topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნ.ხოფერია - ვახტანგ გორგასლის არმია: იყვნენ თუ არა კატაფრაქტები იბერიაში

<უკან დაბრუნება...<<<მემატიანე საქართველოს ბრძოლები და სამხედრო საქმე>>>

ვახტანგ გორგასლის არმია: იყვნენ თუ არა კატაფრაქტები იბერიაში

„ხოლო სპანი იგი წარემართნენ განმზადებულნი,

ცხენ-თოროსანნი და ჯაჭვ-ჩაბალახოსანნი,

წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი,

და ქუეითთა უკანა სიმრავლე მხედართა".

ჯუანშერი

V საუკუნის II ნახევრის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორია მძაფრი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენებითა და მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოირჩევა. ეს იყო ევროპის ტრანსფორმაციის ხანა – ცეცხლითა და მახვილით, ნგრევით, ძარცვით – დაეცა ქალაქები, დაცარიელდა წარსულში დიდებული დასახლებები, დაკნინდა რომაული კულტურა. დასავლეთ რომის იმპერიის დასუსტება და დაცემა იმ დროისთვის სამყაროს დასასრულად აღიქვეს – არ არის რომი, არ არის სამყარო. ხალხთა დიდი გადასახლება, რაც რომის განადგურების მთავარი მიზეზი გახდა, ნიშნავდა იმას, რომ რომანულ ევროპაში (რომის იმპერიის საზღვრებში მოქცეული ქვეყნები) გამოჩნდნენ სკანდინავიელი, ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლზე მცხოვრები და შორეული რუსული სტეპებიდან წამოსული ხალხები. დაარსდა ახალი, ბარბაროსთა სახელმწიფოები. აღმოსავლეთ რომის იმპერია, რომელიც რომის მემკვიდრეს უწოდებდა თავს, კვლავ პირველობდა ევროპულ სივრცეში VIII საუკუნის ბოლომდე, როცა ფრანკთა იმპერიის მონარქი კარლოს დიდი რომის პაპმა ლეო III-მ იმპერატორად აკურთხა. ეს გახლდათ Translatio Imperii – იმპერიის გადატანა. V საუკუნეში ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში კონსტანტინოპოლის მმართველებს თითო-ოროლა თანასწორი მეტოქე თუ მოეძებნებოდათ. მათგან უპირველესი იყო სასანიდური ირანი. III საუკუნეში დასუსტებული პართიის არშაკიდების სამეფო სწორედ სასანიდებმა ჩაანაცვლეს და რომისთვის ბევრად მძლავრ მოწინააღმდეგედ იქცნენ, ვიდრე პართიელები. ელინიზებული არშაკიდი დიდი მეფეები III საუკუნის დასაწყისიდან ჩამოაგდეს ახალი დინასტიის, სასანიდების წარმომადგენლებმა, რომელთაც განაახლეს ძველი აქემენიდური ირანი (А. Васильев. История Бизантииской Империи, т.1).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

რომსა და ირანს შორის ომები ხშირად მთავრდებოდა სპარსელთა გამარჯვებით. 365 წლის კამპანია, რომელიც იმპერატორ იულიანე აპოსტატის (განდგომილის) დაღუპვით დასრულდა მესოპოტამიაში, ისეთივე დიდი კატასტროფა იყო რომისთვის, როგორიც ადრიანოპოლის ბრძოლაში გოთების გამარჯვება თხუთმეტი წლის შემდეგ (John Keegan. A History of Warfare). სასანიდ დიდ მეფეთა სურვილი გახლდათ ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში არსებული უღელტეხილების ჩაკეტვა, რითაც თავიდან აიცილებდნენ ამ მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს ალანებისა და განსაკუთრებით თეთრი ჰუნების – ჰეპტალიტების მხრიდან, რომლებიც ირანის დაუძინებელ მტრად მიიჩნეოდნენ. აღმოსავლეთ რომის იმპერიისთვის ეს გზები ასევე მნიშვნელოვანი იყო და რეგიონში გაბატონებას რომაელებიც ცდილობდნენ. ორი უზარმაზარი და მძლავრი სახელმწიფოს ინტერესებში მოქცეულ იბერიას სათავეში იმ დროისთვის შესაფერისი ლიდერი – „დიდი მეფე" ვახტანგ გორგასალი ედგა.

