topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ხევსურული თემის მმართველობის სისტემა - ვ.ბარდაველიძე

<უკან დაბრუნება...<<<ტრადიციები // ხევსურეთი>>>


ვ.ბარდაველიძე - ხევსურული თემის მმართველობის სისტემა // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XIII,  №10, 1952, გვ.623-630 - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია: ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი, თბილისი

ხევსურების ყველა თემური ორგანიზაცია, დაწყებული უმცირესი თემური უჯრედიდან, როგორიც იყო სასოფელთაშიდა თემი. და გათავებული სრულიად ხევსურეთის თემით, ორ ძირითად ფენად იყოფოდა, რომელთაგან ერთს ერისგანნი და მეორგს ჯვარიონნი შეადგენდნენ. ერისგანნი, როგორც გვიჩვენებს თვით ეს სახელწოდება, ნაწარმოები ძველი ქართული სიტყვიდან ერი "ხალხი", "ჯარი" - შეიარაღებულ მეთემეთა ფართო მასას ერქვა, ხოლო ჯვარიონნი თემის თეოკრატიულ ხელისუფლებას ეწოდებოდა. ხშირ ლაშქრობათა და ძლიერ განვითარებული სისხლის შურისძიების გამო ხევსური მეთემე მუდამ შეიარაღებული იყო. ხევსური საყრმიდანვე სწავლობდა სამხედრო ხელოვნებას და საგანგებოდ წნელისგან მოწნული საყმაწვილო ფარებითა და ხის დაშნებით ვარჯიშობდა. შინაური წვრთნის გარდა, რომელიც, ბუნებრივია, ოფიციალურ ხასიათს არ ატარებდა, ხევსურებისა და სხვა ქართველი თემების საჯვარო, ანუ სახატო დღეობათა წლიური ციკლის კალენდარში შედიოდა გარკვეული რიგის დღეობები, რომლის დროსაც 6-12 წლის ბავშვები (ბიჭები), ჭაბუკები და შუახანს მიღწეული მამაკაცები ჯვარის, ანუ ხატის მთავარი მსახურის უშუალო ხელმძღვანელობით აწყობდნენ დისტანციაზე სირბილს დროშებით ან უდროშოდ, სიშორეზე ქვის სროლას, სიმაღლეებიდან გადახტომას, ცოცხალი ფრინველებისათვის თავის წაწყვეტას, მტერზე დაცემის, ხელჩართული ბრძოლისა და მტრის დატყვევების ინსცენირებას, დოღს და სხვა მისთანათ, რაც თავდაპირველად, უეჭველია, მიზნად ისახავდა მეთემეთა მომზადებას საომარი მზადყოფნისათვის და სამხედრო ლაშქრობათათვის.

სამხედრო ოპერაციების დროს ხევსურების უმცირესი და მცირე თემების მამროვანნი ერათიანდებოდნენ და სახევო და სახევთაშორისო რაზმებს ადგენდნენ, რომლებსაც თავ-თავისი დროშები ჰქონდათ. ხოლო სრულიად ხევსურეთის ლაშქარი (საღმრთო გუდანის ჯვარის ალმის (ჯვარის) წინამძღოლობით) ე.