topmenu

 

მცხეთა - არმაზციხე - ბაგინეთი

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს უძველესი ქალაქები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+) - ფოტოების ავტორი ქ.დიღმელაშვილი

არმაზციხე (ბაგინეთი)

ქეთევან დიღმელაშვილი

რა არის არმაზციხე ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, შეუძლებელია თუ ორიოდე სიტყვით არ შევეხეთ თავად მცხეთის რაობის საკითხსაც. ძველი წყაროების გადმოცემით ქალაქი მცხეთა, რომელიც მესხთა მიერ დაარსებულ ქალაქად მოიაზრება, წარმოადგენდა დიდ ქალაქს, რომელსაც ჰქონდა უბანნი მისნი. ანტიკურ სამყაროში დიდი არ გულისხმობდა მხოლოდ ტერიტორიულად დიდ ქალაქს. დიდში უპირველესად მოიაზრებოდა რანგით და მნიშვნელობით უპირველესი ქალაქი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სათავდაცვო გალავანი რამოდენიმე კარით, შიდა ციხე, აკროპოლისი და საქალაქო დასახლებები, ყველა თავისი ატრიბუტით. სწორედ ასეთად წარმოდგება ქალაქი მცხეთა ქართულ და უცხოურ წყაროებში. XI ს. ქართველ ისტორიკოსთან ლეონტი მროველთან მცხეთა სწორედ ასე მოიხსენიება - ”მცხეთა და უბანნი მისნი”. უკლებლივ ყველა წყარო, რომელშიც ქალაქი მცხეთაა მოხსენიებული, აკონკრეტებს, რომ ქალაქი მდებარეობდა ორი მდინარის – მტკვრისა და არაგვის შესართავის შემოგარენში. მას ქონია ზღუდე – გალავანი და რამოდენიმე კარი. წყაროების თანახმად მცხეთა ორია – ძველი მცხეთა და მცხეთაი ყოველი. ასეთი მითითება ისტორიკოსთა მოსაზრებით უნდა გულისხმობდეს მცხეთის თავდაპირველ სახესა და შემდგომ გაფართოებას. შემდეგ კი მცხეთა იქცევა დიდ ქალაქად, რომელსაც აქვს უბანნი მისნი. ასეთ უბნებს წარმოადგენდა სარკინე, მოგვთა უბანი, ციხედიდი, ზანავი და სხვ.

არმაზციხე - გენგეგმა - (+)

გარდა ამ უბნებისა, მცხეთას ქონია გამაგრებული უბნებიც, ასეთებს წარმოადგენდა სევსამორა, იგივე წიწამური და ჰარმოზიკე, იგივე არმაზციხე. იმავე დროს, მცხეთა გეოგრაფიული თვალსაზრისითაც დაყოფილია: მტკვრის ჩრდილოეთით, ანუ მარცხენა მხარეს მდებარე მცხეთა და მტკვრის სამხრეთით, შესაბამისად, მარჯვნივ მდებარე მცხეთა, რომელიც წარმოადგენს კიდეც ძველ მცხეთას. უცხოური წყაროების მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, არმაზციხე, დიდი მცხეთის ე.წ. სამეფო უბნად უნდა მოიაზრებოდეს, რადგან იგი ისეთივე ნაწილია მისი, როგორც სევსამორა, რომელიც მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს მდებარეობდა და თავად მცხეთა – მდინარე არაგვისა და მტკვრის ხერთვისში მდებარე დასახლება, ამასთან ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, უფრო დაცული და გამაგრებულიც.რაც შეეხება ქართული წყაროებს, ”მოქცევაი ქართლისაჲ”-სა და ლეონტი მროველის მიხედვით არმაზციხე უპირველესად ქართლის წინამძღოლთა და სამეფოს მეფეთა რეზიდენციაა, სადაც 27 მეფე ცხოვრობდა და აქედან განაგებდა ქართლის ქვეყანას. არმაზციხე, იგივე ბაგინეთი (რა სახელითაც დღეს ამ ციხეს მოიხსენიებენ, და რომელიც სამეცნიერო საფუძველსაა მოკლებული.

ბაგინეთი - სამეფო აბანო(+)

ბაგინეთი გვიან გავრცელებული სახელია და ის დაკავშირებული უნდა იყოს ღვთაებასთან – ბაგა ძველ სპარსულში ღვთაებას აღნიშნავდა), ლოკალიზდება ქართლის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარეების მტკვრისა და არაგვის ხერთვისის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და როგორც ჩანს, მაშინ მტკვარი უშუალოდ ქართლის ქედის ძირში უნდა მიდენილიყო, რაც ამ მთის ცხვირის მეტ დაცულობას უზრუნველყოფდა. არმაზციხის მდებარეობისა და იმის განსაზღვრისათვის რა ტერიტორიას მოიაზრებდა იგი თავის თავში, კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ ლეონტი მროველის ის ცნობა, სადაც ის მცხეთა ქალაქის გეოგრაფიულ დაყოფაზე საუბრობს. ლეონტი მროველი ყვება, რომ ადერკი მეფემ (რომელიც დაახლოებით ძვ.წ. II ს. პირველ ნახევარში უნდა ყოფილიყო ქართლის მეფე) თავის შვილებს გაუყო ყოველი ქართლი: ბარტომს მისცა ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მუხრანით კერძი და ყოველი ქართლი მტკვრის ჩრდილოეთით, ხოლო ქართამს მისცა არმაზით კერძი ქალაქი, მტკვარსა სამხრით ქალაქი. ამ განმარტებით ჩანს, რომ მდინარე მტკვრის მარცხენა მხარე მუხრანიდან წიწამურამდე მუხრანის კერძ ქალაქად გაიგებოდა, ხოლო არმაზის კერძი ქალაქი მტკვრის მარჯვენა მხარეს მდებარე დიდი მცხეთის უძველეს ნაწილს უნდა წოდებოდა, რომელსაც მემატიანეები ასევე უწოდებენ ძველ მცხეთას. მისგან განსხვავებით ახალი მცხეთა სწორედ მტკვრისა და არაგვის შესართავში წარმოშობილ დასახლებას უნდა გულისხმობდეს.

