topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ი.ადამია - ხალხური ხუროთმოძღვრების ზოგიერთი ნიმუში მდ.ყვირილის ზემოდინების ხეობაში

<უკან დაბრუნება...<<<საერო ნაგებობები და საცხოვრებელი სახლები>>>

ილია ადამია (არქიტექტორი კანდიდატი) - ხალხური ხუროთმოძღვრების ზოგიერთი ნიმუში მდ.ყვირილის ზემოდინების ხეობაში - ძეგლის მეგობარი, 1967, 12, გვ.31-46.

დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი ხალხური ნაგებობებისა და კარმიდამოს მეტად საყურადღებო ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ნაგებობათა აშენება და კარმიდამოთა მოწყობა ბუნებრივ გარემოსთან შეგუებისა და ადგილობრივი იაფფასიანი საშენი მასალების გამოყენების ტრადიციების შესაბამისად არის განვითარებული; ამიტომაც საქართველოს ცალკეული მხარეების ხალხური ხუროთმოძღვრების მიკრორაიონული ხასიათის შესწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც თეორიული თვალსაზრისით, ისე თანამედროვე არქიტექტურის პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად. წინამდებარე ნაშრომი მიძღვნილია დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის - ყვირილის ზემოდინების ხეობის მთის სოფლების ხალხური ხუროთმოძღვრების შესწავლისადმი. ყვირილის ხეობა მდებარეობს ზემო იმერეთის ტერიტორიაზე (მდ.ყვირილა რიონის მარცხენა შენაკადია, რომელსაც სათავე აქვს ზეკარის გადასავალს ქვემოთ სურამის ქედზე). ჟვირილის ხეობის ლანდშაფტი მხატვრულ სანახაობათა კონტრასტებით ხასიათდება. ირგვლივ მოჩანან მთის ფერდობებზე გაშენებული ბაღ-ვენახები, ზოგან ველ-მინდვრები, ალაგ-ალაგ სხვადასხვაგვარი ფორმის ფენებად დაწნეხილი ნაირფერად შეფერილი კლდე-გორაკები, მწვანეში ჩაფლული ცალ-ცალკე შექოჩრილი დასახლებული ბორცვები, რომლებსაც ცვლიან ტყით დაბურული მთები. ყვირილის ხეობა განსაკუთრებით თვალწარმტაცია ზემოდინების მიდამოებში; ხეობა გრძელდება მდ.ყვირილის სათავიდან დაწყებული ვიდრე სოფ.ჭალამდე, მისი სიგრძე - 25-30 კმ-ს არ აღემატება; საკვლევი უბანი - ე.წ. ყვირილის ზემოდინების ხეობა - ადმინისტრაციულად შედის საჩხერის რაიონში. მდ.ყვირილის ზემო წელი, შედარებით მკაცრი ბუნებრივი პირობებისა და შეზღუდული სამეურნეო საქმიანობის გამო, უფრო ნაკლებად არის დასახლებული, ვიდრე შუა და ქვემო დინების ადგილები. ზემოაღნიშნული ხეობის დასახლებული ადგილებიდან საყურადღებოა შემდეგი ტიპიური მთის სოფლები: პერევი, ზემო და ქვემო ქარძმანი, შუაქარძმანი, სპეთი და სხვ.*(ზემოხსენებული სოფლები ხალხური ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლის თვალსაზრისით გამოვიკვლიეთ 1962 წ.) ეს მხარე ცნობილია მატერიალური კულტურის ისეთი უნიკალური ძეგლებით, რომლებიც ქრონოლოგიურად მიეკუთვნებიან ადრე და გვიან ბრინჯაოს ხანას*(Б.А.Куфтин, археологическая маршрутная экспедиция. 1945 года в Юго-Осетию и Имеретию, Тб., 1949, стр.64-82). ამ მხარის მატერიალური კულტურის - არქეოლოგიური ძეგლების პირველ მკვლევარად აღიარებულია ექვთიმე თაყაიშვილი*(Е.С.Такайшвили, О Сачхерском кургане Шоропанского уезда, изв. Кавказского Отделения Московского Археологического Общества, вып.3, Тифлис, 1913 г.). საყურადღებოა აგრეთვე 1954 წ. სოფ.პერევში აღმოჩენილი განძის შესწავლისადმი მიძღვნილი გამოკვლევა*(დ.ქორიძე, მატერიალური კულტურის უძველესი ძეგლები (საჩხერის რაიონი), თბ., 1961 წ. გვ.37-78). ზემოხსენებული ნაშრომები გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს ამ ადგილების მატერიალური კულტურის შესახებ (გათხრითი არქეოლოგია), მაგრამ ამ მხარეში არსებული ხალხური ხუროთმოძღვრული ძეგლები (ეროვნული კულტურის  ერთ-ერთი დარგი) დღემდე სპეციალური შესწავლის საგანი არ ყოფილა, რის გამოც ჩვენ მას ნაკლებად ვიცნობთ. წინასწარ უნდა შევნიშნოთ, რომ ამ მხარეში ჩვენს მიერ მოპოვებული გრაფიკული მასალის მთელი სისრულით განხილვა მცირე მოცულობის ნაშრომში შეუძლებელია. ჩვენ შევეცდებით პერევის, შუა ქარძმანისა და სპეთის მაგალითზე გავაშუქოთ მხოლოდ ზოგიერთი ძირითადი საკითხი. ვიდრე შევუდგებოდეთ ხალხურ ნაგებობათა განხილვას, საჭიროდ ვთვლით მოკლედ შევეხოთ ძველი სოფლის დასახლების სისტემას, ძველ ტიპიურ კარ-მიდამოთა დაგეგმვისა და განაშენიანების ტრადიციებს, რომლებიც დღემდე მეტნაკლებადაა შემორჩენილი.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

