. ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე გამოსახულებიანი ანტეფიქსები დაფიქსირდა როგორც ეკლესიის, ისე სასახლის გადახურვაში, მოწმობს, რომ რელიგიური თემატიკის გამოსახულებიან ანტეფიქსებს უკვე VI საუკუნიდან იყენებდნენ როგორც საკულტო, ისე საერო ხასიათის შენობების კედლისა და სახურავის გარდამავალ მორთულობად. ადრექრისტიანული ხანის ანტეფიქსის გამოსახულებები საქართველოში ოთხი ტიპითაა წარმოდგენილი: ხის, ირმის ან ირმისნაირთა, ჯვრის და ანთროპომორფულ ფიგურათა გამომხატველნი. მათგან ყველაზე ადრეულ ნიმუშებს ქრისტიანულ სიმბოლოიანი ანტეფიქსები შეადგენენ. ერთ-ერთი ასეთი კრამიტი, რომელიც IV ს. თარიღდება, 2000 წ. აღმოჩნდა სვეტიცხოვლის ეზოში (ყიფიანი 2001: 40-44). ანტეფიქსზე მოცემულია ერთ საფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართული "სიცოცხლის ხე”. მას სამად განტოტვილი წვერო, დაბლა დაშვებული ბროწეულისებრი ნაყოფით დამძიმებული და განივი ტოტები აქვს, რომლებიც, იმავდროულად, ჯვრის მკლავებს წარმოადგენს (სურ.1). გარდა თავისი არქაულობისა, ანტეფიქსი გაცილებით მეტ ინტერესს აღძრავს, თუ მხედველობაში მივიღებთ ორ გარემოებას: ერთი ესაა "ნინოს ცხოვრება"-სა და ლეონტი მროველთან დაცული მონათხრობი სასწაულმოქმედ ხეებზე, რომელთაგან ერთი სვეტიცხოვლად იქცა, ხოლო მეორეთი ჯვარი გამოკვეთეს და სალოცველად აღმართეს ("მოქცევაი ქართლისაი", 1963: 148; ლეონტი მროველი 1955: 119-120). მეორე გარემოება კი მისი აღმოჩენის ადგილია - სვეტიცხოვლის ეზო - ადგილი, სადაც უშუალოდ ხდებოდა ქართულ წერილობით წყაროებში დაცული სასწაულები. თუ კი ჩვენი ხაზგასმები სწორია, მაშინ, ვფიქრობთ, არაა გამორიცხული, ანტეფიქსზე სწორედ ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული სასწაული იყოს სიმბოლიზებული. ხის საკულტო მცენარედ აღქმის კიდევ ერთი დადასტურებაა "შავი მთის" ანტეფიქსები, რომლებიც 1989-1991 წწ. შირაქში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს საკულტო ნაგებობის ფენებში აღმოჩნდა (სურ.4). V-VI სს. კრამიტის ნატეხები გამოსახავენ სიცოცხლის ხეებს გრძელი, მაღლა აწეული წვრილი ტოტებით, რომელთაც გარშემო კოპები შემოუყვება (მაისურაძე..., 2004: 35).

1.სვეტიცხოვლის ანტეფიქსი,IV ს. 2.მრამბის ანტეფიქსი,VI-VIII სს. 3.ალავერდის ანტეფიქსი,VI ს. 4."შავი მთის" ანტეფიქსები,V-VI სს.