ამავე ადგილას ასახელებენ ციხე ჰარმოზიკეს, აკროპოლისს რომაული წყაროებიც. ამდენად, ქართული წყაროებით არმაზციხე, უცხოური წყაროებით კი ჰარმოზიკე, არმაქტიკა და აკროპოლისი, ქართლის მთის ცხვირზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე გაშენებულ მცხეთის უბანს და ძველ მცხეთას გულისმობდა. XI ს. ისტორიკოსის, ლეონტი მროველის მონათხრობით ქართლის მთის ამ ცხვირზე პირველი სათავდაცვო ნაგებობის მშენებლობა ქართველთა ლეგენდარულ ეთნარქს ქართლოსს უკავშირდება, რომელმაც ”იშენა მუნ სახლი. და უწოდა მას სახელი თვისისა ქართლი”. სწორედ ეს სახელი – ქართლის მთა შერჩა ამ ქედს იქამდე, ვიდრე ფარნავაზმა აქ არმაზის კერპი არ აღმართა. ქართლოსის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ამავე მთის წვერზე დაკრძალეს, მისმა ცოლმა დედაციხე ე.ი. აკროპოლისი ააშენა. ამავე ადგილას მკვიდრდება, უფრო სწორედ საცხოვრებლად რჩება ქართლოსის მემკვიდრე – მცხეთოსი. არმაზციხის ახალი სამშენებლო პერიოდი უკვე ქართლის პირველ მეფეს – ფარნავაზს უკავშირდება. მეორე ქართული წყაროს ”მოქცევაი ქართლისაჲ”-ს ცნობით, ქართლის მეფედ კურთხეულმა ფარნავაზმა აღმართა კერპი დიდი ცხვირსა ზედა და დასდვა სახელი მისი არმაზი და მოქმნა ზღუდე წყლით კერძი და ჰქვიან არმაზ”. ამდენად, ძვ.წ. III ს.-იდან ტოპონიმი ქართლის მთა შეცვალა არმაზის მთამ. როგორც დღეს ისტორიოგრაფიაშია მიღებული, არმაზი ხეთურ ღვთაება არმასთანაა გაიგივებული, რომელიც მთვარის ღვთაებას წარმოადგენდა და მეომარ მამაკაცს გამოსახავდა. არმაზციხეზე გამოვლენილი გვიანანტიკური ხანის ნაგებობები მოწმობენ, რომ არმაზციხე თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს ახალი წელთაღრიცხვის V ს.-მდე მაინც. მას შემდეგ კი რაც ქართლის სამეფოს დედაქალაქი თბილისი გახდა მცხეთა თანდათან ათხელდა და დაკარგა თავისი მნიშვნელობა. VIII ს. მურვან ყრუს შემოსევის შემდეგ კი იგი ქალაქად აღარ დარჩენილა.

