topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

რუისი - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

რუისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5., თბილისი, 1990., გვ.384-388.

133. რუისი, სოფელი, ისტორიული ძეგლი. მდებარეობს ქარელიდან 5 კმ-ზე, გორი-ხაშურის საავტომობილო გზაზე. სახელწოდება "რუისი" წარმოდგება სიტყვა "რუ" - დან. ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქალაქ ურბნისის ერთ ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო. ფეოდალურ ხანაში აქ საეპიკოპოსო კათედრაა. რუისის ეპისკოპოსი ანუ მროველი ("ეპისტოლეთა წიგნში" მოხსენიებულია როგორც "მარუელი") 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილე ქართველ ეპისკოპოსთა შორის მეათე ადგილზეა დასახელებული. საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა რუისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შიდა ქართლის სოფლები ლიხ - ტაშისკარამდე. აწყურის საეპისკოპოსოს გაუქმების შემდეგ (XVII ს.) მროველის სამწყსო გაფართოვდა. 1811 წ. რუისის საეპისკოპოსო გაუქმდა. რუისთან დაკავშირებულია ფეოდალური ხანის საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. (ა) რუისის ღვთისმშობლის ეკლესიაში ქართლის მეფედ აკურთხეს გიორგი II (1072 - 83 წწ.). ამ დროს რუისი ქართლის დედაქალაქის როლს ასრულებდა. (ბ) 1104 წელს მეფე დავით IV - აღმაშენებლის.(1089 - 1125 წწ.) თაოსნობით მოწვეულ იქნა რუის - ურბნისის საეკლესიო კრება - "სანახებთა ქართლისათა მახლობლად ორთა საეპისკოპოთა რუისისა და ურბნისისათა". კრებამ სამეფო ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გაატარა ღონისძიებები - გადააყენა უღირსი საეკლესიო პირები, რომლებსაც მემკვიდრეობით ეჭირათ თანამდებობები: მათ ნაცვლად აირჩია "ღირსნი და განსწავლულნი", მეფის ერთგულნი: დაამტკიცა სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესი, დააკანონა გვირგვინის კურთხევის წესი და სხვ. კრებამ მიიღო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, "ძეგლაწერაი რუის - ურბნისის კრებისაი".

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - (+)

რუისის საეპისკოპოსო წარმოადგენდა ფეოდალური საქართველოს მძლავრ კულტურულ - საგანმანათლებლო კერას. აქ მოღვაწეობდნენ ანტონ მროველი (IX - X სს.), ლეონტი მროველი, გიორგი მროველი (XII - XIII სს.), დიონისე ლარაძე (XVI ს.), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII სს.), ნიკოლოზ ორბელიანი (XVII - XVIII სს.), იონა გედევანიშვილი და სხვ. აქ იყო დიდი წიგნთსაცავი, სადაც ინახებოდა ბევრი ხელნაწერი. მათგან განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუისის სახარება (XI ს.). რუისი ხშირად ყოფილა კლასობრივი ბრძოლის არენა. (გ) 1794 წელს რუისელმა გლეხებმა უარი თქვეს გადასახადებზე, მიატოვეს ბატონები და გაიხიზნენ. (დ) 1905 წლის 14 მარტს გლეხებმა დაარბიეს სოფლის კანცელარია და წისქვილები, განდევნეს მოხელენი.

134. კვირაცხოვლის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVIII - XIX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (7,43 X 4,47 მ), ნაგებია ქვიშაქვით და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო ნიში. დარბაზის გრძივი კედლები უშუალოდ უკავშირდება აფსიდის კონქს, რომლის ქუსლები იმპოსტებს ეყრდნობა. სამხრეთის კედელში ერთი სარკმელია. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა. სახურავით.

გიორგობიანი კ.


