topmenu

 

გ. ქავთარაძე - მცხეთის უძველესი ადგილმდებარეობისა და სახელწოდების საკითხისათვის

<უკან დაბრუნება...<<<საინტერესო სტატიები//ძველი მცხეთა>>>

ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის

ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები - X-XI

თბილისი

2010/2011

მთავარი რედაქტორი: ვაჟა კიკნაძე

ISSN 1987-6564

გიორგი ქავთარაძე

მცხეთის უძველესი ადგილმდებარეობისა და სახელწოდების საკითხისათვის

1960 წელს საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის პირველ კრებულში გამოქვეყნებულ თავის წერილში "ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან”, რომელიც მოხსენებად იყო წაკითხული 1959 წლის 30 ივნისს ისტორიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების პირველ სამეცნიერო სესიაზე, ნიკო ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ "წელს [იგულისხმება 1959 წელი, გ.ქ.] მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ უთუოდ წარმატება მოიპოვა. მან წიწამური აღმოაჩინა... წიწამურის აღმოჩენა კარგი მიღწევაა. არტაგს თავს გადამხდარი ამბავი რეალურ-ისტორიულად ცოცხლდება. ეს ასეა, მაგრამ აქამდე ჩვენმა არქეოლოგიამ ძველი მცხეთა ვერ აღმოაჩინა"1. სად უნდა იყოს საძებარი ძველი მცხეთა? პასუხი თითქოს თავისთავად ცხადია - მცხეთის მიწა-წყალზე! მაგრამ რას ნიშნავს და რას მოიცავდა "მცხეთა"? ქართული საისტორიო წყაროების მონაცემთა გათვალისწინების შედეგად შემუშავებული და ფართოდ გაზიარებულია აზრი ქართლის ძველი დედაქალაქის ე.წ. დიდი მცხეთის მრავალუბნიანობისა და მტკვრისა და არაგვის ორივე ნაპირზე დიდ მიწა-წყალზე გაშლის შესახებ. თუ საკუთრივ მცხეთა ჩრდილოეთისკენ ბაითხევს არ ცილდებოდა (რომელიც მას სამთავროს ტერიტორიისგან გამოყოფდა), "დიდი მცხეთა" სამთავრო-ბებრის ციხის, ციხე-დიდის, ურიათ-უბნის, მოგუთას და სხვა უბნების გარდა, მუხრანსაც მოიცავდა, სარკინე-ნასტაკისსაც და წიწამურსაც. მტკვრის სამხრეთით "არმაზით კერძი ქალაქი" იყო, ხოლო ჩრდილოეთით საკუთრივ მცხეთა და "მუხნარით კერძი ქალაქი"2. გასული საუკუნის 20-წლების დამლევს ს.კაკაბაძეს გამოთქმული აქვს ვარაუდი, რომ "მოქცევაჲ ქართლისაჲს" "ძუელი მცხეთა" შესაძლებელია ყოფილიყო მოგუთას რაიონში, ე.ი. ხიდის ახლოს მტკვრის მარცხენა ნაპირას3. უფრო გვიან, იმავე ავტორმა, იმის გამო, რომ თბილისის ციხეს ალექსანდრე მაკედონელის მიერ ნაგებად თვლიდა, ალექსანდრეს მიერვე ქართლის მმართველად დასმული აზოს რეზიდენციად - "ძველ მცხეთად" - უკვე თბილისი მიიჩნია4.

რუკის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახ. მუზეუმ-ნაკრძალს - "+"

