There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<საინტერესო სტატიები>>>
როგორ იმსხვრევა მითები
ნაპოლეონის მამლუქი. რუსტამ რაზას მემუარები
ფრანგულიდან თარგმნეს, წინასიტყვაობა და კომენტარები
დაურთეს ალექსანდრე მიქაბერიძემ და ნიკა ხოფერიამ
გოჩა ჯაფარიძე (რეცენზია)
1798 წლის ზაფხულში დაიწყო ნაპოლეონ ბონაპარტეს სამხედრო ექსპედიცია ეგვიპტეში, რომელიც მიმართული იყო ეგვიპტის მამლუქთა წინააღმდეგ. პირველი სამხედრო წარმატებების შემდეგ გაჩნდა სიძნელეები. ამან აიძულა ნაპოლეონი 1798 წლის სექტემბერში ფრანგების შეთხელებული აღმოსავლეთის არმია შეევსო ახალი დამხმარე შენაერთებით, ეგვიპტეში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებით, მათ შორის – ახალგაზრდა მამლუქებით. 1799 წლის 23 აგვისტოს ნაპოლეონმა აღმოსავლეთის არმია გენერალ კლებერს გადააბარა და დაბრუნდა საფრანგეთში. კლებერის შემცვლელმა გენერალმა მენუმ 1801 წლის 30 აგვისტოს კაპიტულაცია გამოაცხადა ალექსანდრიაში ინგლისელებისა და თურქების სამხედრო ხელისუფალთა წინაშე. მენუმ მიიღო უფლება, საფრანგეთში წაეყვანა არამარტო ფრანგების არმია, არამედ – მისი დამხმარე შენაერთებიც. 1801 წლის 13 ოქტომბერს ამ შენაერთების წევრთაგან ჩამოყალიბდა მამლუქთა სამხედრო ესკადრონი 240 მხედრის შემადგენლობით (მათ შორის იყო რამდენიმე ქართველი), რომელიც 1804 წ. შევიდა იმპერატორის გვარდიის შემადგენლობაში. მამლუქთა ესკადრონის შექმნა მეტყველებდა იმ მაღალ შეფასებაზე, რომელიც ნაპოლეონმა მისცა მამლუქთა სამხედრო ოსტატობას. გარდა ესკადრონის წევრებისა, არაერთმა ფრანგმა გენერალმა და ოფიცერმა შეიძინა და თან წაიყვანა საკუთარი მამლუქები. ერთ-ერთი ასეთი მამლუქი 1799 წ. საჩუქრად მიართვეს ნაპოლეონს და ის გახდა მისი პირადი მცველი და საჭურველთმტვირთველი. ეს მამლუქი იყო რუსტამი. ნაპოლეონის მამლუქი რუსტამი (1780-83, თბილისი – 1845, დურდანი, საფრანგეთი) საკმაო პოპულარობით სარგებლობდა სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთში და მის ფარგლებს გარეთაც. მისი სახელი მოხვდა ფრანგული და რუსული რომანების ფურცლებზე (მაგალითად, ლ.ტოლსტოის "ომი და მშვიდობა", თ.დოსტოევსკის "იდიოტი", სტენდალის ”ბნელი საქმე” და სხვ.). რუსტამის ცხოვრებას მიეძღვნა გ.ფლეიშმანის წიგნი ”რუსტამი, ნაპოლეონის მამლუქი” (1910),1 მ.დერიბერეს სტატია ”რუსტამის მოუსვენარი ახალგაზრდობა, ან როგორ გახდა ქართველი ნაპოლეონის მამლუქი”;2 ეს მკვლევრები მიუთითებდნენ, რომ რუსტამი ქართული წარმომავლობის იყო. მაგრამ ჟ.სავანი წიგნში ”ნაპოლეონის მამლუქები” უკვე წერდა, რომ ”რუსტამს უწოდებდნენ ქართველს იმის გამო, რომ ის დაიბადა თბილისში, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიღებული იყო განესაზღვრათ ადამიანის ეროვნება იმ ქვეყნის მიხედვით, სადაც ის დაიბადა და უგულებელყოფდნენ მის ეროვნულ კუთვნილებას. სინამდვილეში მის ძარღვებში ჩქეფდა სომხური სისხლი”.3 რაც მთავარია, ამის შესახებ წერდა თავად რუსტამი, რომლის ”მემუარები” ახლახან ითარგმნა ფრანგულიდან ქართულად ალექსანდრე მიქაბერიძისა და ნიკა ხოფერიას მიერ.4 საჭიროა აღინიშნოს, რომ "მემუარები", რომლებიც ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს რუსტამის დაბადებიდან 1814 წლამდე, ფრანგულად პირველად გამოსცა კოტენმა 1888 წ.5 XX საუკუნის დამდეგამდე ის კიდევ ოთხჯერ გამოიცა ფ.მასონის რედაქციით. 1997 წელს რუსტამის მემუარები სომხებმა თარგმნეს როგორც რუსულად,6 ისე - სომხურად. რაც შეეხება სარეცენზიო წიგნს, მისი თარგმანი ემყარება 1911 წლის ფრანგულ გამოცემას.7 თარგმანი შესრულებულია კარგი ქართულით. მთარგმნელებმა გაითვალისწინეს ”მემუარების” რუსული თარგმანიც, რომელშიც ა.მიქაბერიძემ, ფრანგული ორიგინალისგან განსხვავებით, გამოავლინა არაერთი უზუსტობა და შეუსაბამობა. ”მემუარების” ქართული თარგმანის 21-გვერდიან პროფესიულ დონეზე დაწერილ წინასიტყვაობაში ა.მიქაბერიძე ასახელებს ძირითად შრომებს რუსტამის ბიოგრაფიის შესახებ; მოგვითხრობს, თუ როგორ გაყიდეს ის ეგვიპტეში და როგორ აღმოჩნდა 1799 წ. ნაპოლეონის სამსახურში. რუსტამი თან ახლდა ნაპოლეონს თითქმის ყველა სამხედრო კამპანიაში, როგორც მისი პირადი მცველი და მოსამსახურე. მაგრამ რუსტამი არ წაჰყვა ნაპოლეონს, როცა ის კ.ელბაზე გაასახლეს. ამიტომაც, როცა იმპერატორი საფრანგეთში დაბრუნდა 1815 წ. მარტში, არ დააბრუნა რუსტამი თავის სამსახურში. ა.მიქაბერიძე მოკლედ მოგვითხრობს რუსტამის სიცოცხლის ბოლო 30 წლისა და მისი ოჯახის შესახებ. რუსტამი გარდაიცვალა 1845 წ. 7 დეკემბერს საფრანგეთში, დურდანში, სადაც ის დასახლდა. მკვლევარი განიხილავს რუსტამის ურთიერთგამომრიცხავ დახასიათებებს, მისი მემუარების პუბლიკაციებსა და ეხება საქართველოში გავრცელებულ თვალსაზრისს რუსტამის ქართული წარმომავლობის შესახებაც (გვ.3-24).
