topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

დ. ბერძენიშვილი - ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები ქუთაისის მუზეუმიდან

<უკან დაბრუნება...<<<ექსპონატები // ქუთაისის სახ.მუზეუმი>>>


დავით ბერძენიშვილი - ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები ქუთაისის მუზეუმიდან

მადლობას ვუხდით ბატონ დავითს მოწოდებული მასალებისათვის


IV ათასწლეულის მეორე ნახევარში სამხრეთ კავკასიაში ნეოლოით-ენეოლითის კულტურა ადგილს უთმობს ადრე ბრინჯაოს ხანას, რომელიც დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება და მტკვარ-არაქსის კულტურის სახელითაა ცნობილი (იგი ძირითადად გავრცელებული იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში). პრეისტორიული და ისტორიული პერიოდების ცივილიზაცია წარმოუდგენელია ლითონის წარმოების გარეშე. სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგია მეურნეობის სხვა წამყვან დაეგებთან - მიწათმოქმედებასა და მესქონლეობასთან ერთად ქმნის მატერიალური კულტურის განვითარების საფუძველს [ინანიშვილი, მაისურაძე, გობეჯიშვილი, 2010: 6.]. სამთო-მეტალურგიული წარმოების ათვისება-განვითარების მხრივ საქართვლო ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია ძველი მსოფლიოს მატერიალური ცნობილ ძეგლთა შორის. აქ ლითონთა დამუშავების მრავალი ისეთი ტექნოლოგია გამომუშავებიათ, რომლებსაც დღესაც განცვიფრებაში მოჰყავს ამ დარგის სპეციალისტები [ხანთაძე, 2003: 9.]. მტკვარ-არაქსის კულტურაში უკვე კარგადაა წარმოდგენილი ლითონი და მის წარმოებასთან დაკავშირებული ნივთები: თიხის ტიგელები, ნამზადის ფორმები, ყალიბები, ციცხვები და სხვა. ლითონის იარაღის მეურნეობაში და საერთოდ ყოფაში ფართოდ გამოყენებამ უთუოდ აამაღლა შრომის ნაყოფიერება, ლითონის საბრძოლო იარაღმა კი გაზარდა მოსახლეობის საომარი პოტენციალი. ენეოლითიდან ბრინჯაოს გარდამავალ პერიოდში საქართველოში ვრცელდება ცულის ერთ-ერთი არქაული ფორმა საკმაოდ ნატიფი ყუადაქანებული და ყუამილიანი ცული. ორივე ეს ტიპი თითქმის ანლოგიური არიან; ერთგვარია მათი ზოგადი ხასიათი, გარეგნობა, დამზადებისა და შემკობის ხერხები; ძირითადად ერთნაირია მათი განმსაზღვრელი ნაწილები. ასევე პირის მოყვანილობით ახლოს დგანან ერთმანეთთან, რომელიც ჩვეულებრივ ვიწრო და რკალისებური აქვთ, უკან დაქანებული. ეს ცულები ძირითადად სატარეს მოყვანილობით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ყუადაქანებულ ცულს სატევრის წინა პირი შეჭრილი აქვს და  უკანა მხრიდან იგი მილისებრ გამოშვერილი არ არის. ყუამილიანი ცულების სატარე მილისებრი მოყვანილობისაა, უფრო მოგრძო და შედარებით მოკლე, რომლებსაც ზოგჯერ ყუამოკლე ან ყუაგრძელ ცულს უწოდებენ [ინანიშვილი, მაისურაძე, გობეჯიშვილი, 2010: 6.].