topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნ.ფიფია - მთიელთა მიგრაციის დასაწყისი დასავლეთ საქართველოში წელთაღრიცხვების მიჯნაზე

<უკან დაბრუნება...<<<მემატიანე>>>


ნათია ფიფია

მთიელთა მიგრაციის დასაწყისი დასავლეთ საქართველოში წელთაღრიცხვების მიჯნაზე

http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/3/24

წელთაღრიცხვების მიჯნაზე დასავლეთ საქართველოში მომხდარი ეთნიკური ცვლილებების ასახსნელად აუცილებელია ზემოაღნიშნული პროცესისათვის თვალის  მიდევნება. პირველ რიგში, განვიხილავთ სტრაბონის (ძვ.წ. 64 - ახ.წ. 20 სს.) მონაცემებს დასავლეთ საქართველოს ეთნიკურ მდგომარეობასა და ტომთა განსახლებასთან დაკავშირებით. სტრაბონის "გეოგრაფია" მრავალფენიანი თხზულებაა. მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ავტორი ცდილობს, დააფიქსიროს მისი თანადროული მდგომარეობა. კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთით, ქ.დიოსკურიიდან (დღევანდელი სოხუმი), სტრაბონის თანახმად, განსახლებულნი არიან აქეელები, მათგან აღმოსავლეთით - ზიგები, ჰენიოხები და შემდეგ - კერკეტები. სტრაბონი თავდაპირველად წერს, რომ კერკეტების სანაპიროს შემდეგ არის აქეელთა სანაპირო - ხუთასი სტადიონი, მერე ჰენიოხთა - ათასი სტადიონი, ხოლო დიდი პიტიუნტისა დიოსკურიამდე - სამას სამოცი. ეს ცნობა მას არტემიდორესგან (ძვ.წ. II-I სს.) აქვს აღებული. შემდეგ თავადვე აღნიშნავს, რომ "მითრიდატეს ამბების აღმწერნი, რომელთაც მეტად დაეჯერებათ, ამბობენ, რომ ჯერ არიან აქეელები, შემდეგ ზიგები, მერე ჰენიოხები, კვლავ კერკეტები, მოსხები, კოლხები"[შტრაბო, 2, 14, ყაუხჩიშვილი, 1957: 120]. სტრაბონის დასკვნა, ჩვენი აზრით, მართებულია, რადგან მის თანამედროვეობასთან ეს კონიუნქტურა უფრო ახლოსაა. გარდა ამისა, ავტორი აღნიშნავს, რომ დასახელებული ტომების ზემოთ, ანუ მთიანეთში, ცხოვრობენ ფთეიროფაგები, სვანები და სხვა პატარა ტომები კავკასიონთან [შტრაბო, 2, 14, ყაუხჩიშვილი, 1957: 120]. სტრაბონთან ჩანს, რომ ის ეთნოპოლიტიკური ძვრები, რომელთაც ადგილი ჰქონდა მომდევნო საუკუნეში (ან, შესაძლოა, სტრაბონის უმცროსი თანამედროვეების ხანაში), უკვე დაწყებულია. ძვ.წ. II-I სს-ში ჰენიოხების დასავლეთით ჯიქები (ძიქები) სახლდებიან და მკვიდრდებიან. სარმატული ტომების დამკვიდრება ძვ.წ. II ს-დან დღევანდელი აფხაზეთის მიწა-წყალზე დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ძვ.წ. III-II სს-ში ჩრდილო კავკასიისა და სამხრეთ უკრაინის ვრცელ ტრამალებზე სარმატულ ტომთა ახალი მასების მოზღვავებასთან. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა სოხუმის მახლობლად ეშერის ნაქალაქარზე სკვითურ-სარმატული ტიპის ძვ.წ. III-II სს-ის საბრძოლო იარაღის აღმოჩენა [ინაძე A, 1992: 47-48]. სტრაბონთან მოხსენიებულ კავკასიონთან მოსახლე "პატარა ტომებში" შეიძლება იგულისხმებოდეს აფშილებიც და აბაზგებიც [ლეთოდიანი, 1991: 6]. ამრიგად, სტრაბონთან დაცულია ცნობა იმ მოსალოდნელი რეცეპტიო-ს შესახებ, რომელიც შემდგომ განხორციელდა უკვე სტრაბონის უმცროს თანამედროვეთა ხანაში. დიოსკურიიდან ტრაპეზუნტამდე მოსახლეობდნენ (ყოველ შემთხვევაში, სანაპირო ზოლზე მაინც) კოლხები, რადგან მთა ტრაპეზუნტი მოხსენიებულია ტიბარანიისა და კოლხიდის საზღვარზე [შტრაბო, VII, 4, 3, ყაუხჩიშვილი, 1957: 100]. სტრაბონის ცნობით, კოლხეთს ესაზღვრებიან: ჩრდილო-დასავლეთით - ჰენიოხების თემი (სასაზღვრო ხაზი, ალბათ, გადიოდა, დააახლოებით, პიტიუნტთან ან მის დასავლეთით), ჩრდილოეთით - კავკასიონი, დასავლეთით - შავი ზღვა, სამხრეთ-დასავლეთით - ტრაპეზუნტი [ჯანაშია, 1988: 296]. ჰენიოხების და მოსხების გარემოცვაში სტრაბონი იხსენიებს კერკეტებს, რასაც ს.