როგორც დასავლეთში, ისე საქართველოშიც, რუსტამი დიდ ინტერესს იწვევდა. მინდა ამ საკითხს უფრო დაწვრილებით შევეხო, ვიდრე ა.მიქაბერიძის წინასიტყვაობაშია. ეს იმ ქართველ ავტორთა საყურადღებოდ, რომლებიც ხშირად საკითხის შესწავლას სათანადო დროს არ უთმობენ; ავიწყდებათ, რომ ამა თუ იმ პიროვნების ეროვნების მიჩქმალვა, როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი მეზობლებისთვისაც გამაღიზიანებელია. რუსტამს საქართველოში, უმეტეს შემთხვევაში, ქართველად თვლიდნენ. ნაპოლეონის მუდმივი თანმხლების - რუსტამის ქართველობა, რის გარკვეულ საფუძველსაც იძლეოდა XIX-XX სს-ის დამდეგის ფრანგული პუბლიკაციები, მაგნიტივით იზიდავდა ქართველ მწერლებსა და მკვლევრებს. მიხეილ ჯავახიშვილმა, რომელმაც რუსტამის ბიოგრაფიაც იცოდა და ლარუსის დიდი ენციკლოპედიაც გამოიყენა, ”არსენა მარაბდელში” რუსტამი, წარმოშობით კუმისის ტბის მიდამოებიდან, იდეალიზებული მარაბდელი მეამბოხე არსენას დეიდაშვილად გამოიყვანა. დიდი მწერლის წარმოსახვით, მან წერილიც კი მისწერა უკვე ლონდონში მცხოვრებ რუსტამს, სთხოვდა საქართველოში დაბრუნებულიყო და ერთად ებრძოლათ ბატონებისა და რუსების წინააღმდეგ: ”ახლა: ერთი ნაპალავანი ჩვენც გვინდა და ვერ გვიშოვია. მოდი და შენ ინაპალავნეო”.8 კონსტანტინე გამსახურდია ”დიონისოს ღიმილში” მოგვითხრობს, თუ როგორ უამბო კონსტანტინე სავარსამიძეს პარიზელმა მოხუცმა ბუკინისტმა შარტრიემ ”ქართველი ავანტურისტის რუსტომის შესახებ”. შარლერუას ბრძოლაში მოკლულს, თურმე მას ნაპოლეონმა ძეგლი დაუდგა შემდეგი წარწერით: ”აქ ასვენია მონა ღვთისა, რუსტომი. დიდი იმპერატორის ერთგული მეგობარი, ქართველი-საქართველოდან~. უფრო მეტიც, სავარსამიძემ შარლერუას პატარა კათოლიკური ეკლესიის გალავანში მიაგნო კიდეც როსტომის საფლავს და თეთრი ყვავილების გვირგვინით შეამკო მისი სამარე.9 შარლერუას ბრძოლა კუნძულ ელბადან საფრანგეთში დაბრუნებული ნაპოლეონის ასი დღის ტრაგიკული ფინალის უვერტიურა იყო. 1814 წლის 15 ივლისს, საფრანგეთის საზღვართან, იმ დროს ჰოლანდიის, დღეს კი ბელგიის ქალაქ შარლერუასთან შეტაკებაში, ნაპოლეონმა სძლია პრუსიელებს, გადალახა მდ. სამბრა და დაიძრა ვატერლოოსკენ, სადაც 18 ივლისს დამარცხდა ინგლისელებისა და პრუსიელების არმიასთან ბრძოლაში. ამ დროს რუსტამი არ იმყოფებოდა ნაპოლეონთან, რადგან ელბადან დაბრუნებულმა იმპერატორმა ის აღარ მიიღო. რუსტამს საგანგებო რომანი მიუძღვნა ირაკლი უგულავამ.10 ამ წიგნში რუსტამი ასევე ქართველია, ხოლო მამამისი ჰონანი – ანანია გახდა. რუსეთის კამპანიის დროს, ნაპოლეონმა რუსტამი თურმე პეტრე ბაგრატიონს ელჩადაც კი გაუგზავნა.11მწერალს აქვს უფლება, თავისი წარმოსახვით შექმნას გმირები და არარსებული ეპიზოდებიც, მაგრამ ცუდია ის, რომ მერე ამ სახით ისინი სხვა ავტორების სამეცნიერო-პოპულარული წერილების ფურცლებზე გადაინაცვლებენ; როცა, მაგალითად, თბილისში დაბადებული სომხური წარმომავლობის რუსტამი მაინც მარაბდელად და ქართველად გამოცხადდება12 და იწერება ლექსებიც.13 ქართული ინტერნეტის სივრცეში ქვეყნდება პატრიოტული მასალები რუსტამის შესახებ და მხატვრულ-ისტორიული ნარკვევებიც,14 ზოგჯერ ერთი რომელიმე საერთო წყაროდან გადმოწერილი ტყუილი და მართალი.15 ნაწილი ქართველი მკვლევრებისა, რომლებმაც იცოდნენ რუსტამის მემუარები, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებში (მ.ხუხუნი,16 ი.ტაბაღუა17) მაინც მიიჩნევდნენ მას ქართველად. ამასთან, გაუგებარი მიზეზებით, მკითხველს აწვდიდნენ რუსტამის ქართულ გვარს, რომელსაც საერთო არ ჰქონდა სინამდვილესთან. მ.ვადბოლსკიმ, ჭადრაკის ისტორიისა და ქართული ჰერალდიკის მკვლევარმა, რომელმაც რუსტამი ქართველად გამოაცხადა, დაასახელა მისი გვარიც – ხონამაშვილი.18 ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა გივი ჟორდანიამ რუსტამი რაზმაძის გვარით შეიტანა ”ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში”.19 გ.