topmenu

 

ლ.მირიანაშვილი - წერილობითი წყაროები ღირსი დოდო გარეჯელის წმიდა ნაწილების გადასვენების შესახებ
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<დავით გარეჯი>>>

წერილობითი წყაროები ღირსი დოდო გარეჯელის

წმიდა ნაწილების გადასვენების შესახებ9

ლადო მირიანაშვილი

მადლობას ვუხდით ბატონ ლადოს მოწოდებული მასალებისათვის

არქეოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება - სამარხთა არქეოლოგია, სხვადასხვა ეპოქაში არსებულ დაკრძალვის წესებსა და ტრადიციებს სწავლობს. ამ მიმართულებით მომუშავე არქეოლოგებს, გასაგებ მიზეზთა გამო, წმიდათა საფლავების გახსნა ძალზე იშვიათად უწევთ. ამიტომ, წმიდანის განსასვენებლის გახსნის პროცესის სანდო წერილობითი აღწერა მკვლევართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. არაარქეოლოგიური მიზნით წმიდანის საფლავი იხსნება კურნებისათვის ან წმიდა ნაწილების სხვაგან გადასასვენებლად. წმიდანის საფლავის გახსნის უძველესი დოკუმენტური აღწერა, რომელიც თანამედროვის მიერაა შედგენილი, 415 წლით თარიღდება. მისი ავტორია იერუსალიმის მახლობლად მდებარე სოფლის - ქაფარგამალას პრესვიტერი ლუკიანე. მან პირველმოწამის - წმ.სტეფანეს საფლავის გახსნის აღწერა დაგვიტოვა (Epistula Luciani). სწორედ წმ.სტეფანეს საფლავის გახსნას უკავშირდება წმიდათა სხეულების დანაწევრებისა და წმიდა ნაწილების სხვადასხვა ტაძრებში განაწილების ტრადიცია. საქართველოს ისტორიიდან ცნობილია კურნების მიზნით წმიდანის საფლავის გახსნის მაგალითები. გიორგი XII-ს ორჯერ გაუხსნევინებია თბილისის სიონის ტაძარში მდებარე წმ.იოანე მანგლელის (†1751) საფლავი. სიკვდილის პირას მყოფი მცირეწლოვანი უფლისწულები წმიდა ნაწილებთან შეხებისთანავე სასწაულებრივად განკურნებულან [1,101]. სამწუხაროდ, თხზულება, რომელშიც წმ.იოანე მანგლელის საფლავის გახსნის დეტალები იქნებოდა აღწერილი არ არსებობს. წმიდანის საფლავის გახსნის პირველი სრული აღწერა ქართულ ენაზე მიხეილ საბინინს ეკუთვნის. მან ”საქართველოს სამოთხეში” (გამოიცა 1882 წელს) დაბეჭდილ ერთ-ერთ თხზულებაში, რომლის სათაურია "უწყება ღირსისა მამისა ჩუენისა დოდოს თვს”, შეიტანა წმ.დოდოს საფლავის გახსნისა და მისი წმიდა ნაწილების დოდორქის მონასტრიდან წმ.დავითის ლავრაში გადასვენების ამბავი [2, 636]. წმ.დოდოს საფლავისთვის ადგილის შეცვლის აუცილებლობა იმან განაპირობა, რომ იმ დროისთვის დოდორქის მონასტერი დიდი ხნის მიტოვებული იყო, ამიტომ დავითგარეჯელი ბერები იქაურ სიწმიდეებს სათანადო ყურადღებას აღარ აქცევდნენ. ამასთანავე, წმ.დოდოს საფლავის ეკლესია, მისი სამხრეთი კედლის ჩამოქცევის გამო, მიუდგომელი გახდა. წმიდანის საფლავი მიწის სქელმა ფენამ დაფარა. მ.საბინინი ხედავდა რა, რომ წმიდა საფლავს დავიწყების საფრთხე ემუქრებოდა, ღირსი დოდოს გადასვენება გადაწყვიტა, რაც განახორციელა კიდეც. სწორედ ამ ქართველი მოღვაწის პირად ინიციატივას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მორწმუნეებს დღესაც აქვთ ბედნიერება, ამჯერად, წმ.დავითის ლავრაში მიეახლონ ქართული სამონასტრო მოძრაობის ერთ-ერთი სახელოვანი მოღვაწის - ღირსი დოდოს წმიდა ნაწილებს და მეოხება შესთხოვონ. სამწუხაროდ, მ.საბინინის წინასწარმეტყველება ახდა და წმ.დოდოს თავდაპირველი საფლავის ადგილმდებარეობა დავიწყებას მიეცა. მისი დადგენა მხოლოდ 2000 წელს მოხერხდა, როდესაც ისტორიკოსმა თემო ჯოჯუამ მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის (1855-1936) უბის წიგნაკში შეტანილ ერთ - ერთ ცნობას მიაქცია ყურადღება: დოდორქის მონასტრის ერთი კონკრეტული ისტორიული წარწერის ლოკალიზებისთვის პ.კარბელაშვილს მკვიდრად დამყარებული და დროში უცვლელი ნიშნული დასჭირდა, რა მიზნითაც მან წმ.დოდოს საფლავი მოიხმო. თ.ჯოჯუამ, აღნიშნული წარწერის ადგილზე მოძიების შემდეგ, მისი მეშვეობით წმ.დოდოს საფლავის ეკლესია დაადგინა [3,40]. თუ კარბელაშვილის ცნობას ვენდობით, წმ.დოდოს თავდაპირველი საფლავი დოდორქის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, კლდის უბეში ნაკვეთ მცირე გუმბათოვან ეკლესიაში მდებარეობს (სურ.1 და 2).

