topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნ.აბაკელია - “ორნამენტიზებული” დრო და სივრცე საქართველოს ტერიტორიაზე დაცულ ბრინჯაოს არტეფაქტებზე

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები და სიმბოლიკა//ექსპონატები>>>

ნინო აბაკელია - “ორნამენტიზებული” დრო და სივრცე საქართველოს ტერიტორიაზე დაცულ ბრინჯაოს არტეფაქტებზე

სტატიის წყარო:

მოხსენება ფოკუსირდება საქართველოს ტერიტორიაზე დაცულ ადრებრინჯაოს ხანის გრავირებულ სარტყლებზე (ძვ.წ.IX-VII საუკუნეები, რომლებიც, ასევე, გვხვდება დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე), როგორც ვიზუალურ მასალაზე, რომელიც წერილობით წყაროებთან და ზეპირსიტყვიერ მასალასთან ერთად მითების შესწავლის უნიშვნელოვანესი წყაროა. აღნიშნული სარტყლების გრავირებული სცენები ისტორიებს მოგვითხრობენ და, შესაბამისად, დროისა და სივრცის არაჰომოგენურ სტრუქტურაზე მიგვანიშნებენ. ზოგადად სარტყელი, როგორც ნივთი, დროში, სივრცესა და კულტურის კონტექსტში ფუნქციონირებს. სარტყელს, როგორც მატერიალურ ნივთს ისეთ სემიოტიკურ სისტემაში ჩართვისას, როგორიც რიტუალია ეძლევა ნიშნის ფუნქცია, ხოლო სისტემიდან გამოვარდნის შემთხვევაში, ისევ ნივთად იქცევა. მისი სემიოტიკური სტატუსი შესაძლოა არსებითად შეიცვალოს დროში, სხვადასხვანაირად ფუნქციონირებდეს, როგორც ერთი ეთნოსის შიგნით, ასევე განსხვავებული ეთნიკური წარმონაქმნისათვის და იცვლებოდეს სიტუაციის მიხედვით. ზოგადად საგანი და კონკრეტულად სარტყელი, რამდენადაც “სიმბოლური” ხდება, იმდენად ზებუნებრივ ღირებულებებსა და ფორმებზე მიანიშნებს. აღნიშნული სარტყლების მაღალი სემიოტიკური სტატუსი ჩანს მის რამოდენიმე მახასიათებელში: ა)დეკორში, რომელიც ესთეტიკურ ჩარჩოებს სცდება; ბ)უძველესი კოსმოლოგიის ანარეკლში; გ)მის რეგლამენტირებულ ხმარებაში და სხვ. ის, როგორც სემიოტიკური სტატუსის მქონე საგანი, გარკვეული სახის მითებთან, ანუ საკრალურ ისტორიებთან, ნარატივებთანაა დაკავშირებული. თუ რწმენა - წარმოდგენებსა და რიტუალში მონაწილე სარტყელი ნიშანია (და ის ნამდვილად ნიშანია) ეს გულისხმობს მასში კოდირებულ აქტუალურ ინფორმაციას, შეტყობინებას, რომელიც უნდა გაიშიფროს და მას ადრესატი ჰყავს. ბრინჯაოს სარტყლებმა აღმოჩენისთანავე მრავალი მეცნიერის ყურადღება მიიპყრო. ისინი შეისწავლებოდა, უპირველს ყოვლისა, როგორც ხელოვნების ნიმუშები და, შესაბამისად, მკვლევრებს აინტერესებდათ მათში ფორმისა და სტილის განვითარება. მეცნიერებს, ასევე, აინტერესებდათ თუ სად და ვინ ატარებდა ამგვარ ქამრებს: მეზობელი ურარტუელები, ხეთები თუ სხვები, ქალები თუ მამაკაცები, მეომრები, წარჩინებულნი, ჩინიანნი თუ უჩინონი და სხვ. (კოზლოვი, ურუშაძე, 1994; ხიდაშელი 1984, 2001, 2005; სურგულაზე 1987; ყიფიანი, 2000) (მაგრამ აუცილებლად მიგვაჩნია აქვე აღნიშვნა, რომ თითოეული სარტყელი განსხვანებულად არის გაფორმებული და, შესაბამისად, სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელია). მეცნიერები სხვადასხვა დროს დეკორატიულ დეტალებს ხან ნაყოფიერების სიმბოლოთა სფეროს მიაკუთვნებდნენ, ხან აგრიკულტურას უკავშირებდნენ, ხან ამირანის ეპოსს. მაგ.; ჯვარედინად გრავირებულ რომბისებურ ფორმებს ან კვადრატებს თვლიდნენ კულტივირებულ ყანებად, გრავირებული შტრიხები წვიმასთან, ხოლო დაწინწკლული სამკუთხედები მთის მეურნეობასთან კავშირდებოდა, მახვილი კეთდებიდა ირემსა და ხარზე, როგორც სამეურნეო ცხოველებზე და სხვ. მათ, ასევე, აგრიკულტურულ კალენდართან და შესაბამისად, პირველი კვალის გაყვანასთან, თესვასთან და მოსავლის აღებასთან და სხვ. აკავშირებდნენ (კოზლოვი, ურუშაძე 1994), ბოლო დროს კი - საკრალურ ნადირობასთან და პურობასთან (ხიდაშელი 1984, 2001, 2005; სურგულაზე 1987).