ვახტანგ გორგასალი (მხატვარი: ლევან კიკალიშვილი)

ვახტანგ გორგასალი იბერიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისი მეფობა საინტერესოა როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური და დიპლომატიური თვალსაზრისით. წყაროების სიმცირის მიუხედავად, აღსანიშნავია რამდენიმე საუკუნის შემდგომ მოღვაწე ჯუანშერ ჯუანშერიანისა და ვახტანგისვე პერიოდის სომეხი ავტორის, ლაზარ ფარპეცის თხზულებები. ისინი ვახტანგს ძლიერ და უნარიან მმართველად მოიხსენიებენ. მკვლევარ კირილ თუმანოვის აზრით, ვახტანგი უნდა დაბადებულიყო დაახლ. 439 წელს და ტახტზე 446 წლისთვის ასულიყო. როგორც ჩანს, იგი სამოც წელს იყო მიტანებული, როცა დიდი მეფე კავად I 502-506 წლებში ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ ამზადებდა ომს. გორგასალი სავარაუდოდ, გარდაიცვალა 522 წელს, როცა ოთხმოცდასამ წელს გახლდათ მიტანებული, მისი მოწინააღმდეგე კავადი კი 451 წელს აღესრულა 80-82 წლის ასაკში (Cyrille Toumanoff, Studies in Christian Caucasian history). ვახტანგი ცდილობდა ირანის გავლენიდან გამოსვლას. მან 482 წელს მოაკვლევინა თავისი უძლიერესი ვასალი - ვარსქენი, გოგარენეს, იმავე გუგარქის, ქვემო ქართლის პიტიახში (Vitaxa of Gogarene). როგორც ცნობილია, იგი ზოროასტრიზმის მიმდევარი გახდა და ქრისტიანი ცოლი (შემდგომ წმინდანად აღიარებული) შუშანიკი, ვარდან II მამიკონიდის ასული წამებით მოკლა. ამ აქტით აშკარა გახდა ვახტანგის დაპირისპირება თავის სიუზერენ ირანის შაჰთან, რომელმაც წააქეზა ვარსქენი განდგომისკენ.

შაჰინშაჰ კავად I-ს გამოსახულება სასანურ მონეტაზე

ვახტანგ გორგასალი დაუკავშირდა სომეხ მმართველებს ალიანსის ჩამოსაყალიბებლად, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიის ჰუნებს - დახმარებისთვის. რისთვის უნდა მიეღწია პატარა ქართული სახელმწიფოს მონარქს ასეთ რთულ ვითარებაში, თუ სათანადო უნარს არ გამოიჩენდა. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგი ბევრჯერ დამარცხდა ირანთან დაპირისპირებისას, მაინც მოახერხა უამრავი დაღვრილი სისხლისა და დიპლომატიური ბრძოლის ფასად, შეენარჩუნებინა სამეფო. ვახტანგ გორგასლის პოლიტიკური მოღვაწეობიდან ნიშანდობლივია შემდეგი მომენტები, რომელთაც სწორედ რომ შესაძლებელია მის მიერ „დიდი მეფის" ტიტულის მიღება დავუკავშიროთ. ეს მომენტებია: ვახტანგის ლაშქრობა ჩრდილოეთ კავკასიაში და ალიანსი შაჰ ჰორმიზდთან; ვახტანგის აღმოსავლური ლაშქრობა ირანის შაჰთან ერთად იმ სივრცეში, სადაც სწორედ ამ პერიოდში არსებობდა „დიდი მეფის" // „მეფეთა მეფის" ტიტული; მისი ალიანსი თეთრ ჰუნებთან (ნინო მიწიშვილი. დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი). ასევე აღსანიშნავია ბიზანტიელთა წინააღმდეგ მოქმედება დასავლეთ საქართველოში, ციხე-ქალაქების მშენებლობა და რელიგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი – საქართველოში პეტრე კათოლიკოსის ჩამოყვანა, რომელმაც მთავარეპისკოპოსი ჩაანაცვლა. ამჯერად ჩვენ მიმოვიხილავთ სამხედრო საკითხებს.