ბაგინეთი - სვეტებიანი დარბაზი, გეგმა

თუ კი წყაროთა გადმოცემა სწორია და არმაზციხე სამეფო რეზიდენცია გახლდათ, სადაც მეფეები გაზაფხულსა და შემოდგომას ცხოვრობდნენ, მაშინ ბუნებრივია, რომ იგი თავის თავში მოიაზრებდა, როგორც სათავდაცვო ნაგებობას, ისე შიდაციხეს, სამეფო სასახლეს, სანიტარულ ქსელს, საკულტო ნაგებობას (თუ ნაგებობებს არა), სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს და კიდევ სხვა დანიშნულების შენობებს. ამდენად, ქართლის მთის ეს თხემი, მთლიანად უნდა ყოფილიყო დაფარული სხვადასხვა ტიპის ნაგებობებით. წერილობითი წყაროებით მოთხრობილი ინფორმაცია თითქმის არაფრის მთქმელია ამ კუთხით ისტორიის დასაწერად. ჩვენ არ ვიცით კონკრეტულად სად, როგორ ცხოვრობდნენ ქართლის მეფეები, როგორ გამოიყურებოდა მათი სასახლეები, სამეურნეო თუ საკულტო დანიშნულების ნაგებობები. ერთადერთი, რაც წყაროებიდანაა ცნობილი, გახლავთ სტრაბონის ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ქალაქი მცხეთა (და ამათში უპირველესად იგულისხმება სამეფო უბანი) კრამიტით დახურული სახლებისგან შედგებოდა. ამდენად, არმაზციხის იერსახის აღსადგენად ერთადერთ წყაროდ არქეოლოგია და მისი მონაპოვარი რჩება. არმაზციხის არქეოლოგიური კვლევა და შესაბამისად მისი მეცნიერებით დაინტერესება XIX ს. ბოლოს იწყება და დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის სახელთან. არმაზციხეზე ნანახი ლიგატურის ნატეხი ერთ ბერძენ ხელოსანს ილიასთვის უნახებია, რომელიც მაშინვე დაინტერესებულა ფრაგმენტით, მეცენატი მოუნახავს და დიმიტრი ბაქრაძისთვის უთხოვია არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. ამ უკანასკნელს მოუცლელობის გამო ეს საქმე ექვთიმე თაყაიშვილისთვის მიუნდვია, რომელმაც ორკვირიანი კამპანია აწარმოვა ციხის იმ ტერიტორიის გამოვლენისთვის, რომლის ნანგრევები მიწის ზედაპირზე ჩანდა. ამ გათხრების დროს აღმოჩნდა კედლის მოხატულობის ფრაგმენტი, რომელზეც ქალღმერთის გამოსახულება იყო შერჩენილი. ილიას ისე მოსწონებია ეს ნატეხი, რომ ისიც კი უთქვამს, მხოლოდ ამ ქალღვთაების ხილვისთვის ღირდა 100 მანეთის გადახდაო. სტაციონარული გათხრები არმაზციხეზე გაცილებით გვიან, 1943-1948 წწ. ჩატარდა სიმონ ჯანაშიასა და ანდრია აფაქიძის ხელმძღვანელობით. ამ დროს ციხეზე გაითხარა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები და გამოვლინდა ციხის არსებობის სხვადასხვა პერიოდები.

ბაგინეთი - დედოფლის აბანო (+)

1993-1998 წწ. არმაზციხეზე არქეოლოგიური გათხრების მესამე, ხოლო 2011 წლიდან დღემდე მეოთხე ეტაპით აღინიშნა. უმეტესობა ქალაქის სხვადასხვა ნაგებობებისა სწორედ ამ ბოლო ორ პერიოდში გამოვლინდა. XX ს. ბოლომდე წარმოებული არქეოლოგიური და სამეცნიერო კვლევების შედეგად არმაზციხეზე გამოიყო სამი სამშენებლო პერიოდი, რომელიც შესაბამისაც ცხოვრების ეტაპებსაც ასახავს. უძველესი მათგან დათარიღდა ძვ.წ. IV-III საუკუნეებით და ფარნავაზის სამშენებლო საქმიანობასთან იქნა დაკავშირებული. ამ პერიოდის ნაგებობებად მიჩნეულ იქნა მხოლოდ სათავდაცვო სისტემის ნაშთები. მეორე სამშენებლო პერიოდად გამოიყო ძვ.წ. III-I საუკუნეები, რომელშიც აგებულადაც ჩაითვალა ე.წ. სვეტებიანი სასახლე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები; მესამე სამშენებლო პერიოდი კი ახ.წ. I-VII საუკუნეებით განისაზღვრა. არმაზციხეზე მშენებლობისთვის გამოყენებულია ქვიშაქვის კარგად ან ნაკლებად დამუშავებული კვადრები, ალიზის აგური და კირხსნარი. ქალაქის არსებობის ბოლო ეტაპზე კი ჩნდება გამომწვარი აგურიც. შენობების გადახურვისთვის გამოყენებულია მცხეთური კრამიტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ არმაზციხის სამშენებლო ტექნოლოგია მთლიანად ეხმიანება და ჯდება იმდროინდელი ბერძნული ტექნიკის მოთხოვნებში, ამდენად მისი შენობები მაღალი ოსტატობითაა ნაგები. დღეისთვის არმაზციხე მოიცავს ორ ნაწილს: 1.კარსნისხევსა და არმაზის მთას შორის მტკვრის ტერასულ ბაქანზე განლაგებულ სამეფო რეზიდენციას და 2.მთის წვერზე მდებარე შიდაციხეს. წერილობითი წყაროს მიხედვით ფარნავაზმა შექმნა ზღუდე წყლით კერძო, ანუ მტკვრის პარალელურად, რაც დღეს არქეოლოგიურად დადასტურებული არ არის. სამაგიეროდ აღმოჩენილია გარე სასიმაგრო კედელი, რომელიც შემდგომმა მეფეებმა ააგეს და შიდა სასიმაგრო კედელი, რომელიც კიდევ უფრო გვიან იქნა აგებული. გარე კედელი მთლიანად ბასტიონს წარმოადგენდა, ანუ სათავდაცვო ნაგებობას, რომელიც მთლიანად ჯდებოდა ბერძნულ საფორტიფიკაციო სისტემის ტიპში. სამაგიეროდ შიდა სასიმაგრო კედელი, სადაც კოშკები შიგნითკენ იყო განზიდული, რომაული კასტელუმის სისტემისაა, როცა აქცენტია გადატანილი არა გარე, არამედ შიდა დაცულობაზე. აქვე უნდა დავამატოთ, რომ შიდა ციხე არ გულისხმობს აკროპოლისს. ამდენად, ქალაქი შემოსაზღვრული იყო ქვის გალავნით, რომელიც მთლიანად შემოუყვებოდა ქართლის ქედის ამ ნაწილს და მდინარე მტკვრამდე ჩადიოდა. გალავანში მეტი სიმტკიცისა და თავდაცვისათვის ჩართული იყო ოთხკუთხა კოშკები. ზღუდე-გალავანი საგანგებოდ ქედის თხემზე, ოდნავ გარეთ იყო ამოყვანილი ისე, რომ ქედი შიდაციხის შიგნით ექცეოდა. რაც განაპირობებდა იმას, რომ მტრისთვის გალავნის საძირკვლის გამოთხრა და ციხეში შეღწევა მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