ლ.მელიქსეთ-ბეგი, მოვსეს ხორენაცის ტექსტზე დაყრდნობით, თვლიდა, რომ ძველი მცხეთა (древняя Мцхета) მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ე.წ. პომპეუსის ხიდთან მდებარე და კოდმანის სახელით ცნობილ შემაღლებაზე უნდა ყოფილიყო ლოკალიზებული, არმაზის ქანდაკების პირდაპირ, მდინარის მეორე ნაპირზე5. თავის "სომხეთის ისტორიაში" მოვსეს ხორენაცი გვამცნობს: "...ჭექა-ქუხილის [მომვლინებელი] არამაზდის [არმაზის, გ.ქ.] ქანდაკება, რომელიც ქალაქისაგან [მცხეთის, გ.ქ.] განცალკევებით, დიდი მდინარის მეორე მხარეს იდგა. როგორც წესი, დილდილობით ყველა სცემდა მას თაყვანს სახლთა სახურავებიდან, საიდანაც სახით ჩანდა იგი"6... "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკაში მოხსენიებულ "ძუელ მცხეთას" ა.აფაქიძე შატბერდისეულ "წმ.ნინოს ცხოვრებაში" ნახსენებ "ძუელ ქალაქთან" აიგივებს და თვლის, რომ ეს ორი ტერმინი ერთი და იგივე პუნქტის გამომხატველი უნდა იყოს და ის ქართლის სამეფოს უძველეს დედაქალაქს – ქართლს უნდა გულისხმობდეს7; ავტორს, მისივე თქმით, საამისო საფუძველს აძლევს ლეონტი მროველის შემდეგი ცნობა: "ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა8". ა.აფაქიძის განცხადებით, ამ ცნობაში მნიშვნელოვანია ის, რომ სახელი "მცხეთა" ადრეულ ხანაში გაჩენილად არის მიჩნეული ლეონტი მროველის მიერ. ერთი და იმავე დედაქალაქის ორ ნაწილად: "არმაზით კერძ ქალაქად" და "მუხნარით კერძ ქალაქად" გაყოფას, "მეფეთა ცხოვრება" მხოლოდ ქართლის მთაზე არმაზის კერპის აღმართვის შემდგომი ხანის ამსახველად მიიჩნევს, ხოლო "ქართლის" ხანაში, ყურადღება არ მახვილდებოდა ქალაქის ძირითად ნაწილებზე; ამის საჭიროება, ა.აფაქიძის თვალსაზრისით, ჩნდება იმ დროის სურათის წარმოსადგენად, როდესაც "არმაზის" ხანა დადგა, ე.ი. ქალაქობა მკაფიოდ დაეტყო მტკვრის მარცხენა მხარესაც9. მის მიერ "ძუელი მცხეთისა" და "ძუელი ქალაქის" გაიგივების მიუხედავად, ა.აფაქიძემ მაინც არ მოახდინა "ძუელი მცხეთის" მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ლოკალიზება და ზოგადად შემოიფარგლა ამ ორივე ტერმინში ქართლის სამეფოს უძველესი დედაქალაქის ქართლის დანახვით, რომელიც, მისივე შეხედულებით, მდინარის ორთავე ნაპირზე უნდა ყოფილიყო გადაშლილი. "მუხნარით კერძი ქალაქის" დედაქალაქის უძველეს ნაწილთა შორის მოხსენიება ცხადყოფს, რომ ა.აფაქიძე მტკვრის მარცხენა, ჩრდილოეთ მხარესაც ქართლის - ქართველთა უძველესი დედაქალაქის - შემადგენელ ნაწილად თვლის. შესაბამისად, თუ ერთის მხრივ, მას ქალაქი ქართლი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ეგულვება, სადაც ქართლის (გვიანი ხანების არმაზის) ქედი მთავრდება და რომლის აღმოსავლეთ კალთებსა და ბაგინეთად წოდებულ სამკუთხა ზეგანზე დედაქალაქის შიდა ციხე ანუ აკროპოლისია აღმოცენებული (უფრო გვიან არმაზციხედ სახელდებული), მეორეს მხრივ, სახელწოდება "ქართლი", მას ქრონოლოგიურად სახელწოდება "მცხეთის" წინამორბედად მიაჩნია10. არ არის გამორიცხული, ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების ხედვის მიღმა მდებარე ხანაში, არაგვისა და მტკვრის ორივე ნაპირზე გადაშლილ მხარეს მართლაც "ქართლის" სახელი ეტარებინა და შედარებით უფრო გვიან ხანებში ამის შედეგად აღმოცენებულიყო ქორონიმი "ქართლი", მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული წყაროების მონაცემებით, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, ტოპონიმი "ქართლი" ერთმნიშვნელოვნად გამოიყენება მდინარე მტკვრის მარჯვენა, სამხრეთის ნაპირზე მდებარე მთისა და მისი სანახების, ანუ იმ ტერიტორიის აღსანიშნავად, რომელიც არმაზციხისა თუ არმაზის სახელით არის ცნობილი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ, საკმარისია, მოვიყვანოთ ერთი ამონარიდი "მეფეთა ცხოვრებიდან": "და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა... მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომად ამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე"11. არმაზი და არმაზციხე ტრადიციულად მტკვრის მარჯვენა ნაპირით განისაზღვრება12, იქ სადაც მთა ქართლია ლოკალიზებული. არქეოლოგიური შესწავლის შედეგად სწორედ აქ ისახება ძველი დედაქალაქის შიდაციხის რთული საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი სისტემა, აქვე უნდა ყოფილიყო სამეფო რეზიდენცია და მისგან მოშორებით მდებარე საპიტიახშოც13. თვით ზემომოყვანილი ცნობაც: "ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქჳან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკურისა და არაგჳსასა, და უწოდა სახელი თჳსი მცხეთა" (ქც 9:11-13.), ხომ აშკარად მიგვანიშნებს, რომ ციხე-ქალაქი არმაზი უფრო ადრე იყო დაარსებული და შესაბამისად უფრო ძველიც უნდა ყოფილიყო, ვიდრე მცხეთა ქალაქი, რასაც ა.აფაქიძეც ეთანხმება14. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ მტკვრის მარჯვენა ანუ, ქართული საისტორიო წყაროების მონაცემთა მიხედვით, უფრო ძველად დასახლებულ ნაპირზე და არა მარცხენა, საკუთრივ მცხეთის მომცველ, მხარეზე უნდა იყოს საძებარი ძველი მცხეთა? ამასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები ერთი რამ: თუ სახელწოდებით "არმაზი" არასოდეს არ აღინიშნებოდა მტკვრის დინების მარცხენა, ჩრდილოეთით მდებარე ადგილები, სახელწოდებით "მცხეთა" მდ.მტკვრის სამხრეთით მდებარე მხარეც აღინიშნებოდა ხოლმე; გავიხსენოთ თუნდაც ერთი ადგილი "მეფეთა ცხოვრებიდან": "ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ"15. აშკარაა, რომ "წყალში" მდინარე მტკვარი იგულისხმება; ასევეა ხომ "მოქცევაჲ ქართლისაჲ"-შიც: "ამან [ფარნავაზ] აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო16"... თავისთავადაც, ტოპონიმ "მცხეთაში" უფრო ვრცელი და შედარებით ნაკლებად კონკრეტული მიწა-წყალი იგულისხმებოდა, ვიდრე ადგილის სახელწოდება "არმაზში", და არ არის გამორიცხული, რომ მისი შემადგენელი ზოგიერთი ადგილი მდ.მტკვრის მარჯვენა, ე.წ. არმაზულ ნაწილში ყოფილიყო განლაგებული17. ა.აფაქიძეც საგანგებოდ შენიშნავდა, რომ სპეციალურ ლიტერატურაში საკმაოდ ფესვგამდგარი მოსაზრება, რომლის მიხედვით არმაზი სხვა ქალაქია და მცხეთა კიდევ სხვა, რომელიც მტკვრის მხოლოდ მარცხენა ნაპირზე განიხილება, ხოლო არმაზი და არმაზციხე ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე, არ არის მართებული და რომ მცხეთა მდინარის ორივე ნაპირზე იყო გაშლილი18. მაგრამ, როგორც ვხედავთ, საუბარი შეიძლება იყოს მდინარის ორივე ნაპირზე მხოლოდ ქალაქ მცხეთის განფენის შესახებ და არა ქალაქ ქართლისა თუ არმაზისა. თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში, განსაკუთრებით გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, ფეხი მოიკიდა მოსაზრებამ, რომ სამადლო-ნასტაგისის ნაქალაქარი უნდა ყოფილიყო "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ტექსტის "ძუელი მცხეთა", სადაც ასევე უნდა არსებულიყო ძვ.