ეს ეკლესია მანამდე მხოლოდ გუმბათისა და უძველესი მოხატულობის წყალობით იყო ცნობილი. ღირსი მამა დოდოს წმიდა ნაწილების გადასვენების უაღრესად საინტერესო, მ.საბინინისეული აღწერის გარდა, არსებობს სპირიდონ გძელიშვილის ავტოგრაფი სათაურით ”წმ.დოდო გარეჯელის გადმოსვენების შესახებ” [4], რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული10. ავტოგრაფს თარიღი არ უზის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ის წმ.დოდოს გადასვენებიდან მოკლე ხანში - 1881 წლის მარტ-აპრილში უნდა იყოს შესრულებული. ს.გძელიშვილი წმ.დოდო გარეჯელის წმიდა ნაწილების აღმოყვანების პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო11. ამდენად, ორივე ავტორის, როგორც საფლავის გახსნის თვითმხილველთა აღწერებში დაცული ცნობები უაღრესად სანდოა მკვლევართათვის. იმის გათვალისწინებით, რომ ს.გძელიშვილის ავტოგრაფი დღემდე არსად დაბეჭდილა, ქვემოთ მის სრულ ტექსტს ვაქვეყნებთ. პარალელურად მოგვყავს მ.საბინინისეული ტექსტი, რომელიც მის მიერ შედგენილ "საქართველოს სამოთხეშია" შეტანილი, რაც ამ ორ სხვადასხვა ტექსტში მოთხრობილი ერთი და იმავე ამბის ანალიზში დაგვეხმარება. ს.გძელიშვილისეულ ტექსტში მინიმალური შესწორებები შევიტანეთ, კერძოდ: გავმართეთ პუნქტუაცია და ზედიზედ შემთხვევით გამეორებული სიტყვის წყვილიდან მხოლოდ ერთი დავტოვეთ (ასეთი შემთხვევა ერთეული იყო). ავტორის სტილის შენარჩუნების მიზნით, არ გაგვიცალკევებია შეწყვილებული სიტყვები (მაგალითად: საქმისათანა (საქმისა თანა), მისცანება (მისცა ნება), ედინაზედა (ედინა ზედა), ოდესამოვიღეთ (ოდეს ამოვიღეთ) და ა.შ.) და არ გაგვიმთლიანებია ორ და სამ ნაწილად დაყოფილი სიტყვები (მაგალითად: წინა მძღვრისა, გრიგორ ისა, ხელყ ყოფისათ თვისა და სხვ.), მით უფრო, რომ ამგვარი შეწყვილება ან დაყოფა ტექსტის წაკითხვას ხელს არ უშლის. ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ს.გძელიშვილის ავტოგრაფში წმიდანის სახელი სახელობით ბრუნვაში მოცემულია არა როგორც ”ღირსი დოდო”, არამედ ”ღირსი დოდოს”. ანუ, ტექსტის ავტორისთვის წმიდანის სახელია არა ”დოდო”, არამედ ”დოდოს”. ასეთივე ფორმით ხმარობს ს.გძელიშვილი წმ.დოდოს სახელს თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაშიც - ”ქრისტესია მონაზონის ცხოვრება” [5,127]. ანალოგიურადაა მოხმობილი წმ.დოდოს სახელი წმ.დავითის ცხოვრების პერიფრაზულ ვერსიაშიც. ყურადსაღებია, რომ ეს ფორმა წმ.დავით გარეჯელის ცხოვრების მეტაფრასული ვერსიიდან მომდინარეობს: კრიტიკულ გამოცემაში წმიდანის სახელი ”დოდოს” ორჯერ გვხვდება, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი იგივე ფორმა ვარიანტებში გაუტანიათ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში წმიდანის სახელის ავტოგრაფისეული ფორმა უცვლელად დავტოვეთ. მ.საბინინისეული ტექსტის ბოლო ნაწილი, რომელიც ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების დავითგარეჯის ლავრაში დაბრძანების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს შეეხება და ს.გძელიშვილისეულ ვარიანტში აღწერილი არ არის, მოვკვეცეთ. ამ კონკრეტულ ამბავს სტატიის ბოლოში ცალკე შევეხებით. ს.გძელიშვილის ტექსტი ნაწერია თაბახის ფურცლებზე, მელნით, მხედრული შრიფტით, ადვილად გასარჩევი ხელით. ტექსტი თითოეულ გვერდზე ორ სვეტადაა განაწილებული. ნუმერაცია მთლიანად თაბახის ფურცელს აქვს მინიჭებული. გამოქვეყნებულ ტექსტში გვერდების ნაცვლად სვეტის ნომერს ვუთითებთ.

ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების აღმოყვანება1

მ.საბინინისა და ს.გძელიშვილისეული ტექსტები წმ.დოდოს საფლავის გახსნის ამბავს ერთნაირად აღწერენ, ხოლო გარკვეულ ადგილებში ერთმანეთს სიტყვა-სიტყვითაც კი იმეორებენ. მაგრამ, თუ მხედველობაში მივიღებთ ს. გძელიშვილის განსხვავებული თხრობის მანერას და მისეულ ტექსტში დამატებითი ცნობების არსებობას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ს.გძელიშვილისეული ავტოგრაფი ორიგინალური თხზულებაა. რაც შეეხება ზემოთ მოყვანილი ორი ტექსტის ზოგიერთი  მონაკვეთის ტექსტობრივ ურთიერთდამთხვევას, ჩვენი ვარაუდით, მ.საბინინმა ტექსტის საკუთარი ვერსიის წერისას ს.გძელიშვილის ავტოგრაფიდან რამდენიმე პასაჟი უცვლელად ისესხა, ზოგჯერ "გააკეთილშობილა" კიდეც. ზოგადად, ს.გძელიშვილის ტექსტი უფრო მშრალი და მოკლეა. წმიდა ნაწილთა აღმოსვენების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მ.საბინინს თავისი ტექსტი უფრო ხატოვანი გაუხდია, რის გამოც მისი მონათხრობის ემოციური ზემოქმედება უფრო ძლიერია. მ.საბინინის თხზულებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, წმიდა ნაწილები მას აღმოეყვანოს: ”მე ცოდვლმან მივჰყავ ხელი”. ს.გძელიშვილი კი წერს, რომ აღმოყვანება მისი ხელით მოხდა: ”შემდეგ მიბრძანეს ხელის შეხება და ამოღება ნაწილთა”. ეს მეორე ცნობა უფრო სანდოდ გვეჩვენება, რადგან თუ წმიდასთან ხელით შეხება გარეჯელმა მღვდელ-მონაზვნებმა ვერ გაბედეს, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა ”ვერ შეჰბედესო”, ამის ნებას ისინი მ.საბინინს მით უფრო არ მისცემდნენ: იგი წმ.დავითის ლავრაში არ მოსაგრეობდა. აღწერები შეიცავს უაღრესად საინტერესო ცნობებს, ზოგადად, წარჩინებული ბერის დაკრძალვის თავისებურებების შესახებ VI საუკუნეში. ამასთან, ტექსტში დაცულია ცნობები, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია, კონკრეტულად, წმ.დოდოს ბიოგრაფიისათვის. მაგალითად, სპირიდონი აღნიშნავს, რომ წმ.დოდო მაღალი ტანისა იყო. ამ დეტალის აღნიშვნა მ. საბინინს გამორჩენია. მნიშვნელოვანია ცნობა, რომლის თანახმად წმ.დოდოს თავსა და პირზე ოქროკერილი შავი დაფარნა ეფარა, რაც მის მღვდელ-მონაზვნობას ადასტურებს: საეკლესიო წესის თანახმად, მიცვალებულ მღვდელს, მას შემდეგ რაც მას განბანენ, სუფთა ზეთით დაზელენ და სარეცელზე დაასვენებენ, სახეზე დაფარნას აფარებენ; დაფარნადაფარებულსავე კრძალავენ. ამგვარად, დოდორქაში საფლავის გახსნისას დადასტურდა წმ. დოდოს მღვდლობის შესახებ არსებული ცნობა, რომელიც მხოლოდ ორ გვიანდელ ხელნაწერშია დაცული, კერძოდ: წმ.დოდოს სვინაქსარულ ცხოვრებაში (1726 წ.): ”რამეთუ მღდელი იყო მსხუერპლის შემწირველი წმიდა დოდო” [6,417]  და სპირიდონ გძელიშვილის ”ქრისტესია მონაზონის ცხოვრებაში” (1880 წ.): ”სადაცა ღირსი მამა დოდოს გარესჯელი და მოძღვარი უწმინდესისა თვისისა, ვითარცა მზე, მნათობდა, რომელმან ნათელ-სცა მთავარსა რუსთავისას ბუბაქარს-ბარბაროსს და ძეთა მისთა და მრავალსა რიცხვსა კრებულსა მწყისდა” [5,127]. მ.საბინინის თქმითაც, ”ვითარ მოგვთხრობს ძუელი მატიანე”, წმ.დოდო მღვდელ-მონაზონი იყო [2,639]. მ.საბინინისეული აღწერის მეშვეობით ვგებულობთ, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში არსებულა ტრადიცია, რომლის შესაბამისად გარდაცვლილ მღვდელს დაფარნით არა მხოლოდ სახეს, არამედ ფეხებსაც უბურავდნენ; ს.გძელიშვილისეული ტექსტი კი აზუსტებს, რომ მიცვალებულს დაფარნას მკერდზეც აფარებდნენ. ამგვარად, ორი ტექსტის შეჯერების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ VI საუკუნეში გარდაცვლილ მღვდელს დაფარნას ერთდროულად სახეზე, მკერდსა და ფეხებზე აფარებდნენ. წმ.დოდოს საფლავის გახსნის აღწერაში დაცულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცნობა, რომლის თანახმად ”საფლავსა ხელის ჩასაყოფი ჰქონდა”. მ.საბინინის განმარტებით, ეს ხვრელი განკუთვნილი იყო ”მიწის ამოსაღებად, ევლოგიათ სასოებითა და სურვილით მიმავალთა~ [2,638]. წმიდანის საფლავიდან ევლოგიად მიწის წაღების ტრადიცია მთელს ქრისტიანულ სამყაროში ბოლო დრომდე იყო გავრცელებული. 1729 წლის აპრილში წმ.თომას საფლავი, რომელიც ქალაქ მილაპორეში (ინდოეთი) მდებარეობს, სპეციალურად იმ მიზნით გაუხსნიათ, რომ მორწმუნეთათვის მიწა დაერიგებინათ. მიწის ევლოგიად წაღებას ისეთი ფორმები მიუღია, რომ წმიდათა საფლავების შესანარჩუნებლად სპეციალური ზომების მიღებაც კი გამხდარა საჭირო: ირლანდიის განმანათებლის წმიდა პატრიკის (V ს.) სავარაუდო საფლავზე, რომელიც კათედრალ ჰილზე მდებარეობს, გრანიტის დიდი ლოდი დაუდვიათ, რათა მომლოცველებს საფლავიდან მიწა ვეღარ გაეზიდათ. წმ.