გ.ბაგრატიონის ფოტო

135. კვირიკეწმინდის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის წინაუბნის ჩრდილოეთ ნაწილში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,6X6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით, შეკეთების დროს (XIX ს.) გამოუყენებიათ ბაზალტი. კედლები შიგნით და გარეთ შელესილია. კარ - სარკმლის გარე საპირეები თლილი ქვისაა, სახურავი კრამიტის. შესასვლელი სამხრეთითაა, დასავლეთის  კარი ამოშენებულია. შეკეთების დროს კარზე გარედან არქიტრავად საფლავის წარწერიანი ქვა ჩაუდგამთ. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი თაღოვანი სარკმელია. ერთი საფეხურით ამაღლებულ საკურთხევლის იატაკზე მოგებულია აგური. სამხრეთის კედელში შიგნიდან თაღოვანი, ხოლო გარედან სწორკუთხა ორი სარკმელია. დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის პატრინიკე ყოფილა, რასაც მოწმობს გრძივ კედლებში ძელისათვის ამოღებული ჰორიზონტალური ფოსოები. აღმოსავლეთის ფასადზე, ფრონტონის ქვეშ გამოსახულია მცირვ რელიეფური ჯვარი. ნაგებობას შემოვლებული აქვს შირიმის პროფილირებული ლავგარდანი. დასავლეთის ფასადის ფრონტონის კეხზე დაშენებულია აგურის ოთხბოძიანი სამრეკლო, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.

მგალობლიშვილი მ.

გ.ბაგრატიონის ფოტო


136. ნასოფლარი, არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 1 კმ-ზე, ადგილ სერებზე. მიეკუთვნება გვიანდელ ფეოდალურ ხანას. ნასოფლარზე იპოვება წითლად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები, რომელთა ზედაპირი კირითაა შელესილი. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები რამდენიმე შენობის საძირკვლის ნაშთი.

ნუცუბიძე ა.

137. ღვთისმშობლის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის წინაუბნის ჩრდილო - აღმოსავლეთით. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. შეკეთებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. ეკლესია დარბაზულია (8,35X5,8 მ), ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით. ფასადები მოპირკეთებულია შირიმის კარგად გათლილი კვადრებით, აქა - იქ გამოყენებულია ბაზალტის კვადრებიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა ნიშებია. სწორკუთხაა დასავლეთის სარკმელიც, რომელსაც ძლიერ დამრეცი ქვედა ნაწილი აქვს. შიდა სივრცე მაღალი და ხალვათია. თავდაპირველად ინტერიერის კედლები შელესილი ყოფილა. შეკეთების შემდეგ ხელმეორედ შეულესიათ და შეუთეთრებიათ. ამავე ხანებში დასავლეთ ფასადის ფრონტონი კეხზე დაუშენებიათ ოთხბოძიანი, ოთხივე მხარეს ნახევარწრიული თაღებით გახსნილი აგურის სამრეკლო, რომელსაც შიგნიდან სფერული კამარა აქვს, ხოლო გარედან დასრულებულია პირამიდული სახურავით. ეკლესიას შერჩენილი აქვს შირიმის ძველი ლავგარდანი, რომელიც გლუვი ლილვისა და მცირე სიღრმის წრეთარგისაგან შედგება. გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.

მგალობლიშვილი მ.

138. ღვთისმშობლის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას ადგილ ქვეითშუაუბანში. თარიღდება XIX საუკუნით. ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარ - გუმბათოვანი ნაგებობაა (14,15X9,2 მ) ნაშენია აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობით. შესასვლელი სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთითაა. ეკლესიას საერთო ზომებთან შედარებით პატარა ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი ამაღლებულია 0,8 მეტრით და ორივე კიდეში ოთხსაფეხურიანი კიბეები აქვს. აფსიდში ერთი ფართო სარკმელი და სამი თაღოვანი ნიშია, მის გვერდებზე კი ნახევარწრიული კამარით გადახურული ვიწრო სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე. მათ ზევით სამალავი საკნებია, რომლებსაც წინა კედელი გამონგრეული აქვთ, ჯვრის ნახევარწრიული კამარებით გადახურული მკლავების გადაკვეთაზე, აფსიდის კედლებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბურჯზე აღმართულია დაბალი უსარკმლო გუმბათი (უყელო ნახევარსფერო). ჯვრის ყველა მკლავში თითო სარკმელია. ჩრდილოეთის მკლავის კედელში, ფართო ნიშში სანათლავი ღრმულია ამოკვეთილი. დასავლეთის მკლავის ამივე მხარეს დიდი ნახევარწრიული თაღებით იხსნება. მკლავის კამარა ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მკლავებშორისი მონაკვეთების კამარები დასავლეთ მკლავის კამარის პერპენდიკულარულია. ფასადები შემკულია დეკორატიული ნახევარწრიული თაღებითა და სწორკუთხედებით. შესასვლელების საპირეები თლილი ქვისაა. ეკლესია სომხურია.