დასახლების სისტემა. პერევის, შუაქარძმანისა და სპეთის დასახლება მთის სოფლების კვალობაზეა განვითარებული. ხსენებული სოფლები დასახლებულია უბნებად - გვარების მიხედვით მეტნაკლებად შეჯგუფებული ფორმით*. ბოლო ხანებში (50 წლის მანძილზე) გადასახლება - ჩამოსახლების ხშირმა შემთხვევებმა სხვა ფაქტორებთან ერთად გამოიწვია დასახლებულ უბნებში გვარების სიჭრელე, რამაც ნიადაგი გამოაცალა გვარებად დასახლების ტრადიციას. დასახლებისათვის გამოყენებულია ბორცვები-გორაკები, ფერდობები და ზეგანი (დავაკებული ადგილები). რთულმა ტოპოგრაფიულმა პირობებმა დიდი გავლენა მოახდინა უბნებად დასახლების სტრუქტურაზე, მის სივრცობრივ ხუროთმოძღვრულ კომპოზიციურ ფორმაზე, რომლებიც ხშირად დამოუკიდებელ მიკრო ანსამბლურ ხასიათს ატარებს. რთული რელიეფური პირობებით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ხშირად ერთი დასახლებული უბანი მეორესთან მხოლოდ ბილიკებითაა დაკავშირებული. ცალკეული უბნების შეჯგუფული დასახლების სისტემაში ხალხური გეგმარების ტრადიციული ელემენტები ტიპიურ სახეს ატარებს, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ცალკეულ დასახლების გენ-გეგმის კომპოზიციას დაახლოებით ოვალური მოხაზულობა აქვს, რომელსაც დასახლების ყველაზე უძველეს ფორმად ვთვლით; ყოველ დასახლებულ უბანს ოვალურადვე გარს უვლის ვიწრო გზა, რომლის სიგანე სამ მეტრამდე აღწევს; დასახლების შეჯგუფული ფორმის გამო, რომელიც განაშენიანების მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება. შიგასამიმოსვლო გზები წარმოადგენენ ვიწრო ქუჩაბანდებსა და შუკებს, რომლებიც ცალკეულ კარმიდამოებს უკავშირდებიან. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ სოფლის დასახლების სისტემაში. განაშენიანებას თავისებური ხუროთმოძღვრული ხალხური ტრადიციები აქვს. ყველა სახის ხალხური ნაგებობა - ბეღელი, სასიმინდე, ბოსელი თუ საბძელი - განლაგებულია გზის პირზე, საკარმიდამო ღობის გასწვრივ.*ხშირად საკარმიდამო ღობის გასწვრივ გზის პირზე ნახავთ მიწაში ჩასობილ ხის ბოძებს, რომელთა წაწვეტებული თავები ამოშვერილია მიწიდან დაახლოებით 30 სმ სიმაღლეზე. ეს იცავს საკარმიდამო ღობეებს აქაურ ვიწრო ქუჩაბანდებში გამვლელი ტრანსპორტის წამოდებისაგან, რომელიც ხშირად იწვევს მათ დაზიანებას. სოფლის დასახლების სისტემაში განაშენიანების უფრო ახლოს გასაცნობად საჭიროა მოკლედ შევეხოთ ძველ ხალხურ კარმიდამოებს, მათი დაგეგმვისა და განაშენიანების უძველეს ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მტკიცე სტანდარტების სახითაა ტიპობრივად ჩამოყალიბებული.

კარმიდამო. ძველი დასახლების სისტემაში კარმიდამო წარმოადგენს ხალხური დაგეგმარების ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს, ანუ ე.წ. ერთეულს*. უნდა შევნიშნოთ, რომ ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ხალხური კარმიდამოები უფრო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ხალხური ნაგებობანი. კარმიდამო, როგორც დასახლების ერთ-ერთი ხუროთმოძღვრული განვითარებული უჯრედი, საუკუნეთა მანძილზე ხალხური დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზეა ტიპობრივად ჩამოყალიბებული. სოფლური დასახლების საერთო ასახულობის ხუროთმოძღვრული სტრუქტურული სახე დამოკიდებულია კარმიდამოს განვითარებული ტიპების გენ-გეგმებისა და განაშენიანების სივრცობრივ ხუროთმოძღვრულ კომპოზიციაზე, რომელშიაც ერთ-ერთ მთავარ როლს გამწვანებაც ასრულებს. ყურადღებას იპყრობს საკარმიდამო პარცელების არჩევის ღრმა ცოდნა, რომელიც საცხოვრებლად ჯანსაღი ადგილების არჩევაში გამოიხატება. კარმიდამოებისათვის გამოყენებულია როგორც რთული რელიეფის, ისე ბუნებრივად დავაკებული ან ხელოვნურად შექმნილი შანდაკი ადგილები. დღემდე გადაუკეთებლად მოღწეული ძველი კარმიდამოები იშვიათია, მაგრამ შესწავლილ კარმიდამოთა საფუძველზე ირკვევა, რომ მათი ტიპიური გენ-გეგმის ხუროთმოძღვრული კომპოზიცია დამოკიდებულია რელიეფის ხასიათზე, შრომა საქმიანობისა და ბუნებრივი გარემოცვის პირობებზე. კარმიდამოთა შესწავლამ გვიჩვენა, რომ შეიძლება მათი დაყოფა ორ ჯგუფად, სახელდობრ: ა)რთულ რელიეფზე მოწყობილი კარმიდამოები და ბ)დავაკებულ ადგილზე მოწყობილი კარმიდამოები. რთულ რელიეფზე მოწყობილ კარმიდამოთა უმრავლესობას არაწესიერი სეგმენტური ან ოვალური ხასიათის მოხაზულობა აქვს; ხოლო ბუნებრივად ან ხელოვნურად დავაკებულ ადგილებზე დაგეგმილ კარმიდამოებს - სწორკუთხოვანი ან ტრაპეციული მოხაზულობა. ორივე შემთხვევაში კარმიდამო დაყოფილია სხვადასხვა დანიშნულების ეზოებად. დიდ ინტერესს იწვევს ისეთი ტიპიური ძველი კარმიდამოები, რომელთა განაშენიანების სისტემაში ერთი საცხოვრებლის ნაცვლად გვხვდება ორი ან სამი ცალ-ცალკე მდგომი საცხოვრებელი სახლი. ასეთ კარმიდამოებს შეიძლება ვუწოდოთ ორ ან სამოჯახიანი კარ-მიდამოები (იმის და მიხედვით, თუ რამდენი ოჯახია განლაგებული ერთი საცხოვრებელი ეზოს გარშემო). ამის საუკეთესო ნიმუშია სოფ.სპეთიდან ორი ძმის - მიხეილ და გიორგი ბუწურაძეების - საერთო კარმიდამო*შრომაში განხილული მასალის შეგროვებაში, დახმარებისათვის მადლობას ვუძღვნით ანდრო სიმონის ძე წერეთელს.