ყუამილიან ცულებში რამდენიმე ვარიანტის გარჩევა შეიძლება. უფრო ხშირად გვხვდება მოგრძო და ყუამილიანი, ყუამილიანი და ყუადაქანებული ცულები (თავისი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ტიპოლოგიური ვარიანტით) წარმოადგენენ ადრებრინჯაო ხანის კულტურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და განმასხვავებელ ელემენტს. ყუადაქანებული და ყუამილიანი ცულების სახვადასხვა ფორმები გვხვდება წინა აზიაში, ლურისტანში ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე [Куфтин, 1949: Материали....284]. მესოპოტამიაში, ურის ადრეული ხანის სამარხებში ლეონარდ ვულიმ რამდენიმე ყუამილიანი ცული აღმოაჩინა [Бонград-Левин,.... 1986: рис.II, 3], რომელიც ფართოდ გავრცელებულია და ასევე დამახასიათებელია საქართველოსთვის.ყუამილიანი და ყუადაქანებული ცულები არ გვხვდება მცირე აზიაში და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე [Куфтин, 1949: Материали....284]. ამიტომაც, მეცნიერთა ნაწილი სავსებით სამართლიანად აღნიშნავს, რომ ძირითადი გზა ამ ცულების გავრცელებისა კავკასიაზე მოდიოდა. ცულის ეს ტიპი კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, საკმაოდ ადრეული ხანიდან ჩანს. ყოველ შემთხვევაში ბრინჯაოს კულტურის ადრინდელ საფეხურზე ყუამილიანი და ყუადაქანებული ცულები ფართო გავრცელებას პოულობს და შესაძლებელი ხდება მისი რამდენიმე ვარიანტის გამორჩევა. აღსანიშნავია, რომ აქ ეს ცულები, რომლებიც უდავოდ გენეტიკურად წინააზიურ, ძირითადად კი ძველი შუმერული ყუამილინი ცულების ფორმებს უკავშირდებიან და ხშირ შემთხვევაში, კავკასიაში ყუადაქანებული და ყუამილიანი ცულების ჩამოსხმა წინააზიურ ცივილიზაციასთან ურთიერთობის გამო მათი ნიმუშის მიხედვით ხდებოდა, თუმცა ლოკალურ ფორმებში და თანდათანობით გავრცელების გზაზე რამდენადმე იცვალა სახე, ჩამოყალიბდა ცალკეულ ფორმად, მიიღო თავისებური ერთგვარი ელფერი და ქმნის ამ ტიპის ცულების ადგილობრივ კავკასიურ ვარიანტს, რაც მათი შემდგომი განვითარების შედეგი უნდა იყოს [ლორთქიფანიძე, 2002: 78.]. არსებული მასალებიდან ისე ჩანს, რომ ამ ვარიანტის ჩამოყალიბება ძირითადად დასავლეთ საქართველოში მოხდა. აქედან უნდა გავრცელებულიყო მოგვიანებით ყუამილიანი და ყუადაქანებული ცულის კავკასიური ვარიანტი ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპასა და დუნაის აუზში, სადაც მან გვიანობამდე შემოინახა თავი. ძვ.წ. III-II ათასწ. დასაწყისში ყუადაქანებული და ყუამილიანი ცულები ვრცელდება შუა აზიაში, პალესტინაში, საბერძნეთში, ბოსნიაში, სამხრეთ რუსეთსა და უკრაინაში. დაფიქსირებულია რუმინეთსა და უნგრეთში [Куфтин, 1944: рис.8. 7,8]. ადრეული ეტაპის ყუადაქანებული ცულები საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ცხინვალის მახლობლად სოფ.