topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

დრანეთის (დრიანეთის) ეკლესია (ალექსეევკა)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<თეთრიწყაროს რაიონის ძეგლები>>>


ალექსეევკა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.1, გვ. 301, თბ., 1975 წელი

ალექსეევკა, სოფელი თეთრი წყაროს რაიონში (ირაგის სოფსაბჭო), მდინარე ასლანკის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1180 მ, თეთრიწყაროდან 13 კმ... ალექსეევკის მიდამოებშია X-XI საუკუნეების ეკლესია ”დრიანეთი”.

დრანეთი - სოფელ ალექსეევკას ძველი სახელწოდება. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ასლანკის (ძველი ქართული სახელწოდება ტორნე) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 13 კმ-ით. დღევანდელ სოფელ ალექსეევკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ში, მდ.ასლანკის (შეერქვა XIX საუკუნეში ჩასახლებული რუსების მიერ), ანუ ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე, მდებარეობს ნასოფლარი დრანეთი. აქვე მდებარეობს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი. მისი პირველი მეცნიერული პუბლიკაცია და ნასოფლარ დრანეთის იდენტიფიკაცია-ლოკალიზაცია ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (XX საუკუნის 40-50-იან წლები. ხელმძღვანელი ნ.ბერძენიშვილი) მოახდინა. 1701-1711 წლების აღწერაში ეს სოფელი მოხსენიებულია, როგორც „დრანეთი“, ხოლო 1721 წლისაში - „დრიანეთი“. ვახუშტის გეოგრაფიაშიც ეს სოფელი „დრანეთის“ სახელს ატარებს. ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია. არქეოლოგიურ სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული. ეკლესიაზე ჩატარდა არქეოლოგიური და სარესტავრაციო - საპროექტო სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე).

წყაროები: http://ka.wikipedia.org/wiki/

http://www.heritagesites.ge/files/PDF/Maketi.pdf

http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/a/aleqseevka_draneti.html


დრიანეთის ეკლესია (თეთრიწყაროს რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ალექსეევკა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.1, თბ., 1975 წელი, გვ.301

2. ციციშვილი ი. ხუროთმოძღვრული ძეგლი ნასოფლარ დრიანეთში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. ტ.XII. - თბ., 1951. - N5. - ნასოფლარ დრიანეთის ცალნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევების მოკლე აღწერილობა.

3. წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი ნასოფლარ დრანეთთან / გიორგი ლაღიაშვილი, გიორგი პატაშური // ძველი ხელოვნება დღეს - ”Ancient art today” / საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. - თბილისი, 2010. - 1987- N1. - გვ.41-50. - რესტავრაცია კონსერვაცია. - რეზ. ინგლ. ენ.

წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი ნასოფლარ დრანეთთან

გიორგი ლაღიაშვილი, გიორგი პატაშური

http://www.heritagesites.ge/files/PDF/Maketi.pdf

ნასოფლარი დრანეთი მდებარეობს თრიალეთის ზეგნის მისადგომებთან, ალგეთისა და ქციის წყალგამყოფ ბედენის მთის სამხრეთ ფერდობის დავაკებაზე, მდ.ირაგის ხეობაში, დღევანდელ სოფელ ალექსეევკის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) სამხრეთ დასავლეთით დაახლოებით 1 კმ-ში, ტორნეს1 ხევის მარჯვენა ნაპირზე. ”...ერთვის ქციას ხევი ტორნე, ირაგის ხეობის მდინარე. გამოსდის ბენდერის მთას, მოდის სამხრით. არამედ ხეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირ-ფრინვლიანი, მოსავლიანი...”2. XX საუკუნის 40-50-იან წლებში ქვემო ქართლის ისტორიულ - არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ნ.ბერძენიშვილი) მნიშვნელოვანი სამუშაოები აწარმოა თრიალეთში. გათხრის შედეგად მოსინჯული და ფიქსირებულ იქნა არაერთი ნასოფლარი, ტაძარი თუ სამაროვანი3. საკვლევი ძეგლის პირველი მეცნიერული პუბლიკაცია და ნასოფლარ დრანეთის იდენტიფიკაცია-ლოკალიზაციაც სწორედ ამ ექსპედიციის სახელთან არის დაკავშირებული. 1701-1711 წლების აღწერაში ეს სოფელი მოხსენიებულია, როგორც ”დრანეთი”, ხოლო 1721 წლისაში - ”დრიანეთი”4.