ჟორდანია, ჩანს, ენდო ქართველ ემიგრანტ-მკვლევარს იტალიაში - შალვა ბერიძეს,20 რომელიც, თავის მხრივ, იმოწმებდა იტალიელი ისტორიკოსის გ.გუატერის გამოკვლევას რუსტამის შესახებ.21 გუატერის წიგნი, რომელიც, ჩემი თხოვნით, თავაზიანად მომაწოდა ა.მიქაბერიძემ, მნიშვნელოვნად არის დავალებული რუსტამის მემუარებისგან. მასში საერთოდ არ არის ნახსენები გვარი რაზმაძე და ის, შალვა ბერიძის ”შემოქმედებაა”. ცხადია, საქართველოში იყვნენ მკვლევრები, რომლებმაც იცოდნენ რუსტამის ეთნიკური წარმომავლობა. მათ შორის, ალბათ, პირველია გიორგი ბეი-მამიკონიანი, ევროპული ენების შესანიშნავი მცოდნე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ერაყისა და ეგვიპტის ქართული წარმოშობის მამლუქების ისტორიის კვლევას. 1957 წელს, ალი ბეის შესახებ დაწერილ ნარკვევში, ის წერდა: ”ეგვიპტის შეიარაღებული ძალების წმინდა მამელუკური ნაწილის შემადგენლობაში ცოტა როდი იყვნენ არაქართველნი. ცნობილია, მაგალითად, რომ ეგვიპტიდან წამოყვანილი პირადი მამელუკი რუსთამი სომეხი იყო”.22 სამწუხაროდ, რუსტამის ცხოვრებით დაინტერესებულ პირთ არ წაუკითხავთ, არც გიორგი ბეი-მამიკონიანის აღნიშნული სტატია და არც მის მიერ მითითებული რუსტამის მემუარები. შეუმჩნეველი დარჩა კონსტანტინე კოტრიკაძის სტატიაც, რომელმაც საგაზეთო სტატიაში, მრავალრიცხოვანი მასალის საფუძველზე, კვალიფიციურად და ობიექტურად გააშუქა რუსტამის ცხოვრება და ჟ.სავანის მიხედვით აღნიშნა მისი სომხური წარმომავლობაც.23 სარეცენზიო ნაშრომის გამოცემამდე რუსტამის სომხურ წარმომავლობაზე წერდნენ ამ სტრიქონების ავტორი24 და მერაბ კალანდაძე.25 მაგრამ ასეთი შრომები იშვიათი იყო, ხოლო უკანასკნელ ხანებში ინტერნეტის ქსელში გავრცელებულ მასალებში მის შესახებ კიდევ მრავალი სიურპრიზი იხილა ქართველმა მკითხველმა. მითები რუსტამის გარშემო მარტო საქართველოში არ იქმნებოდა. მ.ნეიმანი 1899 წ. წერდა, რომ რუსტამი, რომელიც დაიბადა ყარაბაღში, ნაპოლეონის პირველად გადადგომის შემდეგ, მარსელიდან ზღვით გაემგზავრა აღმოსავლეთში. მან მიაღწია თეირანს და იქიდან დაბრუნდა კავკასიაში, მონაწილეობა მიიღო 1826-28 წლების რუსეთ-სპარსეთის ომებში და სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა შუშაში.26 უნდა ითქვას, რომ სომხებმა დააგვიანეს რუსტამის პოპულარიზება. მხოლოდ 1983 წ. ვ.პოღოსიანმა სომხეთის აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა მაცნეში დაბეჭდა ნაწყვეტები რუსტამის ბიოგრაფიიდან.27 მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სომხურ სამეცნიერო ლიტერატურაში რუსტამის ვინაობა გარკვეულია, ინტერნეტის ზოგიერთ საიტზე მაინც გვხვდება ასეთი რამ: ის არის როსტომ ოგანესის ძე ხაჩატრიანი, დაბადებული თბილისში, შუშელის ოჯახში.28 მითები რუსტამის შესახებ შეიქმნა თურქეთში და გადაინაცვლა აზერბაიჯანში. 2001 წ. აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ფიზულის სახელობის ხელნაწერთა ფონდს საჩუქრად გადაეცა თურქი მკვლევრის ალთან არასლის ”თურქული ნაკვალევი ევროპაში” (Altan Arasli, “Aavrup’ada Türq izleri”). ავტორი ამტკიცებს, რომ რუსტამს თავდაპირველად ეძახდნენ იაჰიას და ის იყო წარმოშობით დაღესტნიდან. ამ წიგნზე დაყრდნობით აზერბაიჯანელი ი.რუსტამოვი თვლის, რომ ის დაღესტნელი თურქია, კუმიკი ან აზერბაიჯანელი.29 ამ შემთხვევაში რატომღაც ივიწყებენ იმას, რომ ეს იაჰია უეჭველად მუსლიმი უნდა ყოფილიყო, ხოლო მუსლიმს, შარიათით, მონად ვერ გაყიდდი და, შესაბამისად, ის ვერც მამლუქი გახდებოდა. ”მემუარების” გამოცემები ქართულ (და რუსულ) ენებზე, იმედია, ბოლოს დაუდებენ რუსტამის წარმომავლობის შესახებ უსაფუძვლო საუბრებს.