ქალაქს ერთი შესასვლელი ჩრდილოეთიდან ქონდა. იგი გაკეთებული იყო ბუნებრივ კლდეკარში, რომლის სიგანე 3 მეტრამდე აღწევს. შესასვლელში გამართული ყოფილა სადარაჯო სახლი მცველებისათვის. საჭიროების შემთხვევაში იგი წარმოადგენდა მოხერხებულ შესასვლელს მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე მცხეთა-ქალაქიდან. სწორედ აქ, კლდეკარის ბაქანზე აღმოჩნდა ქვის სარკოფაგი, რომელიც II-III სს. თარიღდება. სარკოფაგი ორი ნაწილისგან იყო შედგენილი: მთლიან ქვაში ამოკვეთილი ოთხკუთხა მოყვანილობის როფი, ანუ ქვედა ნაწილი, რომელშიც მიცვალებული ესვენა და ასევე მთლიანი ქვისგან ნაკვეთი ორფერდა სახურავი, რომელიც როფზე გადაბმული იყო რკინის საგანგებო გამირებით. სამარხში 7-8 წლის ბავშვის მხოლოდ კბილები აღმოჩნდა. სამაგიეროდ მდიდრული გახლდათ ჩატანებული მასალა: ვერცხლის პინაკი იმპერატორ მარკ ავრელიუსის ბიუსტით, ვერცხლის გარსაკრავები სარეცლის ფეხებისა, ვერცხლისავე სარიტუალო სხვადასხვა ჭურჭელი, ოქროს ყელსაბამი, სამაჯურები, კილიტები და სხვა, რომლებიც ზედმიწევნით იმეორებენ მცხეთაშივე მდებარე არმაზისხევის პიტიახშთა სამარხებში აღმოჩენილ ნივთებს. არმაზციხის დღეისთვის გამოვლენილი ნაგებობებიდან ერთ-ერთი მთავარია ე.წ. სვეტებიანი დარბაზი, რომელიც ძვ.წ. III-I სს. არის დათარიღებული. იგი მართკუთხა ფორმის ნაგებობაა, რომელსაც წინა საფასადო მხარეს ღია გალერეა ჰქონდა. დარბაზის კედლები გარკვეულ დონემდე ნაგებია კარგად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით, შემდეგ კი ალიზის აგურით იყო ამოყვანილი. დარბაზში შესასვლელი აღმოსავლეთის კედელში იყო გაჭრილი. კარის ორივე მხარეს ანტისებრი შვერილია, რაც პოსტამენტის შთაბეჭდილებას ტოვებს. არაა გამორიცხული მათზე ქანდაკებები მდგარიყო. დარბაზში ოთხსაფეხურიანი კიბის საშუალებით ჩადიოდნენ. ინტერიერის კედლებში გარკვეული ინტერვალით ამოჭრილი გახლავთ ფოსოები, რომლებიც, როგორც ჩანს, თაროების კონსოლებისთვის იყო განკუთვნილი. შიდაპირი კედლებისა შელესილი და შეღებილი გახლდათ, ხოლო იატაკი ქვიშაქვის ფხვნილით მოტკეპნილი. დარბაზის შუაში სიგრძეზე ყოველი სამი მეტრის დაშორებით აღმართული იყო ქვის ბაზისებსა და კაპიტელებში მოქცეული ხის სვეტები (სულ 6 სვეტი). დარბაზის გარეთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გამართული უნდა ყოფილიყო ან სამსხვერპლო, ანდა მუდმივი ცეცხლის ადგილი.

ბაგინეთი - ექვსაბსიდიანი ტაძარი - (+)