დოდოს საფლავის ფილაში ”ხელის ჩასაყოფის” არსებობის მსგავსად, ”საევლოგიე ხვრელის” არსებობა წმ.დავით გარეჯელის საფლავის ფილაშიც დასტურდება. ღირსი გაბრიელ მცირე წერს: ”გარნა აწ ჟამთა ჩვენთა მესმა მე სარწმუნოთა კაცთა მიერ ყოვლადსამღდუელო კირილესთვის ეპისკოპოსისა, რომელი აღიზარდა მასვე მონასტერსა დავითისსა. ოდეს იქმნა იგი მღუდელმონაზონ, წარსვლა ეგულებოდა მორჩილებით სოფლად საჭიროსა საქმისათვის. და შთავიდა წმიდისა დავითის საფლავსა, და მხურვალედ ილოცა, და ხელ-ჰყო აღმოღებად საფლავისაგან მის ნეტარისა მტვერი ევლოგიად, ვითარცა არს ჩუეულება, რომლისა მიერ მსასოებელნი იკურნებიან. და ჰხუდა ხელსა მისსა ერთი ნაწილთაგან ფერცხალი, რომელიცა აღმოიღო სიხარულით და არავის უთხრა, რამეთუ განიზრახა გულსა თვისსა, რათა წარიღოს სოფლად და ვერცხლითა შეამკოს კეთილად და აქუნდეს სასოდ თვისად” [7, 13-14]. ცნობა წმ.დავითის საფლავში ხვრელის არსებობის შესახებ 2000 წელს წმ.დავით გარეჯელის განსასვენებლის გახსნის დროს დადასტურდა [8, 9]. წმ.დავით და წმ.დოდო გარეჯელების საფლავების ფილებში ”საევლოგიე ხვრელის” არსებობა ტრადიცია იყო და არა გამონაკლისი. ამგვარი რამ დასავლეთის ეკლესიისთვისაც უცხო არ ყოფილა. მაგალითად, ვინჩესტერის (ინგლისი) კათედრალურ ტაძარში მდებარე წმ.სვითუნის (†862) აკლდამას XIII ს-ის შუა ხანიდან ხვრელიანი მარმარილოს ფილა ეფარა, ისევე როგორც წმ.ოსმუნდის (†1099) აკლდამას სოლსბერიში (ირლანდია). წერილობითი წყაროების თანახმად, მორწმუნენი ხვრელში ხელს ჰყოფდნენ, რათა წმიდანის საფლავის მიწას შეჰხებოდნენ. განსხვავებულ მოსაზრებას საფლავის ხვრელის დანიშნულების შესახებ გვთავაზობს ავტორიტეტული საეკლესიო ენციკლოპედია. კერძოდ, აღაპისადმი მიძღვნილ სტატიაში ვკითხულობთ: ”სამგლოვიარო სუფრის გაშლა უბრალოდ [მიცვალებულთა] მოხსენიებას არ ემსახურებოდა. ასეთი სუფრა ჭეშმარიტი ზიარების პროცესთან იგივდებოდა. ამ დროს სტუმრებს თან მოჰქონდათ გარდაცვლილისთვის განკუთვნილი საკვები: რძესა და ღვინოს საფლავის ირგვლივ მიწაზე ღვრიდნენ, მყარ საკვებს კი საფლავში არსებულ ხვრელში უშვებდნენ მიცვალებულისთვის მისაგებებლად” [9,201-2]. მ.საბინინიც და ს.გძელიშვილიც საუბრობენ მშვენიერ სურნელზე, რომელიც საფლავიდან ამოდიოდა და იქ მყოფთ ნეტარებით აღავსებდა. ამასთან დაკავშირებით გვახსენდება პრესვიტერ ლუკიანეს ცნობა, რომლის თანახმად წმ.სტეფანეს საფლავის გახსნისას ირგვლივ ისეთი სასიამოვნო სურნელი დატრიალებულა, რომ დამსწრეთ `თავი სამოთხეში გვეგონაო”. ზუსტად ასეთივე განცდა ჰქონიათ დამსწრეთ წმ.ნიკოლოზის საფლავის გახსნის დროსაც. ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების ფერისცვალების ეკლესიაში დაბრძანების შემდეგ მ.საბინინი თბილისში დაბრუნებულა და კაკლის ლუსკუმა დაუკვეთავს. ლუსკუმის დასამზადებლად საჭირო თანხა ლევან მელიქოვის (მელიქიშვილის) მეუღლეს გაუღია [10, 2]. მ.საბინინს ლუსკუმა გარეჯში გაუგზავნია თხოვნით, რომ ღირსი დოდოს წმიდა ნაწილები მასში ჩაესვენებინათ და ლუსკუმა ფერისცვალების ეკლესიის ჩრდილოეთ უბეში დაებრძანებინათ, ”თანა ჰსწორ საფლავისა ღ.დავითისა” [2, 639]. ამასობაში, გაზეთ ”დროებაში” გამოქვეყნდა ივანე ბერძენოვის (ბერძენიშვილის) სტატია, რომელშიც იგი მ.საბინინს წმ.დოდოს საფლავის უნებართვოდ გახსნასა და სხვა არამართებულ ქმედებებში ადანაშაულებდა: ”ბ.საბინინს ძვლები წაუღია დავითის უდაბნოში და ჩაულაგებია მისგან განმზადებულ კუბოში; ხოლო ჯვარი კი წაუღია პეტერბურღში ვითომც საჩვენებლად ანუ შესამკობლად ვერცხლში. საფლავში დარჩომილს მტვერს ეგრეთვე დაფერფლილ სამოსელს კი მიწა მივაყარეთო, - დაუმატა დამსწრემ. არ ვიცი რაოდენათ უნდა იყოს გამაოცებელი ამ გვარი საქმე ყველასთვის, ვინც კი წაიკითხავს ამას, მაგრამ უფრო იმისთვის, ვინც მივა წმინდის გრძნობით მამა დავითის საფლავის თაყვანის-საცემლად და ერთბაშად დაინახავს იქვე წმ.დოდოს კუბოს!” [11,2]. გაზეთის ზემორე ნომრის გამოსვლიდან მეორე დღესვე, 1881 წლის 11 ივნისს, წმ.დავითის ლავრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გრიგოლმა (დადიანმა) ეგზარქოს იოანიკეს პატაკი გაუგზავნა. მასში განმარტებულია წმ.დოდოს გადმოსვენების აუცილებლობის მიზეზები და შეიცავს შემდეგ თხოვნას: ”ქართველი ხალხის მხრიდან წმ.დოდოს მიმართ რელიგიური სასოების გათვალისწინებით, გთხოვთ ნება დართოთ, რათა წმ.დოდოს წმიდა ნაწილები, მსგავსად წმ.დავითის წმიდა ნაწილებისა, აკლდამაში დაიკრძალოს” [12, 21-2]. არქივში ამ პატაკის შავი პირია დაცული, რომელშიც ტექსტის ზოგიერთი ადგილები გადახაზულია, ანუ, როგორც ჩანს, პატაკის თეთრ ვარიანტში ისინი აღარ შეუტანიათ. ერთ-ერთი გადახაზული მონაკვეთი მეტად საყურდღებო ცნობას შეიცავს. კერძოდ, არქიმანდრიტი გრიგოლი აღნიშნავს, რომ მ.