წ. IV-III საუკუნეთა ქართლის მეფეთა რეზიდენცია და რომლის დახანძრებულ ფენებში არეკლილი უნდა იყოს იმ ბრძოლების ნაკვალევი, რომელნიც წინ უძღოდნენ ფარნავაზის გამეფებას იბერიაში19. "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ტექსტში შემონახული უძველესი ქართული ცნობა ქალაქ მცხეთის შესახებ გვამცნობს, რომ, როდესაც ვითომდა ქართლში მოსულმა ალექსანდრე მაკედონელმა ბუნ-თურქნი და ჰონნი გაანადგურა, თანხლებულ არიან-ქართლის მეფის ძეს აზოს მან: "მიუბოძა მცხეთაჲ [ხაზი ჩვენია, გ.ქ.] საჯდომად", ხოლო "ესე აზოჲ წარვიდა არ[ი]ან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას [ხაზი ჩვენია, გ.ქ.] და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ20". მოყვანილ ტექსტში, ერთი შეხედვით, თითქოს შეუსაბამობა შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დიდმა აზოს "მიუბოძა მცხეთა საჯდომად", იგი "დაჯდა ძუელ მცხეთას"; რატომ ჩაანაცვლა (თუ დააკონკრეტა) ავტორმა აზოსთვის "საჯდომად ბოძებული" ადგილი – "მცხეთა" ტერმინით "ძუელი მცხეთა"? სად უნდა იყოს ეს "ძუელი მცხეთა" და რით უნდა განსხვავდებოდეს (თუკი განსხვავდებოდა) "ძუელი მცხეთა" საკუთრივ მცხეთისგან, რომელიც ალექსანდრემ დაუდგინა მას სატახტოდ? თვით ზემომოყვანილი ტექსტის ფრაგმენტი, რომ აზო "დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა", სავარაუდოდ, უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ვინაიდან "ძუელ მცხეთაში" დამჯდარ აზოს თან ჰყავდა "კერპნი ღმრთად - გაცი და გა", ამ უკანასკნელთა აღმართვის ადგილის დადგენა უნდა იძლეოდეს "ძუელი მცხეთის" მდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობასაც. ამ მხრივ გასათვალისწინებელია "ქართლის ცხოვრების" შემადგენელი ნაწილის, "წმ.ნინოს მიერ ქართლის მოქცევის" ცნობა, რომ "...კუალად [არმაზისა - გ.ქ.] იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი-იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა"21. ხოლო არმაზის ადგილმდებარეობას თვით "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ტექსტიც გვამცნობს: "შემდგომად მისა [აზოსა, გ.ქ.] დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ"22. ამრიგად, უძველესი ქართული წყაროების მონაცემთა გათვალისწინების შედეგად ცხადი ხდება, რომ სწორედ ეს ადგილი - არმაზი/არმაზციხე (იგივე ბაგინეთი), სადაც არმაზის კერპის მარჯვნივ და მარცხნივ იყვნენ აღმართულნი გაცი და გაიმი (=გა), არის "ძუელი მცხეთა". სწორედ ეს გარემოება, ფარნავაზის მიერ აქ არმაზის კერპის აღმართვის შემდეგ ამ ადგილის "არმაზის" სახელით მოხსენიება ("და ჰრქჳან არმაზ"), უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ უფრო ადრეული მოვლენის - აზოს მცხეთაში "დაჯდომის" აღწერისას, "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ტექსტის ავტორი ამ ადგილს არმაზ/არმაზციხის სახელით ვერ მოიხსენიებდა. ამავე დროს ეს გარემოება მიგვანიშნებს, რომ ამ ადგილის უფრო ძველი სახელწოდება, არმაზ/არმაზციხესთან შედარებით, უნდა ყოფილიყო "მცხეთა", "მოქცევაჲ ქართლისაჲსაში" "ძუელ მცხეთად" მოხსენიებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არქეოლოგიური შესწავლის შედეგად სწორედ აქ, მტკვრის მარჯვენა ნაპირით შემოსაზღვრულ არმაზ/არმაზციხეშია გამოვლინებული ძველი დედაქალაქის შიდაციხის რთული საფორტიფიკაციო ნაგებობების მთელი სისტემა; აქვე იყო მეფის სასახლე და მისგან რამდენადმე მოშორებით საპიტიახშო რეზიდენცია და პიტიახშთა სამაროვანი23. მაგრამ, თუკი ჩვენ გავიზიარებთ სამადლო - ნასტაგისის ნაქალაქარზე ძველი მცხეთისა და მასთან ერთად მეფეთა რეზიდენციის ლოკალიზების შესაძლებლობის ვარაუდს, მაშინ, ბუნებრივია, მოგვიხდება შესაბამისი ხანის იბერიის სამეფოს ღვთაებათა პანთეონის იქვე ლოკალიზებაც; იმის წარმოდგენა, რომ ქართლის მეფეთა რეზიდენცია დაშორებული იყო ღვთაებათა სამეფო პანთეონს, ძალზე რთულია. როგორც ზემოთაც შევნიშნეთ, გაცისა და გას აღმართვის ადგილის დადგენა თავისთავად უნდა იძლეოდეს "ძუელი მცხეთის" მდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობას, ვინაიდან "ძუელ მცხეთაში" მჯდარ აზოს "თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა". გარდა ზემომოყვანილი ქართული მატიანეების ცნობებისა, ადგილობრივი ქართული ტრადიციის და ბერძენი და რომაელი მეტ-ნაკლებად თანამედროვე ისტორიკოსების მონაცემებისა, არმაზციხისა თუ არმაზის კერპის ადგილმდებარეობის თაობაზე იუწყება აგრეთვე სომეხი მემატიანე მოვსეს ხორენაციც, რომელიც გვამცნობს, რომ არმაზის ქანდაკება მცხეთისგან განცალკევებით, მდინარე მტკვრის მეორე მხარეს იდგა (იხ.ზემოთ)24. როგორც ვხედავთ, ავტორისათვის ცნობილია, რომ არმაზის კერპი მცხეთასთან, დიდი მდინარის ანუ მტკვრის გაღმა იყო აღმართული. "წმ.ნინოს მიერ ქართლის მოქცევის" ზემომოყვანილ ცნობაზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავძინოთ, რომ არმაზთან ერთად იქვე იქნებოდნენ მისი განუყრელი ღვთაებებიც – გაცი და გა, რომლებიც "თანა-ჰყვანდა" წამოყვანილი არიან-ქართლიდან წამოსულ და "ძუელ მცხეთაში" მეფედ დამჯდარ "მოქცევაჲ ქართლისაჲსეულ" აზოს. ქართული მატიანეების მსგავსად, ზოგიერთი არაბული წყაროც თითქოს იძლევა იმის საშუალებას, რომ არმაზციხე-ბაგინეთს, აქ ადრე არსებულ წარმართულ ტაძართან ერთად, დავუკავშიროთ ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდარული სახელი. მხედველობაში მაქვს ატ-ტაბარის (გარდ. 923 წ.) ცნობა იმის თაობაზე, რომ ჰიჯრის 110 წელს (ანუ ახ.წ. 728 წლის 16 აპრილიდან 729 წლის 4 აპრილამდე დროის მონაკვეთში) დარიალისაკენ ხაზართა ხაკანთან საბრძოლველად გალაშქრებული მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქი (ომაიანი ხალიფის აბდ ალ-მალიქ იბნ მარვანის ძე) უკან ბრუნდება "ალექსანდრეს ტაძრის" (Masgid Δī'l-Qarnain) გავლით; ამის გამო ი.მარკვარტი ვარაუდობს, რომ "ალექსანდრეს ტაძარი" არაგვის ხეობაში მდებარეობდა25. ალ-მასყუდის თანახმად "ალექსანდრეს ტაძარი" ქართველთა (ჯურზაანის – ﺟُرْزﺍﻥ) მეფის ატ-ტანბაღის (الطﻨﺒﻐﻰ) ანუ ი. მარკვარტისავე განმარტებით - ადრეულ ბაგრატიონთა დინასტიური ტიტულის მატარებელი პირის - მამფალის ("მამა უფლის") ადგილსამყოფელია26. ი.მარკვარტი შენიშნავს, რომ ვაჰბ იბნ მუნაბიჰის "ალექსანდრეს რომანში", კერძოდ მის მ.ლიძბარსკისეულ გამოცემაში, "ალექსანდრეს ტაძარი" არსად არ გვხვდება, თუმცა კი მასში მოხსენიებულია "არმაზის მიწა/ქვეყანა" - "არდ ალ-ჰურმუზი" (ارض اﻠﻬرﻣﺰ), ისევე, როგორც, ჰაბიბ იბნ მასლამას მიერ ქართველთათვის გაცემულ „დაცვის სიგელის” ატ-ტაბარისეულ ვარიანტში27.