სარტყლებზე ჩვენს წინაშე იშლება: ნარატიული სცენები ადამიანთა სტილიზებული გამოსახულებებით; ასევე ორნამენტები, რომლებიც გეომეტრიული სტილისთვისაა დამახასიათებელი. აღნიშნულ ნივთებში აქცენტი უფრო ნადირობის სცენაზე იყო გადატანილი და ნაკლები ყურადღება ექცეოდა ანტურაჟს, სადაც ეს სცენა ვითარდება ან უფრო ზუსტად სხვაგვარად იყო ინტერპრეტირებული, ვიდრე ქვემოთ წარმოვადგენთ. სარტყლებზე გვაქვს შეტყობინება, რომელიც განლაგებულია როგორც რეალურ სივრცეში, ასევევ წარმოსახვაში და იქმნება, ვ.ტოპოროვს რომ დავესესხოთ (რომელიც თავის მხრივ ჰარტმანს ემყარებოდა), მიმართება: ტექსტი სივრცე და სივრცე/ტექსტი (ტოპოროვი, 1983, 227-284), რომელიც ასევე ილუსტრაციაა პროპოზიციისა, რომლის მიხედვიუთ ტექსტი სივრცულია. სივრცის ჭვრეტისას მართალაც ყველაზე მნიშვნელოვანი და პარადოქსული ისაა, რომ ცნობიერება სივრცეს წარმოგვიდგენს, მაშინ როდესაც თვითონ ცნობიერება თავისი ყველანაირი შინაარსით უსივრცოა (ტოპოროვი, იქვე). სამონადირეო რიტუალი გულისხმობს რამოდენიმე ტიპის სივრცულ გარემოს (შინას და გარეს) და შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით შემოგვაქვს ტერმინი ლიმინალურიც (ანუ ზღვრული), რომელიც თავის დროზე ანთროპოლოგიაში ვან გენეპმა შემოიტანა სოციალური და ინდივიდუალური ყველანაირი ცვალებადი პროცესის შესასწავლად დროით და სივრცულ პლანში, რომელსაც ჩვენ განვავრცობთ სამონადირეო რიტუალზეც და შესაბამისად, ნაშრომი ორგანიზდება საკითხების გარშემო: ა)თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ლიმინალური ზემოთ ხსენებულ არტეფაქტებში, რომლებიც ნარატიულ ხატებად წარმოგვიდგება. მაგრამ ლიმინლურის განხილვამდე, რამოდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. კერძოდ, აღნიშნული სარტყლების შეტყობინების გაცნობიერებას, ჩვენი აზრით, შევყავართ ადამიანი/ბუნება-ს შორის არსებული კომუნიკაციის არსში და, შესაბამისად სივრცულ მიმართებებში, როგორიცაა ოპოზიციები შინა/გარე, საიქიო/სააქაო და დროით მიმართებაში ამიერი/იმიერი, წარმავალი/წარუვალი. ქართულ პერცეფციაში, რომელიც არაჩვეუებრივად კომპლექსურია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია მოკვდავთა რეალობასთან. შესაბამისად, სივრცულ და დროით პარამეტრებში შინა და გარე სამყაროთან სივრცული მიმართებები მოცემულია ისტორიებში, რომელიც ეხება მოგზაურობას, სანადიროდ წასვლას, მიახლოებას საკრალურ ცენტრთან (ნ.აბაკელია, 2006). ეს გადასვლები, რომლებიც ლიმინალური ზონების გადალახვას გულისხმობს, ასევე დროში მოგზაურობებიცაა. გავიხსენოთ ფართოდ გავრცელებული იდეა, რომ ხანმოკლე მოგზაურობა “იქ”, შეესაბემება უფრო ხანგრძლივ დროით ინტერვალს “აქ” (თუმცა ინვერსიული შემთხვევებიც მრავლადაა), როდესაც დროის ხანგრძლივობა “იქ” უფრო დიდია, ვიდრე “აქ”, ამიერში. საიქიოში შესვლა (გასვლა) შესაძლებელია: ა)თუ ინდივიდი ინიციაციაგავლილი და რჩეულია; ბ)საკრალურ დროს (მაგალითად დღესასწაულის დროს), ან გ)ნადირობის დაშვების დროს, რაც საკრალური ცენტრის მფლობელ ნადირთპატრონს უკავშირდება (ნ.აბაკელია, 2006, 201-13) და სხვ. როგორც სპეციალური ლიტერატურიდან კარგადაა ცნობილი, სივრცისა და დროის ცენტრები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. ამიტომ სივრცის ნებისმიერი აღწერა გულისხმობს “აქ და ახლა”-ს. ხოლო ყველანაირი ორიენტაცია დროში გულისხმობს ორიენტაციას სივრცეში. სივრცის დაყოფა მიმართულებებად და ზონებად პარალელურია დროის დაყოფისა ფაზებად (ტოპოროვი, 1983). სარტყლის დეკორიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ გრავირებული სარტყელი მონადირის სამოსის ატრიბუტი და შესაბამისად, მისი სტატუსის მაჩვენებელიც უნდა ყოფილიყო. სარტყლის ტარება, ისევე როგორც მონადირის მიერ მაგიური ბეჭდის ფლობა, რომელსაც ტყის დედოფალი აძლევს მონადირეს, როგორც თავის რჩეულს, მიგვაჩნია, რომ ბედ - იღბალთან არის დაკავშირებული (აბაკელია: 2006, 201-213).