წ. სადროშოებისაგან დგებოდა, რომლებშიც სახევო და სახევთაშორისო რაზმები იყო გაერთიანებული. ხევსურების არც ერთი სამხედრო ოპერაცია ორაკულის გარეშე არ ტარდებოდა. თემის მოსახლეობა სათემო მიწაზე იჯგა, რომელიც არა მარტო ამ ქართველი ეთნიკური ერთეულის ცხოვრების ჩვენთვის საყურადღებო ხანაში, არამედ გაცილებით უფრო ადრეც გაგებული უნდა ყოფილიყო როგორც თემის ერთობლიობის განმასახიერებელი ჯვარის საკუთრება. მიწათმფლობელობის მხრივ ჩვენ აქ შემდეგ ვითარებას ვამოწმებთ. ხევსურების მიწა-წყალი დაყოფილი იყო, ერთი მხრივ, სათემო მიწებად, რომელიც თემის მესაქონლეობისა და აგრარული მეურნეობის საფუძველს შეადგენდა, და მეორე მხრივ - ჯვარის მიწებად. ამასთანავე, რადგან თემის მთელი ტერიტორიის მესაკუთრედ სათემო ჯვარი ითვლებოდა, თემი, როგორც სათემო მიწების მფლობელი, თავისი ჯვარის წინაშე გარკვეულ ვალდებულებას იხდიდა. ამიტომ, თუ თემს ამ ვალდებულების გადახდის საქმეში მისი რომელიმე წევრი გამოეთიშებოდა, უკანასკნელი სათემო მიწების ე.წ. საწილოებით, ანუ ნაწილარებით სარგებლობის უფლებას კარგავდა. სათემო მიწათმფლობელობა, თავის მხრივ, სასოფლო, სამამო (ივარაუდება მფლობელობა ახალ მამა- საძმოთა კოლექტივებისა [1], გვ.496) და საკომლო, ანუ ე.წ. უნჯი მიწების მფლობელობის ფორმით იყო წარმოდგენილი. ამათგან საკომლო მიწათმფლობელობამ ჩვენთვის საყურადღებო პერიოდში ვერ მიაღწია სრული სახით განვითარებას და კერძო საკუთრების ფორმით ვერ ჩამოყალიბდა. იმ ხანად მიწათმფლობელობის გაბატონებულ ფორმას სამამო მიწები, ანუ მამულები შეადგენდა. საწარმოო ძალების განვითარების დაბალი დონის პირობებშთ მამულების არსებობის წყალობით თემის ფართო მოსახლეობაში ქონებრივი უთანასწორობა სუფევდა.

სათემო მიწებს გარდა თემი სარგებლობდა სათემო ჯვარის მიწებით, ამათგან პირველ რიგში ჯვარის მამულებით. ჯვარის მამულები გაცემული იყო თემში მოსახლე ცალკეულ მამებზე. ამიტომ ეწოდებოდათ მათ ჯვარის სამამო მიწები, ანუ ჯვარის მამულები), რომლებიც ამ მამულებს კომლობრივად ამუშავებდნენ და ჯვარს, გარდა ზემოაღნიშნული მოვალეობის შესრულებისა, გარკვეული რაოდენობის ღალას უხდიდნენ. იმავე დროს მეთემეთა ცალკეული ოჯახები მორიგეობითი წესით სარგებლობდნენ ჯვარის მიწის ნაკვეთებით, რისთვისაც მორიგე მეკომურს სათემო ჯვარში ნატურალური გადასახადი შეჰქონდა. ამას გარდა გავრცელებული იყო სათემო ჯვარის მიწის ნაკვეთებით სარგებლობა ვადიანი ნატურალური გადასახადით ჯვარის ყმათაგან მცირე მიწა-წყლის მქონე კომლების მიერ. და ბოლოს, მეთემენი კოლექტიურად ამუშავებდნენ სათემო ჯვარის საუკეთესო, შედარებით დიდი და მთლიანი ფართობის მიწებს, რომლებიც ხევსურების ეთნოგრაფიულ გადმონაშთებში სალუდეების, საულავოებისა და ხოდაბურების სახელწოდებით შემოინახა. სამხედრო და ჯვარის მეურნეობაში კოლექტიურ და სარიგაო საკომლო ვალდებულებათა გადახდის გარდა მეთემენი ასრულებდნენ მთელ რიგ სხვა ვალდებულებებს, რომელთა უმრავლესობა ნივთიერ საზღაურში გამოიხატებოდა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ერისგანნი მათზე დაკისრებულ თითქმის ყველა ვალდებულებას ორმაგად და სამმაგად იხდიდნენ: ერთნი თავისი სასოფლო და სახევო ან სახევთაშორისო ჯვარებისათვის, რომელთაგან ერთ-ერთი იმავე დროს მათ სამამო ან საგვარო ჯვარს წარმოადგენდა, და მეორენი, ამათ გარდა, სრულიად ხევსურეთის ჯვარისათვის. ამგვარად, ეთნოგრაფიული გადმონაშთების შესწავლის გზით აღდგენილი ხევსურული თემი კვლავ უახლოვდება ძველაღმოსავლურ საზოგადოებებს  ახლა უკვე თავისი მიწათმფლობელობისა და მეურნეობის ფორმებით (გარდა სტრუქტურის მხრივ მსგავსებისა, რომელიც შეიმჩნევა ხევსურულ თემსა და ძველაღმოსავლურ თემებს შორის [1], გვ.496-497). ძველი აღმოსავლეთის კულტურული ქვეყნების ტაძრების მსგავსად, ხევსურული ჯვარები თემის მასშტაბით მსხვილი საადგილმამულო მესაკუთრენი იყვნენ. დიდი ფართობის საჯვარო მიწები, რომელთა მეთემეებზე გაცემა არ ხდებოდა, საფუძველს წარმოადგენდა ჯვარის მესაქონლეობისა და აგრარული მეურნეობისას, სადაც ერისგანნი კოლექტიურ მწარმოებელთა ძირითად მასას შეადგენდნენ (სათანადო ეთნოგრაფიულ გადმონაშთებში შემონახულია ზოგიერთი ჩვენება სრულიად ხევსურეთის თემში შინაური მონობის არსებობაზე). ამ უშუალო მწარმოებელთა უმრავლესობა საკუთარი საწარმოო საშუალებების ნაკლებობას განიცდიდა; ყოველ შემთხვევაში, მთავარი საწარმოო საშუალებანი მათ იმდენად მცირე ჰქონდათ, რომ ეს გარემოება ერისგანთ სათემო ჯვარისაგან დამოკიდებულ მდგომარეობაში აყენებდა.ამასთანავე რიგი ეთნოგრაფიული გადმონაშთებისა გვაფიქრებინებს, რომ სათემო ჯვარში თავმოყრილი საწარმოო საშუალებანი ოდესღაც გვაროვნული თემების კოლექტიურ მფლობელობასა და სარგებლობაში უნდა ყოფილიყო. ჯვარიონთა წრეს განეკუთვნებოდნენ სათემო ჯვარის მემკვიდრეობითი და წილისყრის წესით არჩეული მუდმივი და დროებითი მსახურნი, რომლებიც იმავე დროს თემის მმართველობისა და სამსახურის ორგანოებს წარმოადგენდნენ. თემური ორგანიზაციების დიდ უმრავლესობაში (სრულიად ხევსურეთის, სახევთაშორისო, სახევო და მთელ რიგ უფრო მცირე თემებში) ამ აპარატს შეადგენდა, იერარქიის მტკიცე თანრიგის დაცვით, შემდეგი სამი მთავარი ინსტანცია: 1.დარბაზი და თავ-მორიგენი, 2.მორიგენი, 3.სათემო ჯვარის სამეურნეო პერსონალი და წვრილი მოხელეები. დარბაზი თემის მმართველობის უმაღლესი ორგანო იყო. იგი ჯვარიონთა ე.წ. ზღურბლდალახული წევრებისაგან შედგებოდა. ზღურბლის დალახვის, ანუ საჴელოში ჩადგომის წესი ასახიერებდა ჯვარის ზეციურ სასუფეველთან რჩეული მეთემის ზიარების მისტერიას, რომლის გადახდა რჩეულის ოჯახისაგან დიდ ხარჯებს მოითხოვდა.