აქედან გამომდინარე, ი.მარკვარტი დაასკვნის, რომ ამ სახელწოდებით თბილისის აღმა მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარე ქვეყნის ძველი დედაქალაქი მცხეთა უნდა აღინიშნებოდეს28. უფრო რომ დავაზუსტოთ ი.მარკვარტის მოსაზრება (და, ალბათ, თავისთავად, ამის გარეშეც), უფრო გამართლებული იქნებოდა "ალექსანდრეს ტაძარში", პირველ რიგში, არმაზციხე-ბაგინეთი გვეგულისხმა, სადაც ძველი ქართული წერილობითი წყაროების მონაცემებით, მართლაც მდებარეობდა ალექსანდრე დიდის ქართლში ლეგენდარული ლაშქრობის მოვლენებთან დაკავშირებული წარმართული ღვთაებების პანთეონი; "მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, აზო, ვისაც "თანა-ჰყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა" ხომ ალექსანდრეს მიერ არის მოყვანილი და მეფედ დადგენილი. მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის მიერ სწორედ არმაზციხე-ბაგინეთის დალაშქვრას, შესაძლოა ის გარემოებაც მოწმობდეს, რომ ქართული წარმართობის ამ წმინდა ალაგისა და ქართლის უძველესი სახელმწიფოებრივი ცენტრის საბოლოო განადგურებას სულ რამდენიმე წლით უფრო გვიანი ხანით (736 წ.) ათარიღებენ ხოლმე, როდესაც აქ თითქოს მერვან იბნ მუჰამედს (იგივე მურვან ყრუს, მომავალ ომაიან ხალიფას მერვან II) ულაშქრია. ეს უკანასკნელი ცნობა ვახუშტი ბაგრატიონისაგან იღებს სათავეს. ეჭვი არ არის, დარიალისაკენ მიმავალ მერვანსაც მცხეთაზე უნდა გადაევლო: ისეთი დიდი საფორტიფიკაციო და სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტს, როგორიც არმაზციხე-ბაგინეთია, ხომ ვერც ერთი მოლაშქრე გვერდს ვერ აუვლიდა. მაგრამ იმის გამო, რომ არაბული წყარო აქ მდებარე მნიშვნელოვანი ადგილის - "ალექსანდრეს ტაძრის" სახელწოდებას საგანგებოდ მხოლოდ მასლამა იბნ აბდ ალ-მალიქის ლაშქრობისას მოიხსენიებს, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სწორედ მისი ლაშქრობა უნდა გამხდარიყო საბედისწერო ქართლის უძველესი დედაქალაქისათვის, ვინაიდან იმ რვაწლიან დროის მონაკვეთში, რომელიც ამ ლაშქრობას მერვანის ლაშქრობისაგან აშორებს, ბუნებრივია, ძნელად თუ მოხერხდებოდა ამ ადგილის თავდაცვითი ფუნქციის სრულფასოვანი აღდგენა. ასეთი ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გვაძლევს სპეციალისტთა მიერ შენიშნული ის ფაქტი, რომ მერვანის ლაშქრობამ იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა თაობათა მეხსიერებაში, რომ შემდგომში იგი მიჩნეულ იქნა, საზოგადოდ, არაბების პირველ შემოსევად საქართველოში29. მით უმეტეს, ადვილი იქნებოდა, როგორც ზემოთ ითქვა, ერთი და იმავე რეგიონში, ორი ომაიანი სარდლის მხოლოდ რამდენიმე წლით ერთმანეთისაგან დაშორებული ლაშქრობების ერთმანეთში აღრევა30. ძირითადი მიზეზი, რის გამოც "ძუელი მცხეთის" არმაზციხესთან გაიგივება უძნელდებათ, ამ უკანასკნელის მცხეთისაგან განსხვავებული სახელწოდების არსებობა უნდა წარმოადგენდეს31, არადა ამ ორი უძველესი ადგილის ურთიერთკავშირი ყოველთვის ყველასათვის ცხადი იყო32. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა საქართველოს მეფის ალექსანდრე I დიდის 1434 წლის გუჯარი, გაცემული კათოლიკოს-პატრიარქის თეოდორე III-ის სახელზე, სადაც ვკითხულობთ, რომ "დასაბამითგან არმაზი ციხე მცხეთისა [იყო]33". რაც შეეხება განსხვავებულ სახელწოდებას, ამის თაობაზე "მეფეთა ცხოვრება" გვამცნობს, რომ არმაზ/არმაზისციხეს ძველად "ქართლის მთა34" ერქვა: "ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი"... ან კიდევ: "მოკუდა ქართლოს და დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი35". როგორც უკვე ითქვა, ტოპონიმი "ქართლი", განსხვავებით ქორონიმ "ქართლისაგან", ერთმნიშვნელოვნად გამოიყენება მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მთისა და მისი სანახების ანუ იმ ტერიტორიის აღსანიშნავად, რომელიც არმაზციხისა თუ არმაზის სახელით არის ცნობილი. ამ მხრივ საინტერესოა, რომ ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" ერთმანეთისაგან განასხვავებს ერთის მხრივ, "არმაზ ქართლს", ხოლო მეორეს მხრივ, "მცხეთას": "ცნეს სპარსთა, ვითარმედ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, მოაოჴრეს ტფილისი და არმაზი ქართლი, ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს36"... "მეფეთა ცხოვრების" ავტორი სახელწოდება "ქართლის" თავისებურ ეტიმოლოგიასაც გვთავაზობს, როდესაც მას ქართველთა ეპონიმ-ეთნარქოსის, ლეგენდარული ქართლოსის სახელიდან მომდინარედ მიიჩნევს: "...და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი.. და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა"37. ლეგენდა ლეგენდად დარჩება, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს სინამდვილეში სახელწოდება "ქართლი"? სიტყვა "ქართლი", მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, წარმომდგარი უნდა იყოს ინდოევროპული სუბსტრატის ნიშნად მიჩნეულ სიტყვა "karta"-საგან, რომელიც თავდაპირველად აღნიშნავდა "შემოღობილ ადგილს", ხოლო შემდეგ - გალავანს, ნაგებობას, ციხე-სიმაგრეს38. თუმცა არსებობს უფრო მარტივი ვარაუდის გამოთქმის შესაძლებლობაც: რამდენადაც "ქალაქის" (Stadt) აღმნიშვნელ არამეულ სიტყვას "karda" წარმოადგენს39, ხოლო ეს ენა ერთ-ერთი ძირითადი სახელმწიფო ენა იყო აქემენიანთა ზეგავლენის ქვეშ მყოფ არმაზციხის ადრეულ ბინადართათვის, ვფიქრობ, სავსებით დასაშვებია, სწორედ სიტყვა "კარდა" დასდებოდა საფუძვლად ტერმინ "ქართ-ლ-ს". "მთა ქართლის" აღმნიშვნელად არამეული სიტყვა "კარდა"-ს გამოყენება აქემენიანთა და მომდევნო ხანებში ჩამოყალიბებული პოლიტიკური კონიუნქტურით უნდა ყოფილიყო განპირობებული. გასათვალისწინებელია, რომ ირანულ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ და ასევე ქალაქის აღმნიშვნელ -karta, -kerta ფორმას ზოგიერთი მკვლევარი ირანულ ენებში სემიტური ენებიდან ნასესხობად მიიჩნევს40. არამეულ ტერმინს კიდევ იმის გამო უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ სავარაუდოა მცხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმაგრის, არაგვისპირთან მდებარე "ბელტის ციხის" სახელიც (ამჟამად ცნობილი ბებრის/ბერის ციხედ, რომელიც მცხეთა-არმაზციხის საერთო საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილს წარმოადგენდა და კეტავდა ჩრდილოეთის შესასვლელს), წარმომდგარი იყოს ასევე "ციხე-სიმაგრის" (Burg) აღმნიშვნელი არამეული სიტყვიდან - "birta"41. იქნებ გასათვალისწინებელი იყოს "ქართლის ცხოვრების" ცნობის, მტკვარგამოღმა (არმაზციხის, იგივე "მთა ქართლის") და მტკვარგაღმა (მცხეთის) მხარეთა მეფეების - ქართამისა და ბარტომის სახელთა შესაძლო კავშირიც ციხე-სიმაგრეების აღმნიშვნელ არამეულ სიტყვებთან - "karda" და "birta" და, შესაბამისად, ამ სიტყვებით მოხსენიებულ მათ რეზიდენციებთან თუ უმთავრეს საფორტიფიკაციო ნაგებობებთან – არმაზციხესთან ("მთა ქართლი") და მცხეთა-ბებრის ("ბელტის" თუ "ბერდის") ციხესთან. ამავე დროს, უფრო ისე უნდა ჩანდეს, რომ თითქოს ქართულენოვან სამყაროში ადრეული ხანებიდანვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელ ხურიტულ ტერმინს "ard"-ს, რომელმაც რეგიონში აქემენიანთა დომინირების ხანაში ანალოგიური მნიშვნელობისა და ჟღერადობის მქონე და შესაძლოა მასთანვე დაკავშირებულ არამეული სიტყვის "karda"-ს ზეგავლენის შედეგად შეიძინა ანლაუტში ველარული ფონემა42. ასეთი ვარაუდის შესაძლებლობაზე ალბათ უნდა მიგვანიშნებდეს ქართულ სინამდვილეში დადასტურებული არაერთი ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი და "ართ/არტ/არდ"-ძირიანი ტოპონიმი: „ართვინი/ართვანი”, „არტაანი”, „არტანუჯი”; შდრ., აგრეთვე, „არდისუბანი”, „კ-არდანახი”, ვინ იცის იქნებ „მ-არტ-ყოფიც” და სხვ. აქვე უნდა გავიხსენოთ, არდამ ერისთავის სახელიც, რომელმაც „წარმოზღუდა ცხჳრი არმაზისი ვიდრე მტკურამდე”, "მოჰკიდე კირი ზღუდე ციხესა არმაზისასა” და „მოზღუდა მცხეთა ქალაქი ქჳთკირითა"43. ასევე ყურადსაღებია „ვარციხის” ანუ ისტორიული "ვარდციხის" სახელწოდება, რომლის სახელის აღდგენისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია VI საუკუნის ბერძნულ წყაროებში „როდოპოლისის” ფორმით მისი მოხსენიება. ჩემი აზრით, ტოპონიმ "ვარდ-ციხეში" მოცემულია ციხის აღმნიშვნელი ხურიტული ძირი „არდ/უარდ/ვარდ”-ი, რომელსაც თან ახლავს ქართულენოვანი განმარტება „ციხის” სახით. ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არტაანის მხარის ძველი ეთნიკური ვითარების გარკვევის საკითხისას, ვინაიდან ქალაქ არტაანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტის - ჩამლი ჩათაქის ძველი სახელწოდებაც ასევე „ვარდციხეა” და იგი ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ადგილობრივი მოსახლეობის მახსოვრობაში დღემდე შემონახულ ამავე პუნქტის სომხურ სახელწოდებას "გულაბერდს", რომელიც, ისევე როგორც ბერძნული როდოპოლისი, აშკარად ხურიტულ-ქართული კომპოზიტიდან "ვარდ-ციხიდან" (ანუ "უარდ-ციხიდან", იგივე "არდ-ციხიდან") არის ნათარგმნი. "Ard"-ძირიანი სახელწოდებების ქალაქები, გარდა ურარტული ქალაქის - მუსასირის ხურიტული სახელწოდებისა (არდინი), ცნობილია რუსახინილის მახლობლად მდებარე მხარიდან და ეტიუნის ქვეყნიდანაც44. ტერმინ "ქართლის" ციხე-სიმაგრის სახელწოდებიდან წარმომავლობას მხარს უჭერს კასიუს დიოს ცნობა, რომ ქართლის მთავარ ქალაქს აკროპოლისი (‘Ακρόπολις) ანუ ციტადელი / დედა - ციხე ეწოდებოდა, ამდენად კასიუს დიო ფაქტობრივად ამ ადგილის ფუნქციურ მნიშვნელობასთან ერთად მისი სახელწოდების ბერძნულ თარგმანსაც იძლევა. კასიუს დიოს სიტყვებით, დედა-ციხე აგებული იყო იმ მიზნით, რომ დაეცვა უვიწროესი ადგილი, სადაც ერთ მხარეს მტკვარი (Cyrus) მოედინება, ხოლო მეორე მხარეს კავკასიონია აღმართული45. ამ ქალაქში, რა თქმა უნდა, მხოლოდ ქართლი/არმაზციხე შეიძლება იგულისხმებოდეს. გასათვალისწინებელია ი.რაინეგსის ცნობაც, რომ მცხეთის ჩრდილოეთით, საქართველოში მის ჩასვლამდე (ანუ 1779 წლამდე) არცთუ დიდი ხნით ადრე, ერთ-ერთ მაღლობზე მკვიდრად ნაგებ ნახევრადმიტოვებულ ციხე-სიმაგრეში (ალბათ ბებრის ციხეს გულისხმობს, გ.ქ.) ნაპოვნი ყოფილა ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერა, თუმცაღა დაუთარიღებელი, რომელზედაც ადგილობრივი, ერუდირებული ქართველების მიერ ამოკითხული ყოფილა სიტყვა "აკროფთოპოლისი" (Acroftopolis). ი.რაინეგსი ვარაუდობს, რომ ეს უნდა ყოფილიყო მცხეთის ძველი სახელწოდება46. მაგრამ, როგორც უკვე ვიცით, კასიუს დიო აკროპოლისს (‘Ακρόπολις) არმაზციხეს უწოდებდა და არა მცხეთას. როგორც ვხედავთ, სავარაუდოა, რომ მთა ქართლი (იქვე მდებარეობდა სოფელი ქართლი და ქართლის ხევიც) სახელდებული იყო ციხე-სიმაგრისა თუ გალავნის აღმნიშვნელი სიტყვებით, თუმცა კი არაქართულით (ხურიტულით, არამეულით, ბერძნულით). მართალია სტრაბონისა და პლინიუსის ცნობებში ასახულია ქართული სიტყვის "ციხის" კვალიც, ოღონდ, ტოპონიმ არმაზციხის მეორე, განმარტებითი კომპონენტის სახით; კერძოდ, იგი მოხსენიებულია, როგორც ‘Αρμοζική სტრაბონის მიერ47 და როგორც ‘Αρμακτίκα პტოლემაიოსის მიერ48, ხოლო პლინიუსი მას Harmastus-ის სახელწოდებით იცნობს49. ამ მხრივ, საგულისხმოა, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში არმაზციხე მოხსენიებულია დედაციხის, შიდაციხის თუ ციხისციხის (მთავარი, თავადი ციხის მნიშვნელობით) სახელწოდებითაც. ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არმაზციხეს ძველთაგანვე, ანუ ჯერ კიდევ აქ არმაზის კულტის გაჩენამდე, გააჩნდა ციხის აღმნიშვნელი შესაბამისი ქართული ტერმინი და ხომ არ არის დაკავშირებული ეს სახელწოდება მცხეთის სახელთან. ასეთ შემთხვევაში "ძუელი მცხეთა" აღმოჩნდებოდა არმაზციხე / ბაგინეთის ანუ მთა ქართლის აღმნიშვნელი სახელი, ხოლო ამის საპირისპიროდ საკუთრივ მცხეთა - "ახალი მცხეთის" ანუ "მუხნარით კერძი ქალაქისა", რომელიც მტკვრის მარცხენა ნაპირზე იყო განლაგებული და ხშირად აკროპოლისიდან ანუ მთა ქართლი/არმაზციხე/ბაგინეთიდან კონტროლდებოდა. ამჟამად, თითქმის უკვე საყოველთაოდ არის გაზიარებული მოსაზრება, რომ სახელწოდება "მცხეთა" წარმოდგება მესხთა (მოსხები - მუშქები) ტომის სახელიდან და რომ ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო50. ითვალისწინებენ აგრეთვე ქართლის სამეფოს უზენაესის ღვთაების არმაზის სახელწოდების სავარაუდო კავშირს ხეთურ-მცირეაზიულ მთვარის ღვთაებასთან -არმასთან, რომლის კულტიც თითქოს მცირე აზიიდან მუშკი-მესხების ჯერ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში და შემდეგ მცხეთაში, გადმოსახლებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული51. თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ღვთაება არმაზი ავლენს იუპიტერისადმი (რომის იმპერიის უზენაესი ღვთაება), ხოლო არმაზის თანხმლები კერპები გაცი და გაიმი (გა) - აპოლონისა და დიანასათვის (იუპიტერისადმი დაქვემდებარებული ღვთაებები) დამახასიათებელ ზოგიერთ ნიშან-თვისებას. იბერიის სამეფოს პანთეონი, როგორც ჩანს, სინკრეტული ხასიათის ღვთაებებისაგან შედგებოდა; იგი იმთავითვე დაკავშირებული ჩანს გვიანაქემენიდური - ადრეელინისტური ხანის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის სინკრეტული ხასიათის კულტურულ სამყაროსთან და, შესაბამისად, არმაზის კულტიც ძველ ახლოაღმოსავლურ, აქემენიდურ და ელინისტურ ეპოქებისათვის დამახასიათებელ სინკრეტიზმის ანაბეჭდს ატარებდა52. აღსანიშნავია, რომ ტერმინები "სამცხე" და "მცხეთა" ერთმანეთთან დაკავშირებული ჰქონდა ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონს, თუმცა იგი სახელწოდება "სამცხეს" "მცხეთისაგან" წარმოქმნილად მიიჩნევდა53. XIX საუკუნეში ტოპონიმ "მცხეთას" მესხების სატომო სახელთან აახლოებდნენ თეიმურაზ ბაგრატიონი, პლატონ იოსელიანი, ა.ხახანაშვილი და ვ.სენ-მარტენი54. გ.მელიქიშვილის შეხედულებითაც, სახელწოდება "მცხეთა" უდავოდ წარმოქმნილია მესხთა სატომო სახელისაგან, ეს ფაქტი კი უნდა მიანიშნებდეს მცხეთის მესხური დასახლების არამესხური მოსახლეობის წიაღში წარმოქმნის შესაძლებლობაზე55. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ შესაძლებლად მიმაჩნია მტკვრის ზემო წელიდან ანუ მესხეთიდან (თუ ე.წ. დიდი მესხეთიდან), რომელიც მტკვრის სათავეების მხარეს და მის იქით, კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე მხარეებსაც მოიცავდა, მოსახლეობის ერთმანეთის მომდევნო ტალღების გადმონაცვლება, რაც საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენაა მდინარეთა დინების მიმდებარე ხეობებისათვის, არა მგონია მცხეთისა და მისი სანახების უფრო ადრეული მოსახლეობა იმდენად განსხვავებული ყოფილიყო ახალმოსულთაგან (თუნდაც იმის გამო, რომ მათი - ძველისაც და ახლისაც - წარმომავლობის მხარე ერთმანეთს ემთხვეოდა), რომ საჭირო გამხდარიყო მათი წინამოსახლეობისაგან განმასხვავებელი სახელით სახელდება. სავარაუდოდ, აქ ადგილი ექნებოდა ერთიან ეთნო-კულტურულ არეალში დიდი მდინარის დინების ზემო, მთიანი მხარეებიდან ნამატი მოსახლეობის ქვემო დინების, დაბლობი მხარეებისაკენ გადმონაცვლებას, ანუ მთისა და ბარის მოსახლეთა ურთიერთობის "კლასიკურ" მოდელს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავდა განსხვავებული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფების ამ მეტად მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილისაკენ სწრაფვასა და ინფილტრაციას, რის შესახებაც არაერთი მინიშნება გვაქვს ძველ ქართულ წერილობით წყაროებში. თუმცა ეს საკითხები ჩვენი წინამდებარე წერილის ჩარჩოებს სცილდება და ვიმედოვნებთ, რომ მათ სხვა დროს ცალკე შევეხებით. თავისთავადაც საკითხავია, თუ რამდენად არის უცილობელი მცხეთის სახელის ეტიმოლოგიის ახსნა მესხთა სატომო სახელით, თუკი დავუშვებთ, რომ "ძუელი მცხეთა" ლოკალიზდებოდა არმაზციხის ტერიტორიაზე, რომელსაც მკვეთრად გამოხატული ფუნქცია გააჩნდა: კონტროლის ქვეშ მოექცია სტრატეგიულად უაღრესად მნიშვნელოვანი საკმაოდ ვრცელი არეალი56 და რომლის სახელწოდებაც, როგორც ითქვა, სხვადასხვა ენებზე ძირითადად ციხე - გალავნის, დედაციხე-ციტადელის აღმნიშვნელი იყო; ნუთუ ამ სახელწოდებებს არ უნდა ჰქონოდათ ამავე ფუნქციის გამომხატველი ქართულენოვანი შესატყვისი? ამ მხრივ საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ი.რაინეგსი, ტერმინ "მცხეთას" "ციხის" ქართული სახელწოდების გადასხვაფერების შედეგად წარმოქნილად თვლიდა; ამის დამადასტურებელ საბუთად იგი მცხეთის ადგილმდებარეობის გარდა, აქ ციხე-სიმაგრეთა ნანგრევების სიუხვეს მიიჩნევდა57. ტერმინ "მცხეთის" წარმომავლობის ასახსნელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრივ ენათმეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით გამოთქმული თვალსაზრისი ადგილის სახელწოდების - "მცხეთის" წარმომავლობის თაობაზე ქართულ - ზანური ერთობის ხანის "ციხის" აღმნიშვნელი სიტყვიდან - *ӡ1ixe58. ცნობილია, რომ ფუძის კუმშვადობა საზოგადოდ დამახასიათებელი მოვლენაა ქართული ენისათვის; როგორც ჩანს, თავსართ-ბოლოსართის დართვის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება თვით ფუძისეული ი-ხმოვნის შეკუმშვაც კი. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს საჩხერის სახელწოდების კავშირი ამ ქალაქის უშუალო სიახლოვეს დადასტურებულ ტოპო/ჰიდრონიმებთან: მთა "ჩიხი", მდინარე "ჩიხურა" და ა.შ59. რაც შეეხება ტერმინს "მცხეთა", მასში გარდა თა-სუფიქსისა, შესაძლებლად მიგვაჩნია მ-პრეფიქსის გამოყოფაც: შდრ. ტოპონიმები "წყნ-ეთი" (ქ.თბილისთან) და "მ-წყნ-ეთი" (ბოლნისის რაიონში), ორივე ნაწარმოებია სიტყვა "მუხის" შესატყვისი და მეგრული "ჭყონის" პარალელური ძველქართული ფორმიდან – "წყანი". ამრიგად, თუკი ტერმინი "ძუელი მცხეთა" არმაზციხე/ბაგინეთში ლოკალიზდება, ხოლო ტერმინი "მცხეთა" თავისი პირვანდელი სემანტიური მნიშვნელობით ციხისციხის ანუ დედაციხის აღმნიშვნელია, მაშინ ბევრ, მცხეთისა და მთლიანად იბერია/ქართლის უძველეს ისტორიასთან დაკავშირებულ, ჯერ კიდევ არცთუ მთლად ნათელ მოვლენას ახალი შუქი მოეფინებოდა.