ამავე პერიოდით თარიღდება ქრისტიანული სიმბოლოს - ირემთა გამოსახულებიანი ორი ანტეფიქსი ახიზიდან და ურბნისიდან. კლარჯეთის ახიზის ეკლესიის ანტეფიქსზე ირემი ოდნავ დადაბლებულ ფონზე, მარჯვენა პროფილშია წარმოდგენილი და მიემართება მის ფეხებთან გამოსახული ტოლმკლავა ჯვრისკენ (სურ.7). ცხოველის ფეხები მოძრაობაშია (წინა ფეხის აწევით თითქოს ვედრების პოზა მიუციათ მისთვის), ტანი ოდნავ გრძელია, კუდი შესამჩნევი, კისერი შემართული, თავი გასწორებული, რქები გრძელი და უკან გადაწეული. წინა ფერდზე მრგვალი ნიშნული აქვს, რომელშიც წერტილი ზის. როგორც ჩანს, ამით მისი ღვთაებრივობა, წილიანობა უნდა იყოს მინიშნებული, რაც კარგად დადასტურებული ფაქტია როგორც წარმართულ, ისე ადრექრისტიანული ხანის ძეგლებზე. ასეთი სოლარული ნიშნებით ფერდსა თუ გავაზე "დაღდასმულნი" იყვნენ ირმისნაირთა ოჯახის ცხოველები, ლომები და ცხენები, რაც მათ საკრალურობაზე მიანიშნებდა (სურგულაძე 1986: 115; ფანცხავა 1988: 39). როგორც აღვნიშნეთ, ირემი მიისწრაფვის მის წინ გამოსახული ჯვრისკენ, რაც სიმბოლურად იხსნება, როგორც ევქარისტიის გადმოცემა (დიღმელაშვილი 2010: 67-73). რაც შეეხება მეორე ანტეფიქსს, იგი აღმოჩნდა ურბნისის შემოგარენში - ქვაცხელაზე (სურ.8). VI ს. დათარიღებულ ანტეფიქსზე გამოსახულება შტამპითაა დატანილი და გამოსახავს სამ ირმისებრთა ოჯახის ცხოველს (ალ.ჯავახიშვილი მას ირმებად ასახელებს, ხოლო პ.ზაქარაია - ჯიხვებად). მათგან ერთი დიდი ზომისაა და ცენტრშია მოცემული, ხოლო დანარჩენი ორი - მის ფეხებს შორის და ზურგს ზემოთ (ჯავახიშვილი... 1962: 4; ზაქარაია 1965: 68). როგორც ჩანს, აქ დედა-შვილის სიუჟეტთან უნდა გვქონდეს საქმე, რომლის მსგავსი თემატიკის გამოსახულებები საქართველოში იშვიათობას არ წარმოადგენდა. ისინი უფრო საბეჭდავებიდანაა ცნობილი, რომლებიც ძვ.წ. V - ახ.წ. II სს. თარიღდება (ლორთქიფანიძე 1959:106-107; გაგოშიძე 1982: 17-35; Максимова 1941: 84-86). მათზე ვხვდებით არა მხოლოდ ფური-შვლის, არამედ ფაშატი-კვიცისა და ძროხა-ხბოს გამოსახულებებსაც. ადრექრისტიანულ პერიოდში მსგავსი თემატიკის გამოსახულებებმა არსებობა გააგრძელა უკვე როგორც ქრისტიანული სიმბოლიკის ნაწილმა. ისინი განიმარტებოდა როგორც დედაეკლესიისა და მისკენ სწრაფულ მორწმუნეთა გამოსახულება (Clement d’Alexandrie. 1846: I,5-6). სწორედ ამის გამომხატველია ძროხა-ხბოს გამოსახულება ბიჭვინთის მოზაიკაზე (დიღმელაშვილი 2011: 136-146) და ვფიქრობთ, იგივეს უნდა გადმოსცემდეს ურბნისის ანტეფიქსიც. ქრისტიანობის შემოსვლასა და დამკვიდრებასთან ერთად, თანდათან მრავლდება და უცვლელ რელიგიური კუთვნილების მაჩვენებლად მკვიდრდება ჯვრის გამოსახულებები ძეგლებზე. იგივე პროცესს ადგილი აქვს ანტეფიქსების შემთხვევაშიც. ის, თუ როგორ გაიარა ცვლილების გზა ქრისტიანულმა სიმბოლიკამ ხის სახით გამოხატული ჯვრიდან თავად ჯვრის გამოსახულებამდე, ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს მრამბის ეკლესიის შესწავლისას აღმოჩენილი ანტეფიქსი, რომელიც ეკლესიის თანადროულია და VI-VIII სს. თარიღდება (სურ.2).

5.ურბნისის ანტეფიქსი, V ს.გადიდებისთვის დაწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

5.ურბნისის ანტეფიქსი,V ს. 6.ახიზის ანტეფიქსი,V ს. 7.ახიზის ანტეფიქსი,V ს. 8.ურბნისის ანტეფიქსი,VI ს.