რაც შეეხება თემს მთლიანად (ე.ი. ერისგანთ და ყველა ჯვარიონს), იგი დარბაზში არ შედიოდა. დარბაზი არჩევდა თემის საგარეო და საშინაო საკითხებს და მათ შესახებ განაჩენი გამოჰქონდა. იქ მუშავდებოდა თემის გარეშე მტრების წინააღმდეგ მოქმედებისა და გარკვეული დროის მონაკვეთისათვის შინათემურ სამუშაოთა გეგმები. დარბაზს გადაწყვეტილება გამოჰქონდა აგრეთვე თემის იმ ცალკეულ წევრთა დასჯის საშუალებებზე, რომლებსაც დანაშაული მიუძღოდათ ჯვარისა და ჯვარიონთა წინაშე, ანდა თავისი მოქმედებით თემში გაბატონებული წესრიგის დარღვევისათვის. დარბაზი იკრიბებოდა ჯვარის ერთ-ერთ შენობაში, რომელსაც იგივე სახელი დარბაზი ეწოდებოდა. დარბაზის შეკრება "დიდი დღეობების" წინა დღეს ან წინა საღამოს ხდებოდა, ხოლო მისი გადაწყვეტილებანი, გარდა სიკვდილით დასჯის განაჩენისა, თვით ამ დღეობა დღეს საჯაროდ ცხადდებოდა. "დიდ დღეობებად" მიჩნეული იყო ისეთები, რომლის დროსაც დარბაზის შენობიდან ჯვარს (დროშას) "გამოაბრძანებდნენ". დარბაზის გადაწყვეტილებას აცხადებდა ხევისბერი ან ხუცესი ფრიად საზეიმო ვითარებაში, ჯვარიონთა თანხლებით და გარკვეული რიტუალის დაცვით. დარბაზის გადაწყვეტილებათა გამოცხადებისთანავე, მათი შემაგრების მიზნით, ერთიმეორის მიყოლებით ორი წესი ტარდებოდა - ე.წ. სოფლის პირის გამაგრების ფიცი და სოფლის მოღალატეთა დარისხვება. თემის მმართველი ხელისუფლება ამ წესებს სხვა დღეობებშიც ატარებდა, რადგან ისინი, სხვა მრავალ ღონისძიებასთან ერთად, ხელს უწყობდნენ თემში გაბატონებული წყობილების განმტკიცებას. თემის უმაღლეს ხელისუფლებას, დარბაზს გარდა, შეადგენდნენ თემის უფროსი და ე.წ. ჯვარის მეენე, ანუ ქადაგი, რომლებიც იმავე დროს სათემო ჯვარის მთავარი ქურუმები იყვნენ. თემის უფროსს - უეჭველია, პირველყოფილი თემური წყობილებიდან წარმომდინარე სახელი - ხუცი, ანუ ხუცესი ერქვა. ამ სახელის პარალელურად სრულიად ხევსურეთის თემისა და მასში შემავალი ზოგიერთი მსხვილი თემის უფროსები ხევისბერის სახელს ატარებდნენ. ხევისბერი, ხუცესი და მეენე სათემო ჯვართან ყველაზე დაახლოებულ პირებად ითვლებოდნენ, რომლის სახელითაც ისინი თემში წესწყობილებას ამყარებდნენ. ამიტომაც ეს ორი პირი თავ-მორიგენის, ანუ თავ-მერიგენის ეპითეტით მოიხსენიებოდნენ. მსხვილ თემებში ხევისბერი, ანუ ხუცესი რამდენიმე (გადმონაშთების მიხედვით 2-4) იყო და ამათგან თავ-მორიგედ მხოლოდ ერთი ითვლებოდა. თავ-მორიგეობა (ე.