___________________________________________________________________________________

1. ნ.ბერძენიშვილი, ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, I, (თბ., 1960), გვ.164-165

2. შდრ. Северов Н. П., Чубинашвили Г. Н., Мцхета (Москва, 1946), გვ.5-6; ა.აფაქიძე, არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხისათვის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი IV, ნაკვ. I (თბილისი, 1958), გვ.74, 93; ნ.ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.165-167, 174.

3. ს.კაკაბაძე. ქალ. არმაზი – ქალ. მცხეთა, საისტორიო კრებული, წიგნი III (ტფილისი, 1928), გვ.8.

4. ს.კაკაბაძე. თბილისი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, მნათობი, 1958, №10, გვ.100-101. იხ., აგრეთვე, ქვემოთ, შენიშვნ. 27.

5. Меликсет-Беков Л. М., Армазни, Историко-археологический очерк, Материалы по истории Грузии и Кавказа, Вып. II (Тбилиси, 1938), გვ. 51.

6. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ა.აბდალაძემ (თბილისი, 1984), გვ.171 (II, 86).

7. ა.აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში (თბილისი, 1963), გვ.215. ა.აფაქიძის აზრით, დედაქალაქის უძველესი სახელი უნდა ყოფილიყო "ქართლი" და მის ნაწილებს შეადგენდნენ: "პირველ მცხეთა", "ძუელი მცხეთა", „ძუელი ქალაქი”, „არმაზი”, „არმაზის ციხე”, „არმაზით კერძი ქალაქი” და „მუხნარით კერძი ქალაქი” (ა.აფაქიძე, არმაზციხის..., გვ.74; ა.აფაქიძე, ქალაქები..., გვ.163). ს.კაკაბაძე, თავის მხრივ, შენიშნავდა, რომ “საბედნიეროდ ერთს ძველს ქართულ ნაწარმოებს – „მამათა და ნათესავთა ცხოვრებას” - დაცული აქვს არმაზის უძველესი სახელი – ქართლი”. სახელი არმაზი, მისი აზრით, მხოლოდ ქართლში მაზდეიზმის დამყარების შემდეგ შეიძლება გაჩენილიყო (ს.კაკაბაძე. ქალ. არმაზი..., გვ.5).

8. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), გვ.9.

9. ა.აფაქიძე, ქალაქები..., გვ.215.

10. ა.აფაქიძე, არმაზციხის..., გვ.90, 93.

11. ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ.8.

12. იხ., მაგ., ა.აფაქიძე, არმაზციხის..., გვ.78-83. განსაკუთრებით მკაფიოდ არის დაფიქსირებული არმაზისა და მცხეთის დაპირისპირება მეფე ადერკის მიერ შვილებისათვის ქვეყნის ორ ნაწილად გაყოფის ამსახველ ქართლისცხოვრებისეულ სტრიქონებში: „ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი: მისცა ქალაქი  მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა – ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თჳსსა” (ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ. 43). ანუ, როგორც ზემოთაც ითქვა, მტკვრის სამხრეთით „არმაზით კერძი ქალაქია”, ხოლო ჩრდილოეთით საკუთრივ მცხეთა და „მუხნარით კერძი ქალაქი”.

13. ა.აფაქიძე, არმაზციხის..., გვ.96-97.

14. იხ., მაგ., ა.აფაქიძე, არმაზციხის..., გვ.72.

15. ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ.38.

16. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს ბ.გიგინეიშვილმა და ელ.გიუნაშვილმა (თბ., 1979), გვ.320.

17. ვახუშტის ცნობით: „იყო ქალაქი არმაზი აქიდგან ვიდრე ნაქულბაქევამდე” (ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ.339), თუმცა ჩრდილოეთის მიმართულებით მტკვრის დინებას ეს ქალაქი არ გადმოცილებულა.

18. ა.აფაქიძე, არმაზციხის..., გვ.83, 86-87, 90, 93-94, 98.

19. ალ.ბოხოჩაძე, ნასტაკისი, სარკინე, ძალისი, ძეგლის მეგობარი, №33 (თბილისი, 1973), გვ.36-37, 100-101; Бохочадзе Ал., Настакиси, Саркинэ, Дзалиси — города Иберии античной эпохи (Некоторые результаты полевых исследований), Краткие сообщения Института археологии (Античные памятники Колхиды и Иберии), Вып.151 (Москва, 1977), გვ.93-102; შდრ. ი.გაგოშიძე, ნასტაგისი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7 (თბილისი, 1984), გვ.326; ი.გაგოშიძე, სამადლო, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 8 (თბილისი, 1984), გვ.697.

20. მოქცევაჲ ქართლისაჲ, გვ.320.

21. ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ.89-90.

22. მოქცევაჲ ქართლისაჲ, გვ.320.

23. ა.აფაქიძე, არმაზციხის..., გვ.78-83, 96-97.

24. მოვსეს ხორენაცი, დასახ. ნაშრომი, გვ.171 (II, 86).

25. Marquart J., Osteuropäische und ostasiatische Streifzüge, Ethnologische und historisch-topographische Studien zur Geschichte des 9. und 10. Jahrhunderte (ca. 840-940) (Leipzig, 1903), გვ.175.

