topmenu

 

ზ.ბრაგვაძე - რამდენიმე შენიშვნა ძველი კოლხეთის ჰიდრონიმების შესახებ
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<უძველესი საქართველო>>>


ზურაბ ბრაგვაძე - რამდენიმე შენიშვნა ძველი კოლხეთის ჰიდრონიმების შესახებ

აკად. შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ნარკვევები IX, გვ. 3-6, თბილისი, 2004 წ.,

ძველი კოლხეთის ჰიდრონიმების შესახებ საყურადღებო ცნობებია ”შემონახული ძველ ბერძნულსა და ბიზანტიურ საისტორიო მწერლობაში (სტრაბონი, კლავდიოს პტოლემაიოსი, პროკოპი კესარიელი). მათი კვლევა მნიშვნელოვნად აზუსტებს კოლხეთის (ეგრისის) ისტორიული გეოგრაფიის ცალკეულ მომენტებს. წინამდებარე წერილიც კოლხეთის მდინარეების - ფაზისისა და გლავკოსის ლოკალიზაციის ცდას წარმოადგენს. სტრაბონის ცნობით, ”მომდინარეობს მასზე [კოლხიდაზე] ფაზისი, დიდი მდინარე, რომელსაც სათავე არმენიაში აქვს, რომელიც ღებულობს გლავკოსსა და ჰიპოსს მახლობელი მთებიდან გამომდინარეთ. [ფაზისზე] აღმა ცურვა შეიძლება შორაპნამდე. [შორაპნიდან] ფეხით, საურმე გზით ოთხ დღეში მიისვლება მტკვრამდე. ფაზისზე მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ადგილი, გარშემორტყმული მდინარით, ტბითა და ზღვით”1. ფაზისის, გლავკოსისა და ჰიპოსის შესახებ სტრაბონი სხვაგანაც ამახვილებს ყურადღებას. ”ქვეყანაში [კოლხეთში] არის ოთხი შესასვლელი. ერთი არის კოლხურ ციხისიმაგრე შორაპანზე და მასთან არსებულ ვიწროებზე რომლებზედაც ფაზისი მომდინარეობს. სწრაფი და ხმაურა მიემართება კოლხეთში, რომელზედაც [ფაზისზე] 120 ხიდით გადაისვლება მისი მიხვეულ-მოხვეულობის გამო. წყალდიდობისას ეს ადგილები სულ დახრულია მრავალი ნაკადულით. წარმოიქმნება [ფაზისი] ზემოთ მდებარე მთებში მრავალი წყაროსაგან, ხოლო დაბლობში ღებულობს სხვა მდინარეებს, რომელთა შორის არის ჰიპოსი და გლავკოსი”2. როგორც ვხედავთ, სტრაბონის ცნობები გარკვეულწილად ბუნდოვანია. უპირველეს ყოვლისა ლისა, ეს შეეხება ფაზისის სათავისა და მისი უმთავრესი შენაკადების საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ, სტრაბონის თანახმად, ფაზისის სათავე არმენიაშია, ზოგიერთი მკვლევარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფაზისად უნდა მივიჩნიოთ დასავლეთ საქართველოს მდინარეთა მთელი სისტემა: ჩხერიმელა-ძირულა-ყვირილა-რიონი და შესაბამისად, მის სათავედაც ჩხერიმელა უნდა ვაღიაროთ3. თუმცა რატომ მიიჩნევს ამ მოსაზრების ავტორი ჩხერიმელას არმენიის მთებიდან გამომავალ მდინარედ, მთლად ნათლად არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ჩხერიმელის სათავეს, ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს სასაზღვრო ოლქს, სტრაბონი სრულიად გარკვევით მოსხიკედ ანუ მესხების მთებად მოიხსენიებს. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სტრაბონს ფაზისის სახით რომელიღაც სხვა მდინარე აქვს მხედველობაში (მტკვარი, არაქსი ან ჭოროხიც), მაგრამ, ჯერ ერთი, იგი აშკარად კოლხეთის მდინარის შესახებ საუბრობს და, მეორეც, არც ერთ მათგანზე არ მდებარეობს ციხესიმაგრე შორაპანი, თანაც ბერძენი ავტორი კარგად ასხვავებს ერთმანეთისაგან მტკვარსა და ფაზისს. ამიტომ სავსებით სავარაუდოა, რომ სტრაბონს მთლად ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდა ფაზისის სათავის შესახებ ან კარგად ვერ ერკვეოდა კოლხეთისა და სომხეთის გეოგრაფიაში. ყოველ შემთხვევაში, მისი შემდგომი მსჯელობა ფაზისის შესახებ აშკარად  გამორიცხავს არმენიასთან რაიმე სიახლოვესაც კი. თ.ყაუხჩიშვიილის აზრით, სტრაბონის მიერ ფაზისად მიჩნეული მდინარე ყვირილაა, ყვირილა ერთვის რიონს და ამ რიონს ეწოდება ფაზისი4, ე.ი. ფაზისი იგივე ყვირილა-რიონია. სტრაბონიც გარკვევით აღნიშნავს, რომ ყეირილა მაღალი მთებიდან გამოდის, ხმაურიანია, შორაპანს ზემოთ უვარგისია სანაოსნოდ და კოლხეთიში ერთ-ერთი შემოსასვლელიც სწორედ აქ ძევს. აღწერილი კარგად მიესადაგება ყვირილის ხეობის ზემო წელს, შორაპნიდან საჩხერის ჩათვლით, ვინაიდან ამ მონაკვეთზე არც ნაოსნობისთვის არის ხელსაყრელი პირობები, მრავალი პატარა მდინარეც უერთდება ყვირილას და საკმაოდ ხმაურიანიცაა იგი. სახელიც ხომ ამის გამო შეერქვა5. თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ მდგომარეობას ართულებს გლავკოსის საკითხი. სტრაბონი ორჯერ საგანგებოდ მოიხსენიებს გლავკოსსა და ჰიპოსს როგორც ფაზისის ყველაზე გამორჩეულ შენაკადებს. თუ ჰიპოსის ლოკალიზაცია ასე თუ ისე ეჭვს არ იწვევს და სახელწოდებიდან გამომდინარე იგი ცხენისწყალი უნდა იყოს, სულ სხვა ვითარებაა გლავკოსთან დაკავშირებით. სტრაბონის ტექსტის ვ.ლატიშევისეული კომენტარებიდან გამომდინარე6 თ.ყაუხჩიშვილმაც გაიზიარა მოსაზრება გლავკოსისა და ყვირილის იდენტურობის შესახებ7, რაც "ვფიქრობთ, მთლად ზუსტად ვერ უნდა ასახავდეს რეალობას. თუ არაფერი ეწინააღმდეგება ფაზისის სათავედ ყვირილის მიჩნევას, იგივეს ვერ ვიტყვით გლავკოსთან დაკავშირებით, რადგან,  თუ ჩავთვლით, რომ ფაზისის სათავე დღევანდელი ყვირილაა და გლავკოსი ამ მდინარის შენაკადია, იქმნება გაუგებრობა, რადგან არ შეიძლება ერთი და იგივე მდინარე სათავეც იყოს და შენაკადიც. ამ შემთხვევაში კი სწორედ ასე გამოდის. ფაზისი - იგივე ყვირილა -რიონია, რომლის სათავეც ყვირილაა და ამ მდინარესვე ურთდება გლავკოსი, ანუ ყვირილა. კიდევ გავიმეორებთ, რომ არაფერია საწინააღმდეგო ფაზისის სათავედ ყვირილის მიჩნევისა და ყვირილა-რიონის ფაზისთან იდენტიფიცირებისა. ჩვენ მხოლოდ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაკადის, გლავკოსის, ადგილმდებარეობა გვაინტერესებს. სტრაბონის ცნობით, გლავკოსი ფაზისის მიმდებარე მთებიდან ჩამოდის8, ყვირილასთან კი ასეთი შედარებით ახლო მდინარე შეიძლება ყოფილიყო მისი ერთ-ერთი დიდი შენაკადი ძირულა მაგრამ, ჩვენი აზრით, ძირულისა და გლავკოსის იდენტურობის დამტკიცებაც თითქმის