ვახუშტის გეოგრაფიაშიც ეს სოფელი ”დრანეთის” სახელს ატარებს. ეკლესია5 დგას ნასოფლარის აღმოსავლეთით ხუთასიოდე მეტრის დაშორებით, გაშლილ ველზე. 1949 წლის დაზვერვის დროს ისტორიკოსთა პირველადი დაკვირვების შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ იგი XI-XII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მოგვიანებით ამ ტაძარს საგანგებო სტატია მიუძღვნა ირ.ციციშვილმა. მკვლევარი მხატვრულ-სტილისტური ანალიზის საფუძველზე მას VIII-IX, ხოლო ფასადების რესტავრაციას XI საუკუნით ათარიღებს6. როგორც ჩანს, ტაძარს გარს უვლიდა კლდის ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. იგი ამჟამად მიწის პირამდეა დანგრეული, თუმცა მისი კონფიგურაცია ნათლად იკითხება. ეკლესიის ეზოში გვხვდება საფლავის ქვები, მათ შორის ბრტყელი და შეკაზმული ცხენის გამომსახველიც. ტაძარი წარმოადგენს ორსაფეხურიან ცოკოლზე აღმართულ, მოზრდილ დარბაზულ ნაგებობას, მინაშენით სამხრეთი ფასადის მთელ სიგრძეზე. ის ნაგებია კლდის ნატეხი ქვით, დუღაბზე. ფასადები მოპირკეთებულია ყვითელი (ე.წ. ”ალგეთის”) ტუფით.

ალაგ-ალაგ პერანგში ჩართულია შავი ბაზალტის თლილი ქვებიც. ეკლესიის ინტერიერი დანაწევრებულია ერთი წყვილი ძლიერ შვერილი, სამსაფეხურიანი პილასტრით, საიდანაც გადადის როგორც კამარის საბრჯენი ორსაფეხურიანი თაღი, ისე თითო-თითო თაღი გრძივ კედლებზე – დასავლეთით და აღმოსავლეთით. დასავლეთი კედლის კუთხეებზე ეკლესიას ასევე სამსაფეხურიანი პილასტრი აუყვება. ნახევარწრიული აფსიდის კუთხეებთან ორი მაღალი და ღრმა სწორკუთხა ნიშაა მოთავსებული (სამხრეთი ნიშა ნახევრად ამოქოლილია). ეკლესია ნათდება ოთხი თაღოვანი სარკმლით. მათგან ორი განთავსებულია სამხრეთ კედელზე, ერთი დასავლეთ კედელზე და ერთიც აღმოსავლეთით აფსიდის შუა ღერძზე. შესასვლელები ეკლესიას სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან ჰქონია, მოგვიანებით ეს უკანასკნელი კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით ამოუქოლავთ. ინტერიერში კარგად დამუშავებულ - გათლილი კვადრები გამოყენებულია მხოლოდ პილასტრებისა და კუთხეებისათვის, ხოლო კედლის მონაკვეთებში ნახმარია ნახევრად დამუშავებული მოზრდილი კლდის ქვა. ეკლესიაზე მკაფიოდ განირჩევა ორი სამშენებლო ფენა. დასავლეთ ფასადზე თავდაპირველი წყობიდან შემორჩენილი უნდა იყოს მიწის დონიდან კვადრების ოთხი რიგი. ეს წყობა გამოირჩევა დიდი ზომის კვადრების შედარებით მწყობრი და სწორი რიგებით, საიდანაც ამ რიგის სამხრეთი მხარე ასევე მთლიანად უნდა იყოს გამოცვლილი. ნაგებობის ჩრდილოეთი ფასადის პერანგი თითქმის სრულიად ჩამოცვენილია, წყობა ნაწილობრივ შემორჩენილია ფასადის კუთხეებსა და ქვედა პირველ ორ რიგზე. ყველაზე უკეთ თავდაპირველი წყობა აღმოსავლეთ ფასადზეა შემორჩენილი.