ბუწურაძეების კარმიდამო რთულ რელიეფშია ჩამჯდარი, რის გამოც მის გენ-გეგმასაც რთული მოხაზულობა აქვს. ზემოხსენებული კარმიდამო დაყოფილია შემდეგი დანიშნულების ეზოებად; I საცხოვრებელი ეზო (სუფთა ეზო), რომელსაც რთული მოხაზულობა აქვს, II საწარმო ან სამეურნეო ეზო, III საბაღო ეზო და სავენახე-საბოსტნე ადგილები. კარმიდამოს განაშენიანებაში ერთი და იგივე დანიშნულების ნაგებობა ორჯერ მეორდება, რაც ერთ კარმიდამოზე ორი ოჯახის არსებობით არის გამოწვეული. კარმიდამოს განაშენიანება ტიპიური სქემითაა განხორციელებული და შეიცავს შემდეგი დანიშნულების ნაგებობებს; 1) ძველი ტიპიური საცხოვრებელი სახლი; 2) ოდა-სახლი; 3) ბეღელი; 4) სასიმინდე; 5) საბძელი; 6) საღორე და საქათმე 7) მარანი. როგორც ჩანს, კარმიდამოს განაშენიანების ორგანიზაცია მდგომარეობს იმაში, რომ ნაგებობები დანიშნულების მიხედვით კარმიდამოს შემადგენლობაში შემავალი ცალკეული ეზოების ხასიათის შესაბამისადაა განლაგებული. კარმიდამოს შესწავლიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი სახლის ადგილისა და ორიენტაციის არჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი არა მარტო საცხოვრებელი სახლის ორიენტაციას, არამედ ყოველი სამეურნეო ნაგებობისათვის საჭირო ორიენტაციის განსაზღვრასაც. ასე, მაგალითად, ბოსლის, სამზარეულოსა და ბეღლის ვიწრო განი ხშირად მიმართულია მზიანი მხრისკენ, ხოლო მათი გრძივი კედლები, რომლებიც მეტ ფართობს შეიცავს, ჩრდილოეთითაა მიმართული, სასიმინდე კი პირიქით, გრძელი გვერდით მიმართულია მზისაკენ - სამხრეთით, რათა გამზევების აქტივობა კედლის რაც შეიძლება მეტ ფართობზე გავრცელდეს.

ერთ კარმიდამოზე რამდენიმე ოჯახის ერთად ცხოვრების ტრადიცია, როგორც ძველისძველი გადმონაშთი, გვაროვნული დასახლების პირველყოფილ ფორმიდან უნდა მიმდინარეობდეს, ამიტომ ეს ნიმუშებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უძველესი ე.წ. შეჯგუფული დასახლების შესასწავლადაც. როგორც ირკვევა, ხალხურ მშენებელ-ხუროთმოძღვართა ბრძნული შემოქმედებითი აზრი უძველეს დროიდანვე ვერ ურიგდებოდა საცხოვრებელი ეზოების დაკნინების ფაქტებს. ცნობილია, რომ ოჯახის გამრავლება წარმოშობს საკარმიდამო მიწის სიმცირეს. მამა - პაპისეული მიწების დაპარცელება იწვევს ტრადიციული ვრცელი ეზოების მოსპობას; ამიტომ ტრადიციული ვრცელი ეზოების შენარჩუნების ერთ-ერთი უძველესი ხალხური ღონისძიება იყო ერთი ეზოს გარშემო იმდენი საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობის განაშენიანება, რამდენი ოჯახიც იყო მის ირგვლივ. ამრიგად, ორ ან სამოჯახიან კარმიდამოთა დღემდე არსებობის ტრადიცია ვრცელი ეზოს შენარჩუნების ერთ-ერთი ფაქტორთაგანია.1.ხალხური ზეპირი გადმოცემიდან ირკვევა, რომ კარმიდამოზე შეიძლება ყველაფერი დანაწილდეს - საბაღე ეზოცა და სამეურნეო ეზოც, მაგრამ საცხოვრებელი ეზოს (სუფთა ეზოს) გაყოფა - მასში ზღუდის გატარება ოჯახის რომელიმე უფლებიანი წევრის დაჟინებით ოდითგანვე სამარცხვინო და გასაკიცხ საქმედ ითვლებოდა. შემჩნეულია, რომ ტრადიციული ფართო ეზოების მრავალოჯახიანობას თან ახლავს მრავალშვილიანობა, რაც ქალაქად ან უეზოობის შემთხვევაში იშვიათია; სუფთა ვრცელი ეზოები საუკეთესო პირობებს ქმნიან ბავშვთა აღზრდისათვის, შრომისა და დასვენებისათვის. ამ გარემოებიდან უნდა გამომდინარეობდეს ცნობილი მოსაზრება, რომ "ერის გამრავლების ძირითადი წყაროა სოფელი და არა ქალაქი".2.პ.გუგუშვილი, საქართველოს მოსახლეობა 160 წლის მანძილზე (1800-1959), მასალები  საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XII-XIII, 1963 წ. გვ.79.

დასასრულ საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ორი ძმის - ბუწურაძეების ძველი ტიპიური კარმიდამოს იდენტური ტიპები მოწმდება ისტორიული კოლხეთის ტერიტორიის სხვადასხვა მხარეში. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა მხარეში გავრცელებული ტიპიურ კარმიდამოთა და ოდა-სახლების შესახებ ხმარებული ტერმინები (გამოთქმები), როგორიცაა: "იმერული კარმიდამო", „მეგრული კარმიდამო", "გურული კარმიდამო", ასევე "იმერული ოდა", "მეგრული ოდა", "გურული ოდა" და სხვ. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რის გამოც კუთხური „ინდექსები" იმერული, გურული, მეგრული და აფხაზური სრულიად გაუმართლებლად მიგვაჩნია. გავრცელების გეოგრაფიული არეს შესაბამისად, როგორც ერთი სახის ადგილობრივ გავრცელებულ ტიპის კარმიდამოს, მას უნდა ეწოდოს კოლხური კარმიდამო", ხოლო ოდა-სახლს, რომლის წინამორბედ ძველი ტიპის საცხოვრებელს ქვემოდ განვიხილავთ, უნდა ეწოდოს „კოლხური ოდა-სახლი". როგორც ჩანს, შესწავლილი კარმიდამოების იდენტური ტიპების არსებობა კოლხეთის სხვადასხვა მხარეში იმაზე მეტყველებს, რომ ისინი იზოლირებულად კი არ განვითარებულა, არამედ, წარმოგვიდგება, როგორც მთლიანი ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული ტიპები, რომელთაც მივყავართ კოლხური კულტურის იმ სათავეებისაკენ, რომლის წიაღშიაც იგი დროთა ვითარებაში წარმოშობილია და განვითარებულა ერთნაირი ისტორიული მიზეზობრივი კავშირისა, შრომა - საქმიანობისა და ეთნიკური პირობების ნიადაგზე. ყოველივე ამის შემდეგ „...მით უფრო ვალდებული ვართ მეტი ინტერესით მოვეპყრათ იმ ძეგლებს, რომელნიც კოლხეთის წარსულს, მათ გავრცელებასა და ეთნიურ ურთიერთობას მოწმობენ1პ.უშაკოვი, საქართველოს უძველესი ხალხები და უკანასკნელი წლების აღმოჩენები არქეოლოგიის დარგში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, X-B, 1940 წ., გვ.247. მკითხველს გვინდა მოვაგონოთ ზემოთ ნათქვამი იმის შესახებ, რომ ძველი კარმიდამოთა ყველა ტიპიური ნიმუშის ან კიდევ მათი - წარმოშობის, ისტორიული განვითარების სრული სურათის, დაგეგმარების ყველა ელემენტის და მათი დაკნინების საკითხების უფრო ვრცლად გაშუქება ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზების გამო წინამდებარე ნარკვევის ვიწრო ჩარჩოში ვერ ხერხდება. ამიტომ ჯერჯერობით ზემოგანხილული მასალით უნდა დავკმაყოფილდეთ.