ოსპირთან, ბორცვ ქულბაქებზე და სოფ. იალბუზში. [ჯაფარიძე, 1961: 21. სურ.20]. მათ პირი თითქმის თანაბარი სიფართისა აქვთ, ტანი მორკალული, წინა მხრიდან სატარე ხვრელთან მკვეთრად შეჭრილი. იალბუზის ცულს ბ. კუფტინი უკავშირებს იქვე აღმოჩენილ ენეოლითის ხანის კერამიკას. მას დასაშვებად მიაჩნდა ამ ტიპის ცულის არსებობა ენეოლითის ხანაში [Куфтин, 1949: 36]. ამავე ტიპისაა, ოღონდ რამდენადმე მასიური სოფ. ბრადაძორში (მარნეულის რ.) შემთხვევით აღმოჩენილი ცული [Куфтин, 1949: 85, ტაბ.XX), რომლის ანალოგია სომხეთის ტერიტორიაზეა ნაპოვნი და გიუმრის მუზეუმშია დაცული [Кушнарева, Чубинашвили, 1970: 116. ნახ.41,2]. ძალზე ახლო მსგავსებაა ასევე ამ ცულებსა და შენგავითში აღმოჩენილი ქვის ყალიბში ჩამოსხმულ თაბაშირის ცულს შორის. [საქართველოს არქეოლოგია, 1992:86] საინტერესოა ზაჰესში შემთხვევით აღმოჩენილი ადრეული ფორმის ცული, რომელიც ფორმით ახლოს დგას მესოპოტამიის უძველეს ცულებთან და ცნობილია თიხის მოდელების სახით ჯემდეთ-ნასრიდან, ურიდან და სხვა [ჯაფარიძე, 1961: 92]. დასავლეთ საქართველოში ზაჰესის მსგავსი ცული ცნობილია მხოლოდ მესტიის მუზეუმიდან, რომელიც ზემოაღნიშნული ცულებისაგან განსხვავებულია იმით, რომ ტანი ოდნავ მორკალულია. ერთი მათგანი ნაპოვნია იფრარის თემის სოფ. წვირიმში, ხოლო მეორე ჭუბერის ხეობაში [Чартолани, 1989: 40. ტაბ.XI. 1, 4].  ბრადაძორში აღმოჩენილი ცული ზაჰესურთან შედარებით უფრო განვითარებული ჩანს, ოღონდ თავისთავად საკმაოდ არქაული ფორმის უნდა იყოს. შუბლი მას რკალისებური აქვს. ყუა შუბლის მხრიდან სწრაფად ვიწროვდება. [ჯაფარიძე, 1955: 104. სურ.20]. ამ ტიპის ცული ფართოდ არც მესოპოტამიაში გავრცელებულა და სულ მალე დაუთმია ადგილი ყუამილიანი ცულისათვის [Куфтин, 1949: 35]. აღსანიშნავია შიდა ქართლში აღმოჩენილი ორი ცალი სოფ. მეჯვრისხევიდან [საქართველოს არქეოლოგია, 1992: 86. ტაბ.45. სურ.13, 18]. ეს ცულები გენეტიკურად უკავშირდებიან ზემოთ განხილულ ცულებს, მაგრამ მაინც ჩანს, რომ მათზე რამდენადმე განვითარებული ფორმისა არიან. მათი თხელი პირი ფხისკენ, კაჩას მხრიდან თანდათან ფართოვდება, განსაკუთრებით უახლოვდებიან ერთმანეთს ეს ცულები სატარე ნაწილით. აქაც სატარე ხვრელი წინა მხრიდან შეჭრილია. [ჯაფარიძე, 1955: 103]. სომხეთის ტერიტორიაზე, არარატის ველზე, ნაპოვნია აგრეთვე მეჯვრისხევის ყუადაქანებული ცულის მსგავსი იარაღი [ქორიძე, 1965: 51]. საინტერესოა აზერბაიჯანში ქიულ-თეფეს II ფენის ქვედა ჰორიზონტში აღმოჩენილი ყუადაქანებული ცულის ჩამოსახმელი თიხის ყალიბი [Кушнарева, Чубинашвили, 1970: 116. ნახ.41, 19], რომელიც მეჯვრისხევის ცულების ანალოგიურია. როგორც ჩანს, ეს ადრეული ტიპი ყუადაქანებული ცულისა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მტკვარ-არაქსის კულტურაში ადგილობრივ ჩამოყალიბებული ფორმა იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სვანეთში - ჭუბერში აღმოჩენილი ცული [Чартолани, 1989: 40. ტაბ.XI. 4], რომელიც თითქმის ანალოგიურია ჩრდილოეთ კავკასიაში "დიდი ყობანური ყორღანების" პერიოდში გავრცელებული ცულებისა, რომელიც უპირატესად ნოვოსვობოდნაიას სტანციაზე გვხვდებიან [Куфтин, 1949: Материали....104. ნახ.65, 3].

