topmenu

 

ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე - ბელტისციხე - ბებრისციხე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთა //მცხეთის მუზეუმი>>>

ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე,  ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე

ბელტისციხე - ბებრისციხე

თბილისი 2009

მადლობას ვუხდით ქალბატონ ქ.დიღმელაშვილს მოწოდებული მასალებისათვის

წინამდებარე ნაშრომი ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევია. იგი წარმოადგენს 2006-2008 წწ. ეროვნული მემკვიდრეობის კლუბ "ტაძრის" მიერ ბელტისციხე-ბებრისციხეზე ჩატარებული გაწმენდითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოვლენილი სასიმაგრო სისტემის ნაშთებისა და საყურადღებო არქეოლოგიური არტეფაქტების პუბლიკაციას, რომლებიც ასახავენ ამ მნიშვნელოვანი ძეგლის ფუნქციონირების პერიოდებს ანტიკური ხანიდან შუასაუკუნეების ჩათვლით. ნაშრომი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვისა და სტუდენტებისათვის, ისე ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.

რედაქტორები: ვახტანგ ჯაფარიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პაპუნა დავითაია,

რეცენზენტები: მერაბ ძნელაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

კარლო კალანდაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ინგლისური თარგმანი: არიანე ჭანტურიასი

არქიტექტორი: შალვა მელიქიძე

გეოლოგი: ილია ჩხეიძე

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინიტრო, ეროვნული მემკვიდრეობის კლუბი "ტაძარი", საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთ.ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი

წინათქმა

2005 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდებოდა პროექტი "ნუ დაივიწყებ წარსულს, აღმოაჩინე შენი ქვეყანა". პროექტის ძირითადი მიზანი იყო ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში, მოვლა-პატრონობასა და პოპულარიზაციაში საქართველოს მოსახლეობის აქტიური ჩართვა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის იმდროინდელმა მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა, "ტაძრის" იდეის მონაწილეებმა: დავით მაღრაძემ, გიორგი კაპანაძემ და პაპუნა დავითაიამ 2006 წელს საზოგადოებას ეროვნული მემკვიდრეობის კლუბის "ტაძრის" დაფუძვნება შეატყობინეს (ეროვნული მემკვიდრეობის კლუბის "ტაძარი", ჟურნალი №1, 2007; №2, 2008). თითქმის არ დარჩენილა თბილისის არცერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომლის სტუდენტების ნაწილს არ მიეღოს მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში. კლუბ "ტაძრის" საქმიანობაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ტურისტებმაც, ზოგიერთი მათგანი დაჯილდოვდა სიგელით. 2006-2007წწ., როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში (ხობში-ძველი ხიბულას ჯიხა, შორაპნისციხე, პეტრასციხე, ბებრისციხე, ხერთვისი, თრუსო, მანავი, უჯარმა და სხვა) სტუდენტებმა დიდი გაწმენდითი თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს. მათ ბანაკში საუკეთესო პირობები დახვდათ: კარგად მოწყობილი კარვები, შესანიშნავი კვება, ცხელი შხაპი და ა.შ. ნამდვილად დაგვეთანხმებით, რომ ბანაკისათვის კომფორტული პირობებია. წინამდებარე ნაშრომი ისტორიულ-არქეოლოგიური ნარკვევია. იგი წარმოადგენს 2006-2008 წწ. ბელტისციხე - ბებრისციხეზე (ციხისთავი ბაკურ დავითაია) ჩატარებული გაწმენდითი თუ არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალების პუბლიკაციას (არქეოლოგები ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე). აღნიშვნის ღირსია კოორდინატორები - ე.წ. ლიდერები: ლ.გედენიძე, ზ.ცერცვაძე (სამხატვრო აცადემია), ქოჩიევი (სპორტის აკადემია), ნ.ბახსოლიანი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ქ.სურგულაძე (ქ.ფოთის კულტურის განყოფილება) - სამუშაოების წარმატებით დასრულებაში. ასევე საგანგებო აღნიშვნის ღირსია ი.ჯავახიშვილის სახ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი ქ.დიღმელაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ი.პაპიძე, მ.პაპიძე და გ.ჯავახიშვილი - სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ ველზე თუ საკონსერვაციო სამუშოების დროს. მადლობას მოვახსენებთ დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორს ბ-ნ თ.ბიბილურს და მუზეუმის თანამშრომლებს. არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ 2008წ. დასაწყისადან მუზეუმში წარმოდგენილია გამოფენა, სადაც ასახულია ბელტისციხე - ბებრისციხეზე 3 თვის განმავლობაში სტუდენტთა მუშაობის პროცესი და მათ მიერვე აღმოჩენილი და აღდგენილი არქეოლოგიური მონაპოვარი.