კარგად ნათალი, მოზრდილი, მართკუთხა კვადრების სწორი რიგები აქ თითქმის ფასადის შუა ნაწილამდე ადის, თავის თავში აქცევს სარკმელს და მის საპირეს. მინაშენის გამო სამხრეთ ფასადზე წყობის განშრევა თითქმის შეუძლებელია. ტაძრის მეორე სამშენებლო ფენა განსხვავებულია თავისი სამშენებლო ხარისხით: შედარებით მცირე ზომის კვადრების უსწორმასწორო რიგები ძალზე მოუხეშავ და უსიამოვნო წყობას ქმნის. ამ ფენის ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოთავსება საკმაოდ გართულდებოდა, რომ არა ამ ფენაში მოქცეული დასავლეთი ფასადის სარკმელი. იგი წარმოადგენს სადა წყვილი ლილვებით მოჩარჩოებულ განიერ საპირეს, რომელიც მთლიანად ”ხალიჩისებურად” დაფარულია რომბებში ჩასმული ვარსკვლავისებური ორნამენტით. საპირე კედლის წყობის ზედაპირს არ სცდება. მომაჩარჩოებელი ლილვები დაბრეცილია, ჩუქურთმის კვეთა დუნეა და უსიცოცხლო. ეს ყველა ნიშანი ამ საპირეს და, თავისთავად, ამ სამშენებლო ფენას არაუადრეს XIV საუკუნეში ათავსებს, თუმცა შესაძლოა იგი XV საუკუნისაც კი იყოს. რაც შეეხება ეკლესიის თავდაპირველ ფენას მისი თარიღის დადგენა შედარებით მარტივია, რადგან მასზე მრავალი ელემენტი მიგვანიშნებს. უპირველეს ყოვლისა ეს არის თავად კედლის წყობის ხასიათი: დიდი ზომის კარგად ნათალი კვადრების სწორი რიგები სწორედ რომ X საუკუნის ნიშნად უნდა ჩაითვალოს, მით უფრო ამ რეგიონში - ქვემო ქართლსა და ჯავახეთში. ამგვარ წყობას X-XI საუკუნეების მრავალ ნაგებობაზე ვხედავთ. ჩვენი ეკლესიის თარიღს კიდევ უფრო აზუსტებს აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის საპირე და მისი ორნამენტული მორთულობა.

სარკმლის განიერი საპირე მოჩარჩოებულია გრეხილი წყვილედი ლილვით. ამგვარ ლილვს ყველაზე ადრე X საუკუნის ოთხთა ეკლესიის მთავარი ნავის სარკმელთა მოჩარჩოებაზე და შატბერდის ტაძარზე ვხედავთ, ხშირი გამოყენება აქვს მას ტაო-კლარჯეთსა და დასავლეთ საქართველოში XI საუკუნის დასაწყისში - იშხანი, ხცისი, ნიკორწმინდა, კაცხი, სავანე. რაც შეეხება საპირის ორნამენტს, იგი შედგება ორი სახისგან, თუმცა ორივე წარმოადგენს XI საუკუნეში ფართოდ გავრცელებული S-ისებური ორნამენტის ერთგვარ წინასახეს. საპირის ზედა ნაწილი შედარებით გრაფიკული ხასიათისაა და ბოლოში “მოკაუჭებული” წვრილი ხაზებისგან შედგება, ხოლო ქვედა ნაწილი გაცილებით პლასტიკურია და უფრო ფოთლოვან ორნამენტს წააგავს. ორნამენტის ამგვარი სახე გვხვდება X-XI საუკუნეების მიჯნის ისეთ ძეგლებში როგორიცაა: სათხე, მუშევანი, ზემო ყარაბულახი, სამღერეთი. X-XI საუკუნეების მიჯნაზე მიგვითითებს ასევე ინტერიერში მასიური პილასტრების კაპიტელები, რომლებიც შემკულია ორრიგად დალაგებული მოზრდილი, სადა წრეებით, რომელთა შიგნით ბურთულებია ჩასმული. ამ ორნამენტითაა გაფორმებული ინტერიერის ყველა კაპიტელი. ორნამენტის ეს სახე და მისი სხვადასხვა მოტივები ფართოდ არის გავრცელებული სწორედ X-XI საუკუნეთა მიჯნაზე.