საცხოვრებელი სახლის ძველი ტიპები. მდ.ყვირილის ზემოდინების სოფლებში ძირითადად გავრცელებულია ორი ტიპის გლეხური საცხოვრებელი სახლი; პირველი „გრძელი სახლი", რომელიც აქ "ზემოური სახლის" სახელწოდებითაა ცნობილი, და მეორე, კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლის ცნობილი ტიპები. ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ძველი ტიპიური საცხოვრებელი სახლის პირველ სახეს, ე.წ. "გრძელ", ანუ „ზემოურ", სახლს, რომლის ტიპიური ნიმუშებია. სოფ.შუაქარძმანიდან ნ.კუსიანის, სოფ.სპეთიდან მიხეილ ბუწურაძის საცხოვრებელი სახლები. ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლების ინდივიდუალურ ხუროთმოძღვრულ თავისებურებათა გამოსარკვევად საჭიროა შევეხოთ გეგმარების იმ ელემეტებს, რომლებმაც საუკუნეთა მანძილზე განიცადეს ევოლუცია. ამათგან მთავარია: ა)გეგმის კომპოზიცია; ბ) სივრცობრივი კომპოზიცია და გ) კონსტრუქციული სტრუქტურა. ა)გეგმის კომპოზიცია. როგორც თვით სახელწოდება "გრძელი სახლი" გვიჩვენებს, გეგმაზე მას შესამჩნევად წაგრძელებული სწორკუთხედის მოყვანილობა აქვს (სურ.6,7) აღნიშნულ სწორკუთხედის სიგრძისა და სიგანის დამოკიდებულება, ღია დერეფნების ჩათვლით, დაახლოებით შეიძლება შემდეგნაირად გამოისახოს: 1X3; 1X5; 1X7 და ა.შ. ასეთი განზომილების გეგმის სახლს, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, "გრძელი სახლი" ანუ "ზემოური სახლი“ ეწოდება. ჩვენ მიერ ფიქსირებული „გრძელი სახლის" ტიპები, ძირითადად, ერთგანყოფილებიან ვრცელ საცხოვრებლისაგან შედგება, რომლის ფართი 35-52 კვ.მეტრამდე აღწევს. ტიპიურ საცხოვრებელ დარბაზს ერთ მხარეზე მიწური იატაკი აქვს, ხოლო მეორეზე ფიცრული იატაკია დაგებული; ხის იატაკი მიწური იატაკის ნიშნულიდან ერთი საფეხურით 15-20 სმ-ით მაღლაა. მიწურ იატაკს ტრადიციულად  დარბაზის ნახევარზე მეტი ფართობი უკავია, რომლის შუაში კერაა გამართული; კერის თავზე აწ გაუქმებული ერდოს "გვირგვინია" დარჩენილი. გვირგვინის თავზე "უმალ"1."უმალ" ხალხურ დიალექტზე (ძველი შემორჩენილი სიტყვაა) ნიშნავს - უწინ - ადრე. კვამლის გასატარებლად ხის კოშკურა ყოფილა "გვიმივით"2.სულხან-საბა ორბელიანიას განმარტებით, გვიმი არის "ჯურღმულის თორნე წყალთათვის ("სიტყვის კონა"). დადგმული, რომელიც სახურავის თავზე გარეთ გამოდიოდა (ამჟამად ყველგან მოხსნილია). დარბაზის იმ ნაწილს, რომელსაც მიწური (თიხანატკეპნი) იატაკი აქვს, „ჯალაბი" ეწოდება, ხოლო მეორეს - ხის იატაკიან ნაწილს "საწოლი". მართალია, "ჯალაბი" და "საწოლი" აღნიშნული ტიპის საცხოვრებლის გეგმის განვითარების ამ სტადიაში ჯერ კიდევ არ არის ერთმანეთისაგან ტიხრით გამოყოფილი, მაგრამ ადვილი შესამჩნევია ამისი გარდუვალობა. აღნიშნული ტიპის საცხოვრებელი სახლების განვითარების შემდეგ საფეხურზე (კოლხეთის ტერიტორიაზე) ჩვენ ვხვდებით "ჯალაბისა" და "საწოლის“ ერთმანეთისაგან ტიხრით გამოყოფის შემთხვევებს. ჩვენი აზრით, ეს მომენტი ოროთახიანი ტიპიური ოდა-სახლის წარმოშობის ერთ-ერთი ელემენტია. ამ ტიპის საცხოვრებელ სახლებში ერთ-ერთ მთავარ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს განიერი ღია დერეფნები, რომლებიც დარბაზის თავსა და ბოლოშია მოქცეული. ჯალაბის მხარეზე არსებულ ღია დერეფანს, ჯალაბის ანალოგიურად მიწური იატაკი აქვს, ხოლო "საწოლის" მხარეზე კი მისივე მსგავსად ხის იატაკი. ტიპიური საცხოვრებელი დარბაზი ამჟამად განათებას ღებულობს გრძივ კედლებში მოთავსებულ მცირე ზომის "გადასახედიდან" (ფანჯრიდან), რაც სრულიადაც არა საკმარისია: როგორც ზეპირი გადმოცემით ირკვევა, სინათლის უკმარისობა დარბაზში გამოწვეულია „გვირგვინის" გაუქმებით.3.როგორც ჩანს, დარბაზი დღის სინათლეს ღებულობდა აგრეთვე ზემოდან - "გვირგვინიდან". „გრძელი სახლის" ინტერიერი ამჟამად ღარიბად გამოიყურება. ინტერიერის მორთულობაში სადღეისოდ საყურადღებო არაფერი დარჩენილა, გარდა რუდიმენტული ფუნქციადაკარგული "გვირგვინისა" და განიერი ლოგინისა, რომელიც დარბაზის მთელ სიგრძეზეა უძრავად მიმაგრებული. ამ ტიპის საცხოვრებლის დამახასიათებელი გრძელი ლოგინები ზოგან სრულიად მოხსნილია, რადგანაც მის მხარეზე კედლის ცენტრალური ნაწილი ბუხარმა დაიკავა და მასში შუა ცეცხლმა გადაინაცვლა.4.ეს მომენტიც აგრეთვე ოროთახიანი ოდა-სახლის განვითარების ერთერთ ელემენტად გვაქვს წარმოდგენილი. "გრძელი სახლების" უმრავლესობა უკვე აღარ წარმოადგენს ძირითად საცხოვრებელს: ეს ფუნქცია მას დაკარგული აქვს და ახლა გამოყენებულია, როგორც მეორეხარისხოვანი "სამზადი", ანუ საჯალაბო" სახლი: ხოლო ძირითადი საცხოვრებლის მოვალეობას ასრულებს მის გვერდით აგებული ტიპიური საცხოვრებელი ოდა-სახლები. ახლა შევეხოთ "ტიპიური გრძელი" სახლის გეგმარების ზოგიერთ ინტივიდუალურ ელემენტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხშირად გვხვდება ჯალაბის მხარეზე არსებული ვრცელი ღია დერეფნის რომელიმე კუთხეში ცალკე დადგბული მცირე მოცულობის ბეღლები - „ჯიროლა"5.ხალხური ტერმინი "ჯიროლა", სულხან - საბას განმარტებით, არის პატარა ბეღელი (სიტყვის კონა).