ახლოს დგას ამ ტიპთან კოსტრომასკაიას ერთ-ერთ ყორღანში შემთხვევით აღმოჩენილი ცული [ჯაფარიძე, 1961: 92]. გარკვეული მსგავსება ჩანს ყობანის სამაროვანზე აღმოჩენილ ადრეულ ტიპის ცულთან [ჯაფარიძე, 1961: 93]. გვხვდება იგი ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ადგილებშიც; მახოძევსკაიას, ანდრიუკოვსკაიას, პსებოსკაიას [Куфтин, 1949: Материали....226] და სხვა ყორღანებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაიკოპის კულტურა. მის ადრეულ საფეხურზე ბევრ საერთოს პოულობს დასავლეთ ამიერკავკასიიის ნამოსახლარებზე გამოვლენილ ცულებთან [ჯაფარიძე, 1976: 192],. ძვ.წ. III-II ათასწლეულში იშვიათად, მაგრამ გვხვდება ყუადაქანებული ცულები აღმოსავლეთ იმიერბალტიისპირეთის კულტურაში [Kрაинов, Лозе, 1987: 55. рис.19. 4,5] ყუადაქანებული ცულები გავრცელებულია იაროსლავის მახლობლად, ფატიანოვის (ძვ.წ. 1800-II ათასწ. დასასრული) კულტურაში [Kрაинов, 1987: 59. рис.25. 22, 24]. ყუადაქანებული ცულები გვხვდება შუადნეპრისპირეთის კულტურაში ძვ.წ. III. ათასწ. შუა ხანებში [Арциховский, 1954: 82. рис.27]. გავრცელებულია აბაშევოს კულტურაში (ძვ.წ. II ათასწ. II ნახ.) [Авдусин, 1989: 132. рис.44. 6]. ორენბურგში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნივთებიდან უმეტესობა თითქმის ასლია კავკასიელი ოსტატების მიერ დამზადებული იარაღებისა და განეკუთვნებიან ძვ.წ. III-II ათასწ. ისინი ითვლებიან აღმოსავლეთ ევროპის კავკასიურ ეტაპად [Черних, 1969: 3] და მათი წარმოება თითქმის მთლიანად დამოკიდებულია სამხრეთ კავკასიაზე. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქაული ტიპის მასიური ყუადაქანებული ცული ბევრი არ არის. ამ ტიპის იარაღებმა ვერ პოვა ჩვენში ხანგრძლივი გავრცელება და დაუთმო ადგილი უფრო განვითარებულ ფორმას ვიწროტანიან ყუადაქანებულ და ყუამილიან ცულებს, რომელებიც საჩხერული ტიპის სახელწოდებით არიან ცნობილი. საჩხერის სამაროვანზე აღმოჩენილ ყუადაქანებულ-ყუამილიან ცულებში რამდენიმე ვარიანტი გამოირჩევა. აქ გვხვდება ძირთადად არქაული ფორმის ცულები ნამგლისებური მოყვანილობის პირით და შედარებით მოგრძო მილით, პრაქტიკული მიზნისთვის ეს ცული ნაკლებად გამოსადეგი ჩანს და იგი ალბათ უფრო სარიტუალო ხასითის უნდა ყოფილიყო [Куфтин, 1949: 12], ერთი სავსებით ასეთივე ცული დაცულია ქუთაისის მუზეუმში №5410/А-8/6 (სურ.1) (ქუთაისის მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილია ორი ყუამილიანი ცული, რომელიც შემოსულია მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მუზეუმის გახსნამდე. მათი აღმოჩენის ზუსტი ადგილი უცნობია. ჩვენ მათ პირობითად ქუთაისის ცულებს ვუწოდებთ), რომელსაც მოტეხილი აქვს გრძელი მილისებრი