Bronze Buckle from village Gebi(Georgia, Racha), II-III c. AD - ბრინჯაოს ბალთა (სარტყლის შესაკრავი) რაჭიდან, სოფ.ღები http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=121&info_id=1000

რაჭა - ლეჩხუმში შემორჩენილია რიტუალური საფერხულო სიმღერა (“ქალსა ვისმე ერქვა შროშანაო…”), რომელიც ნადირთპატრონს, სახელად შროშანას ეძღვნება (დაწვრილებით ანალიზი ტექსტისა იხ.ნ.აბაკელია 2006, 201-212. იქვე ლიტერატურა). აღნიშნული რიტუალური ტექსტის ანალიზმა გვაჩვენა, რომ საწესო სიმღერა უფრო დიდი მითის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ნადირობას, მონადირისა და ქალღვთაების სასიყვარულო ურთიერთობას და რჩეულობის ინსტიტუტს უკავშირდება. საწესო ლექსის უფრო ფართო კონტექსტში განხილვა მასთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციულ ნაკადებს წარმოშობს. ქალის სახელი შროშანა, რომელიც სურნელოვანი, თეთრი მთის ყვავილის (ლილიის) აღმნიშვნელია, მას ერთი მხრივ ოდორისტულ კოდში რთავს, ხოლო მეორეს მხრივ, ყვავილის ცენტრიდან გამომავალი ფურცლების გამო, რომელიც ცენტრიდან გამოსხივებას შეიძლება შევადაროთ გენონისეული გაგებით, მას სამყაროს სიმბოლიზმთან აკავშირებს (გავიხსენოთ ეგვიპტურ შესაქმის მითში ან ინდუისტურ ტრადიციაში ლოტოსი, როგორც სამყაროს გამოვლინება, რომელზეც ღვთაებაა გამოსახული და სხვ.). ჩვენი გამოკვლევებიდან გამომდინარე (2006, 2010, 178-187), ქალღვთაება შროშანასთან რამოდენიმე აზრობრივად თანხვედრილი სიმბოლო ასოცირდება. მაგ., ყვავილი და ბეჭედი. ორივეს (ბეჭედსა და ყვავილს), როგორც წრის მანიფესტაციას, წრის ყველა მითოლოგიური მნიშვნელობა მიუღია და მათ შორის თვითობისაც ანუ სიცოცხლის ყველაზე არსებითი ასპექტიც იუნგისეული გაგებით (თვითობაზე იხ.:იუნგი: 2005), რომელიც ყოველთვის მის აბსოლუტურ სისრულეზე მიანიშნებს. სხვა სიმბოლოთა აგებულება, რომელსაც ტექსტში ვხვდებით, ეფუძნება წრისა და ღერძის გამოსახულებას. თვლიანი ბეჭედი, როგორც წრე სამყაროს წარმოსახვითი სურათხატია. მის ცენტრში ამოსული ნაძვის ხე, ღერძული სიმბოლიკის მნიშვნელობისაა (ცენტრის და ღერძის სიმბოლიზმთან დაკავშირებით იხ. ელიადე: 