”მემუარებიდან” ჩანს, რომ ეგვიპტეში მონად გაყიდვის შემდეგ, რუსტამმა, როგორც ყველა მამლუქმა, ისლამი მიიღო და მას იაჰია (Iჯაჰია) უწოდეს (გვ.50). ქართულ პუბლიკაციებში (მაგ.ხუხუნი) აღნიშნულია, რომ რუსტამს არ ახსოვდა ბავშვობის სახელი.30 მაგრამ ”მემუარებიდან” ჩანს, რომ ასე არ არის. ნაპოლეონმა მას სწორედ ის სახელი – რუსტამი დაუბრუნა (გვ.50), ბავშვობაში რომ ერქვა და ეს სახელი საფრანგეთში ზოგჯერ ჟღერდა, როგორც რუსტანი. გასარკვევია რუსტამის გვარი. ამ მხრივ რუსტამის მიერ ცუდი კალიგრაფიით, ანდა მისი კარნახით დაწერილი ”მემუარები” პირველივე სტრიქონში გაუგებრობას ქმნის. აქ დასახელებული იყო მამის სახელი “R …Kovan”. შემდეგ პოლ კოტენმა დაასკვნა, რომ სახელი უნდა წავიკითხოთ, როგორც ”რუსტამ ჰონანი”.31 ”მემუარების” რუსულ თარგმანში ჰონანის ნაცვლად წერია უნანი. გამოდის, რომ რუსტამის მამასაც იგივე სახელი ჰქონდა და ჰონანი მაშინ პაპის სახელი იქნება, საიდანაც შეიძლებოდა ეწარმოებინათ გვარი უნანიანი, თუმცა კი ის არსადაა დაფიქსირებული. მაშ საიდან გაჩნდა რაზა, როგორც რუსტამის გვარი, რომელიც ამოტვიფრულია მისი საფლავის ქვაზე დურდანში? სავანი თვლის, რომ რუსტამის მამას ერქვა რაზა და იწოდებოდა რაზა ჰონანად (raza Ze honanisa), ხოლო რუსტამი გახდა რუსტამ რაზა (რუსტამი ძე რაზასი).32 სავანის მიერ მოტანილ მამლუქთა სიაში 151-ე ნომრად რუსტამი სწორედ ასეა შეტანილი (Fils de Reza Honan).33 რაზა მამლუქი რუსტამის მამის სახელად მიაჩნია ვ.პოღოსიანსაც.34 მაგრამ “R …Kovan” ფრანგულ, რუსულ და ქართულ გამოცემებში აღდგენილია როგორც ”რუსტამ” და არა ”რაზა ჰონანი”. რაზა (რიზა, რეზა, რიდა, რედა) წმინდა ისლამური სახელია: გავრცელებული სპარსულ, თურქულ, ეგვიპტურ და სხვა ქვეყნების ისლამურ ანთროპონომიკაში და ნიშნავს ”კეთილგანწყობას”, ”კმაყოფილებას”. ის გვხვდება დამოუკიდებლადაც და შედგენილ სახელებშიც. შეიძლება დავასახელო შიიტი იმამიტების მე-8 იმამი, ”ალი არ-რიდა” (გარდ.818 წ.). 1819-20 წწ., ეგვიპტეში მოგზაურობის დროს, გიორგი ავალიშვილს შეხვდა მუჰამედ ალი ფაშას სამსახურში მყოფი, ავალიშვილების ყოფილი ყმა, მარტყოფელი ანდრეა კნოტისშვილი, გამუსლიმებული მაჰმად აღა მუსტოუფი ქაია რაზა.35 ძნელი სათქმელია, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ XVIII ს-ში რაზა დაერქმიათ სომეხი ქრისტიანისთვის. სომხურ ანთროპონომიკაში, რომელიც მოტანილია ინტერნეტის ქსელში, სახელი რაზა (რეზა) საერთოდ არ ჩანს.36 მე მაქვს ეჭვი, რომ ეგვიპტეში გამუსლიმების შემდეგ, რუსტამს ეწოდა ორმაგი სახელი: იაჰია რაზა და ამ სახელის მეორე ნაწილი - რაზა საფრანგეთში გაიაზრეს როგორც გვარი. რუსტამისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თავის მხრივ, რაზა შალვა ბერიძემ გაიაზრა როგორც ”რაზმაძე” და ის ამჟამად დამკვიდრდა ქართულ გამოცემებში და შევიდა ვიკიპედიას სხვადასხვაენოვან ვერსიებშიც.37 რუსტამმა პატარაობისას დატოვა თბილისი. ის მოიტაცეს განჯაში მაშინ, როცა აპერკანიდან (ყარაბახი) ყაზახში მიდიოდა მამასთან. რუსტამი კარგად აცნობიერებდა, ვინ იყო ეროვნებით. განჯაში ერთი უცნობი ახალგაზრდის კითხვაზე, საუბრობდა თუ არა ის სომხურად, მან უპასუხა, რომ სომეხი იყო და ენაც იცოდა (გვ.31). როდესაც რუსტამი მიჰგვარეს ნაპოლეონს, კითხვაზე, საიდან იყო ის, რუსტამი უეჭველია უპასუხებდა -საქართველოდან, რადგანაც სომხეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული იმ დროს არ არსებობდა. ნაპოლეონმა რუსტამი აღიქვა, როგორც ქართველი. არ ვიცი, ოფიციალურ დონეზე რუსტამი ამჟღავნებდა თუ არა თავის ეროვნებას, მაგრამ უეჭველია, ამით ამაყობდა. აი, რას წერს ის ”მემუარებში” მამლუქებთან დაკავშირებით: ”ბევრი ფიქრობდა, რომ მხოლოდ ქართველებს და მეგრელებს... შეუძლიათ გახდნენ კარგი მამლუქები. არ ვიცი, რა განაპირობებს ამ დამოკიდებულებას, არადა, სომხები სხვა ერებზე ბევრად მამაცები არიან” (გვ.38).38 ეს უნდა გაითვალისწინონ იმ ქართველმა მკვლევრებმა, რომლებიც რუსტამის ქართველობაზე აკეთებენ აქცენტს. რუსტამის ”მემუარებში” მკითხველი წაიკითხავს მისი ცხოვრების ეპიზოდებს ოჯახში – მონად გაყიდვამდე, ეგვიპტეში, სადაც შეიძინა წარმოშობით ქართველმა სალიჰ ბეიმ; იმის თაობაზე, თუ როგორ აჩუქა ის ცნობილმა თეოლოგმა შეიხმა ალ-ბაქრიმ ნაპოლეონ ბონაპარტეს, როგორ გახდა მისი პირადი მცველი და როგორ ემსახურებოდა იმპერატორს 1814 წლამდე. რუსტამის ეგვიპტური ცხოვრების ეპიზოდებიდან განსაკუთრებით საინტერესოდ მიმაჩნია მისი პატრონის ვინაობა. მის სახელს რუსტამი არასწორად ასახელებს – სალა ბეი. ასეთ პიროვნებას მამლუქთა ზედაფენაში ვერ ვნახავთ. ”მემუარების” ქართულად გამოცემის შემდეგ ნათელი ხდება, რომ იგულისხმება სალიჰ ბეი, რომელიც 1797 წ. გახდა მუსლიმ პილიგრიმთა ქარავანის ხელმძღვანელი, ამირ ალ ჰაჯი, რაც აღნიშნულია კიდეც ა.მიქაბერიძის მიერ კომენტარში (გვ. 37).39 სალიჰ ბეის შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს მამლუქთა ეგვიპტის ისტორიკოსი აბდ არ-რაჰმან ალ-ჯაბართი. სალიჰი იყო მუჰამედ ბეი აბუ ზ-ზაჰაბის (1882-1775) მამლუქი, ეკავა ჩავუშთა კორპუსის ქათხუდას პოსტი და სანჯაყ ბეიდ აღავლინეს ჰიჯრის 1212/1797-98 წ. იმავე წელს დაინიშნა ამირ ალ-ჰაჯად და ხელმძღვანელობდა პილიგრიმთა ქარავანს მექაში (პილიგრიმობა დაიწყო 1798 წ. 17 მაისიდან). ის ახლოს იყო იბრაჰიმ ბეისა (შინჯიკაშვილის) და მურად ბეის დუუმვირატთან, განსაკუთრებით - უკანასკნელთან, რომელმაც მას აუშენა სახლი გიზაში, თავისი სახლის მახლობლად. ალ-ჯაბართი წერს, რომ სალიჰ ბეი სარგებლობდა შესანიშნავი რეპუტაციით, მასზე არავინ ჩიოდა და არავისთვის მოჰქონდა ზიანი. იყო მჭევრმეტყველი და განათლებული, მოსაუბრეებს ყოველთვის ეგონათ არაბი, უყვარდა მუსიკა, სიმებიანი ინსტრუმენტები, თავადაც უკრავდა და საერთოდ, უყვარდა გართობა.40 სალიჰ ბეი, რომელიც ქართველი იყო, დაწვრილებით ესაუბრა რუსტამს ქართულად. ქართული კი რუსტამმა, რომელმაც პატარაობისას დატოვა საქართველო ოჯახთან ერთად, ცუდად იცოდა. სალიჰ ბეიმ ჰკითხა, თბილისიდან ხომ არ ხარო და საუბარში გაირკვა, რომ ის კარგად იცნობდა მამამისს, ვინაიდან ხშირად მოგზაურობდა სომხეთში. უფრო სავარაუდოა, საქართველოში. მაგრამ რისთვის და რა მიზნით, უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ რუსტამმა, რომელსაც ქართული დავიწყებული ჰქონდა და არაბული ჯერ კიდევ არ იცოდა, კარგად ვერ გაიგო სალიჰ ბეის ნაამბობი. ალჯაბართის ცნობით, სალიჰ ბეი 1790-92 წლებში რამდენჯერმე იმყოფებოდა სტამბოლში იბრაჰიმ ბეის (შინჯიკაშვილის) და მურად ბეის დავალებით, 1787 წ. ჰასან კაპუდან ფაშას მიერ მძევლებად წაყვანილი მამლუქი (მათ შორის ქართველი) ბეიების თაობაზე.41 არ არის გამორიცხული, რომ მაშინ ისარგებლა შემთხვევით და ჩავიდა საქართველოში. რუსტამი ორი თვის მანძილზე სწავლობდა ცხენოსნობას და შემდეგ ჩაირიცხა სალიჰ ბეის მამლუქთა რაზმში. ორი წლის შემდეგ კი ის სალიჰ ბეის წაჰყვა მექაში საპილიგრიმოდ. პილიგრიმობიდან დაბრუნებულმა სალიჰ ბეიმ აკაბაში შეიტყო ამბავი ფრანგების შემოჭრისა. ფრანგებმა მას მისცეს შეუვალობა და შესთავაზეს მცირე რაზმთან ერთად კაიროში დაბრუნებულიყო. მაგრამ იბრაჰიმ ბეიმ სალიჰ ბეის მოსთხოვა ბილბეისში გამგზავრებულიყო და სალიჰ ბეიც ასე მოიქცა. ალ-ჯაბართიმ იცის, რომ სალიჰ ბეი მოკვდა სადღაც სირიაში.42 რუსტამი გვაწვდის უნიკალურ ცნობას, რომ სალიჰ ბეის თავი შეუფარებია აქქას გამგებელთან ჯაზარ ფაშასთან, რომელმაც ის მოწამლა (გვ.41). თუმცა, რა მიზეზით, რუსტამი არ წერს. რამდენიმე ხნის შემდეგ სალიჰ ბეის ცხედარი ცოლმა სირიიდან გადმოასვენებინა და დაკრძალა ალ-მუჯავირინის სასაფლაოზე.43 ამრიგად, რუსტამის ცნობის საფუძველზე, სალიჰ ბეის სახით, ნაპოლეონის ეგვიპტეში შემოჭრის წინ, მამლუქთა ბეილიქათის შემადგენლობაში შეიძლება კიდევ ერთი ქართველი დავადასტუროთ.44 სამწუხაროდ, სხვა რაიმე ფასეული ცნობა ეგვიპტის მამლუქთა ოლიგარქიის შესახებ ”მემუარებში” მე ვერ ვნახე. აქქადან კაიროში დაბრუნებული რუსტამი ჩადგა შეიხ ალ-ბაქრის სამსახურში და სწორედ ამ უკანასკნელმა აჩუქა ის ნაპოლეონ ბონაპარტეს.