მასზე გამოსახულია კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი, რომლის განივი მკლავების ზემოდან მოცემულია ასტრალური სიმბოლიკა - მზე და მთვარე. ჯვრის მარჯვენა მხარეს, მკლავს ქვემოთ გამოსახულია სიცოცხლის ხე, ხოლო მარცხნივ - კვადრატული ფორმის საგანი (საკურთხეველი?), რომლის ცენტრში ოთხმკლავა ბორჯღალია მოცემული, ზედაპირზე კი ორი ვერტიკალური ზოლია ამომართული (ბერძენიშვილი 2006: 91-92). მიუხედავად იმისა, რომ ადრეფეოდალური პერიოდის ანტეფიქსებზე გამოსახული ჯვრების მიხედვით მათი ქრონოლოგიური კლასიფიკაცია ძნელია, რადგან ერთნაირი ჯვრის ტიპები სხვადასხვა საუკუნის კრამიტებს ამკობს, ერთგვარი ქრონოლოგიური ზღვარი მაინც ივლება. მაგალითად, უფრო ადრეულ (V-VI სს.) ნიმუშებზე ჯვრები ან სადადაა წარმოდგენილი (ნოქალაქევი, თხოთის მთა (მახარაძე... 2013: 3-6)), ანდა ფოთლოვან-ფრთოვანი ღეროთი დამშვნებული, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში აყვავებული ჯვრის სახელითაა ცნობილი. ამ უკანასკნელთა მაგალითად დავასახელებდით ურბნისისა და ახიზის ანტეფიქსებს (სურ.5-7), რომლებზეც გამოსახულია განედლებული ჯვრები (ფრთისებრ გაშლილი ფოთლებით). მხატვრულ - სტილისტური თავისებურებების გათვალისწინებით, ზ.სხირტლაძე მათ VI-VII სს. ათარიღებს (სხირტლაძე 1991: 154-160), მაგრამ, რიგი გარემოებების გამო, ვფიქრობთ, ისინი V ს. ბოლო პერიოდის ნაკეთობებს უნდა წარმოადგენდნენ (ერთი რომ ახიზის ანტეფიქსების აყვავებული ჯვრები მსგავსებას პოულობენ წილკნის ტაძრის რელიეფებთან, მეორე რომ ახიზის ანტეფიქსზე ჯვართან ერთად გამოსახული ირემი წილკნის რელიეფის იდენტურია). ამავე პერიოდის, VI ს., ნაკეთობად გვევლინება ალავერდის კათედრალის "დაბალი პალატის" სიახლოვეს აღმოჩენილი ნიმუში (სურ.3), რომელზეც ჯვრის ქვემოთ ნახევარმთვარის ჰორიზონტალური გამოსახულებაა და რომელსაც მკვლევარები ფრთებისა და მცენარეული მოტივის სქემატიზაციად აღიქვამენ (წერეთელი... 2009: 46-53). მომდევნო პერიოდის ანტეფიქსებზე აყვავავებული ჯვრები აღარ გვხვდება. ისინი ადგილს უთმობენ სიუჟეტურ, მხოლოდ ჯვრის გამოსახულებიან და წარწერებთან ერთად მოცემულ ჯვრის გამოსახულებებს. ამ ანტეფიქსებში ცალკე ჯგუფს ქმნის ხუთკუთხედის მოყვანილობის ანტეფიქსები, რომელთა წვერო ტოლფერდა სამკუთხედის ფორმისაა (სურ.9-14). ხშირ შემთხვევაში მათ კიდეზე მთლიანად დაუყვებათ ორმაგი სადა ლილვი და ზოგჯერ, ჩნდება ჭდეული კოპების მარტივი ორნამენტი. ანტეფიქსების შიდა სივრცეში მოცემულია მალტური ტიპის ჯვრები. ზოგ შემთხვევაში ჯვრის კიდეები უფრო ღრმადაა შეჭრილი, ზოგ შემთხვევაში კი ნაკლებად. ამასთან, მათი ზომებიც მერყევია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ზოგჯერ რელიეფები ხელით დაიტანებოდა. ასეთი ტიპის გამოსახულებები მრავლად მოგვეპოვება და არა მხოლოდ საკულტო ნაგებობებიდან, არამედ საეროდანაც. მრავალრიცხოვანია მათი აღმოჩენის ადგილებიც: გუდავა (ოჩამჩირე), ნოქალაქევი (ათამდე ერთეული), ნაჯახოვო (სადაც 8 ერთნაირი ანტეფიქსია მიკვლეული), ურბნისი, ქუთაისი (მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ბაგრატის ტაძრის ინტერიერში აღმოჩენილი ანტეფიქსები, რომელთაგან ერთი ხელითაა ნაძერწი, ხოლო დანარჩენი ყალიბშია დამზადებული.