მგალობლიშვილი მ.

139. ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი, ისტორიულ არქიტექტურული მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. მდებარეობს სოფლის ცენტრში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, კოშკი - სამრეკლო, გალავანი. გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს (გარდ. 503 წ.). ამ ხანის ნაგებობას არ მოუღწევია. ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII IX საუკუნეს მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთ კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: "ქრისტე შეიწყალვ სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ"; წარწერის ბოლოში მიწერილია: "მარიამ დედოფლისა". (ეს უნდა იყოს მეფე ბაგრატ IV-ის დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხან დედოფალი: "ზრუნვა და საურავი ხელეყო დედოფალსა ბურდუხანს". თემურ - ლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთ ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412 - 42 წწ.). "ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა - მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს". ეკლესიის სამხრეთ ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: "გალატოზთა ზედა მომგესა შალვას შეუნდვეს ღმერთმან, ამინ". XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო   XVII საუკუნეში განუახლებია და მეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის (1632 - 1758 წწ.) მეუღლეს. XVIII საუკუნეში მროველი ეპისკოპოსის სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: "ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლისა, ლიხ - ტაშისკარამდე  და აწ ისევ მწესის ხეობასა და სადგერს"... რუისის ეპარქიის იმ ხანის ეკონომიკაზე საინტერესო ცნობებს იძლევა რუისის მღვდელმთავრის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ 1715 წ. შედგენილი "სამწყსოს დავთარი". 1803 წელს ტაძარში ტრაპეზ - აბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1811 წელს რუისის ეპარქია გაუქმდა. 1920 წლის თებერვლის მიწისძვრამ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა 1936 და 1938 წლებში საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოს ხელოვნების საქმეთა სამმართველოსთან არსებულმა კულტურულ ძეგლთა დაცვის განყოფილებამ, ხოლო 1950 - 1953 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ (ხელმძღვ. ვ.ცინცაძე).

