topmenu

 

ნ.ბერულავა - კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ქართული იარაღი>>>


ნ.ბერულავა

კოლხური შეიარაღების განვითარება ადრეანტიკურ და ელინისტურ ხანებში

(ძვ.წ. VI-I სს)

მადლობას ვუხდით ნ.ბერულავას და ნ.ცინაძეს მოწოდებული მასალებისათვის

<<...გაგრძელება (ნაწილი II)..

კოლხეთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხელს უწყობდა მის შეიარაღებაში რამდენიმე ტრადიციის (სკვითო-მეოთურის, ახლო-აღმოსავლურის, ბერძნულის) ადგილობრივ, კოლხურთან შერწყმას. თუმცა ხსენებული კულტურების გავლენა არასოდეს ყოფილა იმდენად ძლიერი, რომ კოლხური შეიარაღების თვითმყოფადობა წაეშალა. კოლხეთი მაინც წარმოადგენდა სპეციფიკურ ეთნო-პოლიტიკურ და ფიზიკო-გეოგრაფიულ რეგიონს თავისი უძველესი სამხედრო ტრადიციებით, რომელთა გათვალისწინების გარეშე, მარტო უცხოურის გავლენით, ადგილობრივი სამხედრო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა. უცხოური გავლენა ფაქტობრივად ყველა ქვეყნის შეიარაღებაში ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან როლს, თუმცა შეიარაღება მატერიალური კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ტრანსკულტურულ სეგმენტს წარმოადგენს. მისი ფორმები და ნიმუშები ხშირად არა მარტო ერთი კულტურიდან მეორეში გადასვლასა და მიბაძვას, არამედ შემდგომ ტრანსფორმაციას, ადგილობრივი პირობებისადმი ადაპტაციას განიცდის. მაგალითად, კლასიკური ძველრომაული შეიარაღების კომპლექსშიც კი ძნელი მოსაძებნია თუნდაც ერთი რომელიმე დეტალი, რომელიც უცხოური (ბერძნული, ეტრუსკული, ესპანურ-იბერიული, კელტური) ნიმუშების ადაპტირებულ ვარიანტს არ წარმოადგენდეს. თუმცა შემდგომი ტრანსფორმაციის შემდეგ შეიარაღების ეს ნიმუშები უკვე რომაული სამხედრო კულტურის კუთვნილებად განიხილებოდა და სხვა ხალხების მიერ მათი ათვისება, შესაბამისად, რომაული კულტურული გავლენის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული მოვლენა მეტნაკლებად დამახასიათებელია ძველი სამყაროს ყველა რეგიონისთვის, თუმცა ნაკლები მასშტაბისა და საერთაშორისო კავშირების მქონე კულტურების შეიარაღებაში, რომელთა მატარებელ ეთნოსებს ნაკლებ მრავალფეროვანი სამხედრო ამოცანების გადაწყვეტა უწევდათ, უცხოური გავლენაც ნაკლებ ძლიერი იყო და მკვიდრი ფორმებიც, ჩვეულებრივ, მეტ კონსერვატიზმს იჩენდა ხოლმე. ნებისმიერი ქვეყნისა და რეგიონის შეიარაღებაში მკვიდრი და უცხოური ფორმების გამიჯვნა, ამ უკანასკნელთა გავრცელების გზებისა და ქრონოლოგიური ჩარჩოების გამოვლენა, ყოველთვის წარმოადგენდა იარაღმცოდნეობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას (26, გვ.8-9). ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ იარაღის ახალი ფორმების ათვისება უმეტეს შემთხვევაში განპირობებულია პრაქტიკული მიზნებით და შესაბამისად, მათი თანხვედრა სხვადასხვა რეგიონებსა და ეპოქებში არა უშუალო გავლენის, არამედ ანალოგიური სამხედრო ამოცანების შედეგი შეიძლება იყოს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გავლენას არა მარტო დიდი კულტურები შედარებით მცირეებზე ახდენდნენ, არამედ არცთუ იშვიათად პირიქითაც იყო, რის კარგ მაგალითსაც სწორედ ზემოდხსენებული რომაული შეიარაღებაც წარმოადგენს. ანტიკური ხანის კოლხეთის შეიარაღებაში, ჩვენი აზრით, ყველა ზემოთხსენებული მომენტის დანახვა შეიძლება. მის განვითარებაში თავისი ეპოქის ძირითადი ტენდენციების ანარეკლი ჩანს, თუმცა რუსი მკვლევარი ვორონოვიც კი, რომელსაც აშკარად ახასიათებდა ადგილობრივ ტომთა თვითმყოფადობის გარკვეული დაკნინება, აღნიშნავდა, რომ სკვითური, ბერძნული და წინააზიური დიდი გავლენის მიუხედავად, მათი შეიარაღების კომპლექსის თვითყოფადობა უზრუნველყოფილი იყო "კოლხეთის კულტურის მთელი რიგი თვისებების შენარჩუნებით" (13). წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი იქნება ანტიკურ კოლხეთში ნაპოვნი საბრძოლო იარაღის ძირითადი ტიპები. ამ იარაღის ნაწილი, შესაძლოა, ექსპორტის ან სამხედრო ნადავლის სახით მომხვდარიყო კოლხეთში, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ადგილობრივ მეომართა კუთვნილებას წარმოადგენდა. ქვემოთ მოტანილი იარაღის აღწერა, რა თქმა უნდა, შორსაა სისრულისაგან, მაგრამ, ჩვენი აზრით, საკმარისია კოლხური საბრძოლო იარაღის განვითარების ძირითადი ტენდენციების ილუსტრაციისათვის.

შუბისპირები ვანიდან, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი.

შუბები და ხელშუბები

შუბი აშკარად ყველაზე მასობრივი კოლხური იარაღი იყო. თითქმის ყველა კოლხურ სამარხში, სადაც კი იარაღია ნაპოვნი, შუბის პირის რამდენიმე ეგზემპლარი გვხვდება. ამისი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ბრძოლაში ორი შუბით წასვლის წესი (ანუ, ერთი ტყორცნისთვის, ხოლო მეორე - კონტაქტური ბრძოლისთვის).

სატევრები, შუბის პირი, ნაჯახი და ბ)თმის ქინძისთავი ბრილის სამარხიდან (რაჭა). ქრისტესშობამდე მე-18 საუკუნე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი.

კოლხეთში ნაპოვნი შუბისპირები ძირითადად შემდეგ ტიპებადაა დაყოფილი:

1) ფოთლისებრი შუბისპირი, რომელიც დაყოფილია ორ ქვეტიპად - ვიწრო გასწვრივი ღერძის მქონე (ნახ.I, 1), და უღერძო (ნახ.1, 2-6, 8). ხმარებაში იყო ძირითადად ადრეანტიკურ ხანაში;

2) უფრო ვიწრო და სქელი შუბისპირი, ძირითადად ლანცეტისებური ფორმის პირები, ლინზისებური ან რომბისებური განივკვეთით. ვრცელდება ძვ.წ. IV ს-დან (ნახ.2-8, 12).

შუბისპირი სოფელ ყულევიდან, ძვ.წ. VIII-VII სს - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+)

3) წაგრძელებული რომბის მსგავსი ფორმის შუბისპირი, რომლის ერთ ნაწილს ასევე გააჩნია ვიწრო გასწვრივი ღერძი (ნახ.I, 9), ხოლო მეორე ნაწილს - არა (ნახ.I, 10-11).

4) სამფრთიანი შუბისპირი (ნახ.I, 13).

5) ხიშტისებური, ოთხწახნაგა პირი. არსებითად მისი ფორმა ძალიან წაგრძელებულ პირამიდას წარმოადგენს, რომელშიც მასრა თანდათანობით პირში გადადის (ნახ.I, 15-16). ეს უძველესი კოლხური ტიპია, რომელიც სათავეებს ადრებრინჯაოს ხანებში იღებს (1, გვ.32-33). სატყორცნი ხელშუბების კატეგორიაში ამ ტიპის პირების მოთავსება, ჩვენი აზრით, პირობითია, რადგან პირის აღნიშნული ფორმა ხელჩართულ ბრძოლაშიც გამოსადეგია (განსაკუთრებით მძიმედ შეიარაღებულ მტერთან, გრძელი იარაღით შეიარაღებულ მხედართან და ა.შ... ბრძოლის დროს, ან თუნდაც, დიდ ცხოველებზე ნადირობისთვის).

ნახ.I. ადრეანტიკური-ელინისტური ხანის შუბის პირები აფხაზეთიდან (გადიდ - +)

მაგრამ სოხუმის მთაზე ნაპოვნ ერთ-ერთ ეგზემპლარს გააჩნია ძალიან გრძელი (თითქმის 50 სმ-იანი), ოთხკუთხა განივკვეთის "კისერი", რომელიც არცთუ გრძელ (დაახლოებით 15 სმ-იან) მასრაში გადადის (ნახ.I, 15). სწორედ ეს დეტალი ამ იარაღს ადგილს მიუჩენს რომაული "პილუმისა" და ფრანკული "ანგონის" მსგავს სატყორცნ შუბებს შორის. ხსენებულ იარაღებში რკინის პირების ასეთ დიდ სიგრძეს მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა: მტრის ფარში ჩარჭობილი შუბი ამ უკანასკნელს ხელს უშლიდა და ფარის გადაგდებას აიძულებდა. ამის არდაშვების მიზნით, ფარის მფლობელი ხშირად ცდილობდა ამ შუბის გადაჭრას მახვილითა ან ცულით, მაგრამ გრძელი რკინის "კისერი" მას ამის საშუალებას არ აძლევდა. (იხ.2, გვ.26-27).

6) ამავე ტიპის იარაღის კიდევ უფრო კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ამავე სოხუმის მთაზე ნაპოვნი კიდევ ერთი მსგავსი იარაღი, რომელსაც, წინა ეგზემპლარისგან განსხვავებით, გააჩნია საკმაოდ პატარა, წაგრძელებული რომბისებური პირი. შუბისპირისა და მასრას სიგრძე დაახლოებით 25, ხოლო "კისრის" - 30 სმ-ს უდრის. (ნახ.I, 14). ზემოდხსენებული შუბების "კისრების" ოთხკუთხა განივკვეთი - წმინდა კოლხური უძველესი დეტალია. თუმცა მკვლევარები სკვითურ სამყაროშიც მისი პარალელების არსებობას აღნიშნავენ, მაგრამ სრულიად სამართლიანად თავს იკავებენ ამ შემთხვევაში კონკრეტულ სკვითურ გავლენაზე ლაპარაკისგან (13).

ნახ.II - ისრისა და შუბისპირები ვანიდან (გადიდ - +)

კოლხეთში მსგავსი, ხიშტისებური იარაღები ბევრად ადრე ჩნდება და ამ შემთხვევაში უფრო სამართლიანი იქნებოდა კოლხური გავლენა ვივარაუდოთ სკვითებზე, ვიდრე პირიქით. მსგავსი მოყვანილობის, ამავე ეპოქის სკვითური ხელშუბისპირები, რომლებსაც "პილუმების" პროტოტიპებად მიიჩნევენ, გაცილებით პატარა და მსუბუქია (29-44 სმ.) და კლასიკურ (რომაულ) "პილუმებთან" ნაკლებ მსგავსობას ამჟღავნებენ (ნახ.XVII ). მათ ზუსტ შესატყვისს ვანში აღმოჩენილი ყუნწიანი ხელშუბის პირი წარმოადგენს, თუმცა მას მასრა აკლია (ნახ.X, 2).

7) სატყორცნი ხელშუბების კიდევ ერთ ტიპს გააჩნია ჰარპუნისებური პირი (ნახ.I, 19-20). მისი ფორმა ხელს უწყობდა მტრის სხეულში, ან ფარში მყარად ჩასმას და ხელს უშლიდა მტერს შუბის იქიდან ამოღებაში.

8) საჩხლეტი იარაღის კიდევ ერთ ნაირსახეობად შეიძლება განვიხილოთ ტყვიისებური ფორმის წვეტიანი შუბისპირები (ნახ.I, 17-18). თუმცა მკვლევარები საკმაოდ ლოგიკურად ვარაუდობენ, რომ ეს არა შუბისპირები, არამედ ტარის საპირისპირო ბოლოს მოჭედილობა უნდა იყოს, რასაც ირიბად ადასტურებს ის ფაქტი, რომ სოხუმის მთის №9 სამარხში, სადაც ისინი ნაპოვნია, ამავე რაოდენობის ფოთლისებური, უღერძო შუბის პირი იყო. (1, გვ.44-45, ტაბ.14, 12-16). მაშასადამე, ზოგადად კოლხური შუბის პირების განვითარებაში შემდეგი კანონზომიერება ვლინდება: სუსტად დაჯავშნული ან სულაც უაბჯრო მტრისთვის ფართო ჭრილობების მისაყენებლად გამოსადეგი ბრტყელი და განიერი პირები ("ფოთლისებური", ხოლო ნაკლებ ხშირად - ლანცეტისებური და რომბისებური ფორმისა) ადრეანტიკური და ელინისტური ხანების მიჯნაზე უფრო ვიწრო და სქელი, რომბისებური ან ლანზისებური განივკვეთის "ჯავშანმხვრეტი" პირებით იცვლება.