სასანური კატაფრაქტი - რეკონსტრუქცია

იმჟამად სპარსული სამხედრო ძალები საუკეთესოდ ითვლებოდა ახლო აღმოსავლეთში. სასანური ირანის მხედრობამ გავლენა მოახდინა ბიზანტიის სამხედრო ხელოვნების განვითარებაზე. ირანის ჯარის სამხედრო შეიარაღება და წყობა სანიმუშო გახდა ევროპული სახელმწიფოებისთვის. ცხენოსან ბარბაროსებთან რამდენიმე დამარცხებამ დააფიქრა ევროპა ახალი არმიის შეიარაღებასა და წყობაზე. ნაწილი ისტორიკოსებისა შუა საუკუნეების რაინდს მიიჩნევს ირანის მხედართა სამხედრო ტექნიკისა და ხელოვნების მემკვიდრედ. იბერიას, რომელიც სასანიდთა გავლენის ქვეშ იყო, სწორედ მათგან უნდა აეღო ბრძოლის წარმოებისა და არმიის შეიარაღების წესები. ვახტანგ გორგასლის ჯარის შესახებ, რომლითაც მან ალანების წინააღმდეგ ილაშქრა, ცნობებს ჯუანშერ ჯუანშერიანის თხზულება გვაძლევს. ჯუანშერ ჯუანშერიანის ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში არის მნიშვნელოვანი ტექსტი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში იბერიელთა და სპარსელთა ჯარის ალან-ოსებსა და მათ მოკავშირეებთან ბრძოლას უკავშირდება: „ხოლო სპანი იგი წარემართნენ განმზადებულნი, ცხენ-თოროსანნი და ჯაჭვ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქუეითნი, და ქუეითთა უკანა სიმრავლე მხედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წვიმა მძლავრი". მიუხედავად იმისა, რომ ჯუანშერი ვახტანგ გორგასლის მეფობიდან რამდენიმე ასწლეულის შემდეგ მოღვაწეობდა, იგი საკმაოდ ზუსტ აღწერილობას იძლევა ირანის გავლენის ქვეშ მყოფი იბერიის ჯარის სამხედრო წყობასა და შეიარაღებაზე.