1.სვეტიცხოვლის ანტეფიქსი, IV ს. გადიდებისთვის დაწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ყველა მათგანი გამოსახავს მალტურ ჯვარს. მათგან ხელით ნაძერწი ანტეფიქსი V-VI სს. თარიღდება, დანარჩენი კი VII-VIII სს.), მსიგხუა (გუდაუთა), სადაც 46 ერთმანეთის იდენტური ანტეფიქსი აღმოჩნდა ქართული ასომთავრული წარწერითურთ. ასეთივე უცნობი წარმომავლობის ორი ნიმუში ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმშიც (ზამთარაძე 1979: 77-78; ზაქარაია... 1991: 78,91-92; ზაქარაია 1965: 68; სილოგავა 2006: 257-259, სურ.47,48; ჯღამაია 1980: 49). ჩვენს მიერ ჩამოთვლილი შემთხვევებიდან, ყველაზე ადრეული უნდა იყოს ნოქალაქევის სასახლის ნანგრევებში გამოვლენილი ანტეფიქსების ათამდე ერთეული, რომლითაც VI ს. აგებული სასახლის წინა ფასადი უნდა ყოფილიყო შემკული (ზაქარაია... 1991: 91-92,266). იდენტური ჯვრის გამოსახულებიანი ანტეფიქსების აღმოჩენა მოგვიანო (ზოგჯერ რამდენიმე საუკუნითაც კი) პერიოდის ძეგლებზე, მეტყველებს, რომ მალტური ტიპის ჯვრების დატანა სამშენებლო კერამიკაზე დიდხანს ყოფილა ხმარებაში და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, არამედ ძლიერ მოშორებულ ადგილებშიც. IX საუკუნიდან ანტეფიქსებზე გამოჩენას იწყებს ქართული ასომთავრული ანბანით შესრულებული წარწერები. ძირითადად, ისინი მოცემულია ანტეფიქსის ცენტრში გამოსახული ჯვრის თავსა და მის მკლავებს შორის, იმისდა მიხედვით, თუ რა მოცულობის ტექსტი დაიტანებოდა ზედაპირზე. თუმცა, გვხვდება ისეთი შემთხვევაც, როდესაც ანტეფიქსის მთელი სივრცე უკავია წარწერას და მის "ქ" გრაფემას იმავე დროს ჯვრის დატვირთვაც აქვს შეძენილი. ასეთ შემთხვევად გვევლინება სწორედ, ვაჩნაძიანის X ს. დათარიღებულ ანტეფიქსზე მოცემული გიორგი წირქუალელის წარწერა (სურ.15) (სილოგავა 2008: 117). წარწერების შინაარსი, როგორც წესი, მოსახსენიებელ-შემავედრებელია. ასე მაგალითად, მსიგხუას ანტეფიქსებზე მოცემულია ტექსტი: "ქრისტე, შეიწყალე მიქაელ" ან "მიქაელ, ამინ" (სურ.13-14), ს.ვაჩნაძიანის ანტეფიქსზე იკითხება - "ქრისტე, ადიდე გიორგი წირქუალელი", ს.ქუნცის ანტეფიქსზე - "ქრისტე, შეიწყალე ხუცრი" (სურ.18) და სხვ. (სილოგავა 2006: 257-259; სილოგავა 2008: 116). მაგრამ, ცნობილია ისეთი გამონაკლისებიც, როდესაც ტექსტში ისტორიული პირი არ იხსენიება და მისი წარწერა ტრაფარეტულია. ასეთ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს XV-XVI სს. ანტეფიქსი პარხლის ბაზილიკიდან (სურ.16), რომლის ტექსტს ვ.სილოგავა აღადგენს, როგორც "ძლევაი იესუ ქრისტესი" (სილოგავა 2008: 121). ცალკე უნდა შევაჩეროთ ყურადღება ურბნისში აღმოჩენილ ერთ, სრულიად განსხვავებული გამოსახულების ანტეფიქსზე (სურ.17), რომელზეც მარცხენა პროფილში მოცემულია მხედრის გამოსახულება. მამაკაცი სახით ფასშია წარმოდგენილი და მნახველს უყურებს. ხელები ფართოდ აქვს გაშლილი მიგებების ნიშნად, მათგან მარცხენაში რაღაც საგანი უჭირავს (ზაქარაია 1965: 68, სურ.42). მსგავსი გამოსახულებიანი ანტეფიქსი იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, თუმცა კი ორი შემთხვევა მაინც შეიძლება დასახელდეს: ერთი ესაა წყალტუბოს რაიონის სოფ.ზედა მესხეთში აღმოჩენილი ანტეფიქსი, რომელიც IX ბოლო - X ს. დასაწყისით თარიღდება. ანტეფიქსს თავის ნაწილი მოტეხილი აქვს. ზედაპირზე გამოსახულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი პროფილში მარცხნივ რაც გარკვეულ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს წმინდა გიორგის იკონოგრაფიაში.

9.ნოქალაქევის ანტეფიქსი,VI-VIII სს. 10.გუდავის ანტ.,IX-X სს. 11.საქ.ხელოვ. მუზ. ანტ.,X-XI სს. 12.ურბნისის ანტ.,X ს. 13-14.მსიგხუას ანტ.-ები,IX-X სს.