ნახ. X. სატყორცნი საშუალებები ვანიდან (გადიდ - +)

რა თქმა უნდა, ამაში ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება სკვითების, ან რომელიმე სხვა ხალხის გავლენაც დავინახოთ (33), მაგრამ ეს ხსენებული ეპოქის ზოგადი ტენდენციაა, რომელიც აბჯრიან მტერთან შეჯახების მზარდი ალბათობითაა განპირობებული და როგორც სკვითურ, ასევე ელინისტურ სამყაროში შეიმჩნევა. ორივე ამ ფორმის საინტერესო შეთავსების მაგალითს ვანის ნაქალაქარის №9 სამარხში ერთად აღმოჩენილი ძველი და ახალი ფორმების შუბისპირები წარმოადგენეს (ნახ.II). სამარხი მომიჯნავე ეპოქას - ძვ.წ. IV ს-ის მესამე მეოთხედს მიეკუთვნება (6, გვ.203). თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღებას იპყრობს, რომ ძველებური განივკვეთის (ბრტყელი, გამოკვეთილი რელიეფური ქედის მქონე) შუბის პირების ფორმაშიც მაინც ახალი ტენდენციები ჩანს: თუკი ადრეანტიკურ ხანაში ასეთ პირებს ფართო, ფოთლისებური სილუეტი ახასიათებდა ხოლმე, ხსენებული სამარხის ბრტყელი პირებიც უფრო კომპაქტური, ლანცეტისებური, ან ვიწრო რომბისებურია. რაც შეეხება სატყორცნ შუბებს, აქ ყურადღებას იპყრობს რომაული "პილუმებისა" და ფრანკული "ანგონებისათვის" დამახასიათებელი ისეთი ორი დეტალის არსებობა (თუმცა სხვადასხვა ეგზემპლარებში, მაგრამ ერთ და იგივე, სოხუმის მთის სამაროვანში) როგორიცაა გრძელი "კისერი" და ჰარპუნისებური პირი. სამწუხაროდ, ა.კალანდაძე ამ არტეფაქტების მხოლოდ ზოგად, საკმაოდ ბუნდოვან დათარიღებას გვაძლევს - ძვ.წ. V-III სს. (1, გვ.32, 34), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პილუმისებური იარაღის ერთ-ერთი უძველესი ეგზემპლარებია მსოფლიოში. თანაც ისინი, სკვითურ და სხვა კულტურებში არსებულ ქრონოლოგიურად სინქრონულ და ტიპოლოგიურად მსგავს ნიმუშებთან შედარებით, ბევრად სრულყოფილებია, თავიანთი ფორმითა და ზომით გაცილებით ახლოს დგანან კლასიკურ რომაულ, გვიანდელ ეგზემპლარებთან. ქართველურ ტომებში კი უკვე ადრეანტიკურ ხანაში ამ ტიპის იარაღის ფართო გავრცელებაზე მოწმობად შეიძლება მივიჩნიოთ ჰეროდოტეს ცნობა, რომ ბერძნულ-სპარსული ომების დროს სპარსეთის ჯარში შემავალი მოსხები, ტიბარენეები, მაქრონები და მოსინიკები ძალზე გრძელპირიანი შუბებით შეიარაღებულნი იყვნენ (16, გვ.149). შუბს, როგორც იარაღს, კოლხეთში უდავოდ დიდი მნიშნრლობა ენიჭებოდა და მისი ხმარების არაერთი წესი და ილეთი არსებობდა. ამას თვით ზემოთაღწერილი სპეციფიკური ხელშუბების არსებობის ფაქტი ადასტურებს. ამის გარდა, ონის რ-ნის სოფ.გომში ნაპოვნ სასმისზე, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ.წ. I საუკუნეს მიეკუთვნება გამოსახულია საბრძოლო სცენა, სადაც აშკარად ელიტარული, აბჯარასხმული მებრძოლი-პროფესიონალებია გამოსახული (ნახ.XX).

ნახ. V - შუბისპირები ვანიდან (+)

საინტერესოა, რომ მარჯვნიდან პირველი მებრძოლი არამარტო ფარის გარეშე გამოსვლას ფარ-მახვილით აღჭურვილი მეტოქის წინააღმდეგ, არამედ საკმაოდ რთული საფარიკაო ილეთის ჩატარებასაც ცდილობს შუბით, რაზეც შუბის არასტანდარტული დაჭერა მეტყველებს. შუბით ფარიკაობა (და არამარტო ჩხვლეტა) - სერიოზული საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც ყველა საბრძოლო კულტურაში როდი გვხვდება!

ნახ.ХХ. გომის სასმისი - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+)

ცულები

ცულები სამ ძირითად ტიპადაა დაყოფილი:

1) მაღალი და ვიწრო, ორჯერ გადაკეცილი ფორმის ცულები, ჩაქუჩისებური, გრძელი, მომრგვალო, ოთხ ან რვაკუთხა განივკვეთის მქონე ყუით. პირი ოდნავ გაფართოებულია (ნახ.IV, 1-2). ავლენს აშკარა მსგავსობას კოლხეთის კულტურის დროინდელ ცულებთან. ფიქსირებულია სოხუმის რაიონში, ძვ.წ. VI ს-ის პირველი ნახევრით დათარიღებულ კომპლექსში (28, табл.VIII, 1, 10, 11, 17, 20).

2) ცულები უფრო დაბალი ჩაქუჩისებური ყუითა და გაცილებით ფართო პირით (ნახ.IV, 3-7, 9). აშკარად წარმოშობილია პირველი ტიპისაგან, ხოლო ერთ-ერთი, მდ.კელასურაზე ნაპოვნი ეგზემპლარი ორჯერ მოტეხილი სილუეტით, ფაქტობრივად კოლხურ-ყობანური კულტურის მესამე ტიპის ცულის მოდიფიკაციას წარმოადგენს (ნახ.II, 3). ვრცელდება ძვ.წ V ს-დან (11).