გეგმის მიხედვით ტაძარი უფრო X საუკუნის ძეგლების რიგში თუ მოექცევა. მძლავრი სამსაფეხურიანი პილასტრებით დანაწევრებული, ძლიერ პლასტიკური სივრცე მას ისეთი ძეგლების გვერდით ათავსებს, როგორიცაა X საუკუნის ურავლის აგარის მთავარი ტაძარი, ხურვალეთის წმ. გიორგის ეკლესია, ჩოჩეთის წმ.გიორგის ეკლესია, ხცისი (1002 წ). ამრიგად, ტაძრის თარიღად თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ X საუკუნის ბოლო ან X-XI საუკუნეთა მიჯნა. ძეგლზე არქეოლოგიური შესწავლის ძირითად ობიექტს ტაძრის მინაშენი წარმოადგენდა.7 მისი აღმოსავლეთი მხარე მთლიანად დანგრეულია. დარჩენილია შესასვლელი მონაკვეთი და დასავლეთი ნაწილი, რომლებიც გადახურულია ნახევარწრიული კამარით. შემორჩენილი კამარა ეყრდნობა ორ საბრჯენ თაღს ტაძარში შესასვლელი კარის ორივე მხარეს. თვით თაღები კი კონსოლებზეა შეკიდული. მინაშენის და სავ ლეთი ნაწილი, მოგვიანებით მშრალი წყობით ნაგები ტიხარით გამოუყვიათ მისი დანგრეული (აღმოსავლეთი) ნაწილისაგან. საინტერესოა ამ ტიხარში გამოყენებული სარკმლის თავსართი (მეორადი გამოყენება). იგი ამჟამად გადმობრუნებულია. ვიწრო, თაღოვან სარკმელს გადაევლება სადა და ბრტყელი წარბი გადანაკეცებით. წარბის ზემოთ, მარჯვენა მხარეს, გადანაკეცთან გამოსახულია მედალიონში მოთავსებული ბოლნური ჯვარი. სავარაუდოდ, ეს თავსართიც X საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს, თუმცა ამ ტაძარზე მისი ადგილის განსაზღვრა რთულია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი იყო მინაშენის აღმოსავლეთი სარკმლის თავსართი. ჩრდილოეთ მხარეს მინაშენი ეკლესიის კედლისკენ გახსნილია სწორკუთხა ბურჯებზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესიის შესასვლელთან თაღი დანარჩენებთან შედარებით განიერი და მაღალია. კარის მარცხენა მხარეს ბურჯის კაპიტელზე მოთავსებულია რელიეფური ბოლნური ჯვარი, რომელიც ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. მის მოპირდაპირედ, შესასვლელის მეორე მხარეს, ბურჯზე ამოკაწრულია ოთხსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. ი.ციციშვილის წაკითხვით იგი ასეთი შინაარსისაა:

ქრისტე შეიწყალე...

გალატოზი იოანე

და მისნი

ძენი ამინ.

მკვლევარი ამ წარწერას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მას XVII-XVIII საუკუნეებს აკუთვნებს8. თუმცა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ გიორგი გაგოშიძეს იგი არაუგვიანეს X-XI საუკუნისად მიაჩნია (ეს მოსაზრება ბატონმა გიორგიმ გაგვიზიარა პირად საუბარში).