საბინინი მას - მონასტრის წინამძღვარს არაფერს ეკითხებოდა იმ მიზეზით, რომ, მისივე თქმით, ყველა ქმედებაზე ეგზარქოსის თანხმობა ჰქონდა მიღებული. ი.ბერძენოვის სტატიას მ.საბინინი პეტერბურგიდან შეეხმიანა და გაზეთ ”დროების” რედაქციას გამოსაქვეყნებლად თავისი საპასუხო წერილი გაუგზავნა [13,2]. ამ წერილში იგი ყველა ბრალდებას უარყოფდა. ივანე ბერძენოვს მომხრეები გამოუჩნდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიმანდრიტი მაკარი იყო, რომელთანაც მ.საბინინს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა . მაკარს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, რომ ბერძენოვს მისდამი კეთილგანწყობის გამო დაუჭირა მხარი: 1871 წელს ი.ბერძენოვმა არქიმანდრიტ მაკარს ეგზარქოსთან უჩივლა, აბრალებდა რა ნათლისმცემლის მონასტრის კუთვნილი ძვირფასი ნივთების მითვისებას. 1878 წელს კი უკვე მაკარმა უჩივლა ი.ბერძენოვს ცილისწამებისათვის. თბილისის საოლქო სასამართლომ ი.ბერძენოვი დამნაშავედ ცნო და ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯა [14]. არქიმანდრიტმა მაკარმა იმდენი მოახერხა, რომ ფერისცვალების ეკლესიაში წმ.დოდოს დაკრძალვის წინააღმდეგ სასინოდო კანტორა და ეგზარქოსი აამხედრა [2,639]. შედეგად, სასინოდო კანტორამ წმ. დავითის ლავრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ გრიგორს გაუგზავნა 1881 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების დაკრძალვას ლავრის ეზოში - გალავანში ავალებდა [12, 20-2]. ”ეს განკარგულება გამოუცხადეს არხიმანდრიტ გრიგორ დადიანს - რომელმან ყური აღარ ადევნა ამ უწესო განკარგულებას და - ორჯელ მიუხდა მონასტრის ძმათა მაკარი და შეაშინა მხდალნი იგინი - რომელთა უცეფ გამოატანინა წმიდანი ნაწილნი ეკკლესიიდგან მონასტრის ეზოში. - ძმათა შექმნეს მცირე ხის ლუსკუმა, შიგ ჩააწყეს დიდებულნი, ღუთივ შემოსილნი და სუნნელებით ყნოსოვანნი ნაწილნი წმ.დოდოსი და აღმოათხრევინა მაკარიმ მონასტრის გალავანში მიწა, სადაც ასუEნიან წმ.ნაწილნი ღირსთა მოწამეთა შიო ახლისა და სხუათა, და რომელთა ხსენება იდღესასწაულების ა ივნისსა და იქ ჩააფლევინა. ოდესაც ეს უწესო და ღუთის განსაწყრომი საქმე მოიქმედა დიდებულმა და განჩინებულმა პირმა, მაშინ დასცხრა სიცოფისაგან და დამშვიდდა მლოდვნელი ახლისა მანქანებისა და უწესოებისა. საწუხროდ იქმნება თუ ვითარმედ წმ.ნაწილნი შეურაცხელად იქმნებიან და დავიწყებას მიეცემიან” [2,639]. როგორც ჩანს, ”საქართველოს სამოთხეში” შეტანილ ამ მონათხრობზე დაყრდნობით, თანამედროვე მკვლევართაგან დ.კლდიაშვილსა და ზ.სხირტლაძეს მიაჩნდათ, რომ ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების განსასვენებელი ლავრის ეზოში მდებარეობდა [15,75]. მათი აზრით, ფერისცვალების ეკლესიის ინტერიერის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბეში წმ.ლუკიანე იყო დაკრძალული (იქვე). გ.ჩუბინაშვილის წიგნის [16,40] წყალობით გავრცელებული და დამკვიდრებული ამგვარი მოსაზრების არამართებულობა, საბოლოოდ, 2000 წელს ფერისცვალების ეკლესიაში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების პროცესში დამტკიცდა: ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბეში საფლავის ქვის აღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ იატაკში პატარა ზომისა (70X30 სმ.) და მცირე სიღრმის (35 სმ.) კვადრატული ორმო იყო ნაკვეთი [8,35] და მასში წმიდა ნაწილები იყო დაბრძანებული. ფაქტია, რომ ღირსი დოდოს წმიდა ნაწილები, მათი ლავრის გალავანში დაკრძალვიდან გარკვეული ხნის შემდეგ, ტაძარში დააბრუნეს და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ უბეში დაკრძალეს. წმ.დოდოს საფლავზე დაბალი, უწარწერო სწორკუთხა ქვიშაქვის ფილა დადეს. 1913 წელს გადაღებულ ფოტოზე ჩანს წმ.დოდოს საფლავის ქვაზე დადგმული კაკლის კუბო (სურ.3). ეს, სავარაუდოდ, ლევან მელიქოვის მეუღლის საფასით დამზადებული ლუსკუმაა, რომელიც ზემოთ იყო ნახსენები. დღეს წმ.დოდოს საფლავზე თეთრი ფერის, მაღალი, წარწერიანი ქვა დევს (სურ.4). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მ.საბინინისეული ტექსტის ის ნაწილი, რომელშიც არქიმანდრიტ მაკარის მცდელობით ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების ლავრის გალავანში დაკრძალვის ამბავია მოთხრობილი, ”საქართველოს სამოთხის” ტირაჟის ჩვენამდე მოღწეულ მხოლოდ ერთეულ ეგზემპლარშია შესული. XX საუკუნის 80-იან წლებში სწორედ ასეთი ცალიდან მოხდა წიგნის როტაპრინტული წესით ტირაჟირება, რის გამოც ეს ამბავი მკითხველთა შედარებით ფართო წრისთვის გახდა ცნობილი. ნიმუშად მოგვყავს გვ.639-ის ასლი ”საქრთველოს სამოთხის” ორი სხვადასხვა ეგზემპლარიდან (სურ.5,6).