აღმოსავლეთის ფასადზე დარბაზს ქონდა ხუთ სვეტზე დაყრდნობილი ღია გალერეა. მთლიანად ნაგებობას კრამიტის ორფერდა სახურავი გააჩნდა. ორიოდე სიტყვით შევჩერდებით კრამიტებზე. არმაზციხეზე, ისევე როგორც მთლიანად მცხეთის ტერიტორიაზე მდგარ შენობათა შემთხვევაში, კრამიტები ორი ტიპითაა წარმოდგენილი – ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტები. ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტები, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში მცხეთური კრამიტის სახელითაა ცნობილი, უყალიბოდ მზადდებოდა საგანგებო დაზგაზე ან ფართო გრძელ ფიცრებზე. კრამიტის ნაპირები, ანუ გვერდები ხელით და სათანადო იარაღით აიკეცებოდა. კრამიტი ტრაპეციის ფორმის გახლდათ და თავთან აკეცილ გვერდებზე გაკეთებული ჰქონდათ მცირე შვერილები – იღლიები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთზე მაგრდებოდნენ. ამ კრამიტების ზომები სიგრძეში – 46 სმ-დან 52 სმ-მდე, სიგანეში კი 29-36 სმ-ებს და 35-44 სმ-ებს შორის მერტეობდა. ბრტყელი კრამიტები გახლდათ ძირითადი ნაწილი რომლითაც შენობა გადაიხურებოდა, იმისთვის კი, რომ მათი გადაბმის ადგილებიდან შენობაში წვიმა არ ჩასულიყო, ზემოდან ეფარებოდა ღარიანი კრამიტი. ეს უკანასკნელი, ასევე უყალიბოდ მზადდებოდა. ქართულ ღარიან კრამიტს სხვა ქვეყნებში გავრცლებული კალიპტერებისგან (ანუ ამავე ტიპის კრამიტებისგან), გამოარჩევს ზურგზე გაკეთებული მეტად თავისებური ქიმი – ყური, რომლის დანიშნულება იყო ზედა მწკრივის ღარიანი კრამიტის შეკავება. ღარისებრი კრამიტების სიგრძე 50 სანტიმეტრამდე აღწევდა და საერთო ჯამში მილისებური მასის შუაზე გაჭრილ ფორმას წარმოადგენდა. კრამიტთა ნაწილი წითელი წერნაქით – საღებავით იღებებოდა. ეს ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი ფაქტი, სინამდვილეში ცხადად მიუთითებს, რომ კრამიტების კეთების პროცესი შრომის განაწილების შედეგი გახლდათ და იმავე დროს მაღალ პროფესიულობას მოითხოვდა. რატომ? იმიტომ, რომ წითელი საღებავით იღებებოდა კრამიტების მხოლოდ ის ნაწილი, რომლებიც გამოსაჩენ ადგილას თავსდებოდა და სხვა კრამიტით არ გადაიფარებოდა. ამდენად, ხელოსანს, რომელიც კარმიტებს ღებავდა, მშვენივრად უნდა სცოდნოდა ესა თუ ის კონკრეტული კრამიტი შენობის სახურავის რა ნაწილში უნდა დადებულიყო. არმაზისხევის შენობების გადახურვისას ნახმარი კრამიტები მომდევნო პერიოდის მცხეთის შენობათა გადახურვაშიცაა ნახმარი, და ისინი არსებით ცვლილებას არ განიცდიან, თუ არ ჩავთვლით ზომებში დაპატარავებასა და ცალკეულ მცირე დეტალთა გაუმჯობესებას, რაც პრაქტიკული მნიშვნელობით იყო ნაკარნახევი.