ჯანაშია ხსნის იმით, რომ ისინი კავკასიონის ჩრდილო კალთაზე ცხოვრობდნენ  სანების და მცირე არმენიის მახლობლად [ჯანაშია, 1988: 302]. კლდოვან მთა სკიდისესთან, რომელიც უერთდება მოსხურ მთებს, სტრაბონი ასახელებს აპაიტებს, უწინდელ კერკეტებს. როგორც ჩანს, ისინი მთის შუა კალთებზე ბინადრობდნენ, რადგან  სტრაბონი იქვე აღნიშნავს. რომ სკიდისეს მწვერვალები უჭირავთ ჰეპტაკომეტებს [შტრაბო, XII, 3, 18, 12; ყაუხჩიშვილი, 1957: 203-204]. მდ.ჭოროხის შესართავთან, მ.ინაძის აზრით, ჩერქეზული მოსახლეობის გაჩენა შეიძლება აიხსნას ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მწირ და უნაყოფო ადგილებში ჩერქეზების ერთ-ერთი ტომის აქ ჩამოსახლებით [ინაძე B, 1992: 162]. ჩერქეზული ეთნიკური ჯგუფების ბინადრობა, მართლაც, სავარაუდოა კოლხეთის სამხრეთ რეგიონებში, თუ გავითვალისწინებთ ადიღეურ სამყაროსთან დაკავშირებულ ტოპონიმებს. თუმცა, ამ სახელების საფუძველზე შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებისას უთუოდ გასათვალისწინებელია ისიც, რომ წერილობით ცნობებში ამგვარი ტოპონიმები დადასტურებული არ არის, რის გამოც ჩვენ მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, ლიტერატურული წყაროებით შევამოწმოთ კოლხეთში ამ სახელების წარმოქმნის ქრონოლოგიური ჩარჩოები. სტრაბონის ჰეპტაკომეტები ქსენოფონტეს სკვითინები არიან. სკვითინები, იგივე შკვითინები (შკვითი - შვიდი მეგრულად) ჰეპტაკომეტები, ანუ შვიდსოფლელნი, არიან. როგორც ჩანს, აქ საქმე შვიდი დასახლებული პუნქტის გაერთიანებასთან გვაქვს, რომელიც ეთნიკურად მეგრულ-ჭანურ ტომებს მიეკუთვნებოდა. მათთან მოსახლეობდნენ, ასევე, მოსინიკებიც, აგრეთვე, ბიძერებიც. რაც შეეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსხების (მესხების) მოსახლეობის საკითხს, აფხაზეთში მოსხებს ასახელებენ ჰელანიკე მიტილენელი (ძვ.წ. V ს.), პალეფატე აბიდოსელი (ძვ.წ. IV ს.) და მითრიდატეს ომების ისტორიკოსები. პალეფატეს მდ.პართენიოსი (რომელთანაც ის მოსხებს ასახელებს) მცირე აზიის მდინარე კოჯა-ირმაკია. ამრიგად, მას აღრეული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლე მოსხები ძვ.წ. VI ს-ში მცირე აზიაში მობინადრე მოსხებთან. მოსხების კერკეტების ზემოთ (ჩრდილო-აღმოსავლეთით) დასახელება უნდა გულისხმობდეს მათ განსახლებას არა დღევანდელი აფხაზეთის სანაპირო ზოლზე, არამედ მის შიდა, მთიან რეგიონში [ინაძე B, 1992: 162-163]. ამ საისტორიო ტრადიციას თუ დავუჯერებთ, ძვ.წ. V-I სს-ში მოსხთა ადგილსაცხოვრისი დღევანდელი აფხაზეთის შიდა მთაგორიან ადგილებში უფროა სავარაუდო, ვიდრე უშუალოდ სანაპირო ზოლზე, რითაც შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ბერძენი ავტორები - ფსევდოსკილაქს კარიანდელი (ძვ.წ. VI ს.), არტემიდორე ეფესელი (ძვ.წ. III-II სს.) - ძველი პიტიუნტიდან ტუაფსემდე სანაპიროზე მცხოვრებ ტომთა შორის მოსხებს არ ასახელებენ. სტრაბონიც მის მიერ შედგენილ თხზულებაში მოსხებს უშუალოდ ზღვასთან, სანაპირო ზოლზე, არ იხსენიებს. მოსხთა ბინადრობას ჩრდილო კოლხეთის მთის სხვა რეგიონებში VI ს-ში, მ.ინაძის აზრით, პროკოფი კესარიელის ცნობაც ადასტურებს [ინაძე B, 1992: 163]. ამრიგად, ჩრდილო კოლხეთის მთიან რეგიონებში შეიძლება ვივარაუდოთ მესხური ტომების ბინადრობა. მოსხებად წოდებული ერთ-ერთი ტომის განსახლება სავარაუდოა აფხაზეთის ტერიტორიაზე, დასავლურქართული (ჭანურ-ზანური) და სვანური მოსახლეობის გვერდით. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ადგილებში მოსხთა მიგრაციის პროცესი ამაზე ადრე, ჯერ კიდევ წინაანტიკურ ხანაშია (ძვ.წ. VIII-VII სს.) საფიქრებელი. ამ დროს შეინიშნება აღმოსავლეთიდან სხვადასხვა ქართველი ტომის - ბიძერების, ქათარზების - გადანაცვლება კულხას ყოფილი სამეფოს ცენტრისკენ, იგანიეხ-ჰენიოხის ეთნიკური მასების გაჭრა ჩილდირის ტბის მიდამოებიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ და მათი ამ სანაპიროს სხვადასხვა რეგიონში განსახლება [ინაძე ჩ, 1992: 19]. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ტოპონიმის "მცხეთაშ" გაჩენა ჩრდილო კოლხეთშიც, კერძოდ სვანეთში [ინაძე B, 1992: 164]. აღსანიშნავია ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრის არქეოლოგიურ ძეგლებზე - სოხუმის მთაზე, ზემო რაჭაში, შიდა ქართლში - სამთავროს სამაროვანზე ერთნაირი ნაკეთობის, ფორმებისა და შემკულობის მქონე კერამიკული ნაწარმის აღმოჩენა [ინაძე ჩ, 1992: 20]. მიუხედავად ამ მონაცემებისა, ნ.ლომოურის აზრით, მოსხებს აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთოდ არ უცხოვრიათ [ლომოური, 1998: 25]. ჩვენი აზრით, შესაძლოა, ანგარიში არ გავუწიოთ ლოგოგრაფოსთა მონაცემებს, მაგრამ სტრაბონის ცნობის უგულებელყოფა მეტად რთულია, რადგან ეს ისტორიკოსი გამოირჩევა მის მიერ მოწოდებული მონაცემების სიზუსტით. აქვე აღსანიშნავია, რომ პროკოფის მოსხები, ჩვენი აზრით, არა ჩრდილოეთში, არამედ სამხრეთში ბინადრობდნენ. თ.მიქელაძის აზრით, მესხურ ტომებს ახ.წ. პირველ საუკუნეებში თანამედროვე რაჭა-ლეჩხუმი ეკავათ [მიქელაძე, 1974: 22]. სტრაბონის მიხედვით, აფხაზეთის მთიან რეგიონებში ფთეიროფაგებიც ცხოვრობენ, როგორც ჩანს, უფრო დასავლეთით, ვიდრე მოსხები. აღსანიშნავია, რომ სტრაბონის დროისთვის აღარ იხსენიებიან კორაქსები და კოლები, რომელთაც ადრეულ ხანაში ეკავათ ტერიტორია მდ.ბზიფსა და დღევანდელ სოხუმს შორის (იგულისხმება როგორც სანაპირო, ასევე მთიანი რეგიონები). აღნიშნულ ტომთაგან კოლებს, ძირითადად, უნდა ეცხოვრათ კავკასიონის ფერდობებთან მდებარე ადგილებში. კორაქსების ადგილსაცხოვრისი უმთავრესად ჩრდილო-დასავლეთით უნდა ვიგულისხმოთ. ჰეროდოტეს წვრილ ტომებში [Hეროდ. I, 203; ყაუხჩიშვილი, 1975: 111], მ.ინაძის აზრით, უნდა იგულისხმებოდნენ კოლები და კორაქსები [ინაძე B, 1992: 159]. შესაძლოა, კოლები და კორაქსები იმიტომ აღარ მოიხსენიებიან, რადგან მათ სახელს კოლხების სახელი ფარავს, რომლებიც სტრაბონთან ქ. დიოსკურიის აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ ან, შესაძლოა, მათი ასიმილირება მოხდა ჰენიოხების მიერ. ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ, ანუ მთიანეთში, სტრაბონის მიხედვით, ცხოვრობდნენ ტიბარანები, ქალდები და სანები, რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს. როგორც ჩანს, ეს ტომები (ტიბარენების გარდა) მთებში ცხოვრობდნენ აპაიტებისა და ჰეპტაკომეტების (მათ შორის მოსინიკებისა და ბიძერების) დასავლეთით. სტრაბონის შემდგომი ისტორიკოსები აფიქსირებენ ძირეულ ცვლილებებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. მითრიდატეს ისტორიკოსებიდან პირველად მემნონი ასახელებს სანეგებს და ლაზებს: "კლეოხარეს მემკვიდრეებმა ეს რომ დაინახეს... თვითონ კი ნავებზე [დასხდნენ] და გაიქცნენ პონტოს უკიდურესი აღმოსავლეთის მხარეებში; ამ ადგილებში ხომ სახლობდნენ სანეგები და ლაზები"[ Mემნონ, XVII, 54. 7; ყაუხჩიშვილი, 1987: 46]. მემნონთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ამ ავტორის მოღვაწეობა და თხზულების შექმნის პერიოდი ზუსტად არ არის დათარიღებული. როგორც წესი, მიიჩნევენ, რომ ის ძვ.წ. I ს - ახ.წ. I ს-ის მოღვაწეა, მაგრამ რადგანაც იგი ასახელებს სანეგებს და ლაზებს, თვლიან, რომ სტრაბონის უმცროსი თანამედროვე უნდა ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ლაზებსა და სანიგებს პირველად პლინიუსი იხსენიებს. ჩვენი აზრით, მემნონის ცნობაში უფრო ადრეული ვითარებაა ასახული, ვიდრე პლინიუსთან. რადგან პლინიუსი, გარდა სანიგებისა და ლაზებისა, იხსენიებს აფშილებსაც, რომელთაც, მართალია, თავიდან სანაპიროს მცირე ზოლი ეკავათ, მაგრამ თუკი მემნონის დროს ისინი უკვე ჩამოსახლებულნი იყვნენ, აუცილებლად იქნებოდნენ დასახელებული ლაზებსა და სანიგებს შორის. ამგვარად, მემნონი მოიხსენიებდა ან ლაზებსა და აფშილებს, ან სანიგებსა და აფშილებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ შესაძლოა, ლაზთა სამეფო ერთიან ეკონომიკურ სივრცედ აღიქმებოდა, ხოლო სანიგთა სამეფო - მისგან განსხვავებულ ეკონომიკურ - გეოგრაფიულ რეგიონად. მემნონის ლაზებს თ.