არქეოლოგიური სამუშაოებისას ეკლესიის ფასადებთან და ინტერიერში გაიჭრა სადაზვერვო შურფები და გაითხარა მინაშენის დანგრეული (აღმოსავლეთი) ნაწილი. იგი მოქცეული იყო კამარისა და კედლების ნგრევისაგან წარმოქმნილ მოზრდილ ბორცვს შორის და მისი კედლების კონფიგურაციაც კი არ იკითხებოდა. სამხრეთი კედლის გამოსავლენად მინაშენის გადარჩენილი ნაწილის სამხრეთი ფასადიდან, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გავავლეთ თხრილი. ამ უბანზე მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 0,7-0,8 მ. სიღრმემდე ვრცელდებოდა ნანგრევი ქვა-ღორღის ფენა, რომელიც შეიცავდა კლდის ნატეხი ქვისა და ბაზალტის სამშენებლო ლოდებს, ღარიანი და გვერდებაკეცილი კრამიტის ფრაგმენტებს, მოუჭიქავი სასუფრე და საოჯახო დანიშნულების (ჯამები, დოქები, ქილები, ჭრაქი) ჭურჭლის ნატეხებს. ყურადღებას იპყრობს ამ კონგლომერატში დადასტურებული მოგრძო, სამკუთხაგანივკვეთიანი კლდის ქვა, რომელსაც მხოლოდ ერთი სიბრტყე აქვს დამუშავებულ-გათლილი. ამ სიბრტყეზე რელიეფურად გამოსახულია კვარცხლბეკზე მდგომი ტოლმკლავა ჯვარი. რადგან თხრილში სამხრეთი კედელი არ დაფიქსირდა, მინაშენის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ინტერიერის სავარაუდო ფართობზე დავიწყეთ მიწის ფენა-ფენა აღება. ამ უბანზე ჰუმუსური ფენის მოხსნის შემდეგ დადასტურდა 0,3-0,4 მ. სისქის სტერილური შრე, რომელიც წარმოქმნილი იყო კირის ნაფხვენითა და ნაშალი მიწით. ამ ფენის აღების შემდეგ ჩაქცეული კრამიტის (ღარიანი და გვერდებაკეცილი) სახურავზე დავდექით. მის ქვეშ კი იატაკის დონემდე, უშუალოდ კამარისა და კედლების ნგრევისაგან წარმოქმნილი ქვა-ღორღის ფენა იდო, რომელიც შეიცავდა კლდის ნატეხ ქვასა და მოჩუქურთმებულ კონსტრუქციულ დეტალებს, აგრეთვე გვიანი შუა საუკუნეების მოუჭიქავი ჯამებისა და დოქების ფრაგმენტებს, ობსიდიანის უფორმო ნატეხებს, ირმის, შვლისა და არჩვის ძირგადახერხილ რქებს. ნანგრევი ქვაღორღის კონგლომერატში გვხვდებოდა ნახშირიც (ნახანძრალი). განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს ამ უბანზე მოპოვებული კანდელი, (ინვ.№35) რომელიც ჩაქცეული სახურავის ფენასა და კამარის ნანგრევს შუა, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 0,6 მ. სიღრმეზე იქნა დადასტურებული. იგი დამზადებულია ვერცხლის თხელი, მთლიანი ფირფიტისაგან. მისი ტანი ორნამენტირებულია, ხოლო მხარზე შემოუყვება ასომთავრული წარწერა (ვრცლად იხ.ქვემოთ).

ფოტოს წყარო: http://www.heritagesites.ge/?lang=geo&page=207&news=827

არქეოლოგიური გათხრებისას ასევე გამოჩნდა მინაშენის ჩრდილოეთი თაღნარის ბოლო, მეშვიდე სვეტი და აფსიდის ჩრდილოეთი კუთხე, რომლებშიც გამოყენებული იყო ადრეული ქვაჯვარების ორნა მენტული სვეტები. კვადრატული განივკვეთის მქონე სვეტის კუთხეები მომრგვალებულია, ხოლო ყოველი წახნაგის ორნამენტი შემოფარგლულია წვრილი ხაზებით. სვეტის წინა პირზე სამხრეთ სიბრტყეზე გამოსახულია ერთმანეთის გადამკვეთი რომბები, ხოლო მათ მიერ შექმნილ ცარიელ მონაკვეთებში პატარა ბურთულებია მოთავსებული. რომბები შექმნილია ერთი ღარით გაყოფილი ორი წვრილი ხაზისაგან.