ახლა დავუბრუნდეთ ისევ სვეტებიან დარბაზს და მისი დანიშნულების საკითხს. რას წარმოადგენდა აღნიშნული ნაგებობა, ამაზე მეცნიერთა აზრები იყოფა: აზრთა სხვადასხვაობა კი უპურველეს ყოვლისა გამოიწვია დარბაზის ინტერიერის კედლებში გაკეთებულმა ოთხკუთხა ფოსოებმა, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, როგორც ჩანს თაროთა კონსოლებისთვის იყო განკუთვნილი. ამ დეტალის გათვალისწინებით მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევდა რომ ეს უნდა ყოფილიყო განძის საცავი, ანდა არსენალი, მეორე ნაწილი კი მას სამეფო სასახლედ მიიჩნევს. როგორც აღვნიშნეთ, სვეტებიანი დარბაზი ძვ.წ. III-I სს. პერიოდით დათარიღდა. ამის მიხედვით ის ჯერჯერობით ერთადერთი არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის ცხოვრების ამ პერიოდს წარმოაჩენს. მართალია, ამავე პერიოდის ნაგებობად იქნა მიჩნეული მის აღმოსავლეთით მდებარე ე.წ. ორსენაკიანი ნაგებობის ქვედა ფენაც, მაგრამ რა დანიშნულება ქონდა ამ ნაგებობას თავდაპირველად, უცნობია. რამდენჯერმე სპეციალურად ვიხმარეთ ტერმინი განსაზღვრულ იქნა და დათარიღდა, რადგან XX ს. მეორე ნახევარში ჩამოყალიბებული დათარიღება, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ – ძვ.წ. IV-III სს., ძვ.წ. III-I სს. და ახ.წ. I-VIII სს. დღეს არქეოლოგთა შორის უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს. საქმე ისაა, რომ დღემდე გათხრილ ნაგებობებს შორის, ასევე არმაზციხეზე აღმოჩენილ არტეფაქტებში არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არმაზციხის არსებობა აქ ძვ.წ. I საუკუნეზე ადრე ვივარაუდოთ. ეს ვრცელი საკითხია და შემდგომ დასაბუთებას, ასევე ფართო მსჯელობას მოითხოვს, ამიტომ ამჯერად აქ სიტყვას არ გავაგრძელებთ, მხოლოდ შევნიშნავთ, რომ თუ კი არმაზციხის ქრონოლოგიური საზღვრები გადაიხედა და არქეოლოგიური საფუძვლით ძვ.წ. I – ახ.წ. VIII სს. განისაზღვრა, მაშინ ლოგიკურად დაისმება კითხვა – სად უნდა ყოფილიყო ფარნავაზის და მისი მემკვიდრეების სამეფო რეზიდენცია? ამ შემთხვევაში უკვე ყველა ის მონაცემი, მონათხრობი და გადმოცემა, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. არმაზციხეზე გამოვლენილი ნაგებობებიდან უმეტესობა ახ.წ. II-III სს. საცხოვრებელ პერიოდს განეკუთვნება. ამათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ექვსაფსიდიანი წარმართული ტაძარი. იგი ქვიშაქვის კარგად დამუშავებულ ქვათლილებზე ალიზის აგურით ამოყვანილი კედლებით ყოფილა ნაგები და წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარიანი კრამიტით დახურული. ტაძარს ექვსი აბსიდა ჰქონდა, რომელთა შორის შექმნილია ხის კარკასები. ტაძრის ცენტრალური დარბაზის შუაში ექვსწახნაგა ქვის ბაზისზე აღმართული იყო 8.5 მ სიმაღლის ხის სვეტი, რომელიც ქვის ასეთივე კაპიტელით სრულდებოდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტაძრის ქვედამხობილი ვოლუტებიანი ექვსკუთხა ბაზისი, ჯერ-ჯერობით მსოფლიოში ერთადერთია და მას ანალოგები არ მოეძებნება. ტაძარში მდგარა ანთროპომორფული ქანდაკება, რომლის სიმაღლე 1.82 მ იყო. იგი არაჩვეულებრივ მარმარილოს ანტიკურ-აღმოსავლური ორდენით მორთულ კვარცხლბეკზე ყოფილა აღმართული. მასზე ადამიანის ფეხის ტერფისა და ქუსლის ბუდეებია ამოკვეთილი. ტაძრის ცენტრალური დარბაზი დერეფნებით უკავშირდებოდა დასავლეთით არსებულ მინაშენსა და მის პარალელურად განლაგებულ მარანს, რომელიც როგორც ყველა წარმართულ ტაძარს ამასაც ჰქონდა. ამ მარანში საკულტო მსახურებისთვის განკუთვნილი ღვინო ინახებოდა. მარანში აღმოჩნდა ორ რიგად ჩალაგებული 16 ქვევრი, რომელთა საერთო ტევადობა 20 ტონაზე მეტია. ქვევრებში საფერავის ჯიშის ღვინის კრისტალები აღმოჩნდა, როგორც ჩანს მაშინაც უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებდნენ (არაა გამორიცხული სისხლის ფერთან ასოციაციის გამო).

ბაგინეთი - ორსენაკიანი ნაგებობა. (+) - ქ.დიღმელაშვილის ფოტო

ექვსაბსიდიანი ტაძარი IV ს. I მეოთხედში, ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად უნდა იყოს განადგურებული არა შემოსევის დროს განადგურებული არამედ სწორედ გამიზნულად, ახალი რელიგიის შემოსვლის შედეგად დანგრეული. ამავე II-III სს. სამოსახლოს ნაწილია არმაზციხეზე გათხრილი აბანოები. სულ ნაქალაქარზე სამი აბანოა გამოვლენილი, მათგან ერთი მიჩნეულია დედოფლის აბანოდ. იგი აგებული ყოფილა ქვატეხილებით, შემტკიცებული კირით და დახურული კრამიტით. აბანოს შესასვლელი სამხრეთიდან ქონია, რომელიც შემდეგ გაუუქმებიათ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან გაუჭრიათ. აბანოს სამი განყოფილება ქონდა: ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებები. ჯერ ცივ აბანოში შედიოდნენ, სადაც გასახდელიც იყო მოწყობილი და საბანაო აუზიც, შემდეგ აქედან თბილ აბანოში ხვდებოდნენ, საიდანაც ცხელ აბანოში იყო გასასვლელი. ცხელ განყოფილებაში ორი ნახევარწრიული და ერთი ოთხკუთხა აბაზანა იყო მოწყობილი. ყველა აგურფილითაა ნაგები და შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით იმისთვის რომ აბაზანიდან წყალი არ გაჟონილიყო. თბილ და ცხელ განყოფილებების კედლებზე მოწყობილი იყო თბოიზოლატორი, რომელიც პირველ სართულზე განლაგებულ გასათბობი განყოფილებებიდან სითბოს ამოსასვლელად იყო გაწყობილი. ცხელი აბანოს გარეთ, პირველ სართულად გამართული იყო საცეცხლე განყოფილება, რომელში ანთებული ცეცხლით აბანო ცხელდებოდა. ცხელ აბანოს დასავლეთ მხარეს მიდგმული ჰქონდა ჭა, რომელსაც უერთდებოდა წყალსადენი. აბანო მარაგდებოდა მისგან რამდენიმე მეტრით დაშორებული რეზერვუარიდან გამოსული არხით. აქ დავამატებთ, რომ მთლიანად არმაზციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა იქვე, ქართლის მთის მეორე კალთაზე მდებარე კარსნისხევიდან გამოყვანილი წყლით. ამ აბანოსთანაა დაკავშირებული მასთან ახლოს აღმოჩენილი სამი ბერძნული წარწერა, რომლებიც 90-იან წლებში გამოვლინდა. წარწერები ქვიშაქვის ფილებზეა შესრულებული და ქართლის სამეფო კარზე მიმდინარე მშენებლობებზე ყვებიან. ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც დაუზიანებლადაა მოღწეული, მოხსენიებულია იბერიის მეფე ამაზასპი და მისი ეზოსმოძღვარი და მრჩეველი ანაგრანესი, რომელმაც მეფის მეუღლეს, არმენიის მეფის, ვოლოგეზის, ასულს, აბანო აუშენა და შესწირა. მეორე წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი დრაკონტისი, რომელსაც მსახურთუხუცესმა ანიონმა გაუკეთა და შესწირა აბანოს წყალგაყვანილობა. რაც შეეხება მესამე წარწერას, იგი ფრაგმენტულია და ასევე ქართლის რომელიღაც მეფეს იხსენიებს. ამ წარწერებში მოხსენიებული ისტორიული პირებიდან წერილობითი წყაროების მიხედვით მხოლოდ ქართლის მეფე ამაზასპი იყო ცნობილი, რომელიც III ს. შუა ხანებში მართავდა ქვეყანას.  ამდენად ის, რომ ამაზასპს სომეხი ქალი ჰყოლია ცოლად, რომ შესაძლოა მას დრაკონტისი რქმეოდა, რომ ამაზასპის თანამედროვე არმენიის იგივე სომხეთის მეფე ვოლოგეზია და მის დროს ქართლის მეფის ეზოსმოძღვარი ანაგრანესია, საქართველოს ისტორიისთვის სიახლეს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად ავსებს III ს. ამბებს.