”მემუარებში”, უპირატესად, რუსტამის ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. ის წერდა იმის შესახებ, რასაც ხედავდა და მისთვის დიდი პოლიტიკის ნიუანსები უცნობი რჩებოდა. რუსტამის სუბიექტურობა, რაც საერთოდ დამახასიათებელია მემუარული ჟანრის ავტორებისთვის, აღნიშნული აქვს სავანს. ”მემუარებში” კარგად ჩანს, როგორ იცავდა რუსტამი თავის ინტერესებს, იქნებოდა ეს ეგვიპტეში, თუ – საფრანგეთში, მუქარით (მაგალითად შეიხ ალ-ბაქრის მიმართ), დაშინებით, დაბეზღებით, ან ერთგულების უზომო გამოხატვით – ნაპოლეონთან ურთიერთობაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ის პრაგმატული იყო და კ.ელბაზე იმპერატორის გასახლების დროს მას არ წაჰყვა. ამ ფაქტს უარყოფითად აფასებდნენ თანამედროვენი და ასევე უაღრესად მკაცრი შეფასება მისცა სომეხმა მკვლევარმა ვ.პოღოსიანმა.45 ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ 1810 წ., როცა ნაპოლეონის დეკრეტით გაუქმდა იტალიის სამეფოს ყველა მონასტერი, რუსტამის შუამდგომლობით გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ მხითარისტთა კონგრეგაციის მონასტრისათვის,46 ხოლო როცა 1812 წ. ფრანგებმა დაიკავეს მოსკოვი, სწორედ მისი წყალობით გადარჩა გადაწვას სომხური უბანი ამ ქალაქში.47 ამ ფაქტების შესახებ მემუარებში ვერაფერს ვნახავთ. რუსტამი, რომელიც შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, წარმოეჩინა თავისი შესაძლებლობები და დამსახურებები, ამ შემთხვევებში დუმს, რაც, ბუნებრივია, ზემოთქმულის მიმართ ეჭვს ბადებს. წერენ, რომ რუსტამი დაჯილდოებული იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით. რუსტამი ამის შესახებაც დუმს. მართალია, ასეთი ცნობა არის 1825 წ. გამოქვეყნებულ ერთ ფრანგულ ბიოგრაფიულ ცნობარში,48 მაგრამ სხვა გამოკვლევებში (სავანი, დერიბერი, პოღოსიანი) ის ვერ დავადასტურე.49 ა.მიქაბერიძემ პირად მიმოწერაში მაცნობა, რომ მან შეამოწმა საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოებული პირების ადრეული სიები, მაგრამ იქ რუსტამი ვერ აღმოაჩინა. მცირე ხნით რუსტამი ირიცხებოდა ნაპოლეონის გვარდიაში, რომელშიც შედიოდა მამლუქთა ესკადრონი. მაგრამ ის არ იხსენიებს თავის თანამემამულე სომეხ, ანდა ქართველ მამლუქებს, მაშინ როცა ასეთი ცნობები, თუნდაც საარაკოდ მამაც თბილისელ მამლუქ შაჰინზე,50 რომელიც მართლაც გახდა საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, უაღრესად ფასეული იქნებოდა. რუსტამის თვალსაწიერი შეზღუდული იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ ის დიდი პიროვნების მხოლოდ პირადი მცველი და მსახური იყო, ითავსებდა მისი საჭურველთმტვირთველის ფუნქციებსაც, ეხმარებოდა იმპერატორს ჩაცმადაბანაში, ძვირფას სამოსში გამოწყობილი, განუყრელი ჩალმით, ის მუდმივად და ყველგან თან ახლდა მას, ვერცხლის მათარით შეასმევდა ხოლმე კონიაკს, ღამ-ღამობით ეძინა ხოლმე მოსაცდელში იმპერატორის საძინებელ ოთახთან და თუ არსებობდა შეთქმულების საშიშროება, ამ ოთახის კარის წინ წვებოდა. დიდი პოლიტიკა მის მიღმა რჩებოდა. მაგრამ ნაპოლეონის გარემოცვაში ყოფნით, რუსტამს უფრო გაუმართლა ცხოვრებაში, ვიდრე ნაპოლეონის სხვა მამლუქებს. მათ შესახებ ხომ არ დაწერილა წიგნები! იმითაც გაუმართლა, რომ, სხვებისგან განსხვავებით, არაერთხელაა გამოსახული მხატვრულ ტილოებზე (ანნა-ლუი ჟიროდე, კლოდ გოტერო, დებრე და სხვ.) ნაპოლეონთან ერთად. რაც მნიშვნელოვანია, მან შეძლო ის, რაც სხვა მამლუქებმა ვერ გააკეთეს. დაგვიტოვა "მემუარები" – ნაშრომი, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმის შესახებ, თუ როგორი იყო ერთი მამლუქის ყოფა და ცხოვრება ეგვიპტეში და შემდეგ – საფრანგეთში. დასასრულ, ქართულ ენაზე რუსტამის ”მემუარების” გამოცემით კარგი საქმე გაკეთდა. რაც მთავარია, ალექსანდრე მიქაბერიძისა და ნიკა ხოფერიას პუბლიკაცია, იმედია, საბოლოოდ მოუღებს ბოლოს საქართველოში უსაფუძვლო თვალსაზრისებს რუსტამის წარმომავლობაზე. ქართველთა რიგებიდან არაერთი დიდი მამლუქი გამოვიდა, რომლებიც, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხმლით იცავდნენ ერაყის, ეგვიპტის თუ თუნისის სუვერენიტეტს და არც სამშობლოს ივიწყებდნენ. ქართველი მკვლევრების ვალი, სწორედ მათი ისტორიის შესწავლაა.