1958) შესაბამისად, წრეში (მოძრაობის სიმბოლო), ამოსული ხე (უძრაობის სიმბოლო), მოძრავისა და უძრავის მიმართების მაჩვენებელია. ჰორიზონტალურ პროექციაში ხე, ზოგადად, სამყაროს ჭიპად არის მიჩნეული, ხოლო ვერტიკალში - სამყაროს ღერძად (გენონი: 2000). მცირემასშტაბიანი სამყაროს მოდელის სტრუქტურა, რომელსაც ბეჭედი იძლევა კოსმიური ასპექტი გააჩნია. ხოლო ბეჭედი იმ სურათხატს გვაძლევს, რომელშიც დრო და სივრცე (“აქ” და “ახლა”) იჭრება და იქმნება რეალობა, მთლიანობა. ამრიგად, მონადირე საზოგადოების ის პრივილეგირებული პირია, რომელსაც ქალღვთაების კეთილგანწყობის გამო შეუძლია, ნება ეძლევა მივიდეს საკრალურ ცენტრთან, მიაღწიოს სამოთხისეულ მდგომარეობას და დროებით დაეუფლოს მთლიანობას. მონადირის გასვლა გარეთ და შეხვედრა ქალღვთაებასთან, მასთან სატრფიალო ხელშეკრულების დადება და ამით ბედის მოპოვება უკვე მის განსაკუთრებულ სენსიტივობაზე მიუთითებს. პრაქტიკულად, მონადირის არაჩვეულებრივად გამახვილებული გრძნობების მეშვეობით ვლინდება საკრალური სამყარო საზოგადოებისთვის. მონადირე ამ შემთხვევაში განსხვავდება საზოგადოების სხვა წევრებისგან საკუთარი რელიგიური განცდების ინტენსივობით. მისი სულიერი ცხოვრება ფარული უნარების გამო უფრო ღრმა და შინაარსიანია, ვიდრე სხვა დანარჩენი ხალხისა. მონადირის შეხვედრისას ქალღვთაებასთან ხდება მისი ტრანსფორმაცია ჩვეულებრივიდან არაჩვეულებრივში - რჩეულში. მთლიანობა ზემოთ მოტანილი წრიული საფერხულო რიტუალითაც გამოიხატებოდა. ეთნოლოგების მიერ შესწავლილ ფერხულებში (ზემყრელო, სახატო ფერხულები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში) სამყაროს წრებრუნვის იდეაა გამოხატული სამყაროს ღერძის გარშემო, ცისა და მიწის კავშირი საკრალურ ცენტრში, დროის ციკლური მდინარება, რაც სამყაროს წესრიგს, ნაყოფიერებას, კეთილდრეობას და სხვ. უკავშირდება (ალავერდაშვილი: 2004,.24; 2005). მაგრამ სხვადასხვა კონტექსტში მოქცეული თითოეული ფერხული განსხვავებული სიმბოლური მნიშვნელობისაა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს სამონადირეო ციკლში ჩართული ფერხული და რისი სიმბოლო შეიძლება იყოს იგი?