ი. თემის უფროსისა და ჯვარის მეენის) ხელისუფლება მუდმივი, ხოლო მათი თანამდებობა რიგ თემებში მემკვიდრეობითი იყო. ისინი უნჯ ყმათა ([1], გვ.499) წრიდან გამოდიოდნენ და ამასთანავე სათემო ჯვარის მიერ არჩეულ და თავის თანამდებობაზე დაყენებულ პირებად ითვლებოდნენ. ხუცესი (ანუ ხევისბერი) თემის საერო და სასულიერო ცხოვრებას ხელმძღვანელობდა. მრავალი თემის მიმართ დამოწმებულ გადმონაშთებში ხუცეს-ხევისბერი განუსაზღვრელი უფლების მქონე პირად ისახება თავისი თემის ფარგლებში. მაგრამ, ეჭვს გარეშეა, გარკვეული, ამასთანავე საკმოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, მას არ შეეძლო დარბაზის გარეშე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. სასულიერო ცხოვრებაში ხუცესი (ხევისბერი), როგორც მთავარი ქურუმი, ყველა მთავარ სატაძრო რიტუალსა და მსხვერპლის შეწირვის წესებს ასრულებდა. ამავე დროს ის განაგებდა სათემო ჯვარის ქონებას, კერძოდ ჯვარის მიწებსა და საქონელს. მის ფუნქციაში შედიოდა აგრეთვე, ერთი მხრივ, ჯვარის საჭურჭლისა და ქონების დაცვის საქმეში მეთვალყურეობა და, მეორე მხრივ, ხვნა-თესვის, მკის, ლეწვისა და სხვა სახის აგრარულ და მესაქონლეობის დარგის სამუშაოთა წარმოების ხელმძღვანელობა ჯვარის მეურნეობებში, ხოლო რიგ შემთხვევაში მეთემეთა მეურნეობებშიც. და ბოლოს, მის მოვალეობას შეადგენდა სათემო ჯვარში საღალე საბეგრო და საბალახე შემოსავალთა და სხვადასხვაგვარ ვალდებულებათა უზრუნველყოფა (ეს უკანასკნელი მოვალეობა ჯვარის მეენის ფუნქციაშიც შედიოდა). ხუცები, განსაკუთრებით მსხვილი თემების ხევისბერები, რჯულის საკითხებშიც ერეოდნენ, ხოლო სრულიად ხევსურეთის თემის ხევისბერ-მეენე საღმრთო გუდანის ჯვარის სახელით მთავარი რჯულისმდებლის როლში გამოდიოდა ხევსურეთის მასშტაბით. მისი ინიციატივით საღმრთო გუდანის ჯვარში იკრიბებოდნენ ხალხური სამართლის საუკეთესო მცოდნე პირები - ბჭეხევისბერნი, რომლებსაც მეენის ორაკულის საფუძველზე გადაწყვეტილებანი გამოჰქონდათ და ან სრულიად ხევსურეთის რჯულში ცვლილებები შექონდათ. ქადაგობის შინაარსი და საღმრთო გუდანის ჯვარის ბჭე-ხევისბერთა გადაწყვეტილებანი სათანადო წარმომადგენლების მეშვეობით გადაეცემოდა სახევო თემების დარბაზებს, იქიდან კი სასოფლო და სასოფელთაშიდა თემებში ატყობინებდნენ. წლის დასაწყისს (დღეობა წელწადს) სახევო თემის ჯვარშიც სვამდნენ თავის ხევისბერ-მეენეს, რომელიც სახევო ჯვარის სახელით ქადაგობდა. ამ ქადაგობის საფუძველზე თემის ბჭე-ხევისბერნი ადგილობრივ საქმეებს არჩევდნენ და მათ შესახებ დადგენილებები გამოჰქონდათ. იმავე დროს ეს ბჭე-ხევისბერნი საღმრთო გუდანის ჯვარის გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ხოლო ზოგჯერ ამ გადაწყვეტილებათა მუხლებში ცვლილებები შეჰქონდათ ადგილობრივ პირობებთან და საქმის ვითარებასთან შეფარდებით. მაგრამ სრულიად ხევსურეთის რჯული ძირითადად საღმრთო გუდანის ჯვარში