საცხოვრებელი სახლის სისტემაში სამეურნეო ნაგებობის აგების უძველესი ტრადიცია მოწმდება აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა მხარეში მაგალითად, ზემო აჭარაში ზოგიერთ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის ქვედა სართული უშუალოდ კი არაა გამოყენებული სამეურნეო დანიშნულებისათვის, არამედ ქვედა სართულში სრულიად დამოუკიდებელი ნაგებობაა აგებული. ამის საუკეთესო ილუსტრაციას გვაძლევს ე.წ. "სახლში შედგმული ბოსლები", ასევე თავანის სართულში შედგმული სასიმინდეები და სხვ.6.ი.ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, აჭარა, წიგნი პირველი, თბ., 1956 წ., ტაბ.II. დასასრულ უნდა აღინიშნოს, რომ "გრძელი სახლის" გეგმის პომპოზიცია, როგორც შესწავლილი მასალებიდან ჩანს, (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), წარმოადგენს გეგმის სიმეტრიული გადაწყვეტის საუკეთესო მაგალითს: რომელსაც საფუძვლად უდევს ხალხური ხუროთმოძღვარ - მშენებელთა მიერ საუკუნეების მანძილზე გამოცდილებითა და დაკვირვებით მიღებული, ურყევ სტანდარტად გამომუშავებული ხალხური მოდულური სისტემა.7.ხალხური მოდულური სისტემა და ”ბიჯი” - a ნაჩვენებია მ.ბუწურაძის საცხოვრებელი ”გრძელი სახლის” გეგმის კომპოზიციის მაგალითზე: a=160-180 სმ. როგორც ირკვევა, ხალხური მშენებელი კარგად იცნობს ხის მორის სამშენებლო თვისებებს. ხის მორი უძველესი დროიდან მიღებულია, როგორც ძირითადი სამშენებლო ერთეული, რომლის ზომებთანაა დაკავშირებული ხალხური მოდულური სისტემის ჩამოყალიბება, ამ უკანასკნელმა დიდად შეუწყო ხელი ტიპიური საცხოვრებელი ოდა - სახლის ცენტრალური გეგმარების განგითარებას.

სივრცობრივი კომპოზიცია. „გრძელი სახლის" გეგმის კომპოზიციის სიმეტრიულობამ განსაზღვრა მისი ხუროთმოძღვრული სივრცობრივი ფორმის სიმეტრიული აღნაგობა. გეგმისა და სივრცობრივი ფორმის კომპოზიციის ასეთი თანაზომიერი დამოკიდებულება მეტყველებს ხალხური მშენებლების ხუროთმოძღვრული კანონების ცოდნაზე. „გრძელი სახლის“ გვერდის ფასადები როგორც „ჯალაბის", ისე „საწოლის მხრიდან, ძირითადად, წარმოადგენს ღია დერეფნის, ხუროთმოძღვრულ კომპოზიციას, რომელიც „ხალხური ორდერის“ – (არქიტრაულ) ყაიდაზეა ყოველგგარი ზედმეტობის გარეშე შესრულებული, როგორც ჩანს, გვერდის (ტორსული) ფასადების განი არ არის დიდი, ამიტომ ახლო მდგომი მაყურებლის მხედველობის არეში ადგილად ექცევა და მაყურებელიც აღიქვამს მის სივრცობრივ ფორმას, როგორც ერთ მთლიან მასას. „გრძელი სახლის" მთავარ ფასადად ხალხური მშენებლის მიერ აღიარებულია შენობის გრძელი მხარე. საერთოდ, კლასიკურ არქიტექტურაში ცნობილია, რომ გრძელი შენობის ფასადის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა რთულ ამოცანას წარმოადგენს, რადგანაც გრძელი გეომეტრიული ტონის მთლიანი აღქმა ახლოს მდგომ მაყურებელს ძალზე მოსაწყენ და უფერულ შთაბეჭდილებას უქმნის. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა არქიტექტონიკური კანონების საფუძვლიანი ცოდნა. „გრძელი სახლის“ მთავარი ფასადი შესრულებულია დიდი ხუროთმოძღვრული ალღოთი, ყოველგვარი ხუროთმოძღვრული სამკაულების გარეშე. ფასადის სიბრტყე, მოდულური სისტემის შესაბამისად, დაყოფილია შემდეგი პროპორციით: 2-4-2, რომელიც მოცულობითი მასების საუკეთესო დანაწევრებას იძლევა. აღნიშნული მოცულობითი მასების დანაწევრების ხუროთმოძღვრულ - კომპოზიციური ეფექტების მისაღებად ხალხურ მშენებელს გამოყენებული აქვს კონსტრუქციული შვეული ელემენტები; სვეტები, ბოყვები და ნაშთური ჭდობის რელიეფური შვერილები, რომლებიც კედლის ზოლებად დაწახნაგებულ სიბრტყეზე შუქ - ჩრდილის პროფილირებულ შვეულ ზოლებს ქმნის. როგორც ჩანს, კონსტრუქციული სტრუქტურა, რომელიც აგებულია მოდულურ სისტემაზე და ხის დამუშავების ტექნიკა, რომელიც შეესაბამება „გრძელი სახლის“ განვითარების სტადიას, მთლიანად ექვემდებარება ფასადის ხუროთმოძღვრულ - მხატვრულ გადაწყვეტის ძირითად არსს. „გრძელი სახლის" სივრცობრივი ფორმის განაპირა ჰაეროვანი მოცულობითი არეები, რომლებშიაც ღია დერეფნებია ჩამჯდარი, ფასადს უაღრეს სიმსუბუქესა და სიმეტრიულობას ანიჭებს. დასასრულ უნდა აღინიშნოს, რომ ფასადის ლაკონური გადაწკვეტის ერთ - ერთ ელემენტად ხალხურ მშენებელს გამოყენებული აქვს შენობის ასაგებად საგანგებოდ არჩეული რთული რელიეფი, რის გამოც შენობა ისეა აგებული, რომ კლდოვანი ფერდობის ნაწილში, ცალ მხარეზე, შექმნილია ქვედა სართული, რომელიც ტრადიულად გამოყენებულია სამეურნეო დანიშნულებისათვის. „გრძელი სახლის“ სისტემაში ასეთნაირად შექმნილ ქვედა სართულში, როგორც წესი, ტიპიური ბოსელია მოწყობილი. ნაწილობრივ ორსართულიანობამ გამოიწვია შენობის ცალ მხარეზე მოცულობითი მასების გაზრდა ვერტიკალურ განზომილებაში, რომელმაც ფასადის სიმეტრიული მოცულობითი მასები გამოიყვანა წონასწორობიდან. ასეთი ზომიერი და ხუროთმოძღვრული ნაცადი ხერხებით მიღებულია „გრძელი სახლის" მთავარი ფასადის საუკეთესო ტიპიური ხუროთმოძღვრული კომპოზიცია, რომელიც ჩვენს წინაპართა სამშენებლო ტექნიკისა და ხუროთმოძღვრულ კულტურის მაღალ დონეზე მეტყველებს.