შესავალი

ქართლის (იბერიის) ძველი დედაქალაქი მცხეთა (ძვ.წ. IV-ახ.წ. IV-Vსს.) ცნობილია ისტორიულ-არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. მათ შესახებ მოგვითხრობენ როგორც ისტორიული წერილობითი წყაროები, ისე არქეოლოგიური მონაპოვრები. დედაქალაქობის პერიოდის "ქალაქი დიდი მცხეთა" ნახსენები აქვს XIს. ქართველ ისტორიკოსს ლეონტი მროველს თავის თხზულებაში "ცხოვრება ქართველთა მეფეთა", რომელიც შესულია საისტორიო ქრონიკაში "ქართლის ცხოვრება", ე.ი საქართველოს ისტორია: "ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე დიდი და ზანავი, უბანი ურიათა"... [იხ.ქართლის ცხოვრება I, 1955: 17-18]. ამჟამად ეს ტერიტორია ასე შემოიფარგლება: აღმოსავლეთით რკინიგზის სადგური ზაჰესი, დასავლეთით - ძეგვი, ხეკორძულას ხევი და ნასტაკისი, ჩრდილოეთით - მუხრანის სანახები, სამხრეთით - საწკეპელა - დიდგორის ქედი [მცხეთა I, 1955: 3; ვ.ნიკოლაიშვილი 2005: 93-108]. ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცხეთის დედაქალაქობის ხანის წინა პერიოდის (ძვ.წ. IV ათასწლეული-ძვ.წ. IVს.), დედაქალაქობის დროინდელი (ძვ.წ. IV-ახ.წ. IV-Vსს.) და შემდგომი პერიოდის (ახ.წ. IV-XII-XVIIIსს.) ძეგლები. ისტორიული დიდი მცხეთის პერიტორიაზე დასტურდება მიწისქვეშა და მიწისზედა ძეგლები, რომელთა შორის უმეტესწილად შემორჩენილია საკულტო (ეკლესია-მონასტრები) და ნაწილობრივ საერო (ციხესამაგრეები) ძეგლები. მათ შორის თავისი მდებარეობითა და მოცულობით მცხეთის სინამდვილეში გამოირჩევა ბელტისციხე-ბებრისციხე. იგი არქიტექტურული, არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლია. სწორედ ბელტისციხე-ბებრისციხის ისტორიასა და იქ ჩატარებული დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალების პუბლიკაციას ეძღვნება წინამდებარე ისტორიულ - არქეოლოგიური ნარკვევი. ბელტისციხე - ბებრისციხე მცხეთის ჩრდილოეთით მდებარე ზეგან - ბორცვზეა აღმართული, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, ბაიათხევის მოპირდაპირე მხარეს - მის შესართავთან. ადმინისტრაციული დაყოფით იგი მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში შედის. ეროვნულ საისტორიო წყაროებში ბელტისციხე პირველად მოხსენიებულია ლაშა-გიორგის დროინდელ მემატიანესთან: "დემეტრე მეფე ბელტისციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა" [ქართლის ცხოვრება I, 1955: 367], ქართული ქორონიკონის მიხედვით ეს მოხდა 1156 წ. მოგვიანებით, უკვე XVIII საუკუნეში, ქართლის აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს: "ხოლო მცხეთის ჩრდილოთ არს ციხე ბელტისა. აღაშენა არდამ ერისთავმან" [ქართლის ცხოვრება IV, 1973: 351]. საინტერესოა ბელტისციხის სემანტიკა. მართალია, სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონი ქართული"-ს მიხედვით ბელტის განმარტება (ბელტიკორდის მონაკვეთი) დღევანდელ მნიშვნელობას ემთხვევა [სულხან-საბა ორბელიანი 1965: 105], მაგრამ ბელტისციხე, ალბათ, თიხა - ალიზით ნაგებ სიმაგრეს გულისხმობს. ამაზე მეტყველებს ზემოთ ნახსენები სპარსი ერისთავის საქმიანობა ქართლში. მისი ზეობა ქართლის სამეფოს ჩამოყალიბების პერიოდს უნდა ემთხვეოდეს. ლეონტი მროველის მიხედვით: "მოზღუდა (არდამმა ვ.ნ, ა.