მუშავდებოდა და ყველანი მას ემორჩილებოდნენ. ხუცესი (ხევისბერი) ხალხის თვალში უწმინდესი არსება იყო. ქალები მის სახელს ვერ წარმოთქვამდნენ. იმათ მის საცხოვრებელ ბინაში შესვლაც ეკრძალებოდათ. ჩვენ მოგვეპოვება არამცირე მაგალითები ხუცეს-პევისბერის გაღმერთებისა მისი სიკვდილის შემდეგ. მისი საფლავი საკულტო ადგილი ხდებოდა, სადაც საჯვარო დღეობებს მართავდნენ. ხუცესისა თუ ხევისბრის ხელისუფლერის ატრიბუტს არგანი, ანუ ყავარჯენი შეადგენდა. მისი განმასხვავებელი ნიშნები იყო აგრეთვე ვერცხლის შიბები და ყელსადები ხატი (ჯვარი). თემის მეორე თავ-მორიგეს, როგორც ითქვა, ჯვარის მეენე, ანუ ქადაგი წარმოადგენდა. როცა სათემო ჯვარში ხუცესთან ერთად მეენეც იყო, ორაკულის ფუნქციას უკანასკნელი ასრულებდა, ანდა ამ ფუნქციას ორივენი მეგობრულად იზიარებდნენ, ე.ი. მას ერთიც ასრულებდა და მეორეც. სათანადო ეთნოგრაფიული გადმონაშთები ნათელყოფს, რომ სრულიად ხევსურეთის თემში განსაკუთრებით დაძაბული იყო რელიგიური ცხოვრების მქადაგობრივი მხარე. იმ პერიოდში, როცა მკვეთრად გამიჯნული ჯვარის მფლობელობა და მეურნეობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული თავ-მორიგეთა ინტერესები თემურ მფლობელობას და მეთემეთა მეურნეობასა და ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, - თემის მმართველობის მეთაურთათვის, რომლებიც გაშმაგებით იცავდნენ ჯვარის ინტერესებს, ორაკული შეადგენდა მძლავრ იარაღს რიგით მეთემეებთან ბრძოლაში. ორაკულების თანახმად, თემის უზენაესი ბატონ-პატრონისათვის იმხანად ყველაზე სასურველ შესაწირავს მეთემეთა მიწები და მუშა საქონელი წარმოადგენდა.

ჩემი მონოგრაფიის ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც ხევსურული თემის სამეურნეო საკითხებს მიეძღვნა, დადგენილია არამცირე მაგალითები იმისა, რომ მთელი სასოფლო თემის, მთელი მამის და აგრეთვე ცალკეულ კომლთა მიწები, რომლებიც მეთემეებს ათვისებული ჰქონდათ ხშირად საკუთარი საწარმოო საშუალებებით და მუდამ საკუთარი შრომითა და ოფლით, სათემო ჯვარის მფლობელობაში გადადიოდა სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლებსაც ხუცესი თუ ხევისბერი და მეენე სათემო ჯვარის სახელით აცხადებდნენ. არსებითად ამგვარი ორაკულები სათემო ჯვარის სასარგებლოდ მეთემეთა მიწების, საზოგადოდ მათი ქონების წაგლეჯის შენიღბულ საშუალებას წარმოადგენდნენ. ამგვარად, ჯვარის მეენე, ხუცეს-ხევისბერთან ერთად, სათემო ჯვარსა და მეთემეთა შორის შუამდგომლის როლში გამოდიოდა და ჯვარის სახელით ჯვარის ქონების გაფართოებისათვის ზრუნავდა. ამასთან ერთად მეენის მოვალეობას შეადგენდა რელიგიური წესების შეუხრელად შესრულების