*******************************************************************************************
1.H.Fleischmann, Roustam, mamelouk de Napoléon (Paris, 1910).
2.M.Deribéré, “La jeunesse mouvementée de Roustam,” Bédi Kartlisa revue de kartvélologie, vol.34 (Paris, 1976), 128-31; M.Deribéré, “Les Géorgiens dans le corps des mameluks de l’Empire,” Bédi Kartlisa Revue de kartvélologie, vol.37 (Paris, 1979), 229-31.
3.Jean Savant, Les Mamelouks de Napoleon (Paris, 1949), 324.
4.”მემუარების” ქართულ ენაზე გამომცემლები: ალექსანდრე მიქაბერიძე, ახალგაზრდა ქართველი ისტორიკოსი, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი, საქართველოს ნაპოლეონის საზოგადოების პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ისტორიული საზოგადოების, ამერიკის სამხედრო ისტორიული საზოგადოების და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების წევრი, სპეციალიზდება XVIII-XIX სს ევროპის, განსაკუთრებით ნაპოლეონის ომებისა და შუა აღმოსავლეთის სამხედრო ისტორიის საკითხებზე. მისი ავტორობით და რედაქტორობით გამოიცა მრავალი ნაშრომი. დავასახელებთ მხოლოდ მონოგრაფიებს: The Russian Officer Corps in the Revolutionary and Napoleonic Wars, 1
5. “Mémoires inédits de Roustam, mamelouk de Napoléon Ier,” Revue rétrospective, T.8 (1888), 3-37, 49-78, 97-140, 145-68.
6.Моя жизнь рядом с Наполеоном. Воспоминания мамлюка Рустама Раза, армянина. Перевод с французского Григора Джаникяна, Ирины карумян (Ереван, 1997). რუსული გამოცემის სათაური არ შეესაბამება ფრანგულს იმ ნაწილში, რომელიც ეხება რუსტამის სომხობას, რაც ”მემუარების” ფრანგულ გამოცემებში არ გვხვდება.
7.Souvenirs de Roustam, mamelouk de Napoléon Ier, introduction et notes de P.Cottin, préface de F.Masson, Quatrième édition (Paris, 1911). ა.მიქაბერიძე აღნიშნავს, რომ მემუარების უკანასკნელი ფრანგული რედაქცია 2010 წელს გამოვიდა: Le mamelouk de Napoléon: les memoires de Roustam, le garde du corps de l’Empereur (Paris, 2010).
8.მ.ჯავახიშვილი, არსენა მარაბდელი, რჩეული თხზულებანი, ტომი IV (თბილისი, 1961), 417.
9.კ.გამსახურდია, დიონისოს ღიმილი, რჩეული თხზულებანი, ტომი V (თბილისი, 1961), 630-31.
10.ი.უგულავა, დურდანში არის საფლავი (თბილისი,1986).
11.აი როგორ წარმოიდგინა მწერალმა ამ ორი პიროვნების საუბრის ფინალი: ბაგრატიონი - ”სადაური ხარ, საიდან გაგიტაცეს? რუსტამი: საქართველოდან! ბაგრატიონი წამოდგა, სულ ახლოს მივიდა მამლუქთან, თვალებში ჩააშტერდა. - ქართული იცი? - არა. არც მან (ე.ი. ბაგრატიონმა) იცოდა... რუსტამს უხაროდა, ასეთი მტკიცე ხასიათის, შეუვალი და შეუპოვარი თანამემამულე რომ იხილა” (გვ.152-53, 156).
12.მ.თარხნიშვილი, "მარაბდელი მამლუქი", ახალგაზრდა კომუნისტი, 20.I, №9 (1962).
13.მაგალითად, ორი ლექსი ("ნაპოლეონ ბონაპარტი" და "მამლუქის საფლავზე"), ანონიმი ავტორისა (ლევან63), რომელიც ააღელვა ქართველი რუსტამის ცხოვრებამ (ინტერნეტრესურსი: http://urakparaki.com/?m=4&ID=49260). პარიზში ნაპოლეონის საფლავთან მდგომი ის წერს: "სიმართლეს გეტყვით, აქ რომ ვიდექი, ამაყი ვიყავ, რომ ვარ ქართველი, რადგან ბონაპარტს პირადი მცველი, ქართველი ჰყავდა, თან ავლაბრელი... ზუსტად ამიტომ მეამაყება, იმპერატორის კუბოსთან დგომა, როცა ვფიქრობ, რომ მას გვერდში ედგა ქართველი ბიჭი, თავისი ბედის ამაყი მონა". დურდანში, რუსტამის საფლავთან კი წერს: "მეც რითი მოგცე ნუგეში? მხოლოდ მაქვს თაფლის სანთელი, და ერის შენის ქართველთა, ნაკვესი დანაბარები: მშვიდად ებარე ფრანგთ მიწას, ჩაფლულს ია და ვარდებში, ჩვენ გვეხსომები მარადჟამს, შეგამკობთ შარავანდებში". (ინტერნეტრესურსი: http://urakparaki.com/?m=4&ID=44513)
14.გიორგი მახარაძე, "ვინ იყო ნაპოლეონის პირადი მცველი? რუსტამი ანუ თბილისელი მამლუქის ისტორია", საქართველოს რესპუბლიკა, 1.V (2011).