კონსტრუქციული სტრუქტურა. ხის დამუშავების მაღალმა კულტურამ განაპირობა მოდულურ სისტემაზე გადასვლა, რომელიც საფუძვლად დაედო ორიგინალური კონსტრუქციის მსუბუქი ასაწყობი შვეული და თარაზული ელემენტების - შენობათა ნაწილების - შექმნას: „გრძელი სახლის" კონსტრუქციული სტრუქტურის მდგრადობის მთავარ ჩონჩხს წარმოადგენს სვეტებზე და ბოყვებზე მორგებული ზედა და ქვედა სარტყელურ - კოჭოვანი სისტემა. ზემოხსენებული საცხოვრებელი სახლის ხუროთმოძღვრულ - კონსტრუქციული ელემენტების აწყობა - დაშლის ტექნიკამ, ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე (ერთი სოფლიდან მეორე სოფელში) ადვილად გადატანის  პრაქტიკამ დიდად შეუწყო ხელი მის ფართოდ გავრცელებას. ხალხური მშენებელი მარტივი კონსტრუქციების შემუშავებასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობს გამძლე- მაგარი ხის ჯიშების შერჩევას; განსაკუთრებით გამოყენებულია წაბლის, მუხის, თელისა და სხვა ხის ჯიშები, რომელთაგან დამზადებული ასაწყობი კონსტრუქციული კვანძები დაშლა - გადატანის პროცესში უდეფორმაციოდ ინარჩუნებენ თავიანთ კონსტრუქციულ ტექნიკურ ღირსებას.. ძველ შენობებში "გრძელი სახლის" საკედლე მასალად გამოყენებულია ხის სხვადასხვა ჯიშის განათალი წახნაგოვანი ძელები ან ფიცრები. შენობის კუთხეები (გრძივი და განივი კედლების შეერთების ადგილები) ნაშთური ჭდობითაა ამოყვანილი, ხოლო ძელის ან ფიცრის მეორე ბოლო კარის ან შუა ბოყვების „დედა" ნარიმანდშია ჩამჯდარი. ადრინდელ შენობებში საკედლე ძელები ან ფიცრები მოკლეა და დაყენებული ბოყვების რაოდენობაც მეტია, ამას მოითხოვდა ნაჯახით ხის გათლის ტექნიკა. საკედლე ძელები ან ფიცრები მთელ სიგრძეზე "ცალფა" ნარიმანდით არის შეერთებული და ალაგ-ალაგ „კოტებითაა" ერთმანეთთან დამაგრებული. ქვედა სართულში ბოსლის კედლებისათვის გამოყენებულია ექვსწახნაგოვანი განათალი ძელები, რომლებიც უნარიმანდოდ არის ერთმანეთზე დალაგებული. ძალების ექვსწახნაგოვანი მოყვანილობის გამო ბოსლის კედლები როგორც გარედან, ისე შიგნიდან არ არის ბრტყელი (რალიეფურია); საცხოვრებელ სართულისათვის კი ექვსწახნაგოვანი ძელები შუაშია გაჭრილი და ბრტყელი, გარანდული ზედაპირით მოქცეულია შენობის შიგა მხარეზე. "გრძელი სახლის" კედლის ცალკეულ ფიცრებსა და ძელებზე, ასევე ბოყვებსა და სვეტებზე ხშირად ვხვდებით რომაულ, არაბულ, ქართულ ანბანურ ან კიდევ ხაზოვან ნუმერაციებს, ასევე ზედა და ქვედა სარტყლების ერთმანეთისაგან გასარჩევ სახოვან ნიშნებს, ზოგიერთი ჭდობის მორგების ადგილებზე მინიშნებულ სხვადასხვა სახის ადვილად მისაგნებ ხაზებს, რომლებიც გამიზნულია დაშლის შემდეგ შენობათა ელემენტების მოსაძებნად და თავ-თავიანთ ადგილებზე აწყობის გასაადვილებლად8.საგულისხმოა, რომ ძველ სახლებში ზემოაღნიშნულ სამშენებლო ნიშნები ამოკვეთილია, ხოლო გვიან პერიოდში აშენებულ სახლებში სხვადასხვა ფერის საღებავებითაა გამოსახული. ხალხური ხუროთმოძღვრების საგანძურში არის მრავალი ისეთი გამართლებული უკვდავი ტრადიციები, რომლებიც, როგორც უძველესი კულტურის ნაწილი, საუკუნეთა მანძილზე არ იდევნება ერის მომდევნო განვითარებული კულტურიდან. ასეთ უკვდავ ტრადიციებს უნდა მივაკუთვნოთ გეგმარების ზოგიერთი ის საყურადღებო პროგრესული ელემენტი, რომლებიც ზემოთ გვაქვს განხილული. როგორც შესწავლილი მასალიდან ირკვევა, აღნიშნული ხუროთმოძღვრული ტრადიციები, მიმდინარეობენ საუკუნეთა მანძილზე - უძველესი დგარულ - წნულკედლებიანი საცხოვრებელი სახლებიდან, ვიდრე განვითარებული ოდა - სახლის  ტიპის საცხოვრებლამდე. საჭიროა ამ ტრადიციებისადმი ყურადღების გამახვილება და მათი საფუძვლიანი შესწავლა. უნდა გადავამუშაოთ იგი თანამედროვე სამშენებლო ტექნიკისა და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დონემდე, რათა გამოვიყენოთ ისინი ახალი ტიპობრივი პროექტების შედგენის დროს.