სატარის ძირითადი ნაწილი, შერჩენილია ტარის ქვედა ნაწილი, რკალურშუბლიანი, ნამგლისებური მოყვანილობის პირით, რომელიც ფხისკენ ოდნავ ფართოვდება. იგი ზოგადად ოთხწახნაგაა, მაგრამ წახნაგები ძლიერ მომრგვალებული აქვს, ზედაპირი დაფარულია მწვანე პატინით. ცულის სიმაღლე - 10,5 სმ, პირის სიფართოვე - 2,5 სმ. ეს ცულიც სრულიად გამორიცხულია სამეურნეო და საბრძოლო დანიშნულებისათვის. აღნიშნულ ცულს რამდენადმე უახლოვდება კარალეთის ცული [ქორიძე, 1965: 53. სურ.46,2]. ანალოგიური ვიწროტანიანი, ორი ყუამილიანი ცული ცნობილია ეშერის ჯგუფის დოლმენიდან [Куфтин, 1949: Материали....284. XXXII]. ერთი ამგვარი ცული, სავარაუდოდ, დოლმენშია ნაპოვნი სოფ. ოთრარაში, საიდანაც ცნობილია მრავალი დანგრეული დოლმენი [ჯაფარიძე, 1961: 145]. აღნიშნული ყუამილიანი ცულები და ქუთაისის ანალოგიური ცული დოლმენური კულტურის ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურის ბოლო პერიოდისაა, წინ უსწრებს კოლხურ კულტურას და მისი ასაკი უნდა განისაზღვროს ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრულით და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. საჩხერის სამარხებიდან ცნობილია აგრეთვე მოგრძო, ვიწროტანიანი და ფართოპირიანი უფრო განვითარებული ყუამილიანი ცულები. ერთი ანალოგიური ცული დაცულია ქუთაისის მუზეუმის ექსპოზიციაში №5410/ А-8/7 (სურ.2), რომელსაც აქვს მაღალი ტანი, მნიშვნელოვნად მოხრილია ტარისკენ, თითქმის თანაბარი სისქის ბრტყელი პირი ფხისკენ თანდათან და შესამჩნევად ფართოვდება, სამუშაო პირის ფხა ოდნავ შუაშია შეჭრილი. ზედაპირი დაფარულია მწვანე პატინით. ცულის სიმაღლეა - 31, 5 სმ, პირის მაქსიმალური საფართოვე - 10 სმ. ამ ტიპის ცულები საქართველოში აღმოჩენილია სვანეთში [ჩართოლანი, 1977: 34. 37. ტაბ.II,1. VI,1], ივანწმინდაში, ჭიათურის მახლობლად და ერთიც ცაგერის მუზეუმშია დაცული [ჯაფარიძე, 1955: 82]. მათი გამოყენება შეიძლება მსუბუქ სამუშაოზე და ბრძოლის პროცესში. როგორც ჩანს, გამოყენების თვალსაზრისით, უპირატესობა მაინც სამეურნეო დანიშნულებას ჰქონდა. ასეთი იარაღი ხელსაყრელია ხეზე კვეთისათვის. საქართველოში ცულის ეს ტიპი გავრცელებული იყო შუა ბრინჯაოს ადრეულ ეტაპზე და ქუთაისის ცული ამ ეპოქით უნდა დათარიღდეს. გ.გობეჯიშვილმა ამ ტიპის ცულები აღმოაჩინა ზემო რაჭაში, ბრილის სამაროვანზე [გობეჯიშვილი, 1952: 58. ტაბ.X. სურ.7, 9]. საჩხერულ ყუამილიან ცულებთან ძალიან ახლოს დგას ერთი ცული სურმალინის მხრიდან (ყარსის ყოფილი ოლქი), რომელიც დაცულია ბორჯომის მუზეუმში [ქორიძე, 1965: 53. სურ.48], ზუგდიდის მუზეუმში დაცულია სოფ. მახარიაში აღმოჩენილი შუაბრინჯაოს ხანის ყუამილიანი ცული [გელაძე, პაპუაშვილი, ტუღუში, 1980: 45. ტაბ.1,1]. აგრეთვე დაფიქსირებულია გალის რაიონ სოფ. ფიჩორის შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარზე [ბარამიძე, ჯიბლაძე, ჩიგოშვილი, 1990: 19]. ერთი ცალი შემთხვევით აღმოჩნდა ზესტაფონის რ. სოფ.