ყაუხჩიშვილი დიოსკურიის მიდამოებში ვარაუდობს. ლაზთა გავლენა ვრცელდებოდა  დიოსკურიაზეც, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ დიოსკურიის მიდამოებში ბინადრობდნენ და სამხრეთ-დასავლეთითაც არ ვრცელდებოდნენ. ახ.წ. I ს-ში პლინიუსი თავის "ბუნების ისტორიაში" პირველად იხსენიებს აფსილთა ტომს ლაზთა და სანიგთა მეზობლად მდ.ასტელეფოსის (კოდორი) და მდ.ხრისოროასის (კელასური) მახლობლად. აქედან გამომდინარე, I-II სს-ში აფსილებს უნდა სჭეროდათ მდ. კოდორის (წებელდის) ხეობა. ჩრდილო-დასავლეთით მათი მიწა-წყალი ციხე-ქალაქ სებასტოპოლისამდე აღწევდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი - სვანთა ქვეყნამდე. რაც შეეხება სანაპირო ზოლს, აფსილებს აქ დიდი მონაკვეთი არ უნდა სჭეროდათ [არბოლიშვილი, 2006: 21-22]. დ.მუსხელიშვილის აზრით, ტოპონიმი, რომელმაც აფშილეთ-ეგრისის (ლაზიკის) საზღვარი შემოგვინახა, არის მთა აფშარა, ენგურისა და ღალიძგის ზემო წელის წყალგამყოფ ქედზე [მუსხელიშვილი, 1977: 118]. წებელდის გვიანანტიკური კულტურის (II-VI სს.) კერამიკულ ინვენტარს აფშილებს უკავშირებენ, რადგან ეს კერამიკა, ზოგიერთი არქეოლოგის მოსაზრებით, არსებითად განსხვავდება წებელდის ადრეანტიკური კერამიკისგან [Воронов, 1969: 75]. თუმცა, წებელდური კულტურის ელემენტები გენეტიკურად უკავშირდება ასევე წინამორბედი ხანის კოლხურ-ყობანურ კულტურას, რაც სხვა მხრივ ძველი კოლხური მოსახლეობის ეთნოკულტურული ტრადიციების გაგრძელებაზე უნდა მიუთითებდეს [თოდუა, 2000: 190]. წებელდურ კულტურაში უცხო ელემენტების გაჩენა და ამასთან ერთად კოლხური ტრადიციების შენარჩუნება, ჩვენი აზრით, მიუთითებს სწორედ იმას, რომ აქ ლაზებისა და აფშილებისაგან შემდგარი შერეული მოსახლეობა ბინადრობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ, მ.ინაძის აზრით, თუკი აფსაროს-ჭოროხის შესართავის მახლობლად მოსახლე კერკეტ-ჩერქეზების მეზობელ დასავლურქართულ ტომებთან შერწყმა-გათქვეფის პროცესი შედარებით ადრე დასრულდა (კერკეტების ადიღეური წარმომავლობის კვალი უთუოდ მდ. აფსაროსის და მითიური პერსონაჟის - აფსირტეს - სახელებში შემორჩა), ჩრდილო კოლხეთში, კოდორის ხეობაში, მობინადრე აფსილები უფრო დიდხანს ინარჩუნებენ საკუთარ ეთნიკურ სახელს; ამასთან, ცალკე ეთნოპოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბებულნი საუკუნეების განმავლობაში განაგრძობენ არსებობას [ინაძე A, 1992: 53]. ჩვენი აზრით, აფსილთა სახელის შენარჩუნება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ აქ ფეოდალიზაციისათვის აუცილებელი არისტოკრატიული ფენის შევსება ძირითადად აფსილთა ბაზაზე განხორციელდა. ამის შედეგად ლაზიკის სამეფოში შემავალ ამ მხარეს, ამ ეკონომიკურ-გეოგრაფიულ რეგიონს, სახელი აფსილთა ტომმა მისცა. ეთნონიმი "აფსილი", ჭოროხის სახელწოდება "აფსაროსი" - "აფსარი", მ.ინაძის აზრით, სავარაუდოდ, მიუთითებს კოლხეთის ზოგიერთ რეგიონში ადიღეური ეთნიკური ჯგუფების ბინადრობაზე არაუგვიანეს ძვ.წ. IV -ისა. მაგრამ ამასთან ერთად, მ.ინაძე აღნიშნავს, რომ "აფს" ძირის მქონე სახელების გაფორმება ქართულ-ზანური (-ელ/ილ, -არ) სუფიქსებით იმის მაუწყებელიც არის, რომ ადიღეური ტომები ამავე დროს თანაარსებობდნენ ქართულ მოსახლეობასთან და გარკვეული ხნის განმავლობაში ქართული ეთნიკური სამყაროს გარემოცვაში იმყოფებოდნენ. აფსილი ტომები ქართული მოსახლეობის გარემოცვაში იყვნენ ახ.