ჭვირული ბალთა, თეძმის ხეობიდან, http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=121&info_id=1000

ამაზე შეიძლება ტექსტმა გვიპასუხოს, რომელიც რეალურად ქალღვთაების ინვოკაციაა და შესრულების წესმა, რომელსაც მთელი სოფელი ასრულებს. ორივე, როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური ქმედებები ერთმანეთს ავსებენ და ეხმარებიან და ორივე ერთად - მონადირეს. საფერხულო მოძრაობებით “დახატული” ფორმა, ჩვენი აზრით, შესაძლოა იდენტიფიცირებულ იქნას ლაბირინტთან, ხოლო ცეკვა - ლაბირინთულ ცეკვასთან. აღნიშნულ კონკრეტულ სიტუაციაში ცეკვის მიზანია გაამხნევოს მონადირე და გაუძღვეს მას უხილავ ბილიკზე, რომელიც წარმავალიდან წარუვალ სფეროში მიემართება (შდრ. შამანების ცეკვას, რომელიც ეხმარება შამანს გავიდეს სულიერ სამყაროში ან შივას ცეკვას ცეცხლოვან წრეში, რომელიც შესაქმეს უკავშირდება). მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინვოკაციის შემცველი ფერხული? თუ გავითვალისწინებთ საკრალური ცეკვების სხვადასხვა ფუნქციას და ასევე თუ მხედველოველობაში მივიღებთ იმ გეომეტრიულ ნახაზს, რომელიც ამ ცეკვებით იქმნება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აღნიშნულ საფერხულო საკრალური ცეკვის მიზანი იყო იმ ბილიკის, იმ გზის დახატვა, რომელიც უნდა გაევლო მონადირეს და რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც ლაბირინთული ცეკვა (ცეკვა - ლაბირინთი) ან სულიერ სამყაროში გასასვლელი სიმბოლური გზა. საკრალური ცეკვის მიზანი იყო გაემხნევებინა მონადირე და გაეცილებინა იგი უხილავ ბილიკზე, რომელსაც ის უნდა გაეყვანა წარმავალიდან წარუვალ სამყაროში. ჩვენი აზრით, იგივე იდეა უნდა იყოს გამოხატული ადრებრინჯაოს ხანის გრავირებულ სარტყლებზეც. ზემოთ ხსენებულ გრავირებულ ბრინჯაოს სარტყლების (ძვ.წ. IX-VII საუკუნეები) კიდეებზე შესაძლებელია ლაბირინთის ჯვარედინი მოდელის იდენტიფიცირება, რომელსაც უკვე ეთნოგრაფიულ დონეზე გააჩნდა გამოკვეთილი რელიგიური მნიშვნელობა ქართველებისთვის. ჩვენი აზრით, ლაბირინთის მოდელი (რომელიც შეძლება იყოს კონცენტრული წრეებისაგან, კვადრატებისგან ან რომელიმე სხვა გეომეტრიული ფიგურისგან შემდგარი) შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნას ზემოთ ხსენებული ბრინჯაოს გრავირებული სარტყლების კიდეებზე შექმნილ გამოსახულებებთან; ლაბირინტის მოდელი ეთნოგრაფიულ დონეზე ავლენს გამოკვეთილ რელიგიურ ფუნქციებს ქართველთა რწმენა-წარმოდგენებში. მაგრამ რა შესაძლებელი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ბრინჯაოს სარტყლებს? რომელნიც მეცნიერების მიერ გაიგივებულია ღვთიური ნადირობის და პურობის სცენებთან? სარტყელი თავად მიუთითებს მის მფლობელზე ე.ი. მონადირეზე, რომელსაც იმისათვის რომ ენადირა სამოთხისმსგავს საკრალურ ცენტრში ქალღვთაების გულის მოლბობა და თანხმობა ესაჭიროებოდა, რაც არ იყო ადვილი საქმე და სადაც მისასვლელი მხოლოდ ქალღვთაების რჩეულს ჰქონდა. აღნიშნული რწმენა - წარმოდგენების ფონზე გასაგები ხდება თუ რატომ სრულდებოდა საფერხულო სიმღერები მთელი სოფლის მიერ, რაც გულისხმობდა ქალღვთაების ინვოკაციას, რომელსაც მონადირისთვის იღბლიანი ნადირობა უნდა უზრუნველეყო.