შეუძლებელია, ისევე. როგორც გლავკოსისა და ყვირილის. აქვე შევნიშნავთ, რომ ყვირილად გლავკოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ, თუ ფაზისის სათავეს ძირულის ან ჩხერიმელის ხეობაში მოვათავსებთ. ყვირილა და ძირულა (ძირულა ჩხერიმელით) სწორედ შორაპანთან უერთდება ერთმანეთს. გამომდინარე აქედან, თითქოს არ უნდა გამოირიცხოს ერთ-ერთის ფაზისად (ამ შემთხვევაში ძირულა ჩხერიმელით), ხოლო მეორის გლავკოსად ყვირილა) მიჩნევა. აქ ერთი არსებითი მომენტი უნდა ასრულებდეს გადამწყვეტ როლს, რომლის შესახებაც სტრაბონი მხოლოდ გაკვრით აღნიშნავს, მაგრამ, ვფიქრობთ რომ ამოსავლად სწორედ ის უნდა გამოგვადგეს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ შეუძლებელია სტრაბონს კარგად და დაწვრილებით მხოლოდ კოლხეთ-იბერიის მოსაზღვრე მდინარეების მდებარეობა სცოდნოდა, ამიტომაც ყურადდება ოდენ მათზე გაემახვილებინა და საერთოდ მხედველობიდან გამორჩენოდა შედარებით დასავლეთით არსებული ჰიდრონიმები. როგორც ჩანს მას წარმოდგენა ჰქონდა ასეთი მდინარეების შესახებაც და, ჩვენი აზრით, ამის მკაფიო დასტური ჰიპოსისა და გლავკოსის მოხსენიებაა. სტრაბონი გაკვრით მაგრამ საგანგებოდ აღნიშნავს რომ ფაზისი დაბლობში'ღებუელობს სხვა მდინარეებს რომელთა შორის არის ჰიპოსი და გლავკოსი9. ამ უმთავრესი მომენტიდან გამომდინარე ვერც ყვირილა და ვერც ძირულა გლავკოსად ვერ ჩაითვლება, რადგან შორაპნის სანახებს კოლხეთის დაბლობად ვერ მივიჩნევთ. ამდენად უფრო სარწმუნოა, რომ გლავკოსი იყოს დღევანდელი რიონი უფრო ზუსტად კი რიონის მონაკვეთი რაჭის მთებიდან ვარციხემდე, ე.ი. რიონ-ყვირილის შერთვამდე. ამდაგვარზე უნდა მიანიშნებდეს ჰიპოსის (ცხენისწყლის) გვერდით მისი მოხსენიებაც და ისიც, რომ გლავკოსი დაბლობი უერთდება ფაზისს. ამგვარად დღევანდელი გადასახედიდან სტრაბონის წარმოდგენა ძველი კოლხეთის ჰიდრონიმებზე საერთოდ არ შეესაბამება რეალობას (სურ.I). II ს-ის მოღვაწე კლავდიოს პტოლემაიოსი ჩვენთვის საინტერესო პრობლემის ირგვლივ იძლევა საკმაოდ მწირ ცნობებს. იგი ახსენებს მხოლოდ მდინარი ფაზისის შესართავს (720 - 45’ Φασιος )10. დაახლოებით ამავე გეოგრაფიულ არეალშივე (730-45’) მოიხსენიებს იგი ქალაქსა თუ სოფელ სარაკეს11, რაც ნ.ლომოურის აზრით, უნდა იყოს შორაპნის (Σαζαρανις) დამახინჯებული ფორმა12, ფაზისის შესართავში კი მისივე ვარაუდით  იგულისხმება აწინდელი რიონი ყვირილით13. სამწუხაროდ, ამ შესართავის სახელს კლავდიოს პტოლემაიოსი არ ასახელებს, მაგრამ ის გეოგრაფიული არე, სადაც ავტორი ამ შესართავს ათავსებს, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ იგი ყვირილა კი არ არის, არამედ ის მდინარეა, რომელიც შორაპანთან უერთდება ფაზისს იმავე ყვირილას, რადგან ნ.ლომოურის აზრითაც, რიონი და ყვირილა ერთი და იგივე მდინარეა, დაახლოებით ისეთი როგორიც სტრაბონთან. კომენტარიბში ნახსენები რიონი ყვირილით ამასვე უნდა გულისხმობდეს14.