მხედარს მოკლე ტუნიკა მოსავს და ხელთ უპყრია შუბი. ცხენი შეკაზმული უნდა ყოფილიყო, თუმცა კი უზანგი არსად ჩანს, რაც გამოსახულების ადრეულობაზე უნდა მიანიშნებდეს. რაინდისა და ცხენის ფეხებთან მოცემულია შუბით განგმირული გველეშაპი. აღნიშნული ანტეფიქსი გამოქვეყნებული აქვს დ. ბერძენიშვილს, რომელიც წერს, რომ "გამოსახულება ანტეფიქსზე მის გამოწვამდე, ნედლ თიხაზეა შესრულებული. წვეტიანი საგნის საშუალებით რელიეფი ყალიბზეა ამოჭრილი და ტვიფრის საშუალებითაა მოცემული. ეს გარკვეულ სიძნელესთან იყო დაკავშირებული და ამით აიხსნება, რომ წმინდა გიორგის შუბი მარცხენა ხელში უპყრია და კომპოზიცია მარჯვენა მხარის ნაცვლად მარცხნიდანაა გადმოცემული" (ბერძენიშვილი 2011: 27-35). ვფიქრობთ, რომ მკვლევარს უნდა დავეთანხმოთ, რადგან, სწორედ ეს ახსნის გამოსახულების მიმართულებას არა მარჯვნივ, არამედ მარცხნივ, ანუ საბეჭდავის პრინციპით. წმინდა გიორგის გამოსახულება მარჯვენა პროფილში უნდა ყოფილიყო მოცემული სწორედ ყალიბზე, ანაბეჭდზე კი ის მოპირდაპირე მიმართულებით აისახა. ჩვენი მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს მსგავსი შემთხვევების განსაკუთრებით მრავლად დაფიქსირება მომდევნო საუკუნეების არტეფაქტებზე. საკმარისია მხოლოდ გავიხსენოთ სარკისებური პრინციპით დატანილი ასომთავრული წარწერები მცხეთაში აღმოჩენილ კრამიტებზე (ნიკოლაიშვილი... 2009: 72-75). მსგავსივე პრინციპითაა შესრულებული წმინდა გიორგის გამოსახულება მეორე ანტეფიქსზე, რომელიც სოფ. ქუნცის (ასპინძის რ.-ნი) ეკლესიიდან მომდინარეობს (სურ.18) და X ს. თარიღდება. განსხვავებით პირველისგან, გამოსახულება დახვეწილი და ფაქიზი ნამუშევარია. ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ასევე მარცხენა პროფილშია მოცემული, აცვია მოკლე კაბა და ხელში უპყრია შუბი, რომელსაც მალტური ჯვრის გამოსახულებიანი ბუნი აქვს (ჯვარი ურბნისის და ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფონდში დაცული X-XI სს. ანტეფიქსებზე მოცემული ჯვრების ანალოგიურია (ზაქარაია 1965: 68; ჯღამაია 1980: 49)). ცხენი მოძრაობაშია წარმოდგენილი, რაც გადმოცემულია არა მხოლოდ ფეხების მოძრაობით, არამედ კუდითაც. მხედრის ფეხებთან გამოსახულია შუბით განგმირული დიოკლეტიანე (ჯღამაია 1980: 49). ანტეფიქსის ქვედა კიდე მთლიანად შევსებულია ჭდეული კოპებით. როგორც ცნობილია, ანტეფიქსებზე გამოსახულებები ორი წესით დაიტანებოდა: ხელით და შტამპით. ხელით შესრულებული გამოსახულებები რელიეფურია. ასეთი შემთხვევები გაცილებით ხშირია IX და შემდგომი საუკუნეების ანტეფიქსებზე. მაგალითად, იგივე ნოქალაქევის და ნაჯახოვოს კრამიტები, რომლებზე გამოსახული ჯვრების განსხვავებულობა ზომებსა და მცირეოდენ ფორმებშიც ამავე მიზეზით ახსნა პ.ზაქარაიამ (ზაქარაია... 1991: 91-92,266). რაც შეეხება შტამპით დატანილ გამოსახულებებს, ისინი უკვე არა მხოლოდ რელიეფურ, არამედ ზედაპირზე ჩაჭრილ ნიმუშებსაც ქმნიან. ამ ტიპის ანტეფიქსებში ექცევა სამი ერთეული: ორი ახიზიდან და ერთი ურბნისიდან. ურბნისის ანტეფიქსზე (ა32 (52:3887)) ერთი ჯვარია გამოსახული (სურ.5), ახიზის ერთ ანტეფიქსზე ორი ერთმანეთისკენ გადახრილი ჯვარი (ინვ. Nა476(95-07)) (სურ.6), ხოლო მეორეზე იგი ირმის ფეხებთანაა მოცემული (ინვ.Nა477(95-07)) (სურ.7). ამ ანტეფიქსებზე საგანგებოდ გვინდა შევჩერდეთ, რადგან დღემდე სამეცნიერო ლიტერატურაში მათთან დაკავშირებით უზუსტობაა დამკვიდრებული. ეს ლაფსუსი გაიპარა პ.ზაქარაიას მონოგრაფიაში და შემდეგ უკვე, ინერციით, დღემდე მოვიდა (ზაქარაია 1965: 67-68; ჯღამაია 1980: 16; სხირტლაძე 1991: 154-160).