"გრძელი სახლის" განვითარების ეტაპები. კოლხეთის ტერიტორიაზე, როგორც ირკვევა, ჩვენ დრომდე მოღწეულაა „გრძელი სახლის“ რამდენიმე სახესხვაობა. მათი გეგმებისა და ფასადების კომპოზიციები აღნიშნულ სახესხვაობათა შესაბამისად არის განვითარებული. ჩვენ მიერ სადღეისოდ ფიქსირებული "გრძელი სახლის“ სახესხვაობათა ერთურთისათვის შედარება გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია მათი განვითარების ეტაპების სრული სურათის დადგენა. "გრძელი სახლის“ ზემოხსენებულ სახესხვაობათა კომპოზიციები ხალხურ ხუროთმოძღვარ -მშენებელთა მიერ განხორციელებულია შემდეგი სქემების მიხედვით: I სქემა - საცხოვრებელი სათავსო მოქცეულია გეგმისა და ფასადის კომპოზიციის სიმეტრიის ღერძზე (შუაში), რომელსაც თან ახლავს მარცხნივ და მარჯვნივ ღია ტორსული დერეფნები: აღნიშნულ სქემას ახასიათებს შემდეგნაირი წყობა: დერეფანი - საცხოვრებელი - დერეფანი; ამ სქემის ქარგაზეა აგებული ზემოთგანხილული გ.ბუწურაძის საცხოვრებელი "გრძელი სახლი“; II სქემა - ღია დერეფანი მოქცეულია  გეგმისა და ფასადის კომპოზიციის სიმეტრიის ღერძზე - შუაში), რომლის მარცხნივ და მარჯვნივ მდებარეობს საცხოვრებელი სათავსოები; ეს არის I სქემის საპირისპირო წყობა: საცხოვრებელი - დერეფანი - საცხოვრებელი. როგორც ვხედავთ, დერეფანი მოქცეულია შუაში, ამიტომ მას შუადერეფნიანი "გრძელი სახლი“ ეწოდება. შუადერეფნიანი "გრძელი სახლი“ ორი სახისა გვხდება: ა) ორმხრივი ღია (გამჭოლი სივრცით) შუადერეფნიანი "გრძელი სახლი“ ერთმხრივ გადაკედლილი ღია დერეფნით, რომელიც, ლოჯიის ანალოგიურად, "გრძელი სახლის შუაშია მოქცეული. III სქემა წარმოადგენს I და II სქემის უნიფიკაციას, იგი ხასიათდება შემდეგი წყობით: საცხოვრებელი - დერეფანი - საცხოვრებელი - დერეფანი - საცხოვრებელი. ამ სქემაში, როგორც ვხედავთ, ორი შუა დერეფანია საცხოვრებელ სათავსოებს შორის მოქცეული. IV სქემა - რამდენიმე საცხოვრებელი სათავსო ერთმანეთის მიჯრითაა მთელ სიგრძეზე მიშენებული, ამ სათავსოთა წინ საერთო უმოაჯირო ღია დერეფანია მოწყობილი. II და III სქემის შესაბამისად აგებულ ხალხურ "გრძელი სახლების" კომპოზიციებში ცხოველ ინტერესს იწვევს დღემდე შემორჩენილი ისეთი ხალხური ტერმინები (გამოთქმები), როგორიცაა: "მარცხენა სახლი", "მარჯვენა სახლი" ან კიდევ "შუა სახლი", აღნიშნულ ტერმინებს ცალკე კვლევა სჭირდება, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის განვითარების პრობლემების შესწავლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხური სამშენებლო ტერმინების ეტიმოლოგიის საკითხების გარკვევას, რადგანაც ხშირად ტერმინი განსაზღვრავს შენობის ხასიათს, მის ფუნქციას და ფორმას, იგი ხშირად ნაგებობის განვითარების ეტაპების ნათელ სურათს გვაძლევს. ისტორიულ წყაროებში მოხსენებული ტერმინები „შუა სახლი“ და სხვა ამგვარი,9.ივ.ჯავახიშვილი, მასალები ქართული ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, 1, მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბილისი, 1946 წ., გვ.9, 10. რომელთა შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში მხოლოდ ინტუიციური ახსნა - განმარტებებს ვხვდებით, შესაძლებელია ზემო აღნიშნული ახალი მატერიალური მასალების შუქზე მივიღოთ სავსებით სწორი დასკვნები, რომელთა შემდგომი გამოკვლევა კიდევ უფრო გააფართოებს ჩვენს ცოდნას ამ მიმართულებით. გრძელი სახლის" განვითარების ზემოთ განხილული ხუროთმოძღვრული სქემები, რომლებიც დადგენილია დანაზომი და ფოტოდოკუმენტური მასალების საფუძველზე, სრულ წარმოდგენას გვაძლევს მათი ხუროთმოძღვრული განვითარების საფეხურთა შესახებ. მდ.ყვირილის ზემოდინების საზღვრებში დღემდე შემორჩენილია მხოლოდ I და III სქემის ყაიდაზე აგებული "გრძელი სახლები“, ხოლო, რაც შეეხება II სქემის კომპოზიციის მქონე "გრძელ სახლებს" სადღეისოდ აქ არსად არ იძებნება,   მაგრამ მათი გეგმის იდენტური კომპოზიციები, შუა - დერეფნიანი წნული სასიმინდეების სახით, შემორჩენილია სამეურნეო ნაგებობებში, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ სასიმინდის გეგმის კომპოზიციაში იგი „გრძელი სახლის" გეგმიდანაა გადმოტანილი, რაც იმას ადასტურებს, რომ II სქემის ყაიდაზე აგებული სახლები აქ ადრე გავრცელებული ყოფილა. აქვე უნდა დავძინოთ, რომ "გრძელი სახლის" გეგმარების ხუროთმოძღვრული სქემის ძირითადი მოდულია კვადრატი, რომლის საფუძველზე განვითარდა ხალხური მოდულური სისტემა; კვადრატი, როგორც მოდული, წესისამებრ აღებულია კენტი რაოდენობით - სამი, ხუთი და ა.შ.; ეს იმით უნდა აიხსნას, რომ ასეთი მოდულური წყობა იძლევა გეგმისა და ფასადის სიმეტრიული გადაწყვეტის ნიმუშებს, რაც "გრძელი სახლის" ხუროთმოძღვრულ კომპოზიციებისათვისაა დამახასიათებელი. დასასრულ უნდა აღინიშნოს, რომ "გრძელი სახლის" ზემოხსენებული კომპოზიციები არის განვითარებული ოდა-სახლის წინამორბედი ფორმები, ხოლო მათი განვითარების წარმოდგენილი ეტაპები კი ოდა - სახლის განვითარების პირველი ქვესაფეხურის პოზიტიურ სურათს გვაძლევს და ა.შ.