 

ამიტომ, ვფიქრობთ, რომ II საუკუნეშიც უნდა არსებულიყო სტრაბონის ანალოგიური წარმოდგენა ფაზისის დინებაზე, ხოლო მისი შესართავი () ამ შემთხვევაში შესაძლოა ძირულას გულისხმობდეს. ამ ვარაუდს გარკვეულწილად ამაგრებს კიდეც ამ შესართავის მოხსენიება სარაპანისის მიდამოებში. უკვე აღინიშნა, რომ გამომდინარე სტრაბონის ცნობიდან, მკვლევარები ფაზისად მიიჩნევდნენ იმ მდინარეს, რომელიც დღევანდელ ვარციხესთან რიონ-ყვირილის შეერთებით იწყება. აქამდე რიონი და ყვირილა სხვადასხვა მდინარეა და მხოლოდ მათი შეერთება ქმნის ფაზისს15. ეს მოსაზრება მყარად არის დამკვიდრებული ჩვენს ისტორიოგრაფიაში. მაგრამ იმავე სტრაბონის მსჯელობიდან ჩანს, რომ ანტიკურ ხანაში ფაზისის დინებაზე წარმოდგენა სულ სხვაგვარი იყო და რიონთან შეერთებამდეც ყვირილა განიხილებოდა ფაზისად. ჩვენი ვარაუდით, ფაზისის შესახებ არსებული წარმოდგენები (რიონისა და ყვირილის შერწყმის შემდეგ ამ მდინარისა და მისი სახელწოდების წარმოქმნა) უფრო პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობებს შეესაბამება, რადგან პროკოპი პირველი ავტორია, რომელიც სრულიად მკაფიოდ ასახელებს დასავლეთ საქართველოს სამ სხვადასხვა ჰიდრონიმს  (ყვირილა, resp. ბოასი, რეონი. 16. თუმცა გ.გრიგოლიას აზრით ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა იმერეთის ყვირილას, არამედ ჭანეთის ყვირილას, რომელიც წარმოადგენს ჭოროხის მარჯვენა შენაკადს17. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი სახელწოდების მდინარე იმერეთშიც არსებობს და თუკი ამ ყვირილის შესახებ პროკოპის ცნობა ასი  თუ ისე გარკვეყლია. თითქმის სრული გაურკვევლობაა ფაზისთან მიმართებით, რადგან ავტორი ფაზისს ასახელებს, ყვირილასაც (ბოასი) და რიონსაც (რეონი). მისი მიხედვით, ფაზისი ლაზიკის ყველაზე დიდი და გამორჩეული მდინარეა, მის სანახებმი მოსახლეობენ ლაზები და მათი ყველაზე გამორჩეული ქალაქებიც მის სანაპიროზეა. ეჭვს გარეშეა, რომ ეს რიონია, მაგრამ გასარკვევია, რატომ მიიჩნევს პროკოპი კესარიელი რიონს ფაზისად. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ რიონი, როგორც აღინიშნა მას ცალკე მდინარედ აქვს მოხსენიებული. რიონი (resp.რეონი) მოედინიბა მოხირისის მხარემი და მის სანაპიროზე ქუთაისია18. ძნელია აქ რაიმე ეჭვის შეტანა, იმდენად მნიშვნელოვანი ორიენტირია ამ შემთხვევაში ქუთაისი. გამომდინარე აქედან პროკოპისთვისაც ფაზისს აშკარად სხვა დინება აქვს და იგი არ თანხვდება დღევანდელი რიონის ხეობას. ფაქტია რომ რიონი და ფაზისი სხვადასხვა  მდინარეა. ძალზე დამაჯერებელია ს.ყაუხჩიშვილის მოსაზრება, რომ იბერიის საზღვართან ჩამომდინარე ბოასი იგივე ყვირილაა, ხოლო ეს ბოასი იმ ადგილიდან, საიდანაც ნაოსნობისთვის გამოსადეგი ხდება. თვით შავ ზღვამდე იწოდება ფაზის-რიონად და ფაზისი მიჩნეულ უნდა იქნეს რიონად19. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება დავამატოთ, რომ, პროკოპი კესარიელის აზრით, ფაზისი ცალკე მდინარე უფრო ჩანს, ვიდრე რიონ-ფაზისი ან ბოას (ყვირილა) - ფაზისი. ამ ვითარებაზე უნდა მიანიშნებდეს რიონის ცალკე და საგანგებოდ მოხსენიებაც. უფრო იმ ვარაუდის დაშვება შეიძლება, რომ რიონი და ყვირილა ფაზისის სხვადასხვა შენაკადია, უფრო ზუსტად მისი შემქმნელი და ამ ორი მდინარის შეერთებით წარმოიქმნება ის მდინარე, რომელიც პროკოპი კესარიელთან ფაზისად განიხილება (სურ.II). შეიძლება ჩვენი ვარაუდი არ იყოს სათანადოდ არგუმენტირებული, მაგრამ ბერძნულსა და ბიზანტიურ საისტორიო მწერლობაში შემონახული ცნობები, ვფიქრობთ, იძლევა ამდაგვარი განსჯის საშუალებას20.