ირანული არმია სწორედ ასეთი წყობით იბრძოდა: წინ მძიმე კავალერია -კატაფრაქტები, შემდეგ ქვეითი ჯარი, ბოლოს კი მსუბუქი ცხენოსნები. იმავდროულად, ჯუანშერისეული ტექსტის მიხედვითვე ჩანს, რომ იბერიელი მეომრები იყვნენ „ცხენ-თოროსანნი და ჯაჭვ-ჩაბალახოსანნი", ანუ როგორც მხედარი, ისე ცხენი აბჯრით იყო დაფარული. აქ კი საქმე გვაქვს ირანულ კატაფრაქტებთან. ცხენის აბჯარი ნამდვილად იყო გავრცელებული საქართველოში და მას დიდი ხნის ისტორია აქვს. შეჯავშნულ ცხენზე ბრძოლის ტრადიცია ქართველებს, სულ ცოტა, ვახტანგ გორგასლის ხანიდან აქვთ დადასტურებული (მამუკა წურწუმია, ცხენის აბჯარი შუა საუკუნეების საქართველოში). ეს ცხენოსნები მეფის გვარდიიდან ან ვარაზ-ბაკურის (ირანის მოხელე კავკასიაში) სპარსული ჯარიდან უნდა ყოფილიყვნენ: „და გამოგზავნა ვარაზ-ბაკურ სპანი თვისნი თორმეტი ათასი მხედარი". ჯუანშერივე აღნიშნავს: „მუნ მიერთნენ ყოველნი მეფენი კავკასიანნი". საინტერესოა, ვინ იყვნენ „მეფენი კავკასიანნი". სავარაუდოდ, ისინი მოქირავნეები ან ირანის ვასალი მომთაბარეები უნდა ყოფილიყვნენ. იმავდროულად ჯუანშერი მიუთითებს, რომ „მეფენი კავკასიანნი" მხედრობას ახმარენ ვახტანგს - „ორმოცდაათი ათასი მხედარი". რა თქმა უნდა, რიცხვი გაზრდილია, მაგრამ ჩანს, საქმე გვაქვს ცხენოსან ჯართან. ეს არც არის გასაკვირი - ჩრდილოეთკავკასიელი მომთაბარე ხალხები ქვეითად არ იბრძოდნენ. მათი ცხენოსანი ჯარი კი შიშის ზარს სცემდა მთელ მაშინდელ მსოფლიოს.

ცხენოსან-მოისართა ტაქტიკა ბრძოლის ველზე

ა.ცხენოსან-მოისართა პოზიციები

ბ.სარეზერვო ცხენოსანი ჯარი

გ.ქვეითი ჯარი

დ.ცხენოსან-მოისართა ამუნიცია(იარაღის მარაგები)

ე.ცხენოსან-მოისართა მანევრირების არეალი

ვ.მოწინააღმდეგის ჯარი

ჯუანშერი ასახელებს ვახტანგის არმიის რაოდენობას: „ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისადა; და შემოკრბეს ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა: და იყო ასი ათასი მხედარი და სამოცი ათასი ქუეითი", რასაც ემატება ვარაზ ბაკურის თორმეტი ათასი და „კავკასიის მეფეთა" ორმოცდაათი ათასი მხედარი. რიცხვები, შეიძლება ითქვას, მეტისმეტადაა გაზრდილი. იბერიის სამეფოს პოტენციალი, რომელიც ხშირად ეწირებოდა მომთაბარე ტომებისა და მეზობელი იმპერიების რეიდებს, მაღალი არ ყოფილა. ამას გამოაკლდებოდა ის მეომრებიც, რომლებიც სამეფოს დასაცავად იყვნენ საჭირო და მუდამ გარნიზონებად უნდა მდგარიყვნენ თავდაცვით პუნქტებში. როცა რომის იმპერატორმა იულიანე განდგომილმა კამპანია დაიწყო სასანიდების წინააღმდეგ და დაგეგმა მათი დედაქალაქის - ქტესიფონის დაკავება, 70-80 ათას ჯარისკაცს მოუყარა თავი და ესეც საკმაოდ გაზრდილ რიცხვად მოჩანს (G.W.Bowersock. Julian the Apostate). თუ რომის იმდროინდელ მდგომარეობას განვიხილავთ, იმპერატორი ვალდებული იყო დაეტოვებინა დიდი რაოდენობით გარნიზონები, რათა მისი სპარსული კამპანიის პერიოდში საზღვრები დაცული ყოფილიყო. IV საუკუნის რომის იმპერიას კი, რომელსაც ძირითადად თავდაცვითი პოზიცია ეკავა და ძლივს უძლებდა ბარბაროსთა ყოველმხრივ შეტევებს, უწევდა მუდმივად ჰყოლოდა Limitanei-ს, ანუ მესაზღვრეთა ლეგიონები. ეს ლეგიონები ერთ ადგილას ცხოვრობდნენ, იმპერატორი კი ლაშქრობებში Comitatenses-ს (შიდა სამსახურის ჯარებს) იყენებდა.