სურ. 5-ზე ნაჩვენებ გვერდზე დაბეჭდილ ტექსტში წმ.დოდოს ლავრის ეზოში დაკრძალვის ამბავი შესულია, სურ. 6-ზე კი - არა. სწორედ ამიტომაა, რომ ერთ შემთხვევაში ტექსტი გვერდს ბოლომდე ავსებს, მეორეში კი - მხოლოდ სანახევროდ. ტექსტის ორი სხვადასხვა ვერსიის არსებობის მიზეზის გასარკვევად ორიოდე სიტყვით შევეხოთ ”საქართველოს სამოთხის” ტირაჟირების ისტორიას. როგორც დავადგინეთ, ცენზორმა საბინინის ”საქართველოს სამოთხის” მთელი ტირაჟი ”დააპატიმრა” და ავტორს მასში რიგი შესწორებების შეტანა მოსთხოვა. მ.საბინინი იძულებული იყო დათმობაზე წასულიყო, რათა წიგნი გადაერჩინა. გარკვეული გვერდებიდან გაქრა, ძირითადად, სქოლიოები, რომლებიც ცენზორს არაკორექტულად მოეჩვენა. მაგალითად მოვიყვანთ გვ.530-ს, რომლის ტექსტის ბოლო სიტყვა ”შეჩუენებაი” სქოლიო 3-ისკენ გვაგზავნის, მაგრამ აღნიშნულ გვერდზე ამ შენიშვნის ტექსტი არ იკითხება. აი რა ეწერა სქოლიო 3-ში, რომელიც ცენზორმა ავტორს ამოაღებინა: ”ძეგლის წერა ესე დიდთა ჭირითა და იწროებით გადმოვწერე მცხეთის საწიგნობელითგან, რომელიც იპოება დიდსა ნომოკანონსა შინა - ეკზარხოს ევსევის დროსა შინა, რომელმან რჩევითა მაკარი არხ(იმანდრიტისა) და ბასხაროვისა აღმიკრძალა შესვლა სადმე მონასტრის ანუ ეკკლესიის საწიგნობელსა შინა და თუ რამე შეცდომა შეერია ამ ძეგლის წერასა, დამნაშავე ეს პირნი არიან, რათა მპარაობით უნდა გადმოეწერა.~ ცენზორის მიერ ამოღებული ტექსტი აღვადგინეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ”საქართველოს სამოთხის” FS139 ცალით, რომელიც სასიგნალო ეგზემპლარი აღმოჩნდა. მეორე მაგალითი. გვ.442-ის სქოლიო 1-ის ტექსტში ცენზორმა ”ფრიად კეთილ მოქალაქობისა”-ს მომდევნო სამი სტრიქონი ამოიღო, სადაც ეწერა: ”განძთაგან, რომელნიც იყვნენ დაცულნი გაენათს ფრიად მრავალი, დაუსჯელად წარიღო და შეჩუენებულმან ყოფილ ქუთაისის გუბერნატორმან გრაფმან ლევაშოვმან 1869 წელსა, თანა თანხმობითა... და გაენათის ყოფილ წინამძღურისა ბესარიონისათა, აწ ეპისკოპოსად ქმნილმან”. შერისხული სქოლიოები მთელ ტირაჟში ტიპოგრაფიული საღებავითაა გადახაზული. ცენზორმა, რიგ სქოლიოებთან ერთად, ამოიღო ძირითადი ტექსტის ნაწილიც, რომელშიც ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების ფერისცვალების ეკლესიიდან გამოტანისა და გალავანში დაკრძალვის ამბავი იყო მოთხრობილი. რამდენადაც ამ გვერდის სტრიქონების ტიპოგრაფიული საღებავით გადახაზვა მიზანშეუწონელი იყო, გვ.639 თავიდან აიწყო, დაიბეჭდა და ტირაჟში ძველის ნაცვლად ჩაწებდა. ის, ზოგჯერ, დანარჩენი გვერდებისაგან ფერითაც განსხვავდება. განსხვავებულია გვერდის ნუმერაციის რიცხვის ქვეშ გავლებული კლაკნილი ხაზის ფორმაც: 639-ე გვერდზე ის უფრო წვრილია და კბილების მეტი რაოდენობა აქვს, ვიდრე სხვა გვერდებზე დაბეჭდილ კლაკნილ ხაზებს. ამგვარად, ის ფაქტი, რომ ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების ფერისცვალების ეკლესიიდან გამოსვენების ამბავი ”საქართველოს სამოთხის” ორიგინალური ტირაჟის უდიდეს ნაწილში შესული არ არის, ცენზორის გადაწყვეტილებამ განაპირობა. რაც შეეხება რიგ სასულიერო პირთა მხრიდან ღირსი დოდოს წმიდა ნაწილების ფერისცვალების ეკლესიაში დაკრძალვისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზეზს. ჩვენი ვარაუდით, მიზეზი ის იყო, რომ რამდენადაც ფერისცვალების ეკლესია წმ.დავით გარეჯელის საფლავის ეკლესიაა, მ.საბინინის მოწინააღმდეგეებმა ამ პრივატულ სივრცეში სხვა წმიდანის შებრძანება მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. ამაზე მიანიშნებს ი.ბერძენოვის ნათქვამიც: ”არ ვიცი რაოდენათ უნდა იყოს გამაოცებელი ამ გვარი საქმე... იმისთვის, ვინც მივა წმინდის გრძნობით მამა დავითის საფლავის თაყვანის-საცემლად და ერთბაშად დაინახავს იქვე წმ.დოდოს კუბოს!” დღეს ფერისცვალების ეკლესიაში შესულთ იქ ხვდებათ წმ.დავით გარეჯელისა და წმ.დოდო გარეჯელის საფლავები და ამ უკანასკნელის სიახლოვეში დაბრძანებული აღდგომის ღამეს წამებულ გარეჯელ ბერთა წმიდა ნაწილები. ყველა ეს წმიდანი ერთობლივი ძალისხმევით უშურველად შეეწევა მათთან რწმენით მიახლებულ მლოცველებს.