(ა) ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ - გუმბათოვანი ნაგებობაა (27,3X19,6); სიმაღლე გუმბათქვეშ 23,2 მ.). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთის ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო - მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა - შეკეთეობისას გამოყენებული იყო მონაცისფრო - მოშავო ბაზალტის კვადრები, შირიმი და აგური. ტაძარში სამი სწორკუთხა შესავლელია: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. X საუკუნეში ეგვტერების აგების დროს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალური ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთებში გადაუტანიათ (შემორჩენილია ჩრდილოეთის თავდაპირველი შესასვლელის თაღის ნასტი). დასავლეთით შესასვლელზე XV საუკუნეში მიუშენებიათ სამი მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომელიც იმეორებს ძველ ფორმებს. თორმეტწახნაგა მაღალი გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან ოდნავ არაწესიერი მოყვანილობის გუმბათის წრიულ ველზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათქვეშა კამარები ოდნავ შეისრულია. გუმბათში თორმეტი სარკმელია (6 ამოაშენეს XV საუკუნეში). დასავლეთით კიდევ ორი ბურჯია, ხოლო დეფორმირებული ნალისებრი აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ამიტომ აღმოსავლეთ - დასავლეთის ღერძი საკმაოდ წაგრძელებულია. აფსიდის ღერძზე მაღალი, შიგნიდან გარეთ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვევით თაღოვანი ნიშია. დასავლეთით სამი სარკმელია. საკურთხევლის გვერდებზე კუთხის ოთხ ტრომპზე დამყარებული გუმბათიანი კამარით გადახურული კვადრ. სამკვეთლო და სადიაკვნეა. სათავსები დასავლეთით თაღოვანი ღიობებით უერთდებიან ეკლესიის შესაბამის გვერდით ნავებს. სამკვეთლო ჩრდილოეთით, ხოლო სადიაკვნე სამხრეთით გაფართოებულია დამატებით ოთხკუთხა კამარებით გადახურული სათავსებით. ჩრდილოეთის სათავსის კამარა შეცვლილია და ამჟამად შვისრული, შელესილი და შეღებილია. სადიაკვნის აღმოსავლეთ კედელში პატარა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე პატარა სარკმელია. უფრო მოზრდილი სარკმელი სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელშიცაა (მოგვიანებით იგი ღერძიდან ჩრდილოეთით გადაუწევიათ). 1781 წელს საკურთხევლის წინ ხის აჟურული კანკელი დაუდგამთ. ამჟამად ინტერიერი შელესილი და შეღებილია. აქა იქ შემორჩენილია (ბ) მოხატულობის ფრაგმენტები. კანკელზე, ტაძრის გუმბათქვეშ საყრდენებზე და კანკელის გაგრძელებაზე აშენებულ კედლებზე შემორჩენილი ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. კანკელის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ექვსფრთედები, შემდეგში - წმინდანები, ქვემოთ კი მღვდელმთავართა ნახევარფიგურებია (მღვდელმთავრებს ერთ ხელში წიგნი უჭირავთ, მეორეთი კი აკურთხებენ). კანკელის თაღები მარტივი, მშრალი ორნამენტითაა მოხატული. გუმბათქვეშა ბურჯებზე, ყვავილებით შემკულ ლურჯ ფონზე, მედალიონებში მარტვილ ქალთა გამოსახულებებია. სამხრეთ - აღმოსავლეთ ბურჯზე მსგავს მედალიონებში წმ.მამანი არიან გამოსახული, ხოლო კანკელის გაგრძელებაზე, სამხრეთის კედელზე წმ.გიორგი გველეშაპს კლავს. მოხატულობის კოლორიტში ჭარბობს მოწითალო - ყავისფერი, ლურჯი, მწვანე ფერები; ფონი ზოგან სამფერია - მწვანე, მოწითალო, იასამნისფერი. კანკელის მარცხენა ნაწილში ჩანს ქვედა ფენის პრიმიტიული მხატვრობის ფრაგმენტები (ტანსაცმელი, ორნამენტი, წმინდანის სახე). XI საუკუნეში ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით მიაშენეს კარიბჭე - ეგვტერები. პირვანდელი სახით შემორჩა (ზ) ჩრდილოეთის ეგვტერი, რომლის კვადრატული სივრცე გადახურულია რვასხივიანი ორნამენტირებული გუმბათით. კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში შემორჩენილია სამფერი ორნამენტირებული ქვით გაწყობილი იატაკი, კონქის ქუსლთან კი ორნამენტით შემკული, პროფილირებული ზოლით ხაზგასმული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. თითო სარკმელია ჩრდილოეთით (თაღოვანი) და დასავლეთით (სწორკუთხა, შესასვლელის თავზე). დასავლეთ კედელზე გაირჩევა მოხატულობის კვალი - სარკმლის ერთ მხარეს წმ.დედის ფრონტალური გამოსახულებაა, მეორე მხარეს კი წმინდანისა. ეგვტერს დასავლეთით ეკვროდა ჯვაროვანი კამარით გადახურული სათავსი - კარიბჭე (შემორჩენილია ნაწილი). კამარის საყრდენი იმპოსტები მოჩუქურთმებულია. კედლები ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. სათავსს ჩრდილოეთით ჰქონდა მოჩუქურთმებულ იმპოსტებზე დაყრდნობილი ფართო თაღოვანი ღიობი - შესასვლელი. მისგან შემორჩენილია დაბალი ორნამენტირებული ფრონტონის ნაწილი. მინაშენები დასრულებული იყო მცენარეული მოტივით შემკული დახრილი სიბრტყის ლავგარდნით (ერთი ფრაგმენტი ჩადგმულია აღმოსავლეთ ფასადზე) და გადახურული ცალფერდა სახურავით.