8.ურბნისის ანტეფიქსი,VI ს.

15.ვაჩნაძიანის ანტეფიქსი, X ს. 16.პარხლის ანტეფიქსი, XV-XVI სს. 17.ურბნისის ანტეფიქსი. 18.ანტეფიქსი ს. ზემო მესხეთიდან, IX-X სს. 19.ს.ქუნცის ანტეფიქსი, X ს.

საქმე ისაა, რომ, პ.ზაქარაიას მონოგრაფიაში, "ურბნისის ხუროთმოძღვრება", მოტანილია ურბნისის სამი ანტეფიქსის გამოსახულება, რომელთაც თან ახლავს მკვლევარის განმარტება: "პროფ. გ.ჩუბინაშვილმა გადმოგვცა რამდენიმე ფოტო და ნახატი, სადაც აღბეჭდილი იყო კერამიკული ანტეფიქსები. მისი ცნობით, ეს კერამიკული ექსპონატები ინახებოდა კავკასიის მუზეუმში და მის მიერ ისინი ფიქსირებული იყო 1915-1916 წწ. ჩვენ ბევრი ვეძებეთ ეს ექსპონატები სხვადასხვა მუზეუმში, მაგრამ ჯერჯერობით მათ ვერ მივაკვლიეთ" (ზაქარაია 1965: 67). წარმოდგენილი სურათების მიხედვით პ.ზაქარაიას დამოწმებული ანტეფიქსები, თუ არ გავითვალისწინებთ ზომათა სხვაობას მათსა და მუზეუმის ექსპონატთა შორის (1.ინვ. Nა32: 11×8,5სმ (ტაბ.XIII4), პ.ზაქარაიას მიხედვით - 7×5სმ (ტაბ.XIV2). 2.ინვ. Nა476: 15,5×9,5სმ (ტაბ.XIII2), პ.ზაქარაიას მიხედვით - 10×5სმ (ტაბ.XIV1). 3.ინვ. Nა477: 17,5×12,5სმ (ტაბ.XIII3), პ.ზაქარაიას მიხედვით - 10×6სმ (ტაბ.XIV3)), სხვა არაფერია, თუ არა ჩვენს მიერ განხილული სამი ანტეფიქსი. ამათგან, ს.ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო არქეოლოგიური მუზეუმის დავთარში ორის წარმოშობად ახიზის ტაძარი, ხოლო მათ გადამცემად ა.ფლორენსკია დასახელებული, რომელიც მუზეუმისვე წარგზავნით, XX ს-ის 10-იან წლებში იმყოფებოდა ახიზაში. რაც შეეხება მესამეს, იმავე დავთარში, იმავე ხელით, მითითებულია, რომ იგი მომდინარეობს ურბნისიდან და შემოწირულია ა.ვ.კომაროვის მიერ. ამდენად, პ.ზაქარაიას ცნობა იმის თაობაზე, რომ გ.ჩუბინაშვილმა მას ურბნისში აღმოჩენილი სამი ანტეფიქსის ფოტო აჩვენა, არაზუსტია. ამ ანტეფიქსთა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახიზისა და ურბნისის ანტეფიქსებზე გამოსახული ჯვრები იდენტურია არა მხოლოდ ფორმით, არამედ ზომებითაც: ისინი აღმართულია პატარა ბუნზე, რომელიც თავის მხრივ ფრთების შესაყარზე დგას. ფრთები (ფოთლები) წვეროებისკენ, ჯვრის მხრების გასწვრივ, პატარა ბურთულებად ეხვევა (ირმის ფეხებთან მოცემული ჯვრის შემთხვევაში ასეთ ზედმიწევნით მსგავსებაზე საუბარი ძნელია მისი დაზიანებულობის გამო: მარცხენა ფრთის მხოლოდ ორი ნიშნულია შემორჩენილი, მარჯვენა კი მხოლოდ "ცრემლითღაა" წარმოდგენილი). ამ ჯვრების ზომებში თანხვედრამ, და ფორმათა ერთგვარობამ გვიკარნახა ანაბეჭდების გაკეთება, იმისთვის, რომ ნათლად დაგვენახა ამ ჯვრების ერთიდაიმავე დედანიდან წარმომავლობა. შედეგმა მოლოდინი დაადასტურა: ურბნისისა და ახიზის ჯვრები ერთი ყალიბითაა დაშტამპული (ახიზის მესამე ანტეფიქსის ჯვრის გამოსახულების დატანაზე დაზუსტებით ამის თქმა ძნელია), რაც თავის მხრივ გვაფიქრებინებს, რომ ახიზისა და ურბნისის, ორი ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ პუნქტში დადასტურებული ანტეფიქსები ერთი სახელოსნო სკოლის მაკავშირებლად მივიჩნიოთ. ამდენად, ანტეფიქსიანი კალიპტერები V-XI სს. ქართულ სინამდვილეში ფართოდ გამოყენებად სამშენებლო დეტალს წარმოადგენდა, რომლითაც ამკობდნენ ძირითადად საკულტო, ზოგჯერ კი საერო დანიშნულების ძეგლებს. მათი რელიეფური გამოსახულებები მთლიანად შეესაბამებოდა ქრისტიანულ ტრადიციებს და ეპოქის შესაბამისად იცვლებოდა: ადრექრისტინულ პერიოდში ქრისტიანულ სიმბოლოებს გამოსახავდა, რომელთაც ადრეფეოდალურ პერიოდში ჯვრის, ქართულ ასომთავრულწარწერიანი და წმინდა გიორგის გამოსახულებიანი ანტეფიქსები ცვლის. განვითარებულ შუა საუკუნეებში ანტეფიქსების გამოვლენის შემთხვევების საგრძნობი კლება მათზე მოთხოვნილების შემცირებაზე უნდა მეტყველებდეს.