___________________________________________________________________________________

9. წინამდებარე წერილში შესული კვლევის შედეგები მისმა ავტორმა სამეცნიერო საზოგადოებას პირველად 2002 წლის 2 ივლისს გააცნო, როცა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ გამართულ, მიხეილ საბინინის წიგნის - საქართველოს სამოთხის” გამოსვლის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო სესიაზე წაიკითხა მოხსენება ”წერილობითი წყაროები მიხაილ საბინინის მიერ წმ.დოდო გარეჯელის გადასვენების შესახებ”. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებათა კრებულის გამოცემა წინასწარ იყო დაგეგმილი, გარკვეულ მიზეზთა გამო ის აღარ დაბეჭდილა.

10. ცნობა ამ ავტოგრაფის არსებობის შესახებ ისტორიკოსმა თემო ჯოჯუამ მომაწოდა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ.

11. ს.გძელიშვილის ბიოგრაფიისთვის იხ. [5, 200].

1. სათაური პირობითია.

2. ”რომლისა ხსენებასა აღასრულებს ეკლესია ჩვ(ე)ნი” ფრაზის შემდეგ, წერილის ავტორს თავისუფალი ადგილი დაუტოვებია, სადაც წმ.დოდოს ხსენების დღე მოგვიანებით - ტექსტის გასრულების შემდეგ, სხვა მელნითა და სხვა ხელით ჩაუმატებიათ. ეს ხელი მ.საბინინის კალიგრაფიასთან მსგავსებას ამჟღავნებს.

3. თავდაპირველად, სპირიდონს უხმარია ფრაზა ”და სიხარულითა”, მაგრამ შემდგომ აღარ მოსწონებია, გადაუხაზავს და მის ნაცვლად ”და სასოებითა” დაუწერია.

4. ”წყალსა” მოსდევს დაუმთავრებელი სიტყვის საწყისი ფრაგმენტი - ”ნია” (ნიაღვრისა?), რომელიც გადახაზულია.

5. სიტყვა ”ეკლესია”-ს შემდეგ, მთელი სტრიქონის სიგრძეზე აღარაფერი წერია. მომდევნო სტრიქონის დასაწყისში სპირიდონს წინამორბედი ტექსტის ბოლო ორი სიტყვა - ”აღმოვწმინდეთ ეკკლესია” გაუმეორებია, მაგრამ შემდეგ ”აღმოვწმინდეთ” გადაუხაზავს.