"გრძელი სახლის" იდენტური და სინქრონული ტიპები. ზემოთ განხილული "გრძელი სახლის" ტიპიური სახეები მეტად გავრცელებულია კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე და მის საზღვრებს გარეთაც გვხვდება. "გრძელი სახლის" იდენტური ტიპები დამოწმებულია სამეგრელოში, ზემო და ქვემო იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, აფხაზეთში და სხვ. II სქემის მიხედვით აგებული "გრძელი სახლის" ანალოგიური ხუროთმოძღვრული კომპოზიციები ფიქსირებული იქნა ჩვენ მიერ სამეგრელოსა და იმერეთში ჯერ კიდევ 1947-1948 წწ.10.ი.ადამია, კოლხეთის საბინაო ხუროთმოძღვრება, (სადისერტაციო შრომა, წარდგენილი   არქიტექტურის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოებლად), თბ., 1948 წ. "გრძელი სახლის" იდენტური ტიპები შესწავლილი აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნოგრაფ ი.აჯინჯალს11,И.Аджинджал, жилища Абхазов, АБГОСиздат – 1957 г. მის ნაშრომში ინტერესს იწვევს აბორიგენული მოსახლეობის ყოფაში ისეთი ძველი ტრადიციების არსებობის დადგენა, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს "გრძელი სახლის - ზოგიერთი სქემის გეგმისა და ფასადის ხუროთმოძღვრული კომპოზიციის განვითარებაზე. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ტიპიურ „გრძელ სახლებს" ადრე კედლები წნული ჰქონდა. საზოგადოებრივი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, საწარმოო იარაღების განვითარების შესაბამისად, გვიან პერიოდიდან დაწყებული დღემდე გვხვდება - ჯარგვალური, ძელური, ფიცრული და შერეული კონსტრუქციული სტრუქტურის "გრძელი სახლები“. აფხაზეთში დღესაც შემორჩენილია ისეთი სახლები, რომელთა კედლები მოწნულია ქერქგაცლილი შქერის წნელისაგან, რომლის გამძლეობა 120 - 140 წწ. აღემატება. ა.მილერს12.А.Миллер, Черкесские постройки, Материалы по этнографии России, I, II, 1914. და არტურ ბიპანს13.Arthur Byhan, Civilisation, Caucasienne, Paris 1936, p.142. შესწავლილი აქვთ აგრეთვე აფხაზეთის მეზობელი ტომების საცხოვრებელი სახლები, რომლებიც „გრძელი სახლების“ იდენტურ ტიპებს წარმოადგენენ. საყურადღებოა, რომ ჩერქეზებისა და ყაბარდოელთა „გრძელი სახლებიც", მსგავსად აფხაზებისა, აგებულია წნელისაგან. „გრძელი სახლის" გეგმისა და ფასადის კომპოზიციური სქემის მსგავს ტიპებს უნდა მივაკუთვნოთ აგრეთვე აჭარის მთიანეთში იალაღებზე აგებული მესაქონლეობასთან დაკავშირებული სამეურნეო ნაგებობის ერთ-ერთი სახე, რომელიც „ძირთული ჯარგვალის“ სახელწოდებით არის ცნობილი14.თ.ჩიქოვანი, მთიური ჯარგვალი ქართულ - კავკასიური ეთნოგრაფიული მასალის შუქზე (კავკასიის ეთნოგრაფიული კრებული), თბ., 1964 წ. გვ.11,20. ასევე ანალოგიური გეგმის კომპოზიციას წარმოადგენს "მესხური ქოხებიც". ზემოთგანხილული „გრძელი სახლის" იდენტური ტიპები (იმერეთიდან) ვრცლად აქვს განხილული პროფ. მ.გარაყანიძეს, მასვე ფიქსირებული აქვს სამეურნეო ნაგებობათა ისეთი ტიპები, რომელთა გეგმებისა და ფასადის კომპოზიები იმეორებენ ზემოთგანხილული "გრძელი სახლის" – II სქემას15.М.Гараканидзе, Грузинское деревянное зодчество, Москва, 1959 г., таб.45, 47, 48, 55. საყურადღებოა აგრეთვე ვ.გაგოშიძის მიერ ფიქსირებული ხალხური საცხოვრებელი სახლების ძველი ტიპები "კათხა სახლის" სახელწოდებით, რომლებიც გავრცელებულია ამბროლაურის რაიონის მთის სოფლებში16.В.Гагошидзе, Древнейшие типы жилых домов западной и восточной Грузии, (მაცნე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიია საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ორგანო №1), თბ., 1965 წ., გვ.279-282. აღნიშნული საცხოვრებელი სახლები თავიანთი ხუროთმოძღვრული კომპოზიციებით ზემოთგანხილული "გრძელი სახლის" მეტნაკლებად იდენტურ ტიპებს წარმოადგენს. ზემოთგანხილული ხალხური საცხოვრებელი სახლის ("გრძელი სახლის“) ხუროთმოძღვრული კომპოზიციის გრძივი მიმართულებით განვითარება როგორც იდენტური ტიპებიც გვიჩვენებენ შემთხვევითი არ არის, არც მეზობელ ქვეყნებიდან კულტურულ ურთიერთობის ზეგავლენით არ ყოფილა ჩამოყალიბებული, ან კიდევ უცხოური ფორმის მექანიკურად შემოტანის საკითხიც, რა თქმა უნდა, გამორიცხულია. ეს არის ადგილობრივ ნიადაგზე აღმოცენებული თვითმყოფადი კოლხური კულტურის განვითარების ერთ-ერთი ელემენტი; სახელდობრ ის არის ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის განვითარების ერთ-ერთი ეტაპის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული კომპოზიცია. საყურადღებოა აგრეთვე მეზობელ და შორეულ ქვეყნებში დამოუკიდებლად განვითარებული "გრძელი სახლის" კომპოზიციების პარალელების არსებობა. ამ სახის სინქრონული ხალხური ნაგებობები ცნობილია ამერიკის კონტინენტზე აბორიგენული ძველი ტომების, სენეკა-იროკოზების, იოკუტებისა და სხვათა საცხოვრებლების სახით, რომლებიც დაწვრილებით შესწავლილი აქვს ლ.გ.მარგანს17.Л.Г.Марган, Дома и домашняя хизнь американских туземцев, Ленинград, 1934 г. стр.40-50. აქვე უნდა დავძინოთ, რომ აღნიშნულ საცხოვრებელთა გეგმის სინქრონულ კომპოზიციებს თუ გადავავლებთ თვალს, აშკარად დავინახავთ, რომ ისინი ჩვენებური "გრძელი სახლის" გეგმის კომპოზიციის ყაიდაზეა აგრეთვე გრძივი მიმართულებით განვითარებული. საინტერესოა ის გარემოება, რომ ზემოხსენებულ საცხოვრებელთა სინქრონული ნაგებობის უმრავლესობა ცნობილია აგრეთვე „გრძელი სახლის“ სახელწოდებით. სხვადასხვა შორეულ ქვეყნებს შორის საცხოვრებელთა ფორმების ასეთი ვრცელი მასშტაბის სინქრონული ტიპების არსებობა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ არ არის ერთიმეორის მიბაძვითა და გავლენით გამოწვეული. თავდაპირველად ეს იმით აიხსნება, რომ "ადამიანის რასის ისტორიას ერთი და იგივე საწყისები აქვს, ერთიანია იგი თავისი გამოცდილებითა ღა პროგრესით",18.Л.Г.Марган, Древнее общество, Ленинград, 1935 г., стр.3. მათ შორის ყოველგვარი ურთიერთობისა და დამოკიდებულების გარეშე.