7. ახიზის ანტეფიქსი,V ს, გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

15. ვაჩნაძიანის ანტეფიქსი, X ს.

16. პარხლის ანტეფიქსი, XV-XVI სს.

დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:

1.ბერძენიშვილი ი. 2006: ქრისტიანობის გავრცელება აფხაზეთში არქეოლოგიური მასალების მიხედვით (IV-VIIIსს.). დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.

2.ბერძენიშვილი დ. 2011: წმინდა გიორგის გამოსახულებიანი კალიპტერის ანტეფიქსი ზედა მესხეთიდან. წელიწდეული. ი.ჭავჭავაძის სახ. ქუთაისის სამეცნ. ბიბლიოთეკის ჟურნალი. III. ქუთაისი.

3.გაგოშიძე ი. 1982: თრიალეთის სამაროვნები. კატალოგი. ანტიკური ხანის სამაროვნები. III. თბილისი: გამომცემლობა "მეცნიერება".

4.ნიკოლაიშვილი ვ., სიხარულიძე ა., დიღმელაშვილი ქ., პაპიძე ი., პაპიძე მ. 2009: ბელტისციხე-ბებრისციხე. თბილისი.

5.დიღმელაშვილი ქ. 2010: ქრისტიანული სიმბოლიკა I-VI სს. საქართველოში. დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.

6.დიღმელაშვილი ქ. 2011: ბიჭვინთის აბსიდის მოზაიკის სემანტიკის შესწავლისათვის. ჟ."ამირანი”. კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოამბე. XXIII. მონრეალი - თბილისი.

7.ზამთარაძე მ. 1979: გუდავის არქეოლოგიური მონაპოვარი. საქ. სახ. მუზეუმის მოამბე. 34-B.

8.ზაქარაია პ. 1965: ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება. თბილისი: გამომცემლობა "მეცნიერება".

9.ზაქარაია პ., კაპანაძე თ. 1991: ციხეგოჯი - არქეოპოლისი - ნოქალაქევი. ხუროთმოძღვრება. თბილისი: გამომცემლობა "მეცნიერება".

10.ლეონტი მროველი. 1955: ნინოს მიერ ქართლის მოქცევა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბილისი: გამომცემლობა "სახელგამი".

11.ლორთქიფანიძე მ. 1969: ძველი საქართველოს გლიპტიკური ძეგლების კორპუსი. I. თბილისი: გამომცემლობა "მეცნიერება".

12.მაისურაძე ბ., რუსიშვილი რ. 2004: შირაქის ექსპედიცია 1989-1991 წლებში, საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1989-1992 წლებში (მოკლე ანგარიშები). თბილისი: ოთ.ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი.

13.მახარაძე გ., ბერიკაშვილი დ. 2013: არქეოლოგიური გათხრები. თხოთის მთა წმინდა ნინოს ეკლესია. ძველი ხელოვნება დღეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჟურნალი. N3. თბილისი.

14.მოქცევაი ქართლისაი". 1963: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. I. დასაბეჭდად მოამზადეს: ილ.აბულაძემ, ნ.ათანელაშვილმა, ნ.გოგუაძემ, ლ.ჯიქიამ, ც.ქურციკიძემ, ც.ჭანკიევმა და ც.ჯღამაიამ ი.აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. თბილისი: საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა.

15.მშვილდაძე მ., დიღმელაშვილი ქ. 2008: წილკნისა და ახიზის რელიეფების სიმბოლოების შესწავლის საკითხისათვის. ჟ."ამირანი”. კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოამბე. XX. მონრეალი - თბილისი.

16.სილოგავა ვ. 2006: სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა. თბილისი: გამომცემლობა "არტანუჯი".