ბალთები ცხინვალის რეგიონიდან, 1 - პატკნეთი, 2 -გრომი - Bronze Belt Buckles from Tskhinvali region, 1 - Patkneti, 2- Gromi

ფერხულების ზოგადი ელემენტები მოიცავს მოძრაობების სპირალურ კომპლექსურობას, გამეორებით რევერსიებს (ერთ მხარეს ბრუნვას, შეჩერებას და შემდეგ საპირისპირო მხარეს ტრიალს), თითქოსდა განმეორებადი წინააღმდეგობების გამო შეჩერებების შემდეგ ხელახალ ფორმად ქმნას, რომლებიც სიმბოლურად შეიძლება დახვეულ ბილიკებს წარმოადგენდნენ. მისადგომები საკრალურ ცენტრში რთული იყო და გმირს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მონადირეს) უნდა დაეძლია ლაბირინთული სიძნელეები. ჩვენი აზრით, სწორედ საფერხულო სიმღერების ქორეოგრაფია ლაბირინთული კონსტრუქციების სიმბოლიზმს ავლენს. ამგვარად, აღნიშნული ფერხულის ტექსტი ქალღვთაებისადმი მოწოდებაა; ხოლო რაც შეეხება ქორეოგრაფიას საფერხულო ცეკვისას ის ძნელი გზის სირთულეთა მაგიური დაძლევის საშუალებაა, რომელიც უნდა დახმარებოდა მონადირეს გზის გავლაში. ჩვენი აზრით, ფერხულის თუ მაგიური ლაბირინთის შესრულება / წარმოდგენა, მაგიური და დამცავი სარტყლის ფლობა (შესაძლოა მაგიურ ბეჭედთან ერთად) უნდა დახმარებოდა მონადირეს საკრალური ცენტრის სახიფათო ძიებასა და მიღწევაში. ზემოთ თქმულის ანალიზი ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ საკრალური ნადირობა უშუალოდ დაკავშირებული იყო საზღვრის გარღვევასთან და შესაბამისად, ლაბირინთის დაძლევასთან (რომელიც, როგორც ლიმინალური ზონა, რთული და სახიფათო გზის დაძლევის სიმბოლოა). ბრინჯაოს სარტყლებზე გრავირებული საკრალური ლაბირინთი მოგვიანო განვითარების შედეგად შესაძლოა შეცვლილიყო ჭვირული ბალთებით (ა.წ. III და II საუკუნეები); ეს უკანასკნელნი, ჩვენი აზრით, ძალზე ლაკონურად აჩვენებენ საკრალურ ცენტრის სიმბოლიზმს და მის მფლობელ ტყის დედოფალს ზოომორფულ იპოსტასში (იგი შესაძლოა წარმოდგენილი ყოფილიყო გარკვეული სახეობის ცხოველით ან ჰიბრიდული არსების სახით) და, ასევე, ლაბირინთის აბრევიატურას. ამგვარად, სარტყელი - ბალთას კომპლექსი წარმოაჩენდა რა კონტრასტს წარმავალსა და წარუვალ სამყაროებს შორის “იწერებოდა” “სამყაროს მოდელში”, რომელიც ასოცირდებოდა გარკვეულ მითორიტუალურ კომპლექსებთან. ისინი ჩვენი ვარაუდით მიანიშნებნენ მის ფლობელის სტასტუსზე (რჩეული მონადირე, ტყის დროებითი მეუფე და მეუღლე საკრალური ცენტრის მფლობელის და მცველისა) და ძალაუფლებაზე, ხოლო მათი გაკეთება და მოხსნა დაკავშირებული იყო საიქიოში გასვლასთან და იქიდან დაბრუნებასთან, შესაბამისად ერთი მოდალობიდან მეორეზე გადასვლასთან.