წ. I ს-ზე ადრე, რადგან ამ დროს ეთნონიმი - აფსილი, უკვე ქართული სუფიქსით გაფორმებული, შედის ბერძნულ-ლათინურ მწერლობაში [ინაძე B, 1992: 162]. ჩვენი აზრით, "აფსილ" სახელწოდების ქართული სუფიქსით გაფორმება, განპირობებული უნდა იყოს სწორედ აფშილეთში მეგრული (შესაძლოა მოსხურიც) ელემენტების არსებობით. აღსანიშნავია, რომ სტრაბონის შემდეგ მესხებს არ მოიხსენიებენ ანტიკური ავტორები. მათი (ასევე სხვა ტომების) ადგილს იკავებენ აფშილები. მოგვიანებით აფსილთა გავრცელება ხდება მეზობელ სანიგთა სამთავროს ტერიტორიაზე. ისინი ჯერ აღმოსავლეთ ნაწილს იკავებენ, დაახლოებით, ციხე ანაკოფიამდე (ახალი ათონი), რომელიც ახ.წ. II ს-ში სანიგთა სამთავროს ფარგლებშია დასახელებული, ხოლო მომდევნო საუკუნეებში უკვე აფშილთა კუთვნილი ქალაქი ხდება [ინაძე B, 1992: 171; ლომოური, 1998: 40; მუსხელიშვილი, 1977: 99]. ახ.წ. I ს-დან აფხაზეთის ტერიტორიის სანაპიროზე პლინიუსი აღნიშნავს ახალ სატომო სახელწოდებას - "სანიკი". ერთხანს ამ ეთნონიმით დასახელებული ტომი ჰენიოხთა გვერდით მოიხსენიება, მაგრამ ახ.წ. II საუკუნის დამდეგისთვის ჰენიოხთა გაერთიანება, რომელიც მრავალი პატარა ტომისაგან შედგებოდა (ისევე, როგორც ეს სახელწოდება), ქრება წყაროებში და მის ადგილს სანიგთა სამთავრო იკავებს, რომელიც  ჰენიოხთა სატომო კავშირების მსგავსად ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. არიანეს (II ს.) გადმოცემით, მათ მიწა-წყალზე მდებარეობდა ქ.სებასტოპოლისი (დღევანდელი სოხუმი), დასავლეთით კი იგი მდ.აქეუნტს (დღევანდელი შახე) აღწევდა [ყაუხჩიშვილი, 1965: 159; ინაძე ჩ, 1992: 45]. მემნონი ევპატორისდროინდელი მოვლენების გადმოცემისას მხოლოდ ლაზებსა და სანიგებს ასახელებს, რაც, მ.ინაძის აზრით, მიუთითებს, რომ იმ დროს ეს ეთნიკური ჯგუფები მნიშვნელობით სხვებს აღემატებოდნენ. ნ.ლომოურის აზრით, I-II სს-ში სანიგები განსახლებულნი იყვნენ დღევანდელი სოხუმიდან, დაახლოებით, დღევანდელი განთიადის სექტორამდე [ლომოური, 1998: 31], მაგრამ არიანესთან გარკვევით არის აღნიშნული, რომ მდ.აქეუნტი (შახე) ჰყოფს ძილქებსა და სანიგებს [Fლ.Aრრ. PPE, 18, 11; კეჭაღმაძე, 1961: 52]. თუკი II საუკუნეში სანიგებს ვრცელი სანაპირო მიწები ეკავათ ქ.სებასტოპოლისიდან (დღევანდელი სოხუმი) მდ.აქეუნტამდე (შახე), V საუკუნისათვის მათ ამ ტერიტორიის ნაწილი შერჩენიათ მდ.აბასკოსიდან (ბზიფი, ფსოუ ან მძიმთა) აქეუნტამდე (შახე). რაც შეეხება სანაპირო ზოლს ბზიფიდან, დაახლოებით, დღევანდელ ახალ ათონამდე (ძვ.ანაკოფია), იგი აბასკების პოლიტიკურ ერთეულში იყო შესული. VI საუკუნისათვის აბაზგების პოლიტიკურ გაერთიანებაში ექცევა სანიგთა სამთავროს დანარჩენი ნაწილი. პროკოფი დასავლეთით იხსენიებს არა სანიგებს, არამედ ბრუქებსა და ჯიქებს [ინაძე ჩ, 1992: 58]. საყურადღებოა "ქართლის ცხოვრების" მიერ XII საუკუნის მოვლენებთან დაკავშირებით სანიგთა მოხსენიება [ქართლის... 1959: 49]. ჩვენი აზრით, VI საუკუნიდან სხვა ტომთაგან შევიწროებული სანიგები მთებში განაგრძობენ ბინადრობას, სავარაუდოდ, კავკასიონის ჩრდილო კალთებზეც, რითაც აიხსნება სანიგთა მოხსენიება ქაშაგებთან (ჩერქეზებთან) ერთად. I საუკუნეში მნიშვნელოვანია სედოხეზების ტომის მოხსენიება ტაციტუსის (55/56 - 117 წ-ის შემდეგ) მიერ [თაციტ. III, 48; Латышев, 1938: 315]. სედოხეზები, ჩვენი აზრით, მდ.ენგურის შესართავთან ცხოვრობდნენ, რადგან ტაციტუსის მდინარე ხობი და არიანეს მდინარე ქობოსი იგივე ენგურია. არიანესთან (II ს.) პირველად არიან დასახელებულნი აბაზგები: "აფსილების მეზობლები აბასკები არიან, აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან, მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი" [Fლ.Aრრ. PPE, 11, 11; კეჭაღმაძე, 1961: 43]. მდ.აბასკოსი (ფსოუ, ბზიფი ან მძიმთა) ზღვასთან შეერთების ადგილას, ჩანს, სანიგების მიწა-წყალზეა. სავარაუდოდ, ამ დროს აბაზგები ჯერ კიდევ მთებში ბინადრობდნენ და მდინარეს სახელი მის სათავეებთან მცხოვრები ტომის სახელის მიხედვით შეერქვა. აბასგები, შესაძლოა, ახ.