17.სილოგავა ვ. 2008: ანტეფიქსის ნატეხი ასომთავრული წარწერის ფრაგმენტით პარხლის მიდამოების ეკლესიიდან. გულანი. ახალციხე: გამომცემლობა "ნეკერი", 4.

18. სურგულაძე ი. 1986: ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა. თბილისი: გამომცემლობა "მეცნიერება".

19. სხირტლაძე ზ. 1991: ახიზის ეკლესიისა და მისი მოზაიკის გამო. ჟ.ლიტერატურა და ხელოვნება. გამომცემლობა: "მეცნიერება". 3.

20.ფანცხავა ლ. 1988: კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლები. თბილისი: გამომცემლობა "მეცნიერება".

21.ყიფიანი გ. 2001: სვეტიცხოვლის ეზოში აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალები. მცხეთის არქეოლოგიის ინსტიტუტის V სამეცნიერო სესია. 2000 წლის საველე - არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგების ანგარიშები. თბილისი.

22.წერეთელი კ., ცინდელიანი მ. 2009: ანტეფიქსი ალავერდის მონასტრიდან. ჟ. "ამირანი”. კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო – კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის მოამბე. XXI. მონრეალი - თბილისი.

23.ჯავახიშვილი ა., ღლონტი ლ. 1962: ურბნისი. I. თბილისი: საქ.მეც. აკად. გამ.-ბა.

24. ჯღამაია ჯ. 1980: სამშენებლო კერამიკა ფეოდალური ხანის საქართველოში. თბილისი: გამომცემლობა "მეცნიერება".

25.Максимова М. И. 1941: Стеклянные многогранные печати найденные на территории Грузии. ჟ."მოამბე", აკად. ნ.მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის ჟურნალი. X.

26. Словарь античности. 1989: перевод с немецкого. Москва: издательство «Прогресс».

27. Clement d’Alexandrie. 1846: Le divin maitre ou le pedagogue. Défense du christianisme par les pères des premiers siècles de l’église, contre les philosophes, les païens et les juifs. Traductions publiés par M. de Genoude. Paris: Éditeur Librairie de Perrodil.

სურათები:

(+)

1.სვეტიცხოვლის ანტეფიქსი, IV ს.

2.მრამბის ანტეფიქსი, VI-VIII სს.

3.ალავერდის ანტეფიქსი, VI ს.

4.შავი მთის" ანტეფიქსები, V-VI სს.

(+)

5.ურბნისის ანტეფიქსი, V ს.

6.ახიზის ანტეფიქსი, V ს.

7.ახიზის ანტეფიქსი, V ს.

8.ურბნისის ანტეფიქსი, VI ს.

(+)

9.ნოქალაქევის ანტეფიქსი, VI-VIII სს.

10.გუდავის ანტეფიქსი, IX-X სს.

11.საქ. ხელოვ. მუზ. ანტეფიქსი, X-XI სს.

12.ურბნისის ანტეფიქსი, X ს.

13-14.მსიგხუას ანტეფიქსები, IX-X სს.

(+)

15.ვაჩნაძიანის ანტეფიქსი, Xს.

16.პარხლის ანტეფიქსი, XV-XVI სს.

17.ურბნისის ანტეფიქსი.

18.ანტეფიქსი ს. ზემო მესხეთიდან, IX-X სს.

19.ს.ქუნცის ანტეფიქსი, X ს.

Ketevan  Digmelashvili

Typification of Representations on Medieval Georgian Antefixes

Summary

The article deals with typification of representations on medieval antefixes, discovered in Georgia. Antefix is a construction detail, which represents an upright ornament terminating the covering tiles of the roof. It was used for decoration at the eaves of a tiled roof. It occurred worldwide in the roofing of cultic as well as secular buildings. Covering tiles with antefixes in Georgia of the 5th-11th centuries were widely used construction details, which were found in the ornamentation of mainly cultic and sometimes secular buildings. Their relief images were in full compliance with the Christian traditions and were changing according to various periods. Images of medieval antefixes in Georgia are represented by four types: depicting a tree, deer or cervids, the cross and anthropomorphic figures. Of these, the earliest specimens are antefixes with Christian symbols. On antefixes of the subsequent period, the 6th-7th cc., representations of the Maltese cross appear. This symbol was used for decoration of construction ceramics for a long time, not in just one particular geographical area, but also in very remote places. From the 8th century, inscriptions in the Georgian Asomtavruli script began to appear on antefixes with the representation of the cross, their content being commemorative-supplicatory. As regards anthropomorphic images, antefixes bearing this relief are represented in the 8th-11th cc. only by three specimens, depicting St. George. The fact that instances of occurrence of antefixes decreased considerably in the developed Middle Ages indicates the lessening of the demand for them.