მეთვალყურეობა, მივიწყებულ დღეობათა და სხვადასხვა საღვთისმსახურო ინსტიტუტების აღდგენა-შემაგრებაზე ზრუნვა, ამინდზე, მოსავლიანობაზე და სხვა მისთანათა შესახებ წინასწარმეტყველება [2]. უკანასკნელ ფუნქციასთან დაკავშირებით მეენე მნათობებზე და ციფრ მოვლენებზე დაკვირვებებს აწარმოებდა. ამდენად იგი ქართველი თემების ისტორიაში, უეჭველია, პირველი მეცნიერი-ასტროლოგი იყო. ხევსურების ძველმა ყოფამ ჩვენამდე შემოინახა მეენის განსაკუთრებული ლექსიკონი, რომლითაც ის ქადაგობის დროს სარგებლობდა და რომელიც ცნობილი იყო ჯვართ ენის სახელწოდებით. ჯვართ ენის გადმონაშთები სპეციალურ ტერმინთა და გამოთქმათა გლოსარს წარმოადგენს [2], რომელიც ხატოვანებითა და მაღალი სტილით ხასიათდება. უადგილობის გამო ჩვენ იძულებული ვართ თემის მმართველობისა და მსახურების ორგანოთა მეორე - უმაღლეს მოხელეთა ინსტანცია და მესამე ინსტანციიდან ჯვარის სამეურნეო პერსონალი გამოვტოვოთ და ამ უკანასკნელ ინსტანციაში წარმოდგენილ წვრილ მოხელეებზე შევჩერდეთ. წვრილი მოხელეები, როგორც რეალურ სინამდვილეში ოდესღაც მოქმედი ადამიანები, არ შემოინახა არც ძველი ყოფის გადმონაშთებში და არც ხალხურ გადმოცემებში, მაგრამ ისინი მავნე სულების სახით შეჭრილი იყვნენ რელიგიურ იდეოლოგიაში. ხევსურების წარმოდგენით ჯვარს ჰყავდა სხვადასხვა რიგის მრავალი თანაშემწე - მავნე სულები, რომლებიც ერთმანეთისაგან  განსხვავებულ ზოგად სახელს ატარებდნენ. ჯვარის სამსახურში იმყოფებოდნენ უწინარეს ყოვლისა ე.წ. მემარცვლენი. მემარცვლეთა მოვალეობა იმაში მდგომარეობდა, რომ თვალყური  ედევნებინათ მეთემეებისათვის, როცა ისინი ჯვარის ყანებში მინდვრის სამუშაოებს კოლექტიურად (ე.წ. ულავის, ანუ ნადის წესით) ასრულებდნენ და მეთემეთა ავი თუ კარგი დამოკიდებულების შესახებ ჯვარის ქონების მიმართ ეცნობებინათ ჯვარისთვის, რომელიც დამნაშავეებს სხვადასხვა უბედურებით სჯიდა. ამ რწმენის საფუძველზე რეალურ სინამდვილეში ჯვარის ეკონომიური ინსტიტუტების გადმონაშთური სახით არსებობის დროს ყოველი ხევსური ჯვარის მეურნეობაში განსაკუთრებული გულმოდგინეობითა და სიფრთხილით მუშაობდა. მეტადრე დიდ გულმოდგინეობას იჩენდა ის ჯვარის ყანების მკის დროს, მოსწრაფებით და დაძაბული ყურადღებით კრეფდა მოსავალს, ამასთანავე ისე ფრთხილად, რომ მინდორზე მარცვალიც კი არ დარჩენილიყო და ამის გამო თემის უზენაესი მბრძანებლის რისხვა არ დაემსახურებინა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემდეგი გარემოება. როცა თემის ცალკეული მეკომურები არის სარიგო მიწას ამუშავებდნენ, ჯვარის სასარგებლოდ დაწესებულ (მოსავლის ნახევარ ან მესამედ) ღალას ისინი გადაჭარბებით იხდიდნენ.