წ. V ს-მდე მაინც ცხოვრობდნენ კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, მდ. ფსოუს ან მძიმთის სათავეებში და ამ დროიდან ჩამოსახლდნენ შავი ზღვის სანაპიროზე [გვანცელაძე, 1993: 26-27]. არიანეს დროს აბაზგების საცხოვრისი ძლივს აღწევდა სებასტოპოლისამდე, მაგრამ V საუკუნეში ისინი უკვე დასახლებულნი არიან მდ.აბასკოსამდე. მოგვიანებით, ბიზანტიურ პერიოდში, აბაზგები ვრცელდებიან ნიკოფსიამდე (ადრეულ წყაროებში "ძველი ლაზიკა" - თანამედროვე ნეგოფსუხო). ამგვარად, ისინი დაეუფლნენ სანიგების ტერიტორიას მთლიანად და უშუალოდ დაუმეზობლდნენ ჯიქებს. ამის შემდეგ სანაპიროზე რჩება მხოლოდ ორი სახელწოდება: აბაზგია (აფხაზეთი) და ჯიქია (ჯიქეთი) [Меликишвили, 1959: 89]. ძნელი სათქმელია, რა ფორმით გამოიხატა აბაზგებისა და სანიგების შერწყმა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ენაზე საუბრობდნენ ეთნიკურად შერწყმული აბაზგები და სანიგები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, არ მომხდარა სრული გაძევება სანიგებისა მათი ყოფილი საცხოვრისიდან. საფიქრებელია, რომ ეს ორი ტომი - ბარის მოსახლეობა სანიგებისა და მთიელი აბაზგები - ერთმანეთს შეერწყნენ და აბაზგთა სახელმა გადაფარა სანიგთა სახელი. შესაძლოა, ამ მოვლენას იგივე მიზეზი ჰქონდა, რა მიზეზითაც მეზობელ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ერთეულს აფშილეთი ეწოდა. პ.ინგოროყვას აზრით, აფხაზთა ტომის ძირითადი ტერიტორია აფხაზეთის  მთიანი ზონა იყო, რომელიც მოიცავდა შემდეგ სექტორებს: 1. მდ.ბზიფის ხეობის შუა და ზემო ნაწილი, 2. მდ.ფსოუს ხეობის ზემო ნაწილი, 3. მდ.მძიმთის ხეობის შუა და ზემო ნაწილი. ადრინდელი ცენტრი, ჩანს, მძიმთის ხეობაში იყო, რომელსაც ეწოდებოდა აბასხი - აფხაზთა მდინარე [ინგოროყვა, 1954: 123]. აბაზგთა მთავარი ეთნიკური ბირთვის ჩამოსახლება ჩრდილო კავკასიიდან აფხაზეთის მთიან რეგიონში, მოსალოდნელია ახ.წ. I ს-ის დასასრულისთვის, ცოტა მოგვიანებით კი აფხაზურ-ადიღეური ტომების ახალი ნაკადების ჩამოსვლამ ბიძგი მისცა აბასკ-აბაზგთა გაძლიერებას [ინაძე B, 1992: 171-172]. აფშილები და აბაზგები II-V სს. ცხოვრობდნენ სებასტოპოლისსა და მდ.აბასკოსს შორის. II ს-ში ეს ტერიტორია სანიგების სამთავროში შედიოდა, რომელიც სებასტოპოლიდან მდ. აქეუნტამდე (შახე) იყო გადაჭიმული. გვიანანტიკურ პერიოდში (არაუადრეს II საუკუნისა), სამხრეთ აფხაზეთში იჭრებიან მეგრულ-ჭანური წარმოშობის ტომები (ლაზები), რომლებმაც აფხაზები ჩრდილოეთისაკენ განდევნეს. არ არის გამორიცხული, ამ დროს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფხაზეთის მთიანი რაიონები სვანურ ეთნიკურ ელემენტსაც დაეკავებინა [Анчабадзе, 1976: 38-40]. ნ.ლომოური თავდაპირველად მიიჩნევდა, რომ აფშილები და აბაზგები ზღვის სანაპიროზე მდ.ხობსა და სებასტოპოლის-სოხუმს შორის მდებარე სექტორში ცხოვრობდნენ, ხოლო სანიგების მიწა-წყალი კი ვრცელდებოდა სებასტოპოლისიდან მდ.აქეუნტამდე (შახე) [ლომოური, 1968: 10]. აფსილთა ნაწილის მდ. კოდორის აღმოსავლეთით მოსახლეობას V-VI სს-ისათვის ვარაუდობს ზ.პაპასქირიც [პაპასქირი, 2004: 27-28]. ასევე, მ.გუნბაც აღნიშნავს, რომ აფსილები იკავებდნენ ტერიტორიას დიოსკურიიდან ენგურამდე, ხოლო მათი ჩრდილო საზღვარი ან გუმისთაზე, ან კელასურზე გადიოდა [Гунба, 1989: 140]. მოგვიანებით ნ.ლომოურმა გალის რაიონში და მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე აფხაზთა მოსახლეობის შესახებ აზრი შეიცვალა: არიანეს აფსილები და აბასგები თანამედროვე აფხაზთა წინაპრები არიან, მაგრამ მათი განსახლების უკიდურესი სამხრეთი საზღვარი არასდროს მდ.