მეორე უფრო დიდი აბანო, რომელიც სამეფო აბანოდაა მიჩნეული, ექვსაბსიდიანი ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმოჩნდა. იგი ქვატეხილითაა ნაგები და კირხსნარით შემტკიცებული, გადახურული გახლდათ კრამიტით. აბანო შიგნიდან შელესილი იყო ჰიდრავლიკური ხსნარით. აბანო ხუთგანყოფილებიანია: გასახდელი, ცივი, თბილი, ცხელი და საცეცხლე განყოფილება. ისევე როგორც ე.წ. დედოფლის აბანო, ესეც ისეა აგებული, რომ ჯერ გასახდელში შედიოდი, შემდეგ აქედან ცივ აბანოში გადიოდი, აქედან თბილ ბოლოს კი ცხელ განყოფილებაში ხვდებოდი. თბილი და ცხელი აბანო ორსართულიანი იყო, პირველ სართულზე გაკეთებული გახლდათ გასათბობი და საცეცხლე, გასათბობი შედგებოდა აგურის სვეტებისაგან რომლებსაც თიხის ფილები - აბანოს იატაკი ეყრდნობოდა. სწორედ საცეცხლურში ანთებული ცეცხლი ათბობდა გასათბობ განყოფილებას, რომელში დატრიალებული სითბური ენერგია შემდეგ ხვდებოდა და ათბობდა ცხელი და თბილი აბანოს კედლებსა და მასზე მიკრულ თიხის ფილებს შორის დარჩენილ სივრცეს. აბანოში მოწყობილი იყო ხუთი აბაზანა, საიდანაც ნაბანი წყალი შემკრებ ჭაში ჩაედინებოდა, შემდეგ კი აბანოს აღმოსავლეთით მოწყობილ კოლექტორს უერთდებოდა. აბანო წყლით დასავლეთიდან წყალსადენით მარაგდებოდა. გასახდელის დასავლეთით მოწყობილი იყო სავარჯიშო ოთახი. აბანოს აბაზანები მორთული იყო ქანდაკებებით, კანელურებით და მცენარეული ორნამენტით. არმაზისხევის აბანოები რომაული აბანოების მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა და მიუთითებდა ერთი მხრივ ქართლის კავშირზე მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროსთან და მეორე მხრივ გვიანანტიკური ხანის ქართლის ჰიგიენურ სამშენებლო კულტურაზე. ამავე პერიოდში ქალაქს ჰქონია ფანჩატურისებრი აუზი, რომელიც სამეფო აბანოს აღმოსავლეთით იყო მოწყობილი. აუზი ქვათლილებით იყო ნაგები, ერთ კუთხეში მოწყობილი იყო შემაღლება – პოდიუმი, საიდანაც აუზში ჩადიოდნენ. აუზს ქონდა თავისი წყალსადენიც. დარბაზის აღმოსავლეთით დგას ე.წ. ორსენაკიანი ნაგებობა, რომლის ქვედა ფენა, როგორც აღინიშნა, ძვ.წ. II-I სს. თარიღდება, ზედა, ქვატეხილით ნაგები და კირხსნარით შემტკიცებული კედლები კი ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება. სწორედ აღნიშნული ნაგებობიდან დაიწყო XIX ს. არმაზციხის კვლევა, აქვე აღმოჩნდა მოხატული ფრაგმენტიც ქალღმერთის გამოსახულებით. ნაგებობამ დღევანდელი პირობითი სახელი თავისი ორი სენაკიდან გამომდინარე მიიღო. ამ სენაკებიდან ჩრდილოეთით მდებარე, როგორც ჩანს, ერთგვარ რეზერვუარის როლს ასრულებდა. მის დასავლეთ კედელში დატანებულია წყალსადენი, რომელიც კირხსანრით მოკირწყლულ იატაკზე ეშვებოდა. საჭიროების შემთხვევაში აქ დაგროვილი წყალი კედელში დატანებული სადინარით ფლატეზე იღვრებოდა. არმაზციხის არსებობის ბოლო ეტაპის ძეგლს წარმოადგენს, სვეტებიანი დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთით გათხრილი ბაზილიკური ტაძარი ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც VIII ს. აშენებულად მიიჩნევა და ამდენად, მხოლოდ რამოდენიმე წელი უარსებია, რადგან როგორც აღვნიშნეთ, არმაზციხე 735 წ. მურმან ყრუს ლაშქრობის შედეგად განადგურდა.