(დ) სამხრეთის კარიბჭისაგან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. იგი XV საუკუნეშია ძირეულად შეკეთებული და გადაკეთებული. ამჟამად წარმოადგენს დერეფნისმაგვარ ნახევრად ბნელ, წაგრძელებულ, ცილინდრული კამარით გადახურულ, დანაწევრებულ სათავსს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია სადიაკვნეში შესასვლელი. ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან. ეს ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგლილვებიანი დეკორატიული თაღედი და ნახევარსვეტები. ასევე დეკორირებულია ნახევარსვეტების "კაპიტელები" და "ბაზისები". დეკორატიული თაღების შერწყმის ადგილზე, გუმბათის წახნაგებზე მოჩუქურთმებული გირჩებია. გუმბათის სარკმლების დეკორატიული სისტემა ეყრდნობა სამი ლილვისაგან შედგენილ სარტყელს. გუმბათს ზემოთ შემოვლებული ჰქონდა ორი გრეხილი ლილვი და დეკორირებული ფრიზი (შემორჩენილია ფრაგმენტები). გუმბათი, ისე როგორც ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთარგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე). მორთული იყო შესასვლელისა და სარკმელთა საპირეებიც. მათი უმეტესი ნაწილი განახლებულია XV საუკუნეში. ფასადებზე გაფანტულია X - XI საუკუნეების ორნამენტირებული ფრაგმენტები. აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო (ე) რელიეფი. სადიაკვნის დამაგებითი სათავსის შესასვლელის ნახევარწრიულ, ლილვებით შემოფარგლულ და ორნამენტით მორთულ ტიმპანზე სამი ოდნავ ჩაღრმავებული სწორკუთხედი შევსებულია კომპოზიციურად დამოუკიდებელი ფიგურული გამოსახულებებით შუაში ანგელოზითა და პატარა ფიგურებით გარშემორტყმული ხელგაშლილი ქრისტეა. მარჯვნივ - ღვთისმშობელი ყრმით და მის წინ მუხლმოდრეკილი ფიგურა. მარცხნივ - შუაში დგას შარავანდიანი გულხელდაკრეფილი ფიგურა, აქეთ - იქით კი მუხლმოდრეკილი და ფეხზე მდგომი ფიგურებია. რელიეფით იყო შემკული სამხრეთ ფასადიც. აქ გამოსახულია ორი მამაკაცი მარჯვენას ერთ ხელში ჩაქუჩი (წერაქვი) უჭირავს, მეორეში გონიო. მარცხენას მხრებზე წამოსასხამი აქვს და ერთ ხელში რაღაც უჭირავს (სავარაუდოა ტაძრის გეგმა). მეორეში ჩაქუჩი (წერაქვი). კარგად გაირჩევა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფიგურებს შორის სარკმლის ნახევარწრიულ ჭრილზე გადაყვანილია რელიეფური დეკორატიული თაღი. მარჯვენა ფიგურასთან ოთხი წვრილი ასომთავრული ასოა ამოკვეთილი. ტაძრის კონუსური გუმბათი ამჟამად გადახურულია თუნუქით, ხოლო დანარჩენი სახურავები კრამიტისაა.

(ვ) კოშკი - სამრეკლო მდებარეობს ტაძრის დასავლეთით. ჩაშენებულია გალავანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შენობა სამსართულიანია (7,4X6,8 მ), ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით, ნატეხი და რიყის ქვებით, აგურით. I სართულის კომპლექსის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მასიურ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მასიური კონტრფორსებია მიშენებული. სავარაუდოა აქ ზედა სართულებზე ასასვლელი კიბე იყო. II სართული საცხოვრებელია, მის კედელში ბუხარი (ამოშენებულია მოგვიანებით) და თახჩა ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია. დასავლეთ კარი ვიწრო დერეფანში გადის. III სართული საკუთრივ სამრეკლოს წარმოადგენს. დასავლეთით და აღმოსავლეთით იგი წყვილ - წყვილი თაღით იხსნება. ხოლო დანარჩენ ორ მხარეს თითო თაღი აქვს. გადახურვა დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია. კომპლექსს შემოვლებული აქვს (ზ) გალავანი. რომელიც თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია რიყის ქვით. კედლის ორფერდა თავი გადალესილია ცემენტის ხსნარით. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მეტრს არ აღემატება. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან დანაწევრებულია საფეხურებად, ზოგან შეტეხილია. ჩრდილო - დასავლეთ და ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხეებში, აგრეთვე სამხრეთ ნაწილში, შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები.