ღალიძგას არ გადმოსცილდება [ლომოური, 1996: 79]. აფხაზი ტომები არასდროს, მათი ისტორიის თვით უადრეს ეტაპზეც კი, არ მოსახლეობდნენ დღევანდელი გალის რაიონის ტერიტორიაზე. ეს უკანასკნელი პოლიტიკურადაც და ეთნიკურადაც ყოველთვის ლაზიკის, ანუ ეგრისის, ორგანული ნაწილი იყო. V საუკუნის დასაწყისისათვის ლაზიკის სამეფოს თანდათანობითი გაძლიერების შედეგად საზღვარმა ლაზებსა და აფსილებს შორის გადაინაცვლა მდ.კოდორამდე, ლაზებმა შეავიწროვეს აფსილები, ამ უკანასკნელებმა კი - აბაზგები [ლომოური, 1998: 34, 40]. ლაზების (ეგრების) გაძლიერება II საუკუნეში მოსალოდნელია რიონის ჩრდილო დასავლეთის სანაპიროზე, რადგან არგვეთში ქართლია გაბატონებული, რაც ხელისშემშლელი პირობა იქნებოდა აფშილებსა და სანიგებს შორის აბაზგების ჩამოსახლებისათვის [ლეთოდიანი, 1991: 9]. ჩვენი აზრით, არავითარი ეთნიკური გადაადგილება არ მომხდარა, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს გარკვეული პოლიტიკური ერთეულის მიერ სხვა პოლიტიკურ ერთეულთა სახელის გადაფარვასთან, ხოლო მოსახლეობა I-II სს-დან მოყოლებული იყო შერეული მეგრულ-აფხაზური როგორც ეთნიკური, ისე ენობრივი ნიშნით. ამრიგად, V-VII სს-ში არ დაწყებულა აბაზგთა შერწყმა სანაპირო ზოლზე ძველთაგანვე მოსახლე დასავლურქართულ ტომებთან - სანიგებთან, არამედ ეს პროცესი მიმდინარეობდა უფრო ადრეულ საუკუნეებშიც. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ აბაზგთა ნაწილმა, განსაკუთრებით მთაში დარჩენილმა მოსახლეობამ, ჩვენი აზრით, შეინარჩუნა თავისი ეთნიკური სახე და თვითმყოფადობა, ხოლო ის ფაქტი, რომ პროკოპის აბაზგების დასავლეთ მეზობლებად დასახელებული ჰყავს უკვე არა სანიგები, არამედ ზელქები (ჯიქები), მიუთითებს იმაზე, რომ აბაზგთა სახელმა გადაფარა სხვა, ქართული ეთნიკური სამყაროს კუთვნილი ტომების (სანიგები, ადრეული წყაროების ჰენიოხები, კორაქსები, კოლები) სახელები. რაც შეეხება აფსილ-აბაზგთა საზღვრის გადაწევას პუნქტ ტრაქეასთან, ისტორიკოსთა აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ან ანაკოფიასთან (დღევანდელი ახალი ათონი) მდ.გუმისთაზე, ან გაგრასთან. V საუკუნისათვის ჩრდილოეთისაკენ გადაინაცვლეს აბაზგებმაც; მათ დაიკავეს ტერიტორია მდ.გუმისთასა და მდ.ფსოუს შორის, სანიგების განკარგულებაში დარჩა სანაპიროს მონაკვეთი ფსოუსა და შახეს შორის, სადაც შემდეგ უკვე ჯიქები სახლობენ [ლომოური, 1998: 40; მუსხელიშვილი, 1977: 99]. გვიანდელმა წყაროებმა (იპოლიტე რომაელი, ევსევი კესარიელი, პროკოპი, იუსტინიანეს ნოველები, აგათია სქოლასტიკოსი) არაფერი იციან აბაზგების სანაპიროზე მოსახლეობის შესახებ აფშილებსა და სანიგებს შორის სებასტოპოლ-ცხუმამდე. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე წერილობითი წყარო, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სანიგების მიწა-წყალზე აბაზგების მთლიანად და აფშილების ნაწილის გადასვლას და იქ დამკვიდრებას. არ მომხდარა არავითარი სანიგების გადაადგილება თავიანთი საცხოვრისიდან. III-IV საუკუნეებშიც ისინი თავიანთ ძველ სამოსახლოზე ცხოვრობდნენ, რაზედაც თავის დროს მიუთითებდნენ პლინიუსი და ფლავიუს არიანე. V საუკუნის ანონიმი ავტორი სებასტოპოლიდან პიტიუნტამდე არ იცნობს სხვა ეთნოსს, გარდა სანიგებისა, რომლებიც, მისივე გადმოცემით, V საუკუნეში მოქცეული უნდა იყვნენ კოლხეთის, ანუ ლაზიკის, სამეფოში. გარდა ამისა, დ.ლეთოდიანის აზრით, თუკი აფშილები და აბაზგები ერთმანეთის უშუალო მოსაზღვრენი იყვნენ ზღვის სანაპიროზე, მაშინ ბუნებრივი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ბიზანტიელთა მხედრიონი ან აფშილების, ან აბაზგების ტერიტორიაზე უნდა მოხვედრილიყო და არა მათ შორის, შუა ადგილას; ბიზანტიელები კი სანიგების მიწა-წყალზე მოხვდნენ. აბაზგების სანაპიროზე მოსახლეობის არსებობას პირველად პროკოფი უთითებს ტრაქეასთან (დღევანდელი გაგრა ან ახალი ათონი). აქედან გამომდინარე, აბაზგები ჩრდილო კავკასიონიდან შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე უნდა გამოჩენილიყვნენ არაუადრეს V საუკუნისა და ამ დროიდან ისინი მხოლოდ აწინდელი გაგრის ან ახალი ათონის რაიონში უნდა დასახლებულიყვნენ. ქართველური ტომები არა მარტო შახემდე მოსახლეობდნენ, რომელიც სანიგებსა და ჯიქებს მიჯნავდა ერთმანეთისგან, არამედ მის ჩრდილო-დასავლეთითაც იყვნენ გავრცელებულნი [ლეთოდიანი, 1991: 22-34]. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ არიანეს "ძველი ლაზიკა" გულისხმობს ლაზების ეკონომიკურ სივრცეში ოდესღაც, ყოველ შემთხვევაში, არიანემდელ ეპოქაში, ნიკოფსიამდე ტერიტორიის ჩართვას.

ლიტერატურა:

  1. არბოლიშვილი ლ. - პლინიუს უფროსის “ბუნების ისტორია”, როგორც კოლხეთის ისტორიის წყარო. ავტორეფერატი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოოსაპოვებლად, 2006, თბილისი.
  2. Анчабадзе З. В. - Очерки этнической истории абхазского народа. 1976, Сухуми.
  3. გვანცელაძე თ. -  კვლავ ეთნონიმ აფხაზისა და მასთან დაკავშირებულ ფუძეთა შესახებ/ საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. 1993, თბილისი.
  4. თოდუა თ. -  საქართველოს შავიზღვისპირეთის ეთნო-კულტურული ისტორიის ზოგიერთი საკითხი ახ.წ. II-IV სს-ის სამარხეული ძეგლების მიხედვით. საისტორიო ძიებანი. №3. 2000, თბილისი.
  5. ინგოროყვა პ. - გიორგი მერჩულე. 1954, თბილისი.
  6. ინაძე მ. -  A ძველი აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური ისტორიის საკითხები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის სერია. №2. 1992, თბილისი.
  7. ინაძე მ. - B აფხაზეთის ძველი მოსახლეობა. მნათობი. №2. 1992, თბილისი.
  8. ინაძე მ. -  ჩ ძველი აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური ისტორიის საკითხები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ხელოვნებათმცოდნეობის სერია. №1. 1992, თბილისი.
  9. კეჭაღმაძე ნ. -  ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. 1961, თბილისი.
  10. ლეთოდიანი დ. -  აფხაზეთის, აფშილეთის და სანიგეთის პოლიტიკური დამოკიდებულება ეგრისთან (ლაზიკასთან) IV-VIII სს-ში. 1991, თბილისი.
  11. ლომოური ნ. -  ეგრისის სამეფოს ისტორია. 1968, თბილისი.
  12. ლომოური ნ. - ძველი აფხაზეთის ეთნოკულტურული ისტორიიდან. 1998, თბილისი.
  13. ლომოური ნ. - დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II-III სს-ში. ქართული დიპლომატია. წელიწდეული. №6. 1996, თბილისი.
  14. მიქელაძე თ. -  ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ.წ. II-I ათასწლეული), 1974, თბილისი.
  15. მუსხელიშვილი დ. -  საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. I. 1977, თბილისი.
  16. პაპასქირი ზ. - ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან. I. 2004, თბილისი.
  17. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. 1959, თბილისი.
  18. ყაუხჩიშვილი თ. - სტრაბონის გეოგრაფია. 1957, თბილისი.
  19. ყაუხჩიშვილი თ. -  ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტომი VI. 1987, თბილისი.
  20. ყაუხჩიშვილი ს. - გეორგიკა, ბიზანტიელი ავტორების ცნობები საქართველოს შესახებ. ტომი II. 1965, თბილისი.
  21. ჯანაშია ს. -  შავიზღვისპირეთის საისტორიო გეოგრაფია. შრომები. ტ.VI. 1988, თბილისი.
  22. ჰეროდოტე -  ისტორია. ბერძნულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და საძიებელი დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. 1975, ტომი I. თბილისი.
  23. Воронов Ю.Н. -  Археологическая карта Абхазии, 1969 Сухуми.
  24. Гунба М.М. -  Абхазия в первом тысячелетии н.э. 1989, Сухуми.
  25. Латышев В.В. - შცუიტიცა ეტ ჩაუცასიცა. ВДИ. №2. 1938, Москва.
  26. Меликишвили Г. -  К историй древней Грузии. 1959,Тбилиси.