 

------------------------------------------------------------------------------------------------------

1. თ.ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. თბ., 1958 წ., გვ.123

2. იქვე. გვ.128

3. Муравьёв Н.С. Страбон XI.3.2. Ханес. Роитикес. Сандобанис. Реки античной Колхиды. Причерноморье в эпоху Эллинизма. Тб., 1985. с.507

4. თ.ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. გვ.297

5. ”მდინარემან მოიგო სახელი ესე თჳსის ჩქარისა და კლდესა ზედა დინებითა, ვინაჲთგან ჴმოვანებს შორსსასმენლად”. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქც.IV. თბ., 1973. გვ.752

6. Латышев В.В. Сведения древних писателей о Скифии и Кавказе. ВДИ. 1947. №4. с.215

7. თ.ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. გვ.275

8. იქვე. გვ.123

9. იქვე. გვ.128

10. კლავდიოს პტოლემაიოსი. გეოგრაფიული სახელმძღვანელო. თარგმნა, გამოსცა და კომენტარები დაურთო ნ.ლომოურმა. მსკი. ნაკვ.32. თბ., 1955. გვ.45

11. იქვე. გვ.45

12. იქვე. გვ.57

13. იქვე. გვ.56

14. იქვე

15. თ.ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია. გვ.297

16. გეორგიკა.II, ბიზანტიელი მწერლების ცნობები  საქართველოს შესახებ. თარგმნა, გამოსცა და კომენტარები დაურთო ს.ყაუხჩიშვილმა. თბ., 1965, გვ.108

17. გ.გრიგოლია. ეგრის - ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები. თბ.1994. გვ.39-40

18. გეორგიკა. II, გვ.195

19. გეორგიკა. II, გვ.108-9

20. გ.გრიგოლიას აზრით, პროკოპი კესარიელი ეგრისში ასახელებს ორ ფაზისს. ერთი ჭანეთის ფაზისია (ჭოროხი), ხოლო მეორე - რიონის. საერთოდ მის მონოგრაფიაში - ”ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები” ჩვენთვის საინტერესო საკითხებთანდაკავშირებით ბევრი საინტერესო დასკვნაა გამოტანილი.