ს.) მცხეთა ქალაქი ქვითკირითა, და აქომომდე არ იყო ქართლსა შინა საქმე ქვითკირისა" [ქართლის ცხოვრება I, 1955: 13]. მემატიანე სწორედ მის მოღვაწეობას უკავშირებს ქართლში ქვითკირით მშენებლობის დაწყებას, მანამდე კი თიხა-ალიზს ხმარობდნენ სასიმაგრო ნაგებობების მშენებლობის დროს. ამის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ იქვე, ბელტისციხის სიახლოვეს მდებარე ღართის კარის სასიმაგრო ნაგებობა, სადაც 300 მ. სიგრძეზე დადასტურდა ქვის საფუძველზე ალიზით ნაგები გალავანი და ოთხკუთხა კოშკები. ღართისკარში სასიმაგრო სისტემა წარმოადგენდა მცხეთის დედაქალაქობის ხანის ჩრდილოეთ კარიბჭეს [ნიკოლაიშვილი, ნარიმანიშვილი 1988: 43-47; ნოკოლაიშვილი 1990: 261]. ამ მოსაზრებას დამაჯერებელს ხდის ბელტისციხეზე 1983წ. ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები [ბოჭოიძე 1987: 41-50]. არქეოლოგიური მეთვალყურეობის დროს, ბელტისციხის ძირითადი კოშკის = დონჟონის საძირკვლის ქვეშ აღმოჩნდა ქვატეხილით ნაგები და თიხით შემტკიცებული კედლის ორი რიგი, რომელზედაც ალიზის კედელი ყოფილა აღმართული [ზაქარაია, ნიკოლაიშვილი, ჭყონია 1990: 242]. იქვე დადასტურდა ელინისტური ხანის წითლად შეღებილი, პირმოყრილი ჯამის ნაწილი და წითელი წერნაქით დაფარული კრამიტის ნატეხი. სახელწოდება ბელტისციხე XIXს. ცოცხალი ტოპონიმი ჩანს, შესაძლოა XIXს. II ნახევარში ჩნდება "ბებრისციხე", "ნაციხვარი", "ყვავის კოშკი", თუმცა მისი ძველი სახელწოდება XXს. დასაწყისშიც იბეჭდება [უცნობი ავტორი 1901: 34-36; Натроев 1990: 14]. ტოპონიმი "ბებრისციხე" დაკავშირებულია ლეგენდასთან: ოდესღაც ეს მიწა-წყალი ეკუთვნოდა თავად სიმონს, მას აქ აუგია ციხე-სიმაგრე და შიგ გზის მცველები ჩაუყენებია. თავადს ჰყოლია სათნო და მშვენიერი ასული მაკრინე და გულქვა ვაჟი მამუკა. მამის სიკვდილის შემდეგ მამუკას დიდძალი გადასახადი შეუწერია გლეხებისათვის და სასტიკად უწამებია ისინი. კეთილი მაკრინე ევედრებოდა მას შეეწყალებია ქვეშევრდომნი, მაგრამ ვერაფერს გამხდარა. ბოლოს გაბოროტებულ ძმას მაკრინეც არ დაუნდვია და კოშკში გამოუმწყვდევია. ერთხელ, როდესაც იქ მომუშავე ყმებისათვის წყალწყალა საჭმელი მზადდებოდა, გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. გლეხებს საჭმელი გადაუღვრიათ. ამის შემხედვარე მამუკა განრისხებულა და გლეხების დასაჭერად გამოქცეულა, მაგრამ ამ დროს, ქვაბიდან გველები ამომძვრალან და მას შემოხვევიან. სასოწარკვეთილი თავადი ღმერთს შევედრებია: ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო. ამ სურათს უყურებდა კოშკში გამომწყვდეული მაკრინე. იგი მხურვალედ შევედრებია ღმერთს, რომ გადაერჩინა ძმა. ღმერთს შეუსმენია მისი ვედრება. გადარჩენილ თავადს სარჩო-საბადებელი ყმებისათვის დაურიგებია, თვითონ კი ბერად აღკვეცილა და წასულა მოწყალების სათხოვნელად. შეგროვილი ფულით ეკლესია აუგია. მაკრინე კი მცხეთას აღკვეცილა მონაზვნად. 70 წლის შემდეგ მაკრინე გარდაცვლილა. დასაფლავების დღეს მოსულა ვინმე თეთრწვერა მოხუცი, რომელიც შუბლზე მთხვევია მიცვალებულს და წარმოუთქვამს: "დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა!". ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია. ამიტომ ეწოდა ამ ციხეს "ბებრისციხე" - ამბობს ლეგენდა [ზაქარაია 1972: 19]. ბელტისციხე - ბებრისციხეზე XXს. რამდენჯერმე ჩატარდა გამაგრებითი და საკონსერვაციო - სარესტავრაციო და საკონტროლო-სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოები.