6. ორიგინალში ”მკედიანის” ნაცვლად ”მკერდიანი” წერია.

7. მომდევნო წინადადება ავტორს ”და”-თი დაუწყია, მაგრამ შემდეგ გადაუხაზავს.

8. მომდევნო სიტყვები - ”არიან მუნმამანი” - გადახაზულია. ამას მოსდევს ფანქრით ნაწერი ტექსტი წმიდა ნაწილთა აღმოყვანებაში მონაწილე პირთა სახელების ჩამონათვალით. ხელი იგივეა, რაც მელნით ნაწერ ტექსტში.


ლიტერატურა

1. Ткемаладзе Марк, Тифлисский Сионский кафедральный собор. Тифлис 1904.

2. საბინინი მიხეილი, საქართველოს სამოთხე - სრული აღწერა ღუაწლთა და ვნებათა საქართუEლოს წმიდათა. პეტერბურღი 1882.

3. ჯოჯუა თემო, წმიდა დოდო გარეჯელის ძველი განსასვენებელი. კრებულში ”ქრისტიანობა საქართველოში - ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევები”. თბილისი 2000, გვ.36-44.

4. გძელიშვილი სპირიდონი, ავტოგრაფი წმ.დოდო გარეჯელის გადმოსვენების შესახებ, შ-3283 დ. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ.5, თბილისი 1967, გვ.35.

5. შანიძე მზექალა (რედაქტორი), ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი V. თბილისი 1989.

6. მიტროპოლიტი რომანოზი (ერისთავი), აღვსებითგან ზ კვრიაკისა ოთხშაბათსა ღირსისა მამისა ჩუენისა დოდო გარესჯელისა. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი IV, სვინაქსარული რედაქციები (XI-XVIII სს.). თბილისი 1968, გვ.415-418.

7. ღირსი გაბრიელ მცირე, ღვთივსულიერნი თხრობანი სულთა ღვთისმოყუარეთა ფრიად სარგებელნი - გარეჯელ მამათა ცხოვრება. გამოსაცემად მოამზადა ზაზა სხირტლაძემ, თბილისი, 2002.

8. სხირტლაძე ზაზა, წმ.დავით გარეჯელის განსასვენებელი. თბილისი, 2006.

9. The Catholic Encyclopedia, vol.1, New York, 1907.

10. Рапорт настоятеля Давид-Гареджийской пустыни, архимандрита Григория Экзарху Грузии Иоанникию. სცსა, ფონდი 500, ანაწერი 2, საქმე №448, ფურცელი 21.

11. ბერძენოვი ივანე, წმინდა დოდოს მონასტერი. გაზეთი ”დროება” №118, 1881 წლის 10 ივნისი, გვ.2-3.

12. Указ Грузино-Имеретинской синодальной конторы... о перенесении останков Святого Додо в Давид-Гареджийскую пустынь из пустыни Св.Додо., სცსა, ფონდი 500, ანაწერი 2, საქმე №448, ფურცლები 20-21.

13. საბინინი მიხეილ, ჩემი პასუხი იოანნე გრიგორის ძე ბერძენოვს. გაზეთი ”დროება” №133, 1881 წლის 27 ივნისი

14. იოანე ნათლის-მცემლის მონასტრიდამ ძვირფასი ნივთების დაკარგვის საქმე. გაზეთი ”დროება” №93, 1878 წლის 14 მაისი, გვ.3-4.

15. კლდიაშვილი დარეჯან, სხირტლაძე ზაზა (წიგნის გამოსაცემად მომზადება), გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლები. ტომი I, ნაკვეთი I. თბილისი, 1999.

16. Чубинашвили Гиоргий, Пещерные монастыри Давид-Гареджи. Очерки по истории Грузии. Тбилиси 1948.

Written Sources about Translation of the Relics of St. Dodo Garejeli
Lado Mirianashvili
Summary
St.Dodo († 6th c.), the founder of the Dodo-Rka monastery in Gareji, was buried in his cave, which later on was remodelled into a small church. In 1760 the monastery was finally abandoned. The burial church of St.Dodo caved in and the grave hid under the accumulated earth and stones. Michael Sabinin (1845-1900), monk and expert on Georgian antiquites, decided to put St.Dodo to rest in a more respectable place, namely in the Transfiguration church at the Lavra of St.David. He has initiated and accomplished translation of St.Dodo’s relics to the above site on 16 March 1881. M. Sabinin’s description of uncovering the grave and translation of the relics was published in 1882 in his book “The Paradise of Georgia”. One of the participants of the translation, Spiridon Gdzelishvili, has also compiled a description, which remained unpublished till recently. Both texts are presented in the paper. Certain conclusions are made based on the above descriptions, e.g. that a) St.Dodo was a tall man; b) He was a monk-priest: cover was spread over his face. St.Dodo’s priesthoodship was known only from the late medieval hagiographic works. c) In early Middle Ages’ Georgia there existed a tradition of spreading cover not only over the face of a priest-monk, but over his breast and feet as well. d) The gravestone over St.Dodo’s burial had a hole giving opportunity to believers to take out the sacrified earth from the grave. The same is attested in St. David Garejeli’s († 6th c.) grave. Certain details concerning confrontation of certain church figures, opposing to St.Dodo’s burial within the Transfiguration church of the Lavra of St.David, are given based on official church documents and a blue-penciled page from M.Sabinin’s book “The Paradise of Georgia”.