26. Marquart J., დასახ. ნაშრომი, გვ.186.

27. მართალია, ე.სიხარულიძემ ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელის” აბუ ‘უბაიდის (გარდ. 838 წ.) ვარიანტში დადასტურებული ფორმის ﴽرض اﻠﻬِِِِِِِِِِِْرﻣِِِﻦ გამო, „არმაზის მიწა/ქვეყანა” „ჰირმინის მიწად” ანუ „არმინიჲას ქვეყნად” შეასწორა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არაბული სახალიფოს ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ქართლი (ჯურზანი) სომხეთთან და არრანთან ერთად არმინიჲაში ერთიანდებოდა (ე.სიხარულიძე, ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელის” აბუ ‘უბაიდისეული ვარიანტი (თბილისი, 2001), გვ.9-10), მაგრამ ვაჰბ იბნ მუნაბიჰის „ალექსანდრეს რომანში” „არმაზის ქვეყნის” დასახელება მეტ სანდოობას მატებს ტრადიციულ შეხედულებას ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელში” ამ უკანასკნელის მოხსენიების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ე. სიხარულიძე იმავე ნაშრომში დასძენდა, რომ ფორმა „ალ-ჰირმინი” „არმინიჲის” მაგივრად მას სხვაგან არსად შეხვედრია, ვინაიდან ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, „არმან” ٲرْﻣَﻦ ფორმით გადმოიცემოდა ხოლმე და მან, შესაბამისად, ფორმა „ჰირმინი” „არმანის” დიალექტურ ფორმად მიიჩნია (იქვე, გვ.10). გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ ფორმა „არდ ალ-ჰირმინი” იხმარებოდა საკუთრივ „დაცვის სიგელის” ტექსტში, აბუ ‘უბაიდის მიერ სიგელისათვის წამძღვარებულ ტექსტში მოცემულია ფორმა „ირმინიჲა”, რაც ცხადყოფს, რომ აბუ ‘უბაიდი „არდ ალ-ჰირმინს” „ირმინიჲად” (არმენიად) განმარტავს და თან ორივე ეს ტერმინი საგანგებოდ ერთნაირად აქვს გახმანოვებული; ეს კი მიუთითებს, რომ ავტორი ტექსტისეული გაუგებარი სიტყვის რედაქტირებას ახდენს (თვით ე. სიხარულიძეც შენიშნავს, რომ „დაცვის სიგლის” არც აბუ ‘უბაიდისეული ვარიანტი უნდა იყოს თავდაპირველი სახის, თუმცა ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდელია და შედარებით სრული, იქვე, გვ.9, 11). აღსანიშნავია ე. სიხარულიძის დაკვირვება იმის თაობაზე, რომ ალ-ბალაზორი ძალიან ხშირად იმოწმებს აბუ ‘უბაიდს, თუმცა არც ერთხელ არ იხსენიებს მას არმენიის დაპყრობასთან დაკავშირებით (იქვე, გვ.4, შენიშვნა 1), როგორც ჩანს, აბუ ‘უბაიდის კონიექტურა მისთვის მიუღებელი იყო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აბუ ‘უბაიდის წყარო სიგელის ტექსტის გადმოცემისას ყოფილა „ირმინიჲას” (არმენიის) ერთ-ერთი მცხოვრები აჰმად იბნ ალ-აზრაკი (იქვე, გვ.5), რომელსაც, ადვილი მოსალოდნელია, ტექსტში მოცემული გაუგებარი ტერმინი მისთვის ბევრად უფრო გასაგებ და ლოგიკურად გამართლებულ „ირმინიჲად” წაეკითხა.

28. Marquart J., დასახ. ნაშრომი, გვ. 187. ს.კაკაბაძის აზრით, ალექსანდრე მაკედონელს ციხე თბილისში უნდა აეგო, სადაც ნარიყალის ზენა-ციხე „ისკანდერის” სახელით იყო ცნობილი (ს.კაკაბაძე. თბილისი..., გვ. 100).

29. ს.ჯანაშია, არაბობა საქართველოში, ს.ჯანაშია, შრომები,  ტომი II (თბილისი, 1952), გვ. 372.

30. როგორც ცნობილია, VIII საუკუნის პირველი ნახევარი გამოირჩევა საქართველოს ტერიტორიაზე არაბთა ლაშქრობების განსაკუთრებული სიხშირით (ა.ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი II (თბ., 1973), გვ.288-290.

31. თუმცა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ქრონიკაში დასტურდება ნასტაგისის სახელიც; კერძოდ, ალექსანდრე მაკედონელის ქართლში „ლაშქრობასთან” დაკავშირებით, ნაუწყებია, რომ ალექსანდრე „სარკინესა ქალაქსა ებრძოლა ათერთმეტ თთუჱ და დადგა სარკინესა დასავალით კერძო და დაასხა ვენაჴი და რუჲ გამოიღო ქანით, და დასხნა კაცნი მერუვენი დასტაგითა რუჲსაჲთა; და ჰრქჳან ადგილსა მას ნასტაგისი“ (მოქცევაჲ ქართლისაჲ, გვ.320).

32. ცალკეულ პერიოდებში, როდესაც არმაზში არმაზელი, ხოლო მცხეთაში მცხეთელი მეფეები ისხდნენ, ალბათ, ადგილი უნდა ჰქონებოდა გარკვეულ ურთიერთდაპირისპირებასაც.

33. იხ.Меликсет-Беков Л. М., დასახ. ნაშრომი, გვ.89.

34. არმაზისციხის სახელდება ბაგინეთად მაზდეანური ზეგავლენით აიხსნება; “ბაგინი” ხომ წარმართების, არაქრისტიანების სამლოცველოს აღმნიშვნელ სიტყვად გამოიყენებოდა (მ.ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I (თბილისი, 1966), გვ.16-17, 225-226.

35. შდრ. ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ.8.

36. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955), გვ.202.

37. ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ.8.

38. იხ. ს.კაკაბაძე. თბილისი..., გვ.100; გ.მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის (თბილისი, 1965), გვ.237-240; გ.მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში. ქართლის სამეფოს წარმოქმნა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი I (თბილისი, 1970), გვ.427-429.

39. Brockelmann C., Syrische Grammatik mit Paradigmen, Literatur, Chrestomathie und Glossar, Neunte Auflage (Leipzig, 1962), გვ.176*.

40. კერძოდ, მიიჩნევენ, რომ ტერმინი -κερτα, -καρτα ქალაქის აღმნიშვნელი ებრაულ-არამეული სიტყვიდან – קרתה, קרתא – არის მიღებული (Blau O., Ueber -karta, -kerta in Ortsnamen, Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft, Bd 31 (Leipsig, 1877), გვ.495-505. საინტერესოა სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ პერსეპოლისის სპარსული სახელწოდება იყო Pârsakarta. ანაქსიმენესის (ძვ.წ. III ს.) ინტერპრეტაციით Παρσα-γάρδα ნიშნავს „სპარსულ ბანაკს”. ხოლო აპიანესა და ასინიუს კვადრატუსის თხზულებებში დაცული ცნობებიდან ირკვევა, რომ ტიგრან II-ის დედაქალაქის სახელწოდება – Τιγρανόκερτα – სპარსულად ნიშნავდა ტიგრანის ქალაქს – Τιγρανόπολις. თუმცა მკვლევრები ამ სახელწოდებაშიც გამოყოფენ  ქალაქის აღმნიშვნელ არამეულ სიტყვას – certa (იქვე, გვ.495-496).

41. Brockelmann C., დასახ. ნაშრომი, გვ. 154*; შდრ. გ. ქავთარაძე, ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის (თბილისი, 1985), გვ.85, 173, შენიშვნა 361.

42. არამეული ტერმინი “karda”, თავის მხრივ, დაკავშირებული უნდა იყოს ხურიტულ “არდ”-თან.

43. ლეონტი მროველი, დასახ. ნაშრომი, გვ.13.

44. იხ. გ. ქავთარაძე, ტაოხთა უძველესი ქვეყანა და ქართული სახელმწიფოებრიობის საწყისები, ენა და კულტურა, 5 (თბილისი, 2005), გვ.106, შენიშვნა 127.

45. Dio 37, 1, 4; ix. Cary E., Dio’s Roman History. With an English translation by E. Cary on the basis of the version of H. B. Foster, vol. III. The Loeb Classical Library (London & Cambridge, Massachusetts, 1969), გვ.99.

46. Reineggs J., Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus, Aus dessen nachgelassenen Papieren gesammelt und herausgegeben von F. E. Schröter, Zweiter Theil (Hindelsheim und St. Petersburg, 1797), გვ.86.

47. Strabo 11, 3, 5; ix. Jones, H. L., The Geography of Strabo, with an English translation by Horace Leonard Jones, vol. V. The Loeb Classical Library (Cambridge, Massachusetts & London, 1961), გვ.221.

48. Cl. Ptol., 5, 10, 2; ix. Nobbe K. F. A. (Ed.), Ptolemy, Claudii Ptolemaei Geographia, Volume 2 (Lipsiae, 1845), გვ.46.

49. Plin., n.h., 6, 29; ix. Mayhoff K. F. T. (Ed.), Pliny the Elder, Naturalis Historia. English translation by Bostock J., Riley H.T. (Lipsiae, 1906).

50. იხ., მაგ., ა. აფაქიძე, ს. კინწურაშვილი, ლ. მენაბდე, მცხეთა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7 (თბილისი, 1984), გვ. 254.

51. იხ., მაგ., ა. აფაქიძე, არმაზციხის..., გვ. 91-93.

52. Kavtaradze G. L., Georgian Chronicles and the raison d'ètre of the Iberian Kingdom (Caucasica II), Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World, 6, 2000 (Stuttgart, 2001), gv. 220-222.

53. ბატონიშვილი ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 657-658.

53. ბატონიშვილი ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 657-658.