ბებრისციხე - ბელტისციხეზე ჩატარებული

საკონსერვაციო და არქეოლოგიური სამუშაოები

1939 წ. ბელტისციხე - ბებრისციხეზე ჩატარდა მცირე მასშტაბის გასამაგრებელ - დამცავი სამუშაოები. მაშინ რკინის კავებით გამაგრდა ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთი კედელი. 1962 წ. საკონტროლო - სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ [კალანდაძე 1963: 37-43]. იქ აღმოჩენილი მასალების მიხედვით გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ზეგან - ბორცვი დასახლებული უნდა ყოფილიყო გვიანბრინჯაო-ადრერკინის ეპოქაში (ძვ.წ.XIVVIსს.), გვიან-რომაული ხანასა (ახ.წ. II-IIIსს.) და ადრე შუა საუკუნეებში (ახ.წ.IVVIIIსს.). მოგვიანებით (ახ.წ. IX-XIსს.) შენდება არსებული ციხე-სიმაგრე და მოქმედებს განვითარებულ (ახ.წ. XI-XIIIსს.) და გვიან შუა საუკუნეებში (ახ.წ. XIV-XVIIIსს.). 1983 წ. ფართომასშტაბიანი საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა, რომლის დროს აღდგა დონჟონის სამხრეთი კედელი [ბოჭოიძე 1987: 41-50]. არქეოლოგიური მეთვალყურეობის დროს, როგორც აღვნიშნეთ, დაფიქსირდა ელინისტური ხანის სასიმაგრო ნაგებობის ნაშთები - ქვის საფუძველზე ალიზით ნაგები კედლის ნაწილები [ზაქარაია, ნიკოლაიშვილი, ჭყონია 1990: 261]. 2006 წ. ბ-ნ პაპუნა დავითაიას ინიციატივით (კულტურის სამინისტრო) შეიქმნა ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის კლუბი "ტაძარი". 2006 - 2008 წწ. კლუბის წევრებმა, სხვა ძეგლებთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს ბელტისციხე - ბებრისციხეზე [სიხარულიძე 2008: 3], რაც გულისხმობდა ძეგლის გაწმენდა - გასუფთავებას და მომზადებას საკონსერვაციოდ. არქეოლოგიური მეთვალყურეობა დავალებული ჰქონდა არქეოლოგებს ვ.ნიკოლაიშვილს და ა.სიხარულიძეს. შეთანხმებით მუშაობდნენ მათთან ერთად არქიტექტორი შ.მელიქიძე და გეოლოგი ი.ჩხეიძე. გეოლოგიურად შესწავლილ იქნა ციხის პერიმეტრი, რათა განსაზღვრულიყო მისი მედეგობა ცენტრალურ, სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ კოშკებში კონსერვაცია - რესტავრაციის დროს. სულ კედლის ძირში დედაქანამდე 9 საკონტროლო ტრანშეაა გავლებული1პროექტის განხორციელებაში მონაწილე ყველა წარმომადგენელს, ამ საშვილიშვილო საქმეში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობას ეტყვის შთამომავლობა. ბელტისციხე - ბებრისციხე თითქმის თანაბარი ზომის ქვატეხილითაა ნაგები (ძირითადად სწორ რიგებადაა დაწყობილი) და შემტიცებულია კირხსნარით. ციტადელი - დედაციხე