ღალის ეს ნამატი განკუთვნილი იყო საგანგებოდ მემარცვლეთათვის და მას სპეციალური სახელი სამარცვლე ეწოდებოდა. მემარცვლეთა გვერდით არსებობდნენ კიდევ ჯვარის სამი კატეგორიის თანაშემწენი, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებდნენ ჯვარის მეურნეობის მიღმა. მემარცვლეთა მსგავსად, ისინი ჩვენ წინაშე წარმოდგებიან ისეთ პერსონაჟებად, რომლებიც თემში დამკვიდრებული წესწყობილების ხელშეუხებლობისა და თემის უზენაესი მბრძანებლის ინტერესების სადარაჯოზე დგანან. ერთი რიგის ავი სულები, რომელთაც მეყურიადენი ეწოდებოდათ, მსტოვრის ფუნქციებს ასრულებდნენ. ხევსურების სარწმუნოებრივი წარმოდგენების თანახმად, ისინი ყოველდღიურად ევლინებოდნენ სოფელს ჩვეულებრივ საღამო ხანს, როცა დღის განმავლობაში დამაშვრალი მეთემეები შეკრებილი იყვნენ თავ-თავის ოთახებში; მეყურიადენი შედიოდნენ სახლებში, მალვით ყურს უგდებდნენ და უთვალთვალებდნენ მეთემეებს და ჯვარის მიმართ მათი "შეუფერებელი" საქციელისა და საუბრის შესახებ ჯვარს აცნობებდნენ. ჯვარის სხვა რიგის თანაშემწეები ე.წ. მექილიკენი იყვნენ. ისინი უმთავრესად პროვოკაციულ აქტებს აწყობდნენ. ხევსურთა რწმენის მიხედვით, სათემო დღეობებისა და საზოგადოდ თემის თავყრილობების დროს მექილიკენი ცალკეულ მეთემეებს ხასიათს უცვლიდნენ, სიმთვრალისა და ყოველგვარი უწესო, გასაკიცხავი საუბრისა და საქციელის "ინაბარს ჩაუდებდნენ" ხოლმე და ამის შემდგომ მათ შესახებ სათემო ჯვარს მოახსენებდნენ. და ბოლოს, ჯვარის იმ რიგის თანაშემწეების ფუნქციას, რომლებიც ხალხის რწმენაში იასაულთა სახელწოდებით შემოინახა, მეთემეთა მიმართ სხვადასხვა სახის სასჯელის სისრულეში მოყვანა შეადგენდა. ეჭვს გარეშეა, რომ ეს ხალხური წარმოდგენები რეალური სინამდვილის ანარეკლია, რომ მემარცვლენი, მეყურიადენი, მექილიკენი, იასაულნი და სხვა მსგავსი რელიგიური პერსონაჟები შექმნილია სრულიად ხევსურეთის თემში "ანალოგიური ფუნქციების მქონე მოხელეების არსებობის საფუძველზე. ამ წვრილი მოხელეებიდან, როგორც მოტანილი ეთნოგრაფიული გადმონაშთები გვიჩვენებს, მემარცვლენი ჯვარის აგრარულ მეურნეობაში კოლექტიური შრომის მწარმოებელ რიგით მეთემეთა მრისხანე ზედამხედველნი იყვნენ. ამ ზედამხედველების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ იმხანად როგორც რეალურ სინამდვილეში, ისე რამდენადმე მეთემეთა შეგნებაშიც ჯვარის მეურნეობა თემის კოლექტიურ მეურნეობას აღარ შეადგენდა და რომ ჯვარის მეურნეობაში რიგით მეთემეთა კოლექტიურ მუშაობას მეტნაკლებად იძულებითი ხასიათი უნდა ჰქონოდა. ამასთან ერთად ირკვევა, რომ მეთემეთაგან შემდგარ მწარმოებელთა მასის ის ნაწილი, რომელიც ჯვარის სარიგო მიწებს კომლობრივ ამუშავებდა, ამ მიწის მოსავლიდან, ჯვარისათვის განკუთვნილი გარკვეული რაოდენობის ღალასთან ერთად, მემარცვლეთა სასარგებლოდ ე.წ. სამარცვლეს იხდიდა. შესაძლებელია სამარცვლე, აღნიშნული ღალის მსგავსად ოფიციალური გადასახადების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენდა და ეგების იგი იმავე დროს მემარცვლე-ზედამხედველთათვის დაწესებული სამოხელეო სარგო იყო. თავისთავად ცხადია, რომ ზემოთ ნაჩვენები მმართველობისა და მსახურების ამ რთული სისტემის შემუშავება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ სრულიად ხევსურეთის თემის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედარებით მაღალ საფეხურზე. ამასთან ერთად ეთნოგრაფიული გადმონაშთების შესწავლის საშუალებით ჩვენ მიერ აღდგენილი ხევსურული თემის სამოხელეო ინსტიტუტების შედარებით-ისტორიულ ჭრილში განხილვისას ირკვევა, რომ ისინი ყველაზე მეტად ისევ ძველი აღმოსავლეთის შესაბამის ინსტიტუტებს უახლოვდებიან.