54. თეიმურაზ ბაგრატიონი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა (სანკტ-პეტერბურღი, 1848), გვ. 10, 23; Иосселиани Платон, Различные наименования грузинов (Тифлис, 1846), გვ. 408; St.-Martin V., Recherches sur les populations primitives et les plus ancienns traditions du Caucase (Paris, 1847), გვ. 50-51; Хаханов А. С., Древнейшие пределы расселения грузин по Малой Азии (Тифлис, 1903), გვ. 37-39.

55. Меликишвили Г. А., К истории древней Грузии (Тбилиси, 1959), გვ. 112, 229.

56. ჯერ კიდევ ი. რაინეგსი, რომელიც ერეკლე II-ის კარზე რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იყო შეგზავნილი და რომელმაც არცთუ მცირე როლი შეასრულა ქართლ-კახეთის სამეფოს დათანხმებაში, რათა მას ხელი მოეწერა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატისათვის, ძალზე კარგად ხედავდა მცხეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას. იგი შენიშნავდა, რომ მცხეთის უაღრესად ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული მდებარეობა სომხეთ-ალბანეთზე კონტროლის დამყარებისათვის, უნდა ყოფილიყო ის მიზეზი, რის გამოც რომაელებმა თუ ბერძნებმა აქ დაარსეს ციხე-სიმაგრე; მას არც ჩრდილოეთის მომთაბარე ხალხებთან არაგვის გზით მცხეთის დაკავშირების შესაძლებლობა ავიწყდებოდა (Reineggs J., დასახ. ნაშრომი, გვ.86-87). რომაელთა მიერ მცხეთაში ციხე-სიმაგრის დაარსების შესახებ მცდარი შეხედულება, ეფუძნებოდა მისსავე უზუსტო ცნობას, რომ თითქოს XVIII საუკუნის მცხეთელები არმაზციხეს “ჰორუმის ციხეს” (Horum Zighe) ანუ “რომაელთა ციხეს” უწოდებდნენ (იქვე) და არა არმაზის ციხეს.

57. Reineggs J.., დასახ. ნაშრომი, გვ. 86.

58. იხ. Климов Г. А., Этимологический словарь картвельских языков (Москва, 1964), გვ. 239. *ძიხე > ციხე განვითარება აიხსნება ქართული ენისათვის დამახასიათებელი თავკიდური მჟღერი თანხმოვნის დისტანციური დაყრუებით მომდევნო ხ სპირანტის ზეგავლენის შედეგად (იხ. თ. გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, საერთო-ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია (თბილისი, 1965), გვ. 119, შენიშვნა 4).

59. აღსანიშნავია, რომ იმერხევში არის სოფელი ჩიხისხევი (სოფლის დღევანდელი თურქული სახელწოდებაა იანიქლი).

დამოწმებული ლიტერატურა

1. მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I (თბილისი, 1966);

2. ა.აფაქიძე, არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი IV, ნაკვ. I (თბილისი, 1958);

3. ა. აფაქიძე, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში (თბილისი, 1963);

4. ა. აფაქიძე, ს. კინწურაშვილი, ლ. მენაბდე, მცხეთა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7 (თბილისი, 1984);

5. თეიმურაზ ბაგრატიონი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა (სანკტ-პეტერბურღი, 1848);

6. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973);

7. ნ.ბერძენიშვილი, ერთი ფურცელი ისტორიულ-გეოგრაფიული დღიურიდან, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, I, (თბილისი, 1960);

8. ა. ბოგვერაძე, ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი II (თბილისი, 1973);

9. ალ. ბოხოჩაძე, ნასტაკისი, სარკინე, ძალისი, ძეგლის მეგობარი, № 33 (თბილისი, 1973);

10. ი.გაგოშიძე, ნასტაგისი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 7 (თბილისი, 1984);

11. ი.გაგოშიძე, სამადლო, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტომი 8 (თბილისი, 1984);

12. თ.გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, საერთო-ქართველური სტრუქტურის ტიპოლოგია (თბილისი, 1965);

13. ს.კაკაბაძე. ქალ. არმაზი – ქალ. მცხეთა, საისტორიო კრებული, წიგნი III (ტფილისი, 1928);

14. ს.კაკაბაძე. თბილისი მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში, მნათობი, 1958, № 10;

15. ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955);

16. გ.მელიქიშვილი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის (თბილისი, 1965);

17. გ.მელიქიშვილი, ქართლი (იბერია) ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში. ქართლის სამეფოს წარმოქმნა, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი I (თბილისი, 1970);

18. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ა.აბდალაძემ (თბილისი, 1984);

19. მოქცევაჲ ქართლისაჲ, შატბერდის კრებული X საუკუნისა. გამოსაცემად მოამზადეს ბ.გიგინეიშვილმა და ელ.გიუნაშვილმა (თბილისი, 1979);

20. ე.სიხარულიძე, ჰაბიბ იბნ მასლამას "დაცვის სიგელის" აბუ უბაიდისეული ვარიანტი (თბილისი, 2001);

21. გ.ქავთარაძე, ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის (თბილისი, 1985);

22. გ.ქავთარაძე, ტაოხთა უძველესი ქვეყანა და ქართული სახელმწიფოებრიობის საწყისები, ენა და კულტურა, 5 (თბილისი, 2005);

23. ს.ჯანაშია, არაბობა საქართველოში, ს.ჯანაშია, შრომები,  ტომი II (თბილისი, 1952);

24. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტომი I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1955);

25. Бохочадзе Ал., Настакиси, Саркинэ, Дзалиси – города Иберии античной эпохи (Некоторые результаты полевых исследований), Краткие сообщения Института археологии (Античные памятники Колхиды и Иберии), Вып. 151 (Москва, 1977);

26. Климов Г. А., Этимологический словарь картвельских языков (Москва, 1964);

27. Меликишвили Г. А., К истории древней Грузии (Тбилиси, 1959);

28. Меликсет-Беков Л. М., Армазни, Историко-археологический очерк, Материалы по истории Грузии и Кавказа, Вып. II (Тбилиси, 1938);

29. Иосселиани Платон, Различные наименования грузинов (Тифлис, 1846);

30. Северов Н. П., Чубинашвили Г. Н., Мцхета (Москва, 1946);

31. Хаханов А. С., Древнейшие пределы расселения грузин по Малой Азии (Тифлис, 1903);

32. Blau O., Ueber -karta, -kerta in Ortsnamen, Zeitschrift der deutschen morgenländischen Gesellschaft, Bd 31 (Leipsig, 1877);

33. Brockelmann C., Syrische Grammatik mit Paradigmen, Literatur, Chrestomathie und Glossar, Neunte Auflage (Leipzig, 1962);

34. Cary E., Dio’s Roman History. With an English translation by E. Cary on the basis of the version of H. B. Foster, vol. III. The Loeb Classical Library (London & Cambridge, Massachusetts, 1969);

35. Jones, H. L., The Geography of Strabo, with an English translation by Horace Leonard Jones, vol. V. The Loeb Classical Library (Cambridge, Massachusetts & London, 1961);

36. Kavtaradze G. L., Georgian Chronicles and the raison d'ètre of the Iberian Kingdom (Caucasica II), Orbis Terrarum, Journal of Historical Geography of the Ancient World, 6, 2000 (Stuttgart, 2001);

37. Marquart J., Osteuropäische und ostasiatische Streifzüge, Ethnologische und historisch-topographische Studien zur Geschichte des 9. und 10. Jahrhunderte (ca. 840-940) (Leipzig, 1903);

38. Mayhoff K. F. T. (Ed.), Pliny the Elder, Naturalis Historia. English translation by Bostock J., Riley H.T. (Lipsiae, 1906);

39. Nobbe K. F. A. (Ed.), Ptolemy, Claudii Ptolemaei Geographia, Volume 2 (Lipsiae, 1845);

40. Reineggs J., Allgemeine historisch-topographische Beschreibung des Kaukasus, Aus dessen nachgelassenen Papieren gesammelt und herausgegeben von F. E. Schröter, Zweiter Theil (Hindelsheim und St. Petersburg, 1797);

41. St.-Martin V., Recherches sur les populations primitives et les plus ancienns traditions du Caucase (Paris, 1847);

42. Thomson R. W. (Ed.), Rewriting Caucasian History. The Medieval Armenian Adaptation of the Georgian Chronicles. The Original Georgian Texts and the Armenian Adaptation. Translated with Introduction and Commentry by Robert W. Thomson (Oxford 1996).

http://www.geocities.ws/komblege/mcxeta.htm