კინოთში [ლომთათიძე: 1957: 6. სურ.1]. მართალია მრავალრიცხოვანი არ არის, მაგრამ აღმოჩენილია  აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული შიდა ქარლის ტერიტორიაზე: სოფ. ქვასათალში, ორი სოფ. გუფთიდან [Куфтин, 1949: таб.XX], სოფ.თლილის სამაროვნიდან [Техов, 1980: 9. таб.17,1]. ერთი ცალი აღმოჩნდა მარნეულის ველზე სოფ. ქვემო სარალის ძვ.წ.III-II ათასწლეულით დათარიღებულ ყორღანში [ჯაფარიძე, 1975: 148. ტაბ.46,1]. სამხრეთ კავკასიაში აღმოჩენილია ორი ცული - ერთი სევანის ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირთან, ჯოჯ-კოლონის ყორღანში [ჯაფარიძე, 1976: 129. სურ.56] და მეორე კი - გიუმრიდან [Куфтин, 1944: 15. рис.14,1]. ბედენის ერთ-ერთ გორსამარხში აღმოჩნდა არქაული ფორმის ყუამილიანი ცული განვითარებული და სამეურნეო საქმეში პრაქტიკულად მოსახმარი, საკმაოდ გრძელი და  მსხვილი ყუამილით, რომელშიც შემორჩენილი იყო ხის ტარის მოზრდილი ნაშთი. [გობეჯიშვილი, 1981: 85. ტაბ.X, 1]. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის იარღმა ძალიან ფართო გავრცელება ჰპოვა ჩრდილოეთ კავკასიაში. როგორც ჩანს, აქ, ცულები ძირითადად გავრცელებული იყო შუა ბრინჯაოს ხანის ფინალურ სტადიაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩრდილოეთ ოსეთში სოფ. გალიათთან "ფასკაუს" სამაროვანზე მოპოვებული რამდენიმე ვარიანტის ყუამილიანი-ყუადაქანებული ცულები. ზოგი მათგანი ძალიან ახლოს დგას საჩხერულ ცულებთან [Куфтин, 1944: таб II. рис.1] მათ ვხვდებით დასავლეთ საქართველოს დოლმენებში [Куфтин, 1949: Материали....269. таб. V]. კოლხეთის ყველაზე მაღალმთიან ზოლში, სვანეთის ტერიტორიაზე ყუამილიანი ცულები საკმაო რაოდენობითაა ნაპოვნი [ჩართოლანი, 1996: 49-51. ტაბ.XIII, XIV.] ისინი უახლოვდებიან საჩხერის განვითარებული ფორმის და ქუთაისის ყუამილიან ცულებს. იგივე უნდა ითქვას ჭიათურის მიდამოებში [ქორიძე. 1965: 53. სურ.47) აღმოჩენილ ცულზე. ქუთაისის და საქართველოს ტერიტორიის სახვადასხვა რეგიონში აღმოჩენილ ცულებს დიდი მნიშვნელობა აქვს სპილენძ-ბრინჯაოს ტექნიკის განვითარებისა და მისი გავრცელებისათვის. აღმოჩენილი მატერიალური მასალა ადასტურებს, რომ საქართველო მახლობელი აღმოსავლეთის ქეყნებს შორის ლითონის წარმოების ერთ-ერთ უძველეს და ძლიერ კერას წარმოადგენდა და სამხრეთ კავკასია იყო ერთ-ერთი მთავარი ცენტრი, რომლიც სატრანზიტო გზის საშუალებით უკავშირდებოდა ჩრდილოეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპას.