იმპერატორ იულიანე განდგომილის სიკვდილი ირანელებთან ბრძოლაში

ადრიანოპოლის დიდ ბრძოლაში 378 წელს იმპერატორ ვალენსის მეთაურობაში მყოფი აღმოსავლეთ რომაული არმიის რიცხოვნობა 15-20-დან 25-30 ათას კაცამდე მერყეობს (Simon MacDowall. Adrianopole, AD 378: the Goths crush Rome's legions). ირანული არმიების რაოდენობრივი მაჩვენებლები არცთუ ბევრი გვაქვს და უმეტესობა VI საუკუნისა და VII საუკუნის პირველი ნახევრისაა, როცა სასანიდები ისლამურ ხალიფატს ებრძოდნენ. ბიზანტიის წინააღმდეგ სატალასთან გამართულ ბრძოლაში მერ-მეროეს 30 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავდა. ვალაჯის გადამწყვეტ ბრძოლაში 633 წელს ირანელებს 40 ათასი მეომარი უნდა ჰყოლოდათ (A.I.Akram, The sword of Allah, Khalid bin al-Waleed: his life and campaigns). ყველაზე რთული მაინც მომთაბარეთა ჯარის რაოდენობის განსაზღვრაა. ისტორიული წყაროები მათ უზარმაზარ რიცხვზე საუბრობენ, მაგრამ როგორც შემდგომ გამოჩნდა, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ავართა მომთაბარე ტომისა და ბიზანტიის ჯარს შორის ბრძოლა ვიმინაციუმთან 599 წელს ავართა სასტიკი მარცხით და თითქმის მისი სრული განადგურებით დასრულდა. ავარებმა 28 ათას მეომრამდე დაკარგეს (J.B.Bury. A history of the later Roman empire, from Arcadius to Irene - 395 A.D. to 800 A.D). რიცხვები ასე თუ ისე ნათელია და ალბათ აღარ საჭიროებს იმის გამეორებას, რომ შუა საუკუნეების ისტორიული წყაროები სამხედრო ძალების რაოდენობის დასახელებისას ხშირადაა აცდენილი რეალობას.

გვიანდელი რომაული არმიის ერთ-ერთი ტაქტიკა - Fulcum, რომელმაც წარსულში ცნობილი - Testudo ანუ კუ ჩაანაცვლა.

მხედრები თავისუფალ წვრილ მესაკუთრე მიწათმფლობელთა რიგებიდან გამოდიოდნენ. ცხენი და იარაღი მათ საკუთარი უნდა ჰქონოდათ. ვისაც ქონებრივი შეძლება ჰქონდა, ცხენს ჯავშანს ადგამდა („თორნი") და თვითონაც „ჯაჭვ-ჩაბალახით" იმოსებოდა. მძიმედ შეჭურვილი მხედრები - „თოროსნები", ჯარის ავანგარდულ ნაწილს ქმნიდნენ, მათ მოჰყვებოდნენ ქვეითები („მკვირცხლი ერისაი"), რომელთაც ზურგში ედგნენ მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსნები - „სიმრავლე მხედართაი" (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, 8 ტომად. ტომი II). მხედრებს სამსახურის სანაცვლოდ, ჩვეულებრივ, ულუფა და სარგო ეძლეოდათ, რასაც „როჭიკი" ეწოდებოდა. ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა-განვითარების შედეგად, მხედრის სამსახურის საფუძვლად თანდათან მიწა იქცა. საერთოდ, მემამულეთა თვალსაზრისით, „მხედრები" ძირითადად წვრილი მიწათმფლობელები არიან. ისინი, ვის ხელშიც საკმარისი მიწა აღმოჩნდა, ლაშქრობასა და სამსახურს ახლა უკეთ ახერხებდნენ და აზნაურდებოდნენ. ამ მხრივ საყურადღებოა ვახტანგ გორგასლის ღონისძიება, რომელმაც ოსებზე გამარჯვების შემდეგ „წარჩინებულ ქმნა მხედარნი, მსახურნი მხნედ" (ქართლის ცხოვრება). ჯარის ორგანიზაციის ეს ტიპი ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური და სოციალური დიფერენციაციის შედეგი იყო (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, 8 ტომად. ტომი II; A.H.M.Jones. The Later Roman Empire. 284-602).