15.ნონა შელია, "ნაპოლეონის მამლუქი როსტომ რაზმაძე (1780-1845)", საიტი: ქართულო მიწავ დასაფიცარო, სად არ წასულან შენი შვილები (ინტერნეტრესურსი: http://mdinareebimwerlobashi-nonka. blogspot.com/2012/01/blog-post.html).
16.მამია ხუხუნი, "მამლუქი რუსტამი", მნათობი, 3 (1984), 170-3.
17.ი.ტაბაღუა, "რუსტამის მოუსვენარი ახალგაზრდობა, ანუ როგორ გახდა იგი ნაპოლეონის მამლუქი", თბილისი, 12.VI. (1986).
18.მ.ვადბოლსკი, "რუსტამ მამლუქის თავგადასავალი", სოფლის ცხოვრება, 11, VIII (1967); იგივე სტატია უცვლელად დაბეჭდა გაზეთში ტყიბული, 22.VIII (1967). ქართველად არის ის დასახელებული ერთი ანონიმი ავტორის მიერ: "რუსტანი", ავანგარდი (ცხაკაია), 30.VIII, (1959).
19.გ.ჟორდანია, ”რუსტამი”, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.8 (თბილისი, 1984), 515 და ეს გვარი – რაზმაძე უკვე მეორდება ვიკიპედიის უცხოურ ვერსიებშიც.
20.შალვა ბერიძე, ”ნაპოლეონის მხლებელი – როსტომი”, კავკასიონი, XII (პარიზი,1967), 96. ინფორმაცია ამის შესახებ იხ.გურამ შარაძე, შალვა ბერიძე, სახალხო განათლება, 18.I (1989), 9.
21.Gualtiero Guatteri, Roustam: il mammalucco di Napoleone; storia, memorie, aneddoti (Napoli, 1935).
22.გ.ბეი-მამიკონიანი, ”ქართველი მამელუკები ეგვიპტის სუვერენიტეტის აღდგენისათვის ბრძოლაში”, მნათობი, 9 (1957), 130.
23.К.Котрикадзе, "телохранитель Наполеона - уроженец Тифлиса", Свободная Грузия, 27.09, (1998).
24.გ.ჯაფარიძე, ”იყვნენ ქართველები ნაპოლეონის არმიაში?”, ჩვენი მწერლობა, 8. VIII, (2011), 4-5.
25.მერაბ კალანდაძე, ”რუსტამი – ნაპოლეონის მამლუქი”, ისტორიანი, IX (2011), 46-9.
26.М.Нейман, Армяне (СПб, 1899), 160-3
27.Погосян, "Материалы о телохранителе Наполеона армянине Рустаме", Вестник Общественных наук Армянской ССР, 7 (1983), 77-90
28. ინტერნეტრესურსი:
29. ინტერნეტრესურსი:http://otvet.mail.ru/question/29830901/). არასლის წიგნმა და აზერბაიჯანში გამოქვეყნებულმა ამ საიტმა გამოიწვია მკვეთრი რეაქცია სომხეთში.
30.ხუხუნი, მამლუქი რუსტამი, 172.
31.აქედან უნდა მოდიოდეს ვადბოლსკისეული რუსტამის არარსებული გვარი ხონამაშვილი.
32.Savant, Les Mamelouks de Napoleon, 325.
33.იქვე, 453.
34.Погосян, Армяне - сподвижники Наполеона: история и мифы, (Ереван, 2009), 22
35.გიორგი ავალიშვილი, მგზავრობა თბილისიდან იერუსალიმამდე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ.მეტრეველმა (თბილისი, 1967), 128, 136 და სხვ.
36.Armenian Male Names – Armeniapedia.org (internetresursi: http://www.armeniapedia.org/index.php?title=Armenian–Male–Names).
37.მაგალითად, Рустам Раза - материаля из Википедии (ინტერნეტრესურსი: http://ru.wikipedia.org/wiki
39.სარეცენზიო წიგნის საძიებელში (გვ.147), რომელიც რედაქციის მიერ არის მომზადებული, შეცდომით წერია ამირ ალ-ჯახარი.
40.Абд ар-Рахман ал-Джабарти, Египет в период экпедиции Бонапарта (1798-1801), перевод, предисловие и примечания И.М.Фильштинского, Том III, Часть I, (Москва, 1962), 196-8, 500, пр.330
41.Абд ар-Рахман ал-Джабарти, Египет в канун экпедиции Бонапарта (1776-1798), перевод, предисловие и примечания Х.И.Кильберг, (Москва, 1978), 299, 352-3, 355.
42.Абд ар-Рахман ал-Джабарти, Египет в период экпедиции Бонапарта, 18
43.იქვე.
44.XVII-XVIII სს-ის ეგვიპტის მამლუქთა ოლიგარქიაში ქართველების შესახებ იხ.Daniel Crecelius, Gotcha Japaridze, “Georgians in the Military Establishment in Egypt in the Seventeenth and Eighteenth Centuries,” Annales Islamologiques, 42 (2008), 313-37.
45. Погосян, "Материалы о телохранителе Наполеона армянине Рустаме", 53-5
46.იქვე, 45.
47.იქვე.
48.Biographie nouvelle des contemprorains, t. XVIIII (Paris, 1825), 263.
49.ასახელებენ დებრეს ნახატს, რომელზეც ასახულია საპატიო ლეგონის ორდენის დაჯილდოების ფაქტი. სურათზე ჩანს რუსტამი, მაგრამ ძნელი სათქმელია, უკეთია თუ არა მას ორდენი.
50.ჯაფარიძე, ”იყვნენ ქართველები ნაპოლეონის არმიაში?”; უფრო ვრცლად იხ. ალექსანდრე მიქაბერიძე, ”ამბავი ერთი მამლუქისა: ჟან შაჰინის მოღვაწეობა” (ინტერნეტრესურსი:http://www.facebook.com/notes/alexander-mikaberidze/ambavi-erti-mamluqisa/10150470316995849%20=EF=BB=BF).
|