ანდღულაძე ნ., მამაიაშვილი ი., მგალობლიშვილი მ., ჭეიშვილი გ.

140. წმ.დემეტრეს ეკლესია, არქიტექტურულ, მონუმენტური ხელოვნების ძეგლი. დგას სოფლის ჩრდილო - დასავლეთით 1 კმ - ზე, გორაკზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6,3 X 10,3 მ). ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. აქა - იქ გამოყენებულია ტუფიც. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს კონქის თავზე არსებულ სივრცესთან დამაკავშირებელი წრიული ხვრელებია. თითო სარკმელი დასავლეთ და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია კანკელით (შემორჩენილია ქვედა ნაწილი). ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების ორსაფეხურიან წყვილ პილასტრს ეყრდნობა. პილასტრების ორივე მხარეს გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია. საკურთხეველში და დარბაზის კედლებზე შემორჩენილია (ა) მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. პირველში გამოსახულია ქრისტე გადაშლილი წიგნით ხელში; მის მარცხენა მხარეს ექვსფრთედისა და იოანე ნათლისმცემლის ფიგურის ფრაგმენტებია შემორჩენილი. მეორე რეგისტრში, სარკმლის ზემოთ გამოსახულია ჯვარი, მის ორივე მხარეს - მოციქულები წიგნებით ხელში; ქვემოთ, მესამე რეგისტრში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამები. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ქვედა რეგისტრში შემორჩენილია წმ.მეომრის სამი ფიგურა. ხოლო დასავლეთ მონაკვეთში - წმ.დედათა ორი გამოსახულება მკერდამდე და მეუდაბნოეს მთლიანი ფიგურა.

დასავლეთ კედელზე მეორე რეგისტრში გაირჩევა თავდახრილი ქალი, მესამე რეგისტრში - ცხენოსანი და ქალაქის ხედი (სავარაუდოა აქ ასახულია წმ.გიორგის ერთ - ერთი სასწაული). ნახატში გამოყენებულია სუფთა ცისფერი, მოწითალო - ყავისფერი, ყვითელი ოქრა. ნახატი ოსტატურია, დახვეწილი, კონტურები დენადი, დაუნაწევრებელი. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ტუფის ლავგარდნის ფრაგმენტები, რომლის შეზნექილი პროფილი დასრულებულია თაროთი და ლილვით.

დვალი თ., მამაიაშვილი ი.


141. წმ.მარინეს ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი. დგას სოფლის ცენტრში, ზურაბაანთ უბანში, გზის პირას, სასაფლაოზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქის დიდი ნაწილი, დანგრეულია სამხრეთ კედლის ზედა მონაკვეთიც. ეკლესია დარბაზულია (5,6X4,15 მ.), ნაგებია შირიმის თლილი კვადრებით, რიყის ქვითა და ქვიშაქვის ლოდებით. თაღოვანი შესასვლელი დასავლეთითაა. ღრმა გაბრტყელებული, ნალისებურად შემოწეულკუთხეებიანი აფსიდის ღერძზე ერთი სწორკუთხა სარკმელია. დარბაზს ჰქონია კირხსნარით დაბეტონებული ერთიანი კამარა. ჩრდილო - დასავლეთ კუთხეში შემორჩენილია მასიური თაროსებრი ლავგარდნის ერთი ქვა. ეკლესია გადახურული ყოფილა თლილი ლორფინებით, რომლებიც მოგვიანებით კრამიტით შეუცვლიათ.

მგალობლიშვილი მ.