სვეტის დასავლეთ სიბრტყეზე გამოსახული ორნამენტი ცუდად განირჩევა, როგორც ჩანს, აქ ფოთლოვანი მოტივი უნდა იყოს წარმოდგენილი. აღმოსავლეთ სიბრტყეზე გამოსახულია ერთგვარად გოლგოთის ჯვრის სახე: სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე აღმართულია მაღალი გაფოთლილი ღერო, რომელიც სრულდება წრეში ჩასმული ბოლნური ჯვრის გამოსახულებით. ასეთივე გამოსახულება მეორდებოდა სვეტის ქვედა ნაწილში, რომელზეც ახლა მხოლოდ ჯვარი და მისი ღეროს ფოთლებია შემორჩენილი. როგორც ჩანს, სვეტი აქ გაკეთების დროს იყო გადატეხილი და მშენებელმა მისი ერთი ფრაგმენტი ერთგვარად სვეტისთავის მაგივრად მას გვერდულად, ზემოდან დაადო. მის წინა პირზე კი ანალოგიური წრეში ჩასმული ჯვარი, ფოთლები და მომდევნო გოლგოთის ჯვრის კვარცხლბეკის ფრაგმენტი მოჩანს. აფსიდის ჩრდილოეთ კუთხესთანაც ძველი ქვაჯვარის სვეტია ჩასმული. წინასთან შედარებით იგი ოდნავ ვიწროა და გრეხილ ღეროზე ასხმული ვაზის ორნამენტი აქ მხოლოდ სამხრეთ სიბრტყეზე იკითხება. სვეტის კუთხეები აქაც მომრგვალებულია და ორნამენტს, წინა სვეტის მსგავსად, ვიწრო ხაზი შემოფარგლავს. ორივე ქვაჯვარის სვეტი არაუგვიანეს VI-VII საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. პარალელისთვის საინტერესოა ქვეშის ეკლესიის კედელში ჩატანებული VI საუკუნის ქვაჯვარის სვეტი, სადაც ერთ მხარეს ვაზის ორნამენტია, ხოლო მეორეზე დრანეთის ეკლესიის ქვაჯვარის მსგავსი გოლგოთის ჯვრებია გამოსახული. ქვეშში ეს ორივე ორნამენტი შედარებით გრაფიკული და მოუხეშავი ხასიათისაა, ხოლო დრანეთის ორნამენტები უფრო პლასტიკურია და შედარებით უკეთესი ხარისხის. ამიტომაც, შესაძლებლად მიგვაჩნია ვივარაუდოთ, რომ ისინი VII საუკუნეს განეკუთვნება. ამრიგად, როგორც ჩანს, X საუკუნეში ამ ადგილას ეკლესიის აგებამდე, სოფელს სალოცავად ქვაჯვარები ჰქონდა აღმართული.

განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს ვერცხლის კანდელი, დამზადებული თხელი, მთლიანი ფირფიტისაგან. პირი ოდნავ გადაშ ლილია, ყელი გამოყვანილი; აქვს გამობერილი მუცელი და პატარა, გამოყვანილი ქუსლი ბრტყელი ძირით. ნივთის ყელი, ტანი და ძირი დაჩხვლეტილია. მუცელზე განლაგებულია სამი რგოლი (საკიდი). კანდელი მთლიანად ორნამენტირებულია, მხარზე შემოუყვება დაქარაგმებული ასომთავრული წარწერა. კანდელის სიმაღლე - 9,5 სმ; პირის დმ. - 8 სმ; მუცლის დმ. - 8,5 სმ; ძირის დმ. - 4 სმ; ქუსლის სიმაღლე - 0,5 სმ. ის აღმოჩნდა ეკლესიის მინაშენის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ჩაქცეული კრამიტისა (სახურავის) და ნანგრევი ქვა-ღორღის (კამარის) ფენებს შორის, მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 0,6 მ. სიღრმეზე. წარწერიდან სადღეისოდ იკითხება: ”წმინდაო კვირიკე და ივლიტე დრანეთისაო მეოხ ეყავ შემწირველსა...” პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, კანდელი XIII, არაუგვიანეს XIV საუკუნით თარიღდება9. კანდელი მრავალმხრივ საინტერესო მონაპოვარია. მისი ანალოგიები არ არის ცნობილი, არც სამეცნიერო პუბლიკაციებში და მასთან მეტ-ნაკლებად ახლომდგომ ნივთს მუზეუმის ფონდებშიაც ვერ მივაკვლიეთ. დრანეთის კანდელი შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშია და ამ ეტაპზე უნიკალურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. კანდელი სხვა მხრივაც არის საყურადღებო; როგორც აღინიშნა, ტაძრის სახელწოდება დაკარგულია და იგი სამეცნიერო ლიტერატურაში პირობითად იწოდებოდა ”ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია”-დ10. ამოკითხული წარწერის შინაარსიდან გამომდინარე, თითქმის აღარ რჩება საფუძველი დაეჭვებისა, რომ ე.წ. ”ალექსეევკა - დრანეთის ეკლესია” წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული. ჩვენი აზრით, ეს კანდელი ტაძრის (ანდა მინაშენის) ერთ-ერთი განახლებისას უნდა იყოს შეწირული. როგორც აღინიშნა, კანდელი გვიანი შუა საუკუნეების კულტურულ ფენაშია მოპოვებული. აღინიშნა ისიც, რომ პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით მისი თარიღი XIII, XIV საუკუნის დამდეგით შეიძლება განისაზღვროს.