ჭვირული ბალთა, ბრინჯაო, იმერეთი. ჭიათურა, http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=121&info_id=998

ლიტერატურა:

აბაკელია: ნინო აბაკელია, სიმბოლო - ანალოგიები და იმპლიციტური “თეოლოგია”ერთ საწესო საფერხულო სიმღერაში, კავკასიურ - ახლო - აღმოსავლური კრებული, თბ., 2006.

აბაკელია: ნინო აბაკელია, სარტყელი - ბალთა კომპლექსის საკულტო და კოსმოლოგიური განზომილებისათვის ქართულ მითორიტუალურ სისტემაში, ანთროპოლოგიური კვლევანი, თბ., 2010.

ალავერდაშვილი: ქეთევან ალავერდაშვილი, წრიული რიტუალური ფერხულების სიმბოლიკისათვის ქართული ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, 25, თბ., 2005.

გენონი: Рене Генон, Символы священной науки., М., 2002.

eliade: Mircea Eliade, Patters in comparative religion, N.Y., 1958.

iungi:karl gustav iungi, fsiqologia da alqimia, Tb., 2005

kozlovi,uruSaZe: Arielle Kozloff and Nino Urushadze, Animal Style Bronze Art and its Closest Parallels: A Bronze Belt and Axe Head. The Bulletin of the Cleveland Museum Art. Vol.81. No.5. pp.118-139.

სურგულაძე: ირაკლი სურგულაძე, ხალხური ორნამენტი, თბ., 1987

ტოპოროვი: В.Н. Топоров, Текст: семантика и структура. М.,1983.

ხიდაშელი: მანანა ხიდაშელი, ცენტრალური ამიერკავკასიის გრაფიკული ხელოვნება ადრეულ რკინის ხანაში (ბრინჯაოს გრაფიკული სარტყლები). გამოკვლევა და კატალოგი, თბ., 1982.

ხიდაშელი: მანანა ხიდაშელი, სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში, თბ., 2001.

ხიდაშელი: მანანა ხიდაშელი, რიტუალი და სიმბოლო არქაულ კულტურაში, თბ., 2005.

ყიფიანი: გურამ ყიფიანი, ბრინჯაოს ჭვირულ ბალთათა ატრიბუციის საკითხები, კავკასიის მაცნე, №1, 2000.

ჭვირული ბალთა, ბრინჯაო, რაჭა. ახალსოფელი, http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=121&info_id=998