გეგმაში სამკუთხა მოყვანილობისაა. ყოველ კუთხეში თითო კოშკი დგას, ყველაზე დიდი კოშკი - დონჟონი სამხრეთ - დასავლეთ კუთხეშია აღმართული. იგი მომრგვალებულ - ოთხკუთხა მოყვანილობისაა (შიდა ზომები: 10×8მ.). შემორჩენილია ოთხი სართული, ხოლო სართულშორისი მანძილი 3 მეტრია (ტაბ.I,2). ბელტისციხის ჩრდილოეთის კოშკიც დონჟონის მსგავსია, ოღონდ შედარებით მცირე ზომისაა (8×9მ.), იგი სამსართულიანია (სართულების სიმაღლე 3,6მ.). დედაციხის აღმოსავლეთი კოშკიც მსგავსი მოყვანილობის უნდა ყოფილიყო. ამჟამად მხოლოდ საძირკვლის ნაშთია შემორჩენილი, რომელშიც გვიან შუა სუკუნეებში მრგვალი კოშკი ჩაუშენებიათ. სამხრეთ - დასავლეთ და ჩრდილოეთ კოშკებში შემორჩენილია საბრძოლო ხვრელები ისრის სატყორცნად (2,2×2×2×1,8 მ.), კედლების სისქე 2 მეტრს აღწევს. ბელტისციხე - ბებრისციხის ქვედა ეზოში ოთხკუთხა კოშკი მდგარა, მისი მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. იგი, როგორც ჩანს, გალავნით უკავშირდებოდა დედაციხეს - ციტადელს (შემორჩენილია წრიული გალავნის ნაშთები). 2006 წ. ბელტისციხე - ბებრისციხეზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გულისხმობდა ძეგლის გაწმენდა - გასუფთავებას და მომზადებას საკონსერვაციოდ. მიმდინარეობდა არქეოლოგიური მეთვალყურეობა (არქეოლოგი ვ.ნიკოლაიშვილი), გაწმენდის შემდეგ კვლავ დადასტურდა მცხეთის დედაქალაქობის ხანის მასალები (წითლად შეღებილი კრამიტის ნაწილები) და IX-XIIIსს. მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი (ტაბ.XVII,1). აგრეთვე, ქვათლილებით და ქვატეხილებით ნაგები შენობის კედლები (ტაბ.III,1). 2007წ. განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები (არქეოლოგი ა.სიხარულიძე). გაწმენდითი სამუშაოები ძირითადად ჩატარდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ კოშკებში. ცენტრალური კოშკის ამოწმენდისას აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი (ჯამები, ჭრაქი), სამშენებლო მასალები (წერნაქით შეღებილი კრამიტის ნაწილები, წარწერიანი კრამიტები, რკინის ლურსმნები). თიხის ჭურჭლიდან აღსანიშნავია ადამიანის გამოსახულებიანი მოჭიქული ჯამის ძირი (ტაბ.XIX,1) და მოუჭიქავი ჭრაქი (ტაბ.XVIII,1,2). მასალა ზოგადად IX-XVIII სს. თარიღდება. სამხრეთ-დასავლეთ კოშკში, დღეისათვის არსებულ ჩასასვლელთან გაიწმინდა მომრგვალებული, საკმაოდ დიდი ზომის კონტრფორსი (ტაბ.II,1), რომელიც, როგორც ჩანს, იცავდა დონჟონის როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ კედლებს. კონტრფორსი, ისევე, როგორც მისი თანადროული კედლები, აშენებულია ქვატეხილებით და დუღაბად გამოყენებულია კირხსნარი. ასევე საინტერესო შედეგი მოგვცა დონჟონის დასავლეთ კედლის ცენტრში (შიდა მხარეს) გავლებულმა თხრილმა (№3). იქ აღმოჩნდა ქვატეხილით ნაგები კედელი შემტკიცებული თიხის ხსნარით, რომელიც შემდეგ გამოუყენებიათ გვიან აშენებული დონჟონის კედლის საძირკვლად. აღნიშნული კედელი, ამავე დროს, მორკალული ფორმით უერთდება არსებული დასავლეთის კედლის თითქმის მიჯრით წინმდგომ კედელს, რომელიც კირხსნარით არის შემტკიცებული (ტაბ.IX,1). სამხრეთ - დასავლეთ კოშკშივე, შესასვლელიდან 4,25მ-ის სიღრმეზე გამოვლინდა შენობის ნაწილი (ტაბ.IX,2-X), რომლის მხოლოდ 3 კედელის დაფიქსირება მოხერხდა (მათი სიმაღლე 50 სმ-ს არ აღემატება), ხოლო მეოთხე - აღმოსავლეთი კედელი კოშკის ქვეშ უნდა შედიოდეს. გამოვლენილი ნაგებობის ნაწილის ფართობი შეადგენს 3,5მ2 (ნაგებობა №2). შენობის თიხატკეპნილ იატაკზე აღმოჩნდა სამეურნეო, სუფრისა და სამზარეულო თიხის ჭურჭელი (ხელადა, ჩაფი, დერგები (ტაბ.XI-XV) და სხვა), რომელიც ადრეშუასაუკუნეებით თარიღდება (ახ.წ IV - VIსს.). ჩრდილოეთ კოშკში გამოვლინდა ქვათლილებით ნაგები შენობების ნაშთები (ტაბ.III - VIII), აგრეთვე გადამწვარი კულტურული ფენა, რომელიც ალიზის ნაშთებს შეიცავდა. ამ ფენას უნდა ეკუთვნოდეს ანტიკური ხანის წითლად შეღებილი კრამიტის ნაწილები. კოშკებში აღმოჩენილი ორივე ნაგებობა თანადროული ჩანს და ადრეშუასაუკუნეებით უნდა დათარიღდეს. ეს მოსაზრება მტკიცდება იმითაც, რომ ორივე კოშკის ნაგებობებში აღმოჩენილი მასალა (წითლად შეღებილი კრამიტების და სამტუჩა დოქის ყელ-პირის ნატეხი, კედლის წყობა) იდენტურია. კარგად თარიღდება, აგრეთვე, მრავალფრად მოჭიქული ჯამების ნაწილი (ინვ.№189, 205; ტაბ.XVII,1,2), რომელთა ანალოგები დასტურდება რუსთავის ნაციხარზე და თბილისის დედაციხეზე [მიწიშვილი 1969: ტაბ.2, სურ.1,2], სადაც ის IX-X სს. თარიღდება. IV საუკუნიდან ჩნდება ორყურა დერგებისა და თიხის ჭურჭლის (ინვ. №179, 180, 182, 184, 186) მსგავსი ფორმისა და სტრუქტურის კერამიკა მცხეთაში [ნოკოლაიშვილი 1993: ტაბ.XXIV1,2]; ნიჟარისებური ჭრაქების ანალოგები (ინვ.№190) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს XVII-XVIII სს. ძეგლებზე (მცხეთა, თბილისი) [არჩვაძე 1978: 112, ტაბ.I]. XII საუკუნიდან საქართველოში ჩნდება ბელტის ციხეზე აღმოჩენილის მსგავსი მოჭიქული ღარიანი კრამიტი (ინვ. №72) [ჯღამაია 1980: 87]. ამ თვალსაზრისით, მოჭიქული კრამიტი ჩვენშია შექმნილი. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბელტისციხე - ბებრისციხეზე აღმოჩენილი ერთადერთი სპილენძის მონეტა (დიამეტრი - 1,6სმ., სისქე - 0,1სმ.), მონეტაზე გამოსახულია არაბული ასო - ნიშნები, წინასწარულად იგი შეიძლება XIV-XV სს. დათარიღდეს (მონეტა განსაზღვრა ისტ.მეცნ. დოქტ. ი.ჯალაღანიამ). ზემოაღწერილი მასალა ზოგადად IV-XVIII სს. უნდა დათარიღდეს. ვინაიდან მათი აბსოლუტური უმრავლესობა დარღვეული კულტურული ფენებიდან მომდინარეობს, ძნელია შედარებითი ქრონოლოგიის დადგენა. თუმცა, მეტი წილი მასალისა მსგავსია კარგად დათარიღებული ძეგლებიდან მომდინარე არტეფაქტებისა. მაგალითისათვის დავასახელებდით ბელტისციხე - ბებრისციხეზე აღმოჩენილ კრამიტებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობაზე ასო-ნიშნებია გამოსახული (22 ერთეული), რაც ზრდის მის მეცნიერულ მნიშვნელობას. კრამიტების ფრაგმენტულობის გამო გაძნელებულია მათი ამოკითხვა და ძნელდება აგრეთვე კრამიტის ზომების დადგენაც. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ განვითარებული შუა საუკუნეებისა და გვიან შუა საუკუნეების ბრტყელი კრამიტები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიუხედავად მათი ფრაგმენტულობისა, ერთ შემთხვევაში მაინც მოხერხდა კრამიტზე გამოსახული ასო - ნიშნების გაშიფვრა, დამამზადებლის დადგენა და მისი შედარებით ზუსტი დათარიღება. კრამიტზე იკითხება აღნა (ინვ. №115, ტაბ.XXVI, 1). მისი ზუსტი ანალოგი ქვემო ჭალის ჯვარპატიოსნის ეკლესიიდანაა, რომელიც XVII ს. II ნახევრით თარიღდება. განსხვავება იმაშია, რომ ჩვენი კრამიტის მარცხენა გვერდის დაზიანების გამო არ ჩანს პირველი ასო "ა". ამ შემთხვევაში შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ "აღნა", ე.ი. შემდგომში აღნიაშვილი, ხელოსანია [ჯღამაია 1980: 4, ტაბ. XIV], რომლის ნახელავი ბელტისციხე - ბებრისციხეზეც დაფიქსირდა. მსგავსი შინაარსის წარწერიანი კრამიტები აღმოჩენილია არეშის ეკლესიების არქეოლოგიური შესწავლის დროსაც. ლ.ჭილაშვილი თვლის რომ აღნიშნული წარწერები შესაძლოა ყოფილიყო როგორც დამკვეთის, ისე შეწყალების მთხოვნელი ხელოსნისა [ჭილაშვილი, 1991: 22-24]. ამრიგად, ბელტისციხე - ბებრისციხეზე ჩატარებული არქეოლოგიური მეთვალყურეობის შედეგად გამოვლინდა სასიმაგრო სისტემის ნაშთები და საყურადღებო არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც ასახავენ ამ მნიშვნელოვანი ძეგლის ფუნქციონირების პერიოდებს ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით.