ეს ორი დებულება კი, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. თუმცაღა მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ცნობილია, რომ საეკლესიო ნივთები თუ სიწმინდეები დიდი ხნის განმავლობაში ინა ხებოდა ეკლესიებში. აქედან გამომდინარე, ვერანაირ წინააღმდეგობად ვერ ჩავთვლით, რომ განვითარებულ შუა საუკუნეებში შეწირული ნივთი გვიან შუა საუკუნეებშიც ყოფილიყო ხმარებაში (ან შენახული) ეკლესიაში. რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ტაძრის სრული აღდგენა, ამისათვის ტაძარს შერჩენილი აქვს ყველა არქიტექტურული დეტალი და შესაძლებელია მისი სრულად აღდგენა. (აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება X-XI სს-დროინდელი პირვანდელი სახის აღდგენა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტაძარი მრავალჯერ არის გადაკეთებული. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხდება იმ წყობის აღდგენა, რომლის კვალიც დღეს გვაქვს და ასევე იმ კარნიზის აღდგენა, რომელიც ადგილზე გამოჩნდა. ეს კარნიზიც ერთ-ერთი აღდგენის ფენას მიეკუთვნება.) რესტავრაციის პროექტით გათვალისწინებულია საპირე წყობისა და კარნიზის აღდგენა იმავე ჯიშის ალგეთის ტუფით. რესტავრაციის დროს ტაძარზე საპირე ქვები აუცილებლად ხელით უნდა იყოს გათლილი, რადგან არსებული წყობა კარგად ნათალი ქვით არის ნაშენი. ამ მეთოდის გამოყენებით, სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალა თავისთავად თავსებადია ძეგლზე არსებულ მასალასთან. რაც შეეხება მინაშენს, მოხდება მისი ნაწილობრივი რესტავრაცია, აღდგება მხოლოდ მინაშენის დასავლეთი ნაწილი, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი გამაგრდება, დაედება საკონსერვაციო ფენა და გადაიხურება ხის მსუბუქი დროებითი გადახურვით.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1.”ტორნე” ამ მდინარის ძველი, ქართული სახელწოდებაა, თუმცა XIX საუკუნეში აქ ჩასახლებული რუსები მას ”ასლანკას” უწოდებდნენ;

2.ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსი საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ.IV თბ., 1973, გვ.32;

3.გ.ლომთათიძე, არქეოლოგიური კვლევა-ძიება ალგეთისა; ი.გრძელიშვილი, თეთრიწყაროს რაიონის ნასოფლარები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XV, №5. 1954;

4.ი.ციციშვილი, ალექსეევკა-დრანეთის ძველი ეკლესია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XII, №5, თბ. 1951 გვ.313-319;

5.ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია [გ.ლომთათიძე, 1989:70]. ჩვენს მიერ წარმოებული სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული. - იხ. ქვემოთ.

6.ი.ციციშვილი, ალექსეევკა-დრანეთის... გვ.313-319.

7.ძეგლზე არქეოლოგიური სამუშაოების დაწყება განაპირობა სარესტავრაციო-საპროექტო სამუშაოების (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე) წარმოებამ. სამუშაოები მიმდინარეობდა 8.VI.2010-13.VI.2010. ექსპედიციის შემადგენლობა: ნინო ნოზაძე, თამარ ითაშვილი, კობა მორგოშია - არქიტექტორ-რესტავრატორები; გიორგი პატაშური – ხელოვნებათმცოდნე; გიორგი ლაღიაშვილი - არქეოლოგი და ოთხი ადგილობრივი მუშა.

8.ი.ციციშვილი, დასახ. ნაშრ.

9.წარწერა განსაზღვრა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდის კურატორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ელენე კავლელაშვილმა. ნივთი გადაცემულია აღნიშნული მუზეუმის საგანძურის ფონდში.

10.გ.ლომთათიძე, არქეოლოგიური კვლევა-ძიება ალგეთისა და ივრის ხეობებში, თბ., 1989, გვ.70; ი.ციციშვილი, ალექსეევკა-დრანეთის.