ნახ. IV. ადრეანტიკური-ელინისტური ხანის ცულის პირები აფხაზეთიდან (გადიდ - +)

3) ე.წ "სეკირა", კიდევ უფრო ფართო, მომრგვალებული პირითა და ჩაქუჩისებური ყუით (ნახ.IV, 10-24). საკმაოდ გავრცელებულია ადრეელინისტურ სკვითიაში, თუმცა მათი უმეტესობა კოლხეთში, განსაკუთრებით კი - დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი და თანხლები მასალის მეშვეობით ძვ.წ. IV-II სს-ით თარიღდება (30, გვ.65; 12, გვ.79). ანტიკური კოლხეთის ცულების განხილვის დროს თვალში ეცემა ორი გარემოება - აშკარა გენეტიკური კავშირი კოლხეთის უძველეს კულტურასთან და სკვითურ სამყაროსთან პირდაპირი პარალელები. ი.ვორონოვი ამას ხაზს უსვამს, თუმცა (ისევე, როგორც შუბების შემთხვევაშიც) ცალსახად სკვითური გავლენის ნიშნად გამოცხადებას ვერ ბედავს (15). კიდევ უფრო შორს კი ვ.ერლიხი მიდის, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ამ ცულების ფორმა ადგილობრივია და "ამ მძლავრმა ამიერკავკასიურმა ტრადიციამ თავისი გავლენა იქონია რკინის საბრძოლო ცულების გაჩენაზე პროტომეოთურ, ადრემეოთურ და ადრესკვითურ ძეგლებში" (33). ჩვენი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო დეტალს განხილული ცულების ჩაქუჩისებური ყუები წარმოადგენს. შემდგომ ეპოქებში მსგავსი წვეტები ცულის ყუაზე საკმაოდ ხშირად ჩნდება სხვადასხვა ქვეყნებში.

ფოტოს წყარო: http://mtavari.ge/agchurviloba/page/3/

მათ დანიშნულებას ცულისპირის დაბალანსება და დარტყმის სიზუსტის მატება წარმოადგენდა. ფეოდალურ ეპოქაში მათ ნაცვლად ზოგჯერ ბასრ ჩუგლუგებს აკეთებდნენ ხოლმე, თუმცა ამ ჩუგლუგების საბრძოლო ფუნქცია მაინც მეორადი, დამატებითი იყო, პირველ რიგში კი ისინი ზემოთხსენებულ როლს ასრულებდნენ. დამარწმუნებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კოლხეთიდან ეს დეტალი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში შემოვიდა, ხოლო აქედან, ადრეშუასაუკუნეებში - ევროპაშიც. შესაბამისად, ეს დეტალი ევროპულ შეიარაღებაზე კოლხურ არაპირდაპირ გავლენად  შეიძლება მივიჩნოით. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა განხილულ ცულთა პირველი ტიპი, რომელიც თავისი ფორმით თითქმის სრულ იდენტურობას ავლენს ე.წ. "თეგთან" (იხ.2, გვ.96, ნახ.22 f.), რომელიც ანტიკური ხანიდან გავრცელებული იყო ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის სტეპებში, საიდანაც ადრე შუასაუკუნეებში, რუსეთის ტერიტორიაზე გაბატონებული ვიკინგების შუამავლობით, ევროპაში შეაღწია (20, III, გვ.77).

(+)

შუა საუკუნეების ევროპულ ცულებთნ ძლიერ მსგავსებას მესამე ტიპის ცულებიც ავლენენ. კერძოდ, მათი ზოგიერთი ეგზემპლარი, მაგალითად - ჯგერდაში (აფხაზეთი) ნაპოვნი ცული (ნახ.IV, 24) სრულ გარეგნულ იდენტურობას ავლენს ვიკინგთა სეკირასთან, რომელიც ახ.წ. X-XI სს-ში იყო გავრცელებული ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში (იხ.2, გვ.95-97). თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სწორედ იმ მაგალითთან, როცა ადგილი არა გავლენას, არამედ მსგავსი საბრძოლო ამოცანებით განპირობებულ იარაღის ფორმების თანხვედრას ჰქონდა. საქმე იმაშია, რომ ცულის სწორედ ამ ფორმას ყველაზე დიდი სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი ჰქონდა (1, გვ.93-96). ანუ, ის მჩეხავ, მჭრელ და საჭიროების შემთხვევაში - მჩხვლეტ ფუნქციებსაც კი ითვისებდა.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ფოტოს წყარო: http://mmi.ge/index.php?newsid=15

მახვილ-ხანჯლები

მახვილ-ხანჯლები ხშრად ერთ კატეგორიაში განიხილება, რადგან მახვილი არსებითად წაგრძელებულ ხანჯალს (სატევარს) წარმოადგენს. თუმცა ფუნქციები და პირობითი სტატუსი მათ სხვადასხვა ჰქონდა: დანა-ხანჯლები უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ დამატებით, მეორეხარისხოვან იარაღს წარმოადგენდა, მაშინ როცა მახვილი ყოველთვის ელიტარული იარაღი იყო. ანტიკურ ხანაში კოლხური შეიარაღების კომპლექსში შეინიშნება ამ იარაღის ხვედრითი წილის მკვეთრი ზრდა წინა ეპოქასთან შედარებით. წერილობითი წყაროების თანახმად, სხვადასხვა ქართველურ ტომში ხსენებული იარაღის გავრცელების დონეც განსხვავებული იყო: ქსენოფონტე (რომლის ცნობები, გასაგები მიზეზების გამო, გაცილებით კონკრეტული და ზუსტია, ვიდრე ჰეროდოტისა) აღნიშნავს, რომ ყველა ხალიბი მებრძოლი მახვილით შეიარაღებული იყო, მაშინ როცა მოსინიკებს მხოლოდ ცულები და სხვადასხვა ტიპის შუბები ჰქონდათ, ხოლო დანარჩენი კოლხური ტომების შეიარაღება ასე დაწვრილებით აღწერილი არ არის (21, გვ.313, 325). ჩვენთვის საინტერესო ეპოქის კოლხეთში არსებული მახვილ-ხანჯლები ი.ვორონოვმა ათ ტიპად დაჰყო (13), თუმცა ჩვენი აზრით, ძირითადი ტიპების რაოდენობის ხუთამდე დაყვანა შეიძლება:

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+)

1) "აკინაკი"- ლეგენდარული სქვითო-სპარსული მახვილი, ან გრძელი ხანჯალი, რომელიც ბევრ ქვეტიპადაა დაყოფილი. ის კოლხეთში მახვილის ერთ-ერთ გავრცელებულ (ადრეანტიკურ ხანაში, ალბათ - ყველაზე გავრცელებულ) ტიპს წარმოადგენს. მისი ზოგადი მახასიათებლები შემდეგია: ფხის სიგრძე ჩვეულებრივ 35-45 სმ-ია, თუმცა 60 სმ-იანი ეგზემპლარებიც არსებობს. ორლესილი, სიმეტრიული ფხა, რომელიც თანდათნობით ვიწროვდება ბოლოსკენ. ფხის განივკვეთი ჩვეულებრივ რომბისებურია, მეტნაკლებად გამოკვეთილი გასწრივი ღერძით. მხოლოდ ზოგიერთ ირანულ ეგზემპლარს გააჩნია ორ-ორი ვიწრო გასწრივი ღარი. ვადა სხვადასხვა ფორმის იყო, თუმცა ყოველთვის მოკლე და სქელი. კოტა-ზოდისებური, "ანტენისებური", ხოლო ზოგჯერ, ასევე სპარსულ ეგზემპლარებზე - მომრგვალო, ან კვირტისებური. აკინაკი იყო გავრცელებული ძირითადად ირანულენოვან ხალხებსა და მათ მეზობლებში. ტრადიციულად ითვლებოდა სკვითთა იარაღად, რომელთაგან ის მიდიელებმა, მათგან კი - სპარსელებმაც გადმოიღეს. ელინისტურ პერიოდში თანდათანობით გამოდის ხმარებიდან ყველგან. თუმცა ბოლო დროს ამ ტიპის იარაღის უძველეს სამშობლოდ ჩრდილოეთ კავკასია ითვლება (33). ე.ი. ის ყობანური (ანუ კოლხურ-ყობანური) კულტურის არეალში შეიქმნა, შესაძლოა, პროტოქართული ტომების მონაწილეობით. აკინაკი უმეტეს შემთხვევაში იყო ჩამოკიდებული ცალ ღვედზე, მებრძოლის მარჯვენა გვერდზე, ისე, რომ შეიძლებოდეს ერთი მოძრაობით მისი ქარქაშდან სწრაფი ამოღება და დაუყოვნებლივ სწრაფი მჩხვლეტავი დარტყმის მიყენება (მოგვიანებით ეს ილეთი რომაელებმა გადმოიღეს თავიანთი "გლადიუსებით"). სწორედ ამით განპირობებულია აკინაკების ქარქაშის სპეციფიკური ფორმა, გამონაშვერით ზედა ნაწილში. აკინაკის ფორმა ნათლად მოწმობს, რომ ეს პირველ რიგში საჩხვლეტი იარაღი იყო, თუმცა ასე თუ ისე მჩეხავი დარტყმისათვისაც ვარგოდა. კოლხეთში ნაპოვნ აკინაკებს უმეტეს შემთხვევაში გარკვეული არქაული შტრიხები ახასიათებს - "კვირტისებური", ან "პეპლისებური" ფორმის ვადა და დაღარული კოტა (28). კოლხეთში ამ ძველი ფორმების შენარჩუნება მაშინ, როცა უფრო ჩრდილოეთით ისინი უკვე მოძველდა, აკინაკების ადგილობრივ წარმოებაზე უნდა მეტყველებდეს. კიდევ უფრო მყარად ადასტურებს ამას ორიგინალური, კავკასიონისაგან ჩრდილოეთით საერთოდ უცნობი დეტალების არსებობა - სეგმენტისებური ვადები ქვემოთ მიმართული ბოლოებით (ნახ.VI, 8, 9, 11), რომლებიც შესაძლოა, წინაანტუკური ადგილობრივი "ღუზისებური" კოტებისგან წარმოშობილია (30, გვ.253, ტაბ.30, 3).

ნახ. VI - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+)

2) სამკუთხა, ბასრი მახვილ-ხანჯლები, რომბისებური ან, იშვიათ შემთხვევაში - უფრო ბრტყელი განივკვეთის მქონე ფხით, ჩვეულებრივ - ზოდისებური კოტის თავით. ვადა ფაქტობრივად არ არსებობს, ან რუდიმენტარულია (ნახ.VI, 1, 15, 16, 18-25). ზოგიერთ შემთხვევაში, როცა სახელური ბრტყელია და რამდენიმე დამახასიათებელი ნახვრეტი გააჩნია, აშკარად ჩანს, რომ მას ორივე მხრიდან შესაბამისი ფორმის ორი ხის ფიცარი მიედებოდა, რომლებიც მოქლონების მეშვეობით ემაგრებოდა მასა და ერთმანეთს (ნახ.VI, 1). ასეთ სამფენოვან კოტას ცნობილი იარაღმცოდნე ე. ოშქოთი "სენდვიჩს" ეძახის (26, გვ.142). ი.ვორონოვის მიერ ცალკე ტიპად მიჩნეული (13) მახვილები უფრო მასიური ფხითაა და სქელი, ბოლოსკენ გაფართოებული, თუმცა გამოკვეთილი თავების ფაქტობრივად არმქონე კოტებით (ნახ.VI, 21-25), ეს ტიპი, ჩვენი აზრით, ამავე ტიპის ქვეტიპად შეიძლება მივიჩნიოთ, მითუმეტეს რომ ვანში ნაპოვნია ორი მახვილი, რომელიც ორივე ზემოთხსენებული ტიპის თვისებებს აერთიანებს (ნახ. VII). სწორედ ამ, მეორე ტიპის სატევრით შეიარაღებულია ზემოთხსენებულ გომის სასმისზე გამოსახული მარჯვნიდან მეორე მებრძოლი (ნახ.XX). უფრო სწორად კი, ეს იარაღი მოკლე ხანჯლივით გამოიყურება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ცდომილებაა და სინამდვილეში აქ საკმაოდ დიდი მახვილი უნდა ყოფილიყო, რადგან მძიმედ შეიარაღებული მებრძოლი, ალბათ, შუბის წინააღმდეგ არ გამოვიდოდა მხოლოდ მოკლე დანით ხელში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ზემოთხსენებული ტიპის იარაღი უნდა იყის, წამახვილებული პირით.

ნახ.VII - (+)

3) მთელ სიგძეზე ფაქტობრივად თანაბარი სიგანის მქონე მჩეხავი მახვილები (ნახ.VI, 13, 14, 17). ფხის ბოლო ზოგჯერ წაწვეტებულია (ნახ.III, 17), თუმცა უფრო ხშირად - მომრგვალებული, როგორც ეს ლატენის კულტურაში, ან თუნდაც ამავე ეპოქის აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. გამოკვეთილი ვადა "ცრუსამკუთხიანი" ფორმისაა  ფაქტობრივად საერთოდ არ ჩანს (13).

4) ცალპირა, იატაგანისებური მახვილები ჩვეულებრივ ბერძნულ (დორიულ) "მაჰაიარად" მიჩნეული, თუმცა ქსენოფონტეს თქმით, მსგავსი მახვილებით ხალიბთა მთელი ლაშქარი იყო აღჭურვილი (21, გვ.313). მართლია, ეშერაში ნაპოვნი ეგზემპლარის ფორმები (ნახ.VI, 26), მაგალითად, საკმაოდ ზუსტად შეესაბამება "დორიული მაჰაირის|, ანუ "კოპისის" კლასიკურ ვარიანტებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც არაა გამორიცხული ბერძნული ნიმუშის ადგილობრივი მიბაძვა, მითუმეტეს რომ მსგავსი იარაღები ელინისტური ეპოქიდან ვიდრე ახალ დრომდე საკმაოდ ხშირად გვხვდება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, თანაც ზოგიერთი მათგანი ძალიან ჰგავს ბერძნულ ნიმუშებს (26, გვ.55-56, рис.24).

5) სპეციფიკურად მორკალული, "ნამგლისებური" ცალპირა სატევრები ანტენისებური კოტით (ნახ.VI, 27-29), ერლიხისა და გ.შამბას აზრით, აშკარად ენდემურ ფორმას წარმოადგენს (იხ.31, ნახ.29, 1, 2, 30). თუმცა ი.ვორონოვი, მ.ტრაფშთნ ერთად, აღნიშნავს, რომ ამ სატევრებს გააჩნია ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნით დათრიღებული ანალოგები ჩრდილოეთ კავკასიაში (28, გვ.85-87, ტაბ.VI). საგულისხმოა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი ამ დანების სამი ეგზემპლარიდან ორი ნახეს ეშერის ნაქალაქარზე, სადაც ძვ.წ. I საუკუნის პირველ ნახევარში მითრიდატეს გარნიზონი იდგა, რომელშიც უდაოდ ბევრი ბზიფისაგან ჩრდილოეთით მცხოვრები ჰენიოხთა ტომების წარმომადგენელი იყო. კოლხური მახვილების დათვალიერებისას ყურადღებას იპყრობს ის, რომ მცირე გამონაკლისის გარდა, მათთვის პირველ რიგში საჩხვლეტად განკუთვნილი, როგორც წესი - საკმაოდ მსუბუქი და მოქნილი ფორმებია დამახასიათებელი. ეს გარემოება, კოლხურ ცულთა დახვეწილ ფორმებთან ერთად, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ კოლხთა საბრძოლო ხელოვნებას გვიანბრინჯაოს ხანიდან მოქნილ, დახვეწილ ილეთებზე ორინეტირებული ბრძოლის სტილი ახასიათებდა, ნაკლებ "ძალოსნური", ვიდრე თუნდაც მაშინდელ იბერიაში იყო, სადაც ხშირად უფრო მასიურ, მჩეხავ იარაღს ხმარობდნენ.

ისრისპირები ვანიდან

ისრის პირები

ისრის პირები კოლხეთში (ყოველ შემთხვევაში, მის უმეტეს ნაწილში) დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა (18, გვ.2). ქსენოფონტე სამხრეთ-ქართველურ ტომებს შორის ფაქტობრივად გამოყოფს მხოლოდ ერთს - კარდუხებს, რომლებიც ბრძოლებში აქტიურად იყენებდნენ მშვილდებს, თანაც ძირითადი იარაღის სახით. მისი მოწმობით, ეს ძალზე დიდი და მძლავრი მშვილდები იყო, რომელთა მიერ ნატყორცნ ისარს ხშირად ერთდროულად მძიმე ჰოპლიტური ფარისა და ჯავშნის გახვრეტა შეეძლო (იხ.21, кн.4). ბერძენთა დანარჩენი მეტოქეები ამ რეგიონში პარტიზანულ მოქმედებებსაც კი ძირითადად ხელჩართული ბრძოლით აწარმოებდნენ. სატყორცნი იარაღის მიმართ ასეთი დამოკიდებულება პარალელებს პოულობს ევროპის ზოგიერთ ხალხში, პირველ რიგში - კელტებსა და გერმანელებში, რომლებიც შორიდან მტრის განგმირვას მეომრისთვის საკადრის საქციელად არ თვლიდნენ (19, გვ.257-292). თუმცა აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს იარაღი კოლხეთში საერთოდ არ იყო ხმარებაში, სტრაბონის ცნობა სვანებში ისრის პირების მოწამვლის წესის შესახებ (23, II, გვ.138-139) უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ სვანები, როგორც ჩანს ამ იარაღს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. დანარჩენ კოლხურ ტომებშიც მშვილდ-ისარი მთლად მივიწყებული არ იყო, რასაც არქეოლოგიური მასალებიც ადასტურებს. კერძოდ, სატყორცნი იარაღის მნიშვნელობა საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო საალყო და, შესაძლოა საზღვაო ბრძოლებშიც, ამიტომ სულაც არაა შემთხვევითი, რომ კოლხეთში ისრის პირების ყველაზე დიდი რაოდენობა ეშერის ნაქალაქარის ფინალურო შტურმის ადგილზეა ნაპოვნი. მთიან და ტყე-ბუჩქიან პირობებშიც, მცირე (პარტიზანული) ომის ტაქტიკის გამოყენების დროს, მშვილდ-ისარი მეტად ეფექტურ საბრძოლო საშუალებას წარმოადგენდა. ძვ.წ. 65 წ-ს პომპეუსის წინააღმდეგ მებრძოლმა იბერებმა სწორედ ასეთი ტაქტიკით დაიმსახურეს თავიანთ რომაელ მოწინააღმდეგეთა მოწონება.

ნახ.VIII - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ (+)

ძნელი წარმოსადგენია რომ მსგავს პირობებში კოლხებიც ანალოგიურად არ მოქმედებდნენ. აფხაზეთში ნაპოვნ ანტიკური პერიოდის ისრის პირებს ი.ვორონოვი ოთხ ტიპად ჰყოფს:

1. ორფრთიანი (ნახ.VIII, 1-12);

2. სამფრთიანი (ნახ.VIII, 12-21);

3. სამწახნაგოვანი (ნახ.VIII, 22 - 23). სავარაუდოდ სკვითური, ან მათი გავლენით შექმნილია (13). ამავე წარმოშობის ვანში ნაპოვნი ძვ.წ. IV ს-ის პირამიდალური და ოთხწახნაგა ისრის პირებია, რომლებსაც არც მასრა, არც ყუნწი არ გააჩნიათ და ტარი უშუალოდ მათ კორპუსში არსებულ ღრმულში იტენებოდა (ნახ.XI). სკვითური გავლენა იარაღის ამ სახეობაზე უდაოდ ძალზედ ძლიერი იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში ძვ.წ. VIII-VII ს-დან. თუმცა კოლხეთში ისრის პირების ერთი ორიგინალური ნაირსახეობაცაა ნაპოვნი. ერთადერთ ადგილს, სადაც ის დღესდღეისობით ფიქსირებულია, ეშერის ნაქალაქარი წარმოადგენს. მითრიდატეს მიერ კოლხეთის ოკუპაციის დროს, აღნიშნული დასახლება წარმაოდგენდა ამ უკანასკნელის ერთ-ერთ დასაყრდენ პუნქტს კოლხეთში, სადაც ამ დროს აშენებულ იქნა კაპიტალური ციხე-სიმაგრე. ძვ.წ. I ს-ის შუა ხანებში ეს სიმაგრე განადგურებულიქნა უნობი მტრის მიერ და სწორედ ამ ფინალური შტურიმის დროს, ნაქალაქარის ნანგრევებში ხსენებული ისრის პირების ასზე მეტი ეგზემპლარი დარჩა (32, გვ.61; 14, გვ.46).

ნახ. IX - (+)

ეს არის ყუნწიანი ისრის პირები, რომელა მთავარ დამახასიათებელ თავისებურებას ყუნწის მკვეტრი გაფართოება წარმოადგენს პირის მხარეზე. მისი დანიშნულება ისრის პირის ტანში ზედმეტი ჩარჭობის არდაშვება იყო (ნახ.IX). მსგავსი, თუმცა გაცილებით ნაკლები ზომის დეტალები, საკმაოდ ხშირად ფეოდალური ეპოქის ქართულ ისრის პირებზეც გვხვდება. თუმცა ეშერის ეგზემპლარების პირდაპირი ანალოგიები ჩვენთვის უცნობია. ყუნწები ხშირად მოღუნულია, კედელთან დიდი სიჩქარით შეჯახების შედეგად, რადგან ისრები თავდასხმელებს ეკუთვნოდა. იქვე ნაპოვნია კიდევ ერთი ორიგინალური საბრძოლო საშუალება, რომელსაც გ.შამბა ისრების კატეგორიას მიაკუთნებს (32, გვ.62). ეს არის ე.წ. "კარავლის კბილანები", ანუ "ნიორი" - ერთმანეთზე მიდუღებული ოთხი ბასრი წვეტანა, რომელთა ბოლოები ყველა მიმართულებით უყურებს ისე, რომ ერთი ყოველთვის ზემოთაა მიმართული. ჩვეულებრივ "ნიორს" ყრიდნენ მტრის ფეხებ ქვეშ, მისი გადაადგილების შეფერხების მიზნით. განსაკუთრებით ეფექტურ საშუალებად ის ითვლებოდა კავალერიის წინააღმდეგ და მისი აღმოჩენა ეშერში ირიბად ადასტურებს, რომ აქ, კოლხეთში, პონტოელები ცხენოსან მტრებთან ბრძოლებისთვის ემზადებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მაშინ როცა მტერთან ბრძოლა დიდი მანძილიდან (მაგალითად, ციხის კედლიდან) იყო საჭირო, ალბათ "ნივრის" ისრის ტარზე ასხმა და საჭირო მიმართულებით ტყორცნაც შეიძლებოდა, გ.შამბას მიერ მისი მოთავსება ისრების აკტეგორიაში გაუგებრობას უნდა მივაწეროთ. ვანში ნაპოვნია ისრის კიდევ რამდენიმე ორიგინალური ფორმა: საალყო მანქანების - კატაპულტებისა და გასტრაფეტის მოზრდილი ისრის პირები (ნახ.X, 1, 3, 4), როგორც ჩანს, ძვ.წ. I ს-ში აქ მოხვდა და მითრიდატეს წინააღმდეგ გალაშქრებული რომაელების, ან ფარნაკე ბოსფორელის ჯარის კუთვნილება შეიძლება იყოს. მოკლე (2,5-3 სმ-იანი) ისრის პირები და ასევე - ბრინჯაოს სამწახნაგა ისრის პირები ვანიდან, იხტვისიდან და ქუთაისიდან (ნახ.X, 5, 6 , 9) ასევე სკვითური ნიმუშებისაგან წარმოშობილი, მაგრამ, ი.გაგოშიძის დაკვირვებით, ძვ.წ. V-IV საუკუნეებში ისინი კოლხეთისთვისაც დამახასიათებელი იყო (3, გვ.85). მათ თავისეურებას ძალიან ვიწროდაიამეტრიანი (3-4 მმ.) მასრა წარმოადგენს. მსხვერპლის სხეულში ჩარჭობის შემდეგ ისრის ტარი ჩვეულებრივ ტყდებოდა მასრის ადგილზე, პირი სხეულში რჩებოდა და სწრაფად იწვევდა სისიხლის მოწამვლას (7, გვ.179), ორიგინალურ ფორმად შიეძლება მივიჩნიოთ გრძელყუნწიანი, ქედიანი და ბრტყელი, 6-7 სმ-იანი ისრის პირები ვანიდან (7, გვ.180), რომლებიც ალბათ საშინელ ჭრილობებს ტოვებდნენ და ძვლის გადაჩეხვაც კი შეეძლოთ (ნახ.X, 7-8). მაშასადამე, ისრის ფორმების მრავალფეროვნება ამ იარაღის მრავალფუქნციონალობას უნდა მიუთიდებდეს. ხშირად ერთად გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების ისრის პირები: სამ-ოთხწახნაგიანი - ჯავშანმხვერტი, მაღალი ბალისტიკური მონაცემების მქონე სამფრთიანი, ძლიერი ჭრილობების მისაყენებლად განკუთვნილი ფართო და ა.შ. როგორც ჩანს, მებრძოლი ხშირად ბრძოლაში მიდიოდა რამდენიმე ტიპის ისართან ერთად და ხმარობდა ამა თუ იმ ტიპს მისი კონკრეტული დანიშნულებიდან გამომდინარე. ჩრდილოეთის სტეპების ნომადები, რათა სხვადასხვა ტიპის ისრების არევა არ მომხდარიყო, ერთდროულად რამდენიმე კაპარჭით (საისრით) სარგებლობდნენ ხოლმე, რომლებიც ხშირად უნაგირზე ჰქონდათ მიბმული. ფეხოსან მშვილდოსნებს, მათგან განსხვავებით, რამდენიმე საისრის ერთად ტარების საშუალება ნაკლებად ჰქონდათ და ისინი, ალბათ სხვადასხვა ისრებს განსხვავებული შებუმბვლილობით არჩევდნენ.