ტაბულები:

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - "+"

I.1.ბებრისციხე-ბელტისციხე, ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან.

I.2.ცენტრალური კოშკის-დონჟონის შიდა სივრცის დასავლეთ ნაწილი.

II.1-ცენტრალური კოშკის-დონჟონის შიდა სივრცის აღმოს. ნაწილი.

II.2.სამხ.-დას. კოშკის (დონჟონის) აღმ. კედელთან გავლებული თხრილი.

III. 1 - ჩრდილოეთი კოშკი გაწმენდითი სამუშაოების დაწყებამდე.

III. 2 - ჩრდილოეთი კოშკი, ნაგებობა №1.

IV. - ჩრდილოეთი კოშკის  №1 ნაგებობის გეგმა.

V. 1,2 - ჩრდილოეთი კოშკი, ნაგებობა  № .

VI. - ჩრდილოეთი კოშკი,  №1 ნაგებობის ჭრილი.

VII. 1 - ჩრდილოეთი კოშკი, ზედხედი.

VII. 2 - ჩრდილოეთი კოშკი, კედელი  №2.

VIII. - ჩრდილოეთი კოშკი,  №2 კედლის გეგმა.

IX. 1 - დონჟონის დასავლეთ კედელთან გამოვლენილი ქვატეხილებითა და თიხის ხსნარით შემტკიცებული კედლის ნაშთი.

IX.2 - დონჟონი, ნაგებობა  № 2.

X. - დონჟონი,  №2 ნაგებობის გეგმა და ჭრილი.

XI. 1 - დამტვრეული თიხის ჭურჭელი ნაგებობა  №2-ში.

XI. 2 - დამტვრეული თიხის ჭურჭელი (ჩაფი) ნაგებობა  №2-ში.

XII. 1 - ოვალისებური ხელადა ნაგებობა  №2-დან.

XII.2 - ორყურა ჩაფი ნაგებობა  № 2-დან.

XIII. 1, 2 - ორყურა დერგები ნაგებობა  № 2-დან.

XIV. 1, 2 - ორყურა დერგები ნაგებობა  № 2-დან.

XV. 1 - ორყურა დერგის ნაწილი ნაგებობა  № 2-დან.

XV. 2 - ორყურა დერგის ნაწილები ნაგებობა  № 2-დან.

XVI. 1 - თეთრი ანგობით მოხატული ჯამი დონჟონიდან.

XVI. 2 - მწვანედ მოჭიქული ჯამი დონჟონიდან.

XVII. 1, 2 - თეთრი ანგობითა და ჭიქურით მოხატული ჯამები დონჟონიდან.

XVIII. 1 - დონჟონში აღმოჩენილი ჭრაქი.

XVIII. 2 - დონჟონში აღმოჩენილი ჭრაქი ძირზე ადამიანის გამოსახულებით.

XIX. 1 - მწვანედ მოჭიქული ჯამის ძირი დონჟონიდან.

XIX. 2 - მწვანედ მოხატული ჯამის ძირი დონჟონიდან.

XX. 1 - სადღვებლის ნაწილი დონჟონიდან.

XX. 2 - ინკრუსტირებული (მინით) ჭურჭლის ნაწილი დონჟონიდან.

XXI. 1 - ფაიანსის ჯამის ფრაგმენტი დონჟონიდან.

XXI. 2 - მოხატული მძივი დონჟონიდან.

XXII.1,2 - ჩრდ. კოშკში აღმოჩენილი ბრინჯაოს გულსაკიდი.

XXIII. 1 - დონჟონში აღმოჩენილი ჭურჭლის ძირი.

XXIII. 2 - დონჟონში აღმოჩენილი ქვევრის პირი.

XXIV. 1 - დონჟონში აღმოჩენილი ქვევრის პირი.

XXIV. 2 - დონჟონის აღმ. კედელთან, შიდა ეზოში აღმოჩენილი ქვის ფილა ჯვრის გამოსახულებით.

XXV.1 - ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის ნაწილი ჩრდ. კოშკიდან.

XXV. 2 - მწვანედ მოჭიქული ღარიანი კრამიტი.

XXVI. 1 - დონჟონში აღმოჩენილი ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტი ქართული ასომთავრული ასო-ნიშნებით.

XXVI. 2 - ბელტისციხეზე აღმოჩენილი კრამიტის ნატეხებიდან კომპიუტერული ტექნიკით აღდგენილი კრამიტი ასომთავრული წარწერით - "ქრისტე შეიწყალე აღნა".

XXVII. 1 - სტუმრები ბებრისციხეზე.

XXVII. 2 - "ტაძრელები" მცხეთის ხიდზე.

<<...გაგრძელება (ნაწილი II)