Hippo-Toxotai - გვიანდელი რომაული არმიის მხედარი, შეიარაღებული შუბითა და მშვილდ-ისრით

ვახტანგ გორგასლის დროს უნდა დაწყებულიყო იმ საზოგადოების ფორმირება, რომელიც შემდეგში ტაძრეულის სახელით გახდა ცნობილი. „მსახურების" ერთ განსაზღვრულ, პრივილეგირებულ ჯგუფს ქმნიდნენ „ტაძრეულები". თუ „მსახური" „სახლისგან" არის ნაწარმოები, „ტაძრეულები" „ტაძრისგან" მომდინარეობს (ძვ.სპ. Tacara ნიშნავს სასახლეს). „ტაძრეულები" „სამეფო სახლის", „სეფექვეყნის" ხალხია. ისინი რანგით მაღლა დგანან ჩვეულებრივ მსახურზე. მათი დაწინაურება-გააზნაურების შესაძლებლობაც, ცხადია, მეტია. მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ფეხოსნები, როგორც ირანის შემთხვევაში ვნახეთ, არც იბერიის ჯარში ასრულებდნენ ძირითად როლს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კავალერიის მიღწეული შედეგი მათ უნდა გაემტკიცებინათ, დაეკავებინათ პოზიციები და დაერტყათ ცხენოსნებისგან მოცელილი და დაფანტული მოწინააღმდეგისთვის. ასევე ფეხოსნები იღებდნენ მტრის ციხესიმაგრეებსაც.

სასანური ირანის არმიის ქვეითი მეომარი

მათ შორის უმეტესობა მსუბუქად იყო შეიარაღებული, რადგან აბჯარ-საჭურველი ძვირი ჯდებოდა, ხოლო ღარიბ ყმებს არ შეეძლოთ დიდებულთა მსგავსად აღჭურვილიყვნენ. იქნებ ამასთან დაკავშირებით უწოდეს მათ „მკვირცხლი ერისაი". მსუბუქი ქვეითი ჯარი შეიარაღებული იყო ძირითადად ხელშუბებით, მშვილდ-ისრებით, შურდულებით, შუბებითა და ფარებით. მათ უკან მოჰყვებოდა მსუბუქი კავალერია, რომელსაც ის ფუნქციაც გააჩნდა, რომ არ მიეცა საშუალება საკუთარი ქვეითებისთვის, ბრძოლის ველიდან გაქცეულიყვნენ. ირანული მაგალითის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვახტანგის არმიის მსუბუქი ცხენოსნები მოქირავნე ან მოკავშირე ჩრდილოეთკავკასიელები იყვნენ (თუნდაც ჯუანშერის „მეფენი კავკასიანნი"), რომელთაც სასანიდებიც იყენებდნენ. V საუკუნის იბერიული არმიის მთლიანი და დეტალური სახის აღდგენა ძნელია, რადგან არ გვაქვს საკმარისი არქეოლოგიური და დოკუმენტური მასალა, რასაც დავეყრდნობოდით კვლევისას, თუმცა მიუხედავად ამისა, უცხოური წყაროებისა და მეზობელი სახელმწიფოების კარგად შესწავლის შედეგად, შესაძლებელია მისი ზოგადი სახის ჩვენება.

ნიკა ხოფერია

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ისტორიანის" აპრილის ნომერში

http://samxedro-istoria.blogspot.com/2013/04/blog-post.html