ბაგინეთი - სვეტებიანი დარბაზი, მოდელი - (+)

გარდა აღნიშნული შენობებისა 2011-2012 წწ. არმაზციხეზე გაითხარა რამდენიმე მცირე ზომის სახლი და სამეურნეო დანიშნულების სათავსო. ყველა ის ჩვეულად ნაგები იყო ქვის წყობის საძირკველზე ალიზით ამოყვანილი კედლებით და დახურული იყო კრამიტით. ნაგებობები ასევე III სს. თარიღდება და აბანოებისა და წარმართული ტაძრის თანამედროვე ნაგებობები უნდა იყოს. ამ სახლებისა და სათავსოების ინტერიერში გამოვლენილი მასალიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს რკინის ქვის დასამუშავებელი სხვადასხვა ხელსაწყოები: ცულ-წერაქვები, სატეხები, შვეულები, პალოები. ეს იარაღები, რომელთა რიცხვი 50 ერთეულს აჭარბებს, მიუთითებს, რომ ახ.წ. III საუკუნეში არმაზციხეზე ფართოდ იყო გაშლილი ქვითხუროობა, ქვის მოპოვების და დამუშავების საქმე. ქვის მოჭრა კი იმ პერიოდში არმაზციხიდან შორს არ უნდა მომხდარიყო. საინტერესოა, რომ XX საუკუნის დასაწყისშიც კი არმაზისხევის გვერდით მდებარე კარსნისხევში ისევ იყო შემორჩენილი ქვის იმ იარაღით დამუშავების კარიერული წესი, რომლებიც არმაზციხეზე აღმოჩნდა. არქეოლოგთა მოსაზრებით, არაა გამორიცხული, რომ არმაზციხის იარაღები, სწორედ კარსნისხევის ქვის დამუშავებისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ბოლოსთვის აღვნიშნავთ, რომ არმაზციხეზე შესწავლილი ტერიტორია მხოლოდ მცირე ნაწილია ძველი ნაქალაქარისა და კიდევ არაერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ ნაქალაქარი სრულად იქნეს შესწავლილი.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

1.აფაქიძე ა. მცხეთა ქართლის სამეფოს დედაქალაქი. თბ., 1959.

2.აფაქიძე ა. არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხისათვის. ისტორიის ინსტიტუტის შრომები. ტ.IV, ნაკვ.I, თბ., 1958.

3.აფაქიძე ა. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში. I. თბ., 1963.

4.აფაქიძე ა., ნიკოლაიშვილი ვ., ყიფიანი გ. არქეოლოგიური გათხრები არმაზციხეზე, 1998 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები. III სესია, მცხეთა-თბილისი, 1999.

5.ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. IV. თბ., 1973.

6.კავლელიშვილი ე. არმაზციხე-ბაგინეთის კედლის მხატვრობის ნაშთები ა.წ. I საუკუნისა. მცხეთა XI. თბ., 1996.

7.ნიკოლაიშვილი ვ. არქეოლოგიური გათხრები არმაზციხეზე. ძეგლის მეგობარი. #4. 1996.

8.ნიკოლაიშვილი ვ. ძველი მცხეთის ისტორიული ტოპოგრაფია ახალ აღმოჩენათა შუქზე. თბ., 1990.

9.ნიკოლაიშვილი ვ. არმაზციხე: ქართლის მეფეთა რეზიდენცია. თბ., 2011.

10.”მოქცევაჲ ქართლისაჲ”. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. I. თბ., 1963.

11.ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. I. თბ., 1955.

12.ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. II. თბ., 1957.

13.ყაუხჩიშვილი თ. სტრაბონის გეოგრაფია, ცნობები საქართველოს შესახებ. თბ., 1957.

14.ყაუხჩიშვილი თ. ახალი ბერძნული წარწერები არამზციხე-ბაგინეთიდან, მცხეთა. XI. თბ., 1996.

15.ყიფიანი გ. ნიშანთა ფუნქციის შეცნობისათვის კოლხურ და იბერიულ კრამიტებზე. თბ., 1991.

16.ყიფიანი გ. საქართველოს ანტიკური ხანის არქიტექტურა. არქიტექტურული დეტალები. თბ., 1993.