(გადიდება - +)

მუზარადი დას.საქართველოდან (ქუთაისი), ძვ.წ.აღ-ის I ათასწლ., მოსკოვის ისტორიის მუზეუმი

ჩაფხუტები (მუზარდები)

ჩაფხუტები (მუზარდები) კოლხეთში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. შესაძლოა, ამაში თავისი როლი ძველ ქართველთა გარკვეულმა წესებმა ითამაშა. კერძოდ, ი.გაგოშიძე აღნიშნავს, რომ მეზობელ იბერიაში ლითონის მუზარადის ტარება თვით მძიმედ შეიარაღებულ მხედრებშიც კი არ იყო მიღებული (3, გვ.127). თუმცა სამხრეთ კოლხურ ტომებში ქსენოფონტე მუდმივად იხსენიებს მუზარადებს, როგორც ჩვეულებრივ ატრიბუტს, მაგრამ მათ ტიპოლოგიას ის სულ ორჯერ ეხება - დრილებისა და მოსინიკების აღწერისას. სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ ზოგადად ჩაფხუტის არსებობის ფაქტს აღნიშნავს. ორივე შემთხვევაში ეს ტყავის ჩაფხუტები იყო - "პათლაგონურის" მსგავსი (21, გვ.322, 325), რომელიც ჰეროდოტეს მონაცემებით ტყავის ქამრებისაგან იწვნებოდა (16, გვ.147). ჰეროდოტე ასევე აღნიშნავს, რომ ქართველური ტომები ხის ჩაფხუტებს ატარებდნენ (16, გვ.147). ალბათ ეს იყო ბზის, ან მუხის მსგავსი მტიკცე ხე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ხე და ტყავი ძალზედ არამდგარადი არქეოლოგიური მასალაა და მიწაში საუკუნეების მანძილზე ვერ შეინარჩუნდებოდა. რაც შეეხება არქეოლოგიურად დადასტურებულ ჩაფხუტებს, წინარე ეპოქისაგან გასხვავებით, როცა კოლხეთში ახლოაღმოსავლური კონუსური ჩაფხუტების არსებობა დადასტურებულია, ადრეანტიკურ-ელინისტური პერიოდის არტეფაქტები ფაქტობრივად მხოლოდ რამდენიმე ბერძნული ჩაფხუტის ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. აქედან ორი აფხაზეთშია (მდ.კელასურსა და ეშერში) ნაპოვნი, (ნახ.XII), ხოლო თითო-თითო იმერეთის სოფელ კოხთან და გურიაში, ქ.ლანჩხუთთან (იხ.24, გვ.183).

ნახ. XII. ბერძნული მუზარადების ფრაგმენტები აფხაზეთიდან (+) გადიდებისთვის დააწკაპუნეთ

მათი მახასიათებლები (მოკლე ცხვირსარიდები, მასიური კეფასარიდები, ნახვრეტების მეშვეობით ჩაფხუტს მიმაგრებული ტრაპეციისებური სალოყეები) ყველას ერთ, ხალკიდური ჩაფხუტების კატეგორიაში მიუჩენს ადგილს. აღნიშნულ მუზარადებს ზოგჯერ, ასევე, ატიკურ ჩაფხუტებსაც ეძახიან, რადგან სწორედ მათ გამოსახავდნენ ხოლმე ატიკურ შავლაკიან კერამიკაზე (33). ამათგან ადრეანტიკურ ხანას მიეკუთვნება ეშერის მიდამოებიდან ერთი ტიპის ოთხი ჩაფხუტი (30, გვ.110-111, სურ.71, 6-9), რომლებსაც გარკვეული სპეციფიკა გააჩნიათ: ყურის ამონაჭრები არ არსებობს, ხოლო ლოყასარიდი ყურსაც ფარავს (ნახ.XI, 6-12). ორი მათგანი აკინაკთან ერთადაა ნაპოვნი, რაც გ.ერლიხის აზრით, საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე ხსენებულ ჩაფხუტთა ადრეულ (ძვ.წ. V ს-ის), მანამდე უცნობ სერიასთან გვაქვს (33). სხვა მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ერთ შემთხვევაში მაინც კორინთული ჩაფხუტი ადგილზე გადაკეთებული იყო (29, გვ.85). ორიგინალური კოლხური ჩაფხუტები სოფ.გომში ნაპოვნ სასმისზეა გამოსახული (ნახ.XIX). თავისი ფორმით ისინი გარკვეულ მსგავსებას ავლენენ უძველეს ე.წ. "ყუბანის ტიპის" მუზარადებთან, რომლებიც ადრეანტიკური ხანიდან გავრცელებული იყო როგორც კოლხეთისაგან ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთითაც (აქამენიდურ სპარსეთში) (17, გვ.91-92). შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ფორმები კოლხეთისათვის უცხო დარჩა. "ყუბანის" ჩაფხუტების მსგავსად, მათი გუმბათების ფორმაც ნახევარსფერული ჩანს. სამკუთხა სალოყეები ვიწროვდება უკანა მიმართულებით და შესაძლოა, დაბალ კეფასარიდში გადადიოდეს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ კეფაზე ყუბანური ჩაფხუტებისათვის დამახასიათებელი სწორკუთხა ამონაჭერი იყოს. განსხვავებულია მხოლოდ ერთი ფიგურის (მშვილდოსნის) ჩაფხუტი, რომელსაც არც კეფისა და არც ლოყის საფარები არ გააჩნია, თუმცა ისიც, როგორც ჩანს, ამავე ტიპის ჩაფხუტების შემსუბუქებულ მოდიფიკაციას წარმოადგენს. ამავე დროს, აქ გამოსახული ჩაფხუტები მნიშვნელოვნად განსხვავდება კლასიკური ყუბანური ნამუშევრებისაგან. მათ სპეციფიკას, კერძოდ, ირიბი შტრიხებით თითქმის მთლიანად დაფარული ზედაპირი წარმოადგენს (მაშინ როცა ყუბანურ ჩაფხუტებს ლითონის ერთი ნაჭრისაგან ჭედდნენ ხოლმე). ძნელი სათქმელია, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს. შესაძლოა, აქ ზემოთხსენებული "პათლაგონური" ტიპის, ტყავის ქამრებისგან (ან ტყავისა და დრეკადი ლითონის ზოლებისგან) დაწნული ჩაფხუტის გამოსახულებასთან გვქონდეს საქმე. ამავე დროს, აქ გამოსახული მუზარადები მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ლითონისგანაა გაკეთებული. კერძოდ, აშკარად ლითონის დეტალს შუბის სალტეები წარმოადგენს, რომლებიც ჩაფხუტის გუმბათებსა და სალოყეებს ჰყოფს. ამ ჩაფხუტების სპეციფიკას, ასევე, ცხვირსარიდები წარმოადგენს. ერთ შემთხვევაში (მარჯვენა ფიგურაზე) ეს ცხვირსარიდი რუდიმენტულია, როგორც "ყუბანურ" ჩაფხუტებზეც იყო, თუმცა დანარჩენ სამ ფიგურაზე ის დიდია და მთლიანად იცავს ცხვირს. აღნიშნულ შემთხვევაში საქმე უდავოდ კოლხური სპეციფიკური ჩაფხუტების გამოსახულებასთან გვაქვს, თუმცა მათი კლასიფიკაციისა და ტიპოლოგიიზაციისათვის სხვა, უკეთესი ხარისხის გამოსახულებები, ან ნივთიერი აღმოჩენებია საჭირო.

<<...გაგრძელება (ნაწილი II)..