დამოწმებული ლიტერატურა:

1. ბარამიძე მ., ჯიბლაძე ლ., ჩიგოშვილი თ., 1990: არქეოლოგიური კვლევა-ძიება აფხაზეთის ასსრ სამშენებლო მოედნებზე _ კრებული ,,ძეგლის მეგობარი” №85, 18-24 = ოთ. ლორთქიფანიძე (რედ.). თბილისი

2. გელაძე@გ., პაპუაშვილი რ.., ტუღუში ა., 1980: ზუგდიდის მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალის შესახებ _ კრებული ,,ძეგლის მეგობარი”  №53, 44-50 = ოთ. ლორთქიფანიძე (რედ.). თბილისი

3. გობეჯიშვილი გ., 1952: არქეოლოგიური გათხრები საბჭოთა საქართველოში. თბილისი

4. გობეჯიშვილი გ., 1981: ბედენის გორსამარხების კულტურა. თბილისი

5. ინანიშვილი გ., მაისურაძე ბ., გობეჯიშვილი გ., 2010: საქართველოს უძველესი სამთამადნო და მეტალურგიული წარმოება (ძვ. წ. III - I ათასწლეულები). თბილისი

6. ლომთათიძე გ., 1957: კლდეეთის სამაროვანი. თბილისი

7. ლორთქიფანიძე ო., 2002: ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან. თბილისი

8. საქართველოს არქეოლოგია, 1992: II, ენეოლით-ადრე ბრინჯაოს ხანა. თბილისი

9. ქორიძე დ., 1965: კოლხური კულტურის ისტორიისათვის. თბილისი

10. ჩართოლანი შ., 1977: სვანეთის ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი

11. ჩართოლანი შ., 1996: ძველი სვანეთი. თბილისი

12. ხანთაძე ჯ., 2003: ლითონთა სამყაროში ფერდინად თავაძესთან ერთად. თბილისი

13. ჯაფარიძე ო., 1955: ლითონის წარმოების ადრეული საფეხური საქართველოში. თბილისი

14. ჯაფარიძე ო., 1961: ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე. თბილისი

15. ჯაფარიძე ო., 1975: ბრინჯაოს ხანის ყორღანები _ ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), 137-166 = ალ. ჯავახიშვილი (რედ.), თბილისი

16. ჯაფარიძე ო., 1976: ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის. თბილისი

17. ჯაფარიძე ო., 2003: საქართველოს ისტორიის სათავეებთან. პირველყოფილი ეპოქა. თბილისი

18. Авдусин Д. А., 1989: Основи археологии. Москва

19. Арциховский А. В., 1954: Основи археологии. Москва

20. Бонград-Левин Г. М., Деопик Д. В., Деревянко А. П., Кучера С. Р., Массон В. М., 1986: Археология  зарубежной Азии.  Москва

19. Краинов Д. А., Лозе И. А.,1987: Культуры шнуровой керамики и ладевидных топоров в восточной Прибалтике, 51-57 - Эпоха бронзи лесной полосы СССР. Рыбаков Б. А., (ред.), Москва

20. Краинов Д. А., 1987: Фатьяновская культура, 58-76, _ Эпоха бронзи лесной полосы СССР. Рыбаков Б. А., (ред.), Москва

21. Куфтин Б. А., 1944: К вопросу о древнейших корнях грузинской культуры на Кавказе по данным археологии _ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XII, 16-37 - ა. აფაქიძე (რედ.) თბილისი

22.  Куфтин Б. А., 1949: Археологическая маршутная зкспедиция 1945 г. Юго-Осетю и Имеретию. Тбилиси

23. Куфтин Б. А., 1949: Материалы к археологии колхиды, т. I.  Тбилиси

24. Кушнарева К. Х., Чубинашвили Т.Н., 1970: Древние культуры южного Кавказа. Ленинград

25. Техов Б. В., 1980: Тлийский могилник. Тбилиси

26. Чартолани Ш. Г